ივანიშვილი - ქვეყნის პატრონი?

Hamlet Chipashvili - politologi

ქართული პოლიტიკა არჩევნებისთვის ემზადება. ძველი პარტიები ფულს და მოკავშირეებს ეძებენ. შედარებით ახლები - ასევე, ხოლო სულ ახლახანს დაჩეკილები ძველი პარტიების გზას ადგანან. ყველას პარლამენტში მოხვედრის იმედი აქვს, ყველა ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, უზრუნველ ცხოვრებაზე, ბედნიერებაზე - მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
ამ ფიქრებში ქვეყანა და ხალხი მასობრივი როლების შემსრულებლის ფუნქციას ვერ სცდება. ძველი და ახალიც წამდაუწუმ ახსენებს ქვეყანას და ხალხს, ვინაიდან წინასაარჩევნო რიტუალის აუცილებელი კომპონენტებია. მათზე უნდა ილაპარაკონ, მათი ხსენებით უნდა გადაიფაროს ის ნამდვილი მიზანი, რომელიც ყველას ერთი აქვს - საკუთარი კეთილდღეობა.
პარლამენტში მოხვედრა ბევრს ნიშნავს - მინიმუმ ოთხი წლით მაღალ ხელფასებს, სახელფასო დანამატებს, პრემიებს, უცხოეთში სისტემატურ მოგზაურობას, იქ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრებას, აქ ბიზნესის შუამდგომლობას, საკუთარი ბიზნესის შექმნას, შექმნილის გაათკეცებას, ხელშეუხებლობას და სხვა მრავალ პრივილეგიას. მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანს ძალუძს გაუძლოს ესოდენ საარაკო ცდუნებას და უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.
ერი და ბერი დაირაზმა არჩევნებისთვის, ვინაიდან სხვა გზა მას არ აქვს. თვითგამოხატვისთვის, საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვებისთვის - საარჩევნო გზა ერთადერთია, სხვა ალტერნატივა არ ჩანს. ასეა 25 წლის განმავლობაში და ასე იქნება ერთი იმდენის შემდეგ, ცხადია თუ საქართველო გადარჩება. ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება და ხელისუფალთა გაუგებარი, უმიზნო, ხშირ შემთხვევაში აზრს მოკლებული მოქმედება ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს.
ოთხი წელია ქვეყანა „ოცნების“ მიერ იმართება, მანამდე კი, თითქმის 10 წლის განმავლობაში „ნაცების“ მიერ. „ნაცებამდე“, ხანგრძლივი პერიოდით, შევარდნეძის „მოქალაქეთა კავშირი“ მართავდა ქვეყანას. ყველა მათგანს ზუსტად ისეთი სურვილები ამოძრავებდათ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ყველა მათგანი ცდილობდა, საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად მტრის ხატის შექმნას - შევარდნაძე, აბაშიძის სახით; სააკაშვილი შევარდნაძე-აბაშიძის სახით; ივანიშვილი, სააკაშვილის სახით. რა იქნება მომავალში, ძნელი სათქმელია, მაგრამ „მტრის ხატობა“ ისეთი პოპულარულია ქართულ პოლიტიკაში, ვეჭვობ ვინმე შეელიოს ამ საქმეს.
გარდა „საშინაო“ მტრის ხატისა, ქართულ პოლიტიკას მუდმივი „საგარეო“ მტრის ხატიც ჰყავს - რუსეთის სახით. რუსეთი ისეთი „მტერია“, ყველა პარტიას რომ აერთიანებს; ყველა რომ ერთმანეთს უმტკიცებს - რუსოფობობას და მოწინააღმდეგეს რუსოფილობაში ადანაშაულებს. რუსეთის მტრის ხატი რომ არ ყოფილიყო - ძალით, ხელოვნურად უნდა გამოეგონებინათ.
რუსული მტრის ხატი ერთ მუშტად რაზმავს ქვეყანას - ასე ჰგონია ქართულ პოლიტიკას და ნაცვლად ვითარების შეცვლისა - ჭრილობაზე მარილს აყრის. რუსეთის მოჭარბებულმა ლანძღვამ უკუშედეგი გამოიწვია, დაახლოებით ისეთი, აკრძალულმა ხილმა რომ იცის - გიკრძალავენ, მაგრამ მეტად გინდება. საარჩევნო მთავარ მოპაექრეთა მსოფმხედველობა რომ თითქმის ყველა საკითხში იდენტურია - ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ არის ერთი საკითხი - რუსეთი, რომელიც სხვაგვარ მიდგომას აფიქსირებს ორთა მხრიდან. „ნაციონალები“ უარს ამბობენ მასთან ურთიერთობაზე, „ოცნება“ - მზადაა დიალოგისა და ურთიერთობის „დასალაგებლად“, ოღონდ ეს ურთიერთობა პოლიტიკურში არ უნდა გადავიდეს, ის უნდა ტრიალებდეს სავაჭრო, სატრანსპორტო, აგრეთვე კულტურის (შეზღუდულ გარემოში) სფეროში.
„ოცნების“ და ქვეყნის „იატაკქვეშელი“ ხელმძღვანელის ივანიშვილის ხალხისთვის გაგზავნილ უსტარში ერთი წინადადებითაა მოხსენიებული - ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, მაგრამ მტკიცედ და გავრცობილად - ევროატლანტიკურ სივრცესთან.
„ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატოს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს... საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს აშშ-ნ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი. ძნელბედობის ჟამს ამერიკამ გაუწია ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა“. და შემდეგ: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ - ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან“.
აი, ეს ბოლო წინადადება განასხვავებს „ოცნებას“ „ნაციონალებისგან“. და კიდევ ის წამება, რაც „ნაცებმა“ ხალხს აგემეს 10 წლის განმავლობაში. არის თუ არა ეს საკმარისი „ოცნების“, „ნაცებისგან“ დაშორიშორებისთვის? უდავოდ არის. მაგრამ, თვით „ოცნებამ“, პირადად ივანიშვილმა არ ისურვა დისტანცირება, არ გადადგა ნახევარი ნაბიჯიც კი „ნაცების“ დასასჯელად. მისთვის მტერი მხოლოდ სააკაშვილი გამოდგა და არა მისი თანამებრძოლები. მისი აზრით, ისინი „პროფესიონალები“ არიან და დიდი სიამოვნებით ამუშავებდა თავის მთავრობაში.
ივანიშვილის წერილი აგებულია „ნაცებთან“ ბრძოლაზე, გუშინდელი დანაშაულების კიდევ ერთხელ გახსენებაზე და ხალხისთვის იმის შეხსენებაზე თუ რა საშინელება იქნება „ნაცთა“ უკან დაბრუნება. მტრის ხატი „ნაცთა“ სახით - გამოკვეთილია ივანიშვილის წერილში. ის, არც ერთ პარტიაზე არ ლაპარაკობს, გარდა „ნაციონალებისა“, რითაც ხაზს უსვამს - ორპარტიულობას, რაც ხაზგასმით გულისხმობს 4 წლის წინ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დანარჩენი პარტიების „გაკრეფვის“ თაობაზე. ანუ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ორი პარტია „ოცნება“ და „ნაცები“ უნდა იყვნენ, დანარჩენებმა არსებობა უნდა შეწყვიტონ.
ივანიშვილის სავალალოდ უნდა ითქვას - პარტიები არათუ „გაიკრიფნენ“, პირიქით გამრავლდნენ, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. რატომ მოხდა ეს? უბრალოდ იმიტომ, რომ უმუშევარმა ხალხმა, რომელმაც ვერსად მოახერხა დასაქმება, იოლ გზას მიაგნო - პარტიის შექმნას - იმედით, იქნებ ფორტუნამ გაუღიმოს და პარლამენტში მოხვდეს. არ გამართლდა ივანიშვილის ოთხიწლისწინანდელი დაპირება ახალ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ისე, როგორც მრავალი სხვა. რაც გამართლდა ისაა - შევასრულეთ და ვერ ხედავთო.
„ოცნება“ აგინებს „ნაცებს“, „ნაცები“ - „ოცნებას, რითაც ერთიც და მეორეც ხალხის თვალში პოზიციებს იმაგრებს, რაც თავისთავად მიანიშნებს პოლიტიკური თამაშის ხელოვნურობაზე - არ აირჩევთ „ოცნებას“ და ხელისუფლებაში „ნაცები“ მოვლენო. “ნაცებს“ (ამ ეტაპზე) აწყობთ „ოცნების“ სათავეში ყოფნა, ვინაიდან მათი რეაბილიტაციის პერიოდი დამთავრებული არ არის. მეორეც - უსუსური და დავრდომილი „ოცნებური“ ხელისუფლება მწვავე კრიტიკის და რეაბილიტაციის განუსაზღვრელ შანსს აძლევს მათ. „ნაცებს“ მეორე ადგილიც აწყობთ, რომელიც პირველში შეიძლება გადაიზარდოს, ცხადია ვითარებიდან გამომდინარე.
„ნაცები“ თანამგზავრ პარტიებს ქმნიან - „გირჩის“, ბურჭულაძის, სხვათა და სხვათა სახით, რომლებიც იმედს არ კარგავენ პარლამენტში მოსახვედრად. ყველა მათგანის მსოფმხედველობა „ნაცების“ იდეოლოგიის იდენტურია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანამ ერთი „ნაცმოძრაობიდან“, მრავალი „ნაცმოძრაობა“ მიიღო, რაც „ოცნების“ დამსახურებაა.
წინასაარჩევნო ციებ-ცხელებამ ისე ჩაითრია ქვეყანა, არც არავინ უყურებს რა ხდება ჩვენს საზღვრებს გარეთ, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რომ გარეთ არსებული ვითარებით არც ადრე ვყოფილვართ დაინტერესებული. თუ რაღაც ინტერესი იყო - ხელისუფალთა მიერ მოწოდებულ ლოზუნგზე - ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე იყო დაფუძნებული.
საგარეო საქმეების შესახებ არის აღნიშნული ივანიშვილის წერილში - ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა... ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ხვალ თუ არა ზეგ ნატოშიც შევალთ და ევროკავშირშიც, რაც უტოპიაა. უფრო მეტი უტოპია კი ისაა, რომ პარალელურად გვინდა რუსეთთან კავშირების ქონა. ნატოში შესული საქართველო, არის თუ არა რუსეთისთვის პარტნიორი? ნამდვილად, არა!
ივანიშვილი აცხადებს, ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე, სადაც შესვლის შესაძლებლობა გაუჩნდა საქართველოს. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს ამ შანსს - ერთის მხრივ, მაგრამ საკუთარი პროდუქციის უქონლობა მის საწინააღმდეგოს. უნებლიედ ისმის კითხვა - რის შეტანა შეუძლია საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე? ღვინის, მინერალური წყლის და ... სამწუხაროდ, მეტი რომ არაფერი გვაქვს. მაგრამ იმას, რაც გვაქვს შეგვატანინებენ ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც ისედაც გაჯერებულია იტალიური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალური, გერმანული, სხვა ქვეყნების ღვინოებით?
ან რაოდენ მძლავრ კონკურენციას უნდა გაუძლოს ქართულმა მინერალურმა წყლებმა ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად? ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, შვეიცარულ, ... მინერალურ წყლებთან შერკინება არცთუ იოლი იქნება.
იქნებ იმის იმედი გვაქვს, რომ ევროპული ინვესტიციით შექმნილი საწარმო საექსპორტო საქონელს დაამზადებს, რითაც ევროპის ბაზარზე აღმოვჩნდებით? ოდესმე შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს - ცხადია თეორიულად და არა პრაქტიკულად. რაც მოხდება კი ისაა, რომ ევროპული საქონელი წალეკავს ქვეყანას და შინ შეუქმნის პრობლემებს მწარმოებელს. სულ ახლახანს ვნახე ვიდეო-ფილმი ბულგარეთზე, რუმინეთზე - ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, სადაც ბოსტნეულის დახლთან მდგარი გამყიდველი ამბობს, რომ სანთლით საძებნია ადგილობრივი პროდუქტები, ბაზარი უცხოურს აქვს დაპყრობილი.
ივანიშვილის წერილში ეკონომიკის ამსახველი ციფრებია მოყვანილი, ანუ რა ცუდათ ვცხოვრობდით და რა კარგად ვცხოვრობთ. ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა ქუმსიშვილმა ხომ ისეთი სატელევიზიო ცეცხლი დაანთო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი. მან ასეთი მაგალითი მოიყვანა - „ნაცების“ დროს (ბოლო პერიოდი) ერთ სულ მოსახლეზე დღიური შემოსავალი 2.5 დოლარი იყო, რაც ყველაზე დაბალია მსოფლიოშიო, ხოლო დღეს ანუ „ოცნების“ ჟამს, ვითარება გაცილებით უკეთესიაო.
არადა მაშინდელი ხელისუფლება რომ ეკონომიკური წინსვლით გვაბრუებდა? დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში, სხვა ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, „ოცნების“ ეკონომიკური გათვლები იქნება ტყუილი. სტატისტიკური მონაცემები ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არასდროს იქნება ზუსტი. ის, ისეთი იქნება, როგორსაც ხელისუფლება ისურვებს.
ივანიშვილის წერილში მოყვანილი მაგალითები, ერთობ არადამაჯერებელი, უდავოდ იმსახურებს გულგრილ დამოკიდებულებას, მაგრამ სამწუხაროდ ხავსს მოჭიდებულ საზოგადოებას, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს?!
ხალხი არც ასეთ კითხვას სვამს - ვინ არის ივანიშვილი და რატომ აძლევს ის თავს უფლებას ისე ილაპარაკოს, როგორც ქვეყნის პატრონმა?!
ივანიშვილი დემოკრატიასაც ეხება, რაც, მისი თვისებებიდან გამომდინარე, აშკარა თავხედობაა. რიგითი მოქალაქე ივანიშვილი თავს ქვეყნის მეპატრონედ თვლის და ამას დავრდომილი საზოგადოება ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. ქართველ ხალხს ისიც ვერ გაუგია, რატომ ცხოვრობს მილიარდერის ხელში შემყურედ ან რა ჰქვია ასეთ მმართველობას და არის თუ არა ის დემოკრატიული.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
02/06/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.