ფიქრები ლართან და ეკონომიკასთან დაკავშირებით

hamlet chipashvili-politologi

ლარის გაუფასურება და რუსეთთან ურთიერთობა, ისეთი თემებია, წამდაუწუმ რომ ახსენებს თავს ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ კრიზისულმა მდგომარეობამ (ორივე საკითხთან დაკავშირებით) კულმინაციას თებერვლის ბოლო დეკადაში მიაღწია. რა არ ითქვა იმ დღეებში საქართველოს მთავრობაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდზე, „ნაციონალებზე“ და ხელისუფლების „შემქმნელ“ ბიძინა ივანიშვილზე. გამწარებული ხალხი თავის წუხილს რადიო-ტელესივრცეში გამოხატავდა.
ხალხის რისხვა დღესაც გრძელდება და ალბათ კარგა ხანს გაგრძელდება, ვინაიდან ის, რაც საქართველოს სჭირს, ძნელად განკურნებადია. არის ერთი გზა - ან უნდა შეეგუო სიტუაციას, ან იარაღი აისხა და კინწისკვრით გარეკო ხელისუფლება, რომელმაც ბევრი კეთილი დაპირების ნაცვლად, ის გვისახსოვრა, რასაც დაქცეული ეკონომიკა ჰქვია.
ხალხი იქადნება - არ დაგივიწყებთ ფეხებზე დაკიდებას და საპარლამენტო არჩევნებზე ისე მოგისვრით, პატრონმა რომ ვერ გიპოვოსო.
ქუჩაში იარაღშესხმული გამოსვლა, უფრო გულის ფხანაა და მეტი არაფერი, ვინაიდან ხალხს ამის თავი არ აქვს, არც სურვილი. ხალხი ვადამდელ არჩევნებსაც მოითხოვს და ფიქრობს, რომ სწორედ ცხელ გულზე იქნება შესაძლებელი დღევანდელი ხელისუფლების გარეკვა, თუმცა ის ასეთ კითხვასაც სვამს - გავრეკავთ ანუ არ ავირჩევთ, მაგრამ ვინ ავირჩიოთ, ვის ვენდოთ, ვინ გადაარჩენს ქვეყანასო.
და როდესაც ამას ფიქრობს, წინ უდგება სააკაშვილის პორტრეტი, ირგვლივ შემოკრებილი „ნაცებით“ და ყველა კრიმინალით, ვინც ფაქტიურად მიიყვანა ქვეყანა კოლაფსამდე. ზოგი ისეა გამწარებული, სააკაშვილის ჩამოსვლაზეც ოცნებობს, რაც კარგად იცის მან და „ნაცებმა“, ამიტომაც მეთოდურად, გონივრულად იყენებენ მედია-სივრცეს და საზოგადოებას ერთი წუთითაც არ აძლევენ მათგან დასვენების, მათი დავიწყების შანსს.
“ნაცები“ და მათი ბელადი, „საოცნებო“ ხელისუფლების ხელით, აკეთებენ საქმეს, რომელიც უდავოდ წააქცევს ქვეყანას და „ნაციონალებს“, როგორც ქვეყნის გადამრჩენებს, გზას გაუხსნის ხელისუფლებისკენ. „არა, ეს არ მოხდებაო“, - აცხადებენ „ოცნებელები“ და მათი მხარდამჭერი „ექსპერტები“.
ცდებიან ისინი, აშკარად ცდებიან. მსოფლიოს თანამედროვე ისტორიას არაერთი მაგალითები აქვს ყოფილი, მიუღებელი მმართველის ჩახუტების. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ჩვენი ისტორია. ე.წ. ეროვნულმა ხელისუფლებამ (ე.წ. იმიტომ ვხმარობ, რომ ყველა დანარჩენიც თავს ეროვნულად ასაღებდა, ახლა მოდით და თქვენ გაიგეთ, ვინ მეტი ეროვნული იყო და ვინ ნაკლები), რომელმაც თავი ვერ გაართვა ქვეყნის მართვას, გამოიწვია, 1985 წელს მოსკოვში დაწინაურებული ყოფილი მმართველის, შევარდნაძის სამშობლოში დაბრუნება. არადა, მოსკოვში წასვლამდე საქართველოს მოსახლეობაში საყოველთაო ნეგატიური განწყობა სუფევდა ამ პიროვნების მიმართ, ცხადია არა ისეთი ნეგატიური, როგორიც სააკაშვილის მიმართ არის დღეს, მაგრამ ვინ იცის, რა სახის უსუსურობას გამოავლენს „საოცნებო“ ხელისუფლება?
მაინც, რას ედავება ხალხი ხელისუფლებას, რატომ თვლის ის, რომ დამნაშავე ხელისუფლებაა და სხვა არავინ?
უპირველეს ყოვლისა, ედავება იმას, რომ დანაპირებს არ ასრულებს. დანაპირები კი უხვი იყო - სამართლიანობის აღდგენიდან დაწყებული, 200 ახალი საწარმოს გახსნით და ხალხის დასაქმებით დამთავრებული. დანაპირებში რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაც იყო. ერთი სიტყვით იყო ყველაფერი, რაც საამური ცხოვრების უცილობელ პირობებს შექმნიდა, მაგრამ ისე, როგორც ზღაპრული დანაპირები, ზღაპარივით დარჩა - ცხადია ხალხისთვის და არა ხელისუფლებისთვის.
თუმცა კაცმა რომ თქვას, მან (ხელისუფლებამ) მართლაც ზღაპრული ცხოვრება მოიწყო - მსუყე ხელფასებით და ხელფასზე დანამატებით, საზღვარგარეთ სისტემატური მოგზაურობით და იქ ზღაპრული ცხოვრებით, განუსაზღვრელი რაოდენობის სატელეფონო ხარჯებით, სხვა ხარჯებით, მაგალითად ბენზინის, ფეშენებელური ავტომანქანების, ბოლო გამოშვების მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
„ოცნების“ ხელისუფლებამ, ორწლიანი „მართვის“ განმავლობაში, რაც გამოავლინა, არის მოჭარბებული პრინციპულობა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. ხელისუფლება შეუპოვარია, თუნდაც ისეთ საკითხში, როგორიცაა ახალი სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენა. წელიწადნახევარია ამ თემაზე გაცხოველებული ლაპარაკი მიმდინარეობს, მაგრამ „შეაყარე კედელს ცერცვი“. გასულ წელს 145 მილიონი ლარი დაიხარჯა ახალი ავტომანქანების შეძენში, წელს კი - რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩაერიცხა ფირმა „ტოიოტას“ ახალი ავტომანქანების „ტოიოტა-ქამრის“ შესაძენად.
ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა ბრძანა: - „ეკონომიკის სამინისტროს შენობასაც გავყიდით, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებს და 300 მილიონ დოლარს შევიტანთ სახელმწიფო ბიუჯეტშიო“. კეთილი, მაგრამ 180 მილიონს, რომ ხარჯავ სამსახურებრივ ტრანსპორტში?
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტყემალაძემ, პარლამენტარ ტყემალაძის ვაჟმა, იმდენი ტონა ბენზინი დახარჯა, მთელი საკრებულო და მერია ერთად აღებული რომ ხარჯავს, თუმცა ვინ იცის რამდენს ხარჯავენ ესენი? ვგონებ არანაკლებს, ვიდრე უმცროსი ტყემალაძე. სამინისტროში ყავის და ტუალეტის ქაღალდის შეძენისთვის დახარჯული ფულის შესახებ ხომ ანეკდოტები დადის.
ახლა ავიღოთ საზღვარგარეთის ქვეყნებში სისტემატური მივლინებები - იქ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრბა, „ლიმუზინებით“ გადაადგილება, თვითმფრინავის ბიზნეს-კლასით მოგზაურობა, მასპინძლების რესტორნებში გამასპინძლება და საჩუქრების მირთმევა. მავანი „ოცნებელი“ იტყვის - აბა, როგორ გინდათ, საქმეს სჭირდებაო. მაგრამ საქმე რომ არ სჩანს? უსაგნო ხეტიალი „ნაცური“ ხელისუფების დამახასიათებელი თვისება, კარგად გადაიღო „საოცნებო“ ხელისუფლებამ, თუმცა რა გასაკვირია, მათ რიგებში ხომ უხვად არიან „ქოცებად“ ქცეული „ნაცები“?!
არც ერთი ქვეყნის, თუნდაც ისეთი მდიდრის, როგორიც გერმანიაა, პარლამენტარი ან მთავრობის წევრი თავს უფლებას არ მისცემს (არც კანონი აძლევს ამის შესაძლებლობას) დაოთხილი ირბინოს უცხოეთში. გერმანიის ბუნდესტაგში სტაჟირებისას მითხრეს, რომ ბუნდესტაგის წევრი საშუალოდ მხოლოდ 2-ჯერ თუ გაემგზავრება უცხოურ მივლინებაში მთელი მოწვევის განმავლობაში.
რაც შეეხება პერსონალური ავტომანქანით სარგებლობას - მსგავსის უფლება აქვთ მხოლოდ ბუნდესტაგის თავმჯდომარეს, პირველ მოადგილეს და აპარატის უფროსს, დანარჩენი მოადგილეები, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელები სარგებლობენ გამოძახებით, მხოლოდ ბერლინის ფარგლებში, თანაც წერილობითი მიმართვის შემდეგ, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს - რა საქმისთვის სჭირდება დეპუტატს ავტომანქანა. რაც შეეხება ბერლინის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას - ჩვეულებრივი ტრანსპორტი და მისი ჯანი.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ერთხელ, ისრაელის საელჩოს დიპლომატმა მომმართა რჩევისთვის, როგორ გამგზავრებულიყო ბათუმში. ვურჩიე - ავტომანქანით მეთქი. „ძვირიაო“, - მითხრა და მატარებელი აირჩია. ისრაელის დიპლომატი ბათუმში მივლინებით მიდიოდა.
მკითხველმა კარგად იცის, რომ ისრაელის ეკონომიკური მდგომარეობა ათასჯერ უკეთესია, ვიდრე საქართველოსი. ფულის დაზოგვა, რაც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მითუმეტეს ისეთი გავერანებულის, როგორიც ჩვენია, აუცილებელია, დაწყებული მოხელეთა ხელფასებით, სატელეფონო ხარჯებით, ტრანსპორტით და საზღვარგარეთის მივლინებების შეზღუდვით დამთავრებული. საქართველო ის ქვეყანა არ არის, რომლის სახელმწიფო მოხელემ, არაბული საამიროების შეიხებივით იმოგზაუროს უცხოეთში.
1990 წლიდან იწყება საქართველოს ახალი საპარლამენტო ცხოვრება. პირველმა პარლამენტმა, 1991 წლის დეკემბრის ომამდე გაძლო. მოკლე იყო 1992 წლის შემოდგომით არჩეული პარლამენტის მუშაობაც - 1995 წლის შემოდგომამდე. დანარჩენი ორი მოწვევაც დიდი უკმაყოფილებით წარიმართა, რაც შემდეგ მოწვევებსაც გადაედოთ.
თუ საღი თვალით შევხედავთ ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობას, დავინახავთ, რომ მეტნაკლებად წარმატებულად 2 წელიწადის განმავლობაში მუშაობს, მაგრამ აქაც არის გამონაკლისი „ოცნების“ პარლამენტის სახით. 2 წლის შემდეგ გაისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თემა. ჩემის აზრით, უმჯობესი იქნებოდა ძალით შეკოწიწებული საპარლამენტო 4-წლიანი ვადის 2.5 წლამდე დაყვანა. ამით მკვეთრად შეიცვლება ამომრჩევლის დამოკიდებულება არჩეულისადმი (ორწელიწადნახევარს როგორმე გაძლებს), თვით პარლამენტის მიდგომა საქმისადმი.
ახლა კი გადავიდეთ თემაზე, რაც ჩვენი ეკონომიკის ჩავარდნის საფუძველია და რის შესახებაც ლაპარაკი ერიდებათ. საქართველო მაშინ იყო მწარმოებელი ქვეყანა, როდესაც არსებობდა ცენრალიზებული სისტემა და მკაცრი კონტროლი. საქართველო საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა, რაც თავისთავად გამორიცხავს ცენტრალიზებულ, გეგმურ, ვერტიკალურ მმართველობას, მაგრამ არ გამორიცხავს სახელმწიფო კონტროლს, მათ შორის ბიზნესზეც.
დღეს, ეს კონტროლი აღარ არსებობს. ქვეყანაში არ ფუნქციონირებს თუნდაც ასანთის ან ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი საწარმო. ქვეყანას ყველაფერი შემოაქვს და მათ შორის ისეთიც კი, მწვანილი რომ ჰქვია. ბაზარში, წლის ნებისმიერ დროს, ნახავთ სომხურ ტარხუნას, ქართულის ჭაჭანება არ არის. ავიღოთ ხილი - ძირითადად იმპორტული, თანაც კილოგრამი 5-6 ლარი.
23 დამოუკიდებელი წელიწადის განმავლობაში, მრეწველობა-სოფლის მეურნეობაგანვითარებული ქვეყანა, თანაც 76 დასახელების ნაწარმის, მათ შორის მძიმე მრეწველობის ექსპორტიორი, იმპორტიორად გადაიქცა ანუ ჭამის და მონელების ქვეყნადს. ვინ გვაქცია ასეთად? - ჩვენმა „საყვარელმა“ დასავლეთმა, უპირველესად აშშ-ა.
რატომ? - იმიტომ, რომ საქართველოს წარსული ეკონომიკური წარმატებების შესახებ მას არაფერი სმენია, ისე, როგორც ისტორიისა და კულტურის, ცხოვრების წესის შესახებ. გარდა ამისა აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელსაც სხვისი წარსული, თუნდაც დიდი ისტორიის შემცველი, ფეხებზე ჰკიდია. ის პრაგმატული მოაზროვნეა, დღევანდელ დღეზე და ხვალინდელზე მომართული. ამასთან ერთად მას არ აინტერესებს საქართველოს არც ინდუსტრიალიზაცია და არც აგრარული წინსვლა. ერთი რამ, რაც მას აინტერესებს, ტურიზმია და ისიც მცირე დოზით.
საქართველოს ტურიზმის მექად გადაქცევის იდეა ხალხს სააკაშვილის ტვინის ნაყოფი ჰგონია, არადა აშშ-ს ზოგიერთი მოხელის გამოგონებაა. მავანი შემედავება - აშშ-ა მილიონობით ფული დახარჯა საქართველოშიო.
დახარჯა, მაგრამ რაში? - ე.წ. დემოკრატიის განვითარებაში, სასამართლო სისტემის „დახვეწაში“, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახის ტრენინგებში, მაგრამ არა ფაბრიკა-ქარხნებში, საწარმოებში. გამონაკლისი ლუგარის ბიოლოგიური ცენტრია - ერთობ საეჭვო დანიშნულების.
არც საქართველოს ხელისუფლებას გასჩენია მსგავსი აღმშენებლობის სურვილი. არადა ქვეყნის ეკონომიკა მარტო იმპორტზე ვერ იქნება. არც ინვესტორი ჩანს - ამერიკელი, ევროპელი. ვინც ჩანს, არის თურქი, რუსი, ირანელი. ამ უკანასკნელს საქართველოს ეკონომიკაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში ჩასადები გეგმაც და ფულიც დავახვევინეთ და ლამის უკან შევტენეთ.
სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ჰქონდა მას - 4-5 მილიარდევროიანი. „კარგიაო“, - თქვა „საოცნებო“ ხელისუფლებამ და არც არაფერი, ისე გაყუჩდა, თითქოს ირანს ოფიციალურად არ წარედგინა ბიზნეს-პროექტები. ნაცვლად ამისა, ირანს სავიზო რეჟიმიც დაუწესა, საბანკო ოპერაციებიც აუკრძალა და ისეთ დღეში ჩააგდო, მტრულად მოსულსაც რომ არ ეკადრება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას ეკონომიკის არარსებობას და ტურიზმის შემცირებას აბრალებს. არადა ამავე ხელისუფლებამ ხომ თვით გამოიჭრა ყელი - ირან-ერაყის ტურისტებისთვის სავიზო მკაცრი რეჟიმის დაწესებით?!
თითქმის ერთი თვე გავიდა უსუფაშვილის ირანში ვიზიტიდან, სადაც ის დაჰპირდა მასპინძლებს ირანთან უვიზო მიმოსვლას. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არაფერი გაკეთებულა. არადა, რა დიდი პრობლემაა, მიღებული კანონის ჩასწორება? არც არფერი, მაგრამ როდესაც არც ნებაა და არც სურვილი, ისეთი მარტივი საქმე, როგორიც კანონში შესწორებაა, პრობლემა ხდება.
მავანი მეტყვის - არც ისე მარტივია ამ კანონის ჩასწორებაო. მართალია მავანი და რატომ, როდესაც დამოკიდებული ხარ სხვაზე, უპირველესად დასავლეთზე და გეშინია, რომ ჩასწორებით არ დაგტუქსონ, ვერაფერს მიაღწევ.
საქართველოს მოჭარბებულად „სუვერენულ“ ხელისუფლებას, აშშ-ს შიშით, არ შეუძლია კანონის შეცვლა, ისე, როგორც არ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. და რახან არ შეუძლია, რაღაც საფრთხეებზე უნდა ილაპარაკოს. არადა არავითარ საფრთხეებს ადგილი არ ექნებოდა და ექნება, საქართველოს ხელისუფლება რომ გონივრულად მოქცეულიყო ან იქცეოდეს. ერთი ვაიუშველებელი ატყდა, აბაშიძემ როგორ თქვა - ნატოში ჯერ-ჯერობით არ გვიღებენ და აფხაზებთან და ოსებთან დავიწყოთ ლაპარაკიო. ყველა ერთხმად გაჰკიოდა - საქართველო ასცდა პროდასავლურ კურსსო და რუსეთისკენ შებრუნდაო.
კეთილი, მაგრამ თუ ეს მართლაც მოხდა ან მომავალში მოხდება, რა არის ამაში თმებდასაგლეჯი? ქვეყანამ დაინახა, რომ გზა, რომელსაც ის მიჰყვება, არ გამოდგა და იფიქრა, ნაცად გზაზე დაბრუნება, თანაც სხვა ამპლუაში და არა ისეთში, როგორშიც საქართველო საბჭოთა კავშირის დროს იყო.
რით არის საქართველო მეტი ან წარმატებული ეგვიპტეზე, ისრაელზე, თურქეთზე, სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ცდილობენ საბაჟო კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას?
რით არის საქართველო აღმატებული დსთ-ს წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ, პარალელურად დასავლეთთან ურთიერთობენ?
რით არის გამოწვეული რუსეთის მიმართ ავადმყოფური შიში - ჩაგვყლაპავსო? უცოდინრობით, თანამედროვე საერთაშორისო საკითხებში გაუთვითცნო¬ბიერე¬ბ-ლობით.
მავანი უმალ მომახლის 2008 წლის ცხინვალის ომს და ოკუპაციას, უკრაინის ამბებს, რაზეც მივუგებ - ცხინვალის ომი და უკრაინის მოვლენები სწორედაც რომ დასავლეთისადმი მონური დამოკიდებულების ნაყოფია და კიდევ იმის, რასაც ქვეყნის მმართველის მზაკვრობა ჰქვია.
თუ დსთ-ს წევრ არც ერთ ქვეყანას რუსეთის არ ეშინია, რამ შეგვაშინა ისტორიულად ამაყი და მედგარი ქართველობა?!
არადა ჩვენი ხსნა ნამდვილად რომ არ არის ცისფრად შეფერილ ევროკავშირში (იქაც ვინ გვიღებს), ფაქტია. ბაზარგაჯერებულ ევროპას არც ჩვენი ღვინო უნდა და არც „ბორჯომი“. მას, რაც უნდა მიიღო - რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე პლაცდარმის შექმნა და ჩვენი ხელით ანტირუსული საქმის კეთება, ისევე, როგორც უკრაინელის ხელით.
საქართველო მზადაა ნატოს სასწავლო ცენტრისთვის და ამით ჰგონია რუსეთისგან თავს დაიცავს ანუ აშშ-ნატოსთან კავშირით, რუსს გადააფიქრებინებს აგრესიას, იქნებ პირიქით? არ არის დასავლეთი ამ საქმეში სანდო, ისე, როგორც მოძლიერებულ ექსტრემისტულ ისლამიზმისგან საქართველოს დასაცავად. ერთადერთი, ვინც ამ გამოწვევაში დაგვიდგება - რუსეთია, ვინაიდან საქართველოს გადარჩენა მის სტრატეგიულ ინტერესებშია და არა პირიქით.
რუსეთს უხიფათო სამხრეთის საზღვრები აინტერესებს და არა საქართველოს გაცისფერება, გალიბერალება. მას მართლმადიდებელი საქართველო აინტერესებს და არა საინტიზმით, ბაპტიზმით, რეაქციული ისლამით გაჯერებული ქვეყანა.
გარდა ამისა, მას ჯერაც აინტერესებს საქართველოს ღვინო და მინერალური წყლები, ბოსტნეული და ხილი, სამომავლო პროდუქცია, რომელიც საქართველოს დღეს არ აქვს, მაგრამ ყაირათიანი, მიზანმიმართული მუშაობით ხვალ ექნება. რუსეთის, დსთ-ს ბაზარი უკიდეგანია, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, იმ ძველი პოზიციების დაბრუნებას, რომელმაც მას შორს გაუთქვა სახელი.
ასე რომ, უმჯობესია ვიფიქროთ პრაგმატულად და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ქვეყნის, მისი ხალხის ინერესები მოითხოვს და არა ისე, დღეს რომ ვიქცევით, სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
01/03/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.