საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


„ოდიოზური“ ლავროვის განცხადების გამო

„ოდიოზური“ ლავროვის განცხადების გამო

დასაწყისიდანვე მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ არც რუსეთის მოტრფიალე ვარ და არც მის პოლიტიკოსებს ვეთაყვანები, პრეზიდენტის ჩათვლით, მაგრამ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში და მეც, ასეთად ვთვლი საკუთარ თავს, უკურეაქციას იწვევს ამ ქვეყნისა და მისი პოლიტიკოსების მისამართით გამოთქმული ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რასაც ხშირად აკეთებენ საქართველოს პოლიტიკოსები, ხელისუფლება-ოპოზიცა, ჟურნალისტები და პოლიტოლოგები. ვერც ერთი მათგანი ვერ ხვდება, რომ ცილისმწამებლური გამონათქვამები - ფართო საზოგადოებისთვის გამიზნული, იშვიათ შემთხვევაში თუ აღწევს იმ მიზანს, რისთვისაც ზემონახსენები კატეგორია ტყვიამფრქვევივით აფრქვევს საკუთარი ბაგიდან.
სინამდვილე ადრე თუ გვიან არ იმალება და საზოგადოებას იმათ საწინააღმდეგოდ განაწყობს, ვინც ანტირუსულად აპირებდა ხალხის დარაზმვას. ცხადია, არიან პროპაგანდას აყოლილი და დაბეჩავებული ადამიანებიც, რომლებიც აბაზანის ღრუბელივით ისრუტავენ ყოველივე ანტირუსულს, ვინაიდან ისინი კარგა ხნის დაპროგრამებულები არიან და მათ აზროვნებაში სინათლის შეტანა გადაუჭრელი პრობლემაა. ისინი, ასეთებად დარჩებიან, თანაც სამარადისოდ, ვინაიდან ასე სურთ მათ. დანარჩენ ჯანსაღ ნაწილს კი უდავოდ სჭირდება გაფრთხილება, შიგადაშიგ სინამდვილის მიწოდება, რომ ეს ჯანსაღი ნაწილიც, არაჯანსაღად, რუსოფობიით დაავადებულად არ გადაიქცეს.
თუ რატომ არის „ჯანსაღის“ გაფრთხილება იმათ მხრიდან საჭირო, ვისაც საზოგადოებისთვის ჭეშმარიტების მიწოდება აქვს განზრახული, ღრმა ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს. მარტივად შეიძლება ითქვას - საზოგადოების ცნობიერების დაცვა სარეველასგან, ჭორიკნობისგან, რუსთა სამუდამო მტრობისგან ქართველთა დასახსნელად. საქართველოს ბედმა არგუნა ის გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც ის რახანია ცხოვრობს. საქართველოს ბედმა არგუნა მეზობლები, რომლებიც მას ჰყავს. საქართველოს ბედმა არგუნა ჩრდილოეთიდან რუსეთის მეზობლობა, რასაც საფუძველი მრავალი საუკუნის წინათ ჩაეყარა. საქართველოს ბედმა არგუნა ამ დიდ მეზობელთან პოზიტიური თუ ნეგატიური ურთიერთობები, რომელთა შორის პოზიტიური სჭარბობდა. საქართველოს ბედმა, მე ვიტყოდი ღმერთმა არგუნა მეზობლად მართლმადიდებლური უდიდესი სახელმწიფო, რომელასც სიტყვა ეთქმის მსოფლიოში. საქართველოს ბედმა არგუნა ე.წ. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, წვრილფეხა ექსპერტობა, რომელთა წყალობით საუკუნოვანი ურთიერთობები განქიქებას მიეცა და სერიოზული წყალი შეუყენა რუსი და ქართველი ხალხების ისტორიულ ურთიერთობას.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული, დღევანდელობით დამთავრებული, მსოფლიო თავდავიწყებით მიექანებოდა გლობალიზაციის, ამ უაღრესად გადამდები და მავნე სენის განვითარება-განმტკიცებისკენ. გლობალიზაცია ამერიკულად ნიშნავდა და ნიშნავს მსოფლიოს ერთპოლუსიანობას, ამერიკელთა მიერ ამ პოლუსზე სამუდამო ყოფნას, მხოლოდ ამერიკულის და არა სხვისი კულტურის, ხელოვნების, ცხოვრების წესის, პოლტიკის თავყანისცემას, მსოფლიოში არსებული 200-ზე მეტი სახელმწიფოს და ხალხის ამერიკისადმი მორჩილებას.
პრეზიდენტ ობამას საყვარელი გამოთქმა იყო - აშშ-ი ყველასგან განსხვავებული, პრიორიტეტული სახელმწიფოა, რაც უდავო გაღიზიანებას იწვევს სხვა ხალხებში, მათ შორის რუსებში, ჩინელებში, ინდოელებში და ა.შ. გაღიზიანებასთან ერთად მათ მეტოქეობის გრძნობაც გაუჩნდათ და სულ რაღაც 20-30-წლიანი ერთპოლუსიანობის, ერთმმართველობის სისტემას წყალი შეუდგა. მართალია, ეს პროცესი ჯერაც გრძელდება, მაგრამ მსოფლიოს, მხოლოდ ვაშინგტონიდან მართვა აღარ იქნება. პასუხისმგებლობას სხვებიც აიღებენ თავიანთ თავზე.
ანტიგლობალიზაციამ თავისთავად წამოატივტივა პოლიტიკოსები, რომლებიც გლობალურს, ეროვნულს ამჯობინებენ. ასედაამრიგად ტრამპმა გაიმარჯვა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, საფრანგეთში მარინ ლე პენი ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნებში, ბრიტანეთი სტოვებს ევროკავშირის დიქტატს და ა.შ. მსოფლიოში იგრძნობა ახლებური წესების დამკვიდრების სურნელი. ძნელად, მაგრამ მაინც უკან იხევს ლიბერტანიალიზმი, გლობალიზაცია - ერთიც და მეორეც, გაქრობით რომ ემუქრებოდა მცირე ერებს, მათ შორის ჩვენც. მათ ადგილს ეროვნულობა იკავებს.
უაღრესად რთულ პროცესს, რომელშიც ძალაუნებურად ვართ ჩართული, სხვაგვარი აზროვნება სჭირდება, ისეთი, რომელიც გააძლებინებს ქვეყანას და მძიმე ტრანსფორმაციის წლებს ნაკლები დანაკარგებით გადაატანინებს. შეძლებს თუ არა ისეთი მცირერიცხოვანი ერი, როგორიც ჩვენია ამ გამოცდის ჩაბარებას?
შეძლებს, ოღონდ მან უნდა შეიცვალოს აზროვნება, ცუდსა და კარგს შორის განსხვავების ხელოვნებას უნდა დაეუფლოს, გახდეს თვითკრიტიკული, შეიძინოს ანალიზის უნარი. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დაეუფლოს ყველასთან, განსაკუთრებით მეზობლებთან გონივრული ურთიერთობების ხელოვნებას. ერთხელდასამუდამოდ ხელი აიღოს ლანძღვა-გინებისგან, შეურაცხყოფისგან, რასაც სისტემატურად მიმართავს ის დღეს. წამითაც არ დაუშვას ისეთი გამონათქვამი, როგორიცაა: „საქართველოს ასეთი ოდიოზური ფიგურების ოდიოზურ განცხადებებზე თავის გასამართლებელი არაფერი სჭირს“ - ოდიოზურ ფიგურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი მოიაზრება. ამ გამონათქვამის ავტორია საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი (ასეა მოხსენებული „რადიო თავისუფლების“ მიერ) გიორგი გობრონიძე, რომელიც განმარტავს მიუნხენიში გაკეთებულ ლავროვის განცხადებას.
სხვათაშორის მიუნხენის კონფერენციის ჩარჩოებში ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საქართველოში. მაინც რამ ააღელვა ქართული პოლიტიკა და მედია?
იმან ხომ არა, ლავროვმა რომ თქვა ამიერკავკასიას და მთლიანად სამხრეთ კავკასიას ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები ხშირად იყენებენ თავიანთ მარშრუტებშიო. „როდესაც ჩვენ დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუსულ-ქართულ სამართალდამცავ ორგანიზაციებს შორის, როდესაც ყველა ეს რისკი ორივე მხრიდან მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი, მაშინ ალბათ შესაძლებელი იქნება ვილაპარაკოთ სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ასეთი თანამშრომლობის დალაგება რთულია, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში“ - ლავროვი.
რა არის ლავროვის ნათქვამში ასაღელვებელი? რაც მან თქვა ფაქტია, თანაც ისეთი ცნობილი ამერიკელი ექსპერტები რომ წერდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ჯეიმს ჯატრასმა წიგნიც გამოსცა, სადაც წერს სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტერორისტულ თავყრილობებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლები.
საქართველოში გამართული შეკრებების ორგანიზაცია შსს მაღალჩინოსან (მინისტრის მოადგილეს) ლორთქიფანიძეს ჰქონდა მინდობილი. ცნობილი ფაქტია, პანკისსა და სხვაგან ტერორისტების წვრთნისა და რეაბილიტაციის თემებიც და ისიც, რამდენი ბოევიკი იბრძოდა და იბრძვის სირია-ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს. ისიც ცნობილია, რომ არაბი თუ სხვა ქვეყნის ტერორისტები როგორ იყენებდნენ საქართველოს, ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელად.
გავიმეორებ, ლავროვამდე ყოველივე აღნიშნული ამერიკელებმა თქვეს. რაც შეეხება ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობას, ცხადია შესაძლებელია, თუ ქართული მხარე ამ საკითხს ანუ ტერორიზმთან ბრძოლას სერიოზულად მიუდგება, რისი დიდი ეჭვი მაქვს.
გავიხსენოთ სტამბოლის ხელშეკრულება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. მაშინ რუსეთი დათმობაზე წავიდა იმის იმედით, რომ ბათუმის სამხედრო ბაზა გადაკეთდებოდა ტერორიზმთან ბრძოლის საქართველო-რუსეთის ერთობლივ ცენტრად. სტამბოლის შემდეგ მოსკოვს სტუმრობდა საქართველოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. ვიზიტის დროს შემუშავდა მემორანდუმი, სადაც ჩაიწერა აღნიშნული ცენტრის შექმნის თაობაზე. ქართულმა მხარემ დაპირება არ შეასრულა, რაც უარყოფითად შეფასდა მოსკოვში.
ტერორიზმი უცხო არ არის საქართველოსთვის. ისიც ცნობილია, რამდენი პანკისელი, ქვემო ქართლელი ან აჭარელი იბრძვის სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს და ამის შემდეგ გულის გასახეთქად უნდა მოგვეჩვენოს ლავროვის ნათქვამი?
სრულიად უადგილოდ მიმაჩნია ტურიზმის ზრდის მოშველება - აქაოდა აქ, რომ ტერორიზმი ყვაოდეს, ტურისტების ნაკადი არ გაიზრდებოდაო? ტურისტების ნაკადი არც საფრანგეთში და არც გერმანიაში არ შემცირებულა, მიუხედავად ტერორისტული აქტებისა.
ლავროვს არ უთქვამს, რომ საქართველოში ტერორისტულ აქტებს აქვს ადგილი. მან თქვა, ის, რაც თქვა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არ შემოგვეღო სავიზო რეჟიმი და რუსეთთან დღეს უვიზო მიმოსვლა იქნებოდა. ჩვენ დაგვავიწყდა, რა უძღვოდა სავიზო რეჟიმის შემოღებას წინ - „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის დაჟინებული მოთხოვნა რუსეთთან ვიზების შემოღების თაობაზე.
აღნიშნულის სულისჩამდგმელი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ადამია. ის და მისი კოლეგა ე.წ. რეფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის საჭირო იყო რუსეთის გავლენიდან გამოსვლა, ორი ქვეყნის დისტანცირება, ამისთვის კი - სავიზო რეჟიმის შემოღება იყო აუცილებელი.
ქართული მხარის გადაწყვეტილებით შეშფოთებულმა რუსეთის ელჩმა საქართველოში სტანევსკიმ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ცუდათ იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და რომ ის კატეგორიული წინააღმდეგია ამისა.
1999 წლის შემოდგომით, რუსეთის მხარის თხოვნით, მოსკოვში გაიმართა რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა ექსპერტების შეხვედრა, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ დაადასტურა სავიზო რეჟიმის შემოღების სურვილი. რუსული მხარის მოთხოვნით, დაიგეგმა მეორე შეხვედრაც, რომელზეც ქართულმა მხარემ „დააგვიანა“ ჩასვლა მოსკოვში, რის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მთავრობას წარუდგინა თავისი მოსაზრება, ქართული მხარის მოთხოვნიდან გამომდინარე. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსკოვმა წინადადებით მომართა ქართულ მხარეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირთათვის მაინც შენარჩუნებულიყო უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ქართულმა მხარემ ამაზეც უარი თქვა. ასედაამრიგად ორ ქვეყანას შორის დაწესდა სავიზო რეჟიმი, რომელმაც უდავოდ დააშორა ერთმანეთს ეს ორი ქვეყანა, რითაც გული გაუხარა „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდა რეფორმატორების ამერიკელ მასწავლებლებს, რომელთა კარნახით განხორციელდა სავიზო რეჟიმის შემოღება.
ვიზის შემოღებით შეღონებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლების მიმართ გულისწყრომა გამოთქვეს, რაზეც, გადაბრალების დიდოსტატმა საქართველოს ხელისუფლებამ, ყველაფერი მოსკოვს დააბრალა.
თუ მაშინ ეს ტყუილი გაოცებას იწვევდა, 2008 წლის ტყუილი - რუსეთის, საქართველოზე თავდასხმასთან დაკავშირებით - უკვე ეჭვს ბადებდა, მაგრამ მძლავრი დასავლური და ადგილობრივი პროპაგანდის წყალობით, ბევრმა დაიჯერა, თუმცა იყვნენ და არიან ისეთებიც, ვისაც ეს არ სჯერათ. არადა, რაღა უნდა აეჭვებდეთ ევროკავშირის სპეცსაგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ? არც არაფერი. ყველაფერი ნათელია - ომი სააკაშვილმა დაიწყო და მის თავდასხმას მძინარე ცხინვალზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ამ და სხვა საკითხებს იძიებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელსაც რუსეთი არ ცნობს, ვინაიდან მან არ მიიღო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ მომზადებული დოკუმენტები. ლავროვმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში გამოძიება იქნება ცალმხრივი და შორს სინამდვილისგან. ამდენად რუსეთი უნდობლობას უცხადებს მას.
ლავროვის „ოდიოზურობის“ სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ ვგონებ შორს წაგვიყვანს და საზოგადოებას - შეგნებულს და მოაზროვნეს, უდავოდ გაუჩენს საწინააღმდეგო აზრს - იქნებ ჩვენი პოლიტიკაა ოდიოზური და არა სხვისი, რომელსაც თვით ოდიოზური, ოდიოზურობას სწამებს?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
25/02/2017

სტატიების არქივი