ჟენევური სენსაცია და ჩვენი საშინაო პრობლემები

ჟენევაში, გასულ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს გამართულმა მოლაპარაკებამ უმალ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. დღის წესრიგში იდგა ირანის ბირთული პროგრამა და მასთან დაკავშირებული „ექვსეულ“-ირანის შეხვედრა. ჟენევის შეხვედრას შეთანხმების ტოლფასი შეუთანხმებლობა შეიძლება ეწოდოს. მართალია, ამჯერად ვერ მოხერხდა ერთობლივი დოკუმენტის მიღება, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პროცესი წარმატებით დასრულდეს 20 ნოემბერს.
ჟენევის ბოლო შეხვედრის კონსტრუქციულობაზე ისიც მიანიშნებს, რომ ექსპერტთა დონეზე დაწყებული მოლაპარაკება, რომელსაც მხოლოდ ორი დღე უნდა დათმობოდა, მესამე დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა მიიღო „ექვსეულის“ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა.
გადაწყვეტილება მოულოდნელად იქნა მიღებული, რამაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ჩაიყვანა ჟენევაში. მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთში - პალესტინა-ისრაელის საკითხებთან დაკავშირებით.
ჟენევაში გაკეთებული განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 1979 წელს ირან-აშშ-ს შორის შექმნილი ყინული ლღვობას იწყებს. ირანის რევოლუციიდან დაწყებული, ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. მათ შორის არც დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს და ასეთ დროს, ქერისა და ზარიფის რვასაათიანი შეხვედრა, რომლის შემდეგ ორივე ფრთხილი ოპტიმიზმით აცხადებს მოლაპარაკებების 10 დღის შემდეგ განახლებას.
ჟენევის ბოლო შეხვედრის დროს ორმხრივი დოკუმენტი არ გაფორმდა, ვინაიდან მხარეთა შორის ჯერაც არსებობს სერიოზული აზრთა სხვაობა. ირანის დელეგაცია ათი დღის განმავლობაში საკუთარ ხელისუფლებასთან განიხილავს ჟენევის შეხვედრის პერიპეტიებს და 20 ნოემბერს მზად იქნება მოლაპარაკების გასაგრძელებლად.
ირანის ახალი პრეზიდენტის ჰასან როუჰანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გაეროს ბოლო ასამბლეაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი გამოსვლა პრაგმატულ აზროვნებად იყო აღქმული, თუმცა დასავლეთის მხრიდან ითქვა ისიც, რომ სიტყვას, საქმით უნდა დამტკიცება. საქმე კი ისაა, რამდენად შეძლებს ირანი „ექვსეულის“ (აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) მიერ დასმული წინადადებების შესრულებას.
ირანს საკუთარი შეხედულებები აქვს ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით. მას არ სურს კვლევების შეწყვეტა, პირიქით, სურს - გაგრძელება შესაბამის დონემდე. ირანი ყოველთვის აცხადებდა, რომ ურანის გამდიდრებით ის არ ცდილობს ბირთვული ბომბის დამზადებას, რისიც ნაკლებად სჯერათ დასავლეთში.
დასავლეთი მუდამ ამბობდა, რომ ირანს უფლება აქვს გააგრძელოს ბირთვული კვლევები ენერგეტიკისა და სხვა დარგების გასავითარებლად, მაგრამ ურანის გამდიდრების ზღვარი 5%-ს არ უნდა ააცილოს. ირანი მზად არის ანგარიში გაუწიოს ამ მოწოდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები ხელს შეუწყობენ გაეროს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას.
ბოლო წლების განმავლობაში გაერომ ირანის წინააღმდეგ 4-ჯერ შემოიღო უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები, გარდა ამისა დამატებითი სანქციები შემოიღეს აშშ-ა და მისი დაძალებით ევროკავშირმა. ეკონომიკურმა სანქციებმა მკვეთრად გააუარესეს ირანელთა სოციალური პირობები. გააძვირეს ცხოვრება.
ირანელი ექსპერტების მიხედვით, ყოველივე ამან განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნებში შედარებით რბილი პოლიტიკოსის, რომელსაც რეფორმატორადაც მოიხსენიებენ, ჰასან როუჰანის გამარჯვება. ახალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებებში ხაზგასმით იყო აღნიშნული დასავლეთთან საერთო ენის გამონახვის და სანქციების მოხსნის თაობაზე.
ქვეყნის მმართველი, სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, დაეთანხმა ახალი პრეზიდენტის გეგმას. შეძლებს პრეზიდენტი როუჰანი „ექვსეულის“, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნებას, რომ მისი გეგმები სხვაა წინამორბედთან შედარებით? უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
აშშ-ი ყურადღებით ეკიდება ირანის ახალი მთავრობის სურვილს დიპლომატიური მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე და გამოთქვამს იმედს, რომ ირანი გადადგამს პრაგმატულ ნაბიჯებს ურანის გამდიდრების გარკვეულ ჩარჩოებში მოსაქცევად. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ირანს აქვს უფლება ბირთვულ ენერგეტიკაზე.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით არაბირთვულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება ჩაატარონ სამშვიდობო ბირთვული კვლევები. საერთაშორისო ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ირანის მიმართ 50 კითხვა აქვს დაგროვილი. 18 წლის განმავლობათი, 2002 წლამდე ირანი გასული იყო აღნიშნული სააგენტოს კონტროლიდან. ამჟამად ირანი ამდიდრებს ურანს 3,5%-დან 20%-მდე, რასაც იყენებს ენერგეტიკასა და მედიცინაში, განსაკუთრებით ონკოლოგიაში. ამას წინათ საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიხედვით, ირანის პარლამენტმა განაცხადა, რომ წყვეტს ურანის 20%-იან გამდიდრებას.
ირანის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ისრაელი. აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან რომში შეხვედრის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოთქვა თავისი შემდეგი მოსაზრება: „ჩვენი მთავარი პრობლემა უსაფრთხოების საკითხებში - არის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა. ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული არსენალი. მას არ უნდა ჰქონდეს ცენტრიფუგები, ურანის გასამდიდრებლად. მას არ უნდა ჰქონდეს დანადგარები მძიმე წყლის მისაღებად, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ის უნდა გათავისუფლდეს დაგროვილი ბირთვული საწვავისგან და მიწისქვეშა ბირთვული ლაბორატორიებისგან, რომელთა სამხედრო დანიშნულება ეჭვს არ იწვევს“.
ნეთანიაჰუს აზრით, უკეთესი რამ ირანის მორჯულებისთვის არის სანქციებით ზეწოლა, რომელმაც აიძულა ირანი მოლაპარაკების დასაწყებად.
როგორც ჩანს, აშშ-ი სხვა პოზიციას დაიკავებს ირანთან მიმართებაში, რაც არ ახარებს ისრაელს. ისრაელთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის კატეგორიული მოწინააღმდეგეა საუდის არაბეთიც. ეს ქვეყანა მზადაა ახლო აღმოსავლეთის ლიდერობისთვის, ამდენად მისი პოზიცია ირანის მიმართ გასაგებია. ორი ქვეყანა უპირისპირდება ერთმანეთს სირიის საკითხშიც. ირანი ეხმარება სირიას, საუდის არაბეთი კი - ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციურ ძალებს.
ორი წლის წინათ საუდის არაბეთის მეფემ აბდალამ ამერიკელ დიპლომატთან საუბრის დროს კატეგორიულად განაცხადა, რომ არ დაუშვებს შიიტურ ბირთვულ ბომბს, მას მხედველობაში ჰქონდა ირანი. მან ისიც თქვა, რომ შიიტური ბომბის საწინააღმდეგოდ საუდის არაბეთი დაამზადებს სუნიტურ ბირთვულ ბომბს.
როგორც ჩანს, მეფე აბდალას განცხადება არ იყო მარტო სიტყვიერი მუქარა. ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს მიხედვით, საუდის არაბეთმა პაკისტანს შეუკვეთა ბირთვული ბომბი, რომელსაც საუდის არაბეთი გაცილებით ადრე მიიღებს, ვიდრე ირანი დაამზადებს ასეთს. მართალია, პაკისტანი კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას, ისევე როგორც საუდის არაბეთი, მაგრამ ვინ იცის? იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთს გაუჩნდება ბირთვული ბომბი, ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც ძალას არ დაიშურებენ მსგავსი იარაღის შესაქმნელად.
ჟენევის მოლაპარაკებაზე ბევრია დამოკიდებული. უნდა ვიმედოვნოთ, რომ „ექვსეული“ და ირანი წარმატებით დაასრულებენ შეხვედრას, რომელიც გარკვეულ სინათლეს შეიტანს ბირთვული იარაღის დამზადების აკრძალვის საქმეში.
***
რაც შეეხება საქართველოს, მასაც თავისი ჟენევა აქვს. გასულ კვირას ამ ქალაქში გაიმართა მორიგი მოლაპარაკება, რომელსაც დიდი სიახლე არ მოჰყოლია. ჟენევის ფორმატი, მიუხედავად ხელისუფალთა ოპტიმიზმისა, სასიკეთოს არაფერს გვპირდება. ის გადადის ისეთ ფორმატში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის.
ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ვერაფერი იღონა ისეთი, რუსეთთან ურთიერთობების კარდინალურად შესაცვლელად. როგორც ჩანს, არც ახალი პრემიერისა და პრეზიდენტის პირობებში გამოსწორდება მდგომარეობა. თუმცა პოლიტიკა ისეთი რამაა, უმნიშვნელო მოვლენამაც შეიძლება იქონიოს მასზე გავლენა. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ბოლოსდაბოლოს ტელეეკრანებზე მაინც აღარ ვიხილავთ ამჟამინდელ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ამპლუაში. სხვა მხრივ ის, რომ არ მოგვეშვება, დღესავით ნათელია.
ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკოსის ცხოვრება, რომ იავარდფენილი არ არის, მტკიცება არ სჭრდება. რაიმე განსაკუთრებული ექსცესების გარეშე რომ ჩაიაროს მისი ცხოვრების თუნდაც ერთმა წელმა, მცირე მასშტაბის თავსატკივარი იმდენია, საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი მომაკვდავის გულსისხლძარღვთა დაავადების, მაღალი წნევის, თავის ტკივილის და ვინ მოთვლის კიდევ რა სნეულების შესაყრელად.
პოლიტიკოსი იძულებულია გაუძლოს კრიტიკას, ლანძღვას, ხშირად გინებასაც კი და არცთუ იშვიათად ფიზიკურ თავდასხმას. მაგალითად, უკრაინის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სხვა ქვეყნების პარლამენტური ხელჩართული ჩხუბის გახსენებაც ღირს.
პოლიტიკოსი მზად არის გაუძლოს მრავალმხრივ შეტევებს, პოლიტიკური ამწყოსა და მომავლისთვის, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების, პოლიტიკური კარიერის გადარჩენისთვის. ჯამში, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გაწეული მუშაობისთვის ის სხვასთან შედარებით მაღალი პენსიით არის უზრუნველყოფილი, გარდა ამისა ხშირად იწვევენ სამოქალაქო სექტორსა თუ ბიზნესში კონსულტაციების გასაწევად - მაღალი ანაზღაურებით, რამეთუ პოლიტიკური პერიპეტიებგამოვლილი, გაცილებით მისაღებია, ვიდრე სხვა.
მაგრამ ეს ყველაფერი იქ, სადაც ხელის გულზე ატარებენ პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე პირს, პროფესიონალს, გამოცდილ მუშაკს და არა აქ, სადაც გამოცდილება, მითუმეტეს პროფესიონალიზმი არაფრად ღირს.
იციან ყველაფერი ეს აქაურმა „პოლიტიკოსებმა“. იციან, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება ხანმოკლეა და ვიდრე პოლიტიკაში არიან მათი მთავარი საფიქრალი პოლიტიკური ცხოვრების შემდგომი პერიოდის მოწყობაა.
დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში მრავალმა პირმა მოსინჯა საკუთარი თავი პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ახლო ნათესავების გარდა მათი პიროვნება, მითუმეტეს საქმენი - არავის გახსენებია. ღვაწლი მათი, ქვეყნის წინაშე, ნულოვანია. მოცლიაო - იტყვის მავანი, სიტყვა „ღვაწლის“ წაკითხვისას.
რა გაეწყობა, ამაღლებულია თუ ნაკლებად სიტყვა „ღვაწლის“ ხსენება ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, ის მაინც გამოიყენება იმ პირთა, მათ შორის პოლიტიკოსთა დასახასიათებლად, ვინც საკუთარი შრომით საქვეყნო საქმეები აკეთა. სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში იშვიათობაა პოლიტიკოსი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა, არადა ასეულობით მათგანმა ჩაგვიარა ისე, სახელიც არ გვახსოვს - მოვიდნენ, საკუთარი ცხოვრება მოიწყვეს და წავიდნენ.
„იშვიათობაა პოლიტიკოსი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა“ - სააკაშვილზე არ ითქმის. მან უკვე დაიკავა თავისი ადგილი საქართველოს ისტორიაში - ცუდად თუ კარგად - დაიკავა, მოგვწონს თუ არა ეს, ჩვენ. აქვე იმასაც დავუმატებ, ამ პიროვნების მხოლოდ წარსულ დროში მოხსენიება, სირაქლემის პოზიციაში ყოფნაა. მართალია, დღეს ის მიდის დიდი პოლიტიკიდან, მაგრამ მხოლოდ „დიდიდან“ და არა პოლიტიკიდან. მიდის დროებით, სულის მოსათქმელად და ახალი შემობრუნებისთვის ძალების მოსაკრეფად.
„ძნელად თუ ჰპოვებ ვინმეს, ნაბოძარზე რომ ამბობდეს უარს. უმრავლესობა, რომ მისცე ტირანობაზე, მხედართმთავრობასა და ბევრ სხვა თანამდებობაზე არ იტყოდა უარს, რომელთა ფლობაც უფრო სავალალოა, ვიდრე სასარგებლო. პირიქით, თუ არ აქვს, ლოცვას არ მოიშლიდა, ღმერთო მიბოძეო“, - წერდა პლატონი.
ჰოდა, რით განსხვავდება ჩვენი „გმირი“ პლატონისეული პერსონაჟებისგან? თუ ამას დავუმატებთ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის კენეტ იალოვეცის სულ ახლახანს გაკეთებულ განცხადებას სააკაშვილის საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით, დავინახავთ, რომ მომავალი პრეზიდენტისადმი ამერიკელთა დამოკიდებულება არაორაზროვანია.
ცხადია, იალოვეცი არ წარმოადგენს ყველა ამერიკელ პოლიტიკოსს, მაგრამ არც ხელწამოსაკრავი დიპლომატია. მისი ჭვრეტით, თუ სააკაშვილი დარჩება საქართველოში, მას შესაძლოა მოუწიოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა, რაც თავისთავად გამოიწვევს მასობრივ გამოსვლებს, ქვეყნის ქაოსს. ამ განცხადებით იალოვეცმა ორი რამ თქვა - პირველი - გაფრთხილება ხელისუფლებას - ასეთი ნაბიჯი არ გადადგა, თორემ ხალხი აგიბუნტდებაო და მეორე - სააკაშვილი იმდენად უყვარს ხალხს, რომ მის დასაცავად ქუჩაში გამოვაო.
ამერიკელი იალოვეცის განცხადება გაფრთხილებად უნდა მიიღოს ხელისუფლებამ - ყოფილი პრეზიდენტი არ შეაწუხოთ, თორემ ხალხს გამოვიყვანთო. და გამოიყვანენ, ისე, როგორც ამას აკეთებენ უკრაინაში, სააკაშვილის მეგობარ ტიმოშენკოსთან დაკავშირებით.
კბილებით იცავს ვაშინგტონი ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების გმირებს. მართალია ტიმოშენკო ვერ დაიხსნა ციხიდან, მაგრამ ისეთი პრობლემები შეუქმნა იანუკოვიჩს - დღევანდელ პრეზიდენტს, უარესს რომ ვერავინ იფიქრებდა. პოლიტიკური უფსკრულის პირას მდგომი იანუკოვიჩი, საკანონმდებლო ორგანოსა და დასავლეთს შორის გაბმული, გალიაში მყოფ იმ ჩიტს წააგავს, რომელმაც არ იცის ჭიკჭიკის დროს თავი საით მიაბრუნოს - დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ. ასე იცის საკუთარი პოზოციის არქონამ.
ტიმოშენკო დიდ გამოცდად გადაიქცა იანუკოვიჩისთვის. გაუშვებს ციხიდან ანუ შეიწყალებს - ვაია, ვინაიდან თავისუფლების ჰაერჩასუნთქული იულია ისეთ ცეცხლს ააგიზგიზებს, ხანძარში რომ გადაიზრდება და იანუკოვიჩის დამარცხებით, ციხეში გასტუმრებით დამთავრდება.
გერმანიაში „სამკურნალოდ“ გაისტუმრებს იმ გარანტიით, რომ „ავადმყოფი“ პოლიტიკურ ცხოვრებას არ დაუბრუნდება - რას ეტყვის საკუთარ ამომრჩეველს ან ხალხს?
იანუკოვიჩის პრობლემები სერიოზულია და მათ შექმნაში დასავლეთის ხელი ურევია. მას (დასავლეთს) სულაც არ აინტერესებს ტიმოშენკოს კორუმპირებულობის საკითხი. მას, ტიმოშენკოს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება სურს და როდესაც ასეთი მიდგომაა კორუმპირებულობის მიმართ, როდესაც კორუმპირებულობის ტიტულისგან წინასწარ დაცული არიან დასავლეთთან ჩახუტებული პოლიტიკოსები, ძნელია ჭეშმარიტების პოვნა.
ტიმოშენკოს მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია, რამეთუ სააკაშვილსა და მის „გუნდს“ ტიმოშენკოს დანაშაულზე მეტი თუ არა, ნაკლები არ ჩაუდენია. ჰოდა, გვაფრთხილებენ ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი „კეთილისმსურველები“ - უკრაინის მაგალითი არ გაიმეოროთო და ჩვენც მორჩილად ვასრულებთ რჩევას, რომელიც ბრძანების ტოლფასია.
დავუბრუნდეთ ჩვენს „გმირს“. დასაწყისში აღვნიშნე, რომ იშვიათია ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში სერიოზული თავსატკივარი არ გასჩენია. სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მოღვაწეობა მხოლოდ პრობლემებით, ფათერაკებით, უმძიმესი ვითარებით იყო აღსავსე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ ფათერაკებს თვითონ ქმნიდა, რათა შემდეგ გადაელახა. სხვას ვერაფერს იტყვი 2007 წლის შემოდგომის მოვლენებზე, მომიტინგეთა სასტიკ დარბევაზე, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრაზე და ა.შ.
იმჟამად სააკაშვილმა ყველაზე მძიმე გზა აირჩია, თუმცა უაღრესად დაძაბული ვითარებიდან მაინც გამარჯვებული გამოვიდა - წარმატებით ჩაატარა რა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამ საქმეში მას მხარში ედგა აშშ-ს საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი, რესპუბლიკელი სენატორები და თვით პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი. სააკაშვილის მოხერხებულობას უნდა მიეწეროს მათი მიმხრობა.
ასეთი მხარდაჭერის შემდეგ არათუ ოპოზიციონერ პარლამენტარს ტალახში გორაობით დაემუქრები, ომსაც დაიწყებ და სხვა უბედურებასაც ჩაიდენ, რისი მოწმენიც გავხდით.
თითქმის ათწლიანი ფათერაკებით აღსავსე, ინფარქტის შემყრელი პოლიტიკური ცხოვრება სააკაშვილმა წარმატებით გაიარა. წინ მოკლე ტაიმ-აუტია. რა იქნება შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი არ არის. როგორც ჩანს სააკაშვილის სენს საერთო არაფერი აქვს სახადთან. ის მუდმივია. მუდმივ დაავადებას კი ქირურგიული ჩარევა უხდება და არა აბებით მკურნალობა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
10/11/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.