საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ტერორიზმი დაუძლეველი სენია

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

„მე, ვარ ნიცა!“ - ისევ გაისმა მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი განცხადება - გამოქვეყნებული ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში - ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის აღების მეორე დღეს. განცხადება თუ გულის სიღრმიდან ამოსული ძახილი?!
მორიგმა ტერორისტულმა აქტმა, რომელიც სახელგანთქმული ნიცის სანაპირო ბულვარში განხორციელდა, 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 100-ზე მეტი დაჭრა-დაასახიჩრა.
რაღაც გახშირდა „მე, ვარ შარლი!“-ს მსგავსი განცხადება, რომელიც ფრანგული ჟურნალის „შარლი ებდოს“ ტერაქტს მოჰყვა. უკვე მერამდენედ გვესმის - „მე, ვარ პარიზი!“, „მე, ვარ ბრიუსელი!“, „მე, ვარ ...!“. უკვე მერამდენედ ინთება საზღვარგარეთის ქვეყნების დედაქალაქების ღირშესანიშნაობები მგლოვიარე ქვეყნის დროშის ფერებით. უკვე მერამდენედ უსამძიმრებენ ტერაქტით დაზარალებული ქვეყნის ხელისუფალთ და ხალხს სხვა სახელმწიფოთა მეთაურები.
ტერორისტული აქტების ინტენსიურობამ თავისთავად გამოიწვია სამძიმრის ინტენსიურობა და თუ ასე გაგრძელდა, სამძიმარში გაჩნდება ტრაფარეტულობა, აუცილებლობით გამოწვეული ვალის მოხდის სახით, რომელიც გულწრფელ სამძიმარს ჩაანაცვლებს. ხალხი ყველაფერს ეჩვევა - ომს, ნგრევას, ტერაქტს და ა.შ. ერაყი, სირია, პაკისტანი, ავღანეთი, სხვები ისე მიეჩვივნენ ტერაქტებს, თითქოს ჩვეულებრივი რამ იყოს. სულ ახლახანს, ბაღდადის ტერაქტმა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა სტამბოლის, ბანგლადეშის ქ.დაკის (Dacca) ტერაქტს.
დღე ისე არ ჩაივლის, ტერაქტმა თავი არ შეგვახსენოს, რაც რაღაც სერიოზულს ნიშნავს - არაერთჯერად აქტს, შურისძიებას. ეს, ომია, თანაც უხილავი, წინასწარ გამოუცნობი, ამოუხსნელი. ტერაქტის გამოცნობა ლამის მიწისძვრის გამოცნობას გაუტოლდა ანუ ამოუხსნელობას.
სახელმწიფოთა მიერ ტერაქტის აღსაკვეთად შემუშავებული ზომები უდიდეს თანხებს საჭიროებს, ძალთა მობილიზაციას, წარმოუდგენელ დისციპლინას, რაც თავისთავად აფერხებს ტერორისტული აქტების განხორციელებას. დიახ! აფერხებს, მაგრამ ვერ აღკვეთს, რამეთუ თავზეხელაღებული ტერორისტი, მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, მაინც ახორციელებს ამას.
ეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი კონტროლდება. ასე კონტროლდებოდა საფრანგეთიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერამდენე ტერაქტის მსხვერპლი გახდა ის?! ზოგი აცხადებს, რომ ეს ქვეყანა ისე არ კონტროლდება, როგორც საჭიროა. და მართლაც - გაგანია კონტროლის პირობებში, რაც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ახლდა, უცნაურ ფაქტს ჰქონდა ადგილი.
მკაცრად დაცულ ეიფელის კოშკში 2 რუსი სიმაღლეზე მცოცავი ახალგაზრდა შეიპარა და გვიან ღამით დაიწყო კოშკის „დაპყრობა“. მათ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მიაღწიეს კოშკის მწვერვალს და ღამე გაათიეს იქ. მხოლოდ დილით შენიშნეს კოშკის გუშაგმა პოლიციამ უცხო პირები კოშკის წვერში, რომლებიც თვით ჩამოვიდნენ კოშკიდან და პოლიციას ჩაბარდნენ. რუსმა ყმაწვილებმა ეიფელის კოშკის „დაპყრობა“ ინტერნეტში გამოკიდეს. რუს „რუფერებს“ (სახურავზე მცოცავებს) ეიფელის „დაპყრობა“ რამდენიმე ათასი ევრო დაუჯდათ, რომლის გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. დავუშვათ, რუსეთის „რუფერი“ მოქალაქეების ნაცვლად, ტერორისტები ყოფილიყვნენ, რა დღე დაადგებოდა ეიფელის კოშკს?
ყურადღების ოდნავი მოდუნება და ტერაქტი ერთია. არადა, მუდამ ფხიზლად ყოფნას გაუძლებს ადამიანი? ან რამდენმა უნდა გაუძლოს? ათასში, ერთის მოდუნება და ტერაქტი - ჩვეულებრივია. როგორც ჩანს, სულ სხვა ზომებია მისაღები, ტერაქტისთვის სიღრმისეული თვალით შეხედვა, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, თანაც არა ერთი ქვეყნის, არამედ ქვეყნების, მათ შორის დიდთა და ძლიერთა მიერ.
აკეთებს თუ არა მსოფლიო რაღაც მსგავსს? თითქოს აკეთებს, მაგრამ სიტყვით და არა საქმით. სიტყვით, შესაძლოა საქმითაც, ტერორიზმის ბუდეს, რომელიც ერაყ-სირიაშია, ორი კოალიცია ებრძვის - რუსეთ-ირან-„ჰესბოლასა“ და სირიის სახით და ამერიკა-საუდის არაბეთი-ყატარი და კიდევ 60-მდე სახელმწიფოს სახით. ამ ორიდან პირველი უდავოდ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“, მეორეც ებრძვის, ვითომ. აი, სწორედ მოჩვენებითობამ გამოიწვია ის, რაც დღეს არის მსოფლიოში.
ნიცის ტერაქტის ორგანიზატორთა ვინაობას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება სტამბოლის, სხვა ქვეყნების ტერაქტებს - „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო თავის თავზე. რა უშლის ხელს მეორე კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ნამდვილი ომის წარმოებაში?
ბევრი რამ. უპირველესად, „ისლამური სახელმწიფოს“ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენება. ინტერესები კი შორსმიმავალია - სირიის დაქუცმაცება, სირიის ხელისუფლების დამხობა, სირია-ერაყის ტერიტორიაზე პატარ-პატარა სახელმწიფოების ჩამოყალიბება და ა.შ. ეს, იდეა რახანია ტრიალებს აშშ-ს სპეცსამსახურების ჩინოსანთა თავებში. იდეის ცხოვრებაში გატარება დაასუსტებს რუსეთის პოზიციას, როგორც სირიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. პირიქით, გააძლიერებს მეორე კოალიციის პოზიციას.
თავის დროზე სწორედ ამ გეგმის შესასრულებლად შეიქმნა ე.წ. ისლამური სახელმწიფო ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხელით. ნატოს წევრი თურქეთი - შესანიშნავ მეგობრულ ურთიერთობებში მყოფი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, დღესაც ვაჭრობს მასთან. დღესაც, საკუთარი საზღვრის გავლით, ამარაგებს ტერორისტებს ახალი საზარბაზნე ხორცით. საჯაროდ, თურქეთი იბრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. საჯაროდ, ისიც ტერორიზმის მსხვერპლია, მაგრამ პარალელურად ხომ კავშირებიც არსებობს?!
როდესაც რუსეთის საბრძოლო ვერტმფრენს ტერორისტები თანამედროვე ამერიკული რაკეტებით აგდებენ ძირს, უმალ გიჩნდება აზრი, რომ კავშირები არსებობს. აშშ-ი არც მალავს, რომ აქვს კავშირები მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ტერორისტებთან, რომლებსაც იარაღით ამარაგებენ, მაგრამ რამდენად არიან ისინი „ისლამურ სახელმწიფოზე“ უფრო „ჰუმანური“ ტერორისტები?
არიანო, ამტკიცებენ ამერიკელები და თვალს ხუჭავენ იმაზე, როდესაც ე.წ. ლაითი (რბილი) ტერორისტები, „მაგრებს“ ახალ ამერიკულ იარაღს გადასცემენ. რახანია რუსეთ-ამერიკა ერთმანეთს ეჭიდავება - შენი ტერორისტია, ტერორისტი და არა ჩემიო. საქმე კი ამით არ იცვლება.
29 ივლისს „ისლამურმა სახელმწიფომ“, სახალიფოდ გამოცხადების მეორე წლისთავი აღნიშნა. მანამდე ის სხვადასხვა სახელებით იყო ცნობილი. ეს ტერორისტული ორგანიზაცია ერთობ სიცოცხლისუნარიანი გამოდგა. რა არის ამის მიზეზი და რამდენ ხანს იარსებებს ის? ეს კითხვები ჯერ-ჯერობიით პასუხგაუცემელია.
უპირველესად უნდა ვთქვათ ის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გამოხატავს ისლამურ სამყაროში არსებული ისლამური ალტერნატივის ტენდენციას ანუ სახელმწიფოს, საზოგადოების მშენებლობას ისლამის პრინციპებზე დაყრდნობით. სწორედ ეს იწვევს „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპატიებს მუსლიმური მსოფლიოს მხრიდან. მართალია, ისინი გმობენ „ისლამურ სახელმწიფოს“ ბრძოლის უსასტიკეს მეთოდებს, მაგრამ სჯერათ ჭეშმარიტი ისლამური სახელმწიფოს შექმნის.
ბევრი მუსლიმანი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას - ისლამის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვამს. ამით არის გამოწვეული „ისლამურ სახელმწიფოში“ მსოფლიოს 70 ქვეყნის ჯიჰადისტის ჩასვლა. ბევრი მათგანი „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩასვლას მიიჩნევს ხიჯრად, რითაც თავს აიგივებს წინასწარმეტყველ მუჰამედთან, რომელმაც ისლამის გადარჩენისთვის, 622 წელს განახორციელა თავისი ხიჯრა - გადასვლა მექიდან, მედინაში. ახალი „გადამსვლელები“ გამოირჩევიან ფანატიზმით. სწორედ ამ ფანატიზმის მაგალითებს ვაწყდებით ყოველდღე.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომი იოლი საქმე არ არის, ვინაიდან გამარჯვებისთვის საჭიროა არა მარტო საჰაერო დარტყმები, არამედ სახმელეთო ოპერაციაც. სახმელეთო ოპერაციებისგან თავს იკავებენ ამერიკა-რუსეთი, ვინაიდან გამოიწვევს ხანგრძლივ ომს, დიდ მსხვერპლს და კიდევ მეტი ჯიჰადისტის ჩასვლას სირიაში. წაგების შემთხვევაშიც კი „ისლამური სახელმწიფო“ თავს დროებით დამარცხებულად აღიარებს და ახალ ფაზაზე ბრძოლის გადასვლას დააანონსებს. იდეურ-პოლიტიკურ-რელიგიური თვალსაზრისით „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება ძალიან ძნელია. მაშ რას ემსახურება რუსეთის მოქმედება სირიაში?
სირიის ფრონტზე რუსეთმა მოახერხა ძალის დემონსტრირება - კასპიის ზღვიდან სარაკეტო თავდასხმა, საბრძოლო თვითმფრინავების სისტემატური იერიშები და სხვა. ამასთანავე ახლო აღმოსავლეთში პოზიციების განმტკიცება, რუსეთიდან სირიაში ჯიჰადისტების გადინება, რაც თავისთავად ასუსტებს რადიკალი მუსლიმანების პოზიციებს რუსეთში. ჩრდილო კავკასიაში მოქმედი „კავკასიის იმარატის“ დაშლაც სწორედ სირიაში გადასვლით არის განპირობებული. რა შეუძლია „ისლამურ სახელმწიფოს“? უპირველესად ომის გახანგრძლივება და მისი ქრონიკულში გადაყვანა, რაც თავისთავად გამოიწვევს მსოფლიო საზოგადოების „ხალიფატის“ არსებობასთან შეგუებას ისე, როგორც ის შეეგუა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს.
„ისლამური სახელმწიფო“ ის ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც სხვებისგან განსხვავებით იღვწის სახელმწიფოებრიობისკენ. სახელმწიფოებრიობა თავისთავად გამოიწვევს ტრანსფორმაციას, თვითდახვეწას, პრაგმატიზმის გაჩენას, რაც უბიძგებს მას ხელი აიღოს ტერორიზმისგან. „ისლამური სახელმწიფო“ რთული კონსტრუქციისაა, მომართული სახელმწიფოებრიობაზე. თუ მხედველობაში მივიღებთ აშშ-ს გარკვეული ძალების სურვილს სირია-ერაყის სამომავლო ბედთან დაკავშირებით, შეიძლება ახალი სახელმწიფოები გაჩნდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე და ასეთ დროს, სულაც არ არის გამორიცხული, „ისლამურ სახელმწიფოს“ საკუთარი ნიშა გაუჩნდეს.
დავუშვათ, პირველმა კოალიციამ შტურმით აიღო „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქი რაქა - დამარცხდება ამით ეს „სახელმწიფო“? ეს, ხომ ჯერ-ჯერობით „სახელმწიფო“ არ არის ისეთი, როგორიც ფაშისტური გერმანია იყო, რომელმაც ბერლინის აღებით - შეწყვიტა ასრებობა? „ისლამური სახელმწიფო“ სხვა ფენომენია. რაქის მარცხის შემდეგ ის სხვაგან გააგრძელებს არსებობას. ამიტომაა საჭირო შეერთებული ძალებით ბრძოლა მის წინააღმდეგ.
მსოფლიოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე „ისლამურ სახელმწიფოს“, მხოლოდ რუსეთის შემდეგ იხილავენ, როგორც მსოფლიოს საფრთხეს. ამის შესახებ გვამცნო აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ და ნატოს ვარშავის სამიტმა. მათი მიხედვით, რუსეთია პირველი მტერი და აგრესორი, მას უნდა უფრთხოდეს კაცობრიობა.
სასაცილო რამ არის, სატირალი რომ არ იყოს და რახან ასეა - არა ერთი განცხადება იქნება - „მე. ვარ ნიცა!“ (ამჯერად). ისე, კაცმა რომ თქვას ნიცას, პარიზს, ბრიუსელს, ... რომ მოიხსენიებენ, მარტო იქ იღუპებიან ადამიანები და არა სტამბოლში, ბაღდადში, დაკაში? ... აქაც ორმაგი სტანდარტია. და რახან ასეა, ტერორიზმი დაუძლეველი სენი იქნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
16/07/2016

სტატიების არქივი