საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ტერიტორიული მთლიანობა მოლდოვას მაგალითიდან გამომდინარე

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

თუ ყურადღებით მოისმენთ, ნახავთ და წაიკითხავთ ქართული მედიის ნაცოდვილარს, უდავოდ გაგიჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია, არავითარი პრობლემები არ აქვს - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად ისეა გამართული წელში, წარმატებული ქვეყნებიც რომ შურით აღივსებიან. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს აწუხებთ, ფარული მოსმენებია ან ვიღაც „ბოევიკის“ უკრაინის მიერ რუსეთისთვის არ გადაცემის საკითხი. სიტყვა „ბოევიკს“ იმიტომ ვხმარობ, რომ ქართველები, რომლებიც მემარჯვენე სექტორის მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში, დონბასის წინააღმდეგ და თვალს ხუჭავენ სვასტიკებით „დამშვენებულ“ უკრაინელ ბანდერელებზე, სწორედაც რომ „ბოევიკებია“.
ერთიც და მეორეც მნიშვნელოვანი თემებია და ღირს მათზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ როდესაც ქვეყანას ყოფნა-არყოფნის სამარადისო საკითხი აქვს გადასაჭრელი; როდესაც კატასტროფულმა ეკონომიკამ, ხალხის სოციალური მდგომარეობა - ისედაც ერთობ დამძიმებული, კიდევ უფრო დაამძიმა; როდესაც სახეზეა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემის საბოლოო გადაწყვეტა არა საქართველოს სასარგებლოდ; როდესაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის განსხვავებული პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველომ შეიძლება დაკარგოს მყარი საყრდენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის სახით და მძაფრი საერთაშორისო პრობლემების წინაშე მარტო აღმოჩნდეს, თავში მოყვანილი 2 მაგალითი (მოსმენები და ექსტრადიცია) უღიმღამოდ გამოიყურება და ემსახურება მხოლოდ ერთს - ქვეყანამ დაივიწყოს ყოველივე ჩამოთვლილი და ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოს.
ჩემის აზრით, უპირველესი აქცენტი ხელისუფლებამ და საზოგადოებამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე უნდა გააკეთოს და არა რაღაც სხვაზე, ყურით მოთრეულ პრობლემებზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული განსჯის საგნად უნდა აქციოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები, დასაქმება, ახალი საწარმოების შექმნა, სოციალური პრობლემების მოგვარება და არა „მოსმენების“ თემის სისტემატური საეთერო ტრიალი. მან უნდა მოუწოდოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს გაამახვილონ ყურადღება ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე და არა გამოგონილ სისულელეებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მეტიჩარა წევრები და მათზე მეტიჩარა ჟურნალისტები ქოქოლას დამაყრიან - ეს, როგორ გაბედაო, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ რომის პაპზე უწმინდესი ისინი ვერასდროს გახდებიან, ვერც ფარულ მოსმენებს აღკვეთენ და ვერც მიყურადებას, რამეთუ მსოფლიომ მიაღწია ისეთ საწადელ დონეს, რომელსაც ერთის მიერ მეორის ფარული მოსმენა ჰქვია. საინტერესოა, რომელიმე მათგანს, ვინც ამ თემას ახმოვანებს, ერთხელ მაინც თვალი შეუვლია ევროპა-ამერიკის იმ მუზეუმებში გამოფენილი ექსპონატებისთვის, მრავალი ათეული წლის განმავლობაში რომ იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, ფარული მოსმენებისთვის? ჰოდა, რახან თვალით არ უნახავთ, ვერც არსებულ ვითარებას შეაფასებენ ჯეროვნად. მსოფლიომ შექმნა ყოველივე ეს ერთმანეთის მოსასმენად და რახან შექმნა, გამოიყენებს კიდევაც.
და კიდევ ერთი რამ, როგორც ჩანს იმ არასამთავრობოთა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც „პატრიოტული“ წიკვინით ტვინი წაიღეს, არაფერი სმენიათ სნოუდენის, ასანჟის, მენინგის თაობაზე, არც გაუგიათ აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გორის განცხადებების შესახებ, რომლებიც თავის წიგნში აქვს აღბეჭდილი, მკაცრად აკრიტიკებს რა აშშ-ს ადმინისტრაციებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. არც რუსი ჰაკერების შესახებ სმენიათ, ან აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ ევროპელი მოკავშირეების მერკელის, ოლანდის, სხვების და სხვების სატელეფონო ლაპარაკის სისტემატური მოსმენების შესახებ.
აღნიშნულის თაობაზე ოდნავი წარმოდგენის მქონე მავანი „მოსმენების“ საკითხს არასერიოზულად ჩათვლიდა. შენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ ამ ხერხს სისტემატურად იყენებს, ხოლო შენ კი, შენს ქვეყანაში „ელეთმელეთი“ გემართება ანალოგიურზე - ვითომ ბრძოლას ნიშნავს და არა ნამდვილს.
დიახ! აი, ასეთი, ვითომ თემებით ცდილობს ხელისუფლება და მასზე მიტმასნილი არასამთავრობოები რეალური პრობლემების გადაფარვას. რეალური კი ტერიტორიული მთლიანობაა და სხვა თავში ჩამოთვლილი.
სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული ოსური არმია შევა რუსეთის არმიის შემადგენლობაში. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წელს მოეწერება, რის შემდეგაც რუსეთი აღიარებს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, რუსეთის არმიაში სამსახურის დონეზე. გადაწყვეტილება, სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ნიშნავს ერთს - რუსეთს მობეზრდა შუამავლის როლის თამაში და ჩაგრული ოსი ხალხის დამცვლელის პერმანენტული შესრულება.
როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო ეტაპი, რომელსაც უნდა მოყოლოდა საქართველოს ტერიტორიების ანექსია. თუ რატომ არ აქვს ადგილი ამას დღემდე - მარტივი პასუხის გაცემა შეიძლება - ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ელიტების წინააღმდეგობა. მაგრამ, როგორც ჩანს აღნიშნული მალე მიეცემა დავიწყებას, რაც უდავოდ აისახება ა.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმის შედეგებში - რეფერენდუმი ეძღვნება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას, რის შედეგადაც, გამორიცხული არ არის მოსკოვის მიერ ოსი ხალხის გაერთიანების შესახებ განცხადების გაკეთება. ეს კი საქართველოს ტერიტორიის რეალური დაკარგვა იქნება.
ყოველივე აღნიშნული ვარაუდია, მაგრამ მასში არის სინამდვილის მარცვალი. რას აკეთებს ქართული მხარე ტერიტორიების საბოლოო დაკარგვის აღსაკვეთად. უყოყმანოდ შეიძლება ითქვას - არც არაფერს. ის, ისე იქცევა, თითქოს დაკარგული ტერიტორიები მისი კი არა, სხვისი ანუ სხვა სახელმწიფოსია.
სამწუხაროდ, ასრულდა ჩემი წინასწარმეტყველება - რამდენიმე წლის წინათ გაჟღერებული, რომ საქართველოს ხელისუფლება უსაგნოდ იჟივჟივებდა, შემდეგ ამ ჟივჟივის მაჟორულ ტონალობას, მინორულით შეცვლიდა და საბოლოოდ სულაც მიივიწყებდა. განა ბოლო საპარლამენტო არჩევნები აღნიშნულის დასტური არ არის?! ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ხომ იმ გასაკეთებელი გეგმების ხუთეულშიც ვერ მოხვდა?
ქართულ მხარეს ხელს არ უნდა აძლევდეს უსაგნო ლაქლაქი და რაც მთავარია რუსეთის დადანაშაულება, გამუდმებით იმის ძახილი, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხოლო აფხაზები და ოსები - სეპარატისტები; რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები მუდამ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; რომ ისინი აიძულებენ რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა და ა.შ.
ყოველგვარი ჭმუნვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი უძლურია რუსეთთან მიმართებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ პრობლემას ძალისმიერი გადაწყვეტა ესაჭიროება, რაზეც არც აშშ-ი და არც ევროკავშირი წამსვლელი არ არის. ისინი, საქართველოს გულისთვის, რუსეთს ომს არ დაუწყებენ. ეკონომიკური სანქციებით კი რუსეთი არ წაიქცევა. მაშ რა დაგვრჩენია ისეთი, ამ ჩიხიდან რომ გამოგვიყვანოს?
საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული, გონივრული მოქმედება. შეძლებს ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება? ვერ შეძლებს! მას არც პრაგმატული აზროვნება, საერთოდ აზროვნება, მითუმეტეს გონიერება არ გააჩნია. განვლილი 4 წლის განმავლობაში არ გამოუვლენია ასეთი რამ და რაღა ახლა გამოავლენს? ივანიშვილი? - იკითხავს მავანი. ივანიშვილი ისეთია, როგორიც ხელისუფლება. მას სამშობლო და პატრიოტიზმი - ხეების გადარგვაში და რაღაც აბსტრაქტულ პროექტებში აქვს გაბნეული. ქვეყნის სიყვარული - ივანიშვილს კუჭის და არა გულის გავლით აქვს ანუ პირველ რიგში საკუთარი თავი, ოჯახი, დაგროვებული კაპიტალი და მერე ქვეყანა.
არ ყოფილიყო ივანიშვილი და არ იქნებოდა სააკაშვილის რეჟიმი და თუ იქნებოდა, მცირე ხნით, ვინაიდან ძალოვანი სტრუქტურების გარეშე სააკაშვილი, სააკაშვილი არ იქნებოდა. სწორედ ივანიშვილი აფინანსებდა ძალოვნებს წლების განმავლობაში (როგორც თვითონ თქვა), ჩვენ რომ სოროსი გვეგონა. ამ ფულმა გამოიწვია სააკაშვილის წელგამართულობა და რიხი, რამაც ცხინვალზე გააწევინა. გაიწია და დამარცხდა - არა თვითონ, არამედ ქვეყანა.
პრაგმატულად მოაზროვნე „მეოცნებე“ ხელისუფლებას უმალ უნდა შეექმნა ამ ავანტიურის შემსწავლელი კომისია და სააკაშვილი, თავის გუნდიანად ქვეყნის მოღალატეებად გამოეცხადებინა. სააკაშვილი დაეპატიმრებინა, ისე, როგორც თანაგუნდელები, ხოლო „ნაცმოძრაობა“ კანონგარეშედ გამოეცხადებინა; ბოდიში მოეხადა ოსი და აფხაზი ხალხის წინაშე და რუსთა დახმარებით დაეწყო მათთან მოლაპარაკება.
ნაცვლად ამისა, ქვეყნის მოსახლეობა სააკაშვილისა და მისი ბანდის პროპაგანდისტულ ანკესზე წამოეგო, მხარში ამოუდგა მას და ხელისუფლებას, რითაც მიაფურთხა ქვეყანას, მის მომავალს - გადაქანებული პიროვნების და მისი ბანდიტების სასარგებლოდ. დაიკარგა უნიკალური ტერიტორიები, მასთან ერთად ერის პატრიოტული შემართება. ერთ დროს მამაცი, სულით ძლიერი ერი ვიწრო ჩარჩად იქცა. სააკაშვილის და მისი „გუნდის“ 9-წლიანმა ბოგინმა უდიდესი ზეგავლენა იქონია ქვეყანაზე - ისეთი, ათეული წლები რომ დასჭირდება განწმენდას, ეს იმ შემთხვევაში, თუ გამწმენდი გამოჩნდება.
სამწუხაროდ, დღეს ასეთი არ ჩანს. 5-6 წლის წინათ ხალხი ასეთად ივანიშვილს თვლიდა, მაგრამ მისმა პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენამ, ყოველგვარი იმედი ჩაუკლა. ქვეყანა დაემსგავსა შუა ოკეანეში მოფარფატე, უკომპასო ნავს, რომელმაც არ იცის საით წავიდეს.
და მაინც, მიუხედავად ხელისუფალთა ვიწრო აზროვნებისა, ვურჩევდი გამოფხიზლებას და ისეთი გზის არჩევას, რომელსაც გასაჭირიდან გამოყვანა შეეძლება. კაცმა რომ თქვას - დიდი არჩევანიც არ აქვს ხელისუფლებას, ვინაიდან დასავლეთსდახარბებულს, „თავაზიანად“, ევროპაში შესასვლელ კართან რომ გაყურყუტებენ, ხომ უნდა მიხვდე, რომ იქ შესასვლელად მზად არ ხარ?!
ვერ ხვდებიან. არადა, რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ეკონომიკის არმქონე ქვეყანას იქ არ მიიღებენ? არ უნდა მიხვდე, რომ შენი მენტალიტეტი იმათთან შედარებით არქაულია? არ უნდა მიხვდე, რომ ქვეყანა, რომელიც ტუალეტის ქაღალდსაც ვერ ამზადებს, ევროპაში არაფერი ესაქმება? არ უნდა მიხვდე, რომ აგრესიული, პროვოკაციული ქცევით, იქ არვინ შეგვიშვებს?
ქვეყანა მარტო პარლამენტი, ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები არაა. ის, უფრო ფართო მცნებაა - მოსახლეობის თითქმის 98% - დაჩაგრული, გამწარებული ცხოვრებით, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობით. რაში სჭირდება ევროკავშირს საქართველოს მსგავსი პრობლემა. ევროკავშირი ხომ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის - თავზე ხელი გადაგვისვას, გვასვას და გვაჭამოს, ჩვენ კი ნაცვლად პატიოსანი შრომისა, ქურდობას და ბანდიტობას მივყოთ ხელი. თვე ისე არ ჩაივლის, საქართველოს შვილების ქურდობამ ევროპაში თავი არ მოგვჭრას. ცხადია, არიან სასახელო ქართველებიც, მაგრამ მათი სახელები ევროპულ მედიაში არ ჩანს. ჩანს სენსაცია - ისეთი, ქურდობასა და ყაჩაღობას რომ ნიშნავს. სამწუხაროდ ევროკავშირის ბინადართათვის თუ რამით გავხდით ცნობილი - ესაა.
სულ ახლახანს, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფიიონმა გააკრიტიკა ევროპელები უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრების დაპირებისთვის, თანაც ისიც განმარტა, რომ მათი ადგილი ევროპულ სტრუქტურებში არ არის. თუ ამას დავუმატებთ აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის სკეპტიკურ დამოკიდებულებას ევროკავშირ-ნატოსადმი, აშკარაა ჩვენი ევროპული არჩევნის არამდგრადობა.
თუ ევროპული სტრუქტურები არა, მაშ რა დაგვრჩენია, თუ არა მეზობლები და რუსეთი? მითუმეტეს, როდესაც ამ მეზობლის ძალისხმევის გარეშე საქართველოს ტერიტორიული განმთლიანობის საკითხი აბსტრაქტულად მოსჩანს.
ნაცვლად ისეთი ნაბიჯის გადადგმისა, რაც მოლდოვას პრეზიდენტმა დოდონმა გადადგა, ჩვენი ხელისუფლება ბრიყვულად იმეორებს შემდეგს - გაიყვანოს რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი სამხედრო ბაზები; გააუქმოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარება; დახუროს საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მასთან მოლაპარაკებასო.
ქართული მხარის განცხადება ულტიმატუმია, რასაც არ მიიღებს ბირთვული სახელმწიფო რუსეთი. დაყოვნება კი საქართველოს წისქვილზე არ ასხამს წყალს. დაყოვნებას თან ახლავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.
და ისევ მოლდოვა და მისი პრეზიდენტი დოდონი, რომელიც 4 იანვარს ეწვია ტირასპოლს და მოლაპარაკება გამართა დნესტრისპირეთის პრეზიდენტ კრასნოსელსკისთან, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკება იყო „პოზიტიური, ტენდენცია არსებული პრობლემების გადასაჭრელად“.
ტირასპოლის შემდეგ დოდონი მოსკოვში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომლის დროსაც პუტინმა თქვა: „რუსეთი ხელს შეუწყობს მოლდოვა-დნესტრისპირეთის მიერ კომპრომისული გადაწყვეტილების შემუშავებას - მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში და გამოვა მიღებული შეთანხმების შესრულების გარანტად“.
რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს დნესტრისპირეთს. ჰყავდა იქ თავისი სამხედრო ძალა, რომელმაც 25 წლის განმავლობაში მოლდოვას თავიდან ააშორა სისხლიანი დაპირისპირება. დნესტრისპირეთი სარგებლობდა რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ფინანსური დახმარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა მოსკოვი გამოდიოდა დნესტრისპირეთის მოლდოვას შემადგენლობაში ყოფნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სტატუსით.
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის კოზაკის მიერ შემუშავებული გეგმის (2003) მიხედვით, მოლდოვა უნდა გადაქცეულიყო „ასიმეტრიულ ფედერაციად“ ანუ დნესტრისპირეთს და ავტონომიურ გაგაუზიას უნდა ჰქონოდათ განსაკუთრებული სტატუსი და შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევაში არ მიეღოთ კიშინიოვის მიერ შემუშავებული კანონპროექტები. მაშინ, ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნით, მოლდოვას ხელისუფლებამ უარი თქვა კოზაკის პროექტზე და თითქმის გადაწყვეტილი საკითხი ძველ კალაპოტს დაუბრუნა.
2003 წლის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, რაც თავისთავად აისახება კიშინოვ-ტირასპოლის ახალ ხელშეკრულებაზე და თუ შემდგომი მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართება, პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელი გახდება. მანამდე კი დოდონს სურს პარლამენტის დათხოვნა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მას იმედი აქვს, რომ ამ არჩევნებში მისი მომხრეები გაიმარჯვებენ და შეცვლიან აქამდე არსებულ პროდასავლურ ვექტორს რუსეთისა და ევრაზიული კავშირისკენ, გააუქმებენ ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც დოდონის აზრით კარგი არაფერი მოუტანა მოლდოვას.
მოლდოვას პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯებით დაინტერესებას ვურჩევ ხელისუფლებას. იქნებ მისთვის საინტერესო რამ აღმოაჩინოს მასში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
28/01/2017

სტატიების არქივი