ბრძოლა ენერგომატარებლებისთვის

hamlet chipashvili-politologi

როდესაც ტელეეკრანზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის იხილავთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლოდინში; როდესაც თვალს მოკრავთ ქერის დაფიქრებულ სახეს და კარის გაღებისთანავე უნებლიე შეხტომას (მსგავსს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ადამიანი რაღაც სასწაულს ელის); როდესაც სათათბირო ოთახში შესული პუტინისკენ ქერი, ლამის სირბილით მიემართება, გაღიმებული მასპინძელი კი გულთბილად თხოვს მას და თანმხლებ პირებს მაგიდას მიუსხდნენ, უდავოდ გაგიჩნდებათ მოსაზრება, რომ ამერიკა-რუსეთს შორის გაჩენილმა ყინულმა ლღვობა დაიწყო.
როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ხოტბას შეასხამს სახელმწიფო მდივნის გამძლეობას, მსოფლიო მშვიდობის განსამტკიცებლად - ქვეყნიდან-ქვეყანაში სიარულისთვის, თან იმასაც დაამატებს, რომ მას (ქერის) დასვენება და გამოძინება სჭირდება, უდავოდ იფიქრებთ არათუ ორთა შორის სამწლიანი სქელი პოლიტიკური ყინულის დნობაზე, არამედ პრაგმატულ თანამშრომლობაზეც, მაგრამ არა. პოლიტიკაში, განსაკუთრებით დიდში, პოლიტიკოს-მსახიობების ისეთი სიუხვეა, ძნელი გასარჩევია, სად არის სინამდვილე და სად არტისტული თამაში.
ტელე-ფოტო კამერების წინ პოლიტიკოს-არტისტები მოზომილად, მოკრძალებულად, ზრდილობიანად იქცევიან (არა ისე, როგორც უკრაინაში). მათი თითოეული ჟესტი - კონტროლს დაქვემდებარებული, წინასწარ დამუშავებულია. მათი გამომეტყველება - შენიღბული, ფარისევეული, ხელოვნური ღიმილით, ზოგ შემთხვევაში სიცილითაც კი, რომელიც უმალ იცვლება მოსალაპარაკებელ მაგიდასთან მისხდომისთანავე, დარბაზიდან ჟურნალისტების დათხოვნასთან ერთად. და იწყება მხარეთა შორის ლაპარაკი, ხშირ შემთხვევაში მძიმე, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებით, საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლით, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება იმ საერთო სურათიდან, რასაც თვალი მოვკარით ტელეეკრანზე - მოლაპარაკების დაწყებამდე.
პრეზიდენტ პუტინსა და სახელმწიფო მდივან ქერის შორის მოლაპარაკება სამ საათზე მეტს გაგრძელდა და ბევრ საკითხში კონსენსუსით დასრულდა, რამაც გაეროს უშიშროების საბჭოს, რეზოლუციის მიღების საშუალება მისცა. საკითხი სირიას ეხებოდა და იქ არსებული ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას. უშიშროების საბჭომ დაგმო ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება, რითაც პრობლემები შეუქმნა იმათ, ვინც დღემდე იყო ამ მართლაც ბინძური საქმით დაკავებული.
მოსკოვის სამსაათიანმა მოლაპარაკებამ ამ საკითხში წარმატებას მიაღწია, მაგრამ არა იმაში, რასაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გამოსწორება ჰქვია. ურთიერთობები კი სახელმწიფო ინტერესებს უკავშირდება, რაც თავისთავად მოითხოვს ყოველივე იმის შეცვლას, რაც ესოდენ ენერგიული შრომით შექმნა აშშ-ს ადმინისტრაციამ ბოლო სამი წლის განმავლობაში. რატომ მაინცდამაინც აშშ-ს ადმინისტრაციამ და არა კრემლმა? - უპირველესად იმიტომ, რომ კავშირების გაუარესებაში სწორედ ამერიკას მიუძღვის ბრალი და არა რუსეთს.
გაუარესება ნიშნავს ეკონომიკურ სანქციებს, მიღებულს ვაშინგტონში და მიმართულს რუსეთის წინააღმდეგ. ამერიკული სანქციები, მარტო ამერიკული არ არის, მას ფართო მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან, ამერიკელთა დაძალებით, ანალოგიურს მიმართავენ მოკავშირე ქვეყნებიც, განსაკუთრებით ევროკავშირი. ქერი, დაბრუნებულიც არ იყო სამშობლოში, რომ ვაშინგტონმა ახალი სანქციებით „დააჯილდოვა“ რუსეთი. უკეთეს საახალწლო საჩუქარს ვერ ინატრებდა კრემლი. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უმალ მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილებაც - სანქციების ვადის 6 თვით გაგრძელების თაობაზე.
რუსეთი გულისტკივილით შეხვდა ახალ სანქციებს, თუმცა გრძნობდა, რომ ეს ასეც მოხდებოდა. „სასიამოვნო“ ამბის მომტანი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი იყო, რომელმაც მოსკოვის მოლაპარაკებამდე, კიევში ჩასულმა, გალანძღა რუსეთი და დასასჯელად სანქციების ახალი ტალღით დაემუქრა მას.
მაინც რისთვის სჯიან რუსეთს?
პასუხი ამ კითხვაზე მარტივია - იმისთვის, რომ ის რუსეთია; რომ ამ ქვეყანას განსხვავებული აზრი აქვს; რომ მისი პოლიტიკა უამრავ საკითხში არ ემთხვევა ამერიკულს. და რახან ასეა, ის უნდა დაისაჯოს. „საშური დემოკრატიაა“ - დემოკრატია ამერიკულად, რომელიც სიტყვის შებრუნებასაც ვერ იტანს, არათუ საწინააღმდეგო მოქმედებას. ამერიკული „დემოკრატია“ გულისხმობს მხოლოდ იმის კეთებას, რასაც ვაშინგტონი გიკარნახებს. ისე უნდა იცხოვრო, როგორც ამერიკას სურს. ისე უნდა ჭამო, სვა და ჩაიცვა, როგორც ამერიკას უნდა. იმასთან უნდა იმეგობრო, ვისთანაც ვაშინგტონი დაგრთავს ნებას.
მსგავსი „დემოკრატიის“ არაერთი მაგალითი იწვნია „ბედნიერმა“ საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში და უფრო მეტს იწვნევს, თუ ამერიკული სიზმრიდან დროულოდ არ გამოფხიზლდება.
საქართველოს პოლიტიკას ვერაფრით დაარქმებთ დამოუკიდებელს. მას ამის არავითარი ნიშანწყალი არ გააჩნია, რაც უპირველესად თვით ქართველთა იმ თაობის ბრალია, ვინც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, დღემდე მოდის. შემდეგ, დიდი ქვეყნის, „სტრატეგიულ პარტნიორად“ რომ მოვიხსენიებთ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა ერმა ისე „თავგამოდებით“ იღვაწა, რომ სრულ დამოკიდებულებაში ამოჰყო თავი, თანაც ისეთში, რომლისგანაც დახსნას არაერთი რევოლუცია დასჭირდება.
სწორედ ასეთ სახელმწიფოდ ყოფნა არ ისურვა რუსეთმა და ამიტომაც „დაჯილდოვდა“ ეკონომიკური სანქციებით, სხვა „საჩუქრებით“, მათ შორის ევროპაში განლაგებული ანტისარაკეტო სისტემებით, რომელსაც თავდაცვითი ფუნქციის გარდა, თავდასხმითიც ახასიათებს და 6 წუთში შეუძლია გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს რუსეთს.
არადა, 6 წლის წინათ, თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში, ობამამ შეაჩერა წინამორბედ ბუშის ანტისარაკეტო პროგრამა. რამდენად გულწრფელი იყო ახლადარჩეული პრეზიდენტი ობამა თავის გადაწყვეტილებაში, ძნელი დასადგენია, ვინაიდან 6 წლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ამ ხნის განმავლობაში ერთი წუთითაც არ შეჩერებულა ამ საკითხზე მსჯელობა. ვაშინგტონი ხშირად იყენებდა მას რუსეთთან სავაჭრო თემად, იმავდროულად ყველაფერს აკეთებდა აღნიშნული სისტემის დასახვეწად.
მსგავს ვითარებას ვაწყდებით დღესაც. ვაშინგტონი ლაპარაკობს მოსკოვთან სირიასთან მიმართებაში, მაგრამ არ ივიწყებს მთავარს - ბაშარ ასადის განდევნას. ამ საკითხში მან ვერაფრით გატეხა რუსეთის პოზიცია. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ ტერორიზმის დამარცხების შემდეგ, გამართულმა საყოველთაო არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება სირიის სათავეში და არა ვიღაცამ - სირიის გარეთ.
ვაშინგტონი ურცხვად, „დემოკრატიულად“ აცხადებს, რომ მას უფლება აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ამათუ იმ ქვეყნის ხელისუფლების დანიშვნაში. დემოკრატიაც ამას ჰქვია. განა ჩვენთვის უცნობია აშშ-ს ეს პოზიცია? განა ჩვენ, საკუთარ თავზე არ გამოვცადეთ ამერიკელთა მხრიდან საქართველოს ხელისუფალთა შერჩევა? განა ჩვენი „საყვარელი“ თინიკო ამერიკელებმა არ შემოგვტენეს?
აი, ეს არის ამერიკული „დემოკრატია“, რომელსაც, ხბოს აღტაცებული თვალებით მზერა არ უხდება. ის სხვა მზერას, მეტადრე კრიტიკულს იმსახურებს. მაგრამ აქვს საზოგადოებას კრიტიკული მზერის თავი?
ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფალთა ჩათვლით, იმის თქმაც არ შეუძლია თანხმობა განაცხადოს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, ოფიციალური ვაშინგტონის დასტურის გარეშე. ჩვენს ხელისუფლებას ისიც არ შეუძლია, თავისი სიტყვა თქვას ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში მიმდინარე პროცესებისადმი. ჩვენს ხელისუფლებას ვერაფერი უთქვამს, არა მარტო აშშ-ს, არამედ თურქეთის შიშით.
სირიასთან მიმართებაში თურქეთის პოლიტიკა ისეთია, ჩვენგან რომ მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდან იქ გადადგმული თურქული ნაბიჯი, სხვაგვარად შეიძლება ჩვენსკენაც გადმოიდგას. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად განაპირობებს სირიის, როგორც სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება უდავოდ დაუკავშირდება სირიის მომავალი ხელისუფლების და თურქეთის მთავრობის მოქმედებას.
ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთი ახორციელებდა ამბიციურ ენერგეტიკულ პროგრამას. მის ტერიტორიაზე გავიდა ახალი მილსადენები. თურქეთის ხელისუფლების მიზანი იყო და არის ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა. ამ ამბიციურ პროექტში თურქეთი მუდამ გრძნობდა ვაშინგტონის მხარდაჭერას, რომლის მთავარი მიზანი იყო და არის რუსული ენერგომატარებლებისთვის პრობლემების შექმნა, მათი ევროპის ბაზრიდან განდევნა. თურქულ-ამერიკულ გარიგებას ხელი არ შეუშლია რუსულ-თურქული „ცისფერი ნაკადისთვის“, რომელმაც საგრძნობი ეკონომიკური მოგება მოუტანა ორივე ქვეყანას.
ახალი საუკუნე, ახალი პრობლემებითა და მოჭარბებული კონკურენციით დაიწყო რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ჯერ იყოდა „ნაბუკოს“ პროექტმა გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი, შემდეგ სხვა პროექტებმაც. ყველა მათგანის მიზანი იყო ერთი - კასპიის ზღვის ენერგომატარებლების რუსეთის გვერდის ავლით, ევროპაში ტრანსპორტირება და რაც მთავარია რუსეთის გაზისთვის კონკურენციის გაწევა.
„ნაბუკოსა“ და სხვა პროექტებს უმთავრესად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ყველა ამ პროექტში თურქეთი იღებდა მონაწილეობას, არანაკლებად საქართველოც. არ გამოვიდა. ამასობაში რუსეთმა ევროკავშირს „სამხრეთის ნაკადის“ პროექტიც შესთავაზა, რომელიც ნეგატიურად შეაფასა ამერიკა-ევროპამ, მაგრამ ამით რუსეთი არ შეჩერებულა. მან საერთო ენა გამონახა თურქეთთან. „სამხრეთის ნაკადის“ განხორციელება თურქეთს, ლამის რუსული გაზის მთავარ გამანაწილებლად აქცევდა. მას შეეძლო საკუთარი პირობების დაყენება, როგორც მოსკოვის, ისე ბრიუსელის წინაშე. მაგრამ...
თურქეთმა სხვა გზა აირჩია - დასავლეთის და რუსული გაზის ევროპაში შეტანის შეზღუდვის. ეს „გზა“ ითვალისწინებს რუსული გაზის ერთ მარშრუტს - უკრაინულს - პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნის - მუდამ არამგრადის.
„სამხრეთის ნაკადი“ - ესოდენ საინტერესო და დიდი ეკონომიკური წარმატების მომტანი თურქეთისთვის - სერიოზული კრიტიკის და მუქარის საგნად იქცა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ნატოს წევრმა თურქეთმა და ევროკავშირის კართან მდგომმა, ვერ გაუძლო ე.წ. მოკავშირეების ზეწოლას და პროექტის გაჯანჯლებას მიჰყო ხელი. რუსეთის გულუბრყვილო ხელისუფლება კი თვლიდა, რომ დასავლეთისთვის ჯიუტი ერდოღანი, რუსეთთან საქმიან ენერგოპროექტში ჩაერთვებოდა.
არ გამოვიდა. ნაცვლად ამისა, ანკარამ ბაქოსთან მოაწერა ხელი ტრანსანატოლიურ მარშრუტზე, რომელმაც აზერბაიჯანული გაზი უნდა შეიტანოს ევროპაში. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ის 2019 წლისთვის ამოქმედდება, მაგრამ ამ პროექტს ერთი პრობლემა აქვს - ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის სიმცირე. სწორედ ამან გამოიწვია ანკარის ყურადღების ყატარისკენ გადატანა.
თურქეთს სურდა ყატარის გაზის საკუთარ ტერიტორიაზე, საუდის არაბეთის გავლით, შეტანა. მოლაპარაკება გაზსადენის მშენებლობის თაობაზე ყატარსა და თურქეთს შორის 2009 წელს გაიმართა. მარშრუტი ასეთი იყო: ყატარი, საუდის არაბეთი, იორდანია, სირია, თურქეთი და ევროპა. ამ პროექტს ნეგატიურად აფასებს ოფიციალური დამასკო, ვინაიდან მისი აზრით, მას მოჰყვება თურქეთის პოლიტიკური დომინირება რეგიონში, რაც არ არის გამორიცხული, ვინაიდან გაზსადენის ონკანი მხოლოდ მის ხელში იქნება.
სირიის პრეზიდენტს გაცილებით მეტად ხიბლავდა ირანული გაზსადენის პროექტი, რომელიც გაივლიდა რა ერაყის ტერიტორიას, შევიდოდა სირიაში, ხოლო იქიდან ევროპის ქვეყნებში. სამთა მემორანდუმს ხელი 2011 წელს მოეწერა. გაზსადენს წლიურად 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაეტარებინა. გაზსადენის მშენებლობის დასრულება 2016 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ჩაიშალა, სირიის კონფლიქტის გამო, რაც უმთავრესად გამოწვეული იყო ყატარის გაზზე, სირიის პრეზიდენტის უარით და ირანის გაზისთვის მხარდაჭერით.
პროექტების ომში აშშ-ი იყო ჩართული, რომელიც ცხადია „მოძმე“ ყატარის პროექტს უჭერდა მხარს, ისე, როგორც საუდის არაბეთი, იორდანია, ევროკავშირი. როგორც აღვნიშნე, ეს პროექტი რუსული გაზის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ირანულ პროექტს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა თურქეთი, უპირველესად პოლიტიკური მოსაზრებით. ამ პროექტის განხორციელება გააძლიერებდა ირანის გავლენას რეგიონში, რაც ამბიციური თურქეთისთვის მიუღებელი იყო. თურქეთი იღებს ირანულ გაზს - წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით და არ ზრდის მას, იგივე მოსაზრებით.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, ერაყის უარყოფითი პოზიცია ანკარის მიმართ. ერაყს არ მოსწონს მის ტერიტორიაზე არსებული ქურთების ავტონომიასთან თურქეთის პირდაპირი გარიგება, ოფიციალური ბაღდადის გარეშე. ირანი, ერაყი და სირია ერთად შეკრული მოკავშირეები არიან და ამდენად მათი პოზიცია მიუღებელია თურქეთისთვის, ისე, როგორც ვაშინგტონისთვის.
მაგრამ აქ მარტო გაზსადენის პროექტების ომთან არ გვაქვს საქმე, სადაც სირიას სატრანზიტო პოზიცია უკავია, აქ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იწევს წინა პლანზე - სირიის ნაპირებთან, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გაზის დიდი მარაგების აღმოჩენა - სპეციალისტების მონაცემებით 3,5 ტრილიონი კუბური მეტრის და ნავთობის - 2 მილიარდი ბარელის ოდენობით. გეოლოგიური სამუშაოები ომამდე განხორციელდა. სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია ის, რასაც დღეს სირიაში აქვს ადგილი.
როგორია რუსეთის პოზიცია აღნიშნულ პროექტთან მიმართებაში? ცხადია, ნეგატიური. რუსეთი, სირიაში არა მარტო ტერორიზმს ებრძვის, არამედ ეხმარება პრეზიდენტ ასადს პოზიციების განმტკიცებაში, რაც ხელს შეუშლის არსებული პროექტების განხორციელებას და ევროპისკენ მიმავალი რუსული გაზის უალტერნატივობის მყარ გარანტიას შექმნის.
აშშ-ი და ევროკავშირი რომ დაბეჯითებით ითხოვენ ბაშარ ასადის გადადგომას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ გული ეთუთქებათ ბაშრ ასადის მიერ სირიელთა „დამონების“ გამო. მიზანი, ანტირუსული პოლიტიკაა და რუსული გაზის განდევნა ევროპიდან. სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურ თამაშში, ანკარამ ვაშინგტონ-ბრიუსელი აირჩია, რაც თავიდანვე იყო მოსალოდნელი, მაგრამ რატომღაც კრემლმა თავისი გულუბრყვილობით სხვაგვარად მიიჩნია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
25/12/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.