ახლო აღმოსავლეთი - მუდმივი დაძაბულობის კერა

ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - მტკიცება არ სჭირდება. დღიდან ისრაელის, როგორც სახელმწიფოს შექმნისა, რეგიონი მდუღარე ზონად იქცა, რომლის გასანელებლად ან კიდევ უფრო ასადუღებლად დიდი თუ პატარა ქვეყნები ძალას არ იშურებენ.
ისე, როგორც ყველა საქმეში თავის სიტყვას ამბობს მსოფლიოს ჟანდარმად შერაცხული ამერიკა. სიტყვა „ჟანდარმს“ დიდი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის არ ვხმარობ, ფაქტს ვაფიქსირებ, რომლის მიხედვით, უპირველესად მას და მხოლოდ მას შეუძლია ამ რეგიონში წესრიგის დამყარება. შეუძლია, მაგრამ ხშირად საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც თავისთავად იწვევს მუდმივ დაძაბულობას და გაუთავებელ სისხლიან დაპირისპირებას.
არავინ უწყის, რა შედეგს მოიტანს აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, გაიზიარებენ თუ არა მის მოწოდებას ისრაელი და პალესტინა უპირობო მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, შეძლებს თუ არა ობამა პალესტინის ავტონომიის სანაცვლოდ, პალესტინის დამოუკიდებული სახელმწიფოს შესაქმნელად ისრაელის დაყოლებას. ექსპერთა აზრით, ვიზიტს დიდი არაფერი მოუტანია, გარდა ერთისა - ობამამ დაარწმუნა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ თურქეთისათვის ბოდიშის მოხდაში. ორივე ქვეყან აშშ-ს პარტნიორებია და მათი ერთად დგომა ამერიკისათვის აუცილებელია სირიის კრიზისიდან გამომდინარე.
ახლო აღმოსავლეთი მუდამ იყო და არის პოლიტიკური, რელიგიური, კლანური დაპირისპირების ბუდე. ახლო აღმოსავლეთში იკვეთება აშშ-ს, რუსეთის, ირანის, თურქეთის, ისრაელის, სირიის, რეგიონის სხვა დიდი თუ პატარა სახელმწიფოების ინტერესები.
საქართველო ახლო აღმოსავლეთის მეზობელია და როგორც ამერიკელი მკვლევარი ჯატრასი აღნიშნავს, ერთ-ერთი მოქმედი პირიც. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ნაცური ხელისუფლება თავფეხიანად იყო გაბმული რეგიონის პოლიტიკურ-სამხედრო თამაშში (თუ ამას თამაში ჰქვია).
სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე „ბოევიკთა“ წვრთნა და სირიაში შეგზავნა იშვიათობა არ იყო. არც სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ აშშ-ს და დასავლეთის მიერ აგორებულ იატაკქვეშა თამაშში მონაწილეობა იყო უცხო. ასე წერენ იქ. და ეს ყველაფერი საკუთარი ხალხის ზურგს უკან, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ფარულ თამაშს ყოველთვის არ მოაქვს მოგება, წაგებაც არის და ეს წაგება ნაცებს არ შეეხება - ქვეყანას შეეხება, მისდა უნებურად მაქინაციებში გახვეულს.
ამერიკელი ჯატრასის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია სისტემატურად იყო გამოყენებული ექსტრემისტული, რეაქციული ისლამის ფარული შეკრების არენად, „ალ-ქაიდასა“ და სალაფიტური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკრებები ამერიკელთა ორგანიზებით, თუ არა წაყრუებით, მაინც ხდებოდა.
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამ შემთხვევაშიც, ქართული მხრიდან სრულ მორჩილებას ითხოვს. ასე იყო გუშინ, თუ რა იქნება ხვალ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. გუშინ კი სააკაშვილი ზედმიწევნით, გულმოდგინედ ასრულებდა ვაშინგტონის სურვილებს.
სააკაშვილი სწორედ ისაა, ვისაც ეძებდა და როგორც იქნა მიაგნო აშშ-ს სპეცსამსახურებმა. საბოლოო ჯამში ასეთს ან სწირავენ, ან ხანგრძლივად ინარჩუნებენ. სააკაშვილმა იატაკქვეშა მოძრაობების ბევრი რამ იცის. აწყობს ვაშინგტონს მათი გამომზეურება? ცხადია არა, ვინაიდან ეს იქნება მეხი მოწმენდილ ცაზე.
ამერიკელები შეეცდებიან სააკაშვილის შენარჩუნებას ისე, როგორც შეინარჩუნეს არანაკლებ ბინძურ, კულუარულ თამაშებში გახვეული შევარდნაძე. ყოფილ პრეზიდენტთან შედარებით, დღევანდელი, ახალგაზრდა, ენერგიით სავსეა. მისი გამოყენება სრულიად შესაძლებელი იქნება შესაფერის მომენტში.
ძნელია იმის გამოცნობა, რას სთავაზობს ვაშინგტონი ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ის, რომ ძალას არ იშურებს - ტელეეკრანებიდანაც ჩანს. ამერიკის ელჩის, ნორლანდის მოჭარბებული აქტიურობა, მისი სისტემატური შეხვედრები ივანიშვილთან, ივანიშვილის მიერ ელჩის მისამართით გამოთქმული საქებარი სიტყვები, დასტურია მჭიდრო თანამშრომლობისა.
დიპლომატია მოჭარბებულად მგრძნობიარე საგანია, განსაკუთრებით მასპინძელი ქვეყნის ლიდერის მხრიდან, ელჩისადმი საჯაროდ გამოთქმული ქათინაურების მიმართ. ასეთი, უმალ ანალიზდება წარმდგენ ქვეყანაში - ქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ელჩის საჯაროდ ქებას დიპლომატია არ იზიარებს, რათა თვით ელჩის წინააღმდეგ არ შეიქმნას საეჭვო მოსაზრება და რახან მსგავს ადგილი არ აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში - ელჩი კარგად ასრულებს საქმეს.
ტერორისტული ჯგუფების თბილისის შეხვედრებს, გარდა ანტირუსული დატვირთვისა, ანტიირანული, ანტიერაყული, ანტისირიული დატვირთვაც აქვს. და ამ ქვეყნებში შიდა არეულობის, დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
მარტში შესრულდა ერაყში ამერიკელთა შეჭრის 10 წელი. 10 წლის წინათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ერაყი ასე ძვირი დაუჯდებოდა ამერიკას, გაცილებით ძვირი, ვიდრე ბუშის ადმინისტრაცია მიიჩნევდა. 10 წლის წინათ რა არ იღონა ბუშმა მსოფლიოს დასარწმუნებლად, რომ სადამ ჰუსეინის ერაყი, ბირთვული და ქიმიური იარაღით ემუქრებოდა მსოფლიო მშვიდობას. არადა, თვით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, ერაყს მსგავსი რამ არ ჰქონია.
აშშ-ს სწყუროდა ომი და როდესაც სურვილი გაქვს, მტკნარი ტყუილიც, სიმართლედ მოინათლება. ბუშის დამნაშავე ადმინისტრაციამ, აკვიატებული, ავადმყოფური მოსაზრების შედეგად, 5.000-მდე ამერიკელი და მილიონზე მეტი ერაყელი გაისტუმრა საიქიოს.
ბუში, ჩადენილი დანაშაულისთვის კარგა ხანია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ქვეშ მყოფი დამნაშავე უნდა იყოს და არა ტეხასის შტატის უდარდელი ბინადარი. მაგრამ, ის, რაც არ ეპატიება პატარას, ვთქვათ მილოშევიჩს, ეპატიება დიდს ანუ ბუშს.
ერაყის ომმა ტრილიონები შთანთქა. სწორედ ერაყის ომს მოჰყვა მსოფლიოს ეკონომიკურ-მონეტარული კრიზისი. ერაყის ომი დამთავრდა, მაგრამ ომი გრძელდება სახიფათო რელიგიურ ნიადაგზე, შიიტებისა და სუნიტების სისხლიანი დაპირისპირება რომ ჰქვია. დღე ისე არ ჩაივლის, მსხვილი ტერორისტული აქტი არ მოხდეს, შესაბამისი მსხვერპლით.
სადამ ჰუსეინის ანტიირანულად განწყობილი ერაყი, პროირანულადაა ქცეული, რაც შორსაა ამერიკული ინტერესებიდან. ირანისთვის ერაყი, მითუმეტეს ბაშარ ასადის სირია - მთავარი დასაყრდენია რეგიონში. ირანული ფაქტორი მნიშვნელოვანია, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვაშინგტონს ჰგონია. ირანი რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ბაშარ ასადის ხელისუფლების საყრდენია.
ეს სამკუთხედი უპირისპირდება აშშ-ს, ევროკავშირის, ისრაელის, საუდის არაბეთის, თურქეთის ინტერესებს. ბრძოლის ველი - სირიაა. ჯერ-ჯერობით იქ, დასავლეთი, დაქირავებულ ბოევიკებს აომებს, აწვდის მათ იარაღს, ტყვია-წამალს, სამხედრო ინფორმაციას. ალბათ შორს არ არის ის დღეც, როდესაც ნატოს სამხედრო ძალა უშუალოდ ჩაერთვება კონფლიქტში ისე, როგორც ლიბიაში. შესაფერისი ვითარება მზადდება სირიაში შესაჭრელად. აქაც ისე, როგორც ერაყში, აშშ-ს, საბაბად, ქიმიური იარაღი მოჰყავს.
ბოლო დროს, დასავლურ მედიაში გახშირდა ქიმიური იარაღის თემაზე სჯა-ბაასი. ითქვა ისიც, რომ მეამბოხეთა წინააღმდეგ, ბაშარ ასადის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს იყენებს. მედიური განცხადებები ერთი მიზნისკენ არის მიმართული - საერთაშორისო საზოგადოების, სირიის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ დასამუხტად. უნებლიედ იბადება კითხვა - რა შეიძლება მოჰყვეს სირიის ქიმიური იარაღის „ჰესბოლას“ მიერ ხელში ჩაგდებას? და რომ ეს არ მოხდეს, რა უნდა იღონოს დასავლეთმა? პასუხიც მარტივია - დაამხოს ბაშარ ასადის ხელისუფლება.
სრული შესაძლებელია დასავლეთმა გადადგას ასეთი ნაბიჯი, მითუმეტეს დღეს, ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღების გადასატანად.
ბაშარ ასადი, აშშ-ს ყელში გაჩხერილი ძვალია. მისი მოშორება, თავისთავად, ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში რუსულ-ირანული გავლენის შემცირებას, სირიიდან გამონთავისუფლებული ენერგიის ირანზე მიმართვას. „მოთვინიერებული“ სირიის შემდეგ, ჯერი ირანზე მიდგება.
ამერიკელთა აზრით, რეგიონში თუ ვინმეა მოსადრეკი - ისლამური ირანია. ვაშინგტონის აზრით, წაქცეული ირანი ნიშნავს წაქცეულ „ჰესბოლას“ (ლიბანი) და „ჰამასს“ (პალესტინა). წაქცეული ირანი ნიშნავს ამ რეგიონში აშშ-ს მიმართ ლოიალური თურქეთის წამოწევას, საუდის არაბეთის როლის გაფართოებას, მაგრამ ასეთ ვითარებაში, როგორ შეთანხმდებიან ერთმანეთის მეტოქე თურქეთი და საუდის არაბეთი?
სირიის დაცემით საფუძვლიანად შეიცვლება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური კონფიგურაცია. სულაც არ არის გამორიცხული სირიის გაყოფაც - ალავიტურად და სუნიტურად. ასეთ შემთხვევაში, რა დარჩებათ აშშ-ს და რუსეთს? შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას?
ბოლო წლების განმავლობაში ამერიკა-ევროკავშირის პოზიცია ირანთან მიმართებაში ურყევია - ირანის მიერ ბირთვული პროგრამის დახურვა. ირანი მზად არის შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, ოღონდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მუხლმოუდრეკლად, რაც დაფიქსირდა კიდევაც ალმა-ატაში ჩატარებული მოლაპარაკებების დროს.
ამას წინათ ალმა-ატაში გაიმართა „ექვსეულის“ (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის) და ირანის მოლაპარაკება. ამ ფორმატის მოლაპარაკებები კარგა ხანია არ გამართულა. ორდღიანი მოლაპარაკებები ერთობ ნაყოფიერი გამოდგა, თუმცა დასავლური მედია, ჩვეული სკეპტიციზმით აუწყებდა საზოგადოებას მოლაპარაკების უშედეგობაზე.
ირან-„ექვსეულის“ მოლაპარაკებები ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობით, მაგრამ დასავლური მედიის ამჟამინდელი სკეპტიციზმი სხვა მიზნისკენაა მიმართული - ირანის მიმართ არსებული ნეგატიური განწყობის კიდევ უფრო გასამუქებლად. არადა ალმა-ატის მოლაპარაკებამ არსებული დაძაბულობის განელების საფუძველი გააჩინა.
ალმა-ატაში მოხდა მოლაპარაკებათა პროცესის აღდგენა, რომელიც კარგა ხანია გაყინული იყო. „ექვსეულმა“ ირანს წარუდგინა განახლებული წინადადებები - ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივი მოხსნა, სანაცვლოდ, ირანის მხრიდან თანამშრომლობა. „ექვსეული“ მზად არის შეარბილოს სანქციები, არ მიიღოს ახალი, თუ ირანი შეწყვეტს ურანის 20%-იან გამდიდრებას, გარდა ამისა გაყინავს ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული კომპლექსის კვლევებს.
ირანის დელეგაციამ პოზიტიურად მიიღო ახალი პაკეტი. მთავარმა მომლაპარაკებელმა საიდ ჯალილიმ აღნიშნა: „გამდიდრება ჩვენი უფლებაა, 20%-ე თუ 5%-ე სხვა საქმეა“. მან ისიც დაუმატა, რომ ყველა წინადადება უნდა ეფუძნებოდეს იმის აღიარებას, რომ ირანს აქვს ბირთვული კვლევის ჩატარების უფლება.
ჯალილიმ ისიც აღნიშნა, რომ ფორდოს დახურვას აზრი არ აქვს, ვინაიდან მთლიანად ექვემდებარება საერთაშორისო ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის (მაგატეს) კონტროლს. ჯალილიმ კვლავ გაიმეორა, რომ ირანი შეაჩერებს ურანის გამდიდრებას, თუ შესაბამის საწვავს მიიღებს უცხოეთიდან. „სამი წლის წინათ, ჩვენ გამოვთქვით სურვილი მიგვეღო ეს საწვავი, მაგრამ სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ, სწორედ ამიტომაც ჩვენ თვითონ დავიწყეთ ურანის 20%-ე გამდიდრება“.
აპრილის პირველ დეკადაში ისევ იგეგმება ალმა-ატაში შეხვედრა, რაც მეტყველებს დიალოგის პერმანენტულობაზე და ირანის მხარის კონსტრუქციულ დამოკიდებულებაზე.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი აბუ-მუჰამედ ასგარხანი:
„დასავლეთმა იცის, რომ ირანის ხელმძღვანელობამ გამოსცა ფეტვა, რომლის მიხედვით, ბირთვული ბომბის შექმნა აიკრძალა. დიდი რაოდენობა გამდიდრებული ურანისა ფხვნილად იქცა, მაგრამ „მაგატეს“ ანგარიშში წერენ, რომ ჯერაც არ მტკიცდება ფაქტი აღნიშნულისა. ეს პოზიცია ღიად სტოვებს კარს ირანის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გასატარებლად. დასავლეთი ხელმძღვანელობს პრინციპით - მტერს შეუტიე და თუ ის გაიქცა - გამოუდექი. თუ მტერმა გიპასუხა - შენ გაიქეცი. თუ ირანი უკან დაიხევს, დასავლეთი გააგრძელებს ზეწოლას“.
„რაც შეეხება საზოგადოებას, ის მხარს უჭერს ხელისუფლების პოზიციას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ირანს არ ესაჭიროება ბირთვული ბომბი, მაგრამ საზოგადოებამ, რომელმაც გამოიარა ომი და დასავლური სანქციები, თვლის, რომ ომის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბირთვული ბომბი, რომელსაც ომის შემაჩერებელი ფაქტორი აქვს.
აშშ-ი იტანს ბირთვულიარაღიან ჩრდილო კორეას, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელს, აიტანს ირანის ბირთვულ იარაღსაც. ბირთვული პროგრამა, ნაციონალური პროგრამაა. ის არ ეკუთვნის პრეზიდენტს, სულიერ ლიდერს. ის ხალხს ეკუთვნის და ვინც ამის წინააღმდეგია, ხალხის წინააღმდეგია. თუ ირანი შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას, ის გამოიწვევს მთავრობისადმი დიდ უნდობლობას. თუ ხალხი დარწმუნდება, რომ მთავრობა არ უზრუნველყოფს ხალხის უსაფრთხოებას, ის აღარ დაუჭერს მას მხარს!“ - აცხადებს პროფესორი.
შემდეგ იგი აანალიზებს, თუ რა შემთხვევაში იჭრება აშშ-ი სხვა ქვეყანაში: - 1) ადამიანის უფლებების დარღვევა; 2) სამოქალაქო ომი; 3) ტერორიზმი; 4) მასობრივი განადგურების იარაღის ქონა. ირანში არც ერთი ჩამოთვლილი საბაბი არ არის. არც იმის დამადასტურებელი ფაქტებია, რომ ირანი სპონსორობას უწევს ტერორიზმს.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა გააუარესა ირანის სოციალური ვითარება. ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოება 3.5%-ით შემცირდა. შემცირდა ექსპორტიც (40%), გაიზარდა ინფლაცია და უმუშევრობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საზოგადოების შემართება, განსაკუთრებით ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით, უცვლელია.
ახლო აღმოსავლეთის, მეტადრე სირიის და ირანის საკითხები გლობალური მნიშვნელობის საკითხებია. მათი პოზიტიურად გადაჭრა მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული, მეტადრე დიდ სახელმწიფოთა ინტერესებთან. არც აშშ-ი და არც რუსეთი იოლად არ დათმობს მოპოვებულ პოზიციებს. არც სხვა სახელმწიფოებს აქვთ სურვილი დათმობისა, რაც თავისთავად მეტყველებს რეგიონში არსებული პრობლემების მუდმივობაზე და აქედან გამომდინარე მარადიულ დაძაბულობაზე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
22/03/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.