ლუკაშენკოს ვიზიტი

hamlet chipashvili-politologi

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში კარდინალურად განსხვავდება ყველა სხვა მაღალი დონის ვიზიტებისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში. და რატომ? - უპირველესად უმიტომ, რომ ის წინასწარ იყო მომზადებული თემატურობის თვალსაზრისით, რომლის ფინალური აკორდიც საზეიმო ვითარებაში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმებაში გამოიხატა.
მეორე, იმიტომ, რომ ამ ვიზიტმა მასპინძელის მეობასაც გაუსვა ხაზი, სადაც სტუმარსაც და მასპინძელსაც თავისი ადგილი ჰქონდა. ანუ სტუმარი, კლასის დამრიგებლის მსგავსად, გაკვეთილს არ უტარებდა ოროსან მოწაფეს. და ჩვენც, ყურებდაცქვეტილები და თვალებში ცრემლმომდგარნი, ტვინში არ ვაგოგმანებდით დიდი დამრიგებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, უმეტესად ავანსად ნათქვამს - კარგი ბიჭები ვართ, ავღანეთში რომ ვართ და სურვილი გვაქვს ევროატლანტიკურ სივრცესთან მჭიდრო თანამშრომლობის.
მოკლედ და კონკრეტულად, ეს, ის ვიზიტი იყო, რომელმაც თავი ქვეყნად გვაგრძნობინა და არა ვიღაცის შეგირდად. გავიმეორებ, საქართველოში ბევრ სახელმწიფო ვიზიტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისა და პრემიერების, მაგრამ ყველა მათგანი იყო ინსპექციის მსგავსი -ასრულებს თუ არა დასავლეთის გზაზე დამდგარი საქართველო აღებულ ვალდებულებებს.
ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი, საქმიანობის თვალსაზრისით ყველა სხვა ვიზიტებს აჭარბებს და რაც მთავარია, აჩენს შესაძლებლობას გზასაცდენილმა საქართველომ ღრმად გააანალიზოს ვიზიტის შედეგები, მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება და შესაბამისი დასკვნა გააკეთოს ქვეყნის სასარგებლოდ.
ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტმა გზა გაუხსნა ისეთ ფიქრსაც, საით უფრო სჯობს - დასავლეთის თუ აღმოსავლეთისკენ. ეს, ისეთი თავსატეხი საკითხია, დიდ გნიასს რომ იწვევს საქართველოს პოლიტიკოსებში, ექსპერტებში, მედიაში, საზოგადოებაში. პასუხის გაცემა, რეცეპტის გამოწერა ძნელია, მითუმეტეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებულ ქვეყნისთვის.
აქ, ალბათ, ლუკაშენკოს წამალი უფრო გამოდგება - დავიწყოთ ურთიერთობა და ცხოვრება გვიჩვენებს, შევძლებთ თუ არა პოზიტიური შედეგის მიღწევას. მისი აზრით, მთავარია პირველი ნაბიჯის გადადგმა, პირველი კონტაქტების დამყარება, პირველი, ერთობლივი ნაყოფის მიღება, დანარჩენს დრო და აზრი გადაწყვეტს, ცხადია, თუ ასეთი იქნება და იქნება სურვილი დაწყებულის გასაგრძელებლად.
ლუკაშენკოს ვიზიტი არა მარტო მისი დასავლელი კოლეგების ვიზიტისგან იყო განსხვავებული, არამედ დსთ-ს წევრი სახელმწიფოთა ხელმძღვანელების ვიზიტებისგანაც, რაც განპირობებულია პიროვნების ფაქტორით. პოსტსაბჭოთა სივრცეში ლუკაშენკო გამორჩეული პოლიტიკოსია. ცხადია, ის არაფრით აჭარბებს ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის თუ სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს, მაგრამ მას თავისი ხელწერა აქვს, ერთობ გამორჩეული ყველასგან.
ეს, ის პრეზიდენტია, რომელზეც დასავლეთში სისტემატურად ამბობდნენ - ევროპის უკანასკნელი დიქტატორიო. არადა, დსთ-ში უცხო არ არის ლუკაშენკოს მსგავსი მმართველობა.
ლუკაშენკოს რახანია ებრძვის აშშ-ი, ევროკავშირი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ მასთან. ოპოზიციაც შეუკოწიწეს, დააფინანსეს კიდევაც, გამოსვლებიც მოაწყვეს, უკანასკნელი სიტყვებითაც გალანძღეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. და ვერ დააკლეს იმიტომ, რომ დასავლური განმარტებით, დიქტატურით დათრგუნული ხალხი მტკიცედ უდგას მას მხარში.
ლუკაშენკო ის პრეზიდენტია, რომელიც იოლად შეძლებს მომავალი არჩევნების სასწორის თავის მხარეს გადაწონას. რატომ, რაშია საქმე? მოკლე პასუხი - საზრიან პრეზიდენტობაში, ცხოვრებისეული გამოცდილების გამოყენებაში და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაფასებაში.
ბელარუსის მნახველებს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებათ, თითქოს საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ. წესრიგი, სისუფთავე, სიმწვანე, დამშვიდებული ცხოვრება, გმირთა ძეგლები, ადგილობრივი პროდუქციის სიჭარბე და ა.შ. იძლევა ამ განცდას. 10-მილიონიანი ბელარუსი, ძლიერი სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში, ცდილობს ისეთი პროდუქტი აწარმოოს, რომელიც ხარისხით და თვითღირებულობით შეძლებს კონკურენციის გაწევას, როგორც ქვეყნის შიგნით შემოსული უცხოური საქონლისთვის, ისე უცხოეთის ბაზარზე.
ბელარუსს არც ზღვა აქვს და არც მდიდარი წიაღისეული. მას ლუკაშენკო ჰყავს, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან ისეთივე ქვეყანა მიიღო, როგორც ჩვენ. ჩვენი სასტარტო პოზიცია, მიუხედავად თბილისის ომისა და ხელისუფლების დამხობისა, არცთუ ურიგო იყო. გარდა ამისა ქვეყანაში დაბრუნდა პოლიტიკურ ქარტეხილებში გამობრძმედილი, მსოფლიოში ცნობილი პიროვნება - შევარდნაძე.
პიროვნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მითუმეტეს თუ ის სათავეშია. სწორედ მასზეა დამოკიდებული, რა გზით წაიყვანს ის ქვეყანას. სამწუხაროდ, გზა, რომელიც შევარდნაძემ აირჩია, იყო დაპირისპირების, კონფრონტაციის, გაურკვევლობის და საბოლოო ჯამში უდიდესი კორუფციის. ამ გზას ვერ დავარქმევთ აღმშენებლობას. ამ გზას უფრო საკუთარი პოზიციის, საკუთარი სკამის განმტკიცებისთვის ბრძოლის გზა ჰქვია.
საკუთარ პოზიციებს ლუკაშენკოც იმტკიცებდა, მაგრამ იმავდროულად ქვეყანაზეც ფიქრობდა, ნაკლებად - ქვეყნის ძარცვაზე.
დაიშალა საბჭოეთი და დაიშალა საბჭოური ეკონომიკური ინტეგრაცია, რამაც მთელი რიგი ქარხნების, საწარმოების გაჩერება გამოიწვია. სწორედ მაშინ იმარჯვა კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარის ნიჭმა და შემართებამ, თუნდაც დიპლომატიურმა ალღომ და უკვე დამოუკიდებელ რუსეთთან აღადგინა ის ძველი, საბჭოური კავშირები, რომელმაც შვება მოუტანა ბელარუსს.
შევარდნაძისეულმა ხელისუფლებამ, აგურ-აგურ, ჭანჭიკ-ჭანჭიკ ანგრია და უცხოეთში ყიდა უნიკალური ქარხნები - კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი, საავიაციო, მეტალურგიული და ა.შ.; მათი ტერიტორიები, პრივატიზებული, ერთ მუჭა ბობოლათა ხელში მოაქცია.
საქართველო ნატოს, აშშ-ს და ევროკავშირს ჩაეხუტა - ზომაზე მეტად. ბელარუსი დსთ-ში დარჩა და რუსეთთან, ჩახუტების გარეშე, გააგრძელა საქმიანი ურთიერთობა.
თანამედროვე ბელარუსი წარმატებული სახელმწიფოა და არა მარტო მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, არამედ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოებით, სოციალური მდგომარეობით. ციფრებით თავს არ შეგაწყენთ, ინტერნეტშიც შეგიძლიათ იხილოთ. სიტყვით კი გეტყვით, რომ იქაური პენსიები საქართველოსთვის აუსრულებელი ოცნებაა - 250-დან 500 დოლარამდე, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.
ბელარუსის წარმატება რუსეთთან ურთიერთობითაც არის განპირობებული. მარტო ის რად ღირს, ბელარუსი რომ უაღრესად შეღავათიან ფასებში იღებს რუსულ გაზს. ამას გარდა, ბელარუსი სისტემატურად იღებს რუსეთის მილიარდიან კრედიტებს, სხვა შეღავათებს. გააქვს საკუთარი სამრეწველო თუ კვების მრეწველობის ნაწარმი რუსეთის ბაზარზე. და არა მარტო რუსეთის, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთში და ა.შ.
მავანი იტყვის - ყოველივე ეს ბელარუსს ძვირად დაუჯდა - სუვერენიტეტის დათმობადაცო, რაც სრული აბსურდია. დსთ ან ევრაზიული კავშირი, საბჭოთა კავშირი არ არის. ყველას თავისი „მე“ აქვს და მისი „დიდი ძმით“ ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია. ახალი ევრაზიული კავშირი გაცილებით დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე ევროკავშირი.
ევროკავშირისთვის დამახასიათებელი ცენტრალიზმი მეტწილად საბჭოთა კავშირის მსგავსია, რაც მის წევრებში ობიექტურ უკმაყოფილებას იწვევს, თანაც ისეთს, კავშირიდან გამოსვლის სურვილს რომ აღძრავს. მაგალითად დიდ ბრიტანეთს მოვიყვან, რომლის პრემიერ-მინისტრმა კემერონმა განაცხადა, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, რომელიც სულ მალე გაიმართება, უმალ დასვამს საყოველთაო რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს - ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის თაობაზე.
ავიღოთ ისეთი საკითხი, როგორიცაა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ევროპის ზოგი ქვეყანა წინააღმდეგია ამის, მაგრამ ბრიუსელის გადაწყვეტილებას ვერ ცვლის. ევროკავშირმა ერთხმად დაუჭირა კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი, თუმცა ცალკეულ ქვეყნებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
რაც შეეხება დსთ-ს, აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობისთვის მხარი არავის დაუჭირავს, ცხადია გარდა რუსეთისა. მთელ რიგ საკითხებში მინსკის აზრი არ ემთხვევა მოსკოვის აზრს, მათ შორის ისეთში, როგორიცაა ყირიმის მიერთება. ლუკაშენკო თვლის, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ზიანი არ უნდა მიადგეს.
ლუკაშენკო იყო პირველი, ვინც უარი თქვა საქართველოს განდეგილი ავტონომიების დამოუკიდებლობაზე. არადა, მას რომ ისინი ეღიარებინა, დანარჩენებიც არ დააყოვნებდნენ. ამდენად ლუკაშენკო, საქართველოსთვის უდავოდ გამორჩეული სტუმარია. პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან შუამავლობასაც გვპირდება, ერთობლივი საწარმოების გახსნასაც, სოფლის მეურნეობის გამოცდილების გაზიარებასაც და დახმარებასაც. ჯერი ჩვენზეა და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად მივუდგებით ლუკაშენკოს ინიციატივას.
მარგველაშვილ-ლუკაშენკოს მოლაპარაკების შემდეგ ითქვა, რომ საქართველო, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, იწყებს ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყანასთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც ხელს არ შეუშლის მათ პოლიტიკურ ორენტაციას. მართლაც ასეა, თუ სხვასთან გვაქვს საქმე?
წელიწადნახევრის წინათ ბრიუსელმა არ გაიზიარა იანუკოვიჩის, შემდეგ პუტინის წინადადება უკრაინა-რუსეთის ეკონომიკურ კავშირებთან დაკავშირებით. მაშინ ევროკავშირის შეფმა, ბაროზუმ ხისტად განაცხადა - ან დასავლეთი, ან აღმოსავლეთი. სხვათაშორის, იგივე ბრძანა აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ. ყოველივე ამან გამოიწვია „მაიდანი“ და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, დაქცევა.
ბრიუსელის მოსაზრება მარტო რუსეთ-უკრაინას ეხება და არა სხვას, მაგალითად საქართველოს? იქნებ მძიმე უკრაინული გაკვეთილის შემდეგ გამოფხიზლდა ევროკავშირი და შეცვალა პოლიტიკა? იქნებ, საქართველოს „საოცნებო“ ხელისუფლება მიხვდა, რომ დასავლეთთან 23-წლიანი ჩახუტება ნაყოფს არ იძლევა და სჯობს ისევ ნაცად ძველებთან ურთიერთობის აღდგენა? იქნებ, საქართველოს ხელისუფლება ისეა იმედგაცრუებული დასავლეთით, რომ ვაშინგტონ-ბრიუსელი ფეხზე დაიკიდა?
ყველა ეს კითხვა სერიოზულ პასუხს მოითხოვს, მაგრამ ვეჭვობ, ვინმემ გასცეს საფუძვლიანი პასუხი. შესაძლოა, არც პასუხი იყოს საჭირო, მითუმეტეს ამ ეტაპზე, როდესაც დასაწყისია და საქმეც ჩანასახშია. ამ შემთხვევაში მოთმინებაა საჭირო და მთავრობის მიერ ხალხის სისტემატური ინფორმირება - რა კეთდება!
ლუკაშენკოს უდავოდ ძალუძს პუტინთან ჩვენი საკითხების დასმა და თანაც არა ცალყბად. ვინ იცის, იქნებ სულაც პუტინმა მოავლინა ის აქ?
ეს, ის შემთხვევაა, როდესაც სულსწრაფობა, ჩვენი დამახასიათებელი თვისება, გვერდზე უნდა გადავდოთ და პრაგმატულად მივხედოთ საქმეს. ამ შემთხვევაში ნამდვილად გამოუსადეგარია ფანჯიკიძის სრულიად ქარაფშუტული თეორია - რუსეთთან იმ შემთხვევაში წასვლა მოლაპარაკებაზე, თუ ის გავა ცხინვალიდან და სოხუმიდან - ულტიმატუმის ენით პატარა და საკუთარი სისულელით დამარცხებული ქვეყანა არ უნდა მიმართავდეს დიდ სახელმწიფოს.
მოლაპარაკების დაწყებისთანავე, სავარაუდოდ მინსკში, აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის უმალ დაბრუნების საკითხი ვერ გადაიჭრება, ვინაიდან ეს ორი, უკვე უკავშირდება ყირიმს. ყირიმს კი რუსეთი არ დათმობს.
ჩვენ უნდა დავიწყოთ ხანგრძლივი, დამღლელი დიპლომატიური მოლაპარაკება, რომელიც თავისთავად ნიშნავს, როგორც მოგებას, ისე დათმობას. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს პირისპირ ლაპარაკის, ვინაიდან რუსი მგელი არ არის, მითუმეტეს კანიბალი. მაგრამ ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ ყოველი შეხვედრისთვის - არა ზერელედ, სერიოზულად. და თუ ამას მივაღწევთ, წარმატებაც არ დააყოვნებს.
და კიდევ ერთი რამ - მიუღებლად მიმაჩნია, მომავალ პარტნიორთან იმის გამუდმებით ძახილი - იმიტომ მოვედი, ნატოში და ევროკავშირში არავინ გვღეულობსო. იგივეს შევახსენებ ქართულ პოლიტოლოგიას, რომელმაც აქაოდა რუსული ტელესივრცე დაგვითმესო, უმალ იმის ძახილს მოჰყვა - იქ არ გვიღებენ და მეტი რა გზა გვაქვსო.
სხვათაშორის, ეს ის კატეგორიაა, რომელიც კომფორტულად გრძნობდა თავს სააკაშვილის მმართველობის დროს და ახლა ყველაფერს სააკაშვილს აბრალებს. ცხადია, სააკაშვილი და „ნაცები“ მთავარი დამნაშავეებია, მაგრამ არანაკლები მისი წინამორბედები, რომლებმაც, უგნური პოლიტიკით, ლამის დაღუპეს ქვეყანა.
რუსეთთან პირისპირ ლაპარაკის დასაწყისში ჩვენ წაგებულის პოზიციაში ვიქნებით. იქ ვერ ვიტყვით, რომ ის აგრესორია. ვიტყვით და ისეთ ფაქტებს დაგვიდებენ, თავს ვერ ავწევთ. თუ ამას დავუმატებთ - ნატო და ევროკავშირი არ გვღებულობს და იმიტომ მოვედითო, არ ივარგებს. ისე, როგორც არ ვარგა ზოგიერთი პოლიტოლოგის უკვე გაკეთებული განცხადება. ბოლოსდაბოლოს, იქნებ ლუკაშენკოს მაგალითი აგვეღო. ის, ხომ პოლიტიკურად ვაჭრობს კრემლთან და ხშირად წარმატებულად.
პოლიტიკა დიდი თამაშია და მასში მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც იცის მისი ანბანი, ვინც ერთს დათმობს, მეორის მოსაგებად და ეს მეორე გაცილებით მნიშვნელოვანია იმ პირველზე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
26/04/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.