გაჭიანურებული პროცესი

hamlet chipashvili-politologi

ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ამასწინანდელ სიუჟეტში ნაჩვენები იყო დნესტრისპირელი მოსწავლეების მოლდოვის საშუალო სკოლაში სწავლის შესახებ. ტირასპოლელი ბავშვები, მოლდოვური ენისა და ისტორის შესწავლის მიზნით, მოლდოვის სკოლაში დადიან. მოლდოველი მასწავლებელი ამ ფაქტს ასე განმარტავდა - „დნესტრისპირეთში ბავშვებს სხვა ქვეყნის ენასა და ისტორიას ასწავლიან, აქ კი ისინი მშობლიურ ენას ეუფლებიან“.
სიუჟეტმა, უმალ გამახსენა აფხაზეთში მიმდინარე ანალოგიური პროცესი ქართულ ენასთან დაკავშირებით. აფხაზეთის მთავრობა თვლის, რომ ახალი თაობის ეროვნულად ჩამოყალიბების მიზნით, აფხაზეთში მცხოვრებმა უნდა იცოდეს აფხაზური და აფხაზეთის ისტორია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში რახანია შეინიშნება მსგავსი ტენდენცია რუსულთან მიმართებაში.
მოჭარბებული ნაციონალიზმი იგრძნობა ბალტიისპირა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც მოსახლეობის საკმაო ნაწილს რუსულენოვანები შეადგენენ. ბალტიისპირელთა ზემკაცრი დამოკიდებულება არაერთხელ გამხდარა რუსეთსა და მათ შორის ვერბალური დაპირისპირების საგანი. ეს თემა, არაერთხელ იყო დასმული რუსი პოლიტიკოსების მიერ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში, მაგრამ ამაოდ.
ბალტიისპირეთში მცხოვრები რუსული უმცირესობისადმი ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება, თითქოს არაფერ შუაშია აფხაზეთთან, მაგრამ ეს, ერთის შეხედვით. თემაც და აფხაზთა განწყობაც ქართული უმცირესობისადმი იდენტურია. აფხაზეთის ხელისუფალთა გადაწყვეტილებას ისევ მოჰყვა საქართველოს მოსახლეობაში დანთებული ლამპარის გაღვივება. ზოგმა რა თქვა და ზოგმა რა, თუმცა „პატრიოტულ“ გულისფხანას შედეგი არ მოჰყოლია.
ენისა და ისტორიის საკითხები უფაქიზესი რამაა, რაც სპონტანური პასუხით არ გადაიჭრება. ამ თემებს მრავალწლიანი, სიღრმისეული შესწავლა სჭირდება - თანმიმდევრული შრომა და დიდ შედეგს თუ არა, რაღაცას მაინც მივიღებთ. და ეს „რაღაც“ უმჯობესია, ვიდრე არაფერი. „არაფრის“ შემცველად მიმაჩნია ქართველ პოლიტიკოსთა განმარტება აღნიშნული თემების საერთაშორისო მეგობრობის დახმარებით გადაჭრასთან დაკავირებით.
ამ მოსაზრებაში თითქოს არის მბჟუტავი იმედი და არა სერიოზული სურვილი საქმის კეთებისა, ვინაიდან ქართველ პოლიტიკოსთა განცხადება - „მათი დახმარებით“, ერთობლივად საქმის მოგვარება, ნიშნავს მათ და არა ჩვენს მიერ საქმის მოგვარებას. ისიც კარგადაა ცნობილი, სხვისი დახმარებით რას ვაგვარებთ. ნეტარ არიან ისინი, ვისაც სჯერათ, რომ ჩვენსა და აფხაზებს ან ოსებს შორის არსებულ საკამათო საკითხებს ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები მოაგვარებენ. ამ დალოცვილი ქვეყნების წარმომადგენლებს მრავალი წელი დასჭირდებათ ისტორიული პრობლემების სერიოზული შესწავლისთვის და შესაბამისი დასკვნების გაკეთებისთვის. ეს ისეთი თემებია, ჩვენ თვითონ რომ უნდა მოვაგვაროთ, სხვათა დაუხმარებლად.
საქართველოს არაფერი სჭირს იმისა, რომ მასა და აფხაზეთ, სამხრეთ-ოსეთს შორის სხვა ქვეყნები ჩადგნენ. თუ მესამე მხარის ყოფნა, რაღაც გაურკვეველი აუცილებლობით არის გამოწვეული, მაშინ ასეთად ის უნდა შეირჩეს, ვინც კარგად იცის ეს პრობლემები. ასეთი რუსეთია და არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, მითუმეტეს ევროპის ქვეყანა.
დასავლეთისადმი ნდობა რომ გამჯდარია ჩვენში, ფაქტია, მაგრამ ეს ნდობაც მერკანტილური მიდგომის ნაყოფია. ქართულ პოლიტიკას ხიბლავს დასავლეთი თავისი პროექტებით, ტრენინგებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და იქ გამოწერილი დიდი ხელფასებით. ქართულ პოლიტიკას მოსწონს ამერიკა-ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა, ჩვენს პრობლემებზე, იქ გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა. რა სჯობს ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრიუსელში, ჟენევაში ან სხვაგან ყოფნას? ასეთი შანსი რომ არ გქონდეს, უნდა გამოიგონო.
საქართველოს რახანია აქვს ეს შანსი - გამოგონებული გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში და იქედან მოყოლებული ყველა მთავრობა ესტაფეტასავით გადასცემს შემდეგს მოუგვარებელი საკითხების ნუსხას.
ყოფილ ავტონომიებთან გამართული მოლაპარაკებები, დროში გაწელილი პროცესია - შედეგზე ნაკლებად ორიენტირებული. საქართველოს ხელისუფლებას, ჟენევის ფორმატის მიმართ, ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გამოუთქვამს, ვინაიდან მას აწყობს მუდმივი „რაღაც“, რომელიც არაფერს კონკრეტულს არ ისახავს მიზნად, არავის ავალდებულებს საკითხთა სწრაფ მოგვარებას. წავლენ, დაილაპარაკებენ და წამოვლენ. უცხოური პეიზაჟებით თვალს გაახარებენ, მერე კიდევ წავლენ და ასე ივლიან გამუდმებით, ყოველთვის. 2008 წლის ომის შემდეგ დავდივართ ასე. მანამდეც დავდიოდით. შედეგი - ნოლი, ქვეყნისთვის, თორემ წარგზავნილთათვის - „გულავი დიდი“.
იცვლებიან მთავრობები, იცვლებიან დელეგაციის წევრები - თემა არ იცვლება, რომელსაც დასავლელები გვთავაზობენ „შერიგებისთვის“’. მაგათგანაც რა მიდის? ისინიც ხომ დადიან და ამ სიარულში მსუყე ფულსაც იღებენ. ხუმრობა საქმეა დაპირისპირებულ მხარეებთან ერთ მაგიდასთან ჯდომა? დავუშვათდა გაბრაზებულმა მხარემ, მეორეს სილა უთავაზა ან წყალი შეასხა (რაც ხდება ხოლმე საქართველოს პარლამენტში) და მტერი ადრესატის ნაცვლად, გამშველებელს მოხვდა?!
„ნაციონალური“ ხელისუფლების წასვლის შემდეგ ორ წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა, მაგრამ ჟენევის „ფრონტზე“ ახალი არაფერია. დიდი ცვლილებები არც ქართულ-რუსულ „ფრონტზე“ ხდება, თუმცა რაღაც ძვრებს აქვს ადგილი, მაგრამ არა ისეთს, „ოცნება“ რომ გვპირდებოდა. საგარეო-პოლიტიკური კურსი ისეთივეა, როგორც „ნაცების“ დროს ანუ ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით არის პროგრესიც - 2013 წელს ევროკავშირის ასოცირებული წევრობის დოკუმენტის პარაფირება, ერთი წლის შემდეგ - ხელის მოწერა.
ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა ავღანეთში, ნატოს კოალიციურ ძალებში სამსახური. მას ახალიც დაუმატა - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჯარის გაგზავნა. ნატოს სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნაზე თანხმობის მიცემა და სხვა.
ერთი სიტყვით, ქართულ-დასავლური პროგრამა, ჩამოყალიბებული სააკაშვილის დროს, წარმატებით გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“.
რაც შეეხება რუსეთის „ფრონტს“, აქაც იგრძნობა ცვალებადობა - აშკარა ანტირუსული რიტორიკის შერბილება - აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან გაყინული კონფლიქტის გალღვობის მიზნით. ეს არის და ეს, რაც „საოცნებო“ ხელისუფლებამ გააკეთა დღიდან არჩევისა, თუმცა მიღწეული არ გამოდგა ისეთი, რაც ვითარებას კარდინალურად შეცვლიდა.
როდესაც საერთაშორისო არენაზე ელვის სისწრაფით იცვლება მოვლენები, შენელებული მოქმედება, „ოცნებელთა“ მიერ განხორციელებული, ნაკლები შედეგის მომტანია. საქართველოს ხელისუფლების სურვილი - იყოს ნატოში, რუსეთისთვის ნიშნავს ნატოს ყოფნას მის სამხრეთის საზღვრებთან. მტკიცება იმისა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა, რუსეთს არაფერს დაუშავებს, აბსურდულია, განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტის შემდეგ. საქართველოში შემოსული ნატო, ნიშნავს რუსეთის სტრატეგიული ობიექტებისადმი ნასროლი რაკეტების ფრენის დროის შემცირებას და მათზე მოსკოვის სწრაფი რეაგირების ერთი-ორად შეზღუდვას.
რუსეთისთვის ნატო იყო და რჩება სამხედრო ბლოკად, მის მიმართ აგრესიულად განწყობილად. საქართველოს წინა ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ რუსეთი არ შეეგუებოდა საქართველოში ნატოს ყოფნას და თუ ეს მოხდებოდა, მას უნდა ჰქონოდა ტერიტორიები, ნატოს ბაზების განლაგების საპირისპიროდ. სააკაშვილის „კარნახით“, ასეთიც გამოიძებნა - აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სახით.
„ოცნებას“ სურს, სწორედ სისხლით მოპოვებული ტერიტორიები, დათმოს რუსეთმა, რაც უტოპიურია. ამ დარგში ვაჭრობა 2008 წლის ომამდე შესაძლებელი იყო, მაგრამ ომის შემდეგ და მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე - შეუძლებელი. ცხინვალის ომამდე რუსეთი დაიჯერებდა საქართველოს ფიცს (თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია), რომ ის ნატოში არ შევიდოდა. ომის შემდეგ, რუსეთი ასეთ „ფიცს“ არ დაიჯერებს და ნატოში არშესვლის ნაცვლად ტერიტორიებს არ დააბრუნებს.
რუსეთი არ იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობაზე, რაც კარგად უნდა შეიგნოს საქართველოს ხელისუფლებამ. საქართველოს ხელისუფლებამ ისიც უნდა შეიგნოს, რომ ვერც ერთი უცხოეთი, რუსეთს ვერ აიძულებს ამის გაკეთებას. გარდა ამისა, რუსეთს, დაბრუნების რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს, აფხაზებისა და ოსების სურვილის გარეშე ვერ გააკეთებს. მათი სურვილი კი სულაც არ არის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება, რაც არ უნდა მომხიბლველი იყოს ის (თუმცა ასეთი დღეს ის არ არის). დამოუკიდებლობა, დამოკიდებულებაზე არ იცვლება.
ქართული პოლიტიკა რუსეთის უკმაყოფილოა იმიტომ, რომ მან ქართული საქმე არ აკეთა ანუ არ შეგვინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა. არ მოგვცა შანსი იმისა, რომ ჩვენს გარდა ხმა, ამ ტერიტორიაზე არავის ამოეღო.
საქართველო, გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, უკმაყოფილოა რუსეთის, რომელმაც ვერადავერ ჩაგვაბარა უნიტარული საქართველო სამართავად. მე-19-ე საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებული ომების შედეგად, საქართველოს ფარგლებში აღმოჩნდა ბათუმი, ბათუმის ოლქი, ახალქალაქი, ახალციხე. 1991 წლის დეკემბრამდე, რუსეთი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორიც იყო. საბჭოთა კავშირის 70-წლიანი მმართველობის პერიოდში აღიკვეთა საქართელოს ავტონომიების - აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მცდელობა ისეთი სტატუსის შესამუშავებლად, რომელიც მათ თბილისიდან დააშორებდა.
ვირტუალურად, განდეგილი ავტონომიების დაბრუნება ან რუსეთის, ან დასავლეთის მიერ, არ ნიშნავს დაბრუნებულის შენარჩუნებას, დაბრუნებულ ტერიტორიებზე ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც მისაღები იქნება მათთვის. აღნიშნულის მაგალითს ჟენევა იძლევა. როდესაც გაქცეულ „ძმასთან“ სალაპარაკოდ მესამე მხარე გყავს მოწვეული, საქმეს არ ეშველება. საინტერესოა, დაბრუნების შემთხვევაში, ის, მესამე მხარე, მუდამ იქნება ჩვენს შორის წამოჭრილი ნებისმიერი საკამათო საკითხის მომგვარებელი? და თუ ეს ასე იქნა, შეიძლება ამას ეწოდოს ქვეყნის დამოუკიდებელი მართვა?
განდეგილი ავტონომიების პრობლემების გარდა, თბილისს სხვა პრობლემებიც აქვს, ვინ იცის, შესაძლოა გაცილებით მეტი თავსატეხი. მხედველობაში რადიკალური ისლამი მაქვს - ჯერ-ჯერობით ნაკლებად აქტუალური, მაგრამ გამოღვიძების პროცესში მყოფი, ქვემო ქართლსა და აჭარაში. ეს რეგიონები იმით იქცევენ ყურადღბას, რომ იქაურები აქტიურად იბრძვიან „ისლამური სახალიფოს“ რიგებში. „სახალიფოს“ კი თვალი აქვს დადებული კავკასიაზე და საქართველოზე. და თუ დაბრუნებულმა ჯიჰადისტებმა „მიხედეს“ აქაურობას, იმედი გვაქვს, აშშ-ს ან ევროკავშირს ჩვენს გვერდში დგომის?
დასავლეთს აქვს თავისი ინტერესები საქართველოს მიმართ - ენერგომატარებლების დერეფნობა, რუსეთის გამღიზიანებელი როლის შესრულება, აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით რუსეთთან კონფლიქტში შესვლა, რუსეთის საზღვრებთან რადიკალურ ისლამთან ბრძოლის გამართვა და სხვა. მაგრამ, რამდენად მისაღებია ესოდენ სახიფათო ინტერესები საქართველოსთვის?!
მსოფლიოში, განსაკუთრებით უკრაინაში, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ტვინისჭყლეტის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული თამაში სანდოობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მისი წაქეზებით ან უშუალო მონაწილეობით ქვეყნები ასკდებიან ერთმანეთს. უკრაინაში საქმის აბურდვის შემდეგ, აშშ-ა იემენისკენ გადაინაცვლა და მხარი დაუჭირა მოკავშირე საუდის არაბეთს იემენის ამბოხებული შიიტი მოსახლეობის დაბომბვაში. აშშ-ა თვალი დახუჭა საუდის არაბეთის მიერ ბაჰრეინში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნაზე და ეს მაშინ, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებს უკრაინაში „აგრესიისთვის“.
პრეზიდენტმა ობამამ სულ ახლახანს აღნიშნა, რომ აშშ-ს თავისი წვლილი აქვს შეტანილი „ისლამური სახალიფოს“ გაჩენაში. სულ ახლახანს, „ნიუ-ბაკუ პოსტის“ მთავარი რედაქტორი ტოფიკ აბასოვი ინტერვიუში აღნიშნავდა პანკისის ხეობაში „ისლამური სახალიფოს“ სამხედრო ბანაკის გახსნის თაობაზე.
„პანკისში სამხედრო ბაზა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან არსებობდა. მაშინ ჩეჩნეთში ომი მიდიოდა. მაშინ პანკისიდან, ბილიკებით ჩეჩნეთში გადადიოდნენ. ამ გზით ხდებოდა იარაღის, ტყვიაწამლის, რელიგიური ლიტერატურის გადატანა რუსეთში. მიზანი - რუსეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის მოშლა იყო.
ამჯერად ხდება სამხედრო ბაზის რეანიმაცია, რაც გამოწვეულია შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებით და გარკვეული ვაკუუმის შექმნით, რითაც სარგებლობენ ქვეყნის გარე ძალები, რომელთა მიზანია რეგიონული პროცესების სამართავი ბერკეტების ხელში ჩაგდება. უდავოდ, ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც ლოგისტიკურად ეხმარებიან „სახალიფოს“. ეს, ის ძალებია, ვისაც თავისი ანგარიში აქვს რუსეთთან. მსგავს ქმედებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც რაღაც სარგებელი არსებობს, რომელიც თავისთავად იძლევა შანსს, ხელი არ შეუშალოს პროცესს“, - აცხადებს ტოფიკ აბასოვი.
გარდა აღნიშნული პრობლემისა, საქართველოს წინაშე სხვა პრობლემებიც დგას, რომელთა მოგვარება ჟენევით ან სხვა ფორმატით, მითუმეტეს დასავლელთა „დახმარებით“ შეუძლებლად მიმაჩნია. ჟენევის ფორმატი ხანგრძლივად და დაუსრულებლად გაგრძელდება. საქართველო უკვე შეეგუა პროცესის პერმანენტულობას, ჟენევის პროცესში ჩართულ დასავლელთა წყალობით. დასავლეთი მზად არის უსასრულო მოლაპარაკებებზე, ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება.
ამასობაში, დღევანდელთა ხელისუფლებაში ყოფნის ვადაც ამოიწურება. მოვა სხვა ხელისუფლება, რომელიც წინამორბედთა მიერ გატკეპნილ უმისამართო გზას გაჰყვება, უყურადღებოდ მიტოვებულ აფხაზეთში ქართულსაც აკრძალავენ და ისეთ ისტორიასაც შეთხზავენ, სადაც საქართველოს ხსენებაც არ იქნება. ჩვენსა და მათ შორის შექმნილ უფსკრულს ისე გააღრმავებენ, ვერვინ გვიშველის მის ამოვსებას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
31/03/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.