ყარაბაღის კონფლიქტი

hamlet chipashvili-politologi

„კავკასიის კონფლიქტებიდან, ყარაბაღისას აქვს ყველაზე უფრო სტრატეგიული და საერთორეგიონული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე ყოველთვის არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ვიღაცას გაუჩნდებოდა სურვილი ნავთი დაესხა მბჟუტავი კონფლიქტისთვის, რათა გაეჩაღებინა კავკასის დიდი ომი“, - წერდა სტოკჰოლმის პოლიტიკისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი.
პირველი აპრილის შუაღამეს კონფლიქტური მხარეები ჩაერთნენ ინტენსიურ სამხედრო დაპირისპირებაში არტილერიის, ჯავშანტექნიკის და ავიაციის გამოყენებით. მოხდა ის, რის შესახებაც ვარაუდობდა ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური ცენტრი „სტრატფორდი“. მისი პროგნოზით, 2016 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანი წავიდოდა სომხეთთან დაპირისპირების ესკალაციაზე მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, რათა მოსახლეობის ყურადღება გადაეტანა ქვეყნის შიდა ეკონომიკური პრობლემებიდან.
და მართლაც, ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანი აგრესიულად იქცევა, აყენებს რა პოლიტიკურ დარტყმებს ეუთოს „მინსკის ჯგუფს“, რომელიც რახანია აწესრიგებს კონფლიქტს მხარეთა შორის. აზერბაიჯანი, თავის მხრივ აყენებს წინადადებას, რომელთა შესრულება შეუძლებელია. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ ვაშინგტონის კონფერენციაზე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯან-თურქეთის პოზიცია არის დესტრუქციული. ამის თქმა და კონფლიქტის დაწყება ერთი იყო.
რამდენად არის ამ საქმეში ჩართული ვაშინგტონი და მისცა თუ არა მან ალიევს ნიშანი ომის დაწყებისა - ძნელი გამოსარკვევია, მაგრამ ის რომ ყარაბაღის კონფლიქტი ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას, ფაქტია.
ზემოთ მოვიყვანეთ აზერბაიჯანის მაგალითი ანუ იმის, ვისაც დასავლელი ექსპერტების გათვლით აწყობს კონფლიქტი. არგუმენტად - გაუარესებული ეკონომიკური ვითარება მოჰყავთ. რაც მართალია, ნავთობზე ფასების დაწევამ თუ ვინმეზე იმოქმედა - აზერბაიჯანია. მას მოჰყვა მანათის გაუფასურება, ინფლაცია, უმუშევრობა, აზერბაიჯანელთა შემოსავლების კლება. ყოველივე ამან გაააქტიურა ოპოზიციური მოძრაობა, დასავლური კრიტიკა - ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, პრეტენზიები ალიევის ხელისუფლების მიმართ.
არადა, აზერბაიჯანის ხელისუფლება იყო ის, ვინც თეთრი სახლის ან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, უმალ პასუხობდა, თანაც მკვახედ, რჩევით - თვით მიეხედათ საკუთარი დემოკრატიისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი რომ ვაშინგტონისთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა, ფაქტია. მარტო ის რად ღირს, როდესაც აზერბაიჯანმა აკრძალა ამერიკული ორგანიზაციების „IRI“-სა და „NDI“-ის მუშაობა, რამაც უდავოდ გააუარესა ბაქო-ვაშინგტონის ურთიერთობები.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ საქმეში არ ჩამოუვარდება თურქეთისას, რომელსაც რახანია დაძაბული კავშირები აქვს ოფიციალურ ვაშინგტონთან. აქაც, ისე, როგორც აზერბაიჯანთან მიმართებაში, ვაშინგტონი ლაპარაკობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, დემოკრატიის არარსებობაზე და სხვა საკითხებზე, მათ შორის ქურთების წინააღმდეგ გაშლილ ომზე, ტერორიზმზე. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი მოთმინებით იტანს ბაქო-ანკარის მიერ გაწნილ სილებს და თავის საქმეს აკეთებს - თურქეთსა და აზერბაიჯანში პოზიციების გამაგრებას.
ვაშინგტონის მოთმინებამ ნაყოფი გამოიღო, უპირველესად აზერბაიჯანთან მიმართებაში, რასაც ხელი შეუწყო ნავთობზე ფასების ვარდნამ, ეკონომიკურ-სოციალური ვითარების გაუარესებამ. ილჰამ ალიევის პოლიტიკა, რომელიც ნავთობის ფასებზე არის დამოკიდებული და აქედან გამომდინარე ქვეყნის შიდა სტაბილურობაზე, რყევას განიცდის.
ანალოგიური ვითარებაა შექმნილი თურქეთში, სადაც ფაქტობრივად შეიარაღებული დაპირისპირებაა თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთებს შორის. დღე ისე არ ჩაივლის, რომ ტერორისტულმა აქტმა მშვიდობიანი მოსახლეობა არ გაისტუმროს იმ ქვეყნად. თურქეთს დიდი შიდა პრობლემები აქვს, არანაკლები აზერბაიჯანს, ამდენად ხალხის ყურადღების პატრიოტულ თემაზე გადატანა მისწრებაა ორივესთვის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანს ბევრი არ უფიქრია ძლიერი პარტნიორის ძებნაში. მან უმალ მიაკითხა თურქეთს - სისხლით და ხორცით მონათესავე ქვეყანას და შექმნა ლოზუნგი - ერთი ხალხი, ორი ქვეყანა. მრავალი წელია აზერბაიჯან-თურქეთის თანამშრომლობა ამტკიცებს ამ ლოზუნგს.
ცნობილი თურქი ექსპერტი ჰასან ოქთაი წერს: „ერდოღანმა, თავისი ავანტურისტული საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თურქეთი უფსკრულის პირას მიიყვანა, როდესაც უახლეს ისტორიაში პირველად დადგა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის, მომავლის საკითხი. ესოდენ კრიტიკულ მომენტში მას პრაქტიკულად გამოელია რესურსი, რათა უკეთესობისკენ რაიმე შეცვალოს. ერდოღანმა, თავისი მმართველობის ავტორიტარული სტილით, გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოება. სწორედ ამით არის განპირობებული თურქეთში აშშ-ს ყოფილი ელჩების მოწოდება - გადადგეს“.
ერდოღანისგან შორს არც ალიევია წასული. ექსპერტების მიხედვით, მან პოლიტპატიმრები გასაცვლელ მონეტად აქცია, ვაჭრობს რა ამით დასავლეთთან. მას არც ერთი საზრიანი პროექტი არ წარუდგენია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად. ექსპერტები ასკვნიან, რომ შექმნილ ვითარებაში თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსიდან გამომდინარე ყველაფრია მოსალოდნელი.
ვითარება კიდევ უფრო დაძაბა თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ. თურქეთმა, ნაცვლად იმისა, მოსკოვისთვის ბოდიში მოეხადა, ნატოს შტაბ-ბინას მიაშურა, რომ ნატო აემხედრებინა რუსეთის წინააღმდეგ. ერდოღანმა, თავის გამამართლებელ არგუმენტად რუსული თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევა მოიყვანა და ჩათვალა, რომ ამის გამო ნატო აამოქმედებდა წესდების მე-5-ე პუნქტს - ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა, ნატოზე თავდასხმას ნიშნავს. არ გამოუვიდა. მას განუმარტეს, რომ თურქეთმა ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი და არა პირიქით.
ნირწამხდარმა თურქეთის ხელისუფლებამ უმალ სხვა ხერხს მიმართა - რეგიონის ქვეყნების გადაბირებას, უპირველესად აზერბაიჯანის. სწორედ ამ მიზნით ბაქოს, თურქეთის პრემიერი დავუთოღლუ ეწვია, რომელმაც წინა პლანზე წამოსწია აზერბაიჯანის მტკივნეული თემა - მთიანი ყარაბაღი და აღუთქვა ალიევს - „ყველაფერის გაკეთება, რათა გათავისუფლდეს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები“.
რას ნიშნავს დავუთოღლუს დაპირება? უპირველესად რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას - სირიის შემდეგ. მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთ-სომხეთის პარტნიორობა და ის, რომ სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრია და რუსეთი იძულებული იქნებოდა ჩართულიყო კონფლიქტში.
დაპირებებში, დავუთოღლუს არც ერდოღანი ჩამორჩა. მართალია, მან მოუცლელობის გამო ორჯერ გადადო ვიზიტი ბაქოში, მაგრამ ალიევის ანკარაში ჩასვლისას იგივე გაიმეორა, რაც პრემიერმა დავუთოღლუმ. ყოველივე ამან და იმან, რომ ამერიკელთა ძალისხმევით მოხდა ალიევის პოლიტიკის ცვლა აშშ-თან მიმართებაში, ზურგი გაუმაგრა მას. გუშინ, ვაშინგტონთან გამწყრალი ალიევი, დღეს, ცდილობს ვითარების შებრუნებას ანუ ისე, როგორც ვაშინგტონს სურს.
არანაკლებ ძალას ახმარს ვაშინგტონის გულის მოგებას, პრეზიდენტი ერდოღანიც. ვაშინგტონში „ბირთულ სამიტზე“ ყოფნის დროს მან ყველაფერი იღონა, რათა პრეზიდენტ ობამას შეხვედროდა. ეს შეხვედრა შედგა სამიტის ჩარჩოებში, არადა დაგეგმილი არ იყო. როგორც ჩანს ობამას მრჩევლებმა ბევრი იმუშავეს პრეზიდენტის დაყოლიებისთვის. მართალია, მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ობამამ გააკრიტიკა ერდოღანი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, პრესის შევიწროების და ქურთების წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის, მაგრამ იმავდროულად აღნიშნა, რომ თურქეთი მოკავშირე და ნატოს წევრი ქვეყანაა.
არვინ იცის რაზე ილაპარაკეს ობამა-ერდოღანმა, მაგრამ ის, რომ სირიის თემა იქნებოდა განხილული და აქედან გამომდინარე რუსეთის, ეჭვს არ იწვევს. რუსეთთან მიმართებაში რომ ვაშინგტონს ალერგიული დამოკიდებულება აქვს, ფაქტია. პუტინის პოლიტიკა აღიზიანებს ობამას, მათ შორის რუსეთ-სირიის წარმატება სირიის ფრონტზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება იმის განცხადება, რომ სირიულ-რუსულ-ირანული შეტევის შედეგად განთავისუფლებული უძველესი ქალაქი პალმირა გულზე ეკალივით დაესო, როგორც ვაშინგტონს, ისე ლონდონს, პარიზს, ბერლინს, ...
არადა, ეს ისეთი წარმატება იყო სირიის სამთავრობო ჯარების მხრიდან, რომლის იგნორირება პოლიტიკური სიბეცეა, მითუმეტეს იმათ მხრიდან, ვინც „იბრძვის“ ტერორიზმის წინააღმდეგ. პუტინ-ასადის წარმატებამ, ირანთან ერთად, დაადუმა ზემომოყვანილი ქალაქები, რაც თავისთავად აშიშვლებს დასავლეთში მძვინვარე ორმაგ სტანდარტებს. წარმოიდგინეთ რა ზეიმი მოჰყვებოდა ამერიკის მიერ შექმნილ კოალიციას (63 ქვეყანა) რომ გაეთავისუფლებინა პალმირა?!
ობამას ისიც აღიზიანებდა, რომ რუსეთმა უარი განაცხადა ობამას ინიციატივით გამართულ ბირთვულ სამიტში მონაწილეობაზე, არადა რა ბირთვულ თემაზეა საუბარი, როდესაც ამ იარაღის უდიდესი რაოდენობის პატრონი ქვეყანა, რუსეთი, სამიტს არ ესწრება?
ვაშინგტონის სამიტი - უკანასკნელი გამოდგა, როგორც არაფრის მქნელი, უშედეგო თავყრილობა. მან შეწყვიტა არსებობა. აი, სწორედ ამ გამაღიზიანებელ ფონზე, შეეძლო თუ არა ობამას ანტირუსული ფაქტორის ამოქმედება?
ექსპერტთა აზრით დიდ პოლიტიკაში ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტის „გამოღვიძებაც“. ყარაბაღი, ის ნაღმია რუსეთისთვის, რომლის განეიტრალება იოლი არ იქნება.
აშშ-მა მოახერხა უკრაინის, რუსეთის წინააღმდეგ „აგორება“. ამერიკელი სტრატეგები 20 წელზე მეტია მუშაობდნენ ამ თემაზე. შედეგიც სახეზეა - ანტირუსულად ადუღებული უკრაინა, რუსეთისთვის დიდი თავსატკივარი.
უკრაინამ კრემლის დიდი ყურადღება მოიპყრო, მასთან ერთად მნიშვნელოვანი თანხები. მარტო რუსეთის საზღვრების გამაგრებას სჭირდება მილიონობით დოლარი, ხოლო დონბასისა და ლუგანსკის პრობლემების მოგვარებას, ასევე დიდი ფული, პოლიტიკურ-სამხედრო შემართება. დავუმატოთ ამას სირია, სადაც რუსეთმა, პუტინის განცხადებით, 33 მილიარდი რუბლი დახარჯა მარტო სამხედრო-საჰაერო ოპერაციებში. სირიის თემაც ჯერ მოგვარებული არ არის.
ისე, როგორც უკრაინის, სირიის საკითხიც მრავალწლიანი ისტორიაა და აქედან გამომდინარე კრემლის ნერვების წყვეტა. და ამ დროს კავკასიაში „გამოღვიძებული“ ყარაბაღის კონფლიქტი. შეუძლია თუ არა კრემლს თვალი დახუჭოს და მიყვეს დინებას? არ შეუძლია, ვინაიდან ის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა ამერიკა-საფრანგეთთან ერთად, გარდა ამისა ევრაზიასა და „ОДКБ“-ებში გაწევრებული სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი. ის ვალდებულია დაიცვას სომხეთი. დაიცვას არა მარტო აზერბაიჯანისგან, არამედ აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორ, თურქეთისგან, ქვეყნისგან, რომელსაც საუკუნოვანი მტრობა აქვს სომხეთთან.
ამავდროულად რუსეთს უაღრესად თბილი, კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის დღითიდღე იზრდება. რუსეთი იარაღს ყიდის აზერბაიჯანში, ისე, როგორც სომხეთში. თან იმას აცხადებს - რომ არ გაყიდოს, აზერბაიჯანი სხვაგან მოახერხებს ყიდვას. იარაღი კი ისეთი რამაა, სისტემატური შემოწმება რომ სჭირდება გამყიდველის მხრიდან, გარდა ამისა ტყვიაწამალი. რუსეთი ჰყიდის იარაღს აზერბაიჯანში, მაგრამ ამით იახლოვებს ამ ქვეყანას, აკონტროლებს მას. ამ კუთხით თუ ვინმეს არ აწყობს ყარაბაღის კონფლიქტი - რუსეთია. კავკასიის აფეთქება მისთვის იოლი დასაძლევი არ იქნება.
ვერაფრით გავიზიარებ „თავისუფალი დემოკრატების“, საქართველოს სხვა პოლიტიკოსების და ექსპერტების განცხადებებს, რომ ეს კონფლიქტი კრემლმა ააგორა. ქართულ პოლიტიკას რომ ყველაფერში რუსეთი ელანდება, ფაქტია. ლამის ვანუატუში მომხდარი ამბავი კრემლს მიაწეროს, რაც უდავოდ, პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ნაყოფია. ქართული პოლიტიკა იმასაც აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში რუსეთი, საქართველოში გაჭრის დერეფანს, სომხეთში არსებული სამხედრო ბაზა გიუმრისკენ.
თეორიულად მსგავსს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ პრაქტიკულად მისთვის შესაძლებელია ირანის გამოყენება - კასპიის ზღვა-ირანი-სომხეთი. ირანთან ნორმალური ურთიერთობების ქონამ მისცა საშუალება რუსეთს კასპიის ზღვიდან გასროლილი ფრთოსანი რაკეტებით, სირიაში არსებული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაებომბა. ამ რაკეტებმა, ირანის თანხმობით, ირანს გადაუფრინეს. ასე რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს, სულაც არ არის გამორიცხული ზემომოყვანილი მარშრუტის გამოყენება.
საქართველოს ხელისუფლება, ისე როგორც ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, თავისებურად იხილავს ყარაბაღის კონფლიქტის განახლებას. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ საქმეში მთავარ წამქეზებლად რუსეთს მიიჩნევს. არადა, სწორედ რუსეთი იყო პირველი, მისი პრეზიდენტის სახით, ვინც კატეგორიულად მოუწოდა მხარეებს შეწყვიტონ ცეცხლი. რუსეთმა სასწრაფოდ მიავლინა პრემიერ-მინისტრი მედვედევი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ბაქო-ერევანში. მათ გამართეს მოლაპარაკებები აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელებთან. აქტიურად ჩაერთო ეუთოს „მინსკის ჯგუფიც“, გარდა ამისა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ზარიფიც.
საქართველოშიც გაისმა მედიატორული ხმა, ჩემის აზრით ერთობ ემოციური, თან ნაკლებად ნაფიქრალ-გაანალიზებული. საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ის ორივე მოპაექრის მეზობელია, არც გამშველებლის გამოცდილება აქვს და არც ყარაბაღის საკითხი იცის ისე, როგორც გამშველებელს შეეფერება. საერთაშორისო არენაზე თუ რამით არის საქართველო ცნობილი - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტებია. მან ვერ მოახერხა საკუთარი პრობლემების გადაჭრა, უფრო მეტიც - 2008 წელს კონფლიქტი განაახლა და დე-ფაქტოდ დაკარგულ ტერიტორიებს დე-იურეს სტატუსიც დაუმატა. ასეთი, მედიატორად ვერ გამოდგება. ასეთის მედიატორობა მიუღებელი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონფლიქტის ორივე მხარე დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მედიატორობას.
ვეჭვობ, რომ აზერბაიჯან-სომხეთმა პრობლემებიან საქართველოს სთხოვონ არბიტრობა. მათ უფრო ძლიერი სახელმწიფო აწყობთ, რომლისგანაც მედიატორობის გარდა პოლიტიკურ-ეკონომიკური დივიდენდების მოპოვებაც იქნება შესაძლებელი. ასეთი, ორივეს უკვე ჰყავს აშშ-ს, რუსეთის, საფრანგეთის სახით. სწორედ ისინი არიან „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები ყარაბაღის საკითხში.
„მინსკის ჯგუფი“ რახანია მოქმედებს და მისი სხვა ქვეყნით ან ქვეყნებით ჩანაცვლება უფრო ვირტუალურია, ვიდრე რეალური. ასეც რომ არ იყოს, დათანხმდება რუსეთი ან რუსეთის ზეწოლით სომხეთი საქართველოს გამშველებლობას? ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია არის მისი ტერიტორიის გამოყენება მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ესეც არარეალურია. ასე, რომ ქართული მხარის კეთილი სურვილები, სურვილის დონეს ვერ გაცდება.
რაც ოფიციალურ თბილისს შეუძლია - საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების დატაკების თავიდან აცილებაა. მან ყველაფერი უნდა იღონოს, რომ მსგავსს ადგილი არ ჰქონდეს. ეს კი უდავოდ ბევრს ნიშნავს, როგორც საქართველოს, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
08/04/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.