საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?

hamlet chipashvili-politologi

ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ვიზიტმა საქართველოში და ამ ორგანიზაციის საწვრთნელი ბაზის გახსნამ, ისე, როგორც არასდროს, წინ წამოწია მთელი რიგი საკითხები, რომლებიც რეაგირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პრობლემებად იქცევა, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნება.
საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკას და საზოგადოებას ჯერაც არ გაუანალიზებია ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნით გამოწვეული თავსატკივარი, არადა ამ საკითხის მიფუჩეჩება და თვიდინებაზე მიშვება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას.
ვეჭვობ, რომ ხელისუფლებამ სიღრმისეულად გააანალიზა ბაზის გახსნის ნეგატიური თუ პოზიტიური მხარეები და აქედან გამომდინარე გადადგა ის ნაბიჯი, რითაც ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი სერიოზულად დააფიქრა, უფრო სწორად შეაშინა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელისუფლებაზე მეტად მოაზროვნე საზოგადოებასთან - საკუთარი თავისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედმიწევნით მაფიქრალსა და მადარდებელზე. მას არ მოსწონს ხელისუფალთა ზედაპირული დამოკიდებულება ბაზის გახსნით გამოწვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ცდილობს როგორმე მიაწვდინოს ხმა მთავრობას (სამომავლოდ მაინც) საღი გადაწყვეტილების მისაღებად.
თავის დროზე კონფლიქტოლოგი ზაქარეიშვილი, ამჟამად მინისტრი აცხადებდა: „თუ ნატო დაიახლოვებს საქართველოს, მაშინ რუსულ-ქართული პრობლემატიკა ნატოს პრობლემად იქცევა“.
იგივე სტერეოტიპებით აზროვნებს დღევანდელი ხელისუფლება, რომლის მთავარი მიზანი არის ერთი - ნატოში გაწევრება ანუ ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ თავის შეყოფა და ამით საკუთარი პრობლემის ნატოსთვის აკიდება. მაგრამ თბილისელ პოლიტიკოსთა გულისნადები რომ კარგად იცის ნატომ? არის ნატო მზად იმისთვის, რომ პრობლემებიანი საქართველო მიიღოს თავის რიგებში და საქართველოს გასაკეთებელი საქმე იტვირთოს?
ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, ვინაიდან ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე, ნატო არ არის ის, ვინც საკუთარ წევრებს ტერიტორიულ საკითხებს უგვარებს. ნატოს სჭირდება ისეთი წევრი, რომელიც ტერიტორიული თვალსაზრისით, მას თავსატკივარს არ გაუჩენს. ობიექტური მსჯელობის შედეგად, ნატომ არ უნდა მიიღოს თავის რიგებში ქვეყანა, რომელიც საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად იყენებს დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებას.
ნატომ შეიძლება გადადგას რუსეთის გამაღიზიანებელი ნაბიჯი, რასაც ადგილი აქვს ბალტიისპირა ქვეყნებსა და საქართველოში, მაგრამ საბოლოო ჯამში ის იძულებული იქნება თავი შეიკავოს - სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ვთქვათ პირდაპირ - არის თუ არა ნატო მზად რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის? ჩემი აზრით, მთლად გონგამოცლილი უნდა იყოს ორგანიზაცია, რომ ამაზე იყოს მზად. მე, უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს ნატოზე, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკოსს, გულში რომ ოცნებობს - ნატო-რუსეთის დაჭიდებაზე.
თუ ნატო არ გარისკავს ომს რუსეთთან, რა დროს მოხდება რუსეთის გამაღიზიანებელი ფაქტორის დამუხრუჭება? დაამუხრუჭებს კი რუსეთი - ნატოს გაღიზიანებით მოთმინებიდან გამოსული? იმ მწვავე მომენტში იფიქრებს ვინმე საქართველოს დასაცავად ანუ იმ ქვეყნის, რომლის ტერიტორიაზე არსებულმა სამხედრო-საწვრთნელმა ბაზამ გამოიწვია ეს?
ეროვნული უსაფრთხოების ნატო-რუსეთის კონფრონტაციაზე აგება - სახიფათო რამაა, რასაც გაცილებით მეტი ნეგატივის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე პოზიტივის.
ავიღოთ მეორე თემა - ნატოსთან კავშირი გადაარჩენს საქართველოს ისეთი მზარდი საფრთხისგან, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ პოლიტიკიდან მომდინარეობს. პოლიტოლოგი საყვარელიძე აცხადებს: „ნატოში ინტეგრაცია ერთ-ერთი პირობაა იმისა, რომ პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოების წამოჭრის შემთხვევაში, საქართველო არ დარჩეს მარტო ამ გამოწვევებთან... აქტიურად იკრებს ძალას აგრესიული პოლიტიზირებული ისლამი, რომლის მზერა მიპყრობილია მოსაზღვრე ქრისტიანული სამყაროსკენ. საქართველო, სწორედაც საზღვარზეა და თუ ის არ შეეცდება პარტნიორების ძებნას, რომლებიც დაინტერესებულ იქნებიან ამ სივრცის დაცვაში, თვით მას გაუჭირდება ამ ძალასთან ბრძოლა. ასე, რომ, ნატოსთან ინტეგრაცია ემსახურება თავდაცვას“.
თეორიულად კარგად ჟღერს, თუმცა მას არავითარი კავშირი არ აქვს პრაქტიკასთან. დღეს, პირდაპირი საფრთხე „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან არ შეინიშნება, მაგრამ რა იქნება ხვალ, დანამდვილებით ვერვინ იტყვის. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გამონახოს პარტნიორი, რომელიც მას „ისლამური სახელმწიფოს“ შემოტევისგან დაიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში საყვარელიძისეული „საგზაო რუკა“ - ნატო, არ გამოდგება.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტაქტიკაში ნაკლებადაა (გარდა სირია-ერაყისა) სხვა ქვეყნებში ტანკებით შეჭრა. ამ „სახელმწიფოს“ ემისრები მიზანში ამოღებული ქვეყნების ტერიტორიებზე ახდენენ მოსახლეობის გადაბირებას, მცირე თუ დიდი ჯგუფების შექმნას, რომლებიც შესაბამისი ნიშნის მიცემისთანავე ისე ამოქმედდებიან, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს.
ისლამური საფრთხის იმპორტირება შეიძლება მოხდეს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სადაც, დასავლელ ექსპერტთა მონაცემებით, არსებობს ვაჰაბიტური, სალაფიტური იატაკქვეშა ჯგუფები. თუ დასავლეთი იმ სცენარით იმოქმედებს საქართველოში, როგორითაც ის მოქმედებს სირია-ერაყში (მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთში), მაშინ საქართველოს თავს დაატყდება იმაზე მეტი უბედურება, რაც 2008 წელს. და თუ ეს მოხდა, ვეჭვობ, ნატო მხარში დაუდგეს საქართველოს. ნატოს საწვრთნელი ბაზა სწორედ ის თაფლი გახდება, ბუზებივით რომ მიიზიდავს ექსტრემისტულ ისლამს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ნათლად ასახავს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხშირად მიმართავენ დიდი ქვეყნები - დაჰყავი და იბატონე. ეს პოლიტიკა - უდავოდ წახალისებული აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ, ისეთ ფაზაშია შესული, თვით მათაც რომ არასასიამოვნო განწყობას უქმნის, მაგრამ რომ იტყვიან - „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“-სთან გვაქვს საქმე.
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ შემქმნელი აშშ-ა; რომ მან და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დასამხობად „ალ-ქაიდას“ ფილიალებთან დაამყარეს კავშირი და მათ ბაზაზე შექმნეს „ისლამური სახელმწიფო“. ამერიკელ ექსპერტთა მტკიცებით, ამერიკა-ნატოს დღესაც მჭიდრო, ფარული ურთიერთობები აქვთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რის შესახებაც წერს ესპანური და გერმანული პრესა. იმავდროულად, მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად, აშშ-ს მიერ შექმნილი „კოალიცია“ ბომბავს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიებს სირია-ერაყში, თუმცა დიდ ზარალს ვერაფრით აგემებს ამ „სახელმწიფოს“. საჰაერო თავდასხმებს მაშინ აქვს ეფექტი, თუ მას სახმელეთო შეტევა მოჰყვება, რასაც ადგილი არ აქვს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ალღო აუღო აშშ-სა და „კოალიციაში“ შემავალი ქვეყნების საჰაერო შეტევებს და თავდასხმამდე მოჯახედები უსაფრთხო ადგილებში გადაადგილდებიან.
ამერიკელთა „წარმატებაზე“ შეიძლება მოკლედ ითქვას - საჰაერო თავდასხმების დაწყებიდან, დღემდე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილი ტერიტორიები არათუ შემცირდა, არამედ ერთი-ორად გაიზარდა. „ისლამური სახელმწიფო“ შიშის ზარს სცემს დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხებს, ანადგურებს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლებს, სისასტიკით, სიკვდილით სჯის ტყვედ აყვანილებს და ა.შ.
„ისლამური სახელმწიფოს“ დაუსჯელმა პარპაშმა ათეულ-ათასობით ლტოლვილი გააჩინა, რომელიც უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველსაყოფად ევროპას მიაწყდა. მაგრამ მარტო „ისლამური სახელმწიფოა“ ყოველივე ამის თავიდათავი?
ნამდვილად არა! თავიდათავი ის პოლიტიკაა, რასაც აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები აწარმოებენ მრავალი ათეული წლის განმავლობაში აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ლტოლვილების თავდასხმა ევროპაზე - სწორედ ამ ქვეყნებიდან ხორციელდება.
შექმნილ ვითარებაში აქტიურადაა ჩართული მეზობელი თურქეთი. ისიც ბომბავს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიებს - შესაბამისი „წარმატებებით“. აქ მას სხვა მიზნები ამოძრავებს - ქურთული ფაქტორი. თურქეთი კატეგორიული წინააღმდეგია დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნის. ასე, რომ ის ორ ფრონტზე იბრძვის - „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთების წინააღმდეგ. პირველთან ცალყბად, მეორესთან - სერიოზულად. პირველთან მას სხვა კავშირებიც აქვს - სავაჭრო. თურქეთი სწორედ ისაა, ვინც 20 დოლარად (ბარელზე) იღებს ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“. როგორც დასავლელი სპეციალისტები აცხადებენ, „ისლამური სახელმწიფოდან“ ნავთობის მიღებაში ნატოც არის შემჩნეული.
რაც შეეხება ქურთებს, „ისლამური სახელმწიფოს“ დაუძინებელ მტრებს, ერთობ დაძაბული ურთიერთობა აქვთ თურქეთის ხელისუფლებასთან. თურქულმა დაბომბვებმა ფაქტიურად მოშალეს ქურთულ-თურქული სამშვიდობო პროცესი და გზა გაუხსნეს ტერორისტულ აქტებს თურქეთში. თურქეთში ადგილი აქვს სერიოზულ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას - ქურთული ფაქტორიდან გამომდინარე. ქურთები „მესამე ძალად“ ჩამოყალიბდნენ, რომელსაც შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს სირიაზე, ერაყზე, თურქეთზე, ირანზე და ამიერკავკასიაზე.
ქურთებმა დაიწყეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ისინი მიიჩნევენ, რომ თურქებმა დაარღვიეს ქურთებთან დადებული ზავის პირობები და ამდენად მათი მხრიდან ტერორისტული აქტები გახშირდება, რაც თავისთავად შეუქმნის პრობლემებს მილსადენს.
რაც შეეხება აშშ-ს დამოკიდებულებას ქურთების მიმართ, ის ყოველთვის იყო ლოიალური. აშშ-ი მხარს უჭერს ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. როდის განხორციელდება ეს - დროსა და შესაბამის ვითარებაზეა დამოკიდებული.
აშშ-ი, ახლო აღმოსავლეთში წყლის მთავარი ამღვრევი, მხარს უჭერს ქურთების მოქმედებას მოკავშირე თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ცხადია, ეს მხარდაჭერა ფარულია და ძნელად ამოსაცნობი, მაგრამ ფაქტების ანალიზი და შექმნილი ვითარება გვიკარნახებს ამას. ერთის შეხედვით, მსგავს იატაკქვეშა თამაშს ადგილი არ უნდა ჰქონდეს - აშშ-თურქეთს მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე, მაგრამ უფრო მეტ თანამშრომლობას ჰქონდა ადგილი ხოსნი მუბარაქის ეგვიპტესთან, ბენ ალის ტუნისთან, კადაფის ლიბიასთან, სადამ ჰუსეინის ერაყთან და თქვენ წარმოიდგინეთ ბაშარ ასადის სირიასთან.
თუ რით დასრულდა მათთან „თანამშრომლობა“ ანუ „სტრატეგიული პარტნიორობა“ ყველასთვის ცნობილია. როგორც ჩანს, ნელ-ნელა დღის წესრიგში დგება თურქეთი, სადაც ქურთული კარტი თამაშდება, რასაც უდავოდ მოჰყვება დიდი სახელმწიფოს მთლიანობის რყევა, ისე, როგორც ამას აქვს ადგილი ერაყში. შეიქმნება ახალი პრობლემა ახლო აღმოსავლეთისთვის, რომელსაც სისტემატურად დაასხამს ნავთს „ისლამური სახელმწიფო“. იქნებ სწორედ ამისთვისაა ის შექმნილი?
შორს მდებარე ამერიკა, ისე, როგორც ყოველთვის ბოლო 70 წლის განმავლობაში, თავის „ავტორიტეტულ“ სიტყვას იტყვის, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში - ერთპიროვნულად, ჰეგემონისტურად, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან მსოფლიო პირველობა მოითხოვს მისგან ამას.
ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა, ამ შემთხვევაში საქართველო, რომლის მთავარი ფუნქცია „სტრატეგიული პარტნიორის“ მიერ მინიჭებული მეზობლების გამაღიზიანებლის როლის შესრულებაა? უპირველესად მან ამ როლზე უნდა თქვას უარი და გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას წაადგება და არა მთავრობის კეთილდღეობას.
საქართველოს პოლიტიკამ ის ანბანური ჭეშმარიტება უნდა გაითვალისწინოს, სხვისი გაღიზიანება ბუმერანგივით რომ ბრუნდება. როგორც ჩანს, 2008 წლის მწარე გაკვეთილებმა ბევრი ვერაფერი გვასწავლეს. ჩვენ არათუ სხვის შეცდომებზე არ ვსწავლობთ, არამედ საკუთარზეც.
მეზობელ თურქეთში შექმნილი ვითარება უდავოდ იმოქმედებს საქართველოზე და მაშინ ფიქრი იმაზე, რომ დასავლეთი მხარში დაგვიდგება, ფუჭი გამოდგება. იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ლტოლვილები გამორბიან, აშშ-ს, ნატოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა, მაგრამ როცა დასჭირდათ, სახელმწიფო ინტერესებმა წამოიწიეს წინ და არა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორობამ.
რით არის საქართველო გამორჩეული იმათგან, რომ მსგავსი არ იგემოს? არც არაფრით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
06/09/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.