დასავლეთი თუ რუსეთი?

Hamlet Chipashvili - politologi

საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის თემა არაერთხელ გაიჟღერებს საარჩევნო კამპანიის დროს. ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა სისტემატურად მოისმენს დასავლეთის ქება-დიდებას, არჩეული კურსის სისწორეს, დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული ფინანსური, ეკონომიკური, მორალური დახმარების შესახებ - ისე, როგორც ისმენს თითქმის ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ყველა პარტიას, ვინც საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. იშვიათი გამონაკლისია ბურჯანაძე და მისი პარტია, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობებთან ერთად რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებსაც მიესალმება და გამარჯვების შემთხვევაში მასთან კავშირების აღდგენას გვპირდება.
რუსეთთან ურთიერთობის სურვილს „ოცნებაც“ გამოთქვამს, მაგრამ პრიორიტეტს ევროატლანტიკურ სივრცეს ანიჭებს. სხვა პარტიებიც აცხადებენ რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე, მაგალითად ახალშექმნილი მეჭიაურის პარტია, მაგრამ, რომ იტყვიან ზრდილობისთვის - მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, რომ არა ეს, ნაკლებად შეეხებოდნენ ამ თემას.
ქვეყნის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა და ეს ისეთი ფაქტია, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.
ამდენად, არჩევნებში ჩართულმა პარტიებმა, ხმების მოპოვების მიზნით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე უნდა ილაპარაკონ. მათ მეტი გამოსავალი არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამომრჩეველთა გარკვეულ ხმებს დაკარგავენ. ილაპარაკებენ რუსეთთან ურთიერთობებზე, მაგრამ გულში, უმთავრეს ორიენტირად ევროატლანტიკური სივრცე ექნებათ.
IRI-ის და NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვითომ მხარს უჭერს დასავლეთთან ურთიერთობას, მაგრამ არც ნაკლები, რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა, რაც გასათვალისწინებელია პარტიების მხრიდან. ჯერ არ ჩანს ისეთი პარტია, ვინც რუსეთთან ურთიერთობას პირველ პლანზე დააყენებს, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცესთან, მეორეზე ანუ შეცვლის „ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებულ „საგზაო რუკას“ - დასავლეთი-რუსეთი, რუსეთზე და დასავლეთზე.
პოლიტიკური პარტიის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება თვითმკლელობის ტოლფასია - ასე ფიქრობს ის, არადა, პირიქით, რუსეთთან შეფარული ურთიერთობის სურვილის ნაცვლად, პირდაპირი და უკომპრომისო განცხადება უდავოდ მოუტანდა მას, რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი ამომრჩევლების ხმებს, რომლებიც აჭარბებს „დასავლეთელთა“ ხმების რაოდენობას, თუმცა ამას არ აფიქსირებს არც IRI და არც NDI.
დასავლეთი თუ ჩრდილოეთი - ასე მარტივად და პრინციპულად ისმება კითხვა საზოგადოებაში, რაც დაახლოებით „თეთრსა“ ან „შავს“ შორის არჩევანის გაკეთებაა და წინასწარვე გამორიცხავს სხვა ფერის არსებობას. დავუშვათ, რომელიღაცა პარტიამ გადაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობის პრიორიტეტულობა, როგორ უნდა მოიქცეს ის, რა პროგრამა უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს? ეს კითხვა არცთუ იოლი ამოსაცნობია, ვინაიდან მას უმალ მოჰყვება კითხვა - სად იყავით აქამდე?
ზოგიერთი ახალი პარტია ერთობ დაუფიქრებლად აცხადებს (მეჭიაურელი-მოროშკინა) - ხომ ხედავთ ნატოში არ გვღებულობენ და რუსეთს მივაკითხოთო. მიუხედავად მეჭიაურელთა დიდი ოპტიმიზმისა, არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლასთან დაკავშირებით, შეუძლებელია „ოცნების“ სატელიტის ესოდენი „გაბრწყინება“. დიდი-დიდი ამ ახალბედა პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახოს (თუმცა მეეჭვება). დავუშვათ მოხდა ისე, როგორც მოროშკინა გეგმავს, დაიწყებს თუ არა ის რუსეთთან ურთიერთობის სწრაფი და შედეგიანი აღდგენის პროცედურას? ძნელი სათქმელია.
პოლიტიკა რთული საგანია, რაც, ჩვენგან განსხვავებით, კარგად მოეხსენება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ის, უცბათ არ გადაგიშლის გულს და ხვევნა-კოცნას არ გაგიმართავს. უდავოდ, გაუხარდება, მაგრამ მოზომილად, თავშეკავებულად, ვინაიდან მუდამ გონებაში ექნება „პარტნიორის“ მიერ ნათქვამი - „ნატო არ გვიღებს და რუსეთს მივაკითხოთო“. მსგავსი განწყობა წინასწარვე განსაზღვრავს რუსული მხარის პრიორიტეტულობას. ის დაინახავს - შენ იმიტომ დაიწყე მასთან დიალოგი, „ნატოში“ შესვლაზე უარი რომ გითხრეს.
რუსულ მხარეს კოზირი ექნება ხელში, იმ სხვა კოზირებთან ერთად, რაც ჩვენი პოლიტიკის უსუსურობის წყალობით შევძინეთ მას. ქართულ მხარეს გაცილებით მეტ დათმობაზე მოუწევს წასვლა, ვიდრე ჰგონია. ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ურთულესი საქმეა, მითუმეტეს „პატარის“, „დიდთან“; მითუმეტეს, როდესაც „დიდს“, „პატარის“ ტერიტორიები აქვს დაპყრობილი; მითუმეტეს, როდესაც „დაპყრობა“ მაშინ მოხდა, როდესაც „პატარამ“, გაუაზრებლად, ხელი ასწია „დიდის“ წინააღმდეგ; მითუმეტეს, როდესაც თითქმის ბოლო 25 წლის განმავლობაში „პატარა“ სულმოუთქმელად ლანძღავდა და აგინებდა „დიდს“, ყველანაირად ცდილობთა ჩირქი მოეცხო მისთვის საერთაშორისო არენაზე.
„დიდი“, დიდსულოვნად ისმენს ყოველივეს და შესაფერის მომენტს ელის სამაგიეროს გადასახდელად. და ეს მომენტიც დადგა - შენს მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სურვილის გამოცხადებით. მას აღარ დასჭირდება სამაგიეროს გადახდის გეგმის ამოქმედება - წაგებულის „დასჯა“ არაეთიკურია. ის, ისე მიიღებს საქართველოს, როგორც 25 წლის განმავლობაში უდაბნოში, უგზოუკვლოდ მოხეტიალე, დაქანცულ და მშიერ-მწყურვალ გლახაკს. თავზე ხელს გადაუსვამს, დაუყვავებს, მაგრამ იმაზე, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ასე იოლად არ წამოვა (თუ საერთოდ წამოვიდა).
მოლაპარაკება იქნება ხანგრძლივი და არა იოლი, ზოგს რომ ჰგონია. 25 წლის განმავლობაში „თავისუფალმა“, „დამოუკიდებელმა“ საქართველომ იმდენი უხეში პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, მათი თითო-ოროლა მოლაპარაკებით გადაჭრა შეუძლებელია. ამასობაში 4 საპარლამენტო წელიც გავა და ახალი შემადგენლობა მოვა პარლამენტში. რა გზას აირჩევს ის - ღმერთმა უწყისს.
რუსეთთან ურთიერთობა რომ პრიორიტეტული უნდა იყოს, ის ცხოვრებისეული ფაქტია, რომლის დანახვა არც ხელისუფლებას სურს, არც დასავლეთის დაფინანსებით შექმნილ არასამთავრობო სექტორს და მედიას, მაგრამ უნდა ამომრჩეველს. თუ რამდენად გულწრფელია ამომრჩეველი და გამოკითხვის დროს მტკიცედ დაიცავს საკუთარ არჩევანს, უცნობია.
საქართველოს ყოფილი „ნაცური“ ხელისუფლება, ისე, როგორც „ოცნებური“, გამუდმებით უჩიჩინებს ხალხს, მსოფლიოს, რომ ქართველმა ხალხმა საყოველთაო გამოკითხვით განსაზღვრა პოლიტიკური კურსი (2008 წ.). აღნიშნულ პლებისციტთან დაკავშირებით აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შედეგები გაყალბებულია, ამასთანავე, მაშინ ამომრჩევლის ყურადღება პრეზიდენტის არჩევნებზე იყო გადატანილი და „ნატოს“ საკითხი ნაკლებად თუ ვინმეს აინტერესებდა, ამდენად ამომრჩევლის მიერ დადებითად შემოხაზული „ნატო“, არ შეესაბამება რეალობას.
გარდა ამისა, 2008 წლიდან დღემდე საკმაო დრო გავიდა. საზოგადოებამ აზრი შეიცვალა. დღეს „ნატოს“ მიმართ ხალხის დამოკიდებულება ნეგატიურია და არა იმიტომ, რომ ის არ გვიღებს. მომწიფდა აზრი ნატოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. დღეს, საქართველოს საზოგადოებამ გაცილებით მეტი იცის ნატოს შესახებ, ვიდრე 2008 წელს. იცის, რა მზაკვრობაც ჩაიდინა ყოფილ იუგოსლავიაში, ლიბიაში, სხვაგან. ხალხის აზრი მკვეთრად განსხვავდება მმართველი პარტიის წარმომადგენლის თედო ჯაფარიძის აზრისგან, რომელიც რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში წერს: „დაიწყო ქართველი ხალხის ისტორიული სურვილის რეალიზაცია, გაიზარდა მრავალი თაობის მისწრაფება პროგრესის, დასავლური ცივილიზაციის, დემოკრატიული იდეალებისა და ფასეულობებისკენ. ნატო ხომ ჩვენთვის მარტო სამხედრო ალიანსი არ არის, ეს დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკური კლუბია. თვით ინტეგრაციის პროცესი უსასრულოდ სასარგებლოა ქვეყნებისთვი, რომელთაც სურთ რეფორმები, უმაღლესი სტანდარტების მოდერნიზაცია, სურთ გახდნენ ინსტიტუციური დემოკრატია“.
ჯაფარიძის აზრი იგივეა, რაც „ოცნებისა“ და „ნაციონალების“. სულ ახლახანს, „ოცნების“ ბელადმა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი „ნატოში“ შესვლა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა.
„ოცნებელთა“ მიერ გამოცხადებული დასავლური ორიენტაცია მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს აშშ-ში, ნატოს შტაბ-ბინაში. უფრო მეტიც, ისინი არიან საქართველოს დასავლური ორიენტაციის გამსაზღვრელები; სწორედ მათ მოახვიეს თავს პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებულ საზოგადოებას ნატოური „სიკეთეების“ ზღაპარი, რაც ზედმიწევნით გამოსჭვივის ჯაფარიძის წერილიდან.
ნებისმიერ ადამიანს, მითუმეტეს პოლიტიკოსს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ხალხის სახელით ლაპარაკის - არა. „ნაცები“ და „ოცნება“ სწორედ ის პარტიებია, რომლებიც ხალხს აძალებენ საკუთარი მოსაზრების გაზიარებას. „ნატოც“ და „ევროკავშირიც“ დაძალებითი პოლიტიკის აშკარა გამოხატულობაა.
„ეს არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ, იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დახმარებით გავხდეთ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საჭირო და გამოსადეგი, ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფო“.
ავტორის მიერ აღნიშნულ „ჩვენში“, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იგულისხმება, ფაქტია. „ჩვენ“ - ნიშნავს ხელისუფლებას და არა ხალხს. ზუსტად „ჩვენის“ ძახილით მონტენეგროს ხელისუფლებამ ძალით შეათრია ეს პატარა ქვეყანა ნატოში, არადა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ანტინატოურ მიტინგებსა და დემონსტრაციებს დღესაც აწყობს - ერთადერთი მოთხოვნით - რეფერენდუმი. იქ, მცირერიცხოვანმა პარლამენტმა გადაწყვიტა ნატოში შესვლა, ისე, როგორც აქ და შემდეგ ფალსიფიცირებულმა პლებისციტმა.
ძნელია დაეთანხმო ჯაფარიძეს იმაში, რომ მიზანი საქართველოსი არის (ნატოში შესვლით) ის, რომ გავხდეთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჭირო და გამოსადეგი. ქვეყანას, რომელიც ლუკმაპურს ეძებს, ვერ იფიქრებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გამოსადეგობაზე.
სამწუხაროდ, გაუსაძლისი ცხოვრება სწორედ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, მისი მხრიდან ბატონ-ყმური დამოკიდებულების. ავტორი ნატოს ალტერნატივასაც ეხება, ანუ რუსეთთან ურთიერთობას, რომელმაც ტერიტორიის 20%-ი წაგგვლიჯა, თან ასეთი ფრაზა მოჰყავს - თითქოს რუსეთის მიერ განცხადებული „ან ჩემთან, ან ჩემს წინააღმდეგ“, რაც მოსახლეობის სრული დეზორიენტაციაა, რამეთუ რუსეთს არასდროს უკადრებია მსგავსი. რაც მან თქვა და ამბობს არის შემდეგი: „იყავით როგორც გინდათ, მაგრამ სხვა ქვეყნის ჯარს ნუ შემოიყვანთო“.
მცდარია მოსაზრება, რომ საქართველოს ან დასავლეთის, ან რუსეთის გზის მეტი არაფერი ასარჩევი არ აქვს. „ან-ან“ - იმ ბედოვლათი პოლიტიკოსების გამოგონილია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდა, მაგრამ საქმის გაკეთება - არა! „ნატოც“ და „ევროკავშირიც“ იმიტომ უნდათ, რომ მათ გადააბარონ ქვეყნის მართვის სადავეები - თავდაცვა, ეკონომიკა და ა.შ. ხოლო თვითონ განცხრომით იცხოვრონ.
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ერთ პოლიტიკოსს თავში აზრადაც არ მოსვლია საკუთარი ხელით, საკუთარი ქვეყნის აშენება. ყველა სხვისი მოიმედობით ცხოვრობს.
მსოფლიო არენაზე მიმდინარე პოლიტიკური ბატალიებიდან გამომდინარე ჩანს, ნატოს და ევროკავშირის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ორივეს დიდი წყალი აქვს შემდგარი და დღეს თუ არა ხვალ მასში ჩაიხრჩვება. ასეთ ვითარებაში საით მიგვაქანებს ქართული პოლიტიკა?! იქნებ დადგა დრო (თუ დაგვიანებული არ არის) ქვეყნის მართვის ის გზა ავირჩიოთ, რაც სხვებმა - საკუთარი ძალებით, საკუთარი ქვეყნის აშენება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
12/06/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.