საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


სამხრეთ ოსეთი თუ ალანია?

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

„რის ალანია, რა ალანია, ცხინვალი შიდა ქართლია“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა აკადემიკოს როინ მეტრეველის სტატია სამხრეთ ოსეთისთვის ალანიას სახელის დარქმევასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი გახდა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას ა.წ. აპრილში.
მეცნიერი, მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით, მკითხველს უხსნის, თუ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება: „ცხინვალის რეგიონს რომ ალანია ეწოდოს, ეს ერთი მხრივ, ისტორიის უცოდინარობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ, რეალური ვითარების აშკარა უგულებელყოფას წარმოადგენს. საერთოდ კუთხეზე, რეგიონზე სახელის შერქმევა დეკრეტით არ შეიძლება მოხდეს, ისტორიული გეოგრაფიის გაუთვალისწინებლად. ამ შემთხვევაში ხალხის გამოკითხვა ფარსია“ - აღნიშნულია სტატიაში. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ამ მასალის გაცნობა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 10 თებერვლის ნომერში. ამდენად მის შინაარსზე ყურადღებას არ გავამახვილებ. მადლობის მეტი რა გვეთქმის ესოდენ ყურადსაღები ნაშრომის მიმართ, რაც შესაძლებლობას გაუჩენს მკითხველს კიდევ ერთხელ თვალი გადაავლოს საქართველოს ერთ-ერთი კუთხის ისტორიას, რომელიც კარგა ხანია სერიოზული განსჯის საგნადაა ქცეული და ქართველი და ოსი ხალხების დაპირისპირების საბაბია. სტატიაში აღნიშნულია საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზეც და იმ წვლილზე, რომელიც დიდმა მეზობელმა შეიტანა ქართულ-ოსური დაპირისპირების საქმეში. ბატონი როინი სტატიის დასასრულს აღნიშნავს შემდეგს: „მიგვაჩნია, რომ მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი განზრახულობის წინააღმდეგ. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ცხინვალის რეგიონი ჭეშმარიტი საქართველოა და ის ალანია არ არის“. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ნუთუ ავტორს ჰგონია, რომ „მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოება“ ხმას აიმაღლებს ამ საკითხთან დაკავშირებით? მსოფლიო საზოგადოებამ ხმა რომ აიმაღლოს, ის მაინც უნდა იცოდეს, სად მდებარეობს საქართველო, უფრო მეტიც - მან უნდა იცოდეს პრობლემა, არსებული ქართველთა და ოსთა შორის. მსოფლიო საზოგადოებას უამრავი პრობლემა აქვს შესასწავლ-გასაანალიზებელი - უფრო სერიოზული და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ეგზისტენციალური, გლობალიზაციის პოლიტიკის შედეგად წყალშეყენებული.
მსოფლიო საზოგადოებისთვის, უფრო სწორად ევროატლანტიკური სივრცისადმი ქართული სასოწარკვეთილი ძახილი, რახანია უპასუხოდ რჩება, ვინაიდან არც ამ სივრცემ და არც სხვამ არათუ ქართულ-ოსური კინკლაობის, არამედ საერთოდ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ცოტა რამ თუ იცის, ხშირ შემთხვევაში კი არც არაფერი. ამის ნათელი დასტური 2008 წლის აგვისტოს ომია. მაშინ აშშ-ს ელექტრონული მედიის მიერ ფართო საზოგადოებისთვის ტენდენციურად მიწოდებულმა ინფორმაციამ, რომელიც რუსეთის მიერ „ჯორჯიის“ სამხედრო დაჩაგვრაში გამოიხატებოდა, საქმეში „ჩახედულ“ ამერიკელებს ლამის იარაღი შეასხმევინა ჯორჯიის შტატის დასაცავად.
ცხადია, აშშ-ი იციან სხვა ჯორჯიის ანუ საქართველოს შესახებ, მაგრამ ასეთთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია და მათ შორისაც ალბათ ერთსაც ვერ ვნახავთ, ქართულ-ოსური ისტორიის მცოდნეს.
მკითხველს ემახსოვრება აშშ-ს პრეზიდენტ ობამას „სანაქებო“ გუნდის „ღრმადგანსწავლული“, პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ქალბატონი ფსაკი, რომელმაც არა მარტო პრესას, არამედ ყველა სხვას, ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონდა მოსმენილი ფსაკის „სიბრძნე“, ხაზგასმით ეთქვა ობამას ადმინისტრაციის წევრების დაბალი განათლების შესახებ.
ქალბატონი ფსაკი ის მაღალი მოხელე იყო, რომელმაც ლამის ამერიკული ავიამზიდები „ბელორუსის ზღვის“ სანაპიროს მიაყენა. ასეთისთვის ძნელი გასაგები იქნება, რატომ ალანია, ნაცვლად სამხრეთ ოსეთისა?
ევროატლანტიკური სივრცისადმი მიმართვებით არა მარტო მეცნიერები, ექსპერტები და პოლიტოლოგები გამოირჩევიან, არამედ მედიის წარმომადგენლებიც და რაც მთავარია ქართული პოლიტიკა, ხელისუფლება. ეს უკანასკნელი ისე ხშირად მიმართავს მას, თითქოს ადრესატი გულისფანცქალით ელოდეს ასეთს.
მეხსიერებას შემორჩა ცხრა აპრილის მიტინგის მსვლელობის დროს გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები გაეროსა და ნატოს სახელზე დეპეშების გაგზავნასთან დაკავშირებით. შედეგი? - ნულის ტოლი. საქართველოს ხელისუფლება თუ რას აკეთებს - ეს მიმართვაა, ხან გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, ხან ევროკავშირის და ნატოს, ხან ევროსაბჭოს ტრიბუნებიდან, მაგრამ რასაც იქიდან პასუხად ვისმენთ - „შეშფოთებაა“.
25 წლის განმავლობაში არაერთ ასეთ „შეშფოთებას“ ჰქონდა ადგილი, გამოწვეულს რუსეთის მიერ საქართველოს შევიწროებით. ცხადია, აშშ-ი არსებობს სხვადასხვა სახის კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც სწავლობენ კავკასიის საკითხებს, მაგრამ მათი განსწავლულობა ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა აფხაზეთის ტოპონიმიკის შეცვლა ან თუნდაც სამხრეთ ოსეთისთვის ალანიის დარქმევა, ერთობ დაბალია.
არადა 25 წლის განმავლობაში ვიმეორებთ ერთიდაიგივეს, ვიმზირებით დასავლეთში, ნაცვლად იმისა, რომ ირგვლივაც მიმოვიხედოთ. დამოუკიდებლობის წლებში რაც მოვახერხეთ, ისაა - მყარად ვუჩვენეთ ზურგი ჩრდილოელ მეზობელს და ხელგაშლილი შევხვდით დასავლეთს.
დასავლეთის მარშრუტი იყო და არის უმთავრესი, როგორც ქართული პოლიტიკისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება - „ახალმა“ ქართველობამ გეოგრაფიული აღმოსავლეთის, სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის ცნებიდან მხოლოდ დასავლეთი იცის. არადა, ის, რის შესახებაც ჩვენ ვმსჯელობთ (ალანია და სხვა თემები), მხოლოდ ჩრდილოეთში იციან და არსად სხვაგან, მაგრამ საქართველოს ხელისუფალნი, საზოგადოება არ წყალობთ მას, რატომღაც სერიოზულად არ აღიქვამენ და იქით გახედვაც არ სურთ.
მკითხველს არ ახსოვს ქართველ პოლიტიკოსთა, მეცნიერთა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა ვიზიტები მოსკოვსა ან რუსეთის სხვა ქალაქებში კონფერენციებზე დასასწრებად. რაც ახსოვს ისაა, უზომო მოგზაურობები რომ ჰქვია სტრასბურგში, ბრიუსელში, ბერლინში, ვაშინგტონში, სხვა ქვეყნების დედაქალაქებში. საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან იგნორირებულია რუსეთი და რახან ასეთია ქართული პოლიტიკა, ანალოგიურია სხვა დარგების წარმომადგენლების დამოკიდებულებაც რუსეთისადმი.
ხელისუფლებაც და საზოგადოებაც რახანია ერთმანეთში შეთანხმებულია, რუსეთის მზაკვრობაზე და ამდენად თავს არ იწუხებენ მასთან კავშირების აღსადგენად, არადა მოსკოვის გარეშე რომ რიგი მტკივნეული საკითხებისა არ გადაიჭრება - ფაქტია.
როგორც აღვნიშნე, ინიციატივა გაუცხოებისა პოლიტიკიდან მოდის. მის აზრს იზიარებს საზოგადოებაც, მათ შორის მეცნიერებაც და ნაცვლად იმისა ყოფილ საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით რუსეთში ეძებდეს ჭეშმარიტების გასაღებს, ეძებს იქ (დასავლეთში), სადაც არც გასაღებისა გაუგიათ და არც „ალანიის“ შესახებ.
25 წლის უგზოუკვლოდ ხეტიალმა მიგვიყვანა ტრამპის ამერიკამდე. ძნელია იმის თქმა, რამდენად შეასრულებს ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებებს, მაგრამ თუ შეასრულა პოსტსაბჭოთა სივრცის, მათ შორის საქართველოს საქმე ისეთი არ იქნება, როგორიც იყო. ჩვენი გულის გასახეთქად, ტრამპი ისეთი ტემპით შეუდგა დანაპირების შესრულებას, რომ დავიწყების ეჭვსაც არ გვიტოვებს. და თუ ეს მოხდა, ვიღას გაახსენდება საქართველო? არ გაახსენდება ამერიკას და მის მიმხედვარე ევროკავშირსაც არ გაახსენდება.
პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი ტრამპ-პუტინის პირველი შეხვედრის დროს გაირკვევა. სანდო წყაროების მიხედვით, შეხვედრისთვის მზადება დაწყებულია. პირველმა „საიდუმლომ“ გამოჟონა - სლოვენიის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მოსკოვში. მან შესთავაზა პუტინს ტრამპთან შეხვედრა ლიუბლიანაში. პუტინმა თანხმობა საჯაროდ განაცხადა. აი, სწორედ ამ შეხვედრაზე ბევრი რამ გაირკვევა, უპირველესად ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს და რის შესახებაც უკვე იტყობინებოდა ამერიკული პრესა. რა არის ეს? ეს, აშშ-ს მეცნიერის, დიპლომატის და ყველასთვის ცნობილი პიროვნების დოქტორ კისინჯერის ტრამპისთვის მიცემული რჩევებია. ერთ-ერთი მათგანი პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება. კისინჯერი ურჩევს ტრამპს ცნოს რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
ცნობისთვის, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ტრამპი გულისყურით ისმენდა კისინჯერის რჩევებს. ეს დამოკიდებულება დღესაც გრძელდება. კისინჯერს თავისი შეხედულებები აქვს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით. მას კარგი დამოკიდებულება აქვს პუტინთან და ტრამპთან, ამდენად არ არის გამორიცხული, რომ ორივემ გაიზიაროს დიდი დიპლომატის შეხედულებები.
დავუშვათ, რომ ყოველივე აღნიშნული მოხდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო? რა გზას უნდა დაადგეს ის? თუ ქვეყანას აღარ ექნება მყარი საყრდენი ევროატლანტიკური სივრცის სახით, აღმოჩნდება თუ არა ის მარტო, კავკასიასა და რეგიონში? რას მოიმოქმედებენ მისი მეზობლები, განსაკუთრებით თურქეთი, რომლის გავლენა უდიდესია?
საქართველო აღმოჩნდება მაჰმადიანური ქვეყნების, ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების შუაგულში, ცხადია სომხეთთან ერთად და ასეთ დროს ერთადერთი ხსნა ისევ მართლმადიდებელი რუსეთი თუ იქნება - ქვეყანა, რომელსაც 25 წელიწადია ვლანძღავთ, ვაგინებთ, ვემტერებით და შანსს არ ვუშვებთ ხელიდან ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე აგრესორად, დამპყრობლად, ქართველთა სისხლის მსმელად მოვიხსენიოთ.
ზემომაყვანილ შავბნელ პერსპექტივას რომ თავი დავანებოთ და მომავალი ვარდისფერებში წარმოვიდგინოთ, რეალობის გათვალისწინება მოგვიწევს და ეს რეალობა სწორედ ისაა, პატივცემული როინი რომ წერს თავის სტატიაში. რომ ყოფილიყო პოლიტიკური, ეკონომიკური, მეცნიერული კავშირები რუსეთთან, დარწმუნებული ვარ არც ცხინვალის ომი იქნებოდა და არც რუსეთის მიერ ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარება, მითუმეტეს სამხრეთ ოსეთისთვის ალანიის დარქმება. ჩემის აზრით, ბატონ როინს მსოფლიო საზოგადოებისთვის კი არ უნდა მიემართა, არამედ საკუთარი ხელისუფლებისთვის, რომელმაც არაფერი გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. არადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ოცნება“ სწორედ ამას დაპირდა ხალხს.
მიმართვაც არის და მიმართვაც, მაგრამ საინტერესოა, როგორ მიწვდება მსოფლიოს საზოგადოებას ბატონი როინის ხმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მეშვეობით? ამ გაზეთს კი არა, საერთოდ გაზეთებს თითო-ოროლა აქაური თუ კითხულობს, იქაური ხომ არათუ გაზეთს, საქართველოსაც ბუნდოვნად იცნობს.
დავუბრუნდეთ ორი ქვეყნის ურთიერთობის რეალურ საკითხს, რაც სულ ახლახანს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის და რამაც ისეთი წიოკი გამოიწვია ოპოზიციაში, უარესს რომ ვერ იფიქრებდა კაცი. საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრას ეხება და მიღწეულ შეთანხმებას. გაზეთი „კომერსანტი“ წერს: „2011 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საშუალებას აძლევს მხარეებს ივაჭრონ და სატრანსპორტო კომუნიკაციები განავითარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით და იმავდროულად არ შეეხონ საქართველოს ყოფილი ავტონომიების სტატუსის პრობლემას“.
უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია და მხარდაჭერას საჭიროებს. ყოფილი ავტონომიების ტერიტორიებით ტვირთების გადაზიდვა, მარტო სატრანსპორტო, ეკონომიკური კავშირები არ არის, ხალხთა შორის ურთიერთობათა აღდგენაც არის, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს კავკასიაში უკეთესი პოლიტიკური კლიმატის შექმნას.
დღეს, 2017 წლის თებერვალია. ჩემთვის ცნობილია, რომ 2003 წელს გერმანიაში, ე.წ. შლაინინგის პროცესის ჩარჩოებში საქართველო-აფხაზეთის მხარეთა მოლაპარაკების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო საქართველო-აფხაზეთის ყველა კავშირის აღდგენა. ამ ხნის მანძილზე მხარეები არ უნდა შეხებოდნენ ავტონომიის პოლიტიკური სტატუსის თემას. და თუ 10 წლის განმავლობაში პოზიტიურად წარიმართებოდა კავშირურთიერთობების დამყარება, დაიწყებოდა პოლიტიკური სტატუსის საკითხის განხილვა.
სამწუხაროდ, ეს მცდელობა ოფიციალური თბილისის უმოქმედობით არ განხორციელდა. ამას ჰქონდა თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. 2003 წელი არჩევნების წელი იყო და რით დასრულდა, ყველამ კარგად ვიცით. გამარჯვებულმა „ნაცებმა“ არ ისურვეს ავტონომიებთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და ძალისმიერი გზით შეეცადნენ საქართველოს იურისდიქციის აღდგენას, რაც მარცხით დასრულდა.
ვიხსენებ რა განვლილ უმძიმეს წლებს, იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც დაიწყება კავშირების აღდგენა, თუმცა რას გვიკარნახებენ ჩვენი „პარტნიორები“ ევროატლანტიკური სივრციდან, არვინ იცის. ისე, როგორც აქამდე, ხომ შეიძლება რომ რჩევები ნეგატიური იყოს და ჩვენმა ხელისუფლებამაც გაიზიაროს?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
12/02/2017

სტატიების არქივი