საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


დენიელ ფრიდის ნათქვამი ნახევარსიმართლე

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

8 წლის წინანდელი ცხინვალის ომი კარგა ხნის განმავლობაში იქნება ნებისმიერი ქართველის მწარედ გასახსენებელი ისტორია, რომელმაც არა მარტო დამთრგუნველად იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე, არამედ დაგვარწმუნა იმ ჭეშმარიტებაში, რომ ძლიერთან და დიდთან ჭიდილი, მითუმეტეს სამხედრო, ცუდად თავდება.
2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს ყოფილი ავტონომიები რომ ფაქტიურად დამოუკიდებლად არსებობდნენ, ეჭვი არვის ეპარება, მაგრამ იყო მცირეოდენი იმედი, რომ 1992 წლის ომის შედეგი - მარცხის თვალსაზრისით, მოლაპარაკების მაგიდასთან გასწორდებოდა, კვლავ აღდგებოდა ქართველთა და აფხაზთა შორის ჩატეხილი ხიდი და მასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს იურისდიქცია ავტონომიაზე.
მაშინ, თითქოს შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგა სოხუმ-თბილისის ურთიერთობათა დაახლოებისთვის - სხვადასხვა სახის შეხვედრებზე, სემინარებზე, ფორუმებზე, რომლებშიც აქტიურობდნენ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები.
თითქოს შედეგიც იყო, ცხადია არა მასშტაბური, უმნიშვნელო, ვინაიდან 1992 წლის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ - დიდი მსხვერპლითა და ნგრევით, ვითარების კარდინალურად შეცვლა წარმოუდგენელიც იყო. და მაინც, ოფიციალურ თბილისს რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინა შერიგების პროცესისთვის, შედეგი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა. სამწუხაროდ, სხვაზე ჩამოკიდებულმა საქართველომ, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და „მეგობარ“ ქვეყნებზე, ის ძალისხმევა არ გამოავლინა, რაც საჭირო იყო ესოდენ რთული საკითხის მოსაგვარებლად.
საქართველოს ხელისუფლებას არც ძალა ეყო და არც საერთაშორისო საქმეებში გამოცდილება, ვითარების რეალური აღქმისთვის. ის დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერვინ, ვერაფერს დააკლებდა. მას დამხმარედ გაეროს დოკუმენტი მოჰყავდა (ტერიტორიის მთლიანობა). ხელისუფლებამ იმავე დოკუმენტში ჩაწერილ „ერთა თვითგამორკვევას“ არ მიაქცია ყურადღება და რატომღაც პრიორიტეტულად ქვეყნის „ტერიტორიული მთლიანობა“ მიიჩნია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან კაცი თავისთვის სასარგებლოს აქცევს ყურადღებას და არა საწინააღმდეგოს.
ტერიტორიული მთლიანობის საკითხს აქტიურად იხილავდა საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორი“ აშშ. საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატები ხშირად სტუმრობდნენ სოხუმს - საკითხის მოგვარების მიზნით. და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა სააკაშვილის გამოუსწორებელი გადაწყვეტილება - ომის გაჩაღება. 2008 წლის აგვისტოს ომი კულმინაცია იყო იმ გაუწონასწორებელი, ავანტიურისტული პოლიტიკისა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში.
„ნაციონალური“ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან დაწყებული, მკვეთრად შეიცვალა თბილის-სოხუმს შორის რის ვაივაგლახით შეკოწიწებული ურთიერთობა და მასთან ერთად მეზობელ რუსეთთან დამოკიდებულება. გახშირდა რუსეთის მიერ „ორგანიზებული“ პროვოკაციები, სასაზღვრო ინციდენტები. 2008 წლის 8 აგვისოს ომი სააკაშვილის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება იყო.
დღეს, ხშირად სვამენ კითხვას - შეიძლებოდა თუ არა ომის აშორება? (ქვეტექსტად იკითხება - რუსეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო ავანტიურაში არ ჩაბმა.) შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციების დაგრილება იყო საჭირო, რასაც ვერც სააკაშვილის ჯიბის პარლამენტი და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება, ვერ შეძლებდა.
ერთადერთი ძალა, ვისაც შეეძლო მასზე ზემოქმედება აშშ-ს ადმინისტრაცია იყო. სამწუხაროდ, მას სხვა გეგმები ჰქონდა, სადაც ცხინვალის ავანტიურას, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ცხინვალის ომს ანუ კონფლიქტს რუსეთთან ამ უკანასკნელისთვის მძიმე პრობლემები უნდა შეექმნა და მოეწყვიტა კრემლის ყურადღება სხვა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საკითხებიდან.
ეს ჩანაფიქრი უდავოდ განხორციელდებოდა, რომ არა რუსეთის სწრაფი სამხედრო რეაგირება და ომის უსწრაფესად დამთავრება. საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა უდიდესი გონიერება, არ აჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის ბაქრაძის მოწოდებას პარტიზანული ომის გაჩაღებისთვის (დანებით, ჩანგლებით), რითაც თავი გადაირჩინა განადგურებისგან.
დასავლელი, მათ შორის ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი სააკაშვილის მილიტარისტულ გადაწყვეტილებას, ამერიკული გეგმის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, რითაც ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არცთუ სახარბიელო დღეში აყენებს. ერთ-ერთი მათგანი არის აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი, რომელსაც რადიო „ამერიკის ხმამ“ ინტერვიუ ჩამოართვა. შეკითხვაზე - ომი გარდაუვალი იყო თუ არა, ფრიდმა უპასუხა შემდეგი: „ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი გახლდათ იმიტომ, რომ რუსეთს უნდოდა ეს მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა“.
ფრიდის პასუხი ზუსტად ისაა, რაც წინასწარ ჰქონდა შემუშავებული „წამქეზებელს“. იგივეს იმეორებს სააკაშვილი, სხვები - თავის გასამართლებლად: „რუსეთის პროვოკაციებმა გამოიწვიეს ჩვენი მოქმედება“.
შეკითხვა: „ ამერიკის მხარდაჭერამ წააქეზა სააკაშვილი რუსეთთან კონფრონტაციული პოზიცია დაეჭირა, თქვენ რას ფიქრობთ?“ პასუხი: „ამ შეხედულებას არ ვეთანხმები. აშშ-ს მხარდაჭერა უპირობო არ იყო. მიხეილ სააკაშვილი დაუდევრად მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად“.
რესპონდენტის პასუხი აშკარა მანიშნებელია ერთი მარტივი რამის - აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციის „გათეთრების“, სააკაშვილისთვის მძიმე ტვირთის აკიდვის, თან მისი დანდობის და რუსეთზე აქცენტის გადატანის. სააკაშვილმა და მხოლოდ მან და არა აშშ-ა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ დანაშაულზე რუსეთმა უბიძგა.
თავის მართლების კლასიკური მაგალითია ფრიდის შემდეგი ნათქვამი: „მახსოვს, იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოს მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილს. მე, პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა - სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს“.
ეს დიალოგი 8 აგვისტომდე შედგა. მისი შინაარსი მარტივია - ომზე მსჯელობა, მაგრამ მისი წარმოების შეუძლებლობა მოუმზადებლობის გამო. კონდოლიზა რაისი არაფერს ამბობს სამხედრო ოპერაციის უგუნურებაზე; ომის იდეის თავიდან ამოღებაზე; „თავი ნუ მოგაქვს“ ანუ ნუ ბაქი-ბუქობ, როდესაც არაფრის თავი არ გაქვსო.
რამდენად შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო სააკაშვილისთვის სახელმწიფო მდივნის ეს ნათქვამი? დარწმუნებული ვარ, მან უმალ გულში გაივლო - დაგანახებთ, თუ რა შემიძლიაო.
ფრიდის მოგონებამ დამარწმუნა იმაში, რაც ყველასთვის, მათ შორის ამერიკელი ანალიტიკოსებისთვის კარგა ხანია იყო ცნობილი - ვაშინგტონს კატეგორიულად არ უთქვამს სააკაშვილისთვის - ნუ დაიწყებო. ფრიდის ნათქვამი - „მათ საჭიროდ არ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ“ - მიამიტურად ჟღერს.
სააკაშვილი, რომელიც ტუალეტში შესვლასაც ამერიკელებს უთანხმებდა, მათ წინააღმდეგ წავიდა? დაუჯერებელია. დაუჯერებელია ისიც - აშშ-ს საელჩოს დიპლომატებმა ყური რომ ვერ მოკრეს, ვერ დაინახეს მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება გორის მიმართულებით. დაუჯერებელია ბევრი სხვაც, მაგრამ რა გაეწყობა - გინდ დაიჯერეთ, გინდ არაო - გვეუბნება „სტრატეგიული პარტნიორი“, თან რჩევასაც გვაძლევს:
„ქართველები მეუბნებიან, რომ მათი მიზანი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება. ძალიან კარგი, მაშინ იმუშავეთ ამ მიზანზე ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა და ნაპერწკლები გააჩინოთ. ნატოზე ზეწოლა და დაუყოვნებელი მოთხოვნა, რომ საქართველო ახლავე მიიღოს ალიანსში, უშედეგოდ დამთავრდება. ამიტომ რა საჭიროა ამ გზის არჩევა? იარეთ გზაზე ნაკლები წინაღობით“.
ფრიდის ნათქვამი ის ჭეშმარიტებაა, რასაც სამწუხაროდ არ იზიარებს ქართული პოლიტიკა. არადა ნამდვილად გასაზიარებელია, ვინაიდან, როგორც ჩანს, ჩვენი გამუდმებული ნატო-ნატოს ბღავილით, „სტრატეგიულ პარტნიორსაც“ მოვაბეზრეთ თავი. დავუშვათ, აღარ ვიყვირებთ, აღარ ვთხოვთ (გამუდმებით) დასავლეთს - ნატოში გვინდაო, მაშინ რას ეტყვის ხელისუფლება ხალხს - იმას, ხომ არა - 20 წელი გატყუებდიო?
ისე, კაცმა რომ თქვას, მწარე სიმართლე ჯობს, მუდმივ ტყუილს. ახლა კი მეორე ტყუილის შესახებ, რაზეც გამუდმებით ქადაგებს არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თემა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ომის დაწყება, თუმცა არ იქნებოდა ომი და არ იქნებოდა ლაპარაკი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. დიდი-დიდი ვილაპარაკებდით ავტონომიაში ცენტრის იურისდიქციის აღდგენაზე, ისე, როგორც ცხინვალის ომამდე ვლაპარაკობდით.
გარდა ამისა, არც რუსეთში მოღვაწე აფხაზი ისტორიკოსის ასლან ავიძბას შემდეგი განცხადებაც იქნებოდა: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის მნიშვნელობა შეუფასებელია. აფხაზი ხალხისთვის - ეს არის აღიარება ტანჯვის, რომელსაც ვითმენდით იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების უფლება, საკუთარი კანონებით. ეს არ არის ერთი თაობის გამარჯვება, ეს აფხაზი ხალხის ძალისხმევის აღიარებაა, რაც მან გასწია უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში“.
მეცნიერის ნათქვამი უდავოდ არ არის მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებული, მას სხვა ფუნდამენტი აქვს, რასაც თბილისი არც საბჭოთა პერიოდში და არც საბჭოეთის გარეშე (ბოლო 25 წლის განმავლობაში) აქცევდა და აქცევს ყურადღებას. არის თუ არა ეს ერთი კაცის, ერთი მეცნიერის აკვიატებული აზრი. იქნებ ავიძბა მარტო არ არის? იქნებ სხვებიც ასე ფიქრობენ?
ერთა შორის ურთიერთობის თემა უსერიოზულესია. ის სხვაგვარ განსჯას საჭიროებს და არა ისეთ პრიმიტიულს, ჩვენი ინტელიგენცია რომ შიგადაშიგ ავლენს - აფხაზეთი, რუსეთთან ურთიერთობით დაკარგავს თვითმყოფადობას და საბოლოო ჯამში დიდ ქვეყანაში აითქვიფება. ამასთან დაკავშირებით აფხაზთა ლიდერმა, აწ განსვენებულმა არძინბამ ბრძანა - ტბაში დახრჩობას, ოკეანეში დახრჩობა გვირჩევნიაო.
როგორც ჩანს, ოფიციალურმა თბილისმა რაღაც დააკლო, რაღაც ვერ გათვალა და შედეგად მივიღეთ გამოუსწორებელი რამ, რასაც ფართო ავტონომიის მინიჭება ვერ უშველის. იყო ასეთი შეთავაზებაც წინა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან.
რა ვითარებაა დღეს? არც არაფერი. თუ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში რაღაც ძვრებს ჰქონდა ადგილი, სააკაშვილის დროს - გაკეთებულის განადგურებას, „ოცნების“ ხელისუფლება თვითდინებას არის მინდობილი და უმნიშვნელო „რაღაცაებით“ იმშვიდებს თავს. ქართულ-რუსული პოლიტიკური დიალოგი ფაქტიურად არ არსებობს. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის პოზიცია მყარია, მაგრამ საქართველოსთვის მიუღებელი - საქართველომ აღიაროს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები ანუ რეალობა, ანუ ცნოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა; პირველ ეტაპზე თბილისმა გააფორმოს სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება.
საქართველოს ხელისუფლებას არ სურს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ დონეზე დადგომა თუნდაც რაიმე სახის დოკუმენტში და ცდილობს დიალოგი წაიყვანოს ერთობლივი საკონტროლო კომისიის მიმართულებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იხილავს ყოფით საკითხებს. პრინციპული საკითხები თითქოს ჟენევაში იხილება, თითქოს.
ჟენევის ფორმატი ისეთია, ინოვაციას რომ არ ექვემდებარება. ამ ფორმატში მხარეებმა შეიძლება გაუთავებლად ილაპარაკონ, თუმცა უშედეგოდ. მხარეებს შეუძლიათ ჟენევის „გამოფხიზლება“, მაგრამ არც ერთი მზად არ არის ამისთვის. მათ აწყობთ ისე, როგორც არის. არადა პირველს, ვისაც არ უნდა აწყობდეს შენელებული მოქმედება - ოფიციალური თბილისია. დრო ნეგატიურად აისახება საქართველოზე.
ერთის შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რაღაცას ელოდება და ეს „რაღაცა“, მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე პროცესებია, რუსეთის დასუსტება, აშშ-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი გავლენის გაძლიერება, რაც აიძულებს რუსეთს დიდ დათმობებზე წასვლას.
დღევანდელი რუსეთის შემხედვარეს, არ უნდა ჰქონდეს მსგავსი მოლოდინის იმედი. არც რუსეთის დაშლის იმედი უნდა ჰქონდეს. დროს უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს - იქნებ, რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ის სხვაგვარადაც მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთში გაჩნდა თაობა, რომელიც საქართველოს აღიქვამს უცხოურ სახელმწიფოდ, დაახლოებით ისეთად, როგორიც შორეული პორტუგალიაა ან სხვა. ეს, კი ისეთი რამაა, რასაც პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ვერ შეცვლი.
10-15 წლის შემდეგ იმდენად სხვა ვითარება იქნება აფხაზეთში, რომ იქაური მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუქცევადი გახდება, რაც თავისთავად აიძულებს თბილისს შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა. ცხადია, საქართველოს ყოველთვის ექნება რევანშის სურვილი, მაგრამ საზოგადოებაში, მითუმეტეს ახალში, რომელსაც აფხაზეთი არ უნახავს, გაჭირდება დაჯერება იმისა, რასაც ჰქვია უფლება ტერიტორიაზე, მის ხალხზე, ვინც არც კულტურის, იდეოლოგიის, ეთნიკური ცხოვრების თვალსაზრისით კავშირში არ არის საქართველოსთან.
ოფიციალურმა თბილისმა უნდა გამოიღვიძოს და სხვა თვალით შეხედოს რეალობას. პირველ ეტაპზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაც უნდა გააფორმოს ყოფილებთან და თბილის-სოხუმის რკინიგზის მონაკვეთიც აღადგინოს. სარკინიგზო კავშირებს უდავოდ მოჰყვება ადამიანური კავშირები, საქმიანი ურთიერთობები. ერთმანეთის ახლიდან გაცნობა, უნდობლობის გაბათილება. მხოლოდ ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება იქნება საფუძველი მთელი რიგი საკითხების გადაჭრის და არა განზე დგომა, ბუტიაობა.
ურთიერთმიმოსვლა უნდა იქცეს დაახლოების მთავარ საშუალებად, მასთან ერთად საერთო ბიზნესი, საერთო საქმიანობა. თავიდათავი დაახლოების პროცესისა არის ქართულ-რუსული ურთიერთობები. ქართულმა პოლიტიკამ უნდა შეიგნოს, რომ გზა გამთლიანებისკენ დასავლეთზე ან მარტო სოხუმ-ცხინვალზე არ გადის, ის რუსეთზეც გადის, რაც თავისთავად მოითხოვს ამ ქვეყანასთან სრულმასშტაბიანი კავშირების აღდგენას.
მიუღებელია იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები არ შეიძლება, ვიდრე რუსეთი არ წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, არ გააუქმებს იქ არსებულ საელჩოებს, სამხედრო ბაზებს. მსგავსი მოთხოვნების დაყენება ძირშივე ჭრის პოლიტიკური დიალოგის დაწყების საკითხს, ვინაიდან ულტიმატუმის მსგავსია, თანაც ომში დამარცხებული ქვეყნის მხრიდან.
ომი კი სააკაშვილმა გააჩაღა და არა რუსეთმა, რაც ხაზგასმით აღნიშნა დენიელ ფრიდმა: „მიმაჩნია, რომ ის (სააკაშვილი) არასწორი იყო, როდესაც ჯარით შევიდა. ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო (არავითარ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია), სწორია“.
წავა რუსეთი იმაზე, რასაც საქართველო ითხოვს? ცხადზე, უცხადესია, რომ არა. საქართველოს პრეზიდენტს მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა აეწონა ვითარება 2008 წლის აგვისტოში. პირველად - ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას და მეორედ - ომში დამარცხების შემდეგ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების ხელის მოწერის დროს.
მხედველობაშია მისაღები მაშინდელი ვითარება, სარკოზის სწრაფი რეაქცია და მოლაპარაკების გამართვა თბილისსა და მოსკოვში. ფაციფუცით შედგენილი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს სარკოზიმ და სააკაშვილმა, შემდეგ სარკოზიმ და მედვედევმა.
ხელშეკრულების ერთმა პუნქტმა გამოიწვია აზრთა სხვაობა. თბილისში ეს პუნქტი შეიცვალა. მოსკოვში არა. რუსულ ვარიანტში აღნიშნულია, რომ საქართველო და დასავლეთი მიესალმებიან აფხაზეთის პროცესის მოგვარების დაწყებას. ქართულ ვარიანტში დაემატა წინადადება „მოლაპარაკების კონტექსტი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.
პირველი ვარიანტი თავისთავად გულისხმობდა მოლაპარაკებას და არა დამოუკიდებლობას, მაგრამ რახან სააკაშვილმა დაამძიმა ტექსტი და ამასთანავე არაერთხელ ვერბალური მუქარაც გააკეთა - დაკარგულის ძალით დაბრუნების თაობაზე, რუსეთს ომის განახლების საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა, რის გამოც 26 აგვისტოს გადადგა ნაბიჯი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური აღიარებისკენ.
დღეს, ყოველივე აღნიშნული ისტორიაა - მწარე და ცუდად გასახსენებელი, მაგრამ საჭიროება მოითხოვს მის დაძლევას, ახალი გზების ძებნას და იმ ჩატეხილი ხიდის აღდგენას (ნაწილობრივ მაინც), რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
03/09/2016

სტატიების არქივი