საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ჰაერში გამოკიდებული ოცნება

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

„თავისუფლება, წინსვლა, კეთილდღეობა“ - არის ის ლოზუნგი, რომელიც ზემოდან დაჰყურებს თბილისის ქუჩებს - გვაუწყებს რა „ოცნების“ ოთხწლიან, მომავალ პროგრამას.
ჰაერში გამოკიდებული ვებერთელა სარეკლამო დაფები თავისთავად დამადასტურებელია იმ არაპროპორციული სარეკლამო პრიორიტეტისა, რასაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჰქონდა და აქვს ადგილი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც მომავალი იქნება დემოკრატიული, თუნდაც რეკლამების სიხშირის თვალსაზრისით. ხელისუფლებაში მყოფი პარტია ყოველთვის ცდილობდა და შეეცდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, რაც დიდ სიკეთეს ვერ მოუტანს დემოკრატიას.
ზემომოყვანილ „სლოგანთან“ ერთად ქუჩებს დაჰყურებენ „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. სწორედ ისინი იქნებიან, ცხადია გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ლოზუნგის „განუხრელი“ შემსრულებლები და მათთან ერთად ისინიც, ვინც პარტიული სიით მიაღწევენ წარმატებას.
თვეზე ცოტა მეტი დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე - დაპირებების, ლანძღვა-გინების, დაპირისპირების ერთი თვე. ცხრა ოქტომბერს ქვეყანას ახალი პარლამენტი ეყოლება, თუ ფორსმაჟორულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი არ შეუშალა საარჩევნო პროცესს.
გასული ოთხი წელი სახარბიელო არ ყოფილა არც ქვეყნისთვის და არც ნებისმიერი მისი მოქალაქისთვის - ხელისუფალთა გამოკლებით. 2012 წელს „ოცნების“ საარაკო დაპირებებში, უდავოდ იყო ისეთიც, რომელთა შესრულება „გულანთებულ“ „ოცნებელებს“ არ უნდა გასჭირვებოდათ. გაუჭირდათ! თუმცა სიტყვა „გაუჭირდათ“ არ შეეფერება „ოცნებელთა“ განწყობას. „გაუჭირდათ“ ნიშნავს იმას, რომ ძალისხმევა არ დაუკლიათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ჰქონდა ადგილი „ძალისხმევას“? ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, არა ხელისუფლების გარემოცვიდან, მარტივად იტყვის -არა!
დიახ! 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველივე დღიდან „მეოცნებეები“ ხელდაკაპიწებული შეუდგნენ საკუთარი კაბინეტების მოწყობას, სატრანსპორტო საშუალებების, მუშაობისთვის საჭირო ინვენტარისა და ტექნიკის შეძენას, ხელფასების, სახელფასო დანამატების, პრემიების „მოწესრიგებას“. აღნიშნული საქმიანობა ისეთი შრომატევადი გამოდგა, რომ თვეების ნაცვლად, წლები მოიცვა. დაპირებული სახალხო სამსახური, „სათავისო“ გამოდგა. 4 წლის განმავლობაში იყო რაღაც ისეთი, რომელსაც დიდის გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეიძლება „ხალხზე ზრუნვა“ დავარქვათ. იყო ნაბიჯებიც, რაც „წინსვლად“ შეიძლება მოინათლოს, მაგრამ იყო ის, რასაც გვერდს ვერვინ აუვლის - დანაპირების პირწმინდა შეუსრულებლობა.
ევროატლანტიკური სივრცისკენ მავალმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს იმ სამყაროსთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ჭეშმარიტება - წინასაარჩევნო დანაპირების ნახევარის მაინც შესრულება. პოლიტიკური პარტია, რომელიც 100%-ით თუ არა 99%-ით არ ასრულებს დანაპირებს, სახალხო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ასეა იქ, ევროატლანტიკურ სივრცეში, მაგრამ ასე არ არის აქ, ევროატლანტიკური სივრცის მოტრფიალე საქართველოში.
აქ, ხელისუფლებაც და ხალხიც ერთ პოლიტიკურ დონეზეა. ხელისუფლებამ იცის, რომ ამომრჩეველი უკმაყოფილოა, მაგრამ მას (ხალხს) მეტი გამოსავალი არ აქვს, ისევ ხელისუფლებას მიაკითხავს. ხალხმაც იცის, რომ მეტი გამოსავალი არ აქვს. თუ „საოცნებო“ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს „არასაოცნებო“, ბოროტი ძალა დაბრუნდება.
4 წლის განმავლობაში, მთავარი, რაც „ოცნებამ“ არ, თუ ვერ გააკეთა, კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშე გამოცხადება იყო. 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა „ოცნებისა“ და „ნაცების“ არასასიამოვნო ვერბალური ბრძოლები, სადაც „ნაცები“ მუდამ გამარჯვებულები გამოდიოდნენ. განვლილი 4 წლის განმავლობაში „ოცნებამ“ რაც მოახერხა, „ნაცებისთვის“ სასათბურე პირობების შექმნა იყო, რასაც მოჰყვა შეშინებული „ნაცების“ წელში გამართვა და კონტრშეტევაზე გადასვლა. საბოლოო ჯამში საქართველოს ამომრჩეველმა მიღო ორი მთავარი პარტია - „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, გარდა ამისა სხვა პარტიებიც, რომელთა როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოა. ისინი ან ერთ ან მეორე პარტიის დამხმარეები იქნებიან, შესაბამისი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში.
პოლიტიკურ ძალთა ამდაგვარი განაწილება ემთხვევა „ოცნების“ შემქმნელის ივანიშვილის განცხადებას - მთავარი პარტია (პარტიები) უნდა ჩამოყალიბდეს, დანარჩენი - „გაიკრიფოს“.
იყო თუ არა ივანიშვილის ეს მოსაზრება, 4 წლის წინათ გამოთქმული, ივანიშვილის? იქნებ სხვის მიერ იყო ნაკარნახევი? „სხვის“, ამ შემთხვევაში აშშ-ის. სწორედ ის არის ამგვარი პოლიტიკური თარგის მოტრფიალე. მას ეს კარგად აქვს გამოცდილი საკუთარ ქვეყანაში, სადაც 40 პარტიაა (გაცილებით ნაკლები, ვიდრე საქართველოში), მაგრამ ხელისუფლებისთვის პრეტენზიას მხოლოდ 2 – „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ აცხადებენ.
ორივე მათგანის პოლიტიკური მრწამსი ერთმანეთის იდენტურია, მაგრამ არის განსხვავებაც, თუმცა არცთუ დიდი. ორივე კაპიტალის მოტრფიალეა, მისი ხელისშემწყობი. ერთი პარტია რომ ყოფილიყო, ვითომ დაშავდებოდა რამე?
მავანი შემედავება - კონკურენცია არ იქნებოდაო. ხელოვნურ კონკურენციას არ სჯობს ერთპარტიული ჩინური მოდელი. ისიც რახანია კაპიტალიზმის მშენებელია - ცხადია საქმით. ჩინელმა მილიარდერებმა და მილიონერებმა ლამის გაუსწრონ „მამალი“ კაპიტალიზმის ბუდეს - აშშ-ს.
ასე და ამგვარად, „ნაცებისადმი“ საყოველთაო სიძულვილის მიუხედავად საქართველომ მიიღო (თუ მიაღებინეს) ორპარტიული სისტემა, რაზეც აშკარად ღაღადებს ამერიკული ინსტიტუტების მიერ ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვის შედეგები. მათში 2 პარტიის ლიდერობა იკვეთება, სხვების არა. სხვა „დამხმარეა“ - ჯერ-ჯერობით ამ არჩევნებში. სამომავლოდ, უთუოდ აღარ იქნებიან ან თუ იქნებიან, ისეთი სახით, ნათელაშვილის „ლეიბორისტები“ რომ არიან - მათგან არვინ სასწაულებს არ ელოდება.
მაგრამ მარტო ნათელაშვილია ამ დღეში? არა! სხვებსაც მორგებული აქვთ ნათელაშვილისეული „ჩოხა“ და პოლიტიკაში ტივტივით იოლად ახერხებენ საკუთარი თავის გამოკვებას. „ნაცებსაც“ შეეძლოთ იგივე გზა აერჩიათ, მაგრამ ისინი მებრძოლები არიან, პასიურობას ვერ იტანენ და რახან ასეა - პირველობისთვის ბრძოლაც არ უნდა გაგვიკვირდეს.
შეძლებს თუ არა „ოცნება“ წარმატების მიღწევას და პარლამენტში იმდენი დეპუტატის გაყვანას, უპრობლემოდ რომ შეეძლოს კანონების მიღება? ეჭვი მეპარება. „ოცნებელთა“ ოპტიმისტური განცხადებები და რეალობა დაშორიშორებულია.
რეალობა კი „ოცნების“ უსუსური 4 განვლილი წელია, გაურკვეველი ექსპერიმენტებით, სახელმწიფო ფულის უყაირათო, უმიზნო ხარჯვით, ქარაფშუტული გადაწყვეტილებებით და სხვა. ხალხს კარგად ახსოვს „ოცნების“ ყველაზე წარმატებული მინისტრის სერგეენკოს უდავოდ სავალალო გადაწყვეტილება - რეცეპტების თაობაზე. რამდენი ოჯახი, ავადმყოფი თუ აფთიაქზე ძალაუნებურად მიჯაჭვული ადამიანი დააზარალა რეცეპტების ექსპერიმენტმა? ვინ უნდა აგოს პასუხი ადამიანთა ესოდენი აბუჩად აგდებისთვის? ვინ გადაუხდის მორალურ კომპენსაციას?
2 წელიწადი გრძელდებოდა რეცეპტომანია, რასაც ადამიანთა ნერვები, დრო, ექსტრა ხარჯები (ექიმთან მისვლისთვის, თუნდაც საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობისთვის) გამოიწვია. საინტერესოა, რა დაუჯდა ქვეყნის ისედაც მწირ ბიუჯეტს რეცეპტების დამზადებისთვის საჭირო ქაღალდის შეძენა, ბეჭდვა, სამედიცინო დაწესებულებებში დისტრიბუცია, აფთიაქების შემოწმება და ა.შ.
ეს საკითხი სერიოზულ შესწავლას და განზოგადოებას მოითხოვს, ვინაიდან დანაშაულთან გვაქვს საქმე და არა ექსპერიმენტთან, მაგრამ ვინ არის გამომძიებელი? სახელმწიფო? ის ხომ საკუთარ „შეცდომებს“ არ გამოიძიებს?! ალბათ არც ალასანიას „კაბელებს“ გამოიძიებდა, ალასანია რომ „ოცნებას“ არ გამიჯნოდა.
არანაკლებ სავალალო დღეში ჩააგდო თბილისი „ოცნებელმა“ მერმა, ნარმანიამ, რომელმაც თითქმის მილიონი ლარი გადაყარა გმირთა მოედან-თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ ტრასაზე ხეების დარგვაში. მაისის ბოლოს ჩარგული ხეების დიდი ნაწილი, ერთ კვირაში გახმა.
ქარმა წაიღო EBRD-ის ღონისძიების მასპინძლობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონობით ლარი. არადა EBRD-ს საკუთარი გასვლითი ღონისძიების დასაფინანსებლად სულაც არ სჭირდებოდა საქართველოს დახმარება. აქაოდა ევროპის ბანკი შეგვაქებსო, ფინანსთა მინისტრმა ხადურმა ფართო ჟესტით, ვითარცა საკუთარი ჯიბიდან, ისე უმასპინძლა EBRD-ის ღონისძიებას. ღონისძიებისთვის შეძენილი ახალთახალი 60 „ტოიოტა“, რის ვაივაგლახით ჩამოარიგეს ტრანსპორტით გაჯერებულ სამინისტროებსა და უწყებებში. საქალაქო ამორტიზებული ტრანსპორტი, ერთ დროს უკრაინაში შეძენილი, დღესაც დადის თბილისის ქუჩებში. არადა, რახანია გვესმის ახალი ტრანსპორტის შეძენის თაობაზე.
ის, რაც თბილისში ხდება, ნათელი მაგალითია „ოცნებური“ უთავო მმართველობისა. მოქალაქეთა განსაკუთრებულ რისხვას იწვევს უწესოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ხეების დაუნდობელი ჭრა, დეველოპერული განუკითხაობა და ა.შ.
წინა ხელისუფლების დროს დაწყებული შეტევა მუზეუმებზე, „ოცნების“ დროსაც გრძელდება. განადგურების პირს არის მიყვანილი ხელოვნების მუზეუმი, რის შესახებაც რახანია ჩივიან მუზეუმის სასოწარკვეთილი თანამშრომლები. პასუხი ხელისუფლების მხრიდან - ნული, უფრო მეტიც - ფეხებზე დაკიდება. როდესაც სამხატვრო გალერეაში ვიცე-პრემიერ კალაძის მეუღლე მოდების დეფილეს გამართავს - პროჟექტორების მოჭარბებულ შუქზე, რაც იქ გამოფენილ ფერწერის ნიმუშებზე გამანადგურებლად მოქმედებს, მაუწყებელია იმისა, რა განუკითხაობასთან გვაქვს საქმე.
სულ ახლახანს პრემიერმა კვირიკაშვილმა რიხიანად განაცხადა ჩაის წარმოების აღორძინებაზე. მან თანხაც დაასახელა - 3 მილიონი ლარი. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის 3 მილიონი შთამბეჭდავად ჟღერს, ისე, როგორც 28 მილიონი - კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი - კონცერტების მოსაწყობად.
28 მილიონი ტაშფანდურისთვის და ისიც ტურისტულ ხანმოკლე სეზონზე. 3 მილიონი დარგის ასამუშავებლად - ხანგრძლივი პერიოდით. თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ მეჩაიეობას, დავინახავთ იმას, რასაც 25-წლიანი უპატრონობა ჰქვია. შედეგი - გავერანებული, გატყიურებული ჩაის ბუჩქები და პლანტაციები, დანგრეული ჩაის პირველადი ფაბრიკები. მარტო ოზურგეთში 23 ასეთი ფაბრიკა მუშაობდა. ყველა მათგანი დანგრეულ-გაძარცვულია.
სპეციალისტების მიხედვით, ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას 15000 აშშ-ს დოლარი ესაჭიროება. ახალი ბუჩქების გაზრდას - 4 წელი. ქარხანა-ფაბრიკას რამდენი დასჭირდება, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. და ამ დროს 3 მილიონი ლარი. არის თუ არა პრემიერის წინადადება ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრა?
ჩაის აღორძინების პროგრამის დაწყებამდე ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გათვლილი ისეთი „დელიკატური“ საკითხიც, როგორიცაა მზა ჩაის გასაღება. სად მოხდება მისი ექსპორტი, ვინ შეძლებს შესყიდვას, რა რაოდენობით და რა ხნის მანძილზე. პროექტი გასაღებაზე ფიქრით უნდა დაიწყოს და კიდევ იმით, ვინ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას.
როდესაც არც ერთი ზემომოყვანილი შესწავლილიც არ არის, პრემიერმა თავს უფლება არ უნდა მისცეს „მამალი“ ტყუილი აჯახოს ხალხს - 3 მილიონი მეჩაიეობის აღორძინებისთვის.
განვლილი 4 წლის განმავლობაში არაერთ მსგავს მაგალითებს ჰქონდა ადგილი, რაც ზერელეობის, დილეტანტიზმის, არაპროფესიონალიზმის ბრალია და კიდევ მრავალი ნეგატიური თვისების, რაც ღრმად არის გამჯდარი როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში. ხელისუფლება უცოდინარი კადრებითაა დაკომპლექტებული, რაც საქმის კარგად შესრულების სურვილის შემთხვევაშიც კი წარმატების შესაძლებლობას არ იძლევა, მაშ როგორ შეასრულებს ის (ხელისუფლება) სარეკლამო დაფაზე გამოტანილ სლოგანს - „თავისუფლება, წინსვლა, კეთილდღეობა“?
ნეტავ რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, საბჭოთა კავშირმა რომ 1991 წლის დეკემბერში გვიბოძა და ჩვენ რომ აშშ-ს ჩავაბარეთ?
მოდით პირდაპირ დავსვათ კითხვა - ვართ თუ არა თავისუფალი? თუ ვართ, მაშინ, რატომ ვერ ვწყვეტთ უმნიშვნელო საკითხსაც კი აშშ-ს საელჩოსთან შეუთანხმებლად? და როდესაც ასეთ დღეში ვართ - წინსვლა და კეთილდღეობაზე ლაპარაკი სარეკლამო ოცნებაა ისეთივე აუსრულებელი, როგორიც ქართული „ოცნების“ 2012 წლის დაპირებები.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
29/08/2016

სტატიების არქივი