გაეროს მოხსენებიდან გამომდინარე ფიქრები

hamlet chipashvili-politologi

გასული ორშაბათიდან პარასკევამდე საერთაშორისო ცხოვრების კულმინაციური დღეები იდგა. გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე საიუბილეო სესია, რომელშიც მსოფლიო ორგანიზაციის 193 წევრ-სახელმწიფოს გარდა, არაწევრი სახელმწიფოებიც იღებდნენ მონაწილეობას, კარგა ხანს შემორჩება მეხსიერებას და ისტორიას, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ 10 წლის განმავლობაში - მე-80-ე გენერალურ ასამბლეამდე მაინც.
საკითხები, რომლებიც საიუბილეო სესიაზე გაჟღერდა, უმნიშვნელოვანესია და მათი შესრულება დროს საჭიროებს. ამ საკითხებიდან უმთავრესია მსოფლიოს მდგრადი განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს ეკონომიკურ ზრდას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის აღმოფხვრას.
17-პუნქტიანი „დავალება“, რომელიც გაერომ საკუთარ წევრებსა და არაწევრ სახელმწიფოებს დაუსახა, უდავოდ მოითხოვს ყველას ყურადღებას. თუ რამდენად დამჯერი მოწაფეები აღმოჩნდებიან მსოფლიოს ქვეყნები „საშინაო დავალების“ შესრულებაში, დრო გვიჩვენებს.
15 წელი თითქოს დიდი დროც არის და მცირეც იმ ტიტანური შრომის გასაწევად, რამაც ნებისმიერი ქვეყანა უნდა გამოიყვანოს ეკონომიკური კრიზისიდან, უკეთესობისკენ შეცვალოს დღევანდელი, არცთუ სახარბიელო სოციალური ვითარება. თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ გაეროს გენერალურმა სამდივნომ ამ პროგრამის შემუშავებას და წევრ სახელმწიფოებთან შეთანხმებას 3 წელი მოანდომა, 15 წელი დავალების შესასრულებლად, არცთუ ბევრია.
ვიმედოვნებ, რომ მომავალი 15 წლის განმავლობაში საქართველო მოახერხებს დაკარგული სუვერენიტეტის აღდგენას და რაც მთავარია ვირტუალური დამოუკიდებელი ქვეყნიდან, რეალურ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოგვევლინება. გარდა ამისა, სხვაზე დამოკიდებული ეკონომიკის „გათავისებას“ მოახერხებს და აქედან გამომდინარე, ჯეროვან ყურადღებას დაუთმობს საკუთარი ხალხის კეთილდღეობას.
15-ზე ცოტა მეტი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკამ იოლად მოახერხა ნაბოძები დამოუკიდებლობის, დამოკიდებულებაზე დახურდავება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის იმ დონემდე გაუარესება, რომ არათუ გაეროს „საშინაო დავალების“ პირნათელი შესრულება, არამედ ქვეყნის ფიზიკური არსებობის საკითხიც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც თავი ვერ გაართვა ნაბოძები სიკეთის (დამოუკიდებლობის) გათავისებას და ნაცვლად ამისა, ისე გაიუარესა მდგომარეობა - ქვეყნის ყოფნა-არყოფნის მძიმე საკითხი, თითქმის რეალობად აქცია. დამოუკიდებლად ცხოვრების უცოდინარ ქვეყანას არა მარტო ახალი ცხოვრების ანბანის შესწავლის აუცილებლობა დაუდგა წინ, არამედ საკუთარი ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, სოციალური საკითხების შესწავლა-ჩამოყალიბება. საქართველოს წინაშე დადგა პოლიტიკური საკითხებიც, გამომდინარე საშინაო დაპირისპირებიდან, ტერიტორიების დაკარგვიდან და ა.შ.
განვლილი 25 წლის განმავლობაში საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც უკან, საბჭოთა პერიოდისკენ ნოსტალგიით არ გაიხედავდა. საქართველოს სამივე ხელისუფლებამ (შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის) ისეთი ქვეყანა შექმნა - საკუთარ ხალხს რომ არ დაედგომება და საბჭოეთის პერიოდის სიმწრით შექმნილი დემოგრაფიული სურათი - 5,5 მილიონი, ნაცარტუტად ექცია.
საქართველოს პრობლემა მრავალშია და მათ შორის დემოგრაფიაში. თუმცა ეს თემაც ეკონომიკას უკავშირდება, ისე, როგორც ეკონომიკა, პოლიტიკას, პოლიტიკა, საზოგადოებრივ აზროვნებას, საზოგადოებრივ მოწიფულობას. ეკონომიკის არქონამ, თავისთავად გამოიწვია ლუკმაპურის მაძებართა არმიის გაჩენა, რომელმაც ხსნა, გადახვეწაში პოვა. ეს პროცესი უმალ დაიწყო ანუ დამოუკიდებლობის მიღების პირველსავე წლებში.
და დაიძრა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდობა რუსეთის, თურქეთის, სხვა ქვეყნების მიმართულებით. მილიონნახევარზე მეტი ადამიანი გაეცალა „დამოუკიდებელ“, მაგრამ დომინოს მოთამაშე, უსაქმოდ დარჩენილ ქვეყანას. მათი „იქ“ შრომის შედეგად, „აქ“ დარჩენილებმა შეძლეს სიცოცხლის შენარჩუნება. უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან გამოგზავნილმა ფულმა, რომელიც თითქმის სამ მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, გადაარჩინა ქვეყანა.
კატასტროფულად შეიცვალა დემოგრაფიული სურათი, ცხადია უარესობისკენ. აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სამ მილიონს ოდნავ აჭარბებს და ამ სამ მილიონში პენსიონერთა რაოდენობა 800000-ს უტოლდება. უნებლიედ იბადება კითხვა - დარჩენილმა 2 მილიონმა ადამიანმა, როგორ უნდა შეძლოს შობადობის ისე გაზრდა, რომ ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას რამე დაატყოს?
გაეროს მონაცემებით, დემოგრაფიული სურათის ოდნავ გასაუმჯობესებლად საქართველოში მცხოვრებმა ქალმა საშუალოდ 4-5 შვილი უნდა იყოლიოს. იყოლიებს, მაგრამ, რით? აი, ეს კითხვა უკავშირდება ეკონომიკას, დასაქმებას, სოციალურ ყოფას, რომელთა გაუმჯობესების ნიშანწყალიც არ ჩანს.
სამივე ხელისუფლება დაბეჯითებით ატყუებდა ხალხს, რომ ამ პრობლემების მოგვარებისთვის ხელდაკაპიწებული შრომობს. როგორც ჩანს, საკუთარი კეთილდღეობისთვის შრომა, მან ხალხისთვის შრომაში აურია. სამივემ შესანიშნავად მოუარა თავს და ისეთი სოციალური ფუნდამენტი შეიქმნა, კარგა ხანს უზრუნველი ცხოვრების გარანტია, რომ იქნება მისთვის.
გრძელი შესავალი გაეროს ახალმა „დავალებამ“ გამოიწვია და მასთან ერთად იმ გაუკუღმართებულმა ცხოვრებამ, რამაც ქვეყნის არათუ მდგრადი განვითარება, არამედ არსებობაც, მომავალი 15 წლის განმავლობაში, უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დააყენა. გაეროს ტრიბუნიდან მდგრად განვითარებას მრავალი ქვეყნის მეთაურმა დაუთმო ყურადღება, მათ შორის ჩვენმაც, რომელმაც სიტყვით ფიციც დადო - უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად.
დიახ, ქაღალდი ყველაფერს იტანს, მითუმეტეს სიტყვა, რომელმაც რახანია ფასი დაკარგა ახალ საქართველოში. ეს, ის სიტყვა იყო, ცუდად რომ იგუა ოპოზიციამ და პრემიერს ინდიფერენტობა დასწამა. პრემიერმაც არ დაახანა და საიუბილეო ასამბლეაზე ისეთი სიტყვა თქვა, „ნაცებიდან“ ბევრს რომ შეშურდებოდა. ეს, გამოსვლა რით არ იყო გაჯერებული - სამუშაო ადგილების შექმნით, ევროატლანტიკური სივრცის უზომო სიყვარულით და მისკენ თავდავიწყებული ლტოლვით, ნატო-ნატოს ძახილით და ტრადიციული მტრის, რუსეთის აუგად მოხსენიებით, მისი აგრესიის გახსენებით და ამ აგრესიიდან აღმოცენებული ქვეყნებისთვის ძმური ხელის გაწევით და ა.შ.
ერთი სიტყვით, გაეროს ტრიბუნაზე ისეთი კოცონი აგიზგიზდა, საქართველოს პრემიერის მხრიდან, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ვაშინგტონელი პატრონი. სეფე სიტყვის დამთავრებისთვანავე საქართველოს მთავრობის წევრი წულუკიანი, ევროპაში მორიგი მოგზაურობიდან დაბრუნებული, საჯაროდ „გაახარებს“ საქართველოს ხალხს - ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლა ევროპამ დადებითად შეაფასაო.
არ ვიცი, რამდენად დამაჯერებლად იმოქმედა წულუკიანის განცხადებამ ხალხზე, მაგრამ ჩემში რომ ეჭვი გააჩინა, ფაქტია. და რატომ - უპირველესად იმიტომ, რომ ვერაფრით გავიგე - რას ნიშნავს „ევროპამ დადებითად შეაფასა“. მთელმა ევროპამ თუ ნახევარმა, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკამ თუ მთლიანად ქვეყნების ან ქვეყნის მოსახლეობამ?
წულუკიანმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს მთელი ევროპა, ისე, როგორც ერთი, სულმოუთქმელი ელოდა ღარიბაშვილის სიტყვას - ნეტავ რას იტყვის, რით გაგვახარებსო. ევროპელებს მსგავსი მოლოდინი არც ფეხბურთის მატჩებისადმი აქვთ და არც ევროვიზიის სიმღერის კონკურსისადმი და რაღა მაინცდამაინც ღარიბაშვილის მოხსენიებისადმი ექნებოდა - მისთვის უცნობი ქვეყნის, უცნობი „პოლიტიკოსის“ მიმართ?!
მაგრამ რა გაეწყობა, ქართული მატრაკვეცობა გვალაპარაკებს ამას. ზომის, წონის, ვითარების გაუთვალისწინებლად გვინდა თავი, მსოფლიოს მაღალი პოლიტიკის რანგში ავიყვანოთ. გვინდა ისეთი რამ დავწამოთ საკუთარ თავს, რომელიც დიდ ქვეყნებთან გაგვათანაბრებს.
ოცნება არვის აუკრძალავს, მაგრამ გადაჭარბებული ოცნება ცუდი მეგობარია და მან ვნების მეტი არაფერი შეიძლება მოიტანოს. პატივცემულო მკითხველო, გჯერათ ის, რაც წულუკიანმა თქვა? ან როგორ წარმოგიდგენია თუნდაც ერთი რიგითი ევროპელი ან პოლიტიკოსი, რომელიც გაფაციცებით მოუსმენდა ან წაიკითხავდა ღარიბაშვილის სიტყვას? ღარიბაშვილი არც ჩავესია (ვენესუელის პრეზიდენტყოფილი), არც აჰმადინეჟადი (ირანის ყოფილი პრეზიდენტი), არც ხრუშჩოვი (გაეროს მერხზე მუშტებისა და ფეხსაცმლის მობრაგუნე), ასამბლეის ყურადღება რომ მიეპყრო, მითუმეტეს მსოფლიო საზოგადოების. აშშ-ს პრეზიდენტის ობამას გამოსვლამ რომ რის ვაივაგლახით მიიპყრო ყურადღება, ესეც გასაკვირია. თუმცა თვით აშშ-ს დელეგაციაშიც ვერ იყო მოჭარბებული ყურადღება. მარტო სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ლაზათიანი მთქნარება რად ღირდა?! და ამ ფონზე ღარიბაშვილის „სეფე“ სიტყვა.
ღარიბაშვილმა ბრძანა რუსეთის აგრესიის შესახებ. კეთილი და პატიოსანი, ამით გული მოულბო არა მარტო ვაშინგტონელებს, არამედ „ნაციონალებს“, მაგრამ მეტი არაფერი. რუსეთი აგერ მერამდენე წელია თავს არ უყადრებს გაეროში საქართველოს წარგზავნილთა განცხადებებს და კარგია, რომ ამას აკეთებს. დავუშვათ, ერთ მშვენიერ დღეს, ხმა ამოიღო და გვიპასუხა, მაშინ რას ვიზამთ?! არადა, უნდა გვიპასუხოს, რათა ამ მაზოხიზმს წერტილი დაესვას. თქვას, რომ აგრესია თბილისიდან იყო და რომ არა ის, არავითარ სამხედრო პასუხს ადგილი არ ექნებოდა. არც ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლად გამოცხადებას ექნებოდა ადგილი. რახან რუსეთი უპასუხოდ გვტოვებს, ჩვენც გამუდმებით უნდა გავყვიროდეთ რუსეთის აგრესიაზე?! ეს, ის პოლიტიკური საკითხია, სერიოზულ დაფიქრებას რომ საჭიროებს.
საქართველო 25 წელია წიხლავს რუსეთს და მას სხვა ურდოებს უტოლებს. გახსოვთ სააკაშვილის განცხადება საქართველოს ისტორიულ მტრებთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის მასპინძლობის დროს (თავისუფლების მოედანზე წარმოთქმულ სიტყვაში). არადა, ქართველმა არატენდეციურმა ისტორიკოსმა კარგად იცის, რუსეთის დადებითი როლის შესახებ საქართველოს ისტორიაში. ცხადია, 200-სზე მეტწლიანი ურთიერთობის დროს არაერთ ნეგატიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი, მაგრამ დადებითი რომ მეტი იყო?!
მომავალში, გაეროს ტრიბუნიდან წარმოსათქმელი სიტყვის შინაარსი იქნება შესაცვლელი, ვინაიდან 1992 წლის ივლისიდან ვიმეორებთ ერთსა და იმავეს (გაეროში შესვლის დღიდან), მაგრამ უშედეგოდ. ნუთუ ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ვაშინგტონის გულის მოგებას არაფერი (ცუდის მეტი) მოაქვს ქვეყნისთვის? ვეღარ უნდა მივხვდეთ, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკა ისეთივე მჟავეა ქვეყნისთვის, როგორც უმი ქლიავი?
25-წლიანი ხეტიალი უკიდეგანო პოლიტიკურ უდაბნოში განა საკმარისი არ უნდა იყოს თვალის ასახელად?! საქართველომ თავისი სულიერი, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ადგილი იმ რეგიონში უნდა იპოვოს, სამეზობლო რომ ჰქვია და არა ცხრა მთასა და ბარს იქით - ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ იქ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი, სადაც ჩვენს კულტურას, აღმსარებლობას, ტრადიციებს, ისტორიას პატივს სცემენ და თავში არ წამოგვარტყამენ. და არა იქ, სადაც ყოველივე ზემოჩამოთვლილს ზერელედ, ზედაპირულად შეგვიფასებენ.
დიახ! პოლიტიკის, პოლიტიკური გეზის შეცვლაა საჭირო ანუ არსებულის 180 გრადუსით შემობრუნება, მაგრამ არის კი ვინმე სულიერი ქართულ პოლიტიკაში, აშშ-ს ჯიბის მაცქერალში, ამის გამკეთებელი? და თუ არა, რა გარანტია გვაქვს, რომ 15 წლის შემდეგ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მივმართავთ მსოფლიოს?
ზემოთ, გამომსვლელთათვის ყურის დაგდების თემას შევეხე, მაგრამ არ მითქვამს მთავარი - ვის სიტყვასაც ყური დაუგდეს, რუსეთის პრეზიდენტის იყო. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა, დიდთა უპრეცედენტო დაპირისპირებამ, ტერორიზმის კატასტროფულმა განვითარებამ, საყოველთაო ლტოლვილობამ, ეკონომიკურმა სანქციებმა და ა.შ. გამოიწვიეს ყოველივე. გარდა ამისა, ორატორისადმი მოჭარბებულმა ინტერესმა. ის, ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მდგარა გაეროს ტრიბუნასთან. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ პუტინის გამოსვლამ არ გაუცრუა მოლოდინი დამსწრეთ. კორექტული, საქმიანი, პირდაპირი, პირუთვნელი, სინამდვილის გამომხატველი იყო მისი მოხსენება, რამაც გზა გაუკვალა სრულიად ახალ პოლიტიკას - მრავალპოლუსიანობას, დიდ პოლიტიკაში ბატონ-ყმობის დასამარებას.
გაეროს ტრიბუნას მოჰყვა გაეროს ოთახში (რუსეთის წარმომადგენლის) საათნახევრიანი ლაპარაკი პუტინ-ობამას შორის, დელეგაციების ჩათვლით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავებით, „ნორმანდიის“ ფორმატში პარიზის 5-საათიანი მოლაპარაკება.
უნდა ვაღიაროთ, რომ განვლილი ერთი კვირა რუსული პოლიტიკისა და დიპლომატიის ტრიუმფი იყო, არანაკლები საჰაერო კოსმოსური ძალების. ყველა მიმართულებით გადადგმულმა რუსულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ნაბიჯმა დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთი, სწორედაც ანგარიშგასაწევი ქვეყანაა, თანაც ისეთი, ერთპოლუსიანობას რომ ვერ აიტანს. დაინახა თუ არა, რომ ეს ასეა დასავლეთმა? ცხადია, დაინახა, მაგრამ შეთხზული ზღაპრებით ცდილობს მსოფლიოს თვალში დაკარგული პოზიციების აღდგენას. შეძლებს თუ არა, საეჭვო საქმეა.
რასა ვიქმთ ჩვენ? ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის დახურვა-არდახურვის და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის ჭიდილში გართულებს მთლად დაგვავიწყდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. თავიდან-ბოლომდე ქართულ პოლიტიკურ ჭაობში ჩაფლულებს არაფერი გვაინტერესებს, გარდა საკუთარი კუჭის ამოყორვისა და ჭორების უკიდეგანო ტრიალისა. არადა, გარეთ, 21-ე საუკუნის მეორე დეკადაა - სიახლეებით, ფათერაკებით აღსავსე, რომელიც დაფიქრებას, სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ კი ვზოზინობთ, აშშ-ს ჩამოკიდებული, მისთვის არასასურველი ხურჯინივით, ხორცმეტის როლობაში ვართ გართული.
საქართველოს სტრატეგიაც და პოლიტიკაც პარაზიტიზმში გამოიხატება - სხვისთვის თავის შეწერვაში, დაახლოებით ისე, როგორც მახინჯი ქალი, თუმცა თავხედი, ცდილობს მამაკაცის „შებმას“, მაგრამ „შებმული“ საბოლოო ჯამში თვით რომ აღმოჩნდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
04/10/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.