რა დაკარგა ჩინეთმა კომუნისტური სისტემის შენარჩუნებით?

როდესაც აწმყო გაუსაძლისია, როდესაც მომავლის პერსპექტივა გაურკვეველი და ბურუსით მოსილი, კაცი თავის დასამშვიდებლად წარსულზე ფიქრობს. წარსულზე, რომელიც არასდროს დაბრნდება, ისე, როგორც შემოდგომით ხიდან ჩამოცვენილი გამხმარი ფოთლები ვეღარ დაფარავენ მის ტოტებს. მხოლოდ გაზაფხული მოიტანს ახალ სიცოცხლეს, რომელიც კვლავ მწვანე ფოთლებით შემოსავს ხეს.
საქართველოს მოსახლეობა უკვე მერამდენე გაზაფხულს ელოდება, ელოდება იმედით, მაგრამ ის ნანატრი გაზაფხული არ დგება და იმედგაცრუებული ჩაილაპარაკებს - რა კარგი დრო იყო.
სინანულით ჩამლაპარაკებელთა რაოდენობა დღითი-დღე კლებულობს - ცხოვრებისეული კანონიდან გამომდინარე და იმ გამხმარ ფოთოლს ემსგავსება, რომელიც ტოტს უკან ვეღარ შეაფრინდება. ახალი ფოთოლი, ახალ ცხოვრებას იწყებს, ისე, როგორც ადამიანი - სხვაგვარი მიდგომით, სხვაგვარი განცდით ცხოვრებისადმი. მისთვის წარსული, სხვათა მიერ გადმოცემული, დაუჯერებელი, მიუწვდომელია.
მიდის თაობა, რომელმაც სხვა სამყაროში, სხვა სისტემაში იცხოვრა - წინააღმდეგობებით აღსავსეში, მაგრამ მაინც ისეთში, ტვინს, ტკბილ მოგონებად რომ შემორჩა. გაივლის ხანი და ძველის გამხსენებელიც აღარავინ იქნება. ის ცხოვრება სახელმძღვანელოებში, წიგნებში შემორჩება, რომელსაც ან წაიკითხავენ, ან არა, ან დაიჯერებენ ან არა.
არადა მართლაც, ძნელია დაიჯერო ის, რაც იყო - მოსახლეობისთვის უფასოდ დარიგებული ბინები, მიზერული გადასახადები გაზზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე. ძნელია დაიჯერო ონკანიდან მოთქრიალე მდუღარე წყალი, ცენტრალური გათბობით გაღუღუნებული ბინები, მარტის ბოლოს მოწუწუნე მოსახლეობა - გათბობა გამორთეთ, დავიღრჩვითო. ძნელია დაიჯერო უფასო უმაღლესი სასწავლებლები, უფასო სამედიცინო მომსახურება, უიაფესი საგზურები ზამთრისა თუ ზაფხულის კურორტებზე და რაც მთავარია, გარანტირებული სამუშაო ადგილები, სტაბილური ხელფასები და ა.შ.
სოციალური მდგომარეობა - ადამიანის არსებობის უმთავრესი პირობა, აშკარად წონიდა კომუნისტური წყობისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს. ფასს კარგავს ე.წ. დამოუკიდებლობა, როდესაც გაზი გაქვს, მაგრამ არ რთავ უფულობის გამო. შუქი გაქვს და არ ანთებ ძვირი გადასახადის გამო. გეჩქარება და ტაქსში არ ჯდები სიძვირის გამო. აფსუს - კილომეტრზე ოცკაპიკიანი საბჭოთა ტაქსები, ან იაფფასიანი საქალაქო ტრანსპორტი?!
ძნელია გაათბო თუნდაც ერთოთახიანი ბინა, როდესაც შემოსავალი გაცილებით ჩამოუვარდება გათბობის გადასახადს. ძნელია არ იწუწუნო, როდესაც თვის ბოლოს ერთმანეთზე „მიკერებულ“ შუქის, წყლის და ნაგვის ქვითარს იღებ. აფსუს, საბჭოთა საქართველოს, რომელმაც არცკი იცოდა, ვის გაჰქონდა ნაგავი, მითუმეტეს ნაგვის ფული.
სულ რაღაც 20 წელიწადზე ოდნავ მეტი გვაშორებს იმ კომუნიზმიდან, რომელშიც ვცხოვრობდით და არ ვაფასებდით, თანაც დავცინოდით - ეს რა ცხოვრებაა, სად არის დანაპირები კომუნიზმიო. იმჟამინდელ-ამჟამინდელი ცხოვრების შედარებისას - იმ ცხოვრების მომსწრენნი გულდათუთქულნი ამბობენ - კომუნიზმში გვიცხოვრიაო.
საბჭოური ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, დღევანდელ დამოუკიდებელ ქვეყანაში იგრძნობა და თუ ჩვენში მას (განწყობას), ხელისუფალთა წყალობით, დიდი გასაქანი არ აქვს, სხვაგან გასაქანიც აქვს და სახელმწიფო მართვაზე გავლენაც.
საქართველო ამ მხრივადაც განსხვავებული ქვეყანა გამოდგა - საბჭოური ცხოვრების მოჭარბებული მლანძღველი. არსად სხვაგან, თუ მხედველობაში ბალტიისპირელებს არ მივიღებთ, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი არ გაუხსნიათ. არადა ის ავადსახსენებელი ბოლშევიკური სისტემა ხომ ქართველთა გარჯის ნაყოფიც იყო?
საქართველოს ბოლო ათწლიანმა ისტორიამ, მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ, საზოგადოებაზე ჭარბი ზეწოლით მოახერხა ძველის გაშავება და ისეთ დონეზე დაყვანა, თითქოს საყოველთაო საშინელებაში გვეცხოვროს. არადა სააკაშვილის პერიოდის საშინელების შემდეგ, შეიძლება ლანძღო საბჭოური წარსული?
საქართველომ თავის კისერზე გამოსცადა შერჩევითი სამართალი, ტოტალური უმუშევრობა, მდარე და ძვირი განათლება, მდარე და უძვირესი სამედიცინო „მომსახურეობა“, უძვირესი კომუნალური გადასახადები, მიწასთან გასწორებული საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანთა ცხოვრება, ქვეყნის მშენებლობაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის, პენსიის სახელის მატარებელი მიზერული ანაზღაურება და ა.შ.
სააკაშვილის დემაგოგიური ბოდვა გუშინდელ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მარტო მისი დაავადებული ტვინის ნაყოფი არ იყო. ის მისი დასავლელი, კერძოდ ამერიკელი მასწავლებლების დავალებაც იყო. იმ მასწავლებლებისა, რომლებმაც ტრილიონები ხარჯეს საბჭოთა სისტემის დაშლისთვის და ამ გზაზე მერყევი, ფულს დახარბებული, გადაგვარებული „კომუნისტების“, მათ შორის გორბაჩოვის, იაკოვლევის, ელცინის, შევარდნაძის, სხვების გადაბირებისთვის, იმ ე.წ. ლიბერალური რუსეთის გაძლიერებისთვის, რომლისთვისაც სამშობლო საკუთარი კუჭიდან იწყება და თავდება.
რუსი ლიბერალები ისე, როგორც არასოდეს, დღესაც აქტიურობენ - მიზანი, ერთიანი რუსეთისთვის წყლის შეყენება და დაშლაა. მათთვის, ისე, როგორც მათი ამერიკელი დონორებისთვის, რუსეთის მდიდარი წიაღისეული მსოფლიოს და არა რუსეთისთვისაა.
მაინც როგორ ჰგავს რუსეთში გამომავალი ამერიკული ჟურნალის „The New Times“ მთავარი რედაქტორის ევგენია ალბაცის ნათქვამი - თუ ციმბირის მიწებს სხვები დაეპატრონებიან, დარდით თავს არ მოვიკლავ, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ნათქვამს - უსამართლობა უნდა მოისპოს და რუსეთის სიმდიდრეები ყველას კუთვნილება უნდა გახდესო.
გვიან, მაგრამ მაინც გონსმოსული რუსი ხალხი ათვითცნობიერებს, რომ კომუნისტური სისტემის ნგრევას ლამის სამშობლო გადააყოლეს, რომ ის კომუნისტური სისტემა გაცილებით ჰუმანური იყო, ვიდრე ეს კაპიტალისტური, რომელიც უბოძეს. და გამოფხიზლებული, სულ უფრო ხშირად სვამს კითხვას, რატომ არ აირჩია ისეთივე გზა, როგორიც ჩინეთმა? როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის კულმინაციის მომენტში, ქვეყნის სათავეში ლიბერალები აღმოჩნდნენ?
იგრძნეს რა „დერჟავნიკების“ მძლავრი გულისწყრომა ლიბერალები, სხვა პროპაგანდას დაადგნენ - საბჭოთა სისტემა ისედაც განწირული იყო და მაინც დაინგრეოდაო. საბჭოთა ეკონომიკას ხალხის გამოკვების თავიც აღარ ჰქონდა და სხვა მსგავსი სენტენციები.
საბჭოთა სისტემა ისე იყო აწყობილი, მას ქვემოდან მომდგარი ქარიშხალიც ვერაფერს დააკლებდა. ეს, იცოდა დასავლეთმა და ნაცადი ხერხი - ციხე შიგნიდან ტყდება, გამოიყენა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჩინეთის კომპარტიამ გულდასმით შეისწავლა და გამოცდილი პარტიული მუშაკის, დენ სიაოპინის პრაგმატული აზროვნებით, ხელი მიჰყო პარტიული აპარატისა და ქვეყნის რეფორმირებას.
კაპიტალიზმის ლურჯაზე მომხტარი ჩინური კომუნიზმი მას შემდეგ სასწაულებს ახდენს. კომუნისტური ჩინეთი დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. თვით ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ეს ქვეყანა სულ რაღაც 5-7 წლის შემდეგ პირველი ეკონომიკა იქნება, ჩამოიტოვებს რა აშშ-ს უკან.
მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებით ჩინეთი მრავალი წლით და მრავარჯერ ჩამორჩება აშშ-ს და არა მარტო მას, თუმცა 10 წლის შემდეგ განსხვავება მინიმუმამდე შემცირდება. 2012 წელს ხელისუფლებაში მისული ახალი გუნდი სწორედ ამას ისახავს მიზნად. ჩინეთის საშუალო ფენის განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება - აი ის მიმართულება, რომელსაც ახალი ხელისუფლება მიჰყვება.
სკეპტიკოსი ლიბერალები აცხადებენ, რომ ჩინეთი ვერ შეასრულებს დასახულ გეგმებს, რომ ქვეყანაში დაიწყება ქაოსი, დაპირისპირება, ჩინეთის კომპარტია ღრმა კრიზისში შევა და ა.შ. ეს ჰანგები რახანია ისმის, თუმცა ჩინეთის პროგრესი არ ნელდება. „ამ სახის ჩინეთს დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენიაო“, - გაიძახიან რუსი ლიბერალები და მათზე აყოლილი ზოგიერთი ქართველი ექსპერტი. დავიჯეროთ, რომ ასე იქნება? ჩინეთში მიმდინარე პროცესები რომ საწინააღმდეგოზე მეტყველებენ?
მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ, დიდმა გამოცდილებამ ჩინეთის კომპარტიასა და საზოგადოებას არ მისცა წარსულის ხელაღებით ლანძღვის საშუალება. მაო ძედუნი ისეთივე დაფასებულია, როგორც წინათ. იშვიათად თუ ვინმე გაიხსენებს მისი მმართველობის ნაკლოვანებებს.
თანამედროვე ჩინეთმა არ გაიზიარა თანამედროვე რუსეთის ბრძოლა სტალინისა და სტალინიზმის წინააღმდეგ, არ გაიზიარა დესტალინიზაცია. მან, გუშინდელის ლანძღვის ნაცვლად, ახალი ცხოვრების შენებას მიჰყო ხელი. გუშინდელის ლანძღვაში არ დაიხარჯა, დრო არ დაკარგა.
20 წელზე მეტი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან, მაგრამ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებული სტალინის ლანძღვა დღესაც გრძელდება, თითქოს ამით რაღაც სანუკვარი კეთდებოდეს ხალხის კეთილდღეობისთვის.
ჩინეთს, რომ დემაოიზაციის პერმანენტული გზა აერჩია, დღეს, ალბათ მოწინავე ქვეყნების რიგში არ იქნებოდა, ვერც წარმოებას გაზრდიდა და ვერც მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნებოდა საგარეო ვაჭრობით. გასული წლის მონაცემებით, ჩინეთმა ამ დარგში ჩამოიტოვა აშშ-ი. 2013 წელს 4 ტრილიონი დოლარი შეადგინა ჩინეთის ექსპორტმა, აშშ 3.5 ტრილიონთან შედარებით.
ჩინეთის ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში შეუდგა თავის მოვალეობას, გააანალიზა წინამორბედთა მიერ განხორციელებული სამუშაო და ქვეყნის განვითარების ახალი გეგმები დასახა. მას „ჩინური ოცნება“ დაერქვა, რომლის მიხედვით, ჩინეთის ეროვნული აღორძინება უნდა განხორციელდეს. ეკონომიკის დარგში გეგმას, გამოკვეთილი პარამეტრები აქვს - 2021 წლისთვის საზოგადოების საშუალო ცხოცრების დონის მიღწევა, ხოლო 2049 წლისთვის - გაფურჩქნული, მძლავრი, დემოკრატიული, კულტურის თვალსაზრისით განვითარებული, თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს აშენება.
სულ ახლახანს, ჩინეთმა გამოაცხადა ევრაზიის სივრცეში ორი ინტეგრაციული პროცესის დაწყება - დაფუძნებული ისტორიულ აბრეშუმის გზაზე. ყაზახეთში მყოფმა ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ორი მიმართულებით იმუშავებს - სახმელეთო აბრეშუმის გზის და საზღვაო აბრეშუმის მარშრუტის. პირველი ითვალისწინებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთმა აქტიური კავშირები ჩამოაყალიბა ამ რეგიონის ქვეყნებთან, განახორციელა რა ისეთი პროექტები, როგორებიცაა ნავთობსადენის მშენებლობა ყაზახეთთან და გაზსადენის - თურქმენეთთან. ჩინეთი უკვე გახდა თურქმენეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. 2012 წლის მონაცემებით, ვაჭრობამ 10.37 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2015 წლისთვის ყაზახეთთან ვაჭრობა 40 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
2012 წელს ჩინეთის ვაჭრობამ უზბეკეთთან 2 მილიარდ 875 მილიონი დოლარი შეადგინა, ყირგიზეთთან - 5.6 მილიარდი. გაიზარდა ვაჭრობა ტაჯიკეთთან. ჩინეთი ყაზახეთს დაპირდა 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციას. დღეის მონაცემებით ჩინეთის კომპანიები აკონტროლებენ ყაზახეთის ენერგომატარებლების 40%-ს. ახალ ინვესტიციებს შეპირდა ჩინეთი რეგიონის სხვა ქვეყნებს.
ჩინეთის წარმატება იმითაცაა გამოწვეული, რომ, ამერიკისგან განსხვავებით, ის ინვესტიციებს არასდროს უკავშირებს პოლიტიკას. ჩინეთი არ ითხოვს პოლიტიკურ რეფორმებს, არ სვამს უადგილო შეკითხვებს - რაში დაიხარჯა ინვესტიცია.
რაც შეეხება მეორეს - საზღვაო აბრეშუმის გზას - ის ითვალისწინებს ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: ბრუნეი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმა, სინგაპური, ტაილანდი, ფილიპინები. ჩინეთი იქცა „ასეანის“(Association of SouthEast Asian Nations) წევრი ქვეყნების უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 400 მილიარდი დოლარი არის ორმხრივი ვაჭრობის შედეგი. ორმხრივმა ინვესტიციამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჯაკარტაში ყოფნის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ასეანთან“ ვაჭრობა 2020 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
ზემოთმოყვანილი მცირედი მაგალითი ნუთუ არაფრის მთქმელია? ნუთუ ვინმემ შეიძლება ეჭვი შეიტანოს ჩინელთა გრანდიოზულ გეგმებში ან იფიქროს, რომ ამ ქვეყანას მალე ქაოსი შეჭამს? ცხადია, მრავალი ათეული წლის შემდეგ ჩინეთშიც შეიძლება მოხდეს რაღაც ძვრები, ჩინეთი აღარ იყოს ისეთი მძლავრი, თუნდაც, როგორიც დღესაა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ განვითარების პიკისთვის ამ ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია. ასეთად ჩინელები 2050 წელს თვლიან, მაგრამ ამ ეტაპზე მას არაფერი ემუქრება - შიდა ქაოსის სახით.
რაც არ უნდა სენსაციურად მოგვეჩვენოს თანამედროვე ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ორი მიმართულება - სახმელეთო და საზღვაო აბრეშუმის გზა, ჩინეთი ამ პროექტებს ძველ გამოცდილებას უსადაგებს - ანუ იმას, რაც მრავალი საუკუნის წინათ იყო.
2000 წლის წინათ შექმნილი „დიდი აბრეშუმის გზა“ იყო ყველაზე გრძელი კონტინენტშორისი სავაჭრო გზა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა რომის იმპერია, ბიზანტია, შორეული აღმოსავლეთი, ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები. უდაბნოების, ტრამალების, მთების, ოაზისების გავლით ერთმანეთისკენ მიედინებოდა აბრეშუმი, ქაღალდი, იარაღი, ტყვია-წამალი, ენა, რელიგია (ბუდიზმი, ისლამი, ქრისტიანობა), სპარსელი, თურქი, იუდეველი, სხვა ერის წარმომადგენელი. ისინი სახლდებოდნენ ჩინურ ქალაქებში, ქმნიდნენ ოჯახებს. რამდენიმეჯერ ჩინეთმა სუვერენიტეტიც დაკარგა და მრავალი ათეული წლით „ბარბაროსთა“ უღლის ქვეშ მოექცა, მაგალითად, მონღოლთა, ჯურჯენთა, სხვათა.
აბრეშუმის საზღვაო გზაც 2000 წლის წინათ შეიქმნა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა ჩინური პორტები სპარსულ, არაბულ, ევროპულ პორტებთან. აბრეშუმი, ჩაი, ფაიფური, ნეფრიტი, სხვა საქონელი გადაიზიდებოდა ამ გზით.
ჩინეთის თავმჯდომარის სი ძინპინის განცხადება, სახმელეთო და საზღვაო აბრეშუმის გზის ასაღორძინებლად, თავისთავად იწვევს აშშ-ს ყურადღების დაძაბვას. არანაკლებად იძაბება რუსეთიც, ვინაიდან ერთიანი სავაჭრო სარტყელის შექმნა უპირისპირდება კრემლის ევრაზიული კავშირის შექმნის გეგმას.
ამერიკელთა მიერ შექმნილი პროექტი - ჩინეთის შეჩერების შესახებ, უდავოდ ვერ განხორციელედება, მას მეტოქეობას გაუწევს ჩინური პროექტი.
სუპერ სამეულს შორის ფარული თუ ღია დაპირისპირება არსებობს და მომავალშიც იარსებებს, რამეთუ ამ ქვეყნების ინტერესები, ისე, როგორც ნებისმიერის, საკუთარ ინტერესებზე გადის, საკუთარი ძლიერების შენარჩუნებას ესადაგება, თუმცა ეს საკითხები დღევანდელი განხილვის საგანი არ არის. მას სხვა დროს შევეხებით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კომუნისტური სისტემის წყალობით შექმნა ჩინეთმა ცენტრალიზებული, მძლავრი სახელმწიფო, რომელიც მედგარ კონკურნციას უწევს აშშ-ს და არა თუ უწევს, უახლოეს მომავალში უკან ჩამოიტოვებს კიდევაც. შეძლებდა ამას, დასავლური თვალსაზრისით, დემოკრატიული, ლიბერალური ჩინეთი? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
12/01/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.