„ისლამური სახალიფო“ - ფსიქოპატთა თავშეყრის ადგილი თუ ...

hamlet chipashvili-politologi

„ისლამური სახალიფოს“ საქმენი „საგმირონი“ საზარელ შთაბეჭდილებას ტოვებს ნებისმიერი საღი გონების ადამიანზე. დღიდან „სახალიფოს“ გამოცხადებისა არც თუ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ამ „სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა ფართოდ გაუთქვა მას სახელი. დღეს, უკვე აღარავინ ითხოვს „სახალიფოს“ განმარტებას, ვინაიდან ისე შეეჩვია ყური „ისლამური სახელმწიფოს“ (იგივე „სახალიფოს“) სისტემატურ ხსენებას, ჩვეულებრივად იქცა არარსებული „სახელმწიფოს“, ნამდვილ სახელმწიფოსთან გაიგივება.
„ისლამური სახალიფო“ არა მარტო იმით გახდა ცნობილი - სირიისა და ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილი რომ დაიპყრო, არამედ იმითაც, აქამდე წარმოუდგენილი სისასტიკე - ხანჯლით ყელის გამოჭრა, სატელევიზიო შოუდ რომ აქცია. მსოფლიო საზოგადოება, კვირაში ერთხელ მაინც, ისლამისტთა ტყვეობაში მყოფი ადამიანების სატელევიზიო თავის მოკვეთის აქტის თვითმხილველია.
ცალკეული „დამნაშავის“ თავის მოჭრის სცენას, მასობრივი დასჯის სცენები ცვლის - სხვადასხვა რაკურსით გადაღებული, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, მაღალ სატელევიზიო დონეზე განხორციელებული.
უყურებ ამ შემზარავ კადრებს და დადგმული სპექტაკლი გგონია. არადა, საინფორმაციო საშუალებების მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, აშშ-ს, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დასტურით, ყველაფერი მართალია. მართალია, ნიღბიანი ჯალათის ნალაპარაკიც, უმწეო კრავივით დაჩოქილი „დამნაშავის“ სასოწარკვეთილი სახე, უდაბნოს ფონი და დახვეწილი ინგლისური, გერმანული, თუ ფრანგული - ჯალათები რომ ლაპარაკობენ.
მეტადრე ინგლისურენოვანი ჯალათის რაფინირებული ინგლისური ეხამუშება ყურს და არა არაბული. არაბული რომ ყოფილიყო ტელემაყურებელი ჩვეულებრივად აღიქვამდა ჯალათსაც და მის „საქმესაც“. მაგრამ არა, ჯალათების შერჩევის თვალსაზრისით, „სახალიფოს“ გამოგონება (ევროპულ ენაზე ლაპარაკი) დასჯის მთავარი ფაქტორია - ფართო საზოგადოებისთვის შემახსენებელი, რომ „სახალიფო“ მრავალეროვანი „სახელმწიფოა“ - ერთი მრწამსით შედუღაბებული.
„სახალიფო“ - ინტერნაციონალური „სახელმწიფოა“. ვინ არ ცხოვრობს და იბრძვის იქ - ამერიკელი, ინგლისელი, გერმანელი, რუსი, ქართველი, ფრანგი, კანადელი, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ფსბ-ს შეფის ბორტნიკოვის მიხედვით, 100 ქვეყნის 20000 „ბოევიკია“ „სახალიფოში“. ყველა მათგანი ფიცშეკრულია „სახალიფოსთან“. ყველა მათგანის უპირველესი მოვალეობაა, თავის პირველ სამშობლოში, ფართო პროპაგანდის გაწევა „ისლამური სახალიფოს“ სასარგებლოდ. დაპირებებით, ფულით, სხვა სატყუარით ახალგაზრდების გადაბირება „სახალიფოს არმიისათვის“. პირველ სამშობლოში ნოყიერი ნიადაგის შექმნა სამომავლო ისლამური ომისთვის, ისლამური აფეთქებისთვის.
რაც უფრო ხშირად ვახსენებთ „ისლამურ სახალიფოს“, მით უფრო იზრდება დაინტერესება ამ „ქვეყნისადმი“, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმისადმი. მაგრამ, როდესაც ყოველივეს ტელეეკრანზე უყურებ და არა ცხოვრებაში (ღმერთმა დაგვიფაროს), არხეინად ვართ და ვფიქრობთ, რომ სირია-ერაყში მიმდინარე უმძიმესი პროცესები, ჩვენი არ არის.
ტელესიუჟეტის ნახვა, ცხადია გარკვეულ ემოციებს იწვევს, მაგრამ ის ისეთია, „სხვისი ჭირი, ღობის ჩხირი“ რომ ესადაგება და არა ისეთი, გულ-ღვიძლს რომ ჩაგწყვეტს. „იქ“ მიმდინარე პროცესები მაინც „იქ“ არის და არა ჩვენს სიახლოვეს. არადა, ჩვენგან, იქამდე, გაცილებით ნაკლები საფრენი დროა, ვიდრე ევროპამდე. „სახალიფოში“ მეომარი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც საგრძნობია, თანაც ზოგიერთი მათგანი „სახალიფოს“ უფროსობაშია გარეული.
დიახ! „სახალიფო“ დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, არ ემუქრება საქართველოს, გარდა ზოგიერთი ინდივიდუალი მეომრისა, მაგრამ დიდხანს გაგრძელდება ესოდენ უსაფრთხო ცხოვრება?
უცხოელ ექსპერტთა აზრით, არცთუ დიდხანს. მართლაც, თუ გავითვალისწინებთ „სახალიფოს“ „მიღწევების“ ტემპს, ერთ მშვენიერ დღეს კარზე ბრახუნიც შეგვაწუხებს. ამჯერად, ასეთი ბრახუნი არ არის, მაგრამ არც რა აკლია.
როდის იჩენს თავს „სახალიფოს“ აქტიურობა? - უპირველესად, პოლიტიკურ-ეკონომიკური ქაოსის დროს, მოსახლეობის სოციალური პირობების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში. ასეთი ატმოსფერო არა მარტო ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, არამედ „სახალიფოს“ მიერ წარმოგზავნილი „აგიტატორების“.
თუ მხედველობაში მივიღებთ „სახალიფოს“ იატაკქვეშურ კავშირებს აშშ-ს და დასავლეთის სპეცსამსახურებთან, იმასაც, რომ თვით „სახალიფო“ შექმნილია დასავლური, კერძოდ ამერიკული გარკვეული ჯგუფების „მუყაითი“ შრომით და დახმარებით („სახალიფოში“ შემავალი რადიკალური მუსლიმანური ჯგუფების მიმართ, უპირველეს ყოვლისა „ალ-ქაიდას“ ფილიალის „ჯებხატ ან ნუსრასადმი“), აქტიური მოქმედება სწორედ მაშინ გაიშლება, როდესაც ევროატლანტიკურ სივრცეს დასჭირდება. აი, მაგალითად, დასჭირდათ უკრაინაში და აამოქმედეს. და აამოქმედეს უპირველეს ყოვლისა რუსეთისთვის.
უკრაინელ ნაციონალისტთა და ისლამისტთა კავშირს 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში გამართული ყრილობის დროს. იქ შეიკვრნენ უკრაინელი, პოლონელი, ბალტიისპირელი ნაციონალისტები ერთის მხრივ და რუსეთელი ისლამისტები, ე.წ. კავკასიის დეკოლონიზაციის მოძრაობის და სრულიად უკრაინის ორგანიზაცია „ტრეზუბის“ წევრები. ეს უკანასკნელი ბანდერას სახელობისაა და მას დიმიტრი იაროში ხელმძღვანელობს.
ჩამოყალიბდა ე.წ. საერთაშორისო ანტიიმპერიული ფრონტი. 2013 წელს დოკუ უმაროვმა მოუწოდა „ფრონტის“ წევრებს ეომათ სირიაში, ბაშარ ასადის წინააღმდეგ. 2014 წელს „მარჯვენა სექტორის“ ლიდერმა იაროშმა მიმართა „კავკასიის საამიროს“ მოწოდებით - გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში. მოწოდებას უმალ მოჰყვა სირიიდან 300 ჯიჰადისტის უკრაინაში ჩასვლა და დონბასის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩართვა.
ფრანგი ჟურნალისტი ტერი მეისანი წერდა, რომ უკრაინის სპაეცსამსახურებს გადაწყვეტილი აქვთ ნაციონალებს შეურიონ ჯიჰადისტები, ისინი ვინც საბრძოლო წვრთნა გაიარა. „თუ იდეოლოგიურ ნაჭუჭს ჩამოვაცლით, დღევანდელი ნაცისტები და ჯიჰადისტები ერთმანეთის მსგავსია ძალადობაში და მსოფლიო ბატონობის სურვილში“, - წერს ის.
პოლონელი ჟურნალისტი მარტინ მამონი წერდა: „უკრაინა არის მნიშვნელოვანი რგოლი „სახალიფოს“ წევრებისა და სხვა ისლამისტური ორგანიზაციებისთვის. უკრაინაში 15000 დოლარად შეიძლება ახალი უკრაინული პასპორტის აღება, ახალი გვარით და სახელით, რაც ხელს უწყობს ისლამისტების შესვლას ევროპაში, პოლონეთის გავლით. ამ ქვეყნის ვიზის მიღება უკრაინის მოქალაქისთვის იოლია“.
ნაცისტებსა და ისლამისტებს შორის საბრძოლო კავშირს საფუძველი ჩაეყარა მეორე მსოფლიო ომის დროს. „ვაფენ“ სს-ის შემადგენლობაში არსებული მე-13-ე დივიზია „ხანჯარი“ ბოსნიელი მუსლიმანებით იყო დაკომპლექტებული; 21-ე დივიზია „სკანდერბეგი“ - ალბანელი მუსლიმებით. ეს თანამშრომლობა გაგრძელდა ნატოს საიდუმლო ორგანიზაცია „გლადიოს“ ფარგლეში. მნიშვნელოვანი ნაწილი ტერორისტი-შემსრულებლებისა იყვნენ უკრაინელი ბანდერელები.
აშშ-ს ცსს, 1939 წლიდან 1941 წლამდე - ომის დაწყებამდე, არავითარი მორალური ბარიერი არ ზღუდავდა ნაცისტებთან ურთიერთობაში, ისევე, როგორც დღეს - სირიელ ჯიჰადისტებთან. ყირიმელი თათრები, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ, ასევე მონაწილეობდნენ 2014 წლის „მაიდნის“ გადატრიალებაში.
პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თურქი და ერაყელი ისლამისტების რუმინეთსა და უკრაინაში გადასხმის შესახებ. ისინი ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის „ხიზბ ულ ტახრირის“ „ჯამათ თაბლიკის“ წევრები არიან. იყო აგრეთვე ცნობა იმის შესახებ, რომ „ალ-ქაიდას“ ფილიალი უკრაინაში - „უკრაინის ისლამის ორგანიზაცია“ წვრთნის „ბოევიკებს“ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და გერმანიიდან.
გასული წლის შემოდგომით ამერიკელი გორდონ დაფი წერდა: „ამერიკელმა სტრატეგებმა შესთავაზეს ევროპის ოფიციალურ პირებს გაეზიარებინათ „ალ-ქაიდას“ გამოყენების თემა უკრაინაში არსებული კრიზისის გასაღრმავებლად“.
ავტორის მიხედვით, ნატო და საუდის არაბეთი უკვე მოქმედებენ უკრაინის „ალ-ქაიდას“ ბაზად გადასაქცევად, რომელიც მომავალში გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ.
აბდულ ქარიმ კრიმსკიმ, სირიაში მეომარი „მუხაჯირინ ალ-ანსარის“ დაჯგუფების მეთაურმა, მოუწოდა უკრაინაში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს, იბრძოლოს ჯიჰადისთვის. უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ჭკუაში დაუჯდა ეს მოწოდება და რადას წევრ („ბლოკი პოროშენკო“) მუსტაფა ჯამილოვთან შეთანხმებით, ჩამოაყალიბა „ყირიმ-თათრული“ ბატალიონი, რომელიც გადასროლილ იქნა ბერდიანსკში, აზოვის ზღვის სანაპიროს გასამაგრებლად. ჯამილოვის „მუყაითი შრომის“ შედეგად, შეიქმნა ბატალიონი „ყირიმი“.
სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე აქტიურობით გამოირჩეოდნენ ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეებიც.
„ისლამური სახალიფოს“ გავლენა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებზე არცთუ უმნიშვნელოა. საერთო ჯამში ამ „სახალიფოს“ შეიარაღებულ ძალებში რუსეთის ფედერაციის 1700 მოქალაქეა. მათი დიდი ნაწილი ყაბარდინო-ბალყარეთზე, დაღესტანზე, ჩეჩნეთზე მოდის. ცნობილი მეთაურის აბუ უმარ შიშანის განცხადებით, ბაშარ ასადის წინააღმდეგ მიმდინარე ომს 500 კავკასიელი შეეწირა.
გასული წლის ოქტომბერში, ცნობილმა მეთაურმა თარხან ბათირაშვილმა განაცხადა, რომ მოაწყობს მსვლელობას სამხრეთ რუსეთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პანკისელი „ბოევიკები“.
იტალიური გაზეთი „ლა რეპუბლიკა“ აქვეყნებს ჟურნალისტ პაოლო ბერიცის სტატიას, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ „სახალიფოს“ მეომრების საბრძოლო შემართების ასამაღლებლად გამოიყენება ნარკოტიკები, „ვიაგრა“, ფული.
ფრანგი ექსპერტების მიხედვით, ომში ერთი დღით მონაწილეობისთვის ჯიჰადისტი 200 დოლარს იღებს, მაგრამ თვით ჯიჰადისტების განცხადებით, 80-დან 120 დოლარამდე. თანხა დამოკიდებულია ჯიჰადისტის პიროვნებაზე, მეომრის გამოცდილებაზე, ომებში მონაწილეობის ხანგრძლივობაზე.
დღეში 3 მილიონი დოლარი ჯდება „სახალიფოს“ არმიის ფუნქციონირება, წლიურად - მილიარდი დოლარი. დაფინანსების წყაროებია - ნავთობი, კონტრაბანდა, მათ შორის ადამიანებით, ნარკოტიკებით ვაჭრობა, აგრეთვე ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტებით ვაჭრობა.
ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ „ბოევიკი“ იღებს შვებულებას სამიდან-ხუთ დღემდე. გაქცევის მცდელობა სიკვდილით ისჯება, თუმცა გამქცევთა რაოდენობა მიზერულია - ის, ვინც ფიცს დებს, არსად მიდის. „სახალიფოში“ წახალისებულია „ბოევიკების“ დაქორწინება ადგილობრივ ქალებზე. ვინც გადაწყვიტა დაქორწინება „სახალიფოდან“ გასვლის ნებართვას მოიპოვებს. „სახალიფოდან“ გასვლის შესაძლებლობა აქვთ დაჭრილ მეომრებსაც, თუმცა მკურნალობა „სახალიფოშიც“ შეიძლება.
ის, ვინც ომში მიდის იღებს ნარკოტიკს - ამფეტამინს, მეთანფეტამინს, კოკაინს. გარდა ნარკოტიკებისა, ჯიჰადისტებს „ვიაგრასაც“ აძლევენ - სექსუალური ძალადობის განხორციელების მიზნით. დაპყრობილ ტერიტორიებზე ხდება ძალადობა, რითაც ქალებს ახსენებენ, რომ მოვიდა „სახალიფო“.
მაინც რა არის „ისლამის სახალიფო“ - ფანატიკოსი მკვლელებისგან, გადაქანებული ადამიანებისგან შექმნილი გაერთიანება თუ იდეოლოგიაზე დაფუძნებული სამყარო? ამერიკელი გენერლის მაიკლ ნაგატის განცხადებით - ვერ ხვდება, რაშია „სახალიფოს“ მიზიდულობის ძალა - „ჩვენ ვერ დავამარცხეთ იდეა, ჩვენ არც კი ვიცით ეს იდეა“, - ამბობს ის.
გასული წლის ივნისში „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა ერაყის ქ.მოსული. დღეს ის კონტროლს უწევს ბრიტანეთის ზომის ტერიტორიას. 2010 წლის მაისიდან ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს აბუ ბაქრ ალ ბაღდადი - ამერიკელთა მიერ ერაყის ოკუპაციის დროს კემპ-ბუკკას პატიმარი. გასული წლის 5 ივლისს, მან, როგორც ხალიფამ, მოსულის „ან ნურის“ მეჩეთში წაიკითხა ლოცვები „რამადანის“ დღესასწაულზე, რითაც პარტიზანიდან მთელი მუსლიმანების მხედართმთავრად გადაიქცა.
ალ ბაღდადის მოწოდებამ „სახალიფოსკენ“ დაძრა მუსლიმთა ნაკადი. სულ ახლახანს, ნიგერიაში მოქმედმა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“ აღიარა „ისლამური სახალიფოს“ უზენაესობა და მორჩილება მის წინაშე.
„ალ-ქაიდას“ ლიდერი ბენ ლადენი ტერორიზმს თვლიდა „სახალიფოს“ პროლოგად, რომლის წარმოშობას თავის სიცოცხლეში ის არ ელოდა. მართალია „ალ-ქაიდას“ ჰქონდა ვრცელი ტერიტორიული გავლენა, ავტონომიური დაჯგუფებების წყალობით, მაგრამ „სახალიფო“ სხვაა. ლეგიტიმურობისთვის „სახალიფოს“ ესაჭიროებოდა ტერიტორია, იერარქიული სტრუქტურა ტერიტორიის სამართავად, რაც მან მოახერხა კიდევაც. „სახალიფო“ დაყოფილია სამოქალაქო და სამხედრო მმართველობად, პროვინციებად.
ხშირად წერენ, რომ ჯიჰადისტები თანამედროვე ადამიანები, ათეისტები არიან, რომელთაც სულაც არ აქვთ ჩამორჩენილი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ყოველივეს ფარავენ შუასაუკუნეების რელიგიურ ჩაცმულობაში. რეალურად, ეს ასე არ არის. „სახალიფო“ გულწრფელად იღვწის ცივილიზაციის მეშვიდე საუკუნის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის, საბოლოო ჯამში აპოკალიფსის გამოწვევისთვის.
ამ თვალსაზრისის აქტიური მიმდევრები არიან „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურები. ისინი ცინიკურად უყურებენ მოდერნიზმს. აცხადებენ, რომ განუხრელად იცავენ წინასწარმეტყველ მუჰამედის მიერ ჩამოყალიბებულ ცნებებს.
„ისლამური სახალიფო“ - ნამდვილი ისლამური სახელმწიფოა. დიახ, ის იზიდავს ფსიქოპატებს, ავანტიურისტებს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მცხოვრებ უკმაყოფილო ადამიანებს, მაგრამ რელიგიური მოღვაწეები, რომლებიც იქ ქადაგებენ, ერთობ განსწავლულნი არიან თავიანთ საქმეში.
„ისლამური სახალიფოს“ დამოკიდებულება სამყაროსადმი და სამყაროს დამოკიდებულება „სახალიფოსადმი“ სხვაგვარ, უფრო ღრმა შესწავლას საჭიროებს, ვიდრე ზედაპირულ შეფასებას. სიღრმისეული შესწავლა - ანალიზის გარეშე ბრძოლა „სახალიფოს“ წინააღმდეგ, ისეთივე ზედაპირული შედეგის მომტანია, როგორც „კოალიციის“ სამხედრო თვითმფრინავების მიერ „სახალიფოს“ ტერიტორიის დაბომბვა.
დღეს, ადგილი აქვს შედეგთან და არა შედეგის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას. იქნებ შეგნებულად არ ხდება მიზეზების შესწავლა? ეს, ის კითხვაა, რომელიც არცთუ იშვიათად ჟღერს უცხოურ მედიაში, თუმცა ჯერ-ჯერობით საფუძვლიანი პასუხი არ ჩანს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
13/03/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.