სათამაშოდ ქცეული სიტყვა „დემოკრატია“

Hamlet Chipashvili - politologi

სიტყვა „დემოკრატია“ საბჭოთა კავშირის დროსაც გვესმოდა, მაგრამ მან შინაარსი მაშინ შეიძინა, როდესაც ძველ სისტემას დავშორდით და ახალში ამოვყავით თავი. როგორც გვიმტკიცებენ - ეს, სწორედ ის დემოკრატიაა, რისთვისაც ვიბრძოდით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არაო - უმალ იტყვიან თანამედროვე სკეპტიკოსები.
„ჭეშმარიტი“ დემოკრატები კი საწინააღმდეგოს ამბობენ, თან იქით მიაპყრობენ მზერას, საიდანაც წამოვიდა ეს დალოცვილი, თანამედროვე დემოკრატია. ამას წინათ ერთმა „დემოკრატმა“ პარლამენტარმა, ყოველგვარი უხერხულების გარეშე, ქებით მოიხსენია მსოფლიოს პირველი დემოკრატი სახელმწიფო აშშ-ი.
სიტყვა „უხერხულებას“ იმიტომ ვხმარობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდო „ხალხის რჩეული“ სიტყვა „დემოკრატის“ უადგილო ადგილას ხსენებისთვის, უფრო მეტიც, იმ უვიცობისთვის, რომელმაც მას ხელი ჰკრა აშშ-ს თანამედროვე დემოკრატიის აკვნად მოსახსენიებლად.
სამწუხაროდ, ქართველი მედასავლეთენი სისტემატურად იყენებენ სიტყვა „დემოკრატიას“ დასავლური ყოფაცხოვრების დასახასიათებლად - „აი, ჭეშმარიტი დემოკრატია იქ არის და ჩვენც ისეთებად უნდა ვიქცეთო“. და ამას აკეთებენ სისტემატურად, მიუხედავად ანტიდემოკრატიული მაგალითებისა, რასაც ადგილი აქვს ყოველდღიურ დასავლურ ცხოვრებაში.
დემოკრატია, უდავოდ არ ჰქვია იმას, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 74% კატეგორიული წინააღმდეგია საფრანგეთის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული შრომის კანონის, რომელიც კარდინალურად ეწინააღმდეგება ადამიანთა დემოკრატიულ დასაქმებას, ხელს აძლევს დამსაქმებელს, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, უხელფასოდ ამუშაოს სამუშაო საათების შემდეგ...
პრეზიდენტი ოლანდი, თანაც სოციალისტი, შეუპოვრად აცხადებს - სიტყვას არ გადავალ და კანონს ცხოვრებაში გავატარებო. არადა, საფრანგეთის ქალაქების ქუჩები, ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო დემონსტრაციებს უკავია. იმსხრევა მაღაზიების ვიტრინები, იმტრევა ავტომანქანები, ტყდება დემონსტრანტთა თავები, მაგრამ ხელისუფლება არ ტყდება, ჯიუტად აგრძელებს თავისას. საფრანგეთის პარლამენტი ხალხის გვერდით დადგა - ჩააგდო კანონპროექტი, მაგრამ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შემოვლითი გზით, მაინც გაიტანა თავისი. ძალს ის და ძალს ხალხი. ვინ გამოვა გამარჯვებული, არვინ იცის.
საფრანგეთში რომ ისეთი დემოკრატია იყოს, ჩვენ რომ გვგონია, მთავრობა კანონს ვერ მიიღებდა ან არ მიიღებდა. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი (74%) თუ თვლის, რომ კანონი ანტისახალხოა, ვისთვის და რისთვის იღებენ მას?
საფრანგეთში, ჩვენი გაგებით, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, სახალხო პროტესტის მიუხედავად, მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინების კანონი. მაშინ პარიზის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. უფრო მეტიც გამოვიდოდა - უბრალოდ ქუჩებმა ვერ დაიტიეს პროტესტანტები. ერთ წელზე მეტია ძალაშია კანონი და საფრანგეთის ტელევიზიები, დროდადრო კმაყოფილებით აჩვენებენ მაყურებელს ერთსქესიანთა საქორწინო ცერემონიებს.
სულ ახლახანს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მონტენეგროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეცადინეობით ეს პატარა ქვეყანა ძალით შეიყვანეს ნატოში. მონტენეგროელები იფიცებიან, რომ ამ „დემოკრატიული“ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო სახალხო გამოსვლებს გააგრძელებენ. აშშ-ს და ნატოს სულაც არ აინტერესებთ მოსახლეობის უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულება ნატოს მიმართ, რაც აშკარა დამადასტურებელია დასავლური „დემოკრატიის“.
არანაკლები „დემოკრატიულობით“ გამოირჩევა გერმანიაც, სადაც სირიიდან, ერაყიდან, აფრიკის ჩრდილოეთიდან, ავღანეთიდან შესულმა ლტოლვილებმა კარდინალურად შეცვალეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, უპირველესად გერმანიის ცხოვრების რითმი. გერმანიის კანცლერის, მერკელის მოჭარბებულმა ლიბერალიზმმა ფართოდ გაუღო ქვეყნის კარი მუსლიმან ლტოლვილებს, რამაც აღშფოთება გამოიწვია ხალხში. ჯანღონით სავსე ახალგაზრდა მამაკაცი - ლტოლვილების მიძალებამ გერმანელ ქალებზე, მათ მიმართ ისეთი ანტაგონიზმი გააჩინა, ვერავითარი „დემოკრატიით“ ვერ ჩაცხრება.
„თქვენც ერთ მეტრზე ახლოს ნუ მიხვალთ ლტოლვილ მამაკაცებთან“ - იყო რჩევა გერმანიის მთავრობის, გერმანელი ქალებისთვის, მაგრამ ისინი (მამაკაცები) რომ არაფრად აგდებენ ერთმეტრიან ზღვარს?!
„უნდა ავიტანოთ! ეს ჩვენი, დემოკრატიული ქვეყნის ვალიაო. აუგად არ უნდა მოვიხსენიოთ ლტოლვილები და მათი გამომწვევი ქცევაც სხვაგვარად, ანუ უარყოფითად არ უნდა შევაფასოთო“. ესეც მერკელის დემოკრატია - სახლში გივარდებოდნენ და ხმის ამოღებასაც გიშლიდნენ.
დემოკრატიას ვერ ხედავენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ბრიუსელის მიერ ევროპაში შესული ლტოლვილების განაწილებაში. „თუ ევროკავშირის მიერ ნაბოძები სიკეთეები გსურთ, ლტოლვილებიც უნდა მიიღოთო“, - ამბობს ბრიუსელი. ამ „დემოკრატიულმა“ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები. აღშფოთდნენ, მაგრამ მერე რა? „დემოკრატიულმა“ ბრიუსელმა თავისი გაიტანა, თუმცა დიდ ბრიტანეთთან ვერას გახდა. ბრიტანეთის პრემიერმა ქემერონმა კატეგორიულად არ მიიღო ბრიუსელის ბრძანება ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და ევროკავშირიდან გასვლითაც დაიმუქრა.
ლტოლვილებთან ერთად სხვა თემებიც იჩენს თავს, რომლებიც რახანია სუვერენიტეტს ულახავს ინგლისს, მაგრამ მარტო მას? იქნებ სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც ანტიდემოკრატიულობის ცილისწამების შიშით ხმა ვერ ამოუღიათ? ვინც ხმა ამოიღო, მაგალითად უნგრეთის ლიდერი ორბანი, უმალ დიქტატორად მონათლეს და გამუდმებით ქოქოლას აყრიან, დემოკრატიის დამაქცევრად მოიხსენიებენ.
კრიტიკას ვერ ასცდა ბორის ჯონსონი, ლონდონის ყოფილი მერი, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დაბეჯითებით მოუწოდებს ხალხს 23 ივნისს ხმა მისცეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. აღნიშნულ დღეს ინგლისში ამ თემაზე რეფერენდუმი ტარდება.
ერთ პარტიაში, როდესაც ლიდერი ქემერონი ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, ხოლო მეორე ლიდერი ჯონსონი გამოსვლის - უდავოდ დემოკრატიაა. ევროკავშირის ხელმძღვანელის ტუსკის მიერ ჯონსონის გაკრიტიკება კი საეჭვო დემოკრატიაა. აი რა თქვა ჯონსონმა: „2000 წლის განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, ერთი ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინათ ევროპის ქვეყნები. ამას ნაპოლეონი, ჰიტლერი, სხვა პირები ცდილობდნენ, მაგრამ ეს მცდელობა ყოველთვის ტრაგიკულად სრულდებოდა. ევროკავშირიც ანალოგიური მცდელობაა, ოღონდ სხვა მეთოდებით“. მან მოუწოდა ხალხს, სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის უარი უთხრას ევროკავშირს.
ჯონსონს, ამ მოწოდების გამო არც ერთი ინგლისელი ერის მოღალატედ არ აცხადებს, „დემოკრატიულ“ საქართველოში კი ის, ვინც ნატოში შესვლის წინააღმდეგია, ქვეყნის მოღალატეა. ჯონსონის მოწოდებას მხარი დაუჭირა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა, რომელმაც თქვა, რომ ინგლისისთვის უკეთესი იქნება ევროკავშირიდან გასვლა.
მართალია, ტრამპი ოდიოზურ ფიგურად მიიჩნევა, ისეთად, ისტებლიშმენტის საწინააღმდეგო აზრებს რომ აფრქვევს და ამით ამომრჩეველთა უამრავ ხმებს აგროვებს, მაგრამ მას ხომ ამისთვის არავინ სჯის? მისი დასჯა - არჩევნებში დამარცხება იქნება, რისთვისაც ძალას არ იშურებენ საკუთარი პარტიის ბოსები, რომ აღარაფერი ვთქვათ დემოკრატებზე. და რაც უფრო მკვახედ აძაგებს ამერიკის პოლიტიკა ტრამპს, მით უფრო მეტ გულშემატკივარს იძენს ის. ერთ მხარეს არის პოლიტიკა, მეორეს - ტრამპი და ხალხი. და თუ ამ მეორემ, უდავოდ დიდმა ძალამ, ხელოვნური დამარცხება იგემა - ამერიკული „დემოკრატიის“ ზეიმი იქნება.
აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ წარმოებული პოლიტიკა - დემოკრატიაა, მიუხედავად იმისა „დემოკრატების“ ადმინისტრაციაა ქვეყნის სათავეში თუ „რესპუბლიკელების“. დემოკრატიის ნიღბით განხორციელდა ომები ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სხვაგან, რამაც აშშ-ს ბიუჯეტს 4 ტრილიონი დოლარი გაანიავებინა.
დემოკრატიის ნიღბით მიმდინარეობს აშშ-ს და მის მიერ შექმნილი კოალიციის ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. დემოკრატიის ნიღბით ხდება ფაშიზმის, ბანდერიზმის აღორძინება უკრაინაში, სანქციების დაწესება რუსეთის, სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
„დემოკრატიის“ დაცვის მიზნით აქვს ადგილი კუკმალობანას თამაშს თურქეთთან, რომელიც იარაღს აწვდის „ისლამურ სახელმწიფოს“ და ნაცვლად იმისა, რომ აშშ-ა დაგმოს მისი საქციელი ისე იქცევა, თითქოს ვერ ხედავს.
აშშ-ს ორმაგი პოლიტიკური სტანდარტების მძაფრი კრიტიკით გამოდის პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, რომელიც აცხადებს რომ სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის ნიღბით შესულმა აშშ-ა მოიტანა მსოფლიო ქაოსი, დაძაბულობა, ომი, ათასობით ადამიანის მსხვერპლი. ძალით გადემოკრატება არასასურველი გზაა და მასზე ამერიკამ უარი უნდა თქვას.
„ყველაფერი დაიწყო სახიფათო იდეით - შეგვეტანა დასავლური დემოკრატია იქ, სადაც არც ამის გამოცდილება ჰქონდათ და არც სურვილი. ჩვენ არარაობად ვაქციეთ მათი ინსტიტუტები, გავაღვივეთ სამოქალაქო ომები, რელიგიური ფანატიზმი, ამ საქმეს შევწირეთ ათასობით ამერიკელი“, - ამბობს ტრამპი.
ტრამპის იდეები უდავოდ იმსახურებს ყურადღებას, ამიტომაცაა რომ დღითიდღე იზრდება მისი მხარდამჭერთა რიცხვი. ტრამპი ახალი, განსხვავებული სახეა ამერიკის პოლიტიკაში და თუ მან შეძლო დანაპირებიდან თუნდაც მესამედის შესრულება, ამერიკა და მსოფლიო სხვანაირი იქნება. თუ რამდენად დემოკრატიული, ცხოვრება გვიჩვენებს, მაგრამ დღევანდელზე რომ მეტად დემოკრატიული, ეჭვსგარეშეა.
დემოკრატიას ვერ უწოდებ თეთრი სახლის ქცევას, რომელიც ძალით ტენის საკუთარ ხალხს ერთსქესიანთა ქორწინებისთვის პატივისცემას და არა მარტო საკუთარს, არამედ სხვა ქვეყნის ხალხებსაც, მათ შორის ჩვენსაც. მაგრამ ჩვენ მარტო „ცისფერობას“ გვტენიან? დემოკრატიის ნიღბით, ბევრ სხვასაც, მაგალითად ნატოზე და ევროკავშირზე ოცნებას - გამუდმებით, პაუზის გარეშე. შესვლაზე ოცნებას და არა შესვლას, ვინაიდან შესვლა, მისი მხრიდან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა, რისკია. მისი აზრით, „გაუწონასწორებელ“ ქართულ პოლიტიკას ხომ შეუძლია ამერიკა შარში გახვიოს? და რომ ამას არ ჰქონდეს ადგილი, მუდამ უნდა იყოს დაპირება - მობრძანდით, კარი თქვენთვის ღიაა. დაპირებას, სხვა მნიშვნელობაც აქვს - თვალი არ გაგვექცეს მეზობლებისკენ, ჩვენს ჩრდილოეთით რომ არის.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება დემოკრატიის პირველი მქადაგებელი, მოკავშირე საქართველოს პოლიტიკური ვექტორის შეცვლით? სხვა მეზობლისკენ გადახრას თუ მეტნაკლებად აიტანს, რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას ვერ შეეგუება, ვინაიდან ის არის ერთადერთი, ვინც ახერხებს მასთან სამხედრო ბალანსის შენარჩუნებას, რაც უდავოდ აღიზიანებს მას. „რუსეთი უნდა აილაგმოს, დაკნინდეს, დაჩაჩანაკდეს, დაქუცმაცდეს. მისი სახელი აღარ უნდა ისმოდეს მსოფლიოში“ - ასეთია პირველი დემოკრატის „დემოკრატიული“ მოწოდება.
რუსეთის გამოჩენა ნებისმიერ საკითხში სამხედროდან დაწყებული, ხელოვნებით და კულტურით დამთავრებული, უსიამოვნო ჟრუანტელს გვრის მას. არასასიამოვნო შეგრძნების თავიდან აცილების მიზნით მზადაა „დემოკრატიულად“ ყველა დარგში ფეხი დაუდოს მას. როდესაც ყურით მოთრეული საბაბით რუსი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებ; როდესაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებულ რუს მომღერალ ლაზარევს, ნაცვლად პირველისა, მესამე ადგილზე განამწესებ - მიუხედავად ევროპის ქვეყნების მოსახლეობის სურვილისა (ევროპელებმა ხომ ხმები ლაზარევს მისცა), აშკარად სახეზეა მიკერძოება, დასავლური „დემოკრატია“, პოლიტიკის ხელის ფათური სპორტში, ხელოვნებაში, სხვაგან.
დასავლურ დემოკრატიას აყოლილმა საქართველომ, უფრო სწორად მისმა ჟიურიმ, ნულის მეტი ვერ გაიმეტა რუსი მომღერლისთვის, ვინაიდან ასეთი დავალება მიიღო მან დასავლეთის „დემოკრატიისგან“. რუსეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის ჟურნალისტმა კუშანაშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ კონკურსის ფინალის დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ქართული ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, რომელმაც დაუფარავად უთხრა, რომ „ნულების“ საკითხი წინა დღეს გადაწყდა, რაც თავისთავად მეტყველებს დასავლურ-ქართულ „დემოკრატიაზე“.
საქართველოში სიტყვა „დემოკრატია“, მითუმეტეს მისი შინაარსი მხოლოდ ხელისუფლებაზე იყო და არის მორგებული. ყველაფერს რასაც ხელისუფლება აკეთებს „დემოკრატიული“ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. ხელისუფლების, ცხადია წასულის თუ ჩამოგდებულის არადემოკრატიულობას ახალი „დემოკრატიული“ ხელისუფლება აცნობს ხალხს. ისიც მორჩილად უსმენს და ვერაფრით გაუგია, რატომაა წასული არადემოკრატიული, ხოლო მოსული დემოკრატიული.
რატომაა ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიის მებაირაღე, როდესაც არ იზიარებს შენს ისტორიას, ყოფას, კულტურას, ტრადიციას და თავს გახვევს საკუთარს, რომელიც უკუღმართად მიგაჩნია? ამ კითხვას ხშირად დასვამს ხალხი, მაგრამ ნამდვილ პასუხს ვერ ეღირსება. მან თვით უნდა ამოხსნას არცთუ იოლად ამოსახსნელი ამოცანა. რამდენად სწრაფად მოახერხებს ამას, მასზეა დამოკიდებული. ამოცანის ამოხსნა არა მარტო უბრალო ამოცანისთვის თავის გართმევაა, მას სხვა დატვირთვაც აქვს, სერიოზული, სიღრმისეული, რასაც ნამდვილი თავისუფლება, დამოუკიდებელი არსებობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია ჰქვია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
20/05/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.