საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


„სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

დღე ისე არ ჩაივლის, რაღაც ახალი წინადადებით გული არ „გაგვიხაროს“ ჩვენმა ხელისუფლებამ. ასე იყო სულ ახლახანს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გულისნადები გაგვანდო: - ორთაჭალაში „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა იწყებაო. „გადავწყვიტეთ, მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ორთაჭალაში იმ ადგილას, სადაც ბიზნეს-სახლის პროექტი ხორციელდება, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა, რაც ერთი მხრივ იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროებისთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი...“.
მოდით სერიოზულად გავარჩიოთ პრემიერის ნათქვამი. მაშ ასე, პრემიერი ამბობს სიტყვა „გადავწყვიტეთ“, მრავლობით რიცხვში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს „გენიალური“ იდეა მარტო მას კი არ ეკუთვნის, არამედ კიდევ სხვას - ერთს ან რამდენიმე პირს. საინტერესოა, ვინ არიან ისინი?
თუ მრავლობითში მხოლოდ ერთი კაცი და პრემიერი იგულისხმება, ის, ერთი - ცნობილია. მისი სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილია - გრანდიოზული, მაგრამ ყოვლად გამოუსადეგარი მშენებლობების ავტორი. მარტო შეკვეთილის 100 მილიონ დოლარად ღირებული საკონცერტო დარბაზი რად ღირს ან დაცარიელებულ ქუთაისში და საქართველოში, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა - გათვლილი 50000 სტუდენტზე?!
გარდა ამისა, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა სერიოზულ სახელმწიფო თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც თავის თავზე კვირიკაშვილი არ აიღებს. ვეჭვობ, რომ ის, რაც კვირიკაშვილმა თქვა, სულაც არ არის მისი იდეა. ის, უბრალო გამხმოვანებელია ივანიშვილის დავალების.
ისევ სიტყვა „გადავწყვიტეთ“-ის შესახებ. საბჭოთა პერიოდში მცხოვრებ ადამიანებს კარგად ახსოვთ ეს სიტყვა და მისი მნიშვნელობა, როდესაც სიტყვა „გადავწყვიტეთ“, სსრკ კპ ცკ გენერალური მდივანი ამბობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ გადაწყვიტა პოლიტბიურომ, ე.ი. პოლიტბიუროს არა ერთმა ან ორმა, არამედ მრავალმა წევრმა, უმრავლესობამ, რაც აშკარად მიანიშნებდა არა ერთის გადაწყვეტილებაზე, არამედ კოლექტივის. ვერც ერთი გენერალური მდივანი, სტალინით დაწყებული, თავს უფლებას ვერ მისცემდა პოლიტბიუროს წევრების გარეშე გადაეწყვიტა საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი თუ მცირე საკითხი. და ეს, იმ „ავადსახსენებელ“, არადემოკრატიულ საბჭოთა სისტემაში. აქ, ჩვენს რეალობაში კი, რა ხდება?!
„მოჭარბებულად დემოკრატიული“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუნდაც მთავრობის წევრებთან შეთანხმების გარეშე, ფაქტის წინაშე აყენებს მათ, პარლამენტის უმრავლესობას, პოლიტიკურ პარტიებს და საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთობ საგრძნობ საკითხს - სამთავრობო მშენებლობას აცხადებს.
არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავს თავხედობას ადგილი არ ექნება და არა მარტო დემოკრატიულში, არადემოკრატიულშიც კი, ვინაიდან ის არა მარტო სახელმწიფო ფულის უყაირათო ხარჯვას ეხება, არამედ მშენებლობას, რომლის აშენების შემთხვევაში კარდინალურად შეიცვლება დედაქალაქის ლანდშაფტი, ცხოვრების რითმი, იერსახე და ა.შ.
ვიდრე პრემიერი სიტყვა „გადავწყვიტეთ“ იტყოდა, საჭირო იყო სპეციალისტებთან, განსაკუთრებით არქიტექორებთან, ურბანისტებთან, ქალაქის მესვეურებთან, სხვებთან და სხვებთან საკითხის აწონ-დაწონა, გააზრება იმისა, რისთვის არის საჭირო „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა; რით არის ეს გამოწვეული; ვინ ააშენებს ამ „ქალაქს“ - ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტები; როგორი იქნება ამ „ქალაქამდე“ მისასვლელი გზების გამტარიანობა; მოხდება თუ არა დამატებითი გზების მშენებლობა და სხვა. და როდესაც მათთან შეჯერდებოდა მთავრობა, მაშინ მიმართავდა თბილისელებს ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელების თაობაზე.
„სამთავრობო ქალაქის“ აშენება ისეთი საკითხია, რომ თბილისელთა ჩართვას საჭიროებს და მათ ხმას, თუნდაც საქალაქო პლებისციტით. „ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის ფართი გამონთავისუფლდება“ - გვეუბნება კვირიკაშვილი და იმედი აქვს, რომ გამოთავისუფლებულ შენობას ვინმე უცხოელი, ოფისისთვის ან სასტუმროსთვის შეისყიდის.
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა რახანია გამოთავისუფლებულია და უპატრონობისგან ჩვენს თვალწინ ინგრევა. არაერთი ხმაურიანი განცხადება, რომ შენობა ვიღაც ცნობილმა ფირმამ შეიძინა და მალე სასტუმრო გაიხსნება - არ გამართლდა. ანალოგიური ბედი ეწია მტკვრის სანაპიროზე, რესტორან „არაგვს“, რომელიც სასწრაფოდ დაანგრიეს და დარჩა ასე შემოღობილ-დანგრეული, მსუყე ინვესტორის მოლოდინში. იქაც სასტუმროს გეგმავდნენ.
თვალი შევავლოთ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობას, რომელიც, როგორც ამბობენ, ივანიშვილის საკუთრებაა და დგას უაზროდ, ნახევრადდანგრეული, უიმედოდ შეჰყურებს მომავალს. ანალოგიური ბედი ეწია „ზაკვოს“ ყოფილ შენობას თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც „თიბისი ბანკმა“ შეიძინა - „გამოქუთნა“ და მიატოვა, როგორც დანგრეული ალეპო.
რა გარანტიაა, რომ გამოთავისუფლებულ ფართს ვინმე შეიძენს და იქ ოფისებს ან სასტუმროებს გახსნის? არავითარი. მაგალითი - კოსტავას ქუჩაზე მდებარე პრესის ყოფილი სახლია, რომელიც, მიუხედავად არაერთი განცხადებისა, ჯერაც სრულად არ შესულა ექსპლუატაციაში.
საქართველოს ხელისუფალთ, რომ სასტუმრომანია სჭირთ, გასაკვირი არ არის. მათი ვიწრო აზროვნება სხვას ვერ წვდება, ვერც იმაზე ფიქრობს - ამდენი სასტუმროები სჭირდება თუ არა ქალაქს?
თბილისი ვერასდროს იქცევა ისეთ ტურისტულ მექად, როგორიც რომი, პარიზი, მადრიდი ან თუნდაც სტამბოლია, ვინაიდან ამ ქალაქში არც გასართობია, არც ისეთი ღირშესანიშნაობები, როგორიც ქაიროში, ათენში ან ზემომოყვანილ ქალაქებში; არც მუზეუმები და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტებია, რითაც ტურისტების ყურადღების მოპყრობა იქნება შესაძლებელი.
ხელისუფლება ტურიზმის განვითარებას მხოლოდ სასტუმროს უკავშირებს და არა ქალაქის ან ქვეყნის ინფრასტრუქტურას, ნორმალურ გზებს, არანაკლებ ნორმალურ ტროტუარებს, სისუფთავეს, წესრიგს, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობას, მომსახურებას სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში, თავაზიანობას და სხვა მრავალ მსხვილმან-წვრილმანს - ტურიზმისთვის აუცილებელ საქმეს.
ტურიზმს, ქიმიკატებით გაჯერებული თურქული მდარე ხარისხის კვების პროდუქტებით ვერ განვავითარებთ, ვერც მაკარონით შეზავებული ხაჭაპურით. ყველიანი ხაჭაპურის ყიდვა ისეთივე სიძნელეს წარმოადგენს, როგორც ხორციანი ღვეზელის. საქართველოში დასავლეთიდან ძირითადად „ჰოსტელის მუშტარი“ ტურისტი ჩამოდის, რომელიც იმ კუთხე-კუნჭულშიც დადის, ჩვენ რომ თავს ვარიდებთ ანუ შარდით აყროლებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრებში, ჭუჭყიან ქუჩებში. ის, სწორედ ე.წ. ხაჭაპურით (უყველო), ღვეზელით (უხორცო) იკვებება და დარწმუნებული ვარ, არასდროს შეაქებს ქართულ სამზარეულოს.
ასე, რომ სასტუმროებისთვის ფართის გათავისუფლება წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. უკვე რამდენი წელიწადია აღმაშენებლის გამზირზე უპატრონოდაა მიტოვებული ყოფილი სასტუმრო „რუსთავის“ შენობა. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში არაერთი მერი შეიცვალა. არც ერთ მათგანს თავში აზრადაც არ მოსვლია ეკითხა, რატომ არის ეს შენობა მიტოვებულ-გაპარტახებული?
პრემიერის ინიციატივას უმალ მხარი აუბა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალავიძემ: „ჩვენ, უნდა მივიღოთ ენერგოეფექტური შენობები. ჩვენ მრავალი ქარტიის მონაწილე ვართ, სადაც ხელი გვაქვს მოწერილი ამ მიმართულებით. ამას, რომ თავი დავანებოთ, ჩვენი სამინისტროების უმეტესი ნაწილი ზის ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომლებიც ძალიან საინტერესოა სასტუმროს და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. ... გადავიდეთ, უფრო კომპაქტურად, ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს“.
ალავიძის ნათქვამმა უმალ გამიჩინა კითხვა - ვინ ააშენებს „სამთავრობო ქალაქს“, თანაც ენერგოეფექტურს? საქართველოს ძველ, გამოცდილ და ცნობილ არქიტექტორებსა და მშენებლებს ამის თავი აღარ აქვთ. ისინი სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩარეცხა, ისე, როგორც ნებისმიერი დარგის სპეციალისტი. გარდა ამისა, მათ დისკვალიფიკაცია განიცადეს. ახლებს არც გამოცდილება აქვთ და არც შესაბამისი განათლება, რაც აშკარად სახეზეა თბილისში მიმდინარე საბინაო მშენებლობიდან გამომდინარე.
„სახელისუფლებო ქალაქს“ ურბანისტ-არქიტექტორი სჭირდება, გამოცდილი და ამ საქმის მცოდნე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ უჰაერო აკვარიუმს მივიღებთ, როგორიც პარლამენტის შენობაა ქუთაისში. საჭირო იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, თუ არადა, აშენდება ისეთი ერთჯერადი საქათმე, როგორიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ვაკე-საბურთალოს გამგეობაა.
ალავიძე მომჭირნეობასაც ეხება, თითქოს სამინისტროების გადასვლა და ფარღალალა შენობებში განთავსება ხელს შეუწყობს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას. და ამას ამბობს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში ვერაფრით გადმოიყვანა პარლამენტი ქუთაისიდან, თბილისში.
პარლამენტის ქუთაისში ყოფნა რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონებს ფლანგავს - ეს ამ ხელისუფლებას არ აწუხებს და ფეხს ითრევს დაპირების შესასრულებლად. უმრავლესობაში მყოფი „ოცნება“ არ ჩქარობს თბილისში დაბრუნებას, რაც ალბათ კვირიკაშვილის ინიციატივითაცაა განპირობებული. გამორიცხული არ არის პარლამენტის თბილისის შენობის გაყიდვაც და მისი ქუთაისში სამუდამოდ დატოვება.
ალავიძის განცხადებიდან გამომდინარე, რაღაც ვერ ვიხსენებ ისტორიულ შენობაში განთავსებულ სამინისტროს, გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა - ჩიტაძის ქუჩაზე, ამორტიზებულ, ძველ და სამინისტროსთვის ერთობ მოუხერხებელ შენობაში განთავსებულს. აი, რაც შეეხება პარლამენტს, ის მართლაც ფუნდამენტურ, სოლიდურ შენობაშია განთავსებული, თანაც რუსთაველის პროსპექტზე.
ამ შენობას 1992 წლის დასაწყისში (ომის შემდეგ) თვალი დაადგეს „პატრიოტმა“ ქალაქის მესვეურებმა, რომლებმაც იმ საბაბით, რომ 1991-92 წლების მსგავს სამხედრო დაპირისპირებას მომავალში არ ჰქონოდა ადგილი, გადაწყვიტეს პარლამენტის ახალი შენობის თბილისის ზღვაზე აშენება (ცენტრიდან შორს). გარდა ამისა, რუსთაველზე არსებული სამინისტროების სხვაგან გადატანა და რუსთაველის პროსპექტის სალაღობოდ გადაქცევა.
ეს იყო მოტივი, რომელიც 1992 წლის თებერვალს დროებითი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. სინამდვილეში „პატრიოტ ქართველებს“ პარლამენტის შენობის, ბიზნესისთვის გადაცემა სურდათ და იქ მაღაზიების გახსნა და რომ არა ცხონებული გოგი ანდრონიკაშვილის, თქვენი მონამორჩილისა და არქიტექტორ ვახტანგ ცუხიშვილის ძალისხმევა, შენობა დიდი ხანია ბიზნესის ხელში იქნებოდა. იმ ძველი ქართველი „პატრიოტების“ ნაშიერები აპირებენ მამათა მიერ განუხორციელებელი იდეის განხორციელებას.
გარდა ჩამოთვლილი ნეგატიური მომენტებისა, უდავოდ უნდა აღვნიშნოთ მთავარი - კვირიკაშვილის ინიციატივა გაჟღერდა შიმშილის ზღვარზე მყოფ, ეკონომიკურად გაღატაკებულ საქართველოში. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს ხალხის შიმშილისგან გადარჩენას - „სამთავრობო ქალაქის“ აშენებას გეგმავს, რითაც მილიონობით ლარისა თუ დოლარის ფლანგვას აპირებს.
ამას წინათ, ქალაქის მერმა ნარმანიამ - სააკაშვილის მიერ აშენებული საშინელი ორი “ტრუბების“ დემონტაჟისთვის და ძველი ქალაქიდან გადატანისთვის ფული არ გვაქვსო - განაცხადა. მაშ, რა მშენებლობაზე გვეუბნება კვირიკაშვილი? ნეტავ, უფულოდ მოხდება „სამთავრობო ქალაქის“ აშენება?
და ბოლოს - კვირიკაშვილის ინიციატივა იმდენად სერიოზულია, უდავოდ შეთანხმებულია ივანიშვილთან, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ივანიშვილისაა და არა კვირიკაშვილის, ვინაიდან, მას მოსდის ესოდენ გაფრენილი „აღმშენებლობითი“ იდეები, მასთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიების დასასაქმებლად, ცხადია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
მოდით გაუთავებლად ვიძახოთ - სააკაშვილისგან გაგვათავისუფლაო, თვალი დავხუჭოთ „საგმირო“ საქმეებზე, რისი მოწმენიც გავხდით და გავხდებით. ვაქოთ ისე, როგორც ამას აკეთებს ქალბატონი ლია სტურუა, „საქართველოს რესპუბლიკა“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. და ერთი წუთითაც არ ვიფიქროთ - საით მივდივართ ან რა ჰქვია იმ მმართველობას, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.
მმართველობას, რასაც საქართველოში აქვს ადგილი - ერთი ბატონის მიერ ქვეყნის მართვა ჰქვია. მას არც კონსტიტუცია სჭირდება და არც სახელმწიფო სტრუქტურები. ამიტომაცაა დაკნინებული პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის ფუნქციები. და ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებამ, მეტადრე ინტელიგენციამ გამოსაფხიზლებელი შეძახილით მიმართოს „მინის სასახლეში“ მყოფს და მის მოჯამაგირე ხელისუფლებას - დითირამბებით ამკობს.
„ხე რომ ფიქრობს და უფრო მკაფიოდ გამოხატავს ამას ფოთოლცვენით, აყვავებით, პირველი სიმწვანე რომ ტკივა და ნეშოსფერი უფრო მშვიდი აქვს. ამას თუ არ გრძნობს და არ უყვარს, ისე ადამიანი არ ამოიღებს ასწლოვან მშვენიერ ხეს იქიდან, სადაც ვიღაცამ შეიძლება გამოიაროს, მოჭრას ეს ხე, ცეცხლი დაანთოს, ძაღლებმა მიაშარდონ, რომ გადაიტანოს ისეთ ადგილას, სადაც უვლიან, ადამიანები მოდიან, უყურებენ: ზოგს წუთიერად უხარია, ზოგი არა გულგრილ მაყურებლად, მოწმედ, არამედ ბუნების შემადგენელ ნაწილად გრძნობს თავს, ეს დანაშაული კი არაა - განხორციელებული ბაღის იდეა, ღვთაებრივი ბაღის“.
მაინც რა ძალით უჭყლეტია ტვინი ქალბატონ ლიას „მამა-მარჩენლისთვის“ ხოტბის შესასხმელად, რამდენი უფიქრია იმ უცნაური „ჰობის“ გასამართლებლად, ბიძინას რომ აქვს შეყრილი. ასე იცის ბიძინას „სტიპენდიამ“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
27/03/2017

სტატიების არქივი