პირველმაისობა

hamlet chipashvili-politologi

„მშვიდობა! შრომა! მაისი!“ – ეს ლოზუნგი სისხლხორციელად უკავშირდება პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.
დიახ! საერთაშორისო და არა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს. ვის-ვის და საბჭოეთს რომ ეზეიმა პირველმაისობა, გასაკვირი არ იყო, ვინაიდან მუშურ-გლეხური სახელმწიფო სწორედ ის იყო. სწორედ მას უნდა დაეცვა მშრომელი მასების ინტერესები - პირნათლად, როგორც საკუთარი ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პირველმაისობა - ატაცებული ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყნის მიერ ევროპის ქვეყნებიდან, მრავალი ათეული წლის განმავლობაში გამოხატავდა მშრომელი ხალხის სულიერ განწყობას, იმედს უკეთესი ცხოვრებისთვის.
დაიშალა საბჭოთა კავშირი და ისტორიას ჩაბარდა გრანდიოზული დემონსტრაციები - გამართული საბჭოეთის დედაქალაქ მოსკოვში, ყველა მოკავშირე რესპუბლიკის დედაქალაქში, უკიდეგანო საბჭოეთის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, სოციალისტური ბანაკის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში.
დაიშალა საბჭოეთი, მაგრამ პირველმაისობა არ დაშლილა. ზოგს რომ დღესასწაული, მარტო საბჭოური პირმშო ეგონა, ასე არ ყოფილა. პირველმაისობა, საერთაშორისო დღესასწაული რომ არის, გასულმა პირველმა მაისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დღესასწაული ვახსენე, მაგრამ ეს სიტყვა სრულიად შეუფერებელია დღევანდელ პირველმაისობასთან, ვინაიდან ის უფრო საპროტესტო დემონსტრაციაა, სახალხო, მშრომელი ადამიანის გულისწყრომის გამომხატველი - ხელისუფლების, სისტემის მიმართ. ის არ ხდება ხელისუფალთა ორგანიზებით, რასაც საბჭოეთში ჰქონდა ადგილი. ის მეტადრე პროფკავშირების, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების თაოსნობით ხდება.
ასე იყო წელსაც. კაცობრიობამ აღნიშნა პირველმაისობა და ისიც ითქვა, რომ წლევანდელი გაცილებით ხალხმრავალი იყო, გასულ წელთან შედარებით. ასეთი დასკვნა ტელეკომპანიებმა „ევრონიუსმა“, „ბი-ბი-სიმ“, სხვებმა გაახმოვანეს, რაც აშკარა ბარომეტრია იმ კრიზისული ეკონომიკურ-სოციალური ყოფისა, მთელს მსოფლიოს რომ აწუხებს.
წლევანდელი მოთხოვნა დემონსტრანტებისა არა მარტო უკეთესი ცხოვრების სურვილითაა გამოწვეული, არამედ ხელისუფლების უნიათო მუშაობით. პირველმაისობა სერიოზული გაფრთხილებაა ხელისუფალთათვის, რომ საქმისადმი არასათანადო ძალისხმევა უდავოდ გამოიწვევს მათ ცვლას.
საზღვარგარეთ ჩატარებული დემონსტრაციები ნათელი დასტურია იმისა, რა პასუხისმგებლობით ეკიდება იქაური მოსახლეობა, როგორც საკუთარ ცხოვრებას, ისე ქვეყნის ყოფას. იქაურები, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით დამუხტულები რომ განსხვავდებიან ჩვენგან, მტკიცება არ სჭირდება.
საზოგადოებრივი საქმე ღრმადაა გამჯდარი ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში, რაც საშურია და მისასალმებელი. მაგრამ მარტო შურით და მისალმებით არაფერი გამოვა. საზოგადოება, რომელიც ვერ გრძნობს, როდის, რა შემთხვევაში, რა მასშტაბით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება მის მიერ არჩეულთა მიმართ, დაკვალიანებას საჭიროებს.
არადა 23 წელიწადზე მეტია ვითომ დამოუკიდებლად ვცხოვრობთ და ამ არცთუ მცირე პერიოდში, რაც ვერ შევითვისეთ, სწორედ საჯარო გამოხატვის საკითხია. ამ წლების განმავლობაში საქართველოს არ აკლდა საჯარო გამოსვლები, მიტინგები, მსვლელობები, მაგრამ ყველა მათგანი უკიდურესობამდე, რევოლუციამდე მისული ხალხის რეაქცია იყო. მაგრამ არ იყო გამაფრთხილებელი, სხვა შინაარსის და დატვირთვის მატარებელი დემონსტრაციები ისეთი, ევროპის ქვეყნებში რომ აქვს ადგილი.
პირველი მაისის მთავარი დატვირთვაც ესაა - ხელისუფლების გაფრთხილება, გონს მოგება. ვინ უნდა ითავოს ეს საქმე? - ცხადია პროფკავშირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, დღემდე გაურკვეველის, ისინი დუმან. დუმილის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ არის შიში - არ დასწამონ რუსეთუმეობა.
არადა, რუსეთი არაფერ შუაშია, ისე, როგორც კომუნიზმი, საბჭოთა კავშირი. თუ ევროპელობა გვინდა, ისიც უნდა გვინდოდეს, როგორ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება საქვეყნო საქმეებისადმი; როგორ დავიცვათ საკუთარი თავი ხელისუფალთა აღვირახსნილობისგან; როგორ ვაიძულოთ ხელისუფლება შეიგნოს უმთავრესი - რომ ის ხალხის მიერ არის არჩეული და არა პირიქით.
ხალხის ინერტულობამ, დაურაზმაობამ ერთობ დიდი გასაჭირის წინაშე დააყენა ქვეყანა და თვით ხალხი. ხელისუფლებამ დაკარგა მარტივი შეგრძნება (ალბათ არც ჰქონია), რომ ის არჩეულია და ამრჩევის წინაშე ანგარიშვალდებულია.
ხელისუფლება ისე მოქმედებს, როგორც წინამორბედი ხელისუფლება - სრულიად დარწმუნებული იმაში, რაც არ უნდა დააშავოს, მას ხალხი პასუხს არ მოსთხოვს, არავინ შეედავება - სად წაიღე ფულიო. წინა ხელისუფლებისთვის ხომ პასუხი არვის მოუთხოვია?!
დამნაშავე ხელისუფლება ყველგან ისჯება, მითუმეტეს ჩვენ რომ დემოკრატიულად აღვიქვამთ ისეთ ქვეყნებშიც. რამდენი დამნაშავე ხელისუფალი იხდის საკადრის სასჯელს?! მაგრამ საქართველოს პოლიტიკოსთათვის ეს მაგალითი, მაგალითი არ არის. ახალი ხელისუფლება, წინას მფარველობს, რაც აშკარაა და სავალალო. ზოგიერთი ძველის დაჭერა სრულიადაც არ ნიშნავს სამართლიანობის გზით სვლას. ის უფრო საჩვენებელი დაჭერაა და ხალხის წინაშე თავის მართლება - ხომ ვსჯითო.
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ კანონგარეშე გამოსაცხადებელია, არაერთხელ გაჟღერებულა საჯაროდ ისე, როგორც ხალხის მოთხოვნა ლიდერების დასჯის თაობაზე, მაგრამ ამ მოთხოვნებისთვის ყური ხელისუფლებას არ დაუგდია. ის იმედოვნებს, რომ წინამორბედთა მიმართ ლოიალურობის გამოვლინება, მათ მიმართ ახალი ხელისუფლების ლოიალურობა მოჰყვება. „ხელი, ხელს ბანს და ორივე - პირსო“ - ფილოსოფიაა ჩადებული ამ ვირეშმაკულ ქცევაში. ძალაშია ხალხის ინდიფერენტიზმიც, რაც თავისთავად ხელისუფლებას საკუთარ დაუსჯელობაში არწმუნებს.
ეს, რომ ასე არ იყოს, ხელისუფლება ვერაფრით იკადრებდა იმ უკადრებელს, რასაც კადრულობს. ეს, რომ ასე არ იყოს, პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას არ მისცემდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე „რესპუბლიკელი“ ხიდაშელი წარედგინა. აქ გენდერულ ცნებასთან არა გვაქვს საქმე, ვინაიდან „რესპუბლიკელთა“ გასახარად ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსს სამინისტროს ქალები ხელმძღვანელობენ.
აქ გასათვალისწინებელია საყოველთაო არჩევნებში მოპოვებული დაბალი პროცენტები, რაც საშუალებას არ უნდა აძლევდეს „რესპუბლიკელებს“ იყოლიონ რამდენიმე მინისტრი. დავუმატოთ ამას პარლამენტის სპიკერობაც, სხვა საპარლამენტო თანამდებობები და მივიღებთ ისეთ აბსურდს, საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებას რომ არ მოსწრებია - უპროცენტო პარტიის „ბაირამი“.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მეუღლეს, მომავალ თავდაცვის მინისტრს, პასუხი აქვთ გასაცემი იმ პუბლიკაციაზე, რომელიც უკრაინის მედიაში გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პასუხისმგებელმა პირმა. საქმე ეხება ოჯახური დუეტის საიდუმლო შეხვედრას სააკაშვილთან. არადა ქართული პრესა დაბეჯითებით ითხოვს ამ წყვილისგან შესაბამის პასუხს, რომელიც ჯერ არ ჩანს. ნაცვლად ამისა, ხელისუფლება, რომელიც თვით უნდა იყოს დაინტერესებული, კიევური ოინების სკანდალურ საქმეში გახვეულ პირს მინისტრად გვთავაზობს. რასა იქმს ხალხი?! - არც არაფერს.
ხელისუფლების უნიათო საქმიანობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, მაგრამ საყოველთაო, საჯარო, გამაფრთხილებელი გამოსვლა არ ჩანს. არადა, პირველ მაისს თუ ვინმე უნდა გამოსულიყო საყოველთაო გულისწყრომით და არა რევოლუციით, საქართველო უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, საკუთარი მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ა.შ. იქაურმა მაისობამ ხომ დიდი ყურადღება მიიპყრო? აქაურმა?
აქაური მხოლოდ ისაა, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას, ნაცნობს რომ უმალ ვუზიარებთ - რა ცუდი ცხოვრებაა ან სახლში რომ გულს ვიხეთქავთ ხელისუფლების ცუდი მუშაობის გამო. როდესაც ხალხის მხრიდან რეაქცია არ ჩანს, ხელისუფლებაც ნავარდობს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, ნორმალურ მსმენელში რომ აუტანლობის შეგრძნებას იწვევს.
როდესაც ყოფილი პრემიერი თავს უფლებას მისცემს ხალხს დასცინოს: „საქართველომ გასულ წელს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია, გაცილებით მეტს, ვიდრე ევროპის ქვეყნებმაო“, - დაცინვაზე მეტია; როდესაც ხელისუფლებაში ელვის სისწრაფით იცვლებიან მინისტრები - ხალხთან შეკითხვის გარეშე, დაცინვაა და მეტი არაფერი; როდესაც ხალხს ჰპირდებიან - ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ, თქვენ მხარი დაგვიჭირეთო, დაცინვაა.
განა დაცინვა არ არის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება: „რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რისი მოსამზადებელი ვიზიტები სწორედ მომავალ კვირას არის დაგეგმილი: კვირიკაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება, კალაძე - გერმანიაში, წულუკიანი - საფრანგეთში, ბელგიასა და ესტონეთში, სუბარი - თურქეთში, ბერუჩაშვილი - გერმანიაში, ბელგიაში, თურქეთსა და სლოვაკეთში, ხადური - აზერბაიჯანში, გომელაური - გერმანიაში, ბაქრაძე - გერმანიასა და დანიაში“, - ამაზე იტყვიან - გიჟი სოფელს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა.
თითოეული მათგანის გამგზავრება რომ მხოლობით რიცხვში არ ხდება - მკითხველმა კარგად იცის. ისიც იცის, რომ ზემოთმოყვანილი არც ერთი პირი არ იკადრებს თვითმფრინავის ეკონომკლასით მგზავრობას, სამვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებას ან ტაქსით გადადგილებას.
უცხოური „ლაშქრობა“ ხომ მარტო ზემოთმოყვანილებით არ იწყება და მთავრდება, მათ პარლამენტარებიც ემატებიან, სხვა რანგის სახელმწიფო მოხელეებიც და გაფრინდა საქართველოს ბიუჯეტის საგრძნობი ნაწილი. ამ ფულზე არვინ იტყოდა, მოგზაურობას რომ რამე მოჰქონდეს, გარდა მინისტრების ორგანიზმის გალაღებისა.
მაინც რას ელოდება ხელისუფლება რიგის სამიტიდან? და რა იცის ხალხმა ამ სამიტის ან სხვა სამიტის, აქამდე ჩატარებულის შესახებ? რა მოუტანეს იმ სამიტებმა საქართველოს ხალხს ან რას მოუტანს რიგის სამიტი?
ის, რომ რიგის სამიტი, ისე, როგორც ადრეული სამიტები, არაფრის მომტანია - ფაქტია. ხელშესახები, თანაც ისეთი, ხალხს რომ წაადგა ან წაადგება, არ ჩანს. ხალხს ეუბნებიან, რომ რიგის სამიტზე თქვენი ბედი გადაწყდება - ევროპაში უვიზო მიმოსვლითო. მაგრამ ევროპა რომ საწინააღმდეგოს გვიცხადებს - მსგავსს ადგილი არ ექნებაო?!
ევროპელთა უარყოფითი განწყობის დადებითზე შეცვლის მცდელობაა ევროპისთვის საქართელოს მინისტრების შესევა - იქნებ უკვე მომზადებული უარი შეაცვლევინონ.
საქმისადმი რა პრიმიტიული მიდგომაა, რა ქართული დამოკიდებულებაა! ისე, კაცმა რომ თქვას, კონიაკით ან ღვინით საქმის ჩაწყობა თუ უნდოდათ, რაღა ევროპა-ამერიკის გზას ირჩევდნენ. ეს გზა საბჭოთა კავშირის დროს არჩეულიც იყო, ნაცადიც და აპრობირებულიც! მუხლებში ჩავარდნით და ბოთლით გაკეთებული საქმე, ვის სჭირდება?
ის, რომ რიგაში თავაზიანად უარს გვეტყვიან, თან შეგვაქებენ - კარგი ბიჭები ხართ, რომ ჩვენი დავალებები შეასრულეთო - ცხადზე, უცხადესია, მაგრამ უვიზო მიმოსვლაზე ბოდიში. ან სჭირდება დღევანდელ საქართველოს უვიზო მიმოსვლა?
ქვეყანა, რომელიც სავიზო რეჟიმში განახევრდა და ყველა შრომისუნარიანმა თავი ევროპა-ამერიკას შეაფარა, რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ, ფაქტია. რა იქნება უვიზო მიმოსვლის დროს? მგონი ამ კითხვას პასუხი არ სჭირდება. საქართველოში ამბვის მომტანიც არ დარჩება. მაგალითად, ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაც კმარა. აი რას წერს ალექსანდრე ნოსოვიჩი თავის წიგნში („ევროპის მივარდნილი გარეუბანი“): „დამოუკიდებლობის ორი ათეული წლის განმავლობაში ლიტვამ მილიონი მოქალაქე დაკარგა - იყო 3,7 მილიონი, დარჩა 2,7 მილიონი. ლატვიაში ცხოვრობდა 2,7 მილიონი ადამიანი, დღეს 26%-ით ნაკლები. ესტონეთში ცხოვრობდა 1,5 მილიონი, დარჩა 1,3 მილიონი“.
დღეს, სამივე ქვეყნის 175 ათას კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს 6,1 მილიონი ადამიანი, მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობამდე 8 მილიონზე მეტი ცხოვრობდა. მოსახლეობის გადინება გრძელდება. ცარიელი ტერიტორია კი დიდხანს ცარიელი ვერ დარჩება. მას უდავოდ სხვა ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები დაიკავებენ. და ეს უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლებამ. იმ მწირი სტატისტიკის მიხედვით (დარწმუნებული ვარ შელამაზებული), საქართველოს მოსახლეობაც საგრძნობლად არის შემცირებული და 3 მილიონ ექვსას ათასს შეადგენს. თუმცა აქედან რომ საგრძნობი ნაწილი აქ არის რეგისტრირებული, მაგრამ იქ ცხოვრობს, თანაც კარგა ხანია, ფაქტია. და ეს ყველაფერი სავიზო რეჟიმის დროს მოხდა.
ასე რომ, ნაცვლად უვიზო რეჟიმისთვის უცხოეთში დაოთხილი სირბილისა, უმჯობესი იქნებოდა ქარხნების, საწარმოების გახსნა, ინვესტიციების მოზიდვა და ხალხის დასაქმება, უაზროდ მიღებული სავიზო კანონმდებლობის სასწრაფო შეცვლა. რახანია ამაზე ლაპარაკობს ხელისუფლება, მაგრამ საქმე არ ჩანს. ვერადავერ შეიტანეს ცვლილება კანონში. იქნებ ყველაფერი, რაც ხდება შეგნებულად კეთდება?
იქნებ ვიღაც ევროპელი „ანგელოზი“ ჭკუას გვარიგებს, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ნებაყოფლობით დავცალოთ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობისგან და გზა გავუხსნათ მშობლიურ მიწაზე სხვა ჯიშსა და ჯილაგს?
საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვათა ჩამოსახლებას, მათ მიერ მიწების მისაკუთრებას, ხოლო შემდეგ ასეთ განცხადებას - მიწა იმისია, ვინც მას ამუშავებსო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს თამარ კაბულოვას ხშირად უყვარდა ამ ფრაზის თქმა. მართალიც იყო, ვინაიდან ცარიელი ადგილი, დიდხანს ვერ იქნება ცარიელი. მას სხვები დაეპატრონებიან, თან ჩვენზე უკეთ მოუვლიან. მერე კი, ხელზე კბენანი - გვიან იქნება.
გაევროპელებულ ხელისუფლებას თავის გადარჩენის გარდა არაფერი აწუხებს, მაგრამ ამ პროცესში რომ ქვეყანა ხელში ადნებათ ვერ ან არ ხედავენ. ვერც ხელისუფლების შემქმნელი ივანიშვილი ხედავს იმ კატასტროფულ ვითარებას, რასაც საქართელოში აქვს ადგილი. რაც შეეხება ხალხს, ერთობ უაზროდ მიჩერებულს ივანიშვილზე, ინდიფერენტულობა ეტყობა. ეს რომ ასე არ იყოს, რაღაცას მაინც იტყოდა პირველმაისობაზე, ისე, როგორც განვითარებული, დემოკრატიული ევროპის ხალხმა თქვეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
03/05/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.