საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ობამას ვოიაჟი ევროპაში და მისი დარიგებანი

ობამას ვოიაჟი ევროპაში

2017 წლის 20 იანვარს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. საზეიმო ცერემონიალის მწერვალი ახალი პრეზიდენტის სიტყვა იქნება, რომელსაც მოჰყვება დედაქალაქის სხვადასხვა სასტუმროებსა თუ საბანკეტო დარბაზებში გამართული წვეულებები - ახლის პატივსაცემად, ძველთან დასამშვიდობებლად. ობამას ფანები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ყოფილს, ოვაციებითა და შეძახილებით. უკვე ყოფილი, სიცოცხლის ბოლომდე მიიღებს პრეზიდენტის ტიტულს და მას ისე მოიხსენიებენ, როგორც პრეზიდენტს.
რას მოიმოქმედებს პენსიაზე გასული პრეზიდენტი ობამა უპირველეს ყოვლისა? - არ შევცდები, თუ ვიტყვი ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნის წერას. ობამა არ იქნება გამონაკლისი ამ საქმეში. ყველა ყოფილი, პირველ რიგში მსგავსი წიგნის წერით და ბიბლიოთეკის შექმნით იკავებს თავს.
თავიდანვე ვიტყვი, რომ მისი ავტობიოგრაფიული ნაშრომი ბესტსელერი იქნება, ისე, როგორც ყველა მისი წინამორბედის, რაც არ არის გასაკვირი.
პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჩვეულებრივ ადამიანებს უდავოდ დააინტერესებთ აშშ-ს 44-ე პრზიდენტის საქმეები იმ განვლილი 8 წლის განმავლობაში, რაც მან აშშ-ს პრეზიდენტობას მოახმარა.
ისტორიისთვის 8 წელიწადი არცთუ დიდი დროა, მაგრამ პოლიტიკოსის, პიროვნებისთვის, ადამიანისთვის საკმაოდ დიდი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მეხსიერებას შემორჩა 8 წლის წინათ გამართული ინაუგურაცია და აშშ-ს ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის სასტარტო სიტყვა, ფიცი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, პირველი ნაბიჯები დიდ პოლიტიკაში.
ხალხს ისიც ემახსოვრება, რა იმედისმომტანი იყო ობამას პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯები. მაშინ ვერვინ წარმოიდგენდა, რომ 8-წლიანი მოღვაწეობის ბოლო, ესოდენი იმედგაცრუებით აღინიშნებოდა. ნეგატიურ განწყობას ქმნის ობამას მიერ 8 წლის წინათ გაკეთებული დაპირებების შეუსრულებლობა, გაუარესებული ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა, მსოფლიოში შექმნილი დაპირისპირება - როგორც ვერბალური, ისე სამხედრო, სხვა მრავალი მსხვილმან-წვრილმანი საკითხები.
ობამას პრეზიდენტობის დასაწყისი წარმატებული იყო, რამეთუ უნიკალურს შეადგენდა ნობელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილება მომავალი პრეზიდენტისთვის, ავანსად, ნობელის პრემიის მინიჭება. წინასწარ გაცემული პრემია ლაგამი უნდა ყოფილიყო ახალი პრეზიდენტისთვის - ომის არ გაჩაღების საქმეში. მაგრამ გათვლა არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ელოდნენ. არც დაპირებები შესრულდა, რითაც ობამამ მრავალი საყვედური დაიმსახურა. მიუხედავად ამისა ობამამ გაამართლა აშშ-ს, როგორც ქვეყნის და არა ხალხის ინტერესები. მაინც რა ინტერესებზეა ლაპარაკი? აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონიზმზე, მის დომინანტობაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, აშშ-ს განუსაზღვრელ გავლენაზე ევროპა-აზიის მიმართულებით. 8 წლის განმავლობაში არათუ შემცირდა ომის საფრთხე, არამედ გაიზარდა. აშშ-სა და რუსეთს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ ლამის სამხედრო დაპირისპირებას წაჰკრა ხელი. ობამას ადმინისტრაციამ ვერ იგუა პრემიერ-მინისტრის პუტინის გაპრეზიდენტება და რაც მთავარია, ის დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომლითაც გამოირჩეოდა პუტინის რუსეთი.
მედვედევის პრეზიდენტობის დროს დაწყებული გადატვირთვის პროცესი, პუტინის პრეზიდენტობისას „ცივი ომის“ პერიოდმა ჩაანაცვლა. რუსეთი დაისაჯა ეკონომიკური სანქციებით, გამალებული შეიარაღებით; ანტირუსული კამპანიით; აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს დამატებითი სამხედრო ძალების გამოჩენით; უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გარდაქმნით; უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებით; სირიაში ახალი ცხელი წერტილის შექმნით და ამ ქვეყნის დესტაბილიზაციით; რუსეთისთვის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში უდიდესი წინააღმდეგობის შექმნით; ტერორიზმის აღორძინებით და ამ პრობლემის შეუქცევადად გადაქცევით; ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მცდელობით; ჩინეთთან დაპირისპირებით და ა.შ.
ობამას ნეოლიბერალურ, გლობალისტურ პოლიტიკაში მკვეთრად იყო წარმოჩენილი აშშ-ს უნიკალურობის საკითხი და მისდამი ყველა დანარჩენი ქვეყნის მორჩილება. ამ თვალსაზრისით ობამას პოლიტიკამ უდიდეს შედეგებს მიაღწია. ის შეუქცევადად გადაიქცეოდა ობამას ჩამნაცვლებლის ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში.
რას მოიტანდა ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა, თუ არა აშშ-ს ჰეგემონიზმის კიდევ უფრო განმტკიცებას, გლობალიზაციის ისეთ გამარჯვებას, რასაც უდავოდ მოჰყვებოდა ყოველგვარი ეროვნულის, ოჯახური ტრადიციების, აღმსარებლობის, ქალისა და მამაკაცის ტრადიციული ურთიერთობების, ოჯახის სიწმინდის განქიქება; არატრადიციულის, გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრების, ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების სამარადისო დაკნინებას; რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სხვა სუვერენული ქვეყნების დამონების მცდელობას; სანქციებით და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიებებით მათ დაჩოქებას; შიგადაშიგ, სამხედრო ძალის გამოყენებით მსოფლიო ქვეყნებისა და ხალხების უკიდურეს მორჩილებამდე მიყვანას, აშშ-ს სალაღობოდ მსოფლიო მართვადი ქაოსის შექმნას.
ობამაზე ხშირად ამბობენ - სუსტი პრეზიდენტიაო. არადა, ობამა არის ის პრეზიდენტი, რომელმაც პირნათლად შეასრულა ყველა ზემოჩამოთვლილი ნეგატივი, რითაც განამტკიცა ამ ქვეყნის პირველობა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აშშ-ს მსოფლიო მისია სიკეთის კეთებაშია - დიდად შემცდარა. აშშ-ი ის ქვეყანა არ არის, ივანეს, კუკურის, ჟოზეფინას, ბენიამინის, მუჰამედის, სხვათა და სხვათა ბედნიერებისთვის იბრძოლოს. პირიქით, ის მათ აიძულებს იბრძოლონ ამერიკისთვის.
ნობელის პრემიის ლაურეატი ობამა თვით არ ჩაერთო სამხედრო კონფლიქტებში - მოკავშირეები ჩართო და კულისებიდან უდირიჟორა მათ, რამაც უდიდესი ქაოსი, ენით აუწერელი უბედურება დაატეხა ლიბიელთა, ერაყელთა, სირიელთა, ავღანელთა, უკრანელთა თავებს. შექმნა ლტოლვილობა და ამით მრავალწლიანი პრობლემები ევროპაში. განა ასეთი, დასაფასებელი არ არის იმ ამერიკელთა მხრიდან, ვინც ამერიკის უნიკალურობაზე, გამორჩეულობაზე ოცნებობს?
დიახ! ობამამ პირნათლად შეასრულა დავალება - აშშ-ი უპირველეს ყოვლისა, რისთვისაც მას უდავოდ გაიხსენებენ, მაგრამ ... არის კიდევ ერთი „მაგრამ“, რამაც თვით აშშ-ზეც იმოქმედა და რომ არა გარე სამყაროსთვის გათვლილი ზემომოყვანილი ნეგატივის ქვეყნის შიდა ცხოვრებაზე ადეკვატური ასახვა, არავითარ ტრამპულ რევოლუციას ადგილი არ ექნებოდა.
ამერიკული ყაიდის გლობალიზაციამ თვით ამერიკაზეც იქონია გავლენა და სხვისთვის გამიზნული ბოროტება, საკუთარ სახლში შემოაბრუნა. ეს ვერ გათვალეს ამერიკის თანამედროვე „მამებმა“, მათ შორის ბარაკ ჰუსეინ ობამამ. და მოხდა ის, რასაც დაუფარავად რევოლუციას ეძახიან. სახტად დარჩენილი პრეზიდენტი ობამა და მისი ევროპელ-აზიელი მოკავშირეები, ტრამპის გამარჯვებით დაშამათებულები, ჯერაც გონს ვერ მოსულან და ნაცვლად დროებისთვის შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისა, შემოდგომის ბუზებივით მწარედ იკბინებიან, მაქსიმალურად ცდილობენ ისეთი ქვეყანა დაუტოვონ გამარჯვებულ ტრამპს, 8-წლიანი მანკიერი მმართველობის გამოსწორება რომ ვერ შეძლოს, 20 იანვრამდე დარჩენილ დროში ისე მოაკვარახჭინონ საქმე, რომ ახალს, კომპასით სიარული დასჭირდეს, რაიმე დასკვნის გამოსატანად.
ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ობამას ბოლო ევროპული ვოიაჟი იყო - იქ გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმა იმისა, რომ ახალმა, 8 წლის განმავლობაში შემუშავებულ პოლიტიკას ზურგი არ უნდა შეაქციოს; რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია, უნდა დატოვოს; განამტკიცოს ვაშინგტონ-ბრიუსელის კავშირები; ხელი მოაწეროს ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ხელშეკრულებას; დაიცვას უკრაინა; წინ აღუდგეს რუსეთს, განსაკუთებით უკრაინაში, სირიაში, სხვაგან.
ერთი სიტყვით, შეგონება, ჭკუის დარიგება ახალი „ყმაწვილის“ გაფრთხილება, ცუდ წრეში რომ არ აღმოჩნდეს. ცუდი წრე რუსეთია. მართალია, ობამას ბერლინში გაკეთებული განცხადებით - რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით სუპერ სახელმწიფოა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს რეგიონზე, მსოფლიოზე, მაგრამ სახიფათო ქვეყანაა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს, ნატო და ევროკავშირი უნდა ჩაიხუტოს, გლობალიზაციის პროცესი უნდა გააგრძელოს და ა.შ.
ობამას ვიზიტი ევროპაში ნამდვილად არ ჰგავდა მოკავშირეებთან გამომშვიდობებას. ეს უფრო მოკავშირეთა გულის გამაგრებას ნიშნავდა და მათ დარაზმვას ტრამპის მოსათვინიერებლად.
ზემოთ, შემოდგომის ბუზები ვახსენე და ობამას ადმინისტრაციას შევადარე. მწარეა შემოდგომის ბუზის ნაკბენი, მითუმეტეს, როდესაც მას სასიცოცხლოდ 2 თვე აქვს დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში ვინ იცის რამდენი უბედურების, სიბინძურის გაკეთბას შეძლებს საკუთარი იდეების უკვდავსაყოფად?! აშშ-ს ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან ბრძოლაზეა გადასული, რაც ჩვენშიც იგრძნობა. სხვა რა შეიძლება ითქვას არასამთავრობოელი გიგაურის განცხადების თაობაზე - საქართველოში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის საკანონმდებლო აქტით აკრძალვასთან დაკავშირებით?!
დიახ! გიგაურმა განაცხადა, რომ ის მედია, რომელიც პრორუსულია, კანონით უნდა აიკრძალოს იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ვინმეს ჰგონია, რომ გიგაურის წინადადება გიგაურის ინიციატივაა?
ვერც ერთი საქმეში ჩახედული ამას ვერ იტყვის, რასაც იტყვის, ისაა, ქვრევში ჩაძახილის ამოძახილი რომ ჰქვია. ჩამძახებელი კი თბილისში აშშ-ს საელჩოა - აშშ-ს ადმინისტრაციის პოლიტიკის გამტარებელი და მის ცურს დაწაფებული აქ არსებული არასამთავრობოები. მათი მიზანია „საოცნებო“ პარლამენტს ძალით მიაღებინონ კანონი ე.წ. პრორუსული მედიის აკრძალვის თაობაზე. მიაღებინონ ტრამპის ინაუგურაციამდე. მიღებული კანონის შეცვლა კი არცთუ იოლი იქნება უხერხემლო პარლამენტისთვის.
თითო-ოროლა გაზეთი და იმდენივე სატელევიზიო გადაცემა - პრორუსულობის თამასასაც ვერ წვდება. ისინი პრორუსულები კი არა, ობიექტურები არიან. ობიექტურობა კი პროდასავლურ ქვეყანაში, პრორუსულობად ითვლება. ასეთებს უდავოდ არ შეეხებათ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ნათქვამი: „ჩვენს ქვეყანაში არავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა. მედია არის თავისუფალი“.
პრემიერის სიტყვები მხოლოდ პროდასავლურ მედიას ეხება და არა იმათ, ვინც ობიექტურად აზროვნებს. რა გაეწყობა, ასეთია აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა და არა მარტო დღევანდელი, გუშინდელი, გუშინწინდელი, ...
და ალბათ ასე გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რომ არა 8 ნოემბრის რევოლუცია, რომელმაც წარმოუდგენლად დააფრთხო გლობალისტი ლიბერალები, ლგბტ-ს (LGBT) მოტრფიალენი, ამიტომაც დარჩენილ დროში მაქსიმალურად ცდილობენ ისეთის გაკეთებას, რომლის გამოსწორება გაჭირდება. ნობელის პრემიის ლაურეატმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბოლოჯერ დაარიგა ევროპელი მოკავშირეები, თან ერთობ „კეთილშობილური“ საქმეც გააკეთებინა - რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გახანგრძლივება.
წინ კიდევ ორი თვეა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
21/11/2016

სტატიების არქივი