ბერლინის კედლის დანგრევის კვირეული

hamlet chipashvili-politologi

ა.წ. ნოემბერში გერმანიასა და დასავლეთში აღინიშნება ბერლინის კედლის დანგრევის კვირეული. რუსეთშიც აღინიშნება ეს ისტორიული მოვლენა - შესაბამისი განმარტებით და ისეთი პოზიციით, პოლიტიკურ ვაჭრობაში დასანანი წაგების ტოლფასი რომაა.
დღევანდელი გადასახედიდან გაცილებით იოლია იმჟამინდელი მოვლენების სიგრძე-სიგანით განხილვა, ვინაიდან დღეს ცივი გონება ჭარბობს ეიფორიულ განწყობას, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დომინირებდა, როგორც გერმანიის მოსახლეობაში, ისე საბჭოთა ადამიანებშიც.
გასაკვირი არაფერია იმაში, რომ საბჭოთა მოქალაქეები პოლიტიკურ დათმობაში, შეიძლება ითქვას მარცხში, უდიდეს სიხარულს გრძნობდნენ - სიხარულს „საამური“ საბჭოური სისტემის მოსალოდნელი დაშლით გამოწვეულს. ბერლინის კედლის დაშლაში საბჭოთა ხალხი საკუთარი ქვეყნის დაშლის მაუწყებელ თბილ სიოს გრძნობდნენ - დასავლეთიდან დაბერილს.
მაინც რა დრო გასულა. დრო, რომელმაც ძირფესვიანად გარდაქმნა მსოფლიოს ძალთა თანაფარდობა, პოლიტიკური სისტემა, თითოეული ჩვენგანის აზროვნება და ცხოვრება. ბერლინის კედლის ნგრევის მომსწრე თაობა ვერაფრით იფიქრებდა, მართლაცდა გრანდიუზული ცვლილების მოახლოებას, რომელმაც ცუნამივით გადაუარა მას და ქარიშხალში გადარჩენილებს მკაცრად შეახსენა - ეიფორია, ოთხმოციანი წლების სიხარული, მართალია, დიდი ძვრების მომასწავლებელი იყო, მაგრამ არცთუ ისეთი სანატრელი მომავლის მაუწყებელი, როგორსაც მოელოდნენ.
2014 წლის დასასრულს, შემორჩენილ იმ თაობას, იმ ცხოვრების მომსწრეს და ამ ცხოვრების „სიამტკბილობის“ საკუთარ ზურგზე გადამტანს, ბევრი რამ აფიქრებს, მათ შორის მეოთხედი საუკუნის წინანდელი ყოფისადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება.
ახალ თაობას, რომელსაც არც იმჟამად უცხოვრია და არც იმჟამინდელი ცხოვრების შესახებ გაუგია ან წაუკითხია, ვერაფრით გაუთავისებია, რატომ მისტირიან პაპები იმ ცხოვრებას, რომელსაც სააკაშვილმა „საბჭოთა რეპრესიების“ მუზეუმი მიუძღვნა. მაზოხისტებად აღიქვამენ ახლები, ძველებს. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, როდესაც ნაცთა თითქმის ათწლიანი პროპაგანდა (არც „ოცნება“ აკლებს ხელს), წარსულ ისტორიას აუტანელ საშინელებად აღწერდა - ციხეებით, დახვრეტებით, გადასახლებით.
ნაცთა პროპაგანდის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას, ესოდენ მძიმე ცხოვრებაში მყოფს, რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევებით, დღემდე ანუ „საამურ“ ცხოვრებამდე თავი ვერ უნდა მოეტანა. ამბვის მომტანი (იმ ცხოვრებიდან) თუნდაც ერთი ადამიანი ვერ უნდა გადარჩენილიყო.
მაგრამ გადარჩა არა ერთი, არამედ ოთხნახევარი მილიონი საბჭოთა საქართველოს მოქალაქე - გაცილებით მეტი, ვიდრე „საამური თავისუფლების“ პირობებში ცხოვრობს საქართველო. მაშ რაშია საქმე? ვინ არის მართალი?
ნაცთა მიხედვით, იმ ენით აუწერელი რეპრესიებისთვის ვერავის უნდა გაეძლო, მაგრამ გაძლო. საქართველოს მოსახლეობას რა ისეთი იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული, რომ საბჭოური „საშინელებისთვის“ გაეძლო და თან მოსახლეობის რაოდენობით, დღევანდელისთვის გადაეჭარბებინა? ვართ კი ასეთი გამძლენი? იქნებ სხვაშია საქმე, ანუ ნაცურ ფალსიფიცირებულ პროპაგანდაში? პასუხი თქვენთვის მომინდვია, იმჟამინდელნო.
ბერლინის კედლის დაშლას მოვაყოლე ყოველივე ზემოთნათქვამი და მოვაყოლე იმიტომ, რომ, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება იმჟამინდელობა ამჟამინდელობისგან. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ თუ რამემ წააგო საბჭოეთ-დასავლეთის თითქმის საუკუნოვან ჭიდილში - საბჭოთა პროპაგანდა იყო - არა ეკონომიკა, არა სამხედრო მშენებლობა, არამედ პროპაგანდა.
საბჭოთა იდეოლოგიამ ვერაფრით მოახერხა იქაური ცხოვრებისა და ყოფის ობიექტურად მოტანა საბჭოთა ხალხისთვის, რაც მოიტანა, მართლაც პროპაგანდა იყო - დაახლოებით სააკაშვილის პერიოდის მსგავსი. უფრო მეტიც, თვით წამოეგო დასავლურ პროპაგანდაზე, PR-ს რომ ეძახიან და ისე გადაეშვა დასავლური „სამოთხის“ მორევში, აღარც ქვეყანა ახსოვდა და აღარც დიდი წინაპრების მიერ სისხლით შეკოწიწებული ისტორია.
იმჟამინდელებს გვახსოვს აშშ-ს პრეზიდენტი რეიგანი, ბრანდენბურგის კარიბჭესთან ზურგით მდგომი და მისი მოწოდება საბჭოეთის ლიდერის გორბაჩოვისადმი - „გორბაჩოვ, დაანგრიე ბერლინის კედელი!“
და გორბაჩოვმაც დაანგრია, დაანგრია ისე, რომ ბევრი ვერაფერი შემატა საკუთარ ქვეყანას - გარდა საბჭოთა კავშირის დაშლისა.
საბჭოეთის დაშლას მთელი მსოფლიო უდიდესი სიხარულით შეეგება, რაც დასავლური PR-ის უდავო გამარჯვება და საბჭოთა პროპაგანდის დიდი მარცხი იყო. დასავლური პროპაგანდა 70 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და ცრუ ფაქტების მოყვანით ქმნიდა ეშვებიანი საბჭოელის იმიჯს - ამიტომაც გაიხარა მსოფლიომ და ჩვენც, დასავლურ PR-ს წამოგებულებმა.
ბერლინის კედლის დაშლას უმალ მოჰყვა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოსკოვის ორბიტიდან ჩამოშორება, ვარშავის პაქტის დაშლა, საბჭოთა კავშირის დაშლა, ნატოს რიგებში ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების გაწევრება და არა მარტო მათი, არამედ ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ნატოს სამხედრო ბლოკის მიერ აღმოსავლეთით გაფართოება და საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთის ნახევარმთვარის მსგავს ნახევარრკალში მოქცევა.
ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლეთს არცთუ ერთსულოვანი მოსაზრება ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტეტჩერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მიტერანის პოზიცია. ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ არა მარტო გერმანიის გაერთიანების, არამედ გერმანიის ნატოში შეყვანის საკითხსაც. მათთვის მისაღები იყო არსებული პოზიცია, ბერლინის კედლის გარეშე.
თანამედროვე რუსი და დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მწვავე განხილვის თემაა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. ამ საკითხმა მეტი აქტუალობა შეიძინა უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ნატომ არ შეასრულა დაპირება - შორს ყოფილიყო რუსეთის საზღვრებიდან. აშშ-ი და ნატოს წევრი სახელმწიფოები კი ამტკიცებენ; რომ რუსეთის ამგვარი მიდგომა საკითხისადმი არასწორია, ვინაიდან დასავლეთს არასდროს უთქვამს უარი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე; რომ არ არსებობს ამ მოსაზრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დიახ! კაცმა რომ თქვას, მართლაც არავითარი დოკუმენტი არ გაფორმებულა 1990 წელს სსრკ-აშშ, სსრკ-გერმანიის ლიდერთა საიდუმლო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ექსპერტთა აზრით, ვერბალური შეთანხმება, რომელიც უდავოდ არსებობდა, ისეთივე დატვირთვის მატარებელია, როგორც ქაღალდზე გადატანილი შეთანხმება.
განსაიდუმლოებული ამერიკული მასალების მიხედვით, ჯორჯ ბუშ-უფროსი და მისი მოკავშირეები მთელი ძალით ცდილობდნენ საბჭოთა ლიდერების დარწმუნებას, რომ „ცივი ომის“ შემდეგ წესრიგი ევროპაში ორივე მხარისთვის მისაღები იქნება ანუ საბჭოეთი უკან დაიხევს, ხოლო ნატო დარჩება ძველ ადგილზე.
1990-იანი წლების დასაწყისიდან ამერიკელი და დასავლეთ გერმანელი ხელმძღვანელები მივიდნენ გერმანიის გაერთიანების დასკვნამდე, მაგრამ ისინი არ იყვნენ დარწმუნებული, რომ სსრკ-ი გავიდოდა აღმოსავლეთ გერმანიიდან, ამიტომაც საბჭოეთისთვის შეიმუშავეს მისაღები გეგმა (გაცვლა).
1990 წლის 31 იანვარს გფრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა გენშერმა საჯაროდ განაცხადა, რომ გაერთიანების შემდეგ - „ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ადგილი არ ექნება“.
ორი დღის შემდეგ გაიმართა გენშერ-ბეიკერის (აშშ-ს სახელმწიფო მდივნის) მოლაპარაკება, რის შემდეგაც - ბეიკერ-შევარდნაძის, რომლის დროსაც ბეიკერმა თქვა: „ნატოს იურისდიქცია აღმოსავლეთით არ გაფართოვდება“. ანალოგიური რამ ითქვა ბეიკერის მიერ, გორბაჩოვთან მოლაპარაკებისას, როდესაც გორბაჩოვმა თქვა - „ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“.
„ჩვენ თანახმა ვართ“, - იყო პასუხი ბეიკერისა. მოგვიანებით შევარდნაძესთან მოლაპარაკების დროს, ბეიკერმა თქვა: „ჩვენის მხრიდან არის რკინისებური გარანტია, რომ იურისდიქცია და ნატოს ძალები აღმოსავლეთით არ გაფართოვდება“.
მეორე დღესვე, გორბაჩოვთან შეხვედრის დროს, გერმანიის კანცლერმა კოლმა იგივე ვალდებულებები აიღო - „გერმანია ერთიანდება, საბჭოეთი უკან იხევს, ნატო რჩება ადგილზე“.
ბეიკერის მოლაპარაკების შემდეგ შედგენილ დოკუმენტში წერია: -“სახელმწიფო მდივანმა დააფიქსირა, რომ აშშ-ი მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა გერმანიის გაერთიანებას და გაერთიანებული გერმანიის ნატოში ყოფნის კონცეფციას, მაგრამ გარანტიას ვიძლევით, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით“.
ასე, რომ ვიდრე საბჭოთა ლიდერები დაიწყებდნენ მოლაპარაკებას გერმანიის გასაერთიანებლად, მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მიდიოდნენ თანაბარ გაცვლაზე. 1990 წლის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ - გერმანია ერთანდება ნატოს ჩარჩოებში; ნატო ეთანხმება - არ შევიდეს აღმოსავლეთ ევროპაში.
მთელი 1990 წლის განმავლობაში ვაშინგტონი გამუდმებით ამბობდა, რომ მოსკოვს იზოლაციაში არ მოაქცევდა, აშშ-ი არ იქნებოდა ყველას და ყველაფრის ბატონი. მოსკოვის დასამშვიდებლად „აბებიც“ მოიძებნა - ევროპაში სამხედრო არსებობის შეზღუდვა, ნატოს პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნა.
ამერიკულმა ინიციატივებმა დააკმაყოფილა საბჭოთა ინტერესები. ყალიბდება ახალი წესრიგი ევროპაში, რომლის მიხედვით ნატო აღმოსავლეთ ევროპაში არ იქნებოდა. მაგრამ ყოველივე აღნიშნული მხოლოდ ზეპირ შეთანხმებას ეფუძნებოდა და არა იმას, რასაც ჰქვია ქაღალდზე გადატანილი ხელშეკრულება.
აშშ-ს ადმინისტრაცია, როგორც მაშინ, ისე დღეს, მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვას არ იზიარებდა და იზიარებს. მაგრამ მაშინ არც საბჭოთა ხელმძღვანელებს აღმოაჩნდათ პოლიტიკური ეჭვის გრძნობა, ისინი დათანხმდნენ ზეპირ დაპირებას და ჩათვალეს, რომ საკმარისია ისეთი უსერიოზულესი საკითხის მოგვარებისთვის, როგორიცაა ევროპაში ძალთა ბალანსი.
მას შემდეგ 25 წელიწადი გავიდა. მაშინ დაშვებულმა შეცდომამ (ზეპირი შეთანხმება) დღეს იჩინა თავი.
საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთის ფედერაცია, წინამორბედის შეცდომების გათვალისწინებით, ნაკლებად ენდობა დასავლეთს და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით მოითხოვს ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც ჩაწერილი იქნება, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამას სიტყვიერად აღნიშნავს ვაშინგტონი.
ვის დააკლდა 1990 წელს სიფხიზლე, ვინ მიენდო დასავლეთის ზეპირ განცხადებას? ეს კითხვები დღეს სერიოზულად ისმება და პასუხიც ეცემა - უწყებას, რომლის მთავარი საქმიანობა დიპლომატიური მოლაპარაკებებია. ცნობილმა საბჭოთა ჟურნალისტმა და მეცნიერმა ვალენტინ ზორინმა საბჭოთა კაზუსი გამოუცდელ შევარდნაძეს მიაწერა.
ბუში-უფროსის ადმინისტრაციის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ახალმა პრეზიდენტმა კლინტონმა სრულიად განსხვავებული კურსი აირჩია, მითუმეტეს მას ხელ-ფეხს არც არავითარი ხელშეკრულება არ უბორკავდა. აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი სტრატეგიული ვაკუმი თავისთავად ითხოვდა ვაშინგტონისგან ზეპირი დაპირებების იგნორირებას და აქედან გამომდინარე ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას.
რუსეთში, ნატოს აღმოსავლურმა მარშმა, თავისთავად გამოიწვია იზოლაციაში და ალყაში მოქცეულის შეგრძნება. უკრაინის მოვლენებმა და აქედან გამომდინარე კრემლის რეაქციამ დასავლეთში ანტირუსული განწყობა გააღვივა და მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ დასავლეთისთვის ეს არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი.
დასკვნა - თუ დასავლეთს სურს რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოება, აუცილებელია 1990 წლის სიტყვიერი შეთანხმების გათვალისწინება და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება. ნატომ უნდა შეწყვიტოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ძალის დემონსტრირება. სწორედ ასეთი ქმედებით გაუჩენს დასავლეთი რუსეთს სანდოობის შეგრძნებას და იმას, რომ 1990 წელს ზეპირად ნათქვამი სიტყვები, რეალობას შეესაბამება. ამ მოსაზრებას ამერიკელი ექსპერტებიც იზიარებენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
06/11/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.