საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ბაქოს შეხვედრის ირგვლივ

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

კასპიის ზღვის ირანულ პორტ ბენდერ-ენზელში ორჯერ მომიწია ყოფნა გასული საუკუნის ბოლოსა და ახლის პირველ წლებში. ირანელმა მასპინძლებმა, მათთვის ჩვეული გულწრფელობით გაგვაცნეს ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მასთან ერთად უდიდესი პერსპექტივა, რაც უდავოდ უნდა მოჰყოლოდა მის ფუნქციონირებას.
კასპიის ზღვის თავისუფალი ეკონომიკური ზონა არის მეოცე, იმ სხვა ზონებს შორის, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებს ირანში. ზონის ტერიტორიაზე გახსნილი საფეიქრო და სხვა სახის საწარმოები - დასავლური სტანდარტების მსგავსი, უდავოდ იპყრობდა ყურადღებას არა მარტო მანქანა-დანადგარებით, ნაწარმის მაღალი ხარისხით, არამედ მომსახურე პერსონალის სპეცტანსაცმლით, შრომის ორგანიზაციით, სისუფთავით და ყველა იმ თვისებით, ჩვენ რომ ევროპულს ვუძახით.
კასპიის ზღვის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო და არის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური ე.წ. სამხრეთ-ჩრდილოეთის, ჩრდილო-სამხრეთის მარშრუტში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, სპარსეთის ყურის გავლით, ირანში შესული ტვირთები, შესანიშნავი საავტომობილო გზით მიდიოდა და მიდის კასპიის ზღვის პორტ ბენდერ-ენზელის თავისუფალ-ეკონომიკურ ზონაში, ხოლო იქიდან, კასპიის ზღვით - კასპიის ზღვის ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანსა და რუსეთში, შემდეგ ჩრდილო ევროპის სახელმწიფოებში.
აღნიშნული მარშრუტით ტვირთი გაცილებით ადრე ხვდება დანიშნულების ადგილზე, ვიდრე სუეცის არხით. გარდა ამისა ამ მარშრუტზე გამორიცხულია მეკობრეობა, რასაც მაშინაც და დღესაც სისტემატურად აქვს ადგილი ინდოეთის ოკეანეში, განსაკუთრებით სუეცის არხის მიდამოებამდე არმისული. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა და ირანელთა წამოწყება სულ უფრო პოპულარული გახდა. თუ მაშინ ყურადღება სამხრეთ-ჩრდილოეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას ეთმობოდა, დღეს მასთან ერთად სარკინიგზო კავშირებს ეთმობა. თუ მაშინ ირანის ხელისუფლების ინიციატივა თვალშისაცემი იყო, დღეს მასთან ერთად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივაც იმსახურებს ყურადღებას. სწორედ ალიევის თაოსნობით გაიმართა სამი სახელმწიფოს მეთაურის - რუსეთის, ირანის და აზერბაიჯანის პირველი შეხვედრა.
თანამედროვე საერთაშორისო ცხოვრებაში ამათუიმ ღონისძიებას ხშირად ნათლავენ „ისტორიულად“ - ბევრ შემთხვევაში გადაჭარბებულად. ბაქოს შეხვედრა უდავოდ იმსახურებს სიტყვა „ისტორიულს“, ვინაიდან მსგავსი არასდროს გამართებულა, თანაც ისეთ თემაზე, როგორიცაა სატრანსპორტო-ეკონომიკური კავშირების გამყარება-განვითარება.
ბაქოს წარმატებულმა მოლაპარაკებამ დაადგინა შემდეგი შეხვედრის ირანში გამართვა, რაც თავისთავად ნიშნავს ბაქოში მიღწეულის შესრულების მიმდინარეობის შემოწმებას და აქედან გამომდინარე ახალი გეგმების დასახვას. სამეულმა გადაწყვიტა შეხვედრების საქმიან ატმოსფეროში წარმართვა და მისთვის პრაქტიკული სულის შთაბერვა. უდავოდ დაგვებადება კითხვა - სად იყვნენ აქამდე ეს ქვეყნები და რატომ ადრე არ გაიმართა ბაქოს მსგავსი შეხვედრა?
ირანის აქტიურობის შესახებ ზემოთ უკვე აღვნიშნე, რაც შეეხება აზერბაიჯანს - პოლიტიკური თვალსაზრისით მას ჰქონდა პრობლემები მეზობელ ირანთან. იყო დაძაბულობა ორთა შორის, რაც თავისთავად გამორიცხავდა სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტით ბაქოს სერიოზულ დაინტერესებას. ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობების უტყუარი ბარომეტრია. როდესაც ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, იქ ძნელია ეკონომიკურ გაფურჩქვნას მოელოდე. მაგალითად, საქართველო-რუსეთის მძიმე პოლიტიკური ურთიერთობებიც კმარა, რაც მხარეებს არ აძლევს ეკონომიკური კავშირების მაღალ რანგში აყვანის შანსს.
მაგრამ აზერბაიჯანი, საქართველო არ არის. მან მოახერხა ირანთან საკამათო საკითხების დარეგულირება და ისეთ საფეხურზე აყვანა, ძმობა და მეგობრობა რომ ჰქვია - ერთობ მიღებული ფორმა აღმოსავლურ დიპლომატიაში.
თურქეთის მაგალითი რად ღირს. სანკტ-პეტერბურგში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კოლეგა პუტინს „დიდი მეგობარი“ უწოდა და ეს მაშინ, როდესაც მანამდე, ერთი თვით ადრე, ლამის წყევლა-კრულვით იხსენიებდა მას.
აზერბაიჯან-ირანის ხელისუფლებამ შეძლო საერთო ენის გამოძებნა, რასაც უდავოდ შეუწყო ხელი ქვეყნების მაღალჩინოსანთა სისტემატიურმა ურთიერთვიზიტებმა. არანაკლები ზიგზაგები შეინიშნებოდა რუსეთ-ირანის ურთიერთობებშიც. იყო იმედგაცრუებაც, განსაკუთრებით მედვედევის პრეზიდენტობის დროს, როდესაც მან აშშ-ს ზეწოლით, უარი თქვა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის C-300-ს ირანისთვის მიყიდვაზე, არადა ირანს ნაწილი ფულისა რუსეთისთვის უკვე ჩარიცხული ჰქონდა.
ირანმა საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა რუსეთს და რომ არა პუტინის პრეზიდენტად დაბრუნება და მედვედევის განკარგულების გაუქმება, რუსეთს მოუწევდა მსუყე ჯარიმის გადახდა. პუტინის ბრძანებულებით, ირანის შეკვეთა აღსდგა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდერნიზებული C-300-ს ანტისარაკეტო სისტემა ჩატანილ იქნა ირანში.
ნეგატიური მაგალითებიდან არანაკლებ თვალშისაცემია ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის გაჭიანურებაც. მისი მშენებლობა ფრანგებმა დაიწყეს, მაგრამ დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ მათ მშენებლობაზე უარი განაცხადეს. ირანი იძულებული იყო რუსეთისთვის მიემართა, რომელმაც გააგრძელა მშენებლობა და ამერიკელთა კარნახით ისე გაჭიმა, მისი დამთავრების იმედი რომ აღარავის ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა იმარჯვა. სწორედ მისი კატეგორიული მოთხოვნის შედეგად „როსატომმა“ დაასრულა მუშაობა.
რუსეთ-ირანის ურთიერთობების ზიგზაგური ხასიათი რუსეთის ხელისუფლებაში მოკალათებული ლიბერალების ცუდი „შემოქმედების“ ნაყოფია. დასავლეთზე ორიენტირებული რუსული პოლიტიკის ნაწილი დღესაც კი ზემოდან უყურებს აღმოსავლეთს, განსაკუთრებით ისლამურ ირანს. მისთვის მზეც და მთვარეც დასავლეთში ამოდის, რაც თავისთავად მეტყველებს დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს სერიოზულ გავლენაზე.
მიუხედავად ამისა, პუტინმა მოახერხა ირანის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა ირანის ხელისუფლებაში. პუტინის რუსეთმა უდავოდ დადებითი წვლილი შეიტანა ხუთეულის - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და ირანის მოლაპარაკებაში, ირანის ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით.
დღეს რუსეთი და ირანი მოკავშირეები არიან სირიის ომში. მათი პოზიციები ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით სირიასთან, ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება ირანს, მან მეტად მძიმე სანქციური პერიოდი გაიარა, რამაც გაართულა ირანელთა სოციალური ყოფა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ვერ დააჩოქა ის. არადა, სწორედ ამისთვის იღვწოდა აშშ-ი. არ გამოუვიდა. ირანმა დაიწყო ბირთვული კვლევების იმ დონეზე წარმოება, რომ დასავლეთს, ისრაელს ეჭვი გაუჩნდათ ირანის ბირთვული იარაღის შექმნაში.
ირანმა, თავისი შეუდრეკელი პოლიტიკით, სუვერენიტეტის დაცვით და მუყაითი შრომით აიძულა მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოები მისხდომოდნენ მოლაპარაკების მაგიდას. მთელ რიგ დარგებში სანქციამოხსნილი ირანი სხვაგვარად წარსდგა მსოფლიოს წინაშე. კარგა ხანია დასავლური ბიზნესი ირანის კარზეა ატუზული სარფიანი ბიზნეს-პროექტების შესათავაზებლად. დასავლეთმა კარგად იცის ირანის მნიშვნელობა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა გეოპოლიტიკა, ენერგეტიკა, გაზი და ნავთობი.
80-მილიონიანი ირანი, განვითარებული სოფლის მეურნეობითა და მრეწველობით, კვალიფიციური მუშახელით და შესაშური გეოგრაფიული მდებარეობით, ის სახელმწიფოა, მაგნიტივით რომ იზიდავს გარეულს.
აი, ასეთი პოზიციებით მივიდნენ მხარეები ბაქოს შეხვედრაზე. მთავარი მიზანი - აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზების შეერთება, რისთვისაც საჭიროა აზერბაიჯანის მიერ საკუთარი რკინიგზის დაგრძელება და ასტარა (აზერბაიჯანი)-რეშტის (ირანი) ერთმანეთთან შეერთება. სიგრძე - 172 კილომეტრი. ორივე მხარე მზადაა შესაბამისი მუშაობა გასწიოს დასახული მიზნის მისაღწევად.
რკინიგზის შეერთება და სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტის ამოქმედება გააიოლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული ტვირთების ირანის, აზერბაიჯანის, რუსეთის გავლით ევროპაში შეტანას. შეამცირებს ტვირთების ტრანსპორტირების დროს; მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან ირანს-აზერბაიჯანს-რუსეთს არა მარტო ტვირთების გადატანის საკითხში, არამედ ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში, ხალხთა შორის ურთიერთკავშირების განვითარებაში, რამეთუ რკინიგზა არა მარტო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის არის გამიზნული, არამედ სამგზავრო თვალსაზრისითაც. ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან მისი განვითარება მოითხოვს სამშვიდობო ზონის შექმნას ანუ იმ კონფლიქტის განელებას, რასაც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული აქვს ადგილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. მთიანი ყარაბახის თემა - ერთობ გააქტიურებული 2016 წლის პირველ ნახევარში და ამჯერად განელებული, უდავოდ მოითხოვს მხარეებისგან პაციფისტურ, კონსტრუქციულ მიდგომას. ამ თემაზე იყო მსჯელობა ბაქოს შეხვედრაზე და არა მარტო. პუტინ-სარგსიანის - სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რომელსაც ბაქოს სამიტის შემდეგ ჰქონდა ადგილი, სწორედ უსაფრთხოებას და ყარაბახს ეხებოდა.
ბაქოს შეხვედრის დროს გამახვილებულ იქნა ყურადღება ტერორიზმთან ბრძოლაზე. ამ თვალსაზრისით აქტიური პოზიციები უკავიათ რუსეთ-ირანს. მათ არც აზერბაიჯანი ჩამოუვარდება, თუმცა ის სირიის პროცესში არ მონაწილეობს. არაერთი აზერბაიჯანელი იბრძვის სირიაში ტერორისტების მხარეს, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.
სამეული ახლოსაა არა მარტო ყარაბახის კონფლიქტთან, არამედ ახლო აღმოსავლეთთან, სირია-ერაყთან, სადაც რახანია ომი მიმდინარეობს, გარდა ამისა ავღანეთთან - „თალიბებისა“ და „ალ-ქაიდას“ ტერორისტულ ბუდესთან, აბობოქრებულ პაკისტანთან - არასტაბილური შიდაპოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეულთან.
მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი ფეთქებადი რეგიონი, როგორიც აღნიშნული სამეულის სამეზობლოდ არის. და მიუხედავად ესოდენ სახიფათო ვითარებისა, მხარეები იღებენ შორსმიმავალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებას, რაც უდავოდ დასაფასებელია.
ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტის სრულფასოვნად ამოქმედებამდე საკმაო დრო გაივლის, მაგრამ სურვილი მისი დაჩქარებისა დიდია. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ აზერბაიჯან-ირანი დააჩქარებენ თავის წილ რკინიგზის ხაზის მშენებლობას. გარდა ამისა, ირანი ჩაატარებს თავისი რკინიგზის იმ მონაკვეთების შეკეთებას, რომლებიც საჭიროებენ ასეთს.
გაივლის დრო და ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო მარშრუტი მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩაითვლება. უნდა ვივარაუდოთ, რომ პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს გიგანტური სხვა პროექტისთვის ხელის შეწყობას, რომელსაც უდავოდ შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი. პროექტი საუკუნეზე მეტია არსებობს და მას დროდადრო უბრუნდებიან რუსეთი და ირანი. როგორც წყაროები იტყობინებიან ორთა დაინტერესება დიდია და პროექტზე მიდის მუშაობა.
„კასპიის ზღვა-ინდოეთის ოკეანე (სპარსეთის ყურე)“ ჰქვია ამ პროექტს, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ზღვასა და ოკეანეს, ცხადია ირანის ტერიტორიის გავლით. თუ ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტი დიდ რეზონანს იწვევს მსოფლიოში, კასპიის ზღვა-ინდოეთის ოკეანე მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილების მაუწყებელი იქნება.
სამივე სახელმწიფო დაკავშირებულია „შოსთან“ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. სამივეს გააჩნია დიდი ამბიცია იყოს სუვერენული, თავისუფალი, დამოუკიდებელი პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმდევარი. და როდესაც ასეთი გაქვს მხედველობაში, მხოლოდ სურვილია საჭირო პროექტის რეალობად გადასაქცევად.
ყოველივე აღნიშნული ჩვენს მეზობლად ხდება, ცხადია უჩვენოთ, თითქოს სხვა კონტინენზე ვიყოთ. ბოლო 25 წლის განმავლობაში არც ერთი მასშტაბური პროექტი ჩვენი ხელისუფლების თავში არ გაჩენილა. რაც გაჩნდა - სხვათა კარნახით და ისიც უკუაგდო ქართულმა სახელისუფლებო აზროვნებამ - რუსეთის შიშით. რატომ არ აქვს აზერბაიჯანს რუსეთის შიში და რატომ გვაქვს ჩვენ?!
პასუხის გაცემა ამ კითხვაზე იოლია, იმიტომ, რომ მამა-შვილი ალიევები უფრო პრაქტიკული, პრაგმატული პოლიტიკოსები გამოდგნენ, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი ყოფილი თუ დღევანდელი ხელისუფალი. ორივე ალიევმა კარგად იცოდა და იცის რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური წონა, მისი როლი სამეზობლოში და მსოფლიოში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელიც აზერბაიჯანში მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების გამართვის ინიციატორია, შესანიშნავად ბალანსირებს დასავლეთს, აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სწორედ ამან მოუტანა მას დიდი საერთაშორისო აღიარება. „აზერბაიჯანი თურქეთის ძმა და მეგობარია. ერთი ხალხი - ორი ქვეყანა“ - როგორც ჰეიდარ ალიევმა ბრძანა, მაგრამ ეს ხელს როდი უშლის იქონიოს მან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და ირანთან. სამწუხაროდ საქართველო, რომელიც დასავლეთზე, კერძოდ ამერიკაზეა მიჩერებული, ვეღარ ამჩნევს, როგორ მიდის მის მეზობლად პოლიტიკურ-ეკონომიკური მატარებელი, თანაც ისეთი სისწრაფით, დაწევა რომ გაჭირდება. მაგრამ უნდა საქართველოს პოლიტიკას, ხელისუფლებას დაწევა ან რაღაც საკუთარი პროექტის შექმნა? ეჭვი მეპარება, რომ უნდოდეს და რატომ?
25 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, ქართული პოლიტიკა დაპყრობილი აქვს უღიმღამო, უინიციატივო პოლიტიკოსებს, რომელთათვის მთავარი არა რაიმე სახელმწიფოებრივის კეთებაა, არამედ თანამდებობის მიღება, შემდეგ მორგებულ სამსახურებრივ სავარძლებში ნებივრობა, ტკბობა სახელმწიფოებრივი ცხოვრებით, ბიზნესის „კრიშობა“, უცხოეთში გამუდმებული უსაგნო ნავარდი და მრავალი სხვა ხიბლი, რომელსაც არაფერი აკავშირებს ქვეყანასთან, მის კეთილდღეობასთან, სუვერენიტეტთან და იმ ნანატრ თავისუფლებასთან, რომელიც ვითომ მივიღეთ, მაგრამ მიღებისთანავე დასავლეთთან უყოყმანო მონობაში გავცვალეთ.
ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფალნი - ყოფილნი და დღევანდელნი მართალნი არიან. ქართული ანდაზისა არ იყოს - „პრასი ხომ არ ხარ, მეორედ მოხვიდე?“ - ამდენად ერთხელ მოსულნი, ცხადია საეჭვო გზით, ხელისუფლებაში ყოფნისას იმას აკეთებენ - საკუთარი სავარძლის გამაგრება რომ ჰქვია. ქვეყნისთვის მათ დრო არ რჩებათ, არც სურვილი და არც გონებრივი სიმწიფე არ აძლევს მათ საქვეყნო საქმის კეთების შესაძლებლობას.
25 წლის განმავლობაში ყველა თვალშისაცემი პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა, აზერბაიჯან-თურქეთის და უცხო ქვეყნების ინიციატივით შედგა და რომ არა საქართველოს ერთადერთი ფუნქცია - ტრანზიტი, არავის გაახსენდებოდა ის, ისე, როგორც ბაქოს სამიტზე. არ ყოფილიყო ჰეიდარ ალიევის ინიციატივა მილსადენებთან დაკავშირებით, თანაც საქართველოს გავლით და არ იქნებოდა საქართველოს ხსენება. აზერბაიჯან-სომხეთის კარგი ურთიერთობების შემთხვევაში სომხეთის ტრანზიტი იქნებოდა ამორჩეული. ანალოგიური შეიძლება ვთქვათ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის რკინიგზაზეც, რომლის დაფინანსება (საქართველოს ტერიტორიაზე) აზერბაიჯანმა ითავა.
ერთადერთის, რასაც საქართველოს ყველა ხელისუფლება (გამსახურდიას გამოკლებით) ასრულებდა და ასრულებს - რუსეთის გამაღიზიანებლის ტიტულის მოპოვებაა. აშშ-ა ყველაფერი იღონა ამისთვის, თუმცა დიდი შრომაც არ დასჭირვებია. „საღეჭ რეზინებზე“ გაყიდულ პოლიტიკას არც ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის (აფხაზეთის გავლით) რკინიგზის ამოქმედება აინტერესებს და აღარც რუსეთ-სამხრეთ ოსეთ-საქართველო-აზერბაიჯან-ირანის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა, რომელიც პრაგმატული აზროვნების შემთხვევაში „ოქროს საბადოდ“ შეიძლება იქცეს. სხვას არ ჩამოვთვლი, შორს წავალთ.
25-წლიანმა დამოუკიდებლობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს თვითდამკვიდრების შესაძლებლობა გაუჩინა. ჩვენ? დიდი ვერაფერი შეგვძინა. ვეთანხმები უცხოელი ჟურნალისტის მოსაზრებას ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით: „ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება იმ ნეოლიბერალური კურსის მიმდევარი, რომელსაც ფანატიკურად მიმართავდა სააკაშვილი - ვერაფერი მოიტანა. ტურიზმი უნდა გადაქცეულიყო ქართული ეკონომიკის მთავარ გამწევ ძალად, თუმცა ეს დარგი ვერ ექაჩება სოფლის მეურნეობას ან სხვა დარგებს, ურომლისოდაც ის ნაკლებეფექტიანია.
საქართველო წლიურად, მილიარდი დოლარის კვების პროდუქტებს ყიდულობს უცხოეთში. ხორცის წარმოების თვალსაზრისით საკუთარ მოთხოვნებს მხოლოდ 41%-ით აკმაყოფილებს, ხორბლის - 8-12%. მძიმეა მრეწველობის მდგომარეობაც, რისი დამადასტურებელია ყოფილი საბჭოთა საწარმოების სავალალო სურათი, რომელიც თვალში ხვდება მოგზაურს ბათუმ-თბილისის გზაზე, ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიაში.
საბჭოთა წლების პერიოდში ჩამოყალიბებული ეკონომიკის ნგრევის კომპენსირება ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური რეფორმებით - საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოწერილი რეცეპტების მიხედვით მოხდა. მსოფლიო ბანკის რეიტინგში (Doing Business), რომლის წინაშე ქედს იხრის ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველო მსოფლიოში 24 ადგილზეა ბიზნესის დაფუძნება-წარმოების დარგში, მაგრამ ამ მონაცემებს არავითარი კავშირი არ აქვს ან თუ აქვს მცირედი, რეალურ ვითარებასთან. თუ 2003 წლის მონაცემებით (მსოფლიო ბანკი) საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოებით მოწინავე იყო კავკასიაში, დღეს, ბოლოა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სისტემა, ტურიზმი და დეველოპერული საქმიანობა არ იძლევა ქვეყნის განვითარების მრავალწლიან პერსპექტივას. სამივე ორიენტირებულია დღევანდელ კვერცხზე, დღევანდელი გამდიდრების ფიქრზე - ღმერთმა იცის, ხვალ რა იქნება. ყოველივე კი იწვევს დაუსაქმებლობას, უმუშევრობას. მინიმალური ყურადღება ექცევა (ან საერთოდ არ ექცევა) წარმოებას. მისი წილი ეროვნული პროდუქტის შექმნაში მინიმალურია. აღნიშნულმა ნეგატიურმა ტენდენციამ გამოიწვია ფართო დისბალანსი სოციალურ ფენებს შორის. ამ თვალსაზრისით საქართველო პირველია რეგიონში, რასაც აღნიშნავს კიდევაც ჟურნალისტი: „უთანაბრობა, განსაკუთრებით თვალშისაცემია ბათუმში, სადაც ფეშენებელური სასტუმროების სიახლოვეს უხვადაა ქოხმახები, დანგრეული გზები, გაუმართავი მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები“.
სულ ახლახანს, ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე ვნახე ბანგლოდეშის დედაქალაქ დაკის დაუჯერებელი ვიდეოკადრები. 15-მილიონიან ქალაქს, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე შეიძლება ეწოდოს ნაგვის, სიდუხჭირის, ანტისანიტარიის, დაავადებების ბუდე. იქ ხალხი ქუჩაში იბადება და ქუჩაშივე ამთავრებს ცხოვრებას, საშუალოდ 35 წლის ასაკში. მაგრამ არის ფეშენებელური უბანიც - თანამედროვე სასტუმროებით, გაქათქათებულ-გამწვანებული ქუჩებით, მდიდართა ვილებით და ა.შ. ბანგლადეშამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ უდავოდ მივალთ, თუ ხელისუფლება, პოლიტიკა არ შეიცვლის პოლიტიკას, ქვეყნის სასარგებლოდ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
17/08/2016

სტატიების არქივი