ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი

hamlet chipashvili-politologi

მსოფლიოს ისტორიაში არ მოიძებნება არც ერთი მაგალითი იმისა, რომ ომში მონაწილე ქვეყნის უპირველესი მიზანი დამარცხებული მოწინააღმდეგის დედაქალაქის აღება არ ყოფილიყოს. ანტიჰიტლერული კოალიციის მთავარ მოქმედ პირებსაც იგივე ამოძრავებდათ. ბერლინის აღებით, არა მარტო მრავალწლიან ომს, ფაშიზმის დამარცხებას დაესმებოდა წერტილი. ბერლინის აღება, საკუთარი ქვეყნის წარმატებულ სამხედრო ოპერაციას, გამარჯვების სამარადისო შარავანდებით მოავარაყებდა.
საბჭოთა კავშირს, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს სამხედროსთან ერთად პოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებდათ. სამივემ კარგად იცოდა, რომ ის, ვინც ფაშისტური გერმანიის დედაქალაქს დაიკავებდა, განსაკუთრებული, პრიორიტეტული ხმა ექნებოდა დაპყრობილი ქვეყნის სამომავლო ცხოვრებაში.
სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი - „დიდი სამეულის“ ლიდერები, მჭიდროდ მოთანამშრომლე ერთმანეთთან საერთო მტრის, ფაშიზმის წინააღმდეგ - საკუთარ გეგმებსაც ამუშავებდნენ - ერთმანეთისგან ცალკე, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგოდაც, თუმცა გენერალური ხაზისთვის (ფაშიზმის დამარცხება) ზიანის მიყენების გარეშე.
1945 წლის პირველ აპრილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ჩერჩილი ატყობინებდა აშშ-ს პრეზიდენტ რუზველტს: „რუსეთის არმია, უეჭველად დაიპყრობს მთელს ავსტრიას და შევა ვენაში. თუ ის დაიკავებს ბერლინსაც, ხომ არ შეექმნებათ ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა, რომ მათ შეიტანეს უდიდესი წვლილი ჩვენს საერთო გამარჯვებაში და ხომ არ მიიყვანს მათ გუნებაგანწყობილებას ისეთ დონემდე, რომელიც გამოიწვევს გარკვეულ სიძნელეებს მომავალში? ამიტომ ვთვლი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ რაც შეიძლება გერმანიის აღმოსავლეთში უნდა შევიდეთ და თუ ბერლინის აღება აღმოჩნდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენ ის უნდა ავიღოთ“.
ბერლინის აღების გეგმას ვაშინგტონიც განიხილავდა. ჯერ კიდევ 1943 წლის შემოდგომით, რუზველტმა განაცხადა, რომ მესამე რეიხის დედაქალაქში პირველი აშშ-ს ჯარი უნდა შესულიყო. თუმცა მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ ეიზენჰაუერს 1945 წელს სხვა გეგმა ჰქონდა. მისი აზრით, უფრო გონივრული იქნებოდა ლეიფციგისა და დრეზდენის მიმართულებით შეტევის განხორციელება, რათა ალყაში მოექცია და გაენადგურებინა რეინში არსებული გერმანული შენაერთები, რის შემდეგაც ის გეგმავდა ამერიკა-ინგლისის ჯარების შეტევას ელბის მიმართულებით - ბერლინისკენ.
ჩერჩილის ენერგიულმა მცდელობამ, გაერთიანებული ჯარების პირდაპირ ბერლინზე შეტევის განხორციელებისთვის, შედეგი არ მოიტანა. რუზველტმა მხარი ეიზენჰაუერის გეგმას დაუჭირა.
მოსკოვში, ბერლინის აღების მნიშვნელობის თაობაზე, ჩერჩილზე არანაკლებ კარგად იცოდნენ. საბჭოთა არმიას ჰქონდა მიცემული დავალება - რადაც არ უნდა დაჯდომოდა, პირველს აეღო ბერლინი.
მოსკოვი საქმის კურსში იყო აშშ-ს სეპარატულ მოლაპარაკებებზე ფაშისტური გერმანიის წარმომადგენლებთან. რეალურად ჩანდა ამერიკა-გერმანიის გარიგების, დასავლეთის ფრონტზე გერმანიის არმიის კაპიტულაციის, ხოლო შემდეგ იქ გამონთავისუფლებული გერმანიის არმიის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა.
29 მარტს ჟუკოვი, ხოლო 31 მარტს კონევი დაიბარეს სტალინთან, რომელმაც ჰკითხა მათ - შეძლებს თუ არა წითელი არმია მოკავშირეებისთვის ბერლინის აღების დასწრებას. პასუხი იყო მტკიცე - შეძლებს. გადაწყდა, რომ ბერლინს აპრილის ბოლოს, არაუგვიანეს პირველი მაისისა აიღებდნენ.
მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა და წითელი არმიის თავგანწირული ბრძოლისა, არანაკლები თავგანწირვით მებრძოლმა ფაშისტურმა არმიამ შეაფერხა კრემლში მიღებული გადაწყვეტილება, რამაც ჟუკოვი აიძულა მოეხსენებინა სტალინისთვის, რომ 1 მაისს მთელი ბერლინის აღება შეუძლებელი იქნებოდა. საჭირო იყო ჯარების გადანაცვლება.
„მე ველოდი სტალინის საყვედურს, მაგრამ მან თქვა: „არაუშავს, წინ პირველი მაისია, ეს ისედაც დიდი დღესასწაულია. ხალხი კარგად შეხვდება მას. მე გეთანხმებით, საჭიროა ხალხის დაზოგვა. ნაკლებ ჯარისკაცებს დავკარგავთ. რაც შეეხება იმას, როდის - 2 თუ 3 მაისს ავიღებთ ბერლინს, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. უკეთ მოამზადეთ დასკვნითი ოპერაცია“, - იხსენებს ჟუკოვი.
საბჭოთა კავშირმა ფაშიზმთან ომში 27 მილიონი ადამიანი დაკარგა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ამერიკა-დიდი ბრიტანეთის ერთად აღებული დანაკარგი და არა მარტო მათი.
საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ამ ომში, მაგრამ უდიდესი მსხვერპლის ფასად, რაშიც მაშინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობას და პირადად სტალინს ადანაშაულებენ. და ადანაშაულებენ არა საბჭოთა კავშირის დასავლელი მტრები, არამედ იმჟამინდელი პარტიული მაღალჩინოსნები, ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით. სწორედ, ამ უკანასკნელმა გატეხა ციხე შიგნიდან და, პირადი უკმაყოფილებიდან გამომდინარე, ისეთი ძალით შეუტია სტალინს და სტალინურ მმართველობას, რომლის ეხოც დღესაც ისმის.
განსვენებულის წინააღმდეგ ვერბალურ ომში რა სახის მეთოდი არ იყო გამოყენებული - საარქივო მასალებისა და დოკუმენტების ფალსიფიკაცია; ძველის, გაყალბებული ახლით შეცვლა; აღვირახსნილი ანტისტალინური პროპაგანდა; ყოველივე დადებითის, უაღრესად უარყოფითად წარმოსახვა და სტალინის დადანაშაულება.
ხრუშჩოვის მიერ დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება. გამგრძელებლად ე.წ. რუსი ლიბერალები გვევლინებიან, რომლებიც დღესაც არ ტოვებენ ისე - ანტისტალინურად რომ არ იღაღადონ. განსაკუთრებით მძაფრად ისმოდა მათი ტენდენციური, ცილისწამებლური ხმა ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით.
ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღვირახსნილი ანტისტალინური პროპაგანდა - გაცილებით მძლავრად, ვიდრე წინა წლებში. ხრუშჩოვისა და ლიბერალური რუსეთის ფალსიფიკაციამ დიდი გაქანება ჰპოვა დასავლეთში, რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან სტალინსა და სტალინის სისტემის ლანძღვა-გინებით ის უდიდეს შედეგს აღწევდა და აღწევს - საბჭოთა სისტემის, რუსეთის დაშლა რომ ჰქვია. როდესაც თვით რუსი ჭრის იმ ტოტს, რომელზედაც ზის, რატომ არ უნდა შეუწყოს ხელი დასავლეთმა ამ პროცესს?
წითელ მოედანზე წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ახსენა „ისტორიის გადაწერა“, რასაც დასავლეთში აქვს ადგილი. მაგრამ, ვინ არის დამნაშავე ამაში, თუ არა რუსი ლიბერალები, რომლებიც, ნახევარსაუკუნეზე მეტია, ტალახში სვრიან რუსეთის თანამედროვე ისტორიას, ფაშიზმთან ომის პერიპეტიებს, აკნინებენ სტალინის როლს ჰიტლერიზმზე გამარჯვებაში.
რუსეთის ხელისუფლებას სწყინს, როდესაც ფაშიზმსა და სტალინიზმს ერთ სიბრტყეში განიხილავენ დასავლეთში და საწყენიც არის. როდესაც რომის პაპი ფრანცისკე იტყვის, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი დანაშაულია სომეხი ხალხის გენოციდი, ფაშიზმი და სტალინიზმი, საწყენია.
ათჯერ მეტი საწყენია, როდესაც პრეზიდენტ პოროშენკოს მითითებით, უკრაინის რადა იღებს დოკუმენტს, სადაც ფაშიზმი და სტალინიზმი ერთ დონეზეა მოხსენიებული; როდესაც მართლაცდა ფაშისტური უკრაინა, რუსეთის გუშინდელი მოკავშირე, დღეს მტრადაა ქცეული;
როდესაც ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს ევროპა-ამერიკის წამყვანი ქვეყნების მეთაურები არ ესწრებიან. როდესაც ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკოც არ ესწრება მოსკოვში გამართულ გამარჯვების პარადს. დასავლეთმა, აშშ-ს პრეზიდენტის ობამას მითითებით უარი თქვა მოსკოვის 9 მაისის დღესასწაულზე. და არა მარტო დასავლეთმა.
დასავლეთი რახანია ცვლის ისტორიას, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის. ცვლის, ვინაიდან აშშ-ა და დიდმა ბრიტანეთმა პირწმინდად წააგეს საბჭოთა კავშირთან, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე დიპლომატიაში.
70 წელიწადია დასავლეთი, პოლიტიკურ ომში დამარცხებული, რევანშის გზას ადგას, რაც არ არის გასაკვირი. მაგრამ გასაკვირია, როდესაც ამ ბრძოლაში რუსეთის გარკვეული ძალები სოლიდარობას უცხადებენ მას. თანამედროვე რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩახედულთათვის კარგად არის ცნობილი რუსული პოლიტიკური ოპოზიციის ნეგატიური განწყობა რუსეთის ხელისუფლების, პირადად პუტინის მიმართ და მონური მორჩილებითი დამოკიდებულება აშშ-ს, ევროკავშირის მიმართ. ცნობილია მათი ღია თუ ფარული წერილები აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ, რუსეთის და მისი ხელმძღვანელის დასჯის მოთხოვნით.
და ამ დროს, თვით ხელისუფალთა წაყრუებით, მიმდინარეობს რუსეთის ისტორიის განქიქება, საბჭოთა პერიოდის, განსაკუთრებით ომის წინა და შემდგომი პერიოდის ლაფში ამოსვრა.
როდესაც ლიბერალი სვანიძე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი, რუსეთის ყველა არხზე იტყვის, რომ გამარჯვება უაღრესად დიდი და გაუმართლებელი მსხვერპლის ხარჯზე მოხდა და ამ საქმეში პირადად სტალინს დაადანაშაულებს, საწყენია. ოფიციალური მონაცემებით დიდ სამამულო ომში 27 მილიონი ადამიანი დაიღუპა. სვანიძის განმარტებით, ასეთი მსხვერპლი არც ერთ ქვეყანას არ გაუღია. ისტორიკოს სვანიძეს არ ახსოვს, რომ ჩინეთმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მილიტარიზმის გამოისობით 35 მილიონი ადამიანი დაკარგა, გარდა ამისა 4 მილიონი ჯარისკაცი.
დასაწყისში ბერლინის აღებასთან დაკავშირებული ისტორიული ფრაგმენტი შემთხვევით არ მომიყვანია. ჟუკოვთან ლაპარაკშიც, აშკარად ჩანს სტალინის დამოკიდებულება თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლისადმი. ის, რომ ბერლინში პირველები მოკავშირეები ვერ იქნებოდნენ, სტალინისთვის ცნობილი იყო. საბოლოო ჯამში ბერლინის სრული აღება 2 თუ 3 მაისს დასრულდებოდა, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მითუმეტეს თუ ერთი დღით დაგვიანებული აღება ჯარისკაცების სიცოცხლეს დაზოგავდა.
ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის, სამხედროს თუ ექსპერტის მოსაზრებით, შეუიარაღებული წითელი არმია უმოწყალოდ იყენებდა ცოცხალ ძალას ფაშისტებთან ომში. არადა თუ დავუჯერებთ პროფესიონალ ისტორიკოსებს, მათ მიერ მოძიებულ მასალებს, ფაშისტურმა გერმანიამ 5.5 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირმა - 8.5 მილიონი, იაპონიასთან ომში დაღუპულთა ჩათვლით და გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვე საბჭოთა მეომრების სახით (3 მილიონი). ანუ საერთო ჯამში, ომში დაღუპულ მეომართა თანაფარდობა სახეზეა. დანარჩენი მილიონები მშვიდობიან მოსახლეობაზე მოდის. ანუ გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაჩაღებულ ხოცვა-ჟლეტვაზე.
„სტალინი ომის დაწყებას მოუმზადებელი შეხვდა“, - ხშირად ისმის რუსული ტელეეკრანებიდან, ბეჭდური მედიიდან - „დაბნეული, ქალაქგარეთა აგარაკიდან არ გამოდიოდაო“. პასუხი არ ისმის. ეს ხდება შეგნებულად, რათა ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ჩაუნერგონ სტალინის უმეცრება, ტირანობა, ენით აუწერელი სისასტიკე და ა.შ.
აი რას წერს პროფესორ-ისტორიკოსი ზუბოვი: „სტალინგრადში წითელი არმიის დამარცხება ნიშნავდა საბჭოთა კავშირის უეჭველ კაპიტულაციას. სტალინი მზად იყო ამისთვის. რაც მთავარია, ჰიტლერიც მზად იყო, რომ სტალინი დაეტოვებინა თანამდებობაზე. მისი აზრით, რუსეთის მოვლა მხოლოდ სტალინს შეეძლო.
როდესაც დაიწყო ომი, სტალინმა ვერ შეძლო რადიოში გამოსვლა და ეს მოლოტოვს დაავალა. როგორც ჩანს, სტალინი სრულ პროსტრაციაში იმყოფებოდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სტალინმა ბერიას დახმარებით, უბრძანა სუდოპლატოვს, საბჭოთა ჩეკისტს, დაეწყო მოლაპარაკება გერმანიასთან, მოსკოვში ბულგარეთის ელჩის დახმარებით. სტალინი მზად იყო გერმაინიისთვის დაეთმო ბალიტიისპირეთი, კარპატები, დასავლეთი უკრაინა, ბელორუსია, ბესარაბია, იმისთვის, რომ ომი შეწყვეტილიყო. ის, საერთოდ არ იყო მზად ომისთვის, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად“.
ამ „ბრძენი“ ისტორიკოსის ისტორიული ბოდვები დიამეტრალურად განსხვავდება მეორე „ბრძენი“ ისტორიკოსისა და მკვლევარის სუვოროვის ბოდვებისგან, რომელიც თავის წიგნში („ლედოკოლ“) დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სტალინი მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის და ომიც მან დაიწყო. რომ საბჭოთა არმია კბილებამდე იყო შეიარაღებული და ა.შ. ამ ორი „გენიოსისგან“ რომელს დავუჯეროთ?
ისტორიკოსი სვანიძე აცხადებს: „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყანას“. ხოლო პროფესორ-ისტორიკოსი ზუბოვის განცხადებით: „ამ პაქტით საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა გერმანიის მოკავშირე და სწორედ ამიტომ დაიწყო გერმანიამ ომი პოლონეთში. ჩვენ რომ გვეთქვა, ვართ ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის მოკავშირეები და პოლონეთზე თავდასხმის შემთხვევაში გავუწევთ მას დახმარებას, გერმანია ვერასდროს გაბედავდა პოლონეთში შეჭრას“.
10 მაისს მოსკოვში მყოფმა გერმანიის კანცლერმა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქედს იხრის რუსეთის წინაშე და სინანულს გამოთქვამს იმ უდიდესი დანაშაულის გამო, რაც ფაშისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირს აგემა. კანცლერმა ბოდიში მოიხადა საბჭოეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისთვის.
პრეს-კონფერენციაზე გერმანელმა ჟურნალისტმა გამოხატა პირადი შეშფოთება რუსეთის კულტურის მინისტრის მედინსკის განცხადების გამო - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან დაკავშირებით. მედინსკის მიხედვით, ეს იყო საბჭოთა დიპლომატიის გამარჯვება, რომელმაც მისცა შესაძლებლობა საბჭოთა კავშირს გადაევადებინა ომის დაწყება.
პუტინმა გაიზიარა მინისტრ მედინსკის მოსაზრება და დაამატა, რომ საბჭოთა ხელმძღავანელობის არაერთი მცდელობა ევროპის ქვეყნების ლიდერებს სერიოზული ყურადღება დაეთმოთ ფაშიზმის აღზევებისთვის, უყურადღებოდ დარჩა. მოსკოვს სხვა გზა აღარ რჩებოდა, თუ არა გერმანიასთან პაქტის გაფორმება, რამაც საშუალება მისცა საბჭოთა კავშირს მომზადებულიყო ომისთვის.
დასავლეთთან მრავალწლიანმა კოჭის გორებამ მიიყვანა რუსეთი იმ ზომამდე, რომ ერთ დროს მოკავშირეები, ჩამოაცილა და არათუ ჩამოაცილა, სამკვდრ-სასიცოცხლოდაც გადაჰკიდა მას. მარტო უკრაინა რად ღირს, მოლდოვასა და საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ.
როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსულ რუს „ბაიკერს“ მკერდზე მიმაგრებულ გეორგიევსკის ბაფთას ჩამოგლეჯს თავხედი „ნაცი“ ახალგაზრდა, რაღაცას ნიშნავს და უპირველესად არა იმას, პატრიოტიზმი რომ ჰქვია. ეს, უფრო ამერიკული დავალების შესრულებაა, ვიდრე ე.წ. პატრიოტიზმი. კოჭის გორებას მოჰყვა ყოველივე ეს. კრემლის მიერ დასავლეთისადმი მრავალწლიან კოჭის გორებას.
არც ერთ ქვეყანაში ისეთ თვითგვემას არ აქვს ადგილი, როგორც რუსეთში. არც ერთი ქვეყანა ისე არ ლანძღავს და აგინებს სტალინის ეპოქას, როგორც რუსეთი. ავიღოთ თუნდაც დოკუმენტური ფილმი, რომელიც სულ ახლახანს გავიდა რუსულ ტელესივრცეში და რომელიც უნიკალური არხის - მოსკოვის არხის მშენებლობას ეხება. ასზე მეტი კილომეტრის სიგრძის, საინჟინრო თვალსაზრისით მართლაცდა უნიკალური მშენებლობა, რომელიც დღევანდელ მსოფლიო სპეციალისტთა გაოცებასაც იწვევს, 1934-37 წლებში აშენდა - დროის მცირე მონაკვეთში. მაგრამ ყურადღება იმაზე კი არ არის გადატანილი, რომ ამ უნიკალური მშენებლობით მოსკოვი 5 ზღვას დაუკავშირდა, არამედ სტალინის რეპრესიებზე - მშენებლობის დროს.
პანამის არხის მშენებლობაზე ათასობით ადამიანი დაიხოცა - სხვადასხვა დაავადებებით, შიმშილით, არაადამიანური შრომით, მაგრამ არვინ ლანძღავს ხელისუფალთ. რატომ? ტრადიცია არ არის ასეთი. წინას ლანძღვა, მითუმეტეს ზედაპირულად, უსაფუძვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე, იმ ეპოქის ღრმა ანალიზის უგულებელყოფით, იქ მიღებული არ არის. რუსეთში მიღებულია, მაგრამ რატომღაც სტალინის მიმართ. იქნებ სხვასთან გვაქვს საქმე და არა ისტორიულ პერსონაჟთან? იქნებ ამ პერსონაჟის წარმოშობაა ის გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელიც ესოდენი სიძლიერით მოქმედებს რუს ლიბერალებზე?
ამის მაგალითად რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის კოსოჩოვის საჯარო განცხადებას მოვიყვან: „ქვეყანამ, რომელმაც შვა სტალინი და ბერია, სააკაშვილი რომ ეშვა, გასაკვირი არ იქნებოდაო“.
ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავმა რაღაც ხინჯი დატოვა გულში და ეს რაღაც ისტორიის არასათანადო შეფასებაა. ხელისუფლების იმჟამინდელი მთავარი მოქმედი პირების ტიტანური შრომის დაუფასებლობა მათი მემკვიდრეების მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, უმადურობაა. და როდესაც მსგავსი დაავადებით ხარ შეპყრობილი, სხვისი, ამ შემთხვევაში დასავლეთის არ უნდა გიკვირდეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
11/05/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.