საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


კონსტიტუციასთან დაკავშირებული ვნებათაღელვები

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

„ოცნების“ ხელისუფლების დროს გაკეთებული განცხადებები, მითუმეტეს პრაქტიკულად გადადგმული ნაბიჯები რომ უმეცრების, გამოუცდელობის, არაპროფესიონალიზმის ნაზავია, გაკვირვებას აღარ იწვევს. აღნიშნულ „ბუკეტს“, ერთობ მყრალი სურნელის მქონეს, თავხედობაც ემატება, რაც ასევე გასაკვირი არ არის, ვინაიდან სწორედ უმეცარი არის იმავდროულად თავხედი, რისი საფუძველიც ცუდი აღზრდა და გაუნათლებლობაა.
სწორედ ამ დაავადებებით არიან „შემკულნი“ „ქართული ოცნების“ მაღალ-დაბალი თანამდებობების პირები, რომლებიც ისე ტყორცნიან ერთმანეთს სიბინძურეთა ტალახს, თითქოს ქათქათა თოვლის გუნდა იყოს. ტყორცნის პროცესში ჩართულთ არც ქვეყანა ახსენდებათ, არც ხალხი და არც ზრდილობა. მთავარია მაგრა უკბინონ ერთმანეთს, დანარჩენი ფეხებზე ჰკიდიათ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრებიდან თითზე ჩამოსათვლელი თვეებია გასული. ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტად გაუცრუა ხალხს იმედი, ვიდრე წინა 4 წლის განმავლობაში. ამომრჩეველმა, ზომაზე მეტად მიმნდობმა და კიდევ რაღაცის მოიმედემ, ისევ „ოცნებას“ დაუჭირა მხარი - მეტადრედ „ნაცების“ ხელისუფლებაში განმეორებით მოსვლის შიშით, მაგრამ გრძნობს, რომ შეცდომა დაუშვა. წინ სრული ოთხწლიანი საპარლამენტო მუშაობის წლებია და დასაწყისიდანვე ერთმანეთში კინკლაობა, უფრო სწორად ჩხუბი კარგის მომასწავებელი არ არის.
„ოცნებელები“ ერთმანეთში ჩხუბობენ და არა მარტო. პოლიტიკური ბრძოლის ველადაა ქცეული „ოცნებისა“ და „ნაცების“ დაპირისპირებაც - ზღვარგადასული, ლანძღვა-გინების შემცველი რომ ჰქვია და სხვა არაფერი. ტყუილად იჩემებს ერთიც და მეორეც ევროპელობას, დემოკრატიულობას. ისინი ძალიან შორს დგანან ამ ცნებებისგან და რაც დრო გადის, სულ უფრო შორდებიან სივრცეს, რომლის წევრობასაც ბრმად, შეუგნებლად აცხადებენ.
არადა, ჯერ ახალი პარლამენტის და შესაბამისად ხელისუფლების „მოღვაწეობის“ გარიჟრაჟია. რა იქნება ერთი, ორი ან დარჩენილი წლების განმავლობაში? გაგრძელდება დაპირისპირება, რასაც ადგილი მუშაობის დასაწყისიდანვე აქვს თუ შეიცვლება ვითარება?
შეცვლის, ცხადია დადებითობისკენ, მეეჭვება, მოპაექრე სუბიექტთა ინტელექტიდან და პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე. თუ რას უნდა მოელოდეს ბედკრული ქართული საზოგადოება, ალბათ უკრაინის „რადას“ მსგავსს ხელჩართულ ჩხუბებს, რასაც პერმანენტულად აქვს ადგილი ჩვენს „მოძმე“ უკრაინაში.
გაივლის 4 წელიწადი და დავრჩებით პირში ჩალაგამოვლებულები. იქნებ ვინმემ, სანამ გვიან არ არის, შეუძახოს პარლამენტის უმრავლესობას, „ოცნებურ“ ხელისუფლებას, რომ კინკლავის დრო აღარ არის, ქვეყანას მიხედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისეთი ტალღა - ხალხის უკმაყოფილებისა აზვირთდეს, რომ ხელისუფლებაც წალეკოს და ქვეყანაც. იქნებ ხალხმა „ოცნების“ შემქმნელ ივანიშვილს შეუძახოს და მანაც თავის მხრივ, თავის შექმნილს?!
მაგრამ მან ხომ რახანია შეუძახა თავის ხელის ბიჭებს, რომლებიც ზუსტად შეძახილის ადეკვატურად იქცევიან. გახსოვთ ალბათ, ივანიშვილის საჯარო ჭორაობა პრეზიდენტზე - რა სიტყვებით შეამკო მისივე გაპრეზიდენტებული მარგველაშვილი. მაშინ მან აღიარა, რომ შეცდა, როდესაც პრეზიდენტის კანდიდატურების შერჩევისას, თვალი მარგველაშვილს დაადგა. დაადგა და შემდეგ თოთო ბავშვივით ატარა საქართველოს კარდაკარ - ნახეთ რა კარგი, ტანადი და ჭკვიანი საპრეზიდენტო კაცი გამოგიძებნეთ, მენდეთ და ისიც სულ თქვენს სამსახურში იქნებაო.
ასე გახდა მარგველაშვილი იმ ხალხის მთავარი მწყემსი, ვისზეც თავის „ნაშრომში“ „ქებათა-ქება“ არ დაიშურა - თანაც ასეთი - ქართველი, იმ ცოცხალ არსებას ჰგავს, რომელიც ტანად გაიზარდა, მაგრამ აზროვნება ინფანტილური დარჩა. ეს და მსგავსი „შესაშური“ მოსაზრება საკუთარ ხალხზე, უხვადაა მიმოფანტული მის „შედევრში“. „ფილოსოფოსი“ მარგველაშვილი, ფილოსოფიაზე პრეტენზიის მქონე ივანიშვილს გაცნობის დღიდან, პრეზიდენტებამდე, სისტემატურად ეჭუკჭუკებოდა და ჭუკჭუკში ალბათ ზრდადაუსრულებელ ქართველებზეც ამახვილებდა ყურადღებას. გაპრეზიდენტებამ დააშორა ისინი ერთმანეთს თუ პრეზიდენტის სასახლეში ყოფნამ?
ცხადია ყოფნამ, უფრო სწორად გაჯიქებამ - სასახლიდან არ გამოვალო. ბიძინას კი მარგველაშვილის ან ნებისმიერი სხვა „შვილის“, „ძის“ ან „იას“ იქ ყოფნა არ აწყობდა და რატომ?
ორი ვერსიაა ამასთან დაკავშირებით - ერთი, სასახლის შენახვა ძვირი ჯდება და ბიძინა უფრო გაწვდებოდა ხარჯებს, ვიდრე სახელმწიფო (შევარცხვინე ისეთი ქვეყანა, პრეზიდენტის სასახლის ხარჯების გაღება რომ უჭირს) და მეორე - ამბიციები - ბიძინას და არა მარგველაშვილის. სასახლე, თანაც თბილისზე გადმომდგარი მას უნდა ჰქონდეს და არა სხვას, თუნდაც პრეზიდენტს.
მარგველაშვილმა არ დაუჯერა თავის შემქმნელს და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო... გაუთავებელი ლანძღვა-გინება მარგველაშვილის - ბიძინას მხრიდან, სრულიად „ოცნების“ მხრიდან, საზოგადოების და მედიის მხრიდან. ყველა უკიჟინებდა პრეზიდენტს - გამოდი სასახლიდანო.
არ გამოვიდა, რითაც გადაარჩინა სასახლეც და პრეზიდენტის ინსტიტუტიც. მარგველაშვილი პრეზიდებტობას, ისე, როგორც ცას, ვერ გამოეკრება, მაგრამ პრეზიდენტის სასახლე გადარჩება გაპარტახებას. გაივლის არცთუ დიდი დრო და საქართველო უდავოდ დაუბრუნდება საპრეზიდენტო მმართველობას, ისე, როგორც ამას ცდილობს ჩვენი მეზობელი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი.
დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტობა, მაშინ რა, საპარლამენტო რესპუბლიკა გვექნება? დარწმუნებული ვარ საპრეზიდენტო, ვინაიდან პრეზიდენტი ივანიშვილი მეტიჩარა პარლამენტარებს თავს არ „მიაჭირხვნინებს“.
მეოთხე წელიწადია განდეგილ პრეზიდენტს ბიძინასეული პარლამენტი და მთავრობა ამრეზით უყურებს. პრეზიდენტი და მისი აპარატი „ნონ გრატად“ ჰყავთ გამოცხადებული მათ და ასეთად უნდათ, რომ ხალხმაც გამოაცხადოს. რას არ იგონებენ პრეზიდენტის ისედაც დაკოდილი ძალაუფლების კიდევ უფრო დასაკოდად. ბოლოს კონსტიტუციას მიადგნენ და იქ აპირებენ ყველა ამ უხერხული მომენტის ასახვას.
ასეთია ბიძინას ბრძანება. მას სურს ის, რომ პრეზიდენტი ხალხმა კი არა, პარლამენტმა აირჩიოს.
წამით წარმოვიდგინოთ, რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ თავისი რიგებიდან არჩეული პრეზიდენტი? არც არაფერი - ნოტარიუსი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს დაამოწმებს. საქართველო ის გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც ყველაფერი შეიძლება, მთავარია პოლიტიკური ლიდერის სურვილი იყოს. რუსეთიდან დაბრუნებულმა შევარდნაძემ, 1992 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, ხალხს, თავი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აარჩევინა, ხოლო პირველსავე სხდომაზე - აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელად ანუ ქვეყნის მეთაურად, რითაც შეითავსა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები. უზენაეს საბჭოს (პარლამენტს) ჩამოართვა თავისსავე რიგებიდან სპიკერის ანუ თავმჯდომარის არჩევის შესაძლებლობა, რითაც დააკნინა პარლამენტის ფუნქცია. 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებულმა „ოცნებამ“ და ივანიშვილმა უპირველეს მიზნად დაისახეს კონსტიტუციის საკუთარ ორგანიზმზე მორგება და ეს საქმე პარლამენტის თავმჯდომარეს მიანდვეს. მანაც შექმნა კომისია, რომელსაც თვით ჩაუდგა სათავეში. და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია, როგორც ქვეყნის პირველი პირი, საკონსტიტუციო კომისიაც შექმნას და უთავმჯდომარეოს კიდევაც. ასეა იმ ქვეყანაში, სადაც არის პრეზიდენტის თანამდებობა, მაგრამ ასე არ არის საქართველოში, სადაც ქოთანს იქით უკეთებენ ყურს, საითაც სურთ.
ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ „ოცნებას“ არაფრად მიაჩნია უკანონობის დაკანონება, რითაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ბიძინას „შვილები“ – „ოცნებელი“ პარლამენტარები და „ოცნების“ მხრიდან შერისხული ყოფილი „ოცნებელი“ პრეზიდენტი.
სულ ახლახანს, ძალაუფლებაჩამორთმეულმა პრეზიდენტმა გაიფართხალა და პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვის დაწყება გამოაცხადა: „კონსტიტუცია ყველასია და მივცეთ ყველას შესაძლებლობა გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტზე“.
რა არის ამ განცხადებაში საპანიკო ან ანტისახელმწიფოებრივი? არც არაფერი. მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი „ოცნების“ მიერ გარიყულია, ცხადია საპანიკოც არის და ანტისახელმწიფოებრივიც. ასე მიიჩნევენ „ოცნებელები“, რითაც ივანიშვილის პოზიციას გამოხატავენ.
„საქართველოს პრეზიდენტი 10 მარტს, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი შეკრებით კიდევ ერთხელ უპირისპირდება პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემლობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს. ... მოვუწოდებ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. ...“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე, რითაც შეურაცხყოფს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
ჯერ ერთი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტი უნდა იყოს და არა პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოს ახალი ისტორიიდან გამომდინარე, ასე იყო. დღეს, სხვაგვარად არის მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს ასე. და რახან სურს, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეც სხვაა ანუ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც, ივანიშვილის მიერ გათამამებული, უკრძალავს პრეზიდენტს კონსტიტუციასთან დაკავშირებით არათუ სხდომის მოწვევას, არამედ ხმის ამოღებასაც კი.
უფრო შორს მიდის ვიცე-პრემიერი კალაძე - „პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, საინტერესო არ არის“.
პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეკრებას საკმაო ხალხი ესწრებოდა - ექსპერტები, იურისტები, უცხოელი დიპლომატები, საზოგადოების წარმომადგენლები. რატომ არ უნდა აინტერესებდეს კალაძეს შეკრებილთა აზრი? კონსტიტუცია ხომ იმათიც უნდა იყოს?! თუ კობახიძე-კალაძე-ივანიშვილს ჰგონიათ, რომ კონსტიტუცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც მათ სურთ და ხალხის აზრი საჭირო არ არის?
როდესაც პრეზიდენტის აზრი არ აინტერესებთ, ხალხის აზრი ვის სჭირდება?
აფსუს, საბჭოთა საქართველო! 1978 წელს ახალი კონსტიტუციის მიღების დროს, პროექტი გაზეთებში გამოქვეყნდა და უმაღლეს საბჭოში განხილვის დაწყებამდე 3-4 თვით ადრე ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, ქარხანასა თუ ფაბრიკაში, კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში საერთო კრებებზე იყო განხილული და შენიშვნები, დამატებები უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველობაში იყო გადაგზავნილი. საქმეთა მმართველობის მიერ შექმნილი დროებითი კომისია გულდასმით ეცნობოდა წერილებს და საინტერესო, საყურადღებო ამონარიდებს აწვდიდა საკონსტიტუციო კომისიას.
კონსტიტუცია დედა-კანონია, ყველა კანონზე მაღლა მდგომი. მის განხილვაში ყველა უნდა იღებდეს მონაწილეობას, ხოლო კომისიას პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს და არა პარლამენტის სპიკერი, რომელმაც „დიდსულოვნად“ შესთავაზა პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობა.
საინტერესოა, რა სახეს მიიღებდა კომისიის მუშაობა პარლამენტის სპიკერის თავმჯდომარეობით, ცხადია მაგიდის თავში და პრეზიდენტის მონაწილეობით, კომისიის რიგითი წევრების გვერდში. იქნებოდა თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია?! სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა კომისიაში მონაწილეობაზე.
ასეა თუ ისე, დაპირისპირება სახეზეა. წინ 4 საპარლამენტო წელიწადია გასავლელი, როგორც ჩანს ერთობ რთული და ემოციებით აღსავსე, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ 4 წელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია ერთი მოწვევის პარლამენტისთვის. ჩემის აზრით, უმჯობესი იქნებოდა პარლამენტის 2.5 წლით არჩევა, ისე, როგორც აშშ-ს კონგრესში. ეს ვადა საკმაოდ ხანგრძლივია, თუ დეპუტატს სურს მუშაობა და საქვეყნო საქმის კეთება.
განვლილი 25-წლიანი საპარლამენტო გამოცდილებიდან გამომდინარე, 2 წლის საპარლამენტო მუშაობის შემდეგ იწყება კოალიციების დაშლა, ერთმანეთთან კინკლავი, ფუქსავატობა, საპარლამენტო საქმიანობის ფეხზე დაკიდება და ა.შ. ორწელიწადნახევარში გამოჩნდება ვინ რისი მაქნისია და თუ მუყაითად იშრომებენ, სრული შესაძლებელია მათი კანდიდატურების ახალ არჩევნებში დაყენება.
მავანი შემედავება - ყოველ ორწელიწადნახევარში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გააკოტრებს ქვეყანასო.
გაცილებით მეტი ხარჯი ადგება ქვეყანას უქნარა პარლამენტარების პარლამენტში 4-წლიანი ყოფნით. უფრო მეტიც, თუ თვალს გადაავლებთ პარლამენტის შემადგენლობას, დაინახავთ ისეთ პარლამენტარებს, რომლებიც 1990 წლიდან (გამსახურდიას პარლამენტიდან) „პარლამენტარობენ“, ზოგიც 1995 წლიდან, ზოგიც 1999-დან და ა.შ. ვიზიარებ, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის მოსაზრებას, რომ კომგრესმენი მხოლოდ 2 მოწვევის ვადით უნდა იყოს არჩეული და არა მეტით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
13/03/2017

სტატიების არქივი