საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი და საერთაშორისო ვითარება

სანკტ-პეტერბურგში გამართულმა ეკონომიკურმა ფორუმმა უდავოდ საინტერესო და პერსპექტიული შთაბეჭდილება დატოვა, რაც პრაქტიკული საქმეებითაც დადასტურდა. ფორუმის ფარგლებში არაერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც მრავალმილიარდიანი ინვესტიციის საწინდარია და რუსეთის ეკონომიკისთვის უდიდესი შვება. მსოფლიოში ცნობილი კომპანიები ღებულობდნენ მონაწილეობას ფორუმში და მათთან ერთად 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, სულ 12000 სტუმარი.
დიდი ბიზნესის ფორუმზე დასწრებამ თავისთავად გამოხატა პოლიტიკის მიერ ხელოვნური ბარიერის გადალახვის სურვილი. ბარიერი კი ისე, როგორც ყოველთვის აშშ-ს ადმინისტრაციამ შექმნა, რომელიც დაჟინებით აფრთხილებდა მსოფლიო ბიზნესს, განსაკუთრებით თავისას, თავი შეეკავებინათ ფორუმში მონაწილეობისგან.
არანაკლები ზეწოლა იყო პოლიტიკოსებზეც - რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ცხოვრებაში გატარების მიზნით. სანქციების მიზანი რუსეთის იზოლირებაა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სანკტ-პეტერბურგს ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარე ჟან კლოდ იუნკერი, გაეროს გენერალური მდივანი პან გიმუნი ეწვია. ევროკომისიის თავმჯდომარემ საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მის ვიზიტს რუსეთში ევროკავშირელი კოლეგები უარყოფითად იხილავდნენ.
ევროკავშირელებს არც იტალიის პრემიერ-მინისტრის მათეო რენცის ფორუმში მონაწილეობა მოეწონათ. აღარ ვამბობ დანარჩენ პოლიტიკოსებზე, რომლებიც უდავოდ „დაიმსახურებენ“ იმ კოლეგების გულისწყრომას, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის პერმანენტულ სანქციებში მოქცევას.
ფორუმზე სიტყვით გამოსულმა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დადებითად შეაფასა დასავლელ პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა „თავგანწირვა“ და თქვა, რომ ბიზნესს სურს რუსეთთან კონტაქტები, ბევრს აქვს კიდევაც, მიუხედავად სანქციებისა, მაგრამ მსოფლიო მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის უმჯობესია პოლიტიკამ ხელი არ შეუშალოს მას (ბიზნესს). გაითვალისწინებს თუ არა ამერიკულ-ევროპული პოლიტიკა პუტინის მოწოდებას, ძნელი დასაჯერებელია, რამეთუ მას სულ სხვა გეგმები ხიბლავს - რუსეთის იზოლაციაში მოქვევა, მისი ეკონომიკური დაძაბუნება, სამხედრო თვალსაზრისით დასუსტება, თვით რუსეთში ანტისახელისუფლებო გამოსვლების აგორება და მოქმედი ხელისუფლებისთვის წყლის შეყენება.
ამერიკის სამწუხაროდ, ამ გეგმებს ჯერ-ჯერობით აღსრულება არ უწერიათ, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა სანკტ-პატერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა. ვაშინგტონმა ვერც შემოღებული სანქციებით მოახერხა რუსეთის იზოლირება. მართალია, სანქციებმა ნეგატიურად იმოქმედეს რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ შეინიშნება პოზიტიური ძვრებიც. სანქციებმა აიძულეს რუსეთი მიეხედა საკუთარი ეკონომიკისთვის, მეტი ყურადღება დაეთმო ეკონომიკის ისეთი დარგების განვითარებისთვის, რომლებიც არ უკავშირდება ნედლეულის, მათ შორის ნავთობისა და გაზის ექსპორტს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა განაცხადა - ეროვნულ ბიუჯეტში შესული თანხის 2/3 სწორედ არა ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად შესული ფულია. მან ისიც აღნიშნა, რომ პირადად არ სურს ეკონომიკური სანქციების გაუქმება, ვინაიდან ის აიძულებს რუსეთს მოიქცეს ანალოგიურად.
სანქციებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის ეკონომიკის განვითარებას, რამაც გამოიწვია მსოფლიო ბიზნესის შებრუნება რუსეთისკენ. პუტინისა და მსოფლიოს, მათ შორის აშშ-ს ბიზნესმენთა შეხვედრის დროს მყარად დაფიქსირდა მათი ინტერესი რუსეთში ინვესტიციების ჩადებაში. შეხვედრაში მონაწილე უცხოელი ბიზნესმენების საერთო ქონება 10 ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც თვალშისაცემი რამ არის და დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს შეშფოთებას იწვევს. იმ დროს, როდესაც ფორუმი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე მსჯელობდა და ამ მიმართულებით ახალ პროექტებს ქმნიდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კერიმ მუქარით განაცხადა, რომ რუსეთის სირიაში მოქმედებამ მოთმინების ფიალა აავსო.
კერის განცხადება რიგითად არ ჩაითვლება. მას სერიოზული დატვირთვა აქვს და მშვიდი ცხოვრების საშუალებას არც რუსეთს აძლევს და არც სხვას. მაინც რამ ათქმევინა კერის ეს წინადადება - პოლიტიკოსს, რომელიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ტელეფონით ელაპარაკება თავის რუს კოლეგას? მაინც რა ვითარებაა სირიაში, რაც აშშ-ს აძლევს საბაბს ასეთი განცხადების გაკეთების?
ფესვები ღრმადაა და აშშ-ს შიდა ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობებისკენ მიდის. აშშ-ი წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია ახალ ფაზაში გადადის - რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ჭიდილში - შესაბამისად ტრამპისა და კლინტონის ბრძოლაში. ტრამპი, არაპოლიტიკოსი, მილიარდერი, თავისი განცხადებებით უდავოდ იპყრობს ამომრჩევლების ყურადღებას.
ტრამპი - ახალი სახეა, მიუხედავად მისი ასაკისა (70 წელი), ერთობ თანამედროვე, ვისთვის რადიკალური, ვისთვის მემარცხენე სოციალისტი. მისი განცხადებები ნატოსთან, რუსეთთან, ევროკავშირთან, ინგლისის ევროკავშირში ყოფნა-არყოფნასთან, სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურს ეხამუშება.
და მართლაც, როგორ უნდა ესიამოვნოს კონსერვატორთა ყურს ტრამპის განცხადება, რომ ნატო დრომოჭმული ორგანიზაციაა - შექმნილი ვარშავის პაქტისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, დღეს არც ერთია და არც მეორე და რატომ არის ნატო? რუსეთთან მოლაპარაკება და არა ეკონომიკური სანქციების დაწესებაა საჭირო. ინგლისი უნდა გამოვიდეს ევროკავშირიდან და ა.შ.
სანკტ-პეტერბურგის ფორუმზე პუტინმა დადებითად შეაფასა ტრამპის განცხადებები, რამაც სერიოზული თავსატკივარი გაუჩინა ამერიკელ ნეოკონსერვატორებს. დემოკრატი კლინტონი სწორედ ისაა, ვისაც ამერიკის პოლიტიკური წრეები უჭერენ მხარს, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. ისინი მკაცრად აკრიტიკებენ ტრამპს, დასცინიან მას და ქარაფშუტა პოლიტიკოსად მოიხსენიებენ. მაგრამ არის კი ანტიტრამპული პოლიტიკა საკმარისი ტრამპის დასამარცხებლად?
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს თანაბარი მხარდამჭერი ჰყავს, თან პერსპექტივაში მოსალოდნელია ტრამპის დაწინაურება. ვითარებას ვერც კლინტონისადმი პრეზიდენტ ობამას საჯარო მხარდაჭერა შველის და ვერც ტრამპის ლანძღვა. ამერიკელი ამომრჩეველი საწინააღმდეგოს აკეთებს, რაც უდავოდ აშფოთებს აშშ-ს დემოკრატ პრეზიდენტს.
საშინაო პრობლემებს საგარეოც ემატება - წარუმატებელი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, სირიის ფრონტზე რუსეთის გააქტიურება და არა მარტო სირიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ამ რეგიონის სტრატეგიული მოკავშირე ისრაელი მჭიდრო კონტაქტებს ამყარებს რუსეთთან, როდესაც პრემიერი ნეთანიაჰუ უკვე მერამდენედ ჩადის მოსკოვში პუტინთან სალაპარაკოდ (გაცილებით მეტჯერ, ვიდრე ვაშინგტონში), როდესაც თეირანში რუსეთის, ირანის, სირიის თავდაცვის მინისტრები სასწრაფო თათბირს აწყობენ, აშშ-ს ადმინისტრაციას აქვს თავსატკივარი. რაღაც ისეთი უნდა მოიძებნოს, რაც შიდა და გარე ვითარებას კარდინალურად შეცვლის, დაუმტკიცებს საკუთარ ხალხს და მსოფლიოს, რომ ამერიკა ლიდერი სახელმწიფოა და მასთან თამაში როგორც რუსეთს, ისე სხვებს ძვირი დაუჯდებათ.
ამერიკა არის პირველი ქვეყანა და არა რუსეთი ან ჩინეთი. აშშ-ს გარკვეული წრეები ე.წ. ქორები რახანია ჩასჩიჩინებენ „თეთრ სახლს“ და ადმინისტრაციას, რომ მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი რუსეთის ალაგმვა და ეს დემოკრატების ადმინისტრაციამ უნდა განახორციელოს, თუ სურს ქვეყნის სათავეში დარჩეს კლინტონის სახით.
რუსეთის მტრის ხატობა აშშ-იც ისე მოქმედებს, როგორც საქართველოში, უკრაინაში, ევროკავშირში. მაგრამ ამ იმიჯს განმტკიცება სჭირდება, რისთვისაც ვაშინგტონმა წინასწარ იღვაწა. რახანია ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი, სხვები გამუდმებით გაჰყვირიან მოსალოდნელ რუსულ აგრესიაზე. მათ ხმას უწყობენ უკრაინა და საქართველო და საერთო ძალისხმევით ისეთი სურათი იქმნება, თითქოს რუსეთი დღეს თუ არა, ხვალ შევარდება ბალტიისპირა ქვეყნებში, პოლონეთში და ა.შ.
პოლიტიკურ დეზინფორმაციას თან მედიური ისტერია ახლავს - ახალი რუსული ტანკებით, ბომბდამშენებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არმიით და სხვა. აშშ-ის მიერ აყროყინებულმა აღმოსავლეთ ევროპისა და უკრაინა-საქართველოს პოლიტიკამ უმალ პოვა მხარდაჭერა ვაშინგტონელ პოლიტიკოსებში და თითქმის 50000-იანი არმია მიაყენა რუსეთის საზღვარს ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკით, ავიაციით, სამხედრო ფლოტით. მსგავსი მასშტაბის სამხედრო მანევრებს რუსეთის საზღვრებთან ადგილი არ ჰქონია.
სამხედრო მანევრები იმართება თურქეთში, საქართველოში, შავ ზღვაზე. თვალი შეავლეთ ნატოს სამხედრო წვრთნების გეოგრაფიულ არეალს ბალტიის ზღვიდან დაწყებული შავ ზღვამდე. დავუმატოთ ამას ხმელთაშუა ზღვის სირიის სანაპირო. არის თუ არა ყოველივე მიმართული რუსეთის წინააღმდეგ? ვგონებ კითხვაც გულუბრყვილოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაშინგტონი დაუფარავად აცხადებს რუსეთის აგრესიაზე - ჩემი შენ გითხარის ჭრილში. დაპირისპირების ადგილად თუ მეტწილად უკრაინის აღმოსავლეთი მოიაზრება, სამხრეთით - სირიაა, იქ მიმდინარე ომით. ამ ქვეყნის მიმართ აშშ-ს აზრი არ შეუცვლია. მისი მიზანი იგივეა, რაც 5 წლის წინ - ბაშარ ასადის ჩამოგდება და სასურველი ხელისუფლების მიყვანა.
ამერიკულ გეგმებს რუსეთი ეწინააღმდეგება, ირანთან ერთად, რაც აშკარად მეტყველებს ძალთა უთანაბრობაზე. ასადის დამხობა ნიშნავს რუსეთის ახლო აღმოსავლეთიდან განდევნას, აშშ-ს პრესტიჟის აღდგენას და ახლო აღმოსავლეთში დომინირებას. აშშ-ს ადმინისტრაციას, რომელსაც სირია-ერაყის ფრონტზე დიდი ვერაფერი აქვს დასაკვეხნი, სერიოზული სამხედრო ნაბიჯის გადადგმა ესაჭიროება. სწორედ ამისთვის შეჰყავს სპეცდანიშნულების ძალები ერაყსა და სირიის ტერიტორიაზე - ერაყის სამხედროთა გაწვრთნის საბაბით. მისი უპილოტო თვითმფრინავები ტრიალებენ სირიის ცაში ისე, რომ თანხმობა სირიის მთავრობისგან არ მიუღიათ.
აშშ-ი და ნატო იწყებენ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო პოტენციალის კონცენტრაციას, რომელიც გაცილებით მეტი იქნება რუსეთის, ირანის, სირიის ძალებზე. პენტაგონმა ხმელთაშუა ზღვაში უკვე გააგზავნა ავიამზიდები „ჰარი ტრუმენი“ („Harry S. Truman“) და „დუაიტ ეიზენჰაუერი“ („Dwight D.Eisenhower“), „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საბაბით. მალე მათ შეემატება ბელგია და დანია.
როგორც ცნობილია, ვარშავის ნატოს სამიტზე, რომელიც ივლისის პირველ დეკადაში გაიმართება, ნატოს ყველა წევრ-ქვეყანას დაევალება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ომში ჩართვა. მაგრამ მარტო „ისლამური სახელმწიფო“ არ არის საბაბი, აქ რუსეთიც მოიაზრება, რის შესახებაც პენტაგონი არც მალავს.
ამჟამად ე.წ. დემოკრატიული ძალები, რომლებიც აერთიანებენ ქურთებს, თურქებს და ზომიერ ექსტრემისტებს, წარმატებით იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ბრძოლებს კოორდინაციას უწევს აშს-ს სპეცდანიშნულების რაზმები. „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქ რაქაზე შეტევა ორი მხრიდან მიმდინარეობს - ერთი, სირიის სამთავრობო ძალებია, რუსეთის ავიაციის დახმარებით, მეორე ქურთებისა და ე.წ. ზომიერი ტერორისტების გაერთიანება, რომელსაც აშშ-ი უწევს კოორდინაციას. ამ უკანასკნელთა გამარჯვების შემთხვევაში სირიას დაშლა არ აცდება.
ვითარებას ძაბავს ისიც, რომ ამერიკელთა კოორდინაციით მიმდინარეობს შეტევა ლატაკიის, ალეპოს მიმართულებით. თუ მათ შეუერთდება ამერიკული ავიამზიდები და ნატოს ძალები, ვითარება კარდინალურად შეიცვლება ბაშარ ასადის საწინააღმდეგოდ. და არა მარტო.
ყოველივე რუსეთსაც შეეხება, არანაკლებად ირანსაც. რას მოიმოქმედებს რუსეთი, დათმობს ის პოზიციებს, არის თუ არა შესაძლებელი „დიდთა“ დაპირისპირება? ხომ შეიძლება ასეთს შემთხვევით ან გამიზნულად ჰქონდეს ადგილი? გახდება თუ არა სირია ანტირუსული კოლექტიური შეტევის საწინდარი?
ეს, ის კითხვებია, რომლებიც პოსუხს მოითხოვს.
კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ შექმნილ ვითარებას - აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთში ამერიკა-ნატოს სამხედრო მანევრებს, უკრაინის არმიის გააქტიურებას დონეცკ-ლუგანსკის მიმართულებით, ომს სირია-ერაყში, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვას, ამერიკა-რუსეთის კინკლავს. ყოველივე ჩამოთვლილი აშკარა მაჩვენებელია ერთობ კრიზისული ვითარებისა, რომელსაც მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
მავანი მკითხავს - მერე, ჩვენ რაო. ის, რომ ამ ყველაფერთან ახლოს ვართ. ის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მოდის. ის, რომ აშშ-ს გარკვეული წრეები მხარს „ნაცებს“ უჭერს. ის, რომ უკმაყოფილო „ნაცები“ და მათი სატელიტები არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ, რასაც ქაოსი და შეხლა-შემოხლა მოჰყვება „სანატრელ“ სააკაშვილის ჩამოსვლით და ა.შ.
სააკაშვილის საქართველო ჰაერივით სჭირდება ვაშინგტონის გეგმას, რუსეთის წინააღმდეგ ანუ ცეცხლი სამხრეთიდან. საქართველო ემზადება არჩევნებისთვის - ერთობ არასერიოზულად, 30-ზე მეტი პარტიის მონაწილეობით. სხვებიც ემზადებიან, გაცილებით სერიოზულად. ეს აშშ-ში არსებული ძალებია, რომელთაც სხვა მიზნები ამოძრავებთ - ანტირუსული პლაცდარმის შექმნა. ასეთად ისინი „ნაცებს“ და მათ ბელადს მიიჩნევენ.
ვისურვებდი, რომ ეს ძალა დამარცხებულიყო და რაც მთავარია ჩვენს მიერ ნანახი სიზმარ-ცხადი არ ასრულებულიყოს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
19/06/2016

სტატიების არქივი