„კასპიის ზღვა-სპარსეთის ყურე“ - საუკუნის პროექტი

Hamlet Chipashvili - politologi

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის უნაყოფო ვოიაჟს-ვოიაჟზე ახორციელებს ევროატლანტიკურ სივრცეში, მის რეგიონში მნიშვნელოვან მოვლენებს აქვს ადგილი. ორი უშუალო მეზობელი - აზერბაიჯანი და სომხეთი ეკონომიკური, განსაკუთრებით საკომუნიკაციო საკითხებით არიან დაკავებული, თანაც ისე, მთიან ყარაბაღთან მიმართებაში თითქმის ომში გადასულ კინკლაობასაც რომ ასწრებენ.
ბოლო ომი (ექსპერტთა მიხედვით, ამ კონფლიქტს უდავოდ შეიძლება ეწოდოს ომი) ისეთი გამოდგა, რომ უმალ მიიქცია დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთ-ირანის ყურადღება და ისინიც თავით გადაეშვნენ ახლად აფეთქებული დაპირისპირების მორევში. ოროვე მათგანისთვის ახალი ომის გაჩაღება მიუღებელია, ვინაიდან მას არა მარტო რეგიონის ქვეყნების ჩართვა შეიძლება მოჰყვეს, არამედ დიდი სახელმწიფოების.
მთიანი ყარაბაღი მუდამ საფრთხის გამომწვევი დენთის კასრია. პატარა ნაპერწკალიც საკმარისია, ახლო აღმოსავლეთის სიახლოვეს, ახალი, მუდმივი ხანძრის გასაჩენად. რუსეთ-ირანის პოზიცია პაციფისტურია - მჭიდრო, მეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით. განსაკუთრებული პოზიცია უკავია თურქეთს, აზერბაიჯანის სტრატეგიულ მოკავშირეს, რომელმაც პრეზიდენტისა და პრემიერის პირით არაერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანთან დგომა და ძალის არ დაშურება სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნებაში.
თურქეთი ცალსახად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, უფრო მეტიც, აგულიანებს დაპყრობილის დაბრუნებისთვის. თურქეთი, სომხეთის მუდმივი მოწინააღმდეგე, რომ აზერბაიჯანს უჭერს მხარს - გასაკვირი არაფერია. ისტორიული შეუთავსებლობის გარდა, თურქეთი ვერ იტანს სომეხთა წინააღმდეგ მის მიერ განხორციელებული გენოციდის აფიშირებას, მითუმეტეს მის აღიარებას სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან.
სომხეთი, რუსეთის მოკავშირეა, თან „ოდკბ“-ს („ОДКБ“) წევრი და ევრაზიული კავშირის შემადგენელი ნაწილი, რაც წითელი ნაჭრის როლს ასრულებს ოფიციალური ანკარისთვის. ყარაბაღის პრობლემაც რომ არ იყოს, სომხეთ-რუსეთის მეგობრული კავშირებიც საკმარისი იქნებოდა რუსეთის მოწინააღმდეგე თურქეთისთვის, ანტისომხური პოზიციის დასაკავებლად.
რუსეთ-თურქეთ-ირანის თვალთახედვა, მითუმეტეს პოლიტიკა, ერთმანეთს უპირისპირდება სირიის საკითხში. რუსეთ-ირანი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და დიდ დახმარებას უწევენ მას ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთი საპირისპიროდ მოქმედებს - უწევს რა „ისლამურ სახელმწიფოს“ დახმარებას ნავთობით ვაჭრობაში და ა.შ.
ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობის გათვალისწინებით, ყარაბაღის ომი მთელი რეგიონისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. სწორედ აღნიშნულის თავიდან აშორების მიზნით, ბაქოში ვიზიტი განახორციელეს რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ვიზიტი კონფლიქტის დაწყებიდან სულ თითზე ჩამოსათვლელ დღეებში მოხდა და დადებითი წვლილი შეიტანა კონფლიქტის ჩახშობაში.
ბაქოში ვიზიტის დროს, მოლაპარაკებაში მონაწილე რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის მხარეებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, მათ შორის ირან-აზერბაიჯანის შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელსაც მოგვიანებით მოჰყვა ასტარის სასაზღვრო პუნქტში ოფიციალური ცერემონია - ირან-აზერბაიჯანის სარკინიგზო ხიდის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით.
ხიდის მშენებლობა ამ წლის ბოლომდე დამთავრდება, რითაც მოხდება ირან-აზერბაიჯანის რკინიგზათა შეერთება და არა მარტო, არამედ რუსეთის რკინიგზასთან მიერთება. სამი ქვეყნის რკინიგზის შეერთება უმნიშვნელოვანესი რამაა არა მარტო ამ ქვეყნების ტვირთბრუნვის გაზრდის საქმეში. მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, კავკასიასთან, რუსეთთან, ევროპასთან დაკავშირების საქმისთვის.
სამხრეთ-ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტი, მეორეა საგზაო-სატრანსპორტო მარშრუტთან ერთად. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული ტვირთი, სპარსეთის ყურისა და ირან-აზერბაიჯან-რუსეთის გავლით, ევროპაში შევა. ეს, მარშრუტი, სხვებთან შედარებით გაცილებით იაფია, ამასთანავე ნაკლებ დროში განსახორციელებელი. პირველ ეტაპზე გამტარიანობა - 1,4 მილიონი მგზავრი და 5-7 მილიონი ტონა ტვირთი იქნება წლიურად. პერსპექტივაში კი - 15-20 მილიონი ტონა.
ირანი არა მარტო აზერბაიჯანის მიმართულებით აქტიურობს, არამედ სომხეთის. სომხეთ-ირანის რკინიგზის ერთმანეთთან შეერთება აქაც აქტუალურია. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის აქტიურად მუშაობს სომხეთის პრეზიდენტი სარგსიანი, რომელიც არაერთხელ ელაპარაკა პროექტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც წყარო იუწყება, რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას პროექტის დაფინანსებაში.
ასე, რომ, ირანი ორი მიმართულებით ჭრის გზას - რუსეთ-ევროპისკენ. თუ პირველ ვარიანტში საქართველო არ მოიაზრება, მეორე (სომხურ) ვარიანტში საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნება - სპარსეთის ყურე-ირანი-სომხეთი-საქართველო-შავი ზღვა-ევროპა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის გაცილებით მომგებიანი იქნება აფხაზეთის და რუსეთის რკინიგზასთან მიერთება, მაგრამ პოლიტიკური თვალთახედვიდან გამომდინარე, ქართული მხარე უარზეა თბილის-სოხუმის რკინიგზის შეერთების. დროთა ვითარებაში ალბათ ეს საკითხიც გადაიჭრება, მაგრამ დღეს, ოფიციალური თბილისის სიჯიუტით პროექტი ჩიხშია შესული.
ქართული მხარის ნეგატიური დამოკიდებულების გარდა, არც ამერკელებს სურთ პროექტის სინამდვილედ გადაქცევა, ვინაიდან ის რუსეთს მისცემს საშუალებას რკინიგზით დაუკავშირდეს მოკავშირე სომხეთს, ირანს და სპარსეთის ყურეში გავიდეს. მაგრამ რუსეთი აზერბაიჯანის პროექტითაც რომ გადის სპარსეთის ყურეში?!
რუსეთისთვის, სპარსეთის ყურეში გასვლა საუკუნოვანი ოცნებაა, რომელიც ვერადავერ აქცია რეალობად, თუმცა, როგორც ჩანს ამ ოცნების ცხოვრებაში განხორციელების ნიშნები არსებობს. აპრილის პირველ დეკადაში სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს, სტუდენტთა მიერ დასმულ კითხვას - გრანდიოზულ პროექტთან დაკავშირებით, რუსეთში, ირანის ელჩმა მეჰდი სანაიმ ასე უპასუხა: „ეს, საკითხი განხილვის პროცესშია“.
საქმე ეხება კასპიის ზღვის, არხით დაკავშირება სპარსეთის ყურესთან. კასპიის ზღვა მსოფლიოს ყველაზე დიდი ტბაა. მისი სანაპირო ზოლი 7000 კილომეტრია და გადის ირანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სანაპირო ზოლზე. ირანის პრეზიდენტმა რუჰანიმ გადაწყვიტა თაროდან ჩამოიღოს დამტვერილი პროექტი არხის მშენებლობასთან დაკავშირებით და ოცნება, რეალობად აქციოს. მშენებლობისთვის სავარაუდო თანხაც სახელდება 10 მილიარდი დოლარი. არხის მშენებლობის დამთავრების დრო - 2030 წელი ფიქსირდება.
არხის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, მოსალოდნელია კასპიის ზღვის ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის ერთი-ორად გაზრდა. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო გემებს შეეძლებათ ინდოეთის ოკეანეში, სხვა მიმართულებით, თურქეთის სრუტეების გვერდის ავლით გასვლა, რითაც გაუწევენ კონკურენციას აშშ-ს სამხედრო გემებს, რომლებიც თავისუფლად დაცურავენ სპარსეთის ყურეში.
ისტორიის მიხედვით, „კასპი-სპარსეთის ყურის არხის“ მშენებლობის პროექტის ავტორები რუსი ინჟინრები იყვნენ, რომლებმაც 1889-1892 წლებში შეიმუშავეს პროექტი. მისი მიხედვით, რუსეთს უნდა გასჩენოდა ინდოეთის ოკეანეში გასვლის უმოკლესი შანსი. მანამდე რუსეთი შეეცადა დაერწმუნებინა ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და ავსტრია-უნგრეთი ბოსფორსა და დარდანელზე რუსული კონტროლის დაწესებაში ანუ სანაპირო ზოლის გაყოლებაზე რუსული სამხედრო ბაზების განლაგებაში. და როდესაც მან მტკიცე უარი მიიღო, გადაწყვიტა სხვა გზისთვის მიემართა.
1997 წელს, აშშ-ა დააწესეს ანტიირანული სანქციები აღნიშნული არხის მშენებლობაზე, რომლის მიხედვით, ყველა უცხოურ კომპანიას, ჩართულს არხის მშენებლობაში სანქციები დაუწესდა. დღეს აშშ-ი იხილავს მის მიერ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების აუცილებლობას და ხშირ შემთხვევაში აუქმებს მათ, თუმცა არხის მნიშვნელობის საწინააღმდეგო სანქციას ძველებურად ტოვებს.
რუსეთ-ირანის პირველი კომისიის სხდომა 1904 წელს გაიმართა, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით განახლდა კომისიის მუშაობა, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა ისევ შეაჩერა ის. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ 1924 წელს განაცხადა, რომ ბოსფორი და დარდანელი არასდროს იქნება გამოყენებული საბჭოეთის წინააღმდეგ.
1941 წელს თურქეთმა, სხვადასხვა საბაბით, გაართულა ბოსფორსა და დარდანელში საბჭოთა სამხედრო გემების გასვლა. გარდა ამისა მან გარკვეულწილად ფაშისტური გერმანიის მხარე დაიჭირა, რამაც აფიქრებინა კრემლს 1942 წელს კასპიის პროექტის გადახედვა. არხის მშენებლობის საკითხი განხილულ იქნა 1943 წელს თეირანის კონფერენციის მსვლელობის ჩარჩოში სტალინისა და ირანის შაჰის რეზა ფეჰლევის მოლაპარაკებისას. მაგრამ ომის შემდგომი პერიოდის ვითარებამ არ მისცა საშუალება მხარეებს განეხორციელებინათ პროექტი. მოგვიანებით, ირანის შაჰის მოსკოვში ვიზიტის დროს, კვლავ შეეხნენ არხის მშენებლობის საკითხს, რომელიც დადებითად შეაფასეს. 1968 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კოსიგინის ირანში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ განიხილეს პროექტი.
ირან-აშშ-ს შორის აქტიურმა თანამშრომლობამ ნეგატიურად იმოქმედა არხის მშენებლობაზე. აშშ-ა განაცხადა, რომ ეს პროექტი არ შეესატყვისება მის გრძელვადიან ინტერესებს. გარდა ამისა, 1960 წლიდან, თურქეთმა საბჭოთა კავშირს შეუმცირა გადასახადი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში ტვირთების გატანაზე, რამაც თავისთავად იმოქმედა არხის მშენებლობის შეჩერებაზე.
გასული საუკუნის 90-იან წლებში კვლავ განახლდა აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, რომელიც 1999 წელს მოიწონა ორივე მხარემ. არხის სიგრძე - 700 კილომეტრი იქნება და გამოყენებული იქნება ირანში არსებული მდინარეების კალაპოტი, დაახლოებით 450 კმ სიგრძის, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათხრელი მხოლოდ 240 კილომეტრი იქნება.
დღევანდელი გათვლით, მშენებლობა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება, რომელიც მთლიანად დაიფარება არხის ექსპლუატაციის დაწყებიდან, მეხუთე წელს. არხი ირანს მოუტანს 1,4-1,7 მილიარდ მოგებას - ყოველწლიურად, რუსეთს - 1,2-1,4 მილიარდს.
ამ მართლაცდა საუკუნის მშენებლობას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - აშშ-ს, ევროკავშირის, თურქეთის სახით, რაც ძირითადად გამოწვეულია სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთს მიეცემა საშუალება უკონტროლოდ გავიდეს ინდოეთის ოკეანეში. გარდა ამისა, თავის ტერიტორიაზე გაატაროს აზიიდან-ევროპაში მიმავალი ტვირთები, რომელთაც ნაკლები დრო და ხარჯები დასჭირდებათ. არხის გახსნა გააფერმკრთალებს ბოსფორისა და დარდანელის მარშრუტს.
ბაქოში რუსეთის, ირანის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა არხის მშენებლობის დაწყებაზე. როგორც ჩანს, მშენებლობას წინ არაფერი დაუდგება და თუ ის განხორციელდა, სხვა შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში.
ღირს თუ არა ზემომოყვანილ პროექტებზე ყურადღების აქცენტირება? უდავოდ ღირს, ვინაიდან საქართველოსაც შეუძლია გამონახოს თავისი ნიშა აღნიშნულ პროექტებში, ცხადია თუ დაძლევს პოლიტიკურ ბუტიაობას და ამერიკულ დიქტატს.
„კასპიის ზღვა-სპარსეთის ყურე“ - პროექტი დიდი შესაძლებლობების მომტანია კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის, უპირველესად ეკონომიკური ზრდის საქმეში. გარდა ამისა, ის დააკავშირებს შავ ზღვას სპარსეთის ყურესთან, შესაბამისად ინდოეთის ოკეანესთან. რუსეთის მდინარეების წყალობით კასპიისა და შავი ზღვები ისედაც უკავშირდება ერთმანეთს სამდინარი გემებით, მაგრამ არხის გაჭრის შემდეგ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდება. მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისითაც პროექტი საინტერესოა.
აღნიშნული პოზიტიური მომენტებიდან გამომდინარე, პროექტი კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი იქნება ისე, როგორც პანამისა და სუეცის არხები. ცხადია, პროექტი დიდ პოლიტიკურ და ეკოლოგიურ წინააღმდეგობას წააწყდება, მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ბარიერები გადაილახება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
06/05/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.