ერთწლიანი საოცნებო მმართველობა

image

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ა.წ. ნოემბერში ის დატოვებს პოსტს და საზოგადოებას შეუერთდება. ვიდრე ეს მოხდება იმავე საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა კალთებს აგლეჯს გაჯიუტებულ პრემიერს - არ წახვიდე, არ წახვიდეო! პრემიერი კი თავის მხრივ თავდაჯერებით აცხადებს - ჩემი წასვლა, მოსვლამდე დავგეგმე, თანაც გაგაფრთხილეთ - პოლიტიკაში შემოსვლიდან 1-2 წელიწადში, წავალო.
ბიძინა მართალია. მან მართლაც თქვა მსგავსი, თუმცა საზოგადოებამ არ დაიჯერა, იფიქრა - ალბათ ხუმრობსო. საზოგადოებას ჰქონდა ამის საბაბი, რამეთუ ივანიშვილის არც ერთ წინამორბედს არ ჰქონია ვადამდელი წასვლის სურვილი და არათუ ვადამდელი, არამედ ვადის ამოწურვის შემდეგაც დაბეჯითებით ცდილობდნენ მმართველობის გახანგრძლივებას.
მარტო სააკაშვილის მაგალითი რად ღირს. მან წინასწარ დაიჭირა თადარიგი - შექმნა რა საკონსტიტუციო კომისია, რომლის დაუღალავი შრომის შედეგად ისეთი კონსტიტუცია მიიღო, იმპერატორს რომ ეკადრებოდა - ქვეყნის ხანგრძლივი მართვის შესაძლებლობით. მან, არათუ კონსტიტუცია მოირგო, ახალი რეზიდენციის რეკონსტრუქციაც წამოიწყო, ათონელის 25-ში. სწორედ იქედან აპირებდა პატივცემული მიხეილი ქვეყნის მართვას - პრემიერ-მინისტრის ამპლუაში.
საკონსტიტუციო კომისია დროებით, მომავალი პრემიერის სასახლეში განთავსდა და ყველაფერი იღონა პრეზიდენტ სააკაშვილის ავადმყოფური იდეების ფრთების შესასხმელად. ბედშავ საზოგადოებას ვერ წარმოედგენია, რომ საპრეზიდენტო ვადის ჩამთავრების შემდეგ, მას ისევ სააკაშვილის მართველობა ელოდებოდა.
იმჟამინდელმა ოპოზიციამ - დღევანდელმა ხელისუფლებამ, ნაცვლად საგანგაშო ზარების შემოკვრისა, სიტყვაც არ დაძრა მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების საშიშროებაზე. მან თვალი დახუჭა იმის იმედით, რომ კულუარულად გაურიგდება ნაცებს საპარლამენტო სკამების მოსაპოვებლად.
როგორც ამბობენ, წასვლა არც შევარდნაძეს სურდა და სწორედ ამიტომაც მოხდა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“.
პირველმა პრეზიდენტმა - მისთვის და ქვეყნისთვის უმწვავეს მომენტში, ოპოზიციონერთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაცვლად - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და გადადგომის თაობაზე, დარჩენა ამჯობინა. თუ რით დამთავრდა ეს ისტორია, ყველამ კარგად იცის. მას შემდეგ ქვეყანა წელში ვერ გასწორდა.
ვადამდელი წასვლა - თანაც საღსალამათი პრემიერის, იმ დემოკრატიულ დასავლეთშიც მიუღებელია. და მიუღებელია არა იმიტომ, რომ ამ ნაბიჯის უკან ობიექტურ-სუბიექტური მოსაზრებებია, არამედ იმიტომ, რომ არჩეული ხელისუფალი ვალდებულია საარჩევნო დაპირებები შეასრულოს, ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ამოწუროს და თუ მაინცდა მაინც წასვლა სურს, ახალ არჩევნებში აღარ მიიღოს მონაწილეობა.
ივანიშვილის გადაწყვეტილება აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ საქართველომ არც დასავლური დემოკრატია და არც მსოფლიო ქვეყნების მმართველობის სისტემა იცის.
ივანიშვილი მიდის, როგორც თვით აცხადებს - გადადის ჩვენთვის უცნობ საზოგადოებრივ სექტორში, საიდანაც ყურადღებას არ მოაკლებს მის მიერ დანიშნულ ხელისუფლებას. „ჭეშმარიტი დემოკრატიაც“ ამას ჰქვია. არ მოეწონება მის მიერ დატოვებული მოხელეების ნახელავი და ყურებს აუწევს. მაგრამ, როგორც ვინ?
მსგავსი სისტემა მაფიოზური კლანების დამახასიათებელია. მას სახელმწიფო მმართველობასთან არავითარი კაცშირი არ აქვს. დემოკრატიული საზოგადოებისთვის შემცვლელის შერჩევაც მიუღებელია, თუმცა ჩვენისთანისთვის - მისაღები.
ივანიშვილმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა საზოგადოებში. მარტო სააკაშვილის დამხობა რად ღირს?! ამდენად მას აქვს უფლება (თვით ასე თვლის) თვითონ შეარჩიოს შემცვლელი და თავს მოახვიოს ქვეყანას. ივანიშვილს უფლება აქვს საკუთარ ბანკ „ქართუში“, ბანკის მუშაკთა აზრის გათვალისწინების გარეშე, დანიშნოს ხელმძღვანელი, მაგრამ ქვეყანა ხომ ბანკი არ არის?! თუმცა მისი მხრიდან ქვეყნის მართვისადმი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორც ბანკის მართვისადმი.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო თვალს ადევნებს ქვეყნის მართვის ბიძინასეულ ხელოვნებას, მაგრამ მან ბევრი ვერაფერი გაუგო ამ „სიბრძნეს“; ვერ გაუგო სიტყვის კაცის (ასეთად იცნიბდნენ მას ხელისუფლებაში მოსვლამდე) მიერ მრავალი წინასაარჩვნო დაპირებებიდან განდგომას; ვერ გაუგო უსამართლობის გამოუსწორებლობას; ვერ გაუგო დამნაშავე წინა ხელისუფალთა მოუზომავ ქებას, მათი აღორძინებისთვის ხელის შეწყობას. საზოგადოებამ ვერაფრით გაიგო, რატომ უნდა ამბობდეს სამართლიანი მილიარდერი, გაუკეთებელ საქმეზე - გაკეთებულიაო.
საზოგადოებამ კარგად ისწავლა წინა, ილუზიონისტ ხელისუფალთაგან გაუკეთებელის, გაკეთებულად მოჩვენების ამბავი. ისწავლა და ფიქრობდა, რომ ივანიშვილს ეს არ დასჭირდებოდა. მას ამის აუცილებლობა არ ჰქონდა.
საზოგადოება ბევრს ელოდა ივანიშვილისგან, შესაძლოა უფრო მეტსაც, ვიდრე ივანიშვილს შეეძლო, თუმცა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ წინასაარჩევნოდ დახვავებული დაპირებებისგან, ცოტა რამ არ გაკეთდებოდა. და ამ ცოტაში ნამდვილად არ გულისხმებოდა საქართველოს ეკონომიკურ გიგანტად გადაქცევას, (ამას დრო სჭირდება) ან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
ამ ცოტაში არ შედის პენსიების თუნდაც ორას ლარამდე გაზრდა, გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების კარდინალური შემცირება, სამუშაო ადგილების ცვენა ან სოფლის უეცარი აღორძინება, ყველა ოჯახის ცხოვრების დონის უმალ გაუმჯობესება. ამ ცოტაში იგულისხმებოდა ოდნავი ტენდენცია დანაპირების შესრულებისკენ.
ამ ცოტაში იგულისხმებოდა დამნაშავე ხელისუფლების დასჯა; დამნაშავე პარტიის კანონგარეშედ გამოცხადება; სახელმწიფო ღალატისთვის სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების სამართალში მიცემა; ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა; ხალხის დასაქმებისთვის რაღაც ღონისძიების გატარება და ა.შ. და არა ნაცთა ქებათა-ქება, მათი „ნიჭისათვის“ გუნდრუკის კმევა და ნატვრა იმისა, ისინი რომ მის ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, საუკეთესონი იქნებოდნენ.
ამ ცოტაში შედის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, წინამორბედთა მსგავსად, მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მოწყობა, მათთვის, ახალი პერსონალური ჯიპების შეძენა, მათ მიერ საკუთარი ნათესავ-მეგობრების დასაქმება, პრემიებისა და დიდი ხელფასების შენარჩუნება, სახელმწიფოს ხარჯზე საზღვარგარეთ სისტემატური ხეტიალი და იქ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ორგანიზმის გალაღება, თვითმფრინავის ბიზნეს-კლასით გადაადგილება, ქვეყნის შიგნით დაცვის თანხლებით გადაადგილება, თანაც ერთი ან ორი ჯიპით, ამომრჩევლის ფეხებზე დაკიდება, ზემოდან ქედმაღლური ყურება, რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სიამაყით ბრძანა - ხომ ნახეთ, როგორ გარდავქმენით პოლიციაო. პოლიცია არავის გარდაუქმნია, უბრალოდ მან, ქამელეონივით ფერი შეიცვალა. დაჭირდება მინისტრს მისი წრეგადასული სისასტიკე, ის უმალ შეასრულებს ბრძანებას, თანაც თავის მხრიდანაც ბევრს დაამატებს. ის, ისეთივე დაუნდობელი იქნება უიარაღო ხალხის მიმართ, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2007 წლის შემოდგომით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის დროს ან 2011 წლის მაისს მომიტინგეთა მიმართ - ანგარიშსწორების ჟამს.
შეხედეთ პოლიციის მუშაკებს, მათ მოჭარბებულად თავდაჯერებულ, ფასადურ სახეებს და უმალ დარწმუნდებით, რომ ისინი ხალხის დამცველები კი არა, ხალხისგან, ხელისუფალთა დამცველებია. მათ სახეებზე ვერაფრით ამოიკითხავთ თანაგრძნობას, ხელისუფალთა (ვინაიდან სწორედ ისინი არიან ხელისუფლების ხალხთან ურთიერთობის პირველი საფეხური) კეთილგანწყობას უდანაშაულო, ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ.
ამავდროულად, შეხედეთ მათ მორიდებულ მზერას საგზაო მოძრაობის დამრღვევი, ყოვლისშემძლე მავანის შავი ჯიპის მიმართ. არავითარი რეაქცია, ვინაიდან იცის ძვირი დაუჯდება. ცხადია, პოლიციაში პატიოსანი, მშრომელი, თანამგრძნობი მუშაკებიც არიან, მაგრამ - უდიდეს უმცირესობაში.
თანამდებობის პირთა ფუფუნებით ცხოვრებას შეეხო ჟურნალისტი ელისაშვილი ივანიშვილთან შეხვედრის დროს. შევისწავლიო - ბრძანა ბიძინამ. როდისღა? ან რა დიდი შესწავლა უნდოდა თუნდაც პერსონალური ავტომანქანების საკითხს ერთი წლის განმავლობაში?
პერსონალური ავტომანქანების მოჭარბებული რაოდენობა იყო საბჭოთა პერიოდის დროს, ვინაიდან კერძო ავტომანქანების რიცხვი ნულს უტოლდებოდა. დღეს, სხვა ვითარებაა. ავტომანქანებმა ლამის წალეკოს ქვეყანა და ამ დროს მოხელეთა ავტობუსის ზომის შავი ჯიპები, უაღრესად ძვირადღირებული, ბევრი საწვავის მშთანთქავი. სახელმწიფო ფულის უყაირათო ხარჯვის აშკარა მაგალითთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, გერმანიის ბუნდესტაგში სტაჟირების დროს, დავადგინე, რომ ბუნდსტაგში პერსონალური ავტომანქანა თავმჯდომარეს და პირველ მოადგილეს ემსახურებოდა, დანარჩენი მოადგილეები, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები, სხვები ბუნდესტაგის ავტოგარაჟში არსებული ავტომანქანებით მხოლოდ მას შემდეგ სარგებლობდნენ, რაც წერილობითი განცხადებით მიმართავდნენ აპარატის უფროსს.
განცხადებაში დასაბუთებული უნდა ყოფილიყო, რა სახის მივლინებაში აპირებდა პარლამენტარი გამგზავრებას. გარდა ამისა დაწესებული იყო ავტომანქანით სარგებლობის რადიუსიც.
იმჟამად დიდი აურზაური იყო ატეხილი ბუნდესტაგში, მის თავმჯდომარე, ქალბატონ ზიუსმუტთან დაკავშირებით. დილით, სახლიდან გამგზავრების დროს, თავმჯდომარეს მეუღლე დამგზავრებია. ავტომანქანა, სახელმწიფომ თავმჯდომარეს გამოუყო და არა მის მეუღლესო - აცხადებდნენ ბუნდესტაგის წევრები. ამ თემაზე დებატები თვეობით გრძელდებოდა და რომ არა თავმჯდომარის ვადის მოახლოებული დასასრული, უდავოდ ვერ ასცდებოდა იმპიჩმენტს.
მკაცრი დამოკიდებულებაა საზღვარგარეთ მივლინების ხარჯების მიმართ. დაუსაბუთებლად ვერავინ ისარგებლებს სახელმწიფო ფულით. თუ რა ხდება ჩვენთან - ყველასთვის ცნობილია. სახელმწიფო მოხელეები, განსაკუთრებით საგარეო უწყებიდან, სულ იმის ფიქრში არიან, სად გაემგზავრონ.
ხშირად მოგზაურობა არა ერთ, არამედ რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, შესაბამისი უზომო ხარჯებით. „ოკუპაციის“ თემამ დიდი უბედურება დაატეხა ქვეყანას და მის მოსახლეობას, მაგრამ არა ყველას. არიან გამონაკლისები პარლამენტარების, საგარეო საქმეთა, ევროპასთან ინტეგრაციის, რეინტეგრაციის სამინისტროების მუშაკთა სახით. მათთვის „ოკუპაციამ“ მოგზაურობის უკიდეგანო შესაძლებლობა გააჩინა. უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი.
სახელმწიფო ფულთან პასუხისმგებლური დამოკიდებულება არის ყველგან, მაგრამ არა საქართველოში. სულ ახლახანს ირლანდიის პარლამენტმა უარი თქვა ზემო პალატაზე, სენატზე - ბევრი ფული იხარჯებაო, წლიურად 20 მილიონი დოლარი. მას ბევრად მოეჩვენა სამივლინებო ხარჯებიც - წლიურად 140 ათასი დოლარი.
ირლანდიის ცხოვრების დონე, სხვებთან, მათ შორის საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მაღალია. სახელმწიფოებრივი აზროვნების ხალხმა და ქვეყნებმა რაღაცას მიაღწიეს, მაგრამ არა საქართველომ. ჩვენში გამჯდარი მენტალიტეტი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ყაირათიანი, ეკონომიური, ხელმომჭირნე გამოყენება არ სჭირდება, წესადაა ქცეული. რახან სახელმწიფო ფულია - მიდი და ხარჯე. ასეთი მიდგომა დამღუპველია ქვეყნისთვის. ნუთუ ძნელი იყო ერთი წლის განმავლობაში ამ მანკიერებასთან შებრძოლება?
არანაკლებ წამგებიანია მსოფლიოს 67 ქვეყანაში საელჩოების, საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების არსებობა. დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას საფუძვლიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური დასკვნები ესაჭიროება, რაც ჩვეულებრივი რამ არის ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოში არა.
დაუსაბუთებლად, სპონტანურად ხდებოდა დიპწარმომადგენლობის გახსნა. დასჭირდებოდა სააკაშვილს და საელჩოც მზად იყო - ელჩით, დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალით. რა მოიგო ამით ქვეყანამ - არც არაფერი. წააგო კი - ფული, რომელიც გაცილებით უფრო საჭირო იყო სხვა დარგების განვითარებისთვის.
საქართველოს უნდა ჰქონდეს დიპწარმომადგენლობები, მაგრამ არა იმ ქვეყნებში, ვისთანაც არაფერი გვაკავშირებს. ასეთთა რიცხვი საკმაოდ ბევრია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდონეზია, მექსიკა, არგენტინა, ბრაზილია და სხვები. 50 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება ამ საქმეში. მავანი შემედავება - დიპწარმომადგენლობებმა მოიზიდეს ინვესტიციებიო. კეთილი, მაგრამ სად, რომელ ქვეყანაში? ამ ქვეყანას რომ ჭარბი ინვესტიციების სუნი არ ასდის?
ინვესტიციები თუ შემოდის, მხოლოდ მეზობელი ან ახლომდებარე ქვეყნებიდან. სხვები არ რისკავენ. კარგა ხნის წინათ (მაშინ იაპონიის საელჩო არ იყო გახსნილი საქართველოში) აზერბაიჯანში მყოფ იაპონიის ელჩს ვკითხე (ის აზერბაიჯანიდან ფარავდა საქართველოს), რატომ არ ხსნიდა იაპონია თბილისში საელჩოს. ელჩმა მიპასუხა - ჩვენთვის ეს დიდი ფუფუნება იქნებაო. და ეს იაპონიისთვის, იმჟამინდელი მსოფლიოს მეორე ეკონომიკისთვის.
გადასახედია საქართველოს დიპლომატიაში არსებული პრაქტიკა, როდესაც ერთ ქვეყანაში ხანგრძლივი მივლინებით მყოფ ელჩს, ვადის ამოწურვის შემდეგ (4 წელი), უმალ სხვა ქვეყანაში ამწესებენ, შემდეგ კიდევ სხვაში - გააჩნია ნათესაური კავშირის ხარისხს. ასე და ამრიგად საქართველოში გაჩნდა ადამიანთა კასტა, რომელიც შეგნებულ ცხოვრებას საზღვარგარეთ ატარებს. მათ არ იციან, რა ხდება სამშობლოში, მისი პრობლემები. თუ რამ იციან - ზედაპირულად. ნუთუ ძნელი იყო ამ პრობლემის მოგვარება?
ვერადა ვერ მოგვარდა „ბიზნესის“ ღორმუცელობის საკითხი. კვლავ მწვავე თემად რჩება საწვავის გაიაფება, არადა ნაცვლად დაპირებული დაწევისა - სულ მაღლა ადის. არ ჩანს ანტიმონოპოლიური სამსახური. ვისაც როგორ უნდა, ისე ატყავებს ხალხს.
გატყავება ჰქვია, როდესაც ცნობილ სუპერმარკეტებში კოვზნახევარი შემწვარი კარტოფილი ერთი ლარი და სამოცი თეთრი (საშუალოდ) ღირს. არაფერს ვამბობ ხორცზე. რატომ უნდა ღირდეს კილოგრამი ცხვრის ხორცი 18 ლარი? ან კურდღლის ხორცი - 20 და მეტი ლარი? რატომ უნდა ღირდეს წამლები ისე ძვირი, რომ მოქალაქემ ნერწვმომდგარმა ჩაუაროს აფთიაქს? რატომ უნდა მუშაობდეს საქალაქო ტრანსპორტი გაუმართავად და რატომ უნდა ინგრეოდეს დაგებული ასფალტი მეორე დღეს? რატომ უნდა ვაჭრობდნენ „დეზერტირების“ ბაზრის ეზოში და არა თვით ბაზარში?
ბაზარი ცარიელია, ეზოში კი ტევა არ არის. ბაზარში ვაჭრობაზე დიდი გადასახადია დაწესებული. კეთილი! მაგრამ სად არის ხელისუფლება? საქართველოში ერთადერთი დიდი ქალაქი, თბილისია, ნუთუ ძნელი იყო ხელისუფლების მხრიდან, ერთი წლის განმავლობაში, მერიისთვის შეხსენება, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ანტისანიტარიისა და შარდის გუბეების საბრძანებელი არ არის? რომ ნაგვის გატანა, დასუფთავება არ არის?
ვისაც უნდა და როგორ უნდა ისე, ჩიჩქნის და აშენებს, ისე თხრის ახალდაგებულ ასფალტს, ისე აბინძურებს ქუჩებს სამშენებლო ნარჩენებით. გამკითხავი არავინაა. მერე გვიკვირს, რატომ მოდის ყვითელი, ტალახიანი წვიმა. ამ და სხვა უამრავი წვრილმანი საქმეების კეთებით დაანახებდა მთავრობა ხალხს, რომ ის ტყუილად არ მოსულა ხელისუფლებაში.
ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა ყოფილიყო რუსეთთან ურთიერობის მოწესრიგება. სამწუხაროდ, ღვინო-მწვანილის ექსპორტს ვერ გავცდით. რუსეთმა გვიყურა და ჩათვალა, რომ არც ახალი ხელისუფლებიდან გამოვა რამე და დაიწყო გამყოფი საზღვრის გავლება. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს საზღვრის თემამ მკაცრად გაიჟღერა. არც ივანიშვილმა დათმო - წინა ხელისუფლების დანაშაულს მე ნუ მკიდებთო.
ივანიშვილი მართალია. სხვათაშორის საქართველოს ჟურნალისტიკა, თითო-ოროლას გამოკლებით, 2008 წლის სააკაშვილის აგრესიაში მხოლოდ რუსეთს ადანაშაულებდა. სამწუხაროდ, დღესაც იგივეა. ერთი რამ, რაშიც ივანიშვილის ხელისუფლების აუგად მოხსენიება შეიძლება ის არის, რომ მოსკოვთან პოლიტიკური ურთიერთობა არ შემდგარა, არადა აუცილებელი იყო. მსგავსს შემთხვევაში საზღვარი არ გადმოიწევდა.
ნუთუ ძნელია იმის დადგენა, რომ წამდაუწუმ „ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისა და მეგობრების“ ძახილი, რუსეთის თვალში ქულებს გვაკარგვინებს? ნუთუ ძნელია იმის გაგება, რომ ნატოში გამუდმებული შესვლის ყვირილით, უპირველესად ჩვენი საქმე ზიანდება?
ორი წლის წინათ, პოლიტიკაში შემოსულმა ივანიშვილმა გალანძღა მასმედია და ექსპერტობა. მაშინ ბევრმა გული მოიფხანა - მართალიაო, ამბობდნენ. ორი წლის შემდეგ, პოლიტიკიდან წასვლისას ივანიშვილმა, უკვე პირადი შეხვედრების დროს არ დაინდო ექსპერტები და ჟურნალისტები, თუმცა ამჯერად აქუბარდიას და ზოგიერთი „ექსპერტის“ გარდა, ივანიშვილი არავის დაუცვია, პირიქით გალანძღეს ის. ზოგმა ისიც თქვა - ასეთი რაც მალე წავა, უკეთესიაო.
ადამიანს, რომელსაც თავი მუდამ მართლად მიაჩნია, ძნელია მისი შეცვლა. ძალაუფლების მქონე ასეთი ადამიანი არცთუ იოლი ასატანია, და რაც უფრო მალე წავა ხელისუფლებიდან, მით უფრო უკეთესია ქვეყნისა და პირადად მისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
06/10/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.