იცვლება ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში?

hamlet chipashvili-politologi

ვინც ტელეკომპანია „CNN“-ს უყურებს, უყურადღებოდ არ დარჩებოდა ტელეწამყვანის მიერ ცნობილი ამერიკელი სამხედრო ექსპერტების „წვალება”. ერთობ არასასიამოვნო სურათი დაიხატა ჟურნალისტ-ექსპერტების საუბრის დროს, რომელიც სირიაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის სამხედრო აქტიურობას და ავღანეთის ომს ეხებოდა.
კუთხეში მიმწყვდეული სამხედრო ექსპერტები რის ვაი-ვაგლახით ცდილობდნენ მწვავე შეკითხვებიდან თავის დაღწევას, რომ იტყვიან - წყლიდან მშრალად ამოსვლას. ვერ მოახერხეს, ვინაიდან წყალიც ღრმა იყო და შეკითხვებიც არასასიამოვნო, მითუმეტეს სამხედრო ექსპერტებისთვის, რომლებმაც ნებისმიერ ჩვენგანზე მეტი იციან, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.
ტელეწამყვანის შეკითხვები კი იყო ასეთი - როგორ ახერხებს „ისლამური სახელმწიფო“ სირიის დაპყრობილი ტერიტორიებიდან ნავთობის გაყიდვას; ვინ ყიდულობს ამ ნავთობს; რატომ არ შეიძლება ტერორისტთა შემოსავლის წყაროს გადაკეტვა; როგორ მოახერხა რუსეთმა ერთკვირიანი საჰაერო შეტევით უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე აშშ-ა და მის მიერ შექმნილმა „ანტიტერორისტულმა კოალიციამ“ ერთი წლის განმავლობაში; რატომ ვერ დაიცვა 7000-იანმა ამერიკულმა სამხედრო კონტიგენტმა ავღანეთის ქალაქი კუნდუზი „თალიბანის“ 500-კაციანი მებრძოლების შეტევისგან; რატომ დაიბომბა ამ ქალაქის ჰოსპიტალი, რომელსაც მშვიდობიანი 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ექსპერტების ორაზროვანი და გაუგებარი პასუხების ჩემს მიერ გამეორება, მკითხველს ვერ შეუქმნის რეალურ სურათს, ავღანეთსა და სირიაში რომ აქვს ადგილი; ვერც აშშ-ს გუშინდელ და დღევანდელ ადმინისტრაციათა პოლიტიკაზე შეექმნება შესაბამისი აზრი. ექსპერტების პასუხები იყო პასუხისთვის და არა არსებული ვითარების განმარტებისთვის. არადა, მსოფლიო საჭიროებს სიმართლეს, ნაცვლად ღობე-ყორეს მიდებ-მოდებისა.
სინამდვილე კი ასეთია - 14 წელიწადია აშშ, ნატო და სხვა მათი მოკავშირეები, მათ შორის საქართველოც, იბრძვიან ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ, დევიზით - „ტერორიზმი უნდა განადგურდეს საკუთარ ბუდეში, ვიდრე ის თავის ბასრ კბილებს ამერიკას და მის თანამგზავრ ქვეყნებში გამოაჩენს“.
ამ ხნის განმავლობაში ათასობით ამერიკელი, „კოალიციის“ წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა დაიხოცა. განადგურდა სოფლები და ქალაქები. გაახალგაზრდავდა ტერორიზმი, გაფართოვდა მისი ქსელი, გაასმაგდა ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოება და მისი ავღანეთიდან გატანა და ა.შ.
ამერიკელთა 14-წლიანი აგრესია ავღანეთში სრული ფიასკოთი თავდება, რისი აშკარა დამადასტურებელია ქალაქ კუნდუზზე „თალიბანის“ 500 „ბოევიკიანი“ ჯგუფის წარმატებული სამხედრო ოპერაცია. 7000-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ და მის მიერ გაწვრთნილმა სამთავრობო ჯარმა, 20 გენერლის წინამძღოლობით, რის ვაი-ვაგლახით უკუაგდეს „თალიბანელი“ ჯიჰადისტები და დაიბრუნეს ქალაქი კუნდუზი.
ექსპერტების მიხედვით, 500 ჯიჰადისტში უხვად იყვნენ ცენტრალური აზიის, ჩინეთის, სხვა ქვეყნების ჯიჰადისტები, რომლებმაც „ისლამური სახელმწიფოს“ „არმიაში“ გაიარეს საბრძოლო წრთობა. ჯიჰადისტები შორის არ წასულან. როგორც ამბობენ, სტრატეგიული სოფლები და ქალაქები დაიკავეს და პოზიციებს იმტკიცებენ ახალი შეტევისთვის.
და ეს ხდება აშშ-ს სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 14 წლის შემდეგ.
ნებისმიერი ჩვენგანის მეხსიერებაში, დღიდან დამოუკიდებელი აზროვნების გაჩენისა, მტკიცედ გაჯდა ამერიკა-ნატოს ძლევამოსილების, აშშ-ს იარაღის სრულყოფილების, ამერიკელი ჯარისკაცების მაღალი პროფესიონალიზმის ამბავი. ეს შეგრძნება ისეთი იყო, უმალ რომ ფარავდა აშშ-ს წარუმატებელ „სამხედრო ეპოპეას“ ვიეტნამში, აშშ-ს მოკავშირის, სამხრეთ ვიეტნამის, თვით აშშ-ს ჯარის სრული მარცხის ისტორიას. მაშინ ჩრდილოეთ ვიეტნამის სატანკო არმიამ (ტანკები საბჭოთა წარმოებისა იყო, ისე, როგორც ვიეტნამის სხვა შეიარაღება) გენერალ ნგუენ ვან ზიაპის მეთაურობით ლამის ზღვაში ჩაყარა ამერიკელი და სამხრეთ ვიეტნამელი სამხედროები.
ამ ამბავს ჩვენი ახალგაზრდობის დროს ჰქონდა ადგილი, ამდენად ჟამთა ცვლამ ნაწილობრივ დაჩრდილა ამერიკელთა „საქმენი საგმირონი“. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა - ტელეეკრანებზე ამერიკული ავიამზიდების, სამხედრო თვითმფრინავების, რაკეტების დემონსტრირებით.
აშშ-ი ის ქვეყანაა, რომლის სამხედრო ბიუჯეტი რამდენჯერმე აღემატება რუსეთის, ჩინეთის, სხვა ქვეყნების ერთად აღებულ ბიუჯეტს. აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელსაც უამრავი სამხედრო ბაზა აქვს გახსნილი მთელს მსოფლიოში და ამ დროს მორიგი სამარცხვინო მარცხი ავღანეთში. უნებლიედ იბადება კითხვა - რატომ ვერ ახერხებს აშშ-ი დაწყებული სამხედრო აგრესიის ბოლომდე მიყვანას? რა არის მიზეზი წარმატებული აგრესიის, წარუმატებლად დასრულების? რა დევს ამგვარ პოლიტიკაში და არის თუ არა ამერიკელთა ასეთი ქმედება ჩვენთვის გაუგებარი პოლიტიკის ნაყოფი?
იქნებ სულაც არ არის მათთვის საჭირო, დაწყებულის სწრაფი დამთავრება? იქნებ მთავარი, გაჭიანურებულ აგრესიაშია - ახალი იარაღის გამოცდის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჯიბის გასასქელებლად?
სამხედრო შეკვეთების შესრულება სანუკვარი ოცნებაა ნებისმიერი კონცერნისთვის. მათ მიერ წარმოებული იარაღის გამოცდას, თანაც არა პოლიგონზე, არამედ ნამდვილ ომში, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საქმისთვის, რომ არ იყოს ომი, უნდა გამოიგონო და თანაც რაც შეიძლება ხანგრძლივი. მერე რა, რომ ასეთს, ასეულ-ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ინგრევა ქალაქები, სოფლები, ქვეყნები?!
მსოფლიოს პირველი ქვეყნის, პირველმა არმიამ ავღანეთში მარცხი განიცადა, ისე, როგორც მანამდე ერაყში. მაგრამ ერთი ქვეყნის არმიის მარცხი რა მოსატანია დარბეულ ქვეყანასთან, ლტოლვილად ქცეულთან და ინფრასტრუქტურა განადგურებულთან, მთლიანად დაშლილ რეგიონთან?!
აშშ-ს სამხედრო ექსპანსია, ჩვენ რომ წარუმატებელი გვგონია, იქნებ პირიქით, წარმატებულია?! მსგავს მოსაზრებას მის მიერ წლობით აოხრებული ქვეყნების ბედი აჩენს. თვალი გადავავლოთ განადგურებულ ავღანეთს, ერაყს, სირიას, ლიბიას, თუნდაც ყოფილ იუგოსლავიას ან უკრაინას. მათი აღდგენა, ფეხზე დაყენება, ნორმალური ცხოვრების ჩამოყალიბება ხომ მრავალ წელს მოითხოვს?!
4 წელიწადია აშშ-ს წაქეზებით მიმდინარეობს სირიის ომი. ორ წელიწადზე მეტია აშშ-ა ახალი გამოგონება ჩართო სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სახით. ეს, ის „სახელმწიფოა“, სადაც „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ - ლოზუნგის მსგავსად, მთელი მსოფლიოს ტერორისტები გაერთიანდნენ. გაერთიანებულმა ინტერნაციონალურმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ არა მარტო სირია-ერაყის დიდი ტერიტორიები დაიპყრო, არამედ სხვასაც დაადგა ხარბი თვალი.
ყველა საშინელებასთან ერთად, რასაც ამ „სახელმწიფოში“ სჩადიან, გაჩნდა უკიდეგანო ლტოლვილობა. ასეულ-ათასობით სირიელი, ლიბიელი, ერაყელი, ავღანელი, სხვა ქვეყნის მოქალაქე მიადგა ევროპას საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, უკეთესი სოციალური პირობების შესაქმნელად.
აშშ-ა შექმნა ქაოსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ ამოიწურება. აშშ-ა შესაშური მზაკვრული პოლიტიკით შექმნა მრავალწახნაგოვანი პრობლემა - ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროკავშირისა და რუსეთისთვის. რამდენი წელი დასჭირდება ევროპას შესეული ლტოლვილების საკითხის ან უკრაინას პრობლემის მოსაგვარებლად?! და ამ წლების განმავლობაში, რა მდგომარეობაში იქნება ევროკავშირი ან რუსეთი?! იმოქმედებს თუ არა არეულობა მათ ეკონომიკაზე, სოციალურ ყოფაზე?
“CNN”-ის ჟურნალისტის კითხვა - რატომ არ ხდება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ნავთობით ვაჭრობაზე წერტილის დასმა - პასუხი არის მარტივი, იმიტომ რომ ვაშინგტონს აწყობს ისლამისტების მომძლავრება არასასურველი ბაშარ ასადის ჩამოსაგდებად და აქედან გამომდინარე ახალი ქაოსური „ცხელი წერტილის“ შესაქმნელად.
„ისლამური სახელმწიფო“- შექმნილი აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ, სანუკვარი იარაღია აშშ-ს პოლიტიკის ხელში, რომელსაც არა მარტო ახლო აღმოსავლეთში გამოიყენებს (უკვე იყენებს), არამედ უკრაინაში, სხვაგან. ტყუილად არ უთქვამს აშშ-ს თავდაცვის მდივანს კარტერს - რუსეთის საჰაერო თავდასხმებმა სირიაში, შესაძლოა რუსეთში ტერორისტული აქტები გამოიწვიოსო.
სირიაში რუსეთის სამხედრო ჩარევამ მთლად გააშიშვლა აშშ-ს, ნატოს და მათ მხარდამჭერთა პოლიტიკა. მანამდე ჩვენ ვიცოდით, რომ აშშ-ი და მის მიერ შექმნილი „კოალიცია“ ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაციას, საერთოდ ტერორიზმს, თუმცა გვიკვირდა - რა გახდა ასეთი, რომ კბილებამდე შეიარაღებულმა აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა ვერაფერი უყვეს ერთ მუჭა ტერორისტებს. რუსეთის ჩარევის შემდეგ ირკვევა, რომ ეს, ასე არ ყოფილა.
რუსეთი ეხმარება სირიის კანონიერ ხელისუფლებას, რომელსაც ებრძვის არა მარტო „ისლამური სახელმწიფო“, სხვა ტერორისტული ჯგუფები, არამედ აშშ-ი და ნატო. ის, რომ აშშ-ი და მისი მოკავშირეები ებრძვიან ტერორიზმს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, სხვაგვარად არ შეიძლება აღვიქვად ვაშინგტონის მოქმედება. როდესაც ვაშინგტონი უცხადებს რუსეთს, რომ არ დაბომბოს ტერორისტთა ადგილსამყოფელი, არ დაეხმაროს ბაშარ ასადის არმიას ტერორისტების წინააღმდეგ გაშლილ ომში, ნიშნავს თუ არა ტერორიზმის მხარის დაჭერას?
როდესაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის თხოვნაზე - მიაწოდოს „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებების ლოკაციის ადგილების ინფორმაცია, უარს აცხადებს, ნიშნავს თუ არა ტერორისტებისთვის ხელის შეწყობას? როდესაც აშშ-ს სენატორი მაკკეინი „თეთრ სახლს“ მოუწოდებს შეტევა მიიტანოს სირიის არმიაზე, ვინაიდან რუსეთი ბომბავს ტერორისტების ბაზებს - ნიშნავს თუ არა ტერორისტთა მხარდაჭერას?
რუსეთის წარმატებულმა საჰაერო იერიშებმა არა მარტო „ისლამური სახელმწიფო“ დააბნია, არამედ აშშ-ს ადმინისტრაცია და ნატოც. სწორედ, ამითაა გამოწვეული ამერიკელი და ნატოელი მაღალჩინოსნების უმსგავსო განცხადებები, რომ რუსეთის შეტევას უდავოდ მოჰყვება რეგიონში ვითარების გაუარესება, რომ რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ; რომ კასპიის ზღვიდან ნასროლი ფრთოსანი რაკეტებიდან ოთხი ირანში ჩამოვარდა და ა.შ.
გაოცებს ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის განცხადება - რუსეთის მოქმედება სირიაში, დესტაბილიზაციის მომტანია რეგიონისა და მსოფლიოსთვის.
სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით რუსეთის ჩარევის შემდეგ, ძირფესვიანად შეცვალა ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში. დღეს, რუსეთია რეგიონის გამწევი ძალა და არა აშშ-ი ან ნატო, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას ვაშინგტონში და მოუწოდებს მას საპასუხო ნაბიჯებისკენ. თუ როგორი იქნება ის, მალე გამოჩნდება, თუმცა ვეჭვობ, რომ მან გარდამტეხი კორექტივები შეიტანოს რუსულ გადაწყვეტილებაში.
და კიდევ ერთი რამ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის განმარტებით, რუსულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა მუსრი გაავლეს ე.წ. ლოიალურ ანტიასადურ საწვრთნელ ბაზებს. მსგავსი ბაზები თურქეთის ტერიტორიაზეცაა შექმნილი. ამ ბაზებზე ამერიკელი სპეციალისტები წვრთნიან ოფიციალური სირიული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ სირიელებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ საქმეში აშშ-ა ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა.
მსგავსი ბაზის შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი აშშ-ს საქართველოში, თუმცა ვინ იცის, იქნებ ჩანაფიქრი დღესაც ხორციელდება, რაც თავისთავად, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ბაზას რუსეთის სამიზნედ აქცევს. დარწმუნებული ვარ, ეს რომ მოხდეს, აშშ-ს და ნატოს რეაქცია ისეთივე იქნება, როგორც სირიის საწვრთნელი ბაზის დაბომბვის შემთხვევაში - გულისწყრომა და მეტი არაფერი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
11/10/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.