საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ვიზალიბერალიზაციური ეიფორია

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

პირველ მარტს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების დოკუმენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ტურისტებს, კარი გაეხსნებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის წევრ სახელმწიფოებში, ცხადია ბიომეტრიული პასპორტების აღების და რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
აქვე ვიტყვი, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 90-დღიანი მოგზაურობა გამორიცხავს იქ დასაქმებას ან რაიმე სახის ბიზნეს-პროექტებში მონაწილეობას, სწავლა-განათლებას და ა.შ. უვიზო შესვლა მხოლოდ ტურისტულ მოგზაურობას ეხება და სხვა არაფერს, რაც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქემ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეპორტაცია არ ასცდება, თან შესაძლოა საერთოდ უარი უთხრან ევროპაში განმეორებით შესვლაზე. იმ შემთხვევაში თუ უვიზო შესვლას, მრავლობით რიცხვში დარღვევები მოჰყვება, ევროკავშირს შეუძლია მკაცრი ზომების მიღებაც - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო შესვლის წესის შეჩერება.
შეძლებს თუ არა საქართველოს მოქალაქე იქ დარჩენის ცდუნებისგან თავის შეკავებას - ძნელი გამოსაცნობია.
დღემდე არსებული ვითარებიდან გამომდინარე საფუძვლიანი ეჭვია, რომ ვერ შეძლებს და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ მას, ვისაც ევროპაში დარჩენა სურს - სამუშაოს მოსაპოვებლად, სულაც არ ადარდებს რა მოხდება მისი იქ დარჩენის შემდეგ ანუ აუკრძალავენ თუ არა სხვას ევროპაში უვიზოდ შესვლას. მსგავს ეგოისტთა რაოდენობა არცთუ მცირე იქნება. ისინი რახანია ელოდებიან ამ შანსს და ხელიდან არ გაუშვებენ. ასეთთათვის ევროპაში უვიზო შესვლა უდავოდ დიდი შეღავათია, ვინაიდან თავიდან აიშორებენ საკმაოდ მსუყე თანხების დახარჯვას - არაკანონიერი გზით ვიზების მიღებისთვის.
ყველასთვის ცნობილია საქართველოში აკრედიტებული უცხოური საკონსულო დაწესებულებების კორუფციის თაობაზე. ისინი ხომ ზედმეტ ფულს იღებდნენ ევროპაში წამსვლელთაგან ტურისტული ვიზის გაფორმებაში. ყველა საკონსულომ, ვინც ვიზებს გასცემდა კარგად იცოდა, რომ ქართველ „ტურისტთა“ უდიდესი უმრავლესობა ევროპაში სამუშაოდ დამრჩენი იყო. იცოდა და სწორედ ამიტომაც დიდ ფულს ადებდა ვიზას.
ასედაამრიგად საბერძნეთი, გერმანია, საფრანგეთი, ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები არალეგალი ქართველებით გაივსო. მათ შესანიშნავად აუღეს ალღო იქაურ წესებს და უკვე მერამდენე წელია მუშაობენ, ცხადია არალეგალურად და საქართველოში დარჩენილ ოჯახს არჩენენ, თან მაქსიმალურად ცდილობენ შვილებსაც იქ (ახალ სამშობლოში) გამოუძებნონ სამსახური და აქედან წაიყვანონ. თუ ამდენხანს გამგზავრებას უკანონოდ, კორუფციულად ახერხებდნენ, 20 დღის შემდეგ, კანონიერი გზით აისრულებენ გულით საწადელს. ასეთთათვის უდავოდ დიდი შეღავათია ევროპაში უვიზოდ შესვლა.
დიდი შეღავათია იმათთვისაც, ვისაც იქაურობის ნახვა სურს და უკან დაბრუნება ანუ ნამდვილი ტურისტობა. ასეთთა რაოდენობა ცოტაა, რამეთუ დიდ ფულთან არის დაკავშირებული. საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ უმცირეს ნაწილს აქვს დიდი ფული - ტურისტულ მოგზაურობაში დასახარჯი. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რომელიც უფულობას განიცდის, ევროპაში უვიზოდ შესვლას ზერელედ უყურებს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ადამიანს, რომელსაც შინ, ერთი ქალაქიდან მეორეში წასვლა, უფულობის გამო პრობლემად აქვს ქცეული, ევროპაში ვერ წავა.
ევროპაში უვიზოდ შესვლა, რაღაც სახით სატყუარაც არის, თუნდაც იმათთვის, რომელთაც უცხოეთში გამგზავრება სულაც არ აქვთ გეგმაში. „ცდა, ბედის მონახევრეას“ პრინციპით - მათ შეუძლიათ წელებზე ფეხის დადგმა და შესაბამისი თანხის დაგროვება - იქ გასამგზავრებლად, არალეგალურად, მუშაობის დასაწყებად და შინნასესხები ფულის გასასტუმრებლად.
უვიზო გამგზავრებას სხვა „სიკეთეებიც“ ახლავს თან - ქვეყნის დაცარიელება. არვინ თქვას, რომ ამას ადგილი არ ექნება. სხვა ქვეყნების მაგალითები უხვად გვაქვს და მათი მიხედვით, ევროკავშირის წევრი ახალი სახელმწიფოების მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, მას შემდეგ, რაც შენგენის წევრობა მიიღეს. საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სწორედ სავიზო რეჟიმის დროს მოახერხა ევროპაში შესვლა და უვიზო შესვლის პირობებში რა იქნება?
ეს კითხვა ხელისუფალთ უნდა აწუხებდეთ, მაგრამ არა. ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, ჩემის აზრით არასახელმწიფოებრივად. მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის ევროკავშირის გადაწყვეტილება მთლად ეიფორიულად არ უნდა აღიქმებოდეს, ვინაიდან მან შეიძლება ჯანღონით სავსე ახალგაზრდობა სამუდამოდ განარიდოს სამშობლოს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შინ ეზრუნა სამუშაო ადგილების შექმნისთვის, დიდი ენერგია დახარჯა ბრიუსელში სირბილში და იქაურთათვის ხვეწნაში.
ბრიუსელიც, ხელოვნურად თავდაფასებული და მკაცრი მასწავლებლის როლში შესული, დროს აჭიანურებდა, თან გვამადლიდა - ხომ ხედავთ, რას ვაკეთებთ თქვენთვისო. არადა იმათავითვე იყო ცნობილი, რომ ის ამ საქმეს დადებითად გადაწყვეტდა და რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის ჯიბრი ჰქონდა და აქვს. და რომ რუსეთი არა, ბრიუსელი არც მოლდოვას, არც უკრაინას და არც საქართველოს ასეთ „საჩუქარს“ არ გაუკეთებდა.
მოლდოვა რახანია აზიარეს უვიზო მიმოსვლას, უკრანას კი ზაფხულში აზიარებენ.
მოლდოვას ახალმა პრეზიდენტმა დოდონმა, რომელმაც ევროპასთან ასოცირებული წევრობა ნეგატიურად შეაფასა და მზადაა ახალ პარლამენტს ხელშეკრულების გაუქმებისკენ მოუწოდოს, განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციამ ამ ქვეყანას ცუდის მეტი არაფერი მოუტანა.
დიდი კმაყოფილება არც რუმინეთს, ბულგარეთს, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეტყობათ, ვინაიდან ვიზალიბერალიზაციის შედეგად მათ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს. თუ მოლდოვა და საქართველო ბევრს ვერაფერს დაუშავებს ევროპას - იქ არალეგალურად დარჩენის თვალსაზრისით, 45-მილიონიანი უკრაინა იოლად გადასამუშავებელი არ იქნება.
უკრაინაში შექმნილი ქაოსი და შიდა დაპირისპირება, უმუშევრობა, უმძიმესი სოციალური სახის პრობლემები ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის დიდი სტიმულია. უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება ევროკავშირისთვის დიდი რისკია, თუმცა, როგორც ჩანს ბრიუსელი მზადაა დააკმაყოფილოს უკრაინის თხოვნა, რითაც კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს რუსეთის ორბიტიდან უკრაინის გასაყვანად.
ბრიუსელი მზად არის აიტანოს ყოფილი სამი საბჭოთა რესპუბლიკიდან ევროპაში შესული ე.წ. ტურისტები, პოტენციური არალეგალური მუშები, ოღონდ შეასრულოს პოლიტიკური მოთხოვნა - რუსეთის გავლენის სფეროს შემცირება და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე საკუთარი გავლენის გაფართოება.
უვიზო მიმოსვლა და ასოცირებული წევრობა ხომ იმ გეგმის ნაყოფია, რომელიც რამდენიმე წლის წინათ შემუშავდა ბრიუსელში და რომელიც ზემომოყვანილ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება?
ასე, რომ ბრიუსელს იმთავითვე ჰქონდა გადაწყვეტილი სამივესთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემა. მაშ რას ზეიმობს საქართველოს ხელისუფლება?
რატომ მიიჩნევს ის ამ ამბავს, როგორც უდიდეს საქმეს და გამარჯვებას? იმიტომ ხომ არა, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეაყაროს თვალში ნაცარი?
ვაგლახ, რომ ასეა! ვუსმენ რა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას, ილუზია მექმნება, რომ საქართველომ ახალი დიდგორი, ახალი 2008 წლის აგვისტოს ომი მოიგო. რა გამოდის - უვიზო შესვლა მოუგია.
„ეს, არის ჩვენი დიდი წარმატება. ეს, არის მთელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი, მათ შორის რა თქმა უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სიცოცხლე შესწირეს მას...“
ეს „სადღეგრძელო“ - სხვას ვერაფერს დაარქმევ, უდავოდ დამშვენდებოდა მართლაც მნიშვნელოვან გამარჯვებას - ომში გამარჯვებას და არა პრიმიტიულ ვიზალიბერალიზაციას, რომლის განხორციელება, სხვათა გამოცდილებიდან გამომდინარე, არცთუ დადებითად იმოქმედებს ნაკლებმოსახლიან საქართველოზე. ესოდენ პატრიოტული აღტაცება პრემიერს რომ დაპირებული 100 ახალი ქარხნის ერთდროულად გახსნის ცერემონიალზე წარმოეთქვა, ისიც არ იქნებოდა ეიფორიის საბაბი და ვიზალიბერალიზაციისთვის? თანაც მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წვლილი ისაა, რომ მან უარი არ თქვა ამაზე. წვლილი ვისიცაა - ბრიუსელია და არა თბილისი, რამეთუ მას, რომ თავისი ჩანაფიქრი არ განეხორციელებინა, ოფიციალური თბილისი ვერაფერს გახდებოდა - სასთუმალიც რომ დაედო ევროკავშირის კართან. პრემიერმა თავის განცხადებაში ქვეყნის დამოუკიდებლობა ახსენა, რაც სულ ახლახანს დამტკიცდა სტრასბურგელი მოსამართლის მხრიდან - ცხადია შებრუნებითი მნიშვნელობით. საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, გაწბილებულმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა უმალ სტრასბურგს მიმართა და მანაც ელვისსისწრაფით მოახდინა რეაგირება, „რუსთავი-2“-ის სასარგებლოდ, თან თითიც დაუქნია საქართველოს ხელისუფლებას - აწ და მარადის ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა ისეთი უნდა დარჩეს, როგორიც არისო.
ამ ამბავმა მთელი ევროკავშირ-ამერიკა ააყაყანა - შეხედეთ, რას სჩადის საქართველოს პრორუსული ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მეთაურობით, დემოკრატიას ბღალავსო! გაისმა მუქარაც - თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო და ა.შ.
ესეც, ჩვენი სისხლით მოპოვებული „დამოუკიდებლობა“.
დამოუკიდებლები და სუვერენულები რომ ვიყოთ, ვერც ბრიუსელი და ვერც ვაშინგტონი ხმას ვერ გაგვცემდა, მაგრამ საქართველო 25 წლის წინათ გამოვიდა რა საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებიდან, უმალ თავი შერგო ახალ უღელში, ვითომ დემოკრატიულში - ევროატლანტიკური სივრცე რომ ჰქვია. და იმდენად კმაყოფილია იქაური ნასუფრალის მიღებით, რომ მზადაა სულით-ხორცამდე მიეწებოს მას.
ამას წინათ ერთი ჩემი კრიტიკოსი წერდა - ჭიპაშვილმა არ იცის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთმა დაარღვია და საგარეო ურთიერთობები აგვიკრძალაო. ჩემი პასუხი გეორგიევსკის ტრაქტატის იმ პუნქტის გამოქვეყნება იყო, სადაც ხელმოწერისთანავე ჩაიწერა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას ამ დღიდან დაწყებული თბილისი კი არა სანკტ-პეტერბურგი წარმართავდა.
ასე, რომ რუსეთს არაფერი წაურთმევია. ჩვენ თვითონ წავართვით საკუთარ თავს, ისე, როგორც დღეს, გეორგიევსკიდან მრავალი ათეული წლის გასვლის შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
მაგრამ ეს ნაკლებად ანაღვლებს საქართველოს ხელისუფალთ. მათთვის მთავარია თავი ნატოსა და ევროკავშირში შერგონ. ქვეყნის მართვის სადავეები, ის უმცირესიც, რომელიც შემორჩათ, ამ ორგანიზაციებს გადააბარონ, თვითონ კი განიმტკიცონ ქვეყნის ნომინალური მმართველობა, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. თუ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები ნატოს ჩაბარდება, ეკონომიკური კი - ევროკავშირს, პარლამენტის და მთავრობის ნომინალური სხდომების ჩატარებას რაღა უნდა?! და ვიქნებით ქვეყანა, ხალხისგან დაცლილი, სხვისი მოიმედე, სხვაზე ჩაბარებული. განა რა სჯობს ამას ხელისუფალთათვის?
ამიტომაც ზერელედ უყურებენ ისინი იმ ვითარებას, რაც ევროკავშირშია შექმნილი. მათ არ აღელვებთ არც ევროკავშირის დაშლა და არც ნატოსთვის წყლის შეყენება. დიდი იმედი აქვთ, რომ უცბათ, ერთ დღეში, ეს ორგანიზაციები არ დაიშლება და თუ ერთი წევრიც დარჩება, მზად იქნებიან იმას შეუერთდნენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
07/03/2017

სტატიების არქივი