საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ნატოს ვარშავის სამიტი

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

ნატოში შესვლა-არშესვლის თემა მრავალი წლის განმავლობაში შეაწუხებს საქართველოს მოსახლეობის სასმენ აპარატს და მისი გავლით გულს და გონებას. საკითხი აქტუალურია, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობას გაცილებით აქტუალურად სხვა საკითხები მიაჩნია - დასაქმება და სოციალური თემები. მათზე ლაპარაკი კი ჩვენს საზოგადოებაში ცუდ ტონად ითვლება.
განა სირცხვილი არ არის მიტინგებისა და დემონსტრაციების მოწყობა ლოზუნგით - გვშია, გვწყურია, გვათოვს და გვაწვიმს. უდავოდ, სირცხვილია, ამბობს ქართული პოლიტიკა, უმჯობესია გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთო. და ხალხიც ფიქრობს ანუ არ ფიქრობს, არ მსჯელობს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, თუნდაც ევროპაში, სადაც კვირა ისე არ ჩაივლის, სოციალურ თემებზე საპროტესტო მარში არ გაიმართოს.
„ამაყი“ ქართველობა თავს არიდებს სოციალურ საკითხებზე საპროტესტო მიტინგების გამართვას, მაგრამ არ ერიდება ქუჩაში ხელგაწვდილ დგომას, სანაგვე ყუთებში თავით გადაშვებას - ვითარცა ხაბაზი თონეში.
საქართველოს მოსახლეობა იძულებულია ყური უგდოს ნატოში შესვლაზე გამუდმებულ ლაპარაკს, პოლიტიკოსთა, ექსპერტთა სისტემატურ აზრთა ფრქვევას ნატოში შესვლის ბედნიერებასთან დაკავშირებით. მოსახლეობას, ნატოური ლექსიკის „ერთკვირიანი სეტყვა დააცხრა თავს“ - ვარშავის სამიტის წინ და მისი მსვლელობის დროს. ნატოური სტიქიის ინტენსიურობა არც მომავალშია გამორიცხული.
ასე ვცხოვრობთ თითქმის 20 წელიწადია და კიდევ ამდენს ვიცხოვრებთ ალბათ, თუ „დალოცვილი“ ბრიუსელი, სამადლოდ, ნატოს წევრობას არ გადმოგვიგდებს.
ბრიუსელელო მაღალო მოხელეებო, დაინდეთ ჩვენი სასმენი აპარატები, გულები და ტვინები! დაგვიკმაყოფილეთ ხელისუფალთა სურვილები, თორემ გავწყდით ხალხი ნატოზე ამდენი ლაპარაკის მოსმენით - აქეთ ტელევიზიები, იქით რადიოები, ინტერნეტი და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ის აპარატი თუ ნივთი, მათ შორის უთოც, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს.
„თუ არ გინდა, ნუ მოუსმენო“, - იტყვიან, მაგრამ როგორ ავარიდოთ თავი? ნუთუ ასე იოლი გგონიათ „ბრძენი“ პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების და მათზე აყოლილი ხალხის „სიბრძნისთვის“ თავის არიდება?
„ნატოსთანა ორგანიზაცია მსოფლიოში არ მოიძებნებაო. ეს, სწორედ ისაა, რუსეთის აგრესიისგან რომ დაგვიხსნისო. ეს, ისაა, დასავლურ ცივილიზაციას რომ გვაზიარებსო. ეს, ისაა, ჩვენს ცხოვრებას, მშვიდობას და სიმშვიდეს რომ მოუტანსო. შევალთ ნატოში და მთელი პრობლემები მოგვეხსნებაო“ - დაახლოებით ასეთია ქართველ პოლიტიკოსთა ნააზრევი, ელექტრონული და ბეჭდური მედიიდან გადმოდინებული.
იქმნებოდა სრული შეგრძნება, შეუგრძნობლისა - ნატოში გაწევრება რომ ჰქვია. მედიის მიხედვით, ვარშავა იყო ის ბოლო პუნქტი, სადაც საქართველოს აუცილებლად მიიღებდნენ ნატოში. არ მიგვიღეს. და რომ „არ“, ვარშავამდე კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი. მაშ, რატომ აგზნებდნენ ხალხს ჩვენი ყმაწვილი პოლიტიკოსები?
მიზეზი მრავალია, მათ შორის გაუსაძლისი ყოფის ნატოთი გადაფარვა. ნატოში არ მიგვიღეს. მიღებას ვინ ჩივის, „მაპიც“ ვერ გაიმეტეს, თუმცა „ბრძენი“ თავდაცვის მინისტრის ხიდაშელის განცხადებით - საქართველოს „მაპი“ არასდროს მოუთხოვია. ვაა! ანუ ვაუ - ამერიკულად. აბა რას ვითხოვდით ბოლო წლების განმავლობაში? „მაპი“ რას მიქვია, პირდაპირ მიგვიღებენ ნატოშიო - თქვა ხიდაშელმა.
არ გაუმართლა წინასწარმეტყველება, მაგრამ სხვამ გაუმართლა, მაგალითად, ნატოს დოკუმენტში საქართველოს ხშირმა ხსენებამ. „ხომ ხედავთ, საქართველოს ისე მოიხსენიებენ, როგორც ნატოს წევრ საფრანგეთს, გერმანიას, სხვებსო“, - განგვიმარტა მან.
რა ბედნიერებაა! ვარშავის სამიტმა სხვაც გვარგუნა, ჩვენი ყმაწვილი პოლიტიკოსების მიხედვით - მეტად საჭირო, ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გაზრდა, მაგალითად საჰაერო თავდაცვა, იარაღის მოწოდება, ერთობლივი წვრთნები, სამომავლოდ, შავ ზღვაზე, ნატოს „სამშვიდობო“ პროგრამაში, უკრაინასთან ერთად ჩართვა და სხვა. ყველას ჩამოთვლა გვერდს ვერ „დაიტევს“.
სამიტზე დამსწრე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიახვედრა საზოგადოებას, რომ ნატო საქართველოს გზაა, რომელსაც ის არასდროს გადაუხვევს. კეთილი, მაგრამ საქართველოში რომ სხვაგვარად ფიქრობენ? პრეზიდენტის აზრით - იფიქრონ, რამდენიც უნდათ - კურსი შეუქცევადია.
ის, რომ საქართველოში ნატოზე ბევრს მზედამთვარე არ ამოსდის, ცნობილია, მაგრამ აქცევს ამას ხელისუფლება ყურადღებას? აღნიშნულის საპირისპიროდ მას 2008 წლის საყოველთაო გამოკითხვის (ბევრისთვის ფალსიფიცირებულის) მაგალითი მოჰყავს - სულ ცხვირწინ ტრიალით - ხალხმა არ გადაწყვიტაო?! დავუშვათ ასეც იყო, მაგრამ მას შემდეგ ბევრი დროც გავიდა, აზრიც შეიცვალა. შეიცვალა რეფერენდუმში მონაწილენიც. მაშ, რა უშლის ხელს ახალი გამოკითხვის ჩატარებას? ერთი სერიოზული რამ - რეფერენდუმში მონაწილეთა სავარაუდო უარი. ჰოდა, არ გარისკავს ხელისუფლება, ისე, როგორც ვაშინგტონი და ბრიუსელი. დავრჩით ასე, ნატოს კართან ატუზული.
მაინც, რატომ არ გვიშვებენ ნატოში? ეს კითხვა მუდამ შეაწუხებს ხალხს, ვისაც იქ შესვლის სურვილი აქვს. ხელისუფლების განმარტებით, საქართველომ ხომ ყველა დავალება შეასრულა?
დიახ! შეასრულა, მაგრამ რა ეშველება შესასრულებელ საკითხთა სიაში არ შეტანილ არატექნიკურ საკითხებს? მაგალითად, მეზობლებთან ურთიერთობას, დაუდგენელ საზღვრებს, ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობას, ეკონომიკას, სასამართლო სისტემას და ა.შ. ტექნიკური დავალებების შესრულება აუცილებელია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ზემომოყვანილი საკითხები. საქართველოს კონფლიქტური ვითარება აქვს არა მარტო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან, არამედ რუსეთთან. ოფიციალური ბრიუსელი მართალია, რომ აცხადებს - ნატოში გაწევრება ნატოს და ნატოში შესვლის კანდიდატის პრეროგატივაა და არა მესამე ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის, მაგრამ როგორც ჩანს მის აზრს ანგარიშს უწევენ.
ნატოს ვარშავის სამიტმა რუსეთი აგრესიის წყაროდ ცნო, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინა, საქართველო, მოლდოვას ნატოში შეყვანასთან დაკავშირებით რუსეთის ფაქტორი გაიზიარა. ნატოს არ სურს პრობლემებიანი ქვეყნის თავის რიგებში ხილვა, ვინაიდან მისთვის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის არასახარბიელო პერსპექტივა ჩნდება.
საქართველო უდავოდ პრობლემებიანი ქვეყანაა არა მარტო რუსეთთან მიმართებაში, არამედ ყოფილ ავტონომიებთან მიმართებაში. დავუშვათ, ბრიუსელმა თვალი დახუჭა და მიგვიღო, რა ეშველება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს? - იურიდიულად და ფაქტობრივად დაკარგულის განმტკიცება!
საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება კაცი, ცხადია ხელისუფალთა გარდა, რომელიც უახლოეს წლებში, თუნდაც შორეულში დაკარგულის დაბრუნების იმედი ჰქონდეს. მაგრამ ხომ შეიძლება მოხდეს სასწაული? ცხადია სასწაული თავისით არ მოხდება. მას გამოჭედვა უნდა - რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ლაპარაკით.
ნატოში შესული საქართველოს რუსეთთან ლაპარაკი არცთუ იოლი იქნება, მითუმეტეს ისეთ თემაზე, როგორიცაა დაკარგული ტერიტორიების შემოერთება. ნატო ვერ მოაგვარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან ეს, ის ორგანიზაცია არ არის, ვინც მსგავს საკითხებს აგვარებს. ზოგიერთს ჰგონია, რომ მთავარია ნატოში შესვლა, შემდეგ ის მიხედავს ამ საქმეს.
დიახ! ის მიხედავს შემდეგნაირად - აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას ცნოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა (ცხადია ნატოში შესვლამდე). ამ შემთხვევაშიც ისეთ კარტს გაათამაშებენ, როგორსაც ადგილი აქვს სერბეთ-კოსოვოსთან მიმართებაში.
ტერიტორიული საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, სახელმწიფოს მდგრადი პოლიტიკური სისტემა, გამართული, დემოკრატიული მართლმსაჯულება, ეკონომიკა და სხვა არის ის „ბუკეტი“ საკითხებისა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. მათი ამოხსნა კი ურთულესი რამ არის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მისი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორებისთვის.
საქართველოს ხელისუფლება, საერთოდ პოლიტიკა დაბეჯითებით აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა არის ქვეყნის უმთავრესი მიზანი, ვინაიდან ამით ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ ფასეულობებს, რომლისგანაც ძალით ვიყავით მოწყვეტილი მრავალი საუკუნის განმავლობაში. ამ ემოციურ განცხადებას არაფერი აკავშირებს ისტორიასთან. საქართველო არასდროს ყოფილა ევროპულ ფერხულში ჩართული, ამიტომ სიტყვა „დაბრუნება“ უადგილოა, ისე, როგორც ყბადაღებული ევროპული ღირებულებები.
თანამედროვე ევროპული, მთლიანობაში დასავლური ღირებულებები, რომ სიცრუეზეა აგებული, ვარშავის ნატოს სამიტზეც დადასტურდა. თითქმის ყველა გამომსვლელის სიტყვაში რუსეთის მტრის ხატად გამოცხადებით. აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ჯერ კიდევ სამიტამდე დაუდო ტონი მის მუშაობას განცხადებით - მსოფლიოს მშვიდობას სამი რამ ემუქრება - რუსეთი, „ისლამური სახელმწიფო“ და ინგლისის ევროკავშირიდან გასვლა.
რუსეთის „აგრესორობა“ არა მარტო სამიტის სხდომებსა და მის კულუარებში სუფევდა, არამედ ვარშავის ქუჩებში - პუტინის პორტრეტების დემონსტრირებით - უფრთხილდით! განსაკუთრებული ანტირუსულობით ისტორიული მტრები პოლონელები აქტიურობდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშჩიკოვსკიმ რუსეთი დაადანაშაულა საქართველოში, უკრაინაში შეჭრაში, ყირიმის ანექსიაში, სირიაში სამხედრო ოპერაციების წარმართვაში.
არადა, რუსეთს და არა მარტო მას, აღნიშნულთან, საკუთარი არგუმენტები აქვს - ე.წ. აგრესიის გამომწვევი მიზეზები. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონ მაცერევიჩის აზრით, რუსეთის აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირდეს, რაც აიძულებს მას თავშეკავებას. საქართველოს წარგზავნილებმაც ნატოურ ოჯახში თავი ლაღად იგრძნეს და ლანძღეს რუსეთი.
ნატოს გენერალური მდივნიდან დაწყებული, ყველა სავალდებულოდ მიიჩნევდა რუსეთის აგრესორად მოხსენიებას. მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე ზედაპირზე არსებული უკრაინა, ყირიმი, საქართველო და სირია. მიზეზი, თვით ნატოს ყოფნა-არყოფნაა. ორგანიზაცია, რომელიც სსრკ-ს საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ობიექტურ კითხვებს ბადებს - არ არის ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ორგანიზაცია, არ არის საბჭოთა კავშირი და რატომ არის ნატო?
ეს კითხვა ბევრს ებადება, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს.
რუსეთის აგრესორად გამოცხადებით, ნატო ცდილობს თავის გადარჩენას და არა მარტო ის, არამედ აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი - ახალი საბრძოლო იარაღის დამზადებისა და ნატოსთვის მიყიდვის კუთხით. ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე მოხელეებს, მაღალი ხელფასებით, აწყობთ ნატოს გაუქმება? და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა მტრის ხატი - ამჯერად პუტინისა და რუსეთის სახით.
აი რას ამბობს ცნობილი იტალიელი ბიზნესმენი ერნესტო პრიატონი: „ვფიქრიბ, ყველა ევროპული სახელმწიფო აშშ-ს მონებად იქცნენ. მათთვის მთავარი აგრესორი და მტერი რუსეთია, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი შებრუნებითაა. ამერიკა იქცა აგრესორად, რუსეთი მსხვერპლად.
იგივეს ვიტყვი ნატოზეც. ეს ბლოკი შექმნეს ევროპის დასაცავად, როდესაც იყო მტერი. ახლა, როდესაც მტერი აღარ არის, ბლოკის არსებობა, რომელიც მხოლოდ აშშ-ს ინტერესებს ემსახურება, უაზრობაა“.
უაზრობაა, უფრო სწორად ცინიზმია ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის განცხადება: „ნატო არის კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თავისი ბუნებით თავდაცვითი ხასიათისაა და ემსახურება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“.
რას ნიშნავს ეს, თუ არა საკუთარი ორგანიზაციის ისტორიის არცოდნას, თუ პოლიტიკურ ამნეზიას? რას ეტყვის ნატო იმ ხალხს, ვინც საკუთარ ტყავზე გამოსცადა ნატოს „მშვიდობისმყოფელობა“? მხედველობაში მაქვს იუგოსლავია (1999 წ.), ლიბია (2011 წ.), ავღანეთი (2001 წ.), ... საინტერესოა, ვისგან იცავდა თავს ნატო აღნიშნულ სამხედრო ოპერაციებში?
ვარშავის პაქტის გაუქმების შემდეგ ნატო ლამის ცალმხრივად „აგვარებდა“ საქმეს, სჯიდა რა ქვეყნებსა და ხალხებს „დასავლური დემოკრატიის სტანდარტების“ მიუღებლობისთვის - ცრუ პოლიტიკური რიტორიკის, დემაგოგიისა და ფალსიფიკაციის თანხლებით. ნატოს ტყუილებმა ხომ შეცვალეს ევროპაში მანამდე არსებული სამხედრო ბალანსი?
ფაქტი იმისა, რომ რუსეთის საზღვართან განლაგდება 4 ბატალიონი, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლელები ცრუობდნენ, როდესაც ზეპირ განცხადებებს, უფრო სწორად დაპირებებს აკეთებდნენ - არ გაფართოების შესახებ. ნატო მაშინ „ახალგაზრდა“ რუსეთს „პარტნიორად“ მოიხსენიებდა. ნატო ითრევდა რუსეთს პოლიტიკურ დიალოგში, თან წუთითაც არ ფიქრობდა სამხედრო კავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაზე ხელის აღებას.
გაფართოების გზაზე პირველ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად არის მიჩნეული გაერთიანებული გერმანიის ნატოში გაწევრება, რასაც შემდეგ მოჰყვა გაფართოების სამი ტალღა, რომლის მიხედვით, ალიანში აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანა და ბალტიისპირა ყოფილი 3 საბჭოთა რესპუბლიკა. მათ გარდა ნატოს სხვადასხვა პროგრამებში ათეულობით სახელმწიფო იქნა ჩართული, მათ შორის საქართველო და უკრაინა. ამასთანავე ამოქმედდა ჯერ კიდევ 1991 წელს მიღებული კონცეფცია, სადაც იყო ჩადებული შემდეგი იდეა - ნატოს მისიის გაფართოება ევროპის პასუხისმგებლობის ზონიდან მთელს მსოფლიოში.
მისიის გაფართოება „თავდაცვას“ ნამდვილად არ ნიშნავს. ის, უფრო ინტერესების დაცვას ემსახურება. 2010 წლის კონცეფციაში არის ასახული აღნიშნულის შესასხებ - „ჩრდილოატლანტიკური კავშირი ექვემდებარება პოლიტიკური სახის გამოწვევებს, უსაფრთხოების თემებს მისი საზღვრების გარეთ. მას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე“. რას ნიშნავს ეს, თუ არა ნატოს გლობალურ ორგანიზაციად გადაქსევას?!
ასე და ამრიგად ნატომ დაიწყო აქტიური ჩარევა სხვა ქვეყნების საქმეებში, მათ შორის უკრაინაში.
თავის არსებობის თითქმის 70-წლიანი ისტორიისა, ნატო დაბეჯითებით მიჰყვება გზას, რომელიც ჩამოაყალიბა ამ ორგანიზაციის პრველმა გენერალურმა მდივანმა, ლორდმა ისმეემ (Hastings Lionel Ismay) – „შევაჩეროთ რუსეთი ევროპის გარეთ, ამერიკელები - ევროპაში, გერმანელები ევროპის კონტროლს ქვეშ“.
როდესაც დასავლეთი დაბეჯითებით აცხადებს, რომ უკრაინაში განხორციელდა რუსეთის აგრესია; როდესაც დასავლეთი ხელს უწყობს უკრაინის ულტრამემარჯვენე, ფაშისტურ ძალებს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაში; როდესაც დასავლეთი თვალს ხუჭავს ბანდერელ ფაშისტთა აღზევებაზე; როდესაც დამნაშავე სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად ამწესებს; როდესაც დასავლეთი მტკიცე დახმარებას აღუთქვამს ქართველ „ნაციონალებს“ და მათ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს; როდესაც ვაშინგტონი გვინიშნავს მეტიჩარა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრად და ა.შ., ძნელია დაიჯერო დასავლეთის პატიოსნება, დასავლური დემოკრატია და დასავლური ფასეულობები.
საქმე ის კი არ არის, როდის შევალთ ნატოში ან ევროკავშირში, საქმე ისაა, რომ დასავლეთმა ძირფესვიანად გადააგვარა ქვეყნის მომავალი - ახალგაზრდობა და გადააგვარა ისე, რომ არც ოჯახზე ფიქრობს, არც ქვეყნის მომავალზე და არც მეზობლებზე.
რომ იფიქროს, წამიერად მაინც უნდა გაიზიაროს აშშ-ს კატონის ინსტიტუტის ექსპერტის დაგ ბენდოუს (Doug Bandow) ნათქვამი: „დასავლეთმა უარი უნდა თქვას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე და საქართველო-უკრაინის ნატოში შეყვანაზე, ვინაიდან ეს გაზრდის ბირთვულ სახელმწიფოსთან შეტაკების შანსს.
ნატო გადაიქცა საერთაშორისო ინტერესთა კლუბად. მასში არიან ქვეყნები, რომლებიც აშშ-სთვის არავითარ სამხედრო ფასეულობებს არ წარმოადგენენ. სწორედ ისინი ყვირიან თავდაცვისუნარიანობის გაფართოებაზე და კოლექტიურ თავდაცვაზე. საქართველო-უკრაინის მიღება ნატოში იქნება უჭკუობა და ხიფათის მომტანი, რაც თავდაყირა დააყენებს ნატოს სამხედრო ალიანსის მიზნებს“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
13/07/2016

სტატიების არქივი