რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?

ჰასან რუჰანი

4 აგვისტოს გაიმართება ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია.
ირანის პრეზიდენტის არჩევნები კი ა.წ. 14 ივნისს შედგა და მასში, პირველივე ტურში, წარმატებას მიაღწია ჰასან რუჰანიმ. ირანელთა არჩევანი სრულიად მოულოდნელი გამოდგა არა მარტო ირანისთვის, არამედ იმ ექსპერტებისთვისაც, ვინც გამადიდებელი შუშით აკვირდება ირანში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
რამ განაპირობა ზომიერი კონსერვატორისა და სასულიერო პირის, რუჰანის გამარჯვება? ეს კითხვა არც ძნელი ამოსახსნელია და არც მარტივი, ვინაიდან რუჰანის მიერ მოპოვებულ გამარჯვებაში ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორები სახელდება. მათ შორის გამოირჩევა ქვეყნის გაუარესებული ეკონომიკური პირობები, ომის დაწყების პერმანენტული საშიშროება, ირანელთა სურვილი ლიბერალურ ვითარებაში ცხოვრებისა, დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობის ქონისა და სხვა.
როგორც ჩანს, აშშ-ს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ინიცირებულმა 4-მა ეკონომიკურმა სანქციამ, ამასთანავე თვით აშშ-ს მიერ, ირანის წინააღმდეგ დამატებით შემოღებულმა სანქციებმა და ამერიკელთა დაჟინებულმა პრესმა მოკავშირეებზე - ანალოგიური სანქციების დაწესების თაობაზე, ნაწილობრივ მიაღწია მიზანს ანუ გააუარესა ირანელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სხვაგვარი აზროვნების განვითარება.
ირანის მოსახლეობის 73% მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მათგან უდიდესმა უმრავლესობამ ხმა იმ კანდიდატს დაუჭირა, ვინც რეფორმების მკვეთრი მოთხოვნით გამოვიდა. ასეთი იყო ჰასან რუჰანი, რომელიც მოითხოვს ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით.
დასავლეთში დიდ იმედებს ამყარებენ ახლადარჩეულ პრეზიდენტზე. ფიქრობენ, რომ ის ისეთივე რეფორმატორი იქნება ან უკეთესი, ვიდრე 1997-2005 წლებში, ირანის პრეზიდენტად მყოფი, მოჰამედ ჰათამი. იმჟამად ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ე.წ. ექვსეულთან (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) მოლაპარაკებას რუჰანი უძღვებოდა. მაშინ მან შეძლო დაერწმუნებინა ირანის მეთაური აიათოლა ხამეინი ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებაში დასავლეთთნ ნდობის ჩამოყალიბებისთვის. მაგრამ ეს იყო მაშინ.
რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ის გაცილებით რთულია. უახლოეს პერსპექტივაში ძნელია გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების გაუქმება, მიუხედავად ირანის მხრიდან სერიოზული დათმობებისა. პრეზიდენტი რუჰანიც არ არის ცალმხრივად დამთმობი, ვინაიდან ამას ხალხი ვერ გაიგებს. რაზე შეიძლება წავიდეს ირანი? უპირველეს ყოვლისა ურანის გამდიდრების პროცესის 20%-მდე შეჩერებაზე და აქედან გამომდინარე პროცედურებზე.
ახალი პრეზიდენტი სასულიერო პირია, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შეიძლება ითქვას, რომ მას მხარს უჭერდა ირანის სულიერი ლიდერი და მმართველი აიათოლა ხამეინი. არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის სასულიერო პირებიც, მაგრამ აიათოლა ხამეინიმ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ის არ ჩაერევა საარჩევნო პროცესში.
ის რომ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა, ნათელჰყოფს ქვეყნის ისლამური მმართველობისთვის მხარის დაჭერას, საარჩევნო პროცედურის დემოკრატიულობას.
ჰასან რუჰანის პიროვნება მთლად უცნობი არ არის ირანელთათვის, მაგრამ მის მეტოქეებთან შედარებით, განსაკუთრებით თეირანის მერთან, ნაკლებად ცნობილი სახე იყო. ყველაფერი გადაწყდა საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც რუჰანიმ წარუდგინა ხალხს ქვეყანის ეკონომიკური გაჯანსაღების, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროგრამა - შიდა წარმოების გაფართოება, უმუშევრობის შემცირება, რეალის განმტკიცება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების ლიბერიალიზაცია.
ვინ არის ჰასან რუჰანი? ეს პიროვნება 1948 წელს დაიბადა, უაღრესად რელიგიურ ოჯახში. 13 წლის ასაკში ის გააგზავნეს ყუმის რელიგიურ სასწავლებელში - მედრესში.
წმინდა ქალაქი ყუმი ცნობილია რელიგიური სასწავლებლებითა და უნივერსიტეტებით. მილიონნახევრიან ქალაქში ირანისა და მსოფლიოს საუკეთესო თეოლოგები ასწავლიან. გასული საუკუნის 60-იან წლებში ყუმში ჩაისახა ირანის შაჰის საწინააღმდეგო მოძრაობა. ამ ქალაქში მოღვაწეობდა თანამედროვე ირანის დამაარსებელი აიათოლა ხომეინი. სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო შაჰის მოდერნიზაციის საწინააღმდეგო გამოსვლა. რუჰანი შეუერთდა ანტიშაჰურ მოძრაობას და 60-იანი წლების ბოლოდან გახდა ისლამური მოძრაობის აქტივისტი.
გარდა სასულიერო სასწავლებლისა, რუჰანის დამთავრებული აქვს თეირანის უნივერსიტეტის იურიდიული კურსები. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ის იღრმავებდა საერო და ისლამის სამართლის ცოდნას ქ.გლაზგოში, სადაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
რუჰანის მოპოვებული აქვს იჯტიხადის უფლება ანუ შესაძლებლობა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ღვთისმსახურებასა და სამართალში. მისი რელიგიური ტიტული ასეთია - ხოჯად-ოლ-ისლამ-ოლ-მუსლემინი. ის შედის ირანის უმაღლეს შიიტ ღვთისმსახურთა წრეში.
რევოლუციის პირველ წლებში რუჰანი მუშაობდა ისლამური ირანის სამხედრო მშენებლობის საკითხებში. არჩეული იყო მეჯლისის (პარლამენტის) წევრად, სადაც 20 წელი იმსახურა. ორჯერ იყო ვიცე-სპიკერი. 1989 წელს - ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შემდეგ, რუჰანი გახდა მისი ხელმძღვანელი. ის 16 წლის განმავლობაში იყო ამ ამპლუაში. 1991 წლიდან რუჰანი - სულიერი ლიდერის ბრძანებულებით, გახდა ირანის უმთავრესი საბჭოს - გადაწყვეტილებათა მიმღების წევრი.
ამ ორგანოში გაწევრიანებული არიან უმაღლესი ღვთისმსახურები. მათ აქვთ უფლება აკონტროლონ ქვეყნის მეთაური და გადაირჩიონ ის, თუკი მისი მხრიდან ადგილი ექნება კონსტიტუციის დარღვევას, აგრეთვე თუ მას აღარ შეეძლება განახორციელოს ქვეყნის მმართველობა.
რუჰანის მჭიდრო კავშირები აქვს ისეთ რელიგიურ-პოლიტიკურ მოღვაწეებთან, როგორებიცაა ყოფილი პრეზიდენტები ხაშემი რაფსანჯანი, მოჰამად ჰათამი, სხვები. მას კარგი ურთიერთობები აქვს რელიგიურ პირებთან, რითაც მკვეთრად განსხვავდება წინამორბედ აჰმადინეჟადისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოსვლის დროს რუჰანიმ განაცხადა შემდეგი: „ჩვენ გვინდა ძლიერი საზოგადოება. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან. ჩვენ უნდა გვესმოდეს მისი ნათქვამი. ჩვენ უნდა შევასუსტოთ მთავრობის ტოტალური მმართველობა. თუ ჩვენ ძლიერი, კვალიფიციური მთავრობა გვყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყველაფერი აკონტროლოს“.
რუჰანი გამოვიდა გენდერული სეგრეგაციის წინააღმდეგ უნივერსიტეტებში და დაწესებულებებში, კულტურის დარგში ცენზურის წინააღმდეგ. „როდესაც სახელმწიფო ტელევიზია აჩვენებს ჩინეთის ზოოპარკში პანდის დაბადებას, მაგრამ არაფერს ამბობს მუშათა პროტესტზე, 6 თვის განმავლობაში ხელფასის მიუღებლობის გამო, ასეთი ტელევიზიის მიმართ ხალხს ნაკლები ინტერესი ექნება“, - განაცხადა მან.
რეფორმატორული სულისკვეთებით გაჟღენთილი განცხადებები რეალურ საფუძველს იძლევა შემდეგი სახის კითხვისა - რამდენად შეძლებს რეფორმების გატარებას პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მეორე პირია? მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მმართველი სულიერი ლიდერის ხამეინის შემდეგ მეორე პირია, მას მაინც დიდი უფლებამოსილება გააჩნია. გარდა ამისა წარმატება დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად შეძლებს ის პირველი პირის დარწმუნებას ამა თუ იმ საკითხში.
ირანის საზოგადოებაში, უხეშად რომ ვთქვათ, ორი ტენდენცია შეინიშნება - კონსერვატორული და რეფორმატორული.
1978 წლის რევოლუციის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში, აიათოლა ხომეინის მმართველობის დროს, თვალშისაცემი იყო მემარცხენე ექსტრემიზმი, რომელიც ახლო იყო სოციალისტურ იდეებთან: ქონების სახელმწიფოს ხელში მოქცევა, მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლა, რევოლუციის ექსპორტი და ა.შ. ირან-ერაყის ომის შემდეგ (1980-1988) გააქტიურდა სამღვდელოების მემარჯვენე ფლანგი. მაშინ მათ კონსერვატორები და აშშ-სკენ გადახრილები შეარქვეს ანუ კაპიტალიზმის მომხრეები.
ისინი გამოდიოდნენ კერძო საკუთრების დაცვისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, აგრეთვე დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოთხოვნით. ამ პოზიციის მატარებელი იყო ხაშემი რაფსანჯანი, რომელიც არჩეული იქნა პრეზიდენტად, იმამ ხომეინის სიკვდილის შემდეგ.
აღსანიშნავია ისიც, რომ აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ მემარცხენე ისლამისტთა პოზიციები მკვეთრად შესუსტდა. 1992-96 წლებში ისინი გარიყული იქნენ თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან. შექმნილმა ვითარებამ მემარცხენეები აიძულა შეეცვალათ შეხედულებები. უპირველესად მათ მოიშორეს რადიკალიზმი, გაიზიარეს თავისუფალი ბაზრის პრინციპები, პრივატიზაცია, სამოქალაქო თავისუფლება და სხვა.
90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტიკურ მიმდინარეობებს ეწოდა - რეფორმატორები (ლიბერალები) და კონსერვატორები (ფუნდამენტალისტები). ირანის ღვთისმსახურთა შორის გაჩნდა „ველაიათ-ე ფაკიხის“ (ისლამის კანონებით მართვა) საკითხთან განსხვავებული დამოკიდებულება.
ერთნი მთლიანად იზიარებენ კონსტიტუციაში ასახულ ცნებას ქვეყნის სულიერ ლიდეთან (რახბართან) მიმართებაში. მეორენი კი თვლიან, რომ მას მხოლოდ საერთო მიმართულების განსაზღვრის უფლება უნდა ჰქონდეს და უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საზოგადო-კულტურული ცხოვრებით. მესამენი კი დაბეჯითებით მხარს უჭერენ რახბარის ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდას.
ლიბერალებისა და კონსერვატორების მორიგეობითი დომინირება სახელმწიფო სტრუქტურებში ჰქმნის ისლამური მმართველობის გარკვეულ ბალანსს.
ღვთისმსახურთა როლი არჩევნების დროს მნიშვნელოვანია. ისინი ასახელებენ კანდიდატებს და მხარს უჭერენ მათ საარჩევნო კამპანიის დროს. კანდიდატები, როგორც წესი, მიდიან ქ.ყუმში, სადაც ხვდებიან შიიზმის ავტორიტეტებს. წინასაარჩევნო შეკრება იმართება მეჩეთებში, იქვე იხსნება საარჩევნო უბნები. ორივე რელიგიური მიმდინარეობა ასახელებს თავის კანდიდატს.
მაგალითად, 2009 წელს - აჰმადინეჟადი, როგორც უპოვართა წარმომადგენელი, დაუპირისპირდა რაფსანჯანის - საზოგადოების მაღალი ფენების წარმომადგენელს და გაიმარჯვა ამ პაექრობაში. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მან გადაწყვიტა ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინა რევოლუციის თაობა, შეემცირებინა სასულიერო პირთა რაოდენობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
აჰმადინეჟადი შეეცადა პრეზიდენტის უფლებების გაზრდას და მასზე მეჯლისის კონტროლის შემცირებას, რიგ შემთხვევაში რახბარის გავლენის შესუსტებას. ყოველივე აღნიშნულმა დაძაბა ურთიერთობა სულიერ ლიდერსა და პრეზიდენტს შორის, რის შედეგადაც არაერთხელ დაიწერა პრესაში.
კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს უფლება აქვს ორჯერ, ზედიზედ იყაროს კენჭი. აჰმადინეჟადი ორჯერ ზედიზედ გახდა პრეზიდენტი. წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მას არ ჰქონდა. ასეთი შესაძლებლობა მას გაუჩნდება 4-წლიანი საპრეზიდენტო ვადის გავლის შემდეგ.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნები თვალნათელი მაგალითია იმისა, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ეს ქვეყანა გაცილებით მაღალ საფეხურზეა, ვიდრე რეგიონის ქვეყნები, სადაც სჭარბობს მონარქიები და დიქტატურული რეჟიმები.
ისლამური რევოლუციის პირველსავე წლებში გადაწყდა, რომ ქვეყანაში ჩატარებულიყო ყველა დონის არჩევნები, რომ ხალხს მიეღო მასში რეალური და არა მოჩვენებითი მონაწილეობა. 34 წელია ირანი ამ გზას მიჰყვება - განუხრელად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. პრეზიდენტად ხალხმა აირჩია პიროვნება, რომლის გაპრეზიდენტებას არჩევნებამდე არავინ მოელოდა.
ახლადარჩეული პრეზიდენტისგან ირანი რეფორმებს, ლიბერალიზაციას, მოდერნიზაციას ელის, მაგრამ მხოლოდ ისლამური სისტემის ჩარჩოებში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.