„ისლამური სახელმწიფო“ და მისგან გამომდინარე პრობლემები

hamlet chipashvili-politologi

ირან-საუდის არაბეთს შორის გაჩენილმა მორიგმა დაპირისპირებამ, რომელიც დიპლომატიურ ომში გადაიზარდა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა ახლო აღმოსავლეთის პრობლემები და დაგვანახა, რომ მათი მოგვარება რთულია და ხანგრძლივ პოლიტიკურ მკურნალობას საჭიროებს. მსოფლიოს არც ერთი რეგიონი არ გამოირჩევა ისეთი რელიგიური, პოლიტიკური თუ „ენერგეტიკული“ დაპირისპირებით, როგორითაც ახლო აღმოსავლეთი.
ამჯერად, რეგიონის ეპიცენტრი სირიაა, სადაც ოთხი წელია მიმდინარეობს ომი მთავრობასა და მოწინააღმდეგე ძალებს შორის. მთავრობის მხარეს ირანი და რუსეთია. მოწინააღმდეგე ძალებს ზურგს აშშ-ი, მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი უმაგრებს. ყველა მათგანს შორს მიმავალი გეგმები აქვს - ტერიტორიული, ენერგეტიკული, პოლიტიკური.
ყველა მათგანი ცდილობს გაჩანაგებული სირიისგან რაღაცის მოგლეჯას - ტერიტორიის, ენერგომატარებლების. მათი მიზანი უდავოდ მიიღწეოდა, რომ არა რუსეთის ჩარევა. რუსეთია ის სერიოზული ძალა, რომელმაც საჰაერო იერიშებით მძიმე დარტყმა მიაყენა სირიის ტერიტორიაზე შექმნილ „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც სირიის ხელისუფლებას ეომებიან.
ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის გათვლით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ, ტერორისტების პოზიციების ყოველდღიური დაბომბვა, 8 მილიონი დოლარი ჯდება. დანახარჯი დიდია და მძიმედ აწვება რუსეთის ეკონომიკას. თუმცა რუსეთის ხელისუფალთა განმარტებით, არც ისეთი, ვინაიდან სირიის „პოლიგონმა“ ჩაანაცვლა რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნები.
სირიაში რუსეთის გამოჩენამ თავდაყირა დააყენა როგორც აშშ-ს, ისე მისი ნატოელი მოკავშირეების, მათ შორის თურქეთის და არაბული სამყაროს მიზნები. ის-ის იყო, სირიის სახით „ტორტის“ დაჭრისთვის დანებს ლესავდნენ და უცბათ რუსეთი...
არაბული სამეფოები, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, რომლებიც წლების განმავლობაში ფინანსურ დახმარებას უწევდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, ცვლიან ტაქტიკას და ახალ ანტიტერორისტულ კოალიციას აყალიბებენ, რომელიც უფრო ანტიშიიტურს წააგავს.
ანტიტერორისტული დიდი კოალიციების რაოდენობა ორამდე იზრდება, თითოეულში არანაკლები 30 წევრია. მაგალითად, პირველში, რომელსაც აშშ-ი ხელმძღვანელობს - 64 წევრია. შედეგი „ანტიტერორისტული“ ბრძოლისა ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ ანტიშიიტური - თვალშისაცემი. ირან-საუდის არაბეთის დაპირისპირება სწორედ ამ სცენარითაა გათვალისწინებული.
არის მესამე კოალიციაც, რომელსაც „კოალიციობას“ ვერ დასწამებ, მაგრამ თანამოაზრეობას - უდავოდ: რუსეთი, ირანი, ერაყი და მათთან ერთად ლიბანისა და პალესტინის ორგანიზაციები „ჰესბოლა“ და „ჰამასი“. ყველა მათგანი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მიიჩნევს, რომ სირიის ხელისუფლების ბედი სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ - საყოველთაო არჩევნებით. თუ როდის და რა ვითარებაში გაიმართება ის (არჩევნები), წელს გაირკვევა - რუსეთის მიერ ინიცირებული კონფერენციის მიერ. სწორედ, ამ კონფერენციამ უნდა გადაწყვიტოს სირიის ბედი, მანამდე კი ომი გრძელდება.
რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად ძალგამოცლილი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტები ტოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ პროცესი არცთუ სწრაფად მიმდინარეობს. სირიის სამთავრობო ძალებს - ოთხწლიან ომში დაღლილს, უჭირს ძალთა კონცენტრაცია. ფრონტის ხაზი მთელი სირიის ტერიტორიას მოიცავს, იქ გამაგრებული „ისლამური სახელმწიფოს“ „შეიარაღებული ძალებით“.
თუ სირიის ტერიტორიების გათავისუფლებას ექნა ადგილი, რა დაემართება „ისლამურ სახელმწიფოს“? შეწყვეტს ის არსებობას? მოხდება თუ არა ყველა ჯიჰადისტის ლიკვიდაცია და თუ არა, საით წავლენ ისინი?
ეს კითხვები რახანია პასუხს მოითხოვს, მაგრამ პასუხი არ ჩანს და ალბათ არც იქნება, გარდა ერთისა - როგორც რუსები იტყვიან - ცხოვრება დაგვანახებს (поживем, увидим).
დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს ძალისხმევით, ისეთი თავსატკივარი შეიქმნა, რომლისგან განკურნება კარგა ხნის (შესაძლოა წლების) განმავლობაში შეუძლებელი იქნება. მაინც რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, როგორ აღმოცენდება ის და რამდენად სერიოზულია მისი მეტასტაზები კაცობრიობისთვის?
ყოველივე აღნიშნულის ასახსნელად ისტორიის მოშველიება გვმართებს და მასთან ერთად ინგლის-საფრანგეთის შეთანხმების გახსენება, რომელიც საიქს-პიკოს (Sykes–Picot Agreement) სახელითაა ცნობილი. პირველი მსოფლიო ომის შედეგად აღნიშნულმა შეთანხმებამ ახლო აღმოსავლეთის რუკა ისე ჩამოაყალიბა, რომ ყურადღება არ მიაქცია არც რელიგიურ და არც ეროვნულ ინტერესებს, რომლებსაც ჭარბად ჰქონდა ადგილი იმჟამინდელ ახლო აღმოსავლეთში. ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ადგილსამყოფელი მიუჩინეს მუსლიმან შიიტებსა და სუნიტებს, ეზიდებს, ალავიტებს; ქურთებს კი არაბებთან, თურქებთან და სპარსელებთან.
აღნიშნულმა, მძიმე დაპირისპირება გამოიწვია, რაც დღემდე გრძელდება. შექმნილი აჯაფსანდალის წინააღმდეგ ილაშქრებს სუნიტური მოძღვრება სალაფიზმი, რომელიც მოითხოვს საიქს-პიკოს შეთანხმებამდე არსებული ვითარების დაბრუნებას; ყოველგვარ დასავლურზე უარის თქმას. სალაფიტთა აზრით, დასავლური დემოკრატია და ლიბერალიზმი შეუთავსებელია ისლამთან. ისინი თვლიან, რომ არსებობს მსოლოდ ერთი ისლამი, ნამდვილი და მყარი - ყურანის და სუნის ისლამი. დასავლური გავლენისგან თავის დასაღწევად ისინი მოითხოვენ ახლო აღმოსავლეთის საზღვრების გაუქმებას.
გასული საუკუნის 80-იანი წლების რადიკალმა სალაფიტებმა „ჯიჰადის“ გზა აირჩიეს. სიტყვა „ჯიჰადი“ ბრძოლას ნიშნავს - ბრძოლას სწავლაში, მუშაობაში, საკუთარ მანკიერებათა წინააღმდეგ. მაგრამ მან სხვა შინაარსი შეიძინა 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეყვანის შემდეგ. „ჯიჰადი“ გადაიქცა შეიარაღებულ დაპირისპირებად, ჯერ საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ, მოგვიანებით ყველა ურწმუნოს - აშშ-ის, ისრაელის, ევროპელის,...
„ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზატორად იორდანელი აბუ მუსაბ აზ-ზარკავი ითვლება, რომელიც ახალგაზრდობაში ალკოჰოლით ვაჭრობდა და „ოღრაშობასაც“ მისდევდა. მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დედის რჩევით იორდანის დედაქალაქ ამანის სასულიერო კურსებზე დაიწყო სწავლა. შემდეგ ავღანეთში ამოჰყო თავი, როგორც ჟურნალისტმა. იორდანიაში დაბრუნებულმა, პირველი ტერაქტი განახორციელა, რის შემდეგ ის ციხეში გამოამწყვდიეს, ე.წ. უნივერსიტეტში, რომელიც თითქმის ყველა ახლოაღმოსავლელმა ტერორისტმა გაიარა.
ციხე იყო და არის ის ადგილი, სადაც ტერორისტები ავტორიტეტს იმაღლებენ და იმავდროულად თანამებრძოლებსაც იძენენ. 1999 წელს ციხიდან გამოსული ზარკავი არა მარტო ავტორიტეტი იყო, არამედ თანამებრძოლებით მდიდარი ლიდერიც.
ზარკავის „მოღვაწეობამ“ ფართოდ გაშალა ფრთები ამერიკელთა მიერ ერაყოს ოკუპაციის დროს. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, აშშ-ს ძალისხმევით, ჩამოყალიბდა ხელისუფლება, რომელშიც უმრავლესობა შიიტები იყვნენ, რამაც დიდი გულისწყრომა გამოიწვია სუნიტებში, უმცირესობაში, რომელიც სადამის დროს ქვეყნის სათავეში იყო. სუნიტებში ხმა გავრცელდა, რომ ქვეყანას შიიტებს აძლევენ. სწორედ მაშინ განახორციელა ზარკავიმ ტერორისტული აქტების სერია. აზ-ზარკავის მტრები გახდნენ ამერიკელები, შიიტები და ირანი. აზ-ზარკავი იყო პირველი, ვინც ტელეკამერების წინ თავი მოკვეთა ამერიკელ ნიკ ბერგს (Nick Berg). ამერიკელთა შურისძიებამ მას 2006 წელს უწია, როდესაც ბომბმა გამოასალმა სიცოცხლეს.
სიცოცხლეში აზ-ზარკავი, უსამა ბენ-ლადენის შემდეგ, მეორე ტერორისტად აღიარეს. სიკვდილის შემდეგ მის ორგანიზაციას სათავეში ერაყელი აბუ ომარ ალ-ბაღდადი (პირველი) ჩაუდგა. სწორედ მან გამოაცხადა „ისლამური სახელმწიფო“ (2006 წლის ნოემბერი). 2010 წელს ის მოკლეს ამერიკელებმა. მის ნაცვლად ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერაყელმა ფილოსოფოსმა, დოქტორმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი (მეორე ალ-ბაღდადი) ითავა.
ამ პიროვნებამ ტერორისტული წრთობა ერაყში არსებულ ბუკას ციხეში გაიარა. ეს ციხე ტერორისტთა აკადემიად იყო მიჩნეული. ციხეში ყოფნის დროს ალ-ბაღდადი ქადაგებდა იქ მყოფ პატიმრებში. მის მიმართ ამერიკელებს ლმობიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ის, ვადაზე ადრე გამოუშვეს ციხიდან.
„ისლამური სახალიფოს“ საწყისი „ალ-ქაიდაა“ - ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია, თუმცა მათ შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა. „ისლამური სახელმწიფო“ თვლის, რომ „ალ-ქაიდა“ მოძველებული მეთოდებით ხელმძღვანელობს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მჭიდრო კავშირი დაამყარეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა, მისმა მოკავშირე საუდის არაბეთმა, ყატარმა, არაბულმა საამიროებმა. მიზანი - ტერორისტული ორგანიზაციის გამოყენება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დასამხობად, ახლო აღმოსავლეთში მართვადი ქაოსის შექმნა.
„ისლამური სახელმწიფო“ ანტიასადურ ომში 2013 წელს ჩაერთო. ამერიკული იარაღით აღჭურვილმა „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებმა სირია-ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს და 2014 წლის 28 ივნისს, რამადანის პირველ დღეს აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ ქ.მოსულის ალ-ნურის მეჩეთში „ისლამური სახელმწიფო- სახალიფოდ“ გამოაცხადა.
ეს, ის მეჩეთია, სადაც მუსულმანთა კერპმა სალადინმა ომი გამოუცხადა ქრისტიანობას. ახალმა „ხალიფმა“ გააუქმა ეროვნება, მოქალაქეობა. მისი მოძღვრების მიხედვით, აღარც ამ რეგიონის და აღარც მსოფლიოს ხალხები აღარ არსებობენ. კაცობრიობა ორ ბანაკად იყოფა - პირველში მუსლიმანი სუნიტები და მოჯახედები (წმინდა მეომრები) შედიან, მეორეში - ჯვაროსნები, ებრაელები, შიიტები, სხვა უწმინდურები.
ახლო აღმოსავლეთის რუკაზე არც ერთი დასავლელის თითის ანაბეჭდი არ უნდა დარჩეს. ასედა ამრიგად მუსლიმანური სამყაროს ცენტრში, წმინდა ადგილების მექის, მედინის და იერუსალიმის სიახლოვეს „ისლამური სახელმწიფო–სახალიფო“ დაარსდა.
დაპყრობილ ტერიტორიებზე „ისლამური სახელმწიფო“ უპირველესად ხალხს ათავისუფლებს მჩაგვრელი ხელმძღვანელებისგან, ხოლო შემდეგ ქმნის ადმინისტრაციას, რომელსაც სათავეში უყენებს ადგილობრივ პროფესიონალებს. ყველა ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მოჯახედთა მახვილი თვალის კონტროლს განიცდიან. თუ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ადამიანი ჩივის მეორეზე, მას აუცილებლად დაკითხავენ. ზომები ვრცელდება არა მარტო რიგით მაცხოვრებლებზე, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებზეც. თავისი არსებობის განმავლობაში „სახელმწიფომ“ ასობით „საკუთარი“ დასაჯა სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის.
„სახელმწიფოს“ მთავარი შემოსავალი - ნავთობით ვაჭრობაა. გარდა ამისა მის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიერ გადასახადების გადახდა, მეტადრე ქრისტიანების მიერ. რაც შეეხება მუსლიმანებს - ისინი შესაწირავს (ზაკიატს) იხდიან. შემოსავლის წყაროდ ითვლება ისტორიული ძეგლების ფრაგმენტების გაყიდვაც. ამ თვალსაზრისით მას ბევრი მდიდარი მუშტარი ჰყავს. შემოსავლის წყაროდ ლტოლვილთა ქონების კონფისკაციაც არის და ტყვეთა გამოსასყიდი თანხაც.
„ისლამურ სახელმწიფოში“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ჩეჩენი მებრძოლები და პანკისელები - მათ ხომ საბრძოლო წრთობა რუსეთის არმიასთან ომში გაიარეს. ცნობილთა შორის არის აბუ უმარ აშ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი). 2013 წელს ჩავიდა ის სირიაში, მანამდე ქართულ ჯარში მსახურობდა. გავლილი აქვს ამერიკული წვრთნა, მონაწილეობდა ცხინვალის ომში. იყო გასამართლებული იარაღის უკანონო შენახვისთვის. იჯდა ციხეში. იქიდან გამოსვლისთანავე წავიდა თურქეთში, შემდეგ სირიაში. დიდი ავტორიტეტი აქვს მეორე პანკისელსაც - მურად მარგოშვილს - აბუ ვალიდ ალ-შიშანის.
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ასობით პანკისელი ახალგაზრდა წავიდა სირიაში და იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ. მათ შორის იყვნენ ძმები ხალიდი და ხამზად აჩიშვილები. ისინი ჯერ ავსტრიაში ცხოვრობდნენ. ხალიდი პროგრამისტი იყო, ხამზადი - იტალიური ენის მთარგმნელი. ავსტრიიდან ისინი სირიაში გაემგზავრნენ და ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
ამერიკელთა მონაცემებით, არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ „სახალიფოს“ „ბოევიკები“, რომლებიც პანკისის ხეობაში არიან. მათი რაოდენობა 25 აჭარბებს. ყველა მათგანს აქტიური ინტერნეტ-კავშირი აქვს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ელიან მითითებებს. მათი სახელები არვინ იცის. მათ „მოარულ ბომბებსაც“ უწოდებენ.
რუსეთის საჰაერო თავდასხმები გრძელდება. მას თან ახლავს სირიის არმიის შეტევა და თუ ის წარმატებით დასრულდება, „ისლამური სახელმწიფო“ შეწყვეტს თავის არსებობას, მხოლოდ სირიაში და არა სხვაგან, მაგალითად ლიბიაში, სადაც, კადაფის სიკვდილის შემდეგ, ტერორიზმის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა. ასე რომ სირია-ერაყში არსებული „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტები ლიბიას მიაშურებენ, ბევრი მათგანი კი მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება - იქ შესვლის სურვილით. ასეთად საქართველო მოიაზრება, განსაკუთრებით პანკისის ხეობა.
მაგრამ ჯერ-ჯერობით სირიის ომი არ დასრულებულა, არც სირიასთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენცია არ გამართულა. ასეთი, იანვრის ბოლოს იგეგმება. ვინ იცის, რამდენი ასეთი კონფერენციის გამართვა გახდება საჭირო სირიის ომის დასასრულებლად? სირიის პროცესში ჩართული ქვეყნების პოზიციებიც არ შეცვლილა, რისი დასტურია „ისლამური სახელმწიფო“-თურქეთის გამალებული ვაჭრობა სირიისთვის მოპარული ნავთობით. აშშ-ი ვერ ხედავს ამას, ისე, როგორც „ისლამური სახელმწიფოსთვის“ საუდის არაბეთისა და ყატარის მრავალმხრივ დახმარებას.
ახლო აღმოსავლეთის საკითხებით დაინტერესებული ქვეყნები, ისე, როგორც ყოველთვის სირიის მომხრეებად და მოწინააღმდეგებად იყოფიან. ყველა მათგანს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და რახან ასეა - ომიც გაგრძელდება, „ისლამური სახელმწიფოც“ (სირიაში თუ არა სხვაგან) იარსებებს და მსოფლიოსაც მუდმივი შიში ექნება - მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
09/01/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.