საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


საქართველოსთვის აქტუალური სამი საკითხის შესახებ

iran-gruzia

პატივცემულო მკითხველო! თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ სამ საკითხს, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ხელისუფლებისგან მათდამი ცხოველი ინტერესის გამოვლინებას მოითხოვს. ამ თემებზე არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული ჟურნალ-გაზეთებში, გადაცემებიც არის მიძღვნილი ტელეეთერში, მაგრამ მიუხედავად ამისა ურიგო არ იქნებოდა კიდევ ერთხელ თვალი შეგვევლო მათთვის, ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური ვითარება გვიკარნახებს ამას.
პირველი - ნატოში გაწევრების თემაა და მუდმივი მტკიცება იმისა, რომ საქართველომ ხმათა უმრავლესობით - გამოკითხვის მიხედვით, ეს საკითხი რახანია დასავლური ორიენტაციის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გახსოვთ ალბათ 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული ნატოში შესვლის საკითხი. 2008 წლის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ედო საფუძვლად. მაშინდელმა „ნაცურმა“ ხელისუფლებამ, არაადამიანური მართვის შედეგად, ისე დაძაბა ვითარება, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ქუჩაში გამოსული ხალხის დასამშვიდებლად ერთადერთი გზა დარჩა - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. ასეთი დასკვნა გააკეთა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების პულსზე ედო ხელი. მაშინ გარკვეული აქტიურობით გამოირჩეოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელე მეთიუ ბრაისა - სააკაშვილთან დაახლოებული პირი. მან და სახელმწიფო დეპარტამენტელმა კურატორებმა არა მარტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი განიხილეს სააკაშვილთან, არამედ ნატოში საქართველოს გაწევრების თემის საჯაროდ გამოტანაც.
ამერიკელი მრჩევლები დარწმუნებული იყვნენ სააკაშვილის გამარჯვებაში, ისე, როგორც ხალხის მხრიდან ნატოს საკითხისთვის მხარდაჭერაში. ასეც მოხდა - სააკაშვილმაც გაიმარჯვა და ნატოში შესვლის საკითხმაც, მაგრამ ორივემ გარკვეული ხინჯი დატოვა ქართველი ამომრჩევლის გულში. მაინც რა ხინჯს ვგულისხმობ?
სერიოზულ გაყალბებას, რასაც ადგილი ჰქონდა. ხელისუფლებამ უხვად გამოიყენა ადმინისტრაციული საშუალებები და როგორც ამბობენ, დამარცხებულმა სააკაშვილმა გამარჯვება იზეიმა.
ყოველივე აღნიშნულს ისიც ამტკიცებს, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, მაშინ, როდესაც ბიულეტენები დათვლილიც არ იყო, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა გამარჯვება მიულოცა სააკაშვილს, რითაც თავისთავად გადაწყვიტა პრეზიდენტობისთვის მებრძოლ კანდიდატთა შორის ერთ-ერთის (საააკაშვილის) პრიორიტეტულობა.
ბუშის მილოცვის შემდეგ, ვინღა გაბედავდა არჩევნების გაყალბების საკითხის წინა პლანზე წამოწევას?!
სააკაშვილის „გამარჯვებასთან“ ერთად, გაიმარჯვა ნატოში შესვლის თემამაც, თუმცა არა ისეთი პროცენტულობით, რომელსაც მოგვიანებით აუწყებდნენ საქართველოს მოსახლეობას (70-75%). ბიულეტენების მიხედვით, ნატოს სასარგებლოდ ხმა - არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა მისცა, თუმცა ამ რიცხვმა არ იმოქმედა ამერიკელ კურატორებზე. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პროცენტების მომატების ინიციატორი ბრაისა იყო - რაც მეტი, უკეთესი - იყო მისი მოთხოვნა.
სწორედ იქიდან მოყოლებული ქართული პოლიტიკა დაბეჯითებით გვახვევს თავს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილების ჭეშმარიტებას, გაყალბებული მაღალი პროცენტებით. არადა ხალხში მოარული აზრი, არჩევნების გაყალბების თაობაზე, ეჭვს აჩენს ნატოსთვის 75%-იანი მხარდაჭერის სინამდვილეზე. თუ გაყალბდა, ორივე უნდა გაყალბებულიყო და არა მარტო ერთი - პრეზიდენტის არჩევნები.
ხალხს პრეზიდენტის არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით შეუვალი არგუმენტი აქვს - 2007 წლის პერმანენტული სახალხო გამოსვლები, მიტინგები, საპროტესტოდ დაცემული კარვები, პრეზიდენტის და ხელისუფლების მიმართ დაუფარავი ზიზღი. ასეთ დროს ჭირს დაჯერება იმისა, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა, ისე, როგორც ნატოში შესვლის თემამ.
სრული შესაძლებელია, რომ სააკაშვილის ჩასაძირად მისულ ამომრჩეველს ყურადღება მხოლოდ მასზე გაემახვილებინა და არა ნატოში შესვლაზე, რომელსაც მან ზერელედ გამოუცხადა თანხმობა.
ასეა თუ ისე, აშშ-ს კურატორებისა და პირადად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წყალობით საქართველოს სააკაშვილის პრეზიდენტობაც შეეწერა და ნატოში გაწევრებაც. ნატოში შესვლა-არშესვლის თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის ცალკე რეფერენდუმით უნდა გადაწყვეტილიყო. გარდა ამისა, რეფერენდუმამდე თუნდაც ნახევარი წლის განმავლობაში მედიით, საჯარო ლექციებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით ხალხს განმარტება უნდა მისცემოდა აღნიშნული ორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ - რას მოუტანდა საქართელოს ნატოში შესვლა და სხვა. ნატოში შესვლა-არშესვლის მომხრეებს საკუთარი პოზიციების საჯარო გამოხატისთვის თანაბარი დრო უნდა დათმობოდა ეთერში, რაც თავისთავად გაათვითცნობიერებდა ხალხს ნატოსთან მიმართებაში.
სამწუხაროდ ამას ადგილი არ ჰქონია. რეფერენდუმის ჩატარების მთხოვნელთა ხმა უდაბნოში განწირული ადამიანის ხმას დაემსგავსა. ნაცვლად ამისა სისტემატურად ვისმენთ ხელისუფალთა ნათქვამს - ქართველი ხალხის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი ნატოს დაუჭირა. მაგრამ დაუჭირა?
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი (ამერიკული ორგანიზაცია გელაპის (Gallup) გამოკითხვის მიხედვით), არც ისეა საქმე, როგორც ხელისუფლება გვიხატავს. სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, ნატოს, მოსახლეობის მხოლოდ 37%-ი უჭერს მხარს, დანარჩენი თავს იკავებს ან წინააღმდეგია, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია.
დავუშვათ, 2008 წელს საზოგადოებამ მართლაც დაუჭირა მხარი ნატოს, მაგრამ მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, როგორც შინ, ისე გარეთ, რაც თავისთავად მოითხოვს ახალი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობას.
ცნობილი ამერიკული ორგანიზაცია „გელაპის“ გამოკითხვას მაინც მივაქციოთ ყურადღება და ერთხელ მაინც ჩავატაროთ რეფერენდუმი ყოველგვარი გაყალბების გარეშე! მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია - აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის დასრულებისთანავე დადგა დღის წესრიგში - ტვირთების გადატანა ყოფილი ავტონომიების ტერიტორიების გამოყენებით.
ხელშეკრულება აღნიშნულის თაობაზე 2011 წელს დაიდო და უკავშირდება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას. მაშინ საქართველომ გამოიყენა ყველა ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - არ შევუშვებ რუსეთს ამ ორგანიზაციაშიო.
ცნობისთვის, საქართველო უკვე იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და წესდების მიხედვით, რუსეთის გასაწევრებლად ყველას თანხმობა იყო საჭირო. ცხადია, არსებობდა სხვა გზაც, მაგალითად, გაპროტესტება რუსეთის მხრიდან, რომ საქართველოს უარის მოტივი პოლიტიკურია და ვაჭრობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაწელავდა რუსეთის, ისედაც გაწელილი გაწევრების პროცესს. საბოლოო ჯამში რუსეთი მოიგებდა, მაგრამ აშშ-ა დაძაბულობას, დათმობა ამჯობინა ანუ დათმობა საქართველოს მხრიდან. თეთრ სახლში დაბარებულ სააკაშვილს, ობამამ მკაცრად უთხრა, რომ აშშ-ი მხარს უჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას. სააკაშვილმა, რაც მოახერხა იყო გორსა და ენგურზე ტვირთბის შემოწმება მესამე მხარის მიერ, ამ შემთხვევაში შვეიცარიის.
დააკვირდით, გორსა და ენგურზე და არა ფსოუზე და როკზე. სააკაშვილმა პოლიტიკურად გაიფართხალა საკუთარი ავტორიტეტის გადარჩენის მიზნით, მაგრამ ამით აღიარა საქართველოს ახალი საზღვრები და ქვეცნობიერად ავტონომიების დამოუკიდებლობა.
რას მოუტანს საქართველოს 2011 წლის მივიწყებული ხელშეკრულების რეანიმაცია? ყოველივე კარგს და არაფერ ცუდს. უპირველეს ყოვლისა ყოფილი ავტონომიების ტერიტორიებით ტვირთების გადატანას, უდავოდ მოჰყვება სპეციალისტთა კავშირები, რაც პოზაში დგომის ჟამს შეუძლებელია; გაააქტიურებს ტვირთბრუნვას და გაზრდის შემოსავლებს, გზას გაუხსნის სხვა კომუნიკაციების განვითარებას; საბოლოოდ გადაწყვეტს თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენის საკითხს.
თუ რა მნიშვნელობა აქვს რკინიგზის აღდგენას არაერთხელ დამიწერია პრესაში და მითქვამს ეთერში. გავიმეორებ - რკინიგზის აღდგენა ნიშნავს სომხეთთან, ირანთან და სპარსეთის ყურესთან კომუნიკაციას. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული ტვირთების ირანის, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის გავლით ევროპაში გატანას და პირიქით.
რკინიგზის აღდგენით დაინტერესებულია სომხეთი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს ირანთან, ორი ქვეყნის რკინიგზების შეერთების მიზნით. 2 მილიარდი დოლარია საჭირო შემაერთებელი მონაკვეთის მშენებლობისთვის. ორივე მხარე ეძებს დაფინანსების წყაროს. არის მოლაპარაკება ჩინეთთან - „აბრეშუმის გზის“ მშენებლობის ჩარჩოებიდან გამომდინარე.
მკითხველს შევახსენებ, ირან-აზერბაიჯანის სარკინიგზო მაგისტრალის თაობაზე. მონაკვეთი, რომელიც ორი ქვეყნის რკინიგზა უნდა შეუერთდეს ერთმანეთს, დასასრულს უახლოვდება, რითაც საავტომობილო გზასთან ერთად დამატებითი კომუნიკაცია გაჩნდება ირან-აზერბაიჯან-რუსეთს შორის, რაც აზიიდან წამოსული ტვირთების, ევროპის ჩრდილოეთში გატანის შესაძლებლობას აფართოებს. მართლია, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სარკინიგზო გზა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ურიგო არ იქნება ზემონახსენები რკინიგზის ამოქმედებაც.
რა უშლის ხელს ამ საქმეს?
უპირველესად, ხელისუფლების „პატრიოტიზმი“, პოზაში დგომა. მას არც ოპოზიცია ჩამორჩება. ერთმანეთს ეჯიბრებიან ფსევდოპატრიოტიზმში, ნამდვილი პატრიოტიზმი კი გვერდზე რჩება. მსგავსმა „პატრიოტიზმმა“ გააჯიუტა სააკაშვილი 2011 წელს და რუსეთთან დათმობაზე წასვლის ნაცვლად უარი სტკიცა - არ იფიქრა რა, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა არა მარტო რუსეთის, არამედ დასავლეთის ინტერესებში შედიოდა. არადა, ღმერთის მიერ ნაბოძები შანსი ჰქონდა 2008 წელს დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად. სავაჭრო ორგანიზაციის თემის ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენების ნაცვლად, სააკაშვილმა ობამას მრისხანება გამოიწვია და ძალაუნებურად ხელიც მოაწერა, თანაც ისე, როგორც რუსეთს სურდა. ასე იცის ვითომ პატრიოტიზმმა.
მესამე საკითხი ირან-აშშ-ს ეხება და მან უდავოდ სხვა, მე ვიტყოდი არასახარბიელო ხასიათი შეიძინა. აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ირანი უკვე მერამდენედ ახსენა და ყველა უარყოფით კონტექსტში. ტრამპის განცხადებით, ირანი ხელს უწყობს ტერორიზმს და არის ქვეყანა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთზე - ეცილება რა იქ აშშ-ს ინტერესებს.
ტრამპის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებამ. მან თითი დაუქნია თეირანს და უთხრა - ის, რაც გასდიოდა პრეზიდენტ ობამასთან, პრეზიდენტ ტრამპთან აღარ გაუვა.
ტრამპის პოლიტიკა ირანის მიმართ ნეგატიურია და თუ ასე გაგრძელდა, სულაც არ არის გამორიცხული პატარა ინციდენტის შემთხვევაში დიდი ხანძრის გაჩენაც. არადა ირანი ჩვენი მეზობლის მეზობელია. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რეგიონის დაძაბული მდგომარეობა ჩვენზეც იმოქმედებს, ცხადია ნეგატიურად. ტრამპის გადაწყვეტილებით, ირანს გაუფართოვდა სანქციები. შავ სიას 13 ფიზიკური პირი და 12 კომპანია დაემატა. რით პასუხობს ირანი ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკას და გაფრთხილებას? ერთობ დამცინავი სიტყვებით, რომელიც გააკეთა ირანის ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ: „ჩვენ ვაფასებთ ტრამპს, რომელმაც აშშ-ს ნამდვილი სახე დაგვანახა“. ხამენეის, ტრამპის კრიტიკა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მან არჩევნებამდე, საკუთარ ქვეყანას კორუფციაში ჩაძირული უწოდა.
შიიტური ირანი რეგიონული ლიდერია, რომელსაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ომი არ დაუწყია. ის რეგიონში ავითარებს ურთიერთობებს „რბილი ძალის“ მეშვეობით და ამაყობს მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკით. ირანი პირველი მტერია ტერორიზმის და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს. ირანი აქტიურად არის ჩართული ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში სირიასა და ერაყში. სირიაში სამთავრობო ძალების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ირანის სამხედრო სპეციალისტებმაც. ასეთ დროს ამერიკის პრეზიდენტის მიერ ირანის ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადება აშკარა შეცდომაა.
ტრამპი ირანთან მიმართებაში ძველი სტერეოტიპებით სარგებლობს, რაც ხელს არ შეუწყობს საერთო მტრის, ტერორიზმის დამარცხებას. ძველი სტერეოტიპები კი სათავეს ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებიდან იღებს. 1979 წლის თებერვლის რევოლუციამ მკვეთრად შეაბრუნა ირან-ამერიკის მჭიდრო ურთიერთობები (შაჰის დროს) ნეგატიურისკენ. ირანის ახალმა ხელისუფლებამ ამერიკა ნომერ პირველ „სატანად“ მოიხსენა და მრავალი თვის განმავლობაში ალყაში მოაქცია თეირანში აშშ-ს საელჩო თავის დიპლომატებიანად.
ყოველივე ამან გამოიწვია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ვაშინგტონის ძალისხმევით ირანი აღმოჩნდა დასავლურ სანქციებში, რამაც ცხადია შეაფერხა ირანის ეკონომიკური განვითარების ტემპები. შეძლებს ტრამპი ძველი სტერეოტიპებიდან გათავისუფლებას? ძნელი სათქმელია. არადა, ტერორიზმთან ბრძოლაში ისეთი სახელმწიფოს, როგორიც ირანია, არ გამოყენება და ამასთანავე ტერორისტის იარლიკის მიწებება, დიდი შეცდომაა.
„ჩვენ არ ვართ პრეზიდენტ ობამას მადლიერი, ვინაიდან მან შემოიღო სანქციები, ირანელი ხალხისა და ისლამური რევოლუციისთვის დარტყმის მისაყენებლად. ცხადია, მან ვერ მიაღწია ამას, ვინაიდან ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს მწყობრიდან გამოიყვანოს ირანელი ხალხი.
რატომ უნდა ვუთხრათ ობამას ადმინისტრაციას მადლობა? ირანისთვის სანქციების დაწესებისთვის თუ ისლამური სახელმწიფოს შექმნისთვის, სირიისა და ერაყის დაბომბვისთვის ან თვალთმაქცობისთვის, როდესაც პირად წერილში (იგულისხმება ობამას წერილი) გულწრფელად გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს, მაგრამ იმავდროულად მხარს უჭერს ანტიირანულ ძირგამომთხრელ მუშაობას?“, - განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.
დიახ! ტრამპის პოლიტიკა ირანის მიმართ საჭიროებს დახვეწას, რათა რეგიონი იხსნას ახალი „ცხელი“ წერტილისგან, მაგრამ ეს სულაც არ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას ანტიირანული პოლიტიკის ან ურთიერთობათა გაციების დასაწყებად. საქართველომ უკვე ერთხელ დაუშვა შეცდომა, როდესაც აშშ-ს მიბაძვით, გააუარესა ირანთან ურთიერთობა - შემოიღო რა სავიზო რეჟიმი არსებული უვიზოს ნაცვლად; აუკრძალა ირანის ბიზნესს ქართული ბანკებით სარგებლობა; შეკვეცა ტურიზმი, ბიზნესურთიერთობები და სხვა მრავალი.
ნეგატიურმა ღონისძიებებმა დაასუსტა რის ვაივაგლახით აწყობილი ორმხრივი კავშირები. ყოველივე ამას „ოცნების“ მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი. მხოლოდ მეოთხე წელს გაეხსნა გონება საქართველოს ხელისუფალთ და ისიც ირან-დასავლეთის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად თავიდან დაიწყო საქართველო-ირანის კავშირების ჩამოყალიბება.
10 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ აღნიშნა ისლამური რევოლუციის 38 წლისთავი, რომელზეც მეც მიმიწვიეს. დარბაზში უხვად იყვნენ უცხოელი დიპლომატები, საზოგადოების წარმომადგენლები, მაგრამ ნაკლებად საქართველოს მთავრობის წევრები. არადა, შარშან, ანალოგიურ ღონისძიებას ბევრი მათგანი ესწრებოდა. ბატონმა გუბაზ სანიკიძემ, პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლის აღდგენაში, გადმომილაპარაკა - ალბათ იმიტომ არ არიან, ტრამპის ეშინიათო. ამ ნათქვამით ბატონმა გუბაზმა გამიმტკიცა იგივე მოსაზრება, რომელიც უმალ გამიჩნდა შეთხელებული სტუმრობის გამო. ნუთუ ისე დაგაფრთხოთ „გულადო“ ხელისუფლებავ ტრამპის მიერ ირანის კრიტიკამ, სტუმრადაც გეშინით მისვლა?
ბატონმა გუბაზმა ისიც თქვა, რომ ხელისუფლება ირანთან ვიზების შემოღებას აპირებს. ძნელია გამოცნობა იმისა, შეძლებს თუ არა ის ამას, მაგრამ ვიზების აღდგენის შემთხვევაში უდავოდ დაამტკიცებს საკუთარ უსუსურობას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
16/02/2017

სტატიების არქივი