თავის გადასარჩენად - ლერწამსაც უნდა მოეჭიდო

hamlet chipashvili-politologi

თვალში მომხვდა ვადიმ ანასტასიადის სტატია სათაურით: „რატომ ეჩხირება ყელში პანკისი ლავროვს?“, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 6 თებერვლის ნომერში.
სტატიის ბოლოს ავტორი წერს: „დაკმაყოფილდა კი განა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბატონი კელისა და კომპანიის დამოწმებით?“
ვიდრე ლავროვის განცხადებაზე გადავიდოდე, ვიტყვი, რომ განცხადების პასუხი, რომელიც ჩვენ, და არა მარტო ჩვენ (გამოხმაურებიდან გამომდინარე, უცხოეთსაც მოუსმენია), იყო ისეთივე პრიმიტიული, როგორიც საქართველოს პრეზიდენტად წოდებული მარგველაშვილია. რაც მართალია, პასუხი სწრაფი იყო, მაგრამ იმდენად დაუჯერებელი, რომ ბევრმა სააგენტომ თავი ვერ შეიკავა და ისეთი გვაუწყა პანკისთან დაკავშირებით, უარესს რომ ვერ ვიფიქრებდით.
პასუხი, როგორც ჩანს ავლაბრის სასახლეში მომზადდა, ცხადია აშშ-ს ელჩთან შეთანხმებით და სიმტკიცისთვის მას, მეორე დღეს პრეზიდენტის, აშშ-ს და სხვა ელჩების ვიზიტიც მოჰყვა პანკისის ხეობაში. ვიზიტმა „წარუშლელი“ შთაბეჭდილება მოახდინა ყველა იმაზე, ვინც მეტნაკლებად თვალს ადევნებს ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს და აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფალთა მოქმედებას.
თეატრალიზებული ვოიაჟი, რომ მიზანს ვერ მიაღწევდა, იმთავითვე უნდა ყოფილიყო ე.წ. ტურისტებისთვის ცნობილი. მარგველაშვილისა და მისი თანმხლები უცხოელი დიპლომატების მიერ პანკისის მონახულების მთავარი მიზანი თუ ლავროვისთვის პასუხის გაცემა იყო, რაღა პანკისი, თბილისიდან ეპასუხათ?!
ყველა ჩვენგანმა კარგად იცოდა, რომ პანკისში სტუმრად ჩასულ პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებს პირწავარდნილი ჯიჰადისტები საარაკო მასპინძლობას არ გაუწევდნენ, არც იმ ხეობებში შეიყვანდნენ, სადაც სისტემატურ ვარჯიშებს ატარებენ და არც იმ პლანშეტებს ანახებდნენ, რომლითაც 24-საათიან რეჟიმში უკავშირდებიან „ისლამურ სახელმწიფოს“.
„იქნებ მოვიწვიოთ ის (ლავროვი) აქ, რომ თვითონ დარწმუნდესო“, - განაცხადა მარგველაშვილმა, მას შემდეგ, რაც პანკისის კუთხე-კუნჭულის „ინსპექტირების“ შედეგად ვერც ერთი ჯიჰადისტი ვერ აღმოაჩინა.
ნანახით კმაყოფილებას ვერც აშშ-ს ელჩი კელი და ვერც სხვა ელჩები მალავდნენ. მათ სახეებზე ის გამომეტყველება იყო აღბეჭდილი, რაც ვერბალურად ასე გაიჟღერებდა - აბა, სად არიან ტერორისტები?!
არადა, რა თქვა ისეთი ლავროვმა, ესოდენი წყენა რომ გამოიწვია ჩვენს ხელისუფლებასა და მის „სტრატეგიულ პარტნიორში“? არც არაფერი. „ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ იმისთვის, რომ იქ ივარჯიშონ, დაისვენონ და შეივსონ თავიანთი მარაგი“. არის სადმე მინიშნება იმაზე, რომ ტერორისტები თქვენთან არიან და შემოვიჭრებითო? ამას ვარაუდობდა ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი, თანაც ასე - ლავროვის განცხადება ინტერვენციის მომასწავებელიაო.
ლავროვის განცხადებაში რაც არის, ისაა, რომ ყურადღება არ მოდუნდეს და მზად ვიყოთ ყოველგვარი გამოხდომისთვის, რასაც პანკისიდან შეიძლება ჰქონდეს ადგილი. გამოხდომას კი მართლაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი უპირველესად რუსეთის წინააღმდეგ.
ლავროვს და რუსეთის ხელისუფლებას პანკისი რომ ცუდად აქვთ დაცდილი, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ არაერთი წლის განმავლობაში ეს ხეობა ტერორისტების ბუდედ იყო ცნობილი. განა, თვით აშშ-ს ყოფილმა ელჩმა მაილსმა არ გამოხატა თავისი გულისწყრომა პანკისის მიმართ, რასაც სააკაშვილისა და მისი სამართალდამცავი ორგანოების სწრაფი რეაგირება მოჰყვა? მაშინ, თითქოს გაიწმინდა პანკისი, მაგრამ ვითარება მალე შეიცვალა, ვაშინგტონის პოლიტიკის ცვლასთან ერთად და პანკისი ისევ დაუბრუნდა თავის „სასახელო“ საქმიანობას.
„არის თუ არა „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოს პანკისის ხეობაში?“ - კითხულობს EADaily? და ჩატარებული კვლევის შედეგად პასუხობს თავის დასმულ კითხვას - „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები არიან პანკისის ხეობაში და თავს კარგად გრძნობენ. უფრო მეტიც, მისი (ხეობის) მოსახლეები „ჯიჰადისთვის“ სირიასა და ერაყში მიდიან და უკანაც ბრუნდებიან, არვინ იცის რატომ“.
სააგენტომ ათზე მეტი პანკისელი აღმოაჩინა, რომლებიც თავიანთ საიტებზე, „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით, აქვეყნებენ მასალებს. გარდა ამისა, მათი ნამუშევარი ქვეყნდება ამ „სახელმწიფოს“ ჟურნალ „დაბიკ“-ში. მაგალითად, უმარ ხანგოევის, რომელიც მეგობართან ერთად ჩამოვიდა პანკისში.
სოცქსელების უმრავლესობის ნახვა შეუძლებელია, ვინაიდან დახურულია უცხოთათვის, მაგრამ ის, რაც ხელმისაწვდომია, აშკარა ასლია იმისა, როგორ ხდება გადაბირება „ისლამურ სახელმწიფოში“. მათ შორის ქალებიც არიან. მაგალითად, პანკისში მცხოვრები ალხანოვა, რომელიც საიტზე ათავსებს სირიელი „ბოევიკების“ ფოტოებს.
მონაცემების მიხედვით, 200-ზე მეტი ჯიჰადისტია წასული სირიასა და ერაყში, უმრავლესობა, პანკისელია. წასულებიდან ყველაზე ცნობილები უმარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) და მუსლიმ ალ-შიშანი (მურად მარგოშვილი) არიან. ეს უკანასკნელი არის ტერორისტული დაჯგუფების „ჯუნუდ ალ-შამის“ ამირა, რომელიც შედის სირიულ „ალ-ქაიდაში“.
EADaily წერს პანკისელზე, მეტსახელად „ბოროდა“, რომელიც ახალგაწევრიანებულია „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულ ძალებში. გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ის ხან სირიის პეიზაჟზეა აღბეჭდილი, ხან პანკისის ხეობის ფონზე. „რას აკეთებს ის პანკისში“? - ასეთ კითხვას სვამს სააგენტო.
გარდა ამისა აღნიშნავს, რომ ინტერნეტში იმატა პანკისში არაბთა დასასვენებლად მოწვევის ე.წ. რეკლამებმა. წვეროსანი აბდულ გაფური „Instagram“-ში (სოციალური ქსელი) „სტუმრებს“ სთავაზობს დასასვენებლად პანკისში ჩასვლას, სადაც მათთვის სახლებია გამზადებული. ძირითადად მოწვევა ეხება ახლო აღმოსავლელებს.
„სალაფიტების (ვაჰაბიტების) მეჩეთების ნაკლებობას პანკისის ხეობა ნამდვილად არ განიცდის. სწორედ იქიდან მიემგზავრება რადიკალიზებული ახალგაზრდობა სირია-ერაყში ჯიჰადისთვის. ამასთან დაკავშირებით უხუცესთა საბჭომ გასულ წელს ხელისუფლებასაც მიმართა, თუმცა გამგზავრება გრძელდება. „ისლამური სახელმწიფოს“ იდეები ცოცხლობს პანკისში, რომლის მაცხოვრებლებიც არა მარტო მიემგზავრებიან სირიაში, არამედ უკანაც ბრუნდებიან. რატომ?“, - კითხულობს საინფორმაციო სააგენტო.
ეს კითხვა უმჯობესი იყო მარგველაშვილს ან რომელიმე სახელმწიფო მოხელეს რომ გასჩენოდა, ამასთანავე ამერიკის, სხვა ქვეყნების ელჩებს, რომლებიც თითქოს აკვირდებიან მოვლენებს. მაგრამ არა, მათი მიზანი ეს არ არის. მათი მიზანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვერბალური პაექრობა და ნიშნის მოგებით სულ მუდამ იმის განცხადებაა, რომ ჩვენ მართლები ვართ, რუსები კი დამნაშავეები.
ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი საქმეა და დიდ თანხებს, საქმის ცოდნას, წვრთნას მოითხოვს, რის შესაძლებლობა პატარა საქართველოს არ გააჩნია. აშშ-ს ან ნატოს მოიმედეობა დიდი ვერაფერი შეღავათია. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ორი წლის მოვლენებს, დავინახავთ აშშ-ს და მის მიერ შექმნილი ანტიტერორისტული კოალიციის მიერ „მიღწეულ“ შედეგებს - ანუ უშედეგობას. ნუთუ ძნელი იყო, კოალიციაში შემავალი 64 ქვეყნის მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტები სირიის დედაქალაქ დამასკოს არ მიდგომოდნენ?
უდავოდ, შეიძლებოდა. მაგრამ დამასკოს დაცვა შედიოდა აშშ-ს და კოალიციის გეგმებში? იქნებ პირიქით? და რომ პირიქით, შედეგიც სახეზეა.
ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს სირიის ტერიტორიის 40% აქვს დაპყრობილი, ხოლო ერაყის - ერთი მესამედი. რომ არა რუსეთის ხელისუფლების კარდინალური ნაბიჯი - საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ ტერორისტთა პოზიციების დაბომბვა, ტყვია-წამლის საწყობების და საწვრთნელი ბაზების განადგურება, დამასკო დაეცემოდა და მასთან ერთად დასამარდებოდა სირიის არაბთა რესპუბლიკა - ერთ დროს ახლო აღმოსავლეთის მარგალიტად წოდებული, მეტადრე, საერო, დემოკრატიული სახელმწიფო, იშვიათობა ახლო აღმოსავლეთში.
ვეჭვობ, რომ აშშ-ა საქართველოში ტერორიზმის გაღვივების შემთხვევაში რაიმე სერიოზული მოიმოქმედოს. რაც შეეხება მეზობელ თურქეთს - „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მოთანამშრომლეს, ლაპარაკიც ზედმეტია. პირიქით, ასეთი, არაქართულ წისქვილს დაასხამს წყალს, რითაც ხელსაც მოითბობს.
თუ დღეს, ვინმე ნამდვილად ებრძვის ტერორიზმს, კერძოდ „ისლამურ სახელმწიფოს“, რუსეთი და ირანია. ორივე მათგანი რეგიონის შემადგენელი ნაწილია და მათთვის ახლო აღმოსავლეთის პრობლემები - საკუთრად აღიქმება, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ზე, გეოგრაფიულად აშკარად შორს მყოფზე. ასე, რომ რუსეთთან, ნიშნის მოგებით ლაპარაკის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა გზა უნდა აირჩიოს, გაცილებით მომგებიანი, ვიდრე ის, რაც გვაქვს.
საქართველოს ხელისუფლებას, რომ ოდნავი გამჭრიახობა გამოეჩინა და სტამბოლის 1999 წლის გადაწყვეტილებიდან, აგრეთვე 2005 წლის საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებიდან გამომდინარე ბათუმში არსებული ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ადგილას საქართველო-რუსეთის ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი შეექმნა, დღეს გაცილებით დაცულად ჩავთვლიდით თავს.
როდესაც წყალში უიმედოდ მოტივტივეს ლერწამიღა შემორჩება თავის გადასარჩენად, მას უნდა ჩაეჭიდოს, ნაცვლად ლერწმის შეფასებისა, მითუმეტეს როდესაც ლერწმად აღქმული, ხის მსხვილი ტოტია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
12/02/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.