ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა

hamlet chipashvili-politologi

2016 წლის 17 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკის ცხოვრებაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას ჰქონდა ადგილი - საერთაშორისო სანქციების მოხსნას.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სადაც, სულ რამდენიმე თვის წინათ, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა, გერმანიამ და ირანმა წარმატებით დაასრულეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, ისევ გადაწყვიტეს შეკრება - ადრემიღებული ხელშეკრულების ვალდებულებათა შესრულების შედეგების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა მოგერინიმ და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ზარიფმა ამცნეს მსოფლიოს ირანის მიერ აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულების თაობაზე და აქედან გამომდინარე მასზე დაწესებული სანქციების მოხსნაზე.
20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ა, პირველმა, დაუწესა ირანს ეკონომიკური სანქციები. ამ ხნის განმავლობაში სანქციების მასშტაბი კატასტროფული სისწრაფით ფართოვდებოდა და სულ უფრო ახალ-ახალ დარგებს მოიცავდა. ამერიკელთა მეცადინეობით, გაეროს უშიშროების საბჭომ, ოთხჯერ დაუწესა ირანს სანქციები - თანაც ერთი-მეორეზე მძიმე. ამერიკელთა დაძალებით, სანქციების მაგალითი, მისმა მოკავშირეებმაც გადაიღეს, რამაც ფაქტიურად, ირანის ისლამური რესპუბლიკა, სანქციათა ალყაში მოაქცია.
სანქციების მძიმე შედეგების თაობაზე ბევრ ქვეყანას შეუძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარება, მაგალითად კუბას, ამჯერად რუსეთს, განსაკუთრებით კი ირანს. როდესაც ხელ-ფეხს გიკოჭავენ, არ გაძლევენ საკუთარი პროდუქციის უცხოეთში გაყიდვის შესაძლებლობას; როდესაც შენთან ვაჭრობას უკრძალავენ არა მარტო ქვეყნებს, არამედ მსოფლიო ბიზნესს, ისღა დაგრჩენია გულზე ხელი დაიკრიფო და სული განუტევო. ან ფეხებში ჩაუვარდე ძლიერსა ამა ქვეყნისას, მსოფლიოს პირველ სახელმწიფოდ ცნობილს, შენდობა სთხოვო და ისე ააწყო საკუთარი ცხოვრება, როგორც მას უნდა. შეასრულო მისი ყველა მოთხოვნა, კაპრიზი, ხუშტური - საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის საზიანოდ. ის კი „დიდსულოვნად“ შეგინდობს და გათამამებული, ახალ-ახალ კაპრიზებს მოგახვევს თავს.
ირანელმა ხალხმა პირნათლად შეასრულა ისლამური რესპუბლიკის შემქმნელის იმამ ხომეინის ანდერძი: „უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე თქვენ გაკლიათ განვითარებული მრეწველობა, სამოწყალოდ ხელს იშვერთ და მათხოვრულად ცხოვრობთ, თქვენში არ გაიღვიძებს და არ გაიფურჩქნება ინიციატივისა და გამომგონებლობის ძალა. თქვენ ხომ ცხადად და თვალნათვლივ დაინახეთ და დარწმუნდით იმაში, რომ ეკონომიკური ბლოკადის შემდგომი მოკლე დროის განმავლობაში მათ, ვისაც ეგონათ, რომ ძალა არ შესწევდათ რაიმე საკუთარის საწარმოებლად და ფაბრიკა-ქარხნების ამუშავების იმედი გადაწურული ჰქონდათ, შეძლეს საქმეში საკუთარი აზრის გამოყენება და თავიანთი არმიისა და ქარხნების მრავალი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. თუ ამჟამად მთავრობა და არმია ბოიკოტს გამოუცხადებენ აგრესორთა საქონელს და თავიანთ ინიციატივას მეტ გასაქანს მისცემენ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქვეყანა შეძლებს საკუთარი თავის დაკმაყოფილებას და თავს აარიდებს მტრების მიერ გაღებულ მოწყალებას“.
ირანის შემთხვევაში დაჩოქება არ გამოვიდა ისე, როგორც კუბის შემთხვევაში, სადაც სანქციები ნახევარი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებს. არ გამოვა რუსეთის შემთხვევაში, ვინაიდან „სუპერია“ და მრავალ ქვეყანასთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თანაც ისეთთან, აშშ-ს „სანქციურ“ პოლიტიკას რომ არ იზიარებს.
სანქცირებულმა ირანმა ხელები დაიკაპიწა და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით განავითარა საკუთარი ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება - განსაკუთრებით ბირთვული კვლევის საკითხებში, კულტურა, ხელოვნება, მედიცინა. სანქცირებული ისლამური რესპუბლიკა რეგიონის მძლავრ სახელმწიფოდ გადაიქცა, მძლავრი შეიარაღებით, სარაკეტო სისტემებით, ბირთვული ელექტროსადგურით, სამხედრო მშენებლობით.
მძლავრდებოდა ირანი და მძლავრდებოდა მის წინააღმდეგ წარმოებული ანტიირანული კამპანია. აშშ-ა, მისი მითითებით ევროკავშირმა, იაპონიამ, არაბულმა სახელმწიფოებმა, მათმა ელექტრონულმა და ბეჭდვითმა მედიამ ყველაფერი იღონეს მსოფლიოს საზოგადოების თვალში ირანის გასაშავებლად. ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც ამას, თუმცა ირანის წაქცევა ვერ შეძლეს.
ირანმა გააგრძელა ბირთვული კვლევის პროგრამა და შეძლო ურანის იმ დონემდე გამდიდრება, რაც სრულიად საკმარისი იყო ე.წ. ბინძური ბომბის დამზადებისთვის, თუმცა ბომბის დამზადება სულაც არ შედიოდა ისლამური სახელმწიფოს მიზნებში. მისი მიზანი იყო ბირთვული კვლევების სამშვიდობო გზით წარმართვა, მისი მედიციანაში, ენერგეტიკაში გამოყენება. სწორედ ბირთვული კვლევის პროგრამაში მიღწეულმა წარმატებებმა აიძულეს დასავლეთი შეეცვალა საკუთარი დამოკიდებულება ირანის მიმართ.
საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, წელგამართული ირანი ძნელად, მაგრამ მაინც იგერიებდა სანქციებს და ახალ წარმატებას უპირისპირებდა ბირთვულ კვლევაში. აშშ-ი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ირანთან დაპირისპირება არათუ გამოიწვევდა ირანის ბირთვული კვლევების შეჩერაბას, არამედ პირიქით. რჩებოდა ორი გზა - დიპლომატიური მოლაპარაკება ან ირანის ბირთვული კვლევის ობიექტებზე საჰაერო თავდასხმა. სწორედ ამ უკანასკნელის განხორციელებას მოითხოვდა ისრაელი აშშ-გან. პრეზიდენტ ობამას სასახელოდ უნდა ითქვას ირანთან დიალოგის დაწყება. მართალია, ამ ინიციატივას არ იზიარებდნენ „ნეოკონსერვატორები“ და არც მოკავშირე ისრაელი, საუდის არაბეთი. მათგან განსაკუთრებით, ისრაელი გამოირჩევა, რომელიც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ირანი ტყუის, თვალთმაქცობს და გააგრძელებს ბირთვულ ბომბზე მუშაობას.
ხელშეკრულების მიხედვით, ირანს აქვს უფლება განაგრძოს ბირთვული კვლევები, თუმცა ურანის გამდიდრების ზღვარი 3,5%-ს არ უნდა აცდეს, რაც სრულიად საკმარისია მედიცინის, ენერგეტიკის, სხვა დარგების განვითარებისთვის.
ისრაელის ხელისუფალთა პოზიცია, პრემიერ ნეთანიაჰუთი დაწყებული, რიგითი მოხელით დამთავრებული, უდავოდ გასათვალისწინებელია, მაგრამ მან არ უნდა გადაწონოს საღი აზრი და საერთაშორისო დაძაბულობის განელებისკენ ლტოლვა.
ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი ობამა დაასრულებს თავის მოღვაწეობას და აშშ-ს, მსოფლიოს დაუტოვებს კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას. ორივე მისასალმებელია და ობამას პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ჩაითვლება.
ერთის მხრივ, ირანმა თავისი შეუპოვარი მოქმედებით, შრომით და გარჯით, აიძულა აშშ-ი, დასავლეთი მისხდომოდა მოსალაპარაკებელ მაგიდას. მეორეს მხრივ, აშშ-ა, დასავლეთმა აიძულეს ირანი დიალოგის დაწყებაში. ამ ე.წ. ორმაგმა იძულებამ გამოიწვია დაძაბულობის განელება და მსოფლიოს ისეთ რეგიონში ვითარების სასიკეთოდ შეცვლა, როგორიც ახლო აღმოსავლეთია.
დიპლომატიაში იშვიათადაა (ან საერთოდ არ არის), როდესაც ორივე მხარე თვლის, რომ ყველაფერი გაიტანა. შედეგის მიღწევისთვის დათმობაც გამოიყენება, თანაც ორმხრივი. ირანმა საერთაშორისო არენაზე ოფიციალურად უარი თქვა ბირთვული ბომბის შექმნაზე, ანუ იმაზე, რასაც არაერთხელ აცხადებდა. დასავლეთმა გაითვალისწინა აღნიშნული და შესაბამისი ნაბიჯი გადადგა. ორივეს გადაწყვეტილება, ორივეს წარმატებად ჩაითვალა, შორსმიმავალი გეგმებით, თანამშრომლობით, პერსპექტიული ურთიერთობებით.
სანქციების გაუქმებას სულმოუთქმელი ელოდა მსოფლიო ბიზნესი. ხუმრობა საქმეა, ირანის უდიდესი ბაზარი, 80 მილიონი მოსახლით? იშვიათად მოიძებნება ამათუიმ ქვეყნის ბიზნესი, ვისაც ირანის ბაზარზე შესვლის სურვილი არ ჰქონდეს. მდიდარი წიაღისეული, განსაკუთრებით გაზი და ნავთობი, განსწავლული, პროფესიონალი კადრები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, განვითარებული მეცნიერება, მედიცინა, სხვა დარგები ფართო თანამშრომლობის საწინდარია.
რუსეთმა რახანია თადარიგი დაიჭირა და ერთ დროს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა C-300 მიწოდებაში დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ, ცდილობს გულწრფელად დაანახოს ირანს, რომ მზადაა ფართომასშტაბიანი ურთიერთობებისთვის.
რუსეთთან მიმართებაში ირანის უკმაყოფილება კი ნამდვილად საფუძვლიანი იყო, ვინაიდან პრეზიდენტ მედვედევის დროს, თითქმის ამოქმედებული ხელშეკრულება, მოსკოვმა შეაჩერა, ცხადია აშშ-ს თხოვნით - უგულებელყო რა C-300-ში ნახევრად გადახდილი თანხა.
მოსკოვის ქმედებამ უკმაყოფილება გამოიწვია თეირანში. ვითარება ძირეულად შეიცვალა პუტინის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ. გააქტიურდა რუსეთის პოლიტიკა ირანის მიმართულებით. ამ პროცესში რუსული დიპლომატია ნაკლებად იზიარებს ვაშინგტონის ამბიციურ პოზიციებს. რუსეთმა შეძლო „ექვსეულ“-ირანის ხანგრძლივი და უნაყოფო მოლაპარაკება ნაყოფიერად ექცია. სწორედ რუსული პროექტით წარიმართა ვენის შეხვედრები და წარმატებაც იქნა მიღწეული.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-ირანს შორის ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ კავშირებს, გაეროს სანქციები სერიოზული ბარიერი იყო მრავალმხრივი ბიზნეს-ურთიერთობისთვის. სანქციების გაუქმების შემდეგ ორივე ქვეყანას მჭიდრო თანამშრომლობაში ხელს აღარაფერი შეუშლის. გასული წლის ნოემბერში თეირანში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ირანის მეთაურთან აიათოლა ხამენეისთან ორსაათიანი მოლაპარაკებისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა ფართომასშტაბიანი კავშირებისთვის და ის ირანს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს.
35 მიმართულებით იწყებს რუსეთი ირანთან თანამშრომლობას, უპირველეს ყოვლისა სამხედრო დარგში. ირანში დაიწყო C-300 რაკეტსაწინააღმდეგო 4 დივიზიონის განლაგება, რაც თავისთავად მაღლა სწევს ირანის პრესტიჟს ახლო აღმოსავლეთში.
ირანი მზადაა შეისყიდოს რუსული იარაღი, ააშენოს ბირთვული ელექტროსადგურის ახალი ბლოკები, რუსეთის დახმარებით გადააკეთოს ფორდოს ბირთვული კვლევის ლაბორატორია სამედიცინო საქმიანობისთვის, რუსეთის რკინიგზასთან ერთად განახორციელოს რკინიგზის მშენებლობა-განვითარება, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ენერგეტიკის განვითარებას და ა.შ.
თანახმად შეთანხმებისა, ირანი გახდება შანხაის ორგანიზაციის წევრი. ირან-რუსეთის თანამშრომლობას ადგილი აქვს სირიაში. ორივე ქვეყნის პოზიცია სირიასთან მიმართებაში ემთხვევა ერთმანეთს. ირანი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი მიიჩნევენ, რომ სირიის ხელისუფლება, მისი პრეზიდენტი, ხალხმა უნდა აირჩიოს და არა რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ.
ირანი ახალ წელს 21 მარტს აღნიშნავს, მანამდე კი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება (26 თებერვალს). ერთდროულად მოხდება ექსპერტთა საბჭოს არჩევნები. ექსპერტთა საბჭო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც აირჩევს 86 სასულიერო პირს. ეს ორგანო თავის მხრივ ირჩევს ქვეყნის მეთაურს.
გასული 2015 წელი თანამედროვე ირანის ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო, რის შესახებაც ზემოთ აღვნიშნე. წლის ბოლოს, ვენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის - ურანის ქვეყნიდან გატანის პროცესიც დაიწყო. ირანიდან სტარტი აიღო გემმა, რომელმაც რუსეთში ჩაიტანა 11 ტონა ნაკლებად გამდიდრებული ურანი.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკების დროს ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურმა აიათოლა ხამენეიმ უკმაყოფილება გამოხატა ირან-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაბალ დონესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვითარება შეუფერებელია ორი ქვეყნის პოტენციალისთვის. ცხადია, კავშირების სისუსტე განპირობებული იყო საერთაშორისო სანქციებით, მაგრამ ამასთანავე იმითაც, რომ ორი ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში ჯერაც არსებობს გარკვეული უნდობლობის ელემენტები, თუმცა რუსეთ-ირანის პირველი პირების შეხვედრამ, ნეგატიურ მომენტებს წერტილი დაუსვა. ექსპერტთა გათვლით, უსანქციო ირანის წლიური ეკონომიკური მატება 3-7% იქნება, რაც დიდი იმედებისა და ეკონომიკური აღმავლობის წინაპირობაა.
წინა სტატიებში ხაზგასმით აღვნიშნავდი ირან-აზერბაიჯანის, ირან-სომხეთის რკინიგზის მაგისტრალების შეერთებაზე, რაც თავისთავად საქართველოს ინტერესსაც უნდა იწვევდეს, რამეთუ მათი სრული ამოქმედება საქართველოს ტერიტორიის გარეშე წარმოუდგენელია. ირანისთვის სანქციების მოხსნამ იქნებ გამოაფხიზლოს საქართველოს ხელისუფლება და ირანთან თანამშრომლობისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაადგმევინოს?!
საქართველოს ხელისუფალთა უმთავრესი მოწოდება რეგიონული კავშირების განვითარებაში უნდა გამოიხატოს და არა რაღაც აბსტრაქტულში, რომელიც არც ქვეყანას და არც მის ხალხს არ წაადგება. უნდა ვიმედოვნოთ, რომ აღდგება ის ეკონომიკური კავშირები, რასაც თუნდაც 3 წლის წინათ ჰქონდა ადგილი. დაიწყება საბანკო ურთიერთობები, გაუქმდება (ქართული მხრიდან) სავიზო რეჟიმი, აღდგება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა და მასთან ერთად ტურიზმი, ბიზნეს-ურთიერთობები. ყოველივე ეს კი დადებითად იმოქმედებს საქართველოს ბიუჯეტზე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
19/01/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.