ფიქრები საქართველოს მომავალზე

agmosavlet partnioroba

ქართული პოლიტიკა ეიფორიაშია, ხელისუფლებას ხომ ნუღარ იტყვით. ის, ისე დაბეჯითებით და გატაცებით გველაპარაკება, თითქოს ევროკავშირში კი არა, რაღაც, სამოთხის მსგავს კავშირში შევდივართ - წარმოუდგენელი, ენით აუწერელი დოვლათითა და ბედნიერებით სავსეში. გვილოცავენ პოლიტიკოსები, ე.წ. ექსპერტობა და ყოვლის „მცოდნე“ ჟურნალისტები.
საყოველთაო ეიფორიას, საყოველთაო ვიდეო კლიპებიც შველის, დიადი გამარჯვების სულისკვეთებით დამზადებული, საზეიმო განწყობის ასამაღლებლად. კაცმა რომ თქვას, მეტი რაღა „ამაღლება“ გვინდა, ისედაც „ამაღლებულებს“, ოცწლიანი ცხოვრების „უბედნიერესი“ ციკლით?
რა არ იყო ამ ოცი წლის განმავლობაში - მილიონი სამუშაო ადგილის დაპირება, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დაბრუნების „მცდელობა“, პენსიის 100 დოლარამდე გაზრდა, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გარანტიით დაპურება. ცოტაა? ნამდვილად არა. პირიქით, ძალიან ბევრია ერთი პატარა ქვეყნისთვის, დავარდომილისა და მშიერისთვის, ქუჩაში ხელგაწვდილისთვის, ერთ დროს ამაყის, ამჟამად პატივმოყვარეობა დაკარგულისთვის.
რომ იტყვიან, იმედი ბოლოს კვდება, სწორედ საქართველოს მოსახლეობაზეა გამოჭრილი. მიუხედავად უამრავი შეუსრულებელი დაპირებისა, მას მაინც სჯერა. ეს იცის ხელისუფლებამ და უტუხად იმეორებს სამომავლო ბედნიერების აბებით „მკურნალობას“, ხალხიც ყლაპავს ყოვლისშემძლე აბებს - იმედით, რომ ეშველება. არადა, სამორგედ გამზადებულს, რას უშველის ევროკავშირში გაწევრების დაპირება?
იქნებ გვიშველისო და თვალდახუჭული ყლაპავს და ყლაპავს ქართველობა საკუთარ რჩეულთა მიერ გამოწერილ, ფალსიფიცირებულ წამლებს. რატომ ფალსიფიცირებულსო - შემედავება მავანი. რა ვიცი, მე ასე მეჩვენება და თუ თქვენ სხვაგვარად გგონიათ, გაიხსენეთ ჩემი სიტყვები 5-10 წლის შემდეგ.
ხელისუფლება თავის ცხოვრებას იწყობს და არა ხალხის, ამიტომ არის ესოდენ გახარებული. ადრე ვთქვი და გავიმეორებ - ცხინვალის ომმა თუ ვინმეს მოუტანა „ბედნიერება“, უპირველესად ნაცურ ხელისუფლებას. მან გააჩინა ახალი თემა - „ოკუპაცია“ - საზღვარგარეთ დაოთხილი სირბილისთვის.
და დადიან გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფალნი ძვირადღირებულ უცხოურ მოგზაურობებში - „დეოკუპაციისთვის“. თავს არ იზოგავენ. სად არ ნახავთ მათ, ოკეანიის მიკრო სახელმწიფოებიდან დაწყებული, ევროპა-ამერიკით დამთავრებული. ისინი ჩვენი „ბედნიერებისთვის“ დადიან. „დეოკუპაციას“ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის თემაც ემატება და საერთო ჯამში ერთ საკითხად წარმოგვიდგება - ნატო-ევროკავშირში შესვლა, „დეოკუპაცია“.
რა შუაშია ევროკავშირი და ნატო, დაკარგულის დაბრუნებასთანო - იკითხავს მავანი. პირდაპირ კავშირშია - გვიმტკიცებდნენ და გვიმტკიცებენ გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფალნი. აბა დაუგდეთ ყური მათ სატელევიზიო სიტყვებს - „ნატო და ევროკავშირი ის ორგანიზაციებია, რომლებიც, უდავოდ აღადგენენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას“.
ტყუილი და თანაც ასეთი მამალი, ჯერ არ მსმენია. მაგრამ, რას ერჩი, ის ამ მამალი ტყუილით მოვიდა დღემდე, ამ ტყუილით მიღებული კარგი ცხოვრებით და ასე გააგრძელებს ერთ ხანს. ბოლოს შევაბერდებით ერთმანეთს ტყუილ მოლოდინში, ოღონდ ერთი განსხვავებით - მას უზრუნველყოფილი ექნება ბედნიერი სიბერე, შვილებს, ბედნიერი ყოფა, ჩვენ? ბუცა (ვიქტორ) ჯორბენაძის მიერ შექმნილი რიტუალების სასახლის ერექტული შუა ნაწილი ანუ სამში გრძელი. . .
და როდესაც ხელისუფლებას ესოდენ ბედნიერი ცხოვრება ელოდება წინ, ვილნიუსის ცერემონიალზე, ხელისმოწერისას „ბედნიერების“ კურცხალსაც გადმოაგდებს და აკოცებს კიდევაც „მეგობარ“ ქეთრინ ეშტონს.
23 წელიწადია ხელისუფლება შესანიშნავად გრძნობს თავს, მიუხედავად განვლილი წლების სიდუხჭირისა, უშუქობისა, უპურობისა. . . ზოგი, მრავალი წლის განმავლობაში იქ, იმ დასავლეთში იყო შეფარებული - დიპლომატიურ ნავსაყუდელში. იქ „ჭედდა“ ქართულ საქმეს. ზოგიც აქ „იღვწოდა“ - ხშირ-ხშირი დასავლური გასვლებით.
უცხოურ ვოიაჟებში მათ მიერ დახარჯული სახელმწიფო ფული რომ ქვეყანას მოხმარებოდა, ევროკავშირი შემოვიდოდა საქართველოში და არა პირიქით. მაგრამ რა გაწევრებაზეა საუბარი? პარაფირება ხომ გაწევრებას არ ნიშნავს, ისე, როგორც ასოცირებული წევრობა, ნამდვილ წევრობას?
პარაფირებიდან ასოცირებამდე ერთი წელიწადია ანუ მორჯულების ერთი წელიწადი. საქართველომ უნაკლოდ უნდა განვლოს ერთწლიანი მოსამზადებელი კურსები და თუ კარგად მოიქცევა, მოხდება მისი ასოცირებაც.
რას იძლევა საქართველოსთვის პარაფირება და შემდეგ ასოცირება? იმას ნამდვილად არა, რასაც ხელისუფლება გვპირდება ანუ საამურ ცხოვრებას. პირიქით, ხელს გვიბოჭავს და მონურ ამპლუაში გვაახლოებს ევროკავშირთან, მის კანონებთან და ცხოვრების წესთან. გვაკარგვინებს ყოველივე იმას, რითიც დღემდე მოვედით, საკომპენსაციოდ არაფერს გვპირდება.
პარაფირებული ტექსტის მიხედვით, ჩვენ უნდა შევასრულოთ ბრიუსელის მიერ მოცემული საშინაო დავალება. მხოლოდ ჩვენ, და არა მან. ის მკაცრი დამრიგებელია, ჩვენ გონებაშეზღუდული მოწაფე. არ მოვეწონებით და კლასიდან-კლასში არ გადაგვიყვანს, საშემოდგომოს გამოგვაყოლებს. დავუშვათ გამოცდები კარგად ჩავაბარეთ და ასოცირებული წევრობიდან, ევროკავშირის წევრიც გავხვდით (თუმცა მსგავსი - უტოპიის ტოლფასია), მომავალი წლების განმავლობაში გვეშველება რამე?
ხელისუფლება გვიმტკიცებს - გვეშველება და მერე როგორო! მაგრამ ჩვენც რომ ვიცით კითხვა, ინტერნეტში „მოგზაურობა“ და რაღაც-რაღაცების ჩხრეკვა? ასე ჩხრიკა, კარგი გაგებით, პროფესიონალმა ჟურნალისტმა, მწერალმა და პუბლიცისტმა, საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის წარმატებულმა თავმჯდომარემ არმაზ სანებლიძემ და გამოჩხრიკა „საამური“ ცხოვრების ამბები ევროკავშირის წევრ რუმინეთსა და ბულგარეთში.
მავანი აგდებით მეტყვის - ეს ქვეყნები რა მოსატანიაო. დიახაც, რომ მოსატანია, ვინაიდან მათი ცხოვრების დონე და წარმატებები თვალშისაცემი იყო სოციალისტურ ბანაკში. რა არ იყო ამ ქვეყნებში - აწყობილი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ტურიზმი და ა.შ. და რაც მთავარია შრომას მიჩვეული საზოგადოება, თავმოყვარე, საკუთარი ისტორიისა და თვითმყოფადობის განუხრელი დამცველი.
გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ბატონ არმაზს მოჰყავს ბულგარეთის საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ზდრავკოვის სიტყვები: „თქვენ გსურთ იცოდეთ, როგორ იცხოვრებთ ევროკავშირის პირობებში? ჩამოდით ბულგარეთში, ოღონდ ნუ ივლით სანაპიროზე რესტორნიდან რესტორანში. ეს ნიღაბია. გაემგზავრეთ ქვეყნის სიღრმეში. თქვენ ნახავთ ქარხნების ნანგრევებს, სიღატაკეს, თქვენ ნახავთ ევროკავშირის მიერ გასრესილ ეკონომიკას, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ სამუშაოს პოვნას. . .
ჩვენ გვსურდა სხვა ცხოვრება, მაგრამ არა ასეთი. მწარედ მოგვატყუეს. შეგვათრიეს ამ ევროკავშირში ისე, რომ ხალხისთვის არაფერი უკითხავთ. ვიმედოვნებდით, რომ ევროკავშირში შესვლით უკეთესად ვიცხოვრებდით. არა! ცხოვრება აუტანელი გახდა!“
ბულგარეთი რახანია ევროკავშირის წევრია. „საამური“ ცხოვრება არათუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია, არამედ ევროკავშირის „ბებერ“ წევრებშიც, ისეთებში, როგორებიცაა პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი. 28-წევრიან კავშირს, უდავოდ უჭირს ფინანსურად, ეკონომიკურად, სოციალურად, და აქედან გამომდინარე - სულიერად. ძნელია სულიერი დალხინება უმუშევრობის დროს.
საქართველოს ზომაზე ახალგაზრდა ხელისუფლება გვპირდება ევროპელები ჩამოვლენ, ინვესტიციებს ჩადებენ, ქარხნებს და ფაბრიკებს ააგუგუნებენ, ხალხს დაასაქმებენ და იქნება საამური ცხოვრებაო.
მომხიბლავი პერსპექტივაა, ოღონდ მხოლოდ პერსპექტივა და მეტი არაფერი. რაში სჭირდება ევროპას საქართველოში დამზადებული საქონელი? არც არაფერში. თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც ევროპა გვპირდება, მხოლოდ მას წაადგება და არა ჩვენ. ევროკავშირში მყოფი რუმინეთ-ბულგარეთის პროდუქცია არ სჭირდებათ და არშექმნილი ქართული პროდუქცია დასჭირდებათ?
საქართველოში პროდუქციის შექმნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ევროპული საქონელი რომ ძირში ჩაკლავს ჩვენს სამომავლო წარმოებას, ფაქტია. მაშ, რისთვის ვიკლავთ თავს?
ევროკავშირი რახანია პოლიტიკურ კავშირადაა ქცეული, რომლის მიზანი აშშ-თან ერთად რუსეთთან მეტოქეობაა. ამერიკა-ევროკავშირის დაპირისპირება რუსეთთან, გრძელდება. დასავლეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკურ ჭიდილში დიდი მნიშვნელობა აქვს სატელიტების შექმნას. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დაწყებული, დასავლეთი ცდილობს ყოფილი სოცბანაკისა და საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმხრობას, რასაც წარმატებით ართმევს თავს. პროცესი გრძელდება და ასე იქნება მანამ, ვიდრე არ მოხდება რუსეთის დაშლა, დაჩოქება, დაჩაჩანაკება.
ევროპა-ამერიკის პოლიტიკოსებს ვერ მოუნელებიათ, რომ არსებობს ერთიანი რუსეთი უმდიდრესი წიაღისეულით. დასავლეთის გეგმა მარტივია - რუსეთის მეზობლების გადაბირება - ხან ნატოში შეყვანის დაპირებით, ხან აღმოსავლეთის პარტნიორობით. ბოლო შეტევა სულ ახლახანს განხორციელდა - უკრაინა, საქართველო, მოლდოვას მიმართულებით.
ამ სამეულიდან დასავლეთისთვის უკრაინა იყო მთავარი - 45-მილიონიანი, ერთ დროს მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით განთქმული. რუსეთის დასაძაბუნებლად უკრაინულ-რუსული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა არის მთავარი. ამ მიზნის მისაღწევად თითქმის 20 წელიწადია იღვწის დასავლეთი.
20 წელიწადია დასავლელი პოლიტიკოსები, ექსპერტები ცეცხლზე ნავთს ასხამენ უკრაინულ სეპარატიზმს. „თქვენ რა გინდათ რუსეთთან, თქვენ ევროპელები ხართო“, - ამბობენ ისინი. კიევის მიტინგზე მისულმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვესტერველემ მომიტინგეებს ასე მიმართა: „მე ევროპელებთან მოვედიო“.
ნაციონალიზმის ჭია, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ღრღნიდა უკრაინას, თანაც ისეთ დონეზე - პოლიტიკიდან შორს მდგარ მომღერალსაც რომ აკვირვებდა. ცნობილი ქართველი მომღერალი ლამარა ჭყონია თავის მოგონებებში წერს უკრაინის ოპერის თეატრში გატარებულ წლებზე, მათ შორის თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე - ყველა ოპერა, მათ შორის იტალიურიც უკრაინულად ემღერათ.
გაგახსენდათ? გენიშნათ? გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ჟამს გაჟღერდა მსგავსი იდეა - უცხოური ოპერების ქართულად შესრულების თაობაზე. ჰოდა უძახა ევროპამ უკრაინას ევროპა ხარო და საწადელს მიაღწია - პროპაგანდით, ათეულ-ათასობით დოლარ-ევროთი, უცხოეთში ტრენინგებით, უკრაინაში გახსნილი არასამთავრობო ორგანიზაციებით და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველივე იმით, რასაც საქართველოშიც აქვს ადგილი.
„ფერად-ყვავილოვანმა“ რევოლუციამ თუ სადმე მოიტანა ნაყოფი - უკრაინა-საქართველო იყო. მართალია ამ რევოლუციების მთავარი გმირები ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, მაგრამ სახიფათო დასავლური თესლი ღრმადაა ჩაბუდებული უკრაინა-საქართველოს ნიადაგში და როდის ამოიყრის რევოლუციურად, ძნელი სათქმელია. თუმცა არცთუ ძნელი - უკრაინული მაგალითიდან გამომდინარე.
დასავლეთმა ვერ გადახარშა იუშენკო-ტიმოშენკოს მარცხი, იანუკოვიჩის წარმატება და გაათკეცებული ენერგიით შეეჭიდა იანუკოვიის მოთვინიერების თემას. და როდესაც ეგონა, რომ გაიმარჯვა, იანუკოვიჩმა უგანა.
„როგორ თუ უარი თქვა ხელმოწერაზე“ - და ისეთი ცეცხლი დაუნთო საკუთარ სახლში, საპროტესტო მიტინგების სახით, სამუდამოდ რომ დაამახსოვრდება ურჩ იანუკოვიჩს.
დასავლეთის მწვრთნელების მიერ გაწვრთნილი ნიღბიანი ახალგაზრდობა ისე ეკვეთა უკრაინელ პოლიციელებს გაზის ბალონებით, ხელკეტებით, ბეისბოლის ბიტებით, თითქოს საკუთარი სისხლი და ხორცი კი არა, არამედ მომხდური, დამპყრობელი ყოფილიყო. ჩაიმსხვრა და დაილეწა ადმინისტრაციული შენობების კარ-ფანჯრები, ნაკუწებად იქცა საახალწლო ნაძვისხე, ოკუპაცია გაუკეთდა სახელმწიფო შენობებს და ა.შ. უკრაინის პოლიცია იძულებული შეიქმნა აღედგინა წესრიგი, რომელსაც ძალის გადამეტებაც მოჰყვა.
მაგრამ პოლიციის კიევური ქმედება ვერაფრით მოვა თბილისში მიტინგების არაერთ დარბევასთან. სააკაშვილის ხელისუფლება უმოწყალოდ უსწორდებოდა მომიტინგეებს - მსხვერპლით, დაინვალიდებით და ა.შ. ვინმე ევროკავშირელმა ან ამერიკელმა ამოიღო ხმა ამ ბარბაროსობაზე? არც არავინ. ხოლო ვინც ამოიღო - ასეც უნდა მოქცეულიყო ხელისუფლებაო, ბრძანა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო აშშ-ს მაშინდელი ელჩის განცხადება.
ევროკავშირელთა ორმაგი სტანდარტი სახეზეა. არ მოსწონს მას იანუკოვიჩის ხელისუფლება და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მას მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლის გამო. მოსწონდათ სააკაშვილის ხელისუფლება და მომიტინგეებს ადანაშაულებდნენ არასანქცირებული მიტინგის მოწყობისთვის. (ცნობისათვის, კიევის მიტინგებიც არასანქცირებული იყო, თან სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებით გაჯერებული.)
„დემოკრატიული“ ევროკავშირი სიტყვებს არ დასჯერდა და თავით გადაეშვა, უკრაინულ მიტინგებში. გერმანელი, პოლონელი, ლიტველი, ევროკავშირის სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ანტისამთავრობო მიტინგებზე რევოლუციური სიტყვებისა და მოწოდებების წარმოთქმაში. არის თუ არა ეს სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა?!
ცხადია არის! მაგრამ ევროპას სხვა სტანდარტები აქვს - ერთობ არადემოკრატიული. ასეთ კავშირში გვინდა შესვლა?
გვინდა, მაგრამ ვინ შეგვიშვებს? ევროკავშირს ჩვენი შესვლა კი არ უნდა, არამედ რიგში ჩაყენება სურს - მრავალწლიან და დამღლელ რიგში. ის თავის საქმეს იკეთებს - რიგში ჩაყენებით, გვაშორებს ერთიანი საბაჟო კავშირისგან, რუსეთისგან.
კიევის მიტინგზე ჯვრებიანი ქართული დროშებიც აფრიალდა, რევოლუციონერი ნაცებიც გამოჩნდნენ. აბა, ევროპელ დამრიგებლებს ხომ არ ჩამორჩებოდნენ? ვიცე-სპიკერმა ბარამიძემ უკმეხად განაცხადა - ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას კი არ წარმოვადგენთ, საქართველოს წარმოვადგენთო. მართლაც ასე იყო? და თუ ასეა, რას გვეტყვის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით?
„ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“, - დიდი ილიას სიტყვები გაიმეორა ნაცმა ხაბაზმა, რითაც გულღიად გაგვანდო ნაცთა ოცნება - რევოლუცია, ნაცთა ხელისუფლებაში დაბრუნებით.
რასა იქმს ხელისუფლება? არც არაფერს. გაყუჩება ძვირად დაუჯდება მას, რაც ნაკლები ასაღელვებელია, მაგრამ ქვეყნის მორიგი აბუნტება, თანაც ნაცური, აუტანელი იქნება.
სრულიად ვიზიარებ საინფორმაციო სააგენტო „როსბალტის“ ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის ირინა ჯორბენაძის მოსაზრებას: „უცნობია, რა დროით მოუწევს საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის ყურყუტი და რა სერიოზულ უსიამოვნებას გადაეყრება რუსეთ-ევროკავშირის გეოპოლიტიკურ დაპირისპირების ნიადაგზე. ასე და ამრიგად. პარაფირებით, ევროპამ საქართველოსა და მოლდოვას თავისებური მრიცხველი დაუყენა, რომლის თითოეული, მომდევნო ციფრი ნაღმად შეიძლება გადაიქცეს, რომელსაც ისინი ადრე თუ გვიან ფეხს დაადგამენ“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
08/12/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.