საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


2008 წლის 8 აგვისტოს ომის ტყუილ-მართალი

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

ქართველები ამბობენ - ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, მაგრამ რაღა მოკლე, 2008 წლის აგვისტოს ტყუილი ერთობ გრძელფეხა გამოდგა - როგორც ჩანს პოლიტიკური ტყუილი, ჩვეულებრივ ტყუილებში არ გადის. ის, სხვაგვარად ფასდება, ხშირ შემთხვევაში, კონიუნქტურიდან გამომდინარე, უცილო ჭეშმარიტებად.
8 წელიწადია საქართველოს პოლიტიკა და მისი დასავლელი მხარდამჭერები დაბეჯითებით იმეორებენ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის საკაშვილის გამოგონილ ტყუილს - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ, რასაც მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და დაკარგვა. 8 წელიწადია არც საქართველოს პოლიტიკას და არც მის დასავლელ მხარდამჭერებს საჯაროდ ერთხელაც არ დაუსვიათ კითხვა - რა ბზიკმა უკბინა რუსეთს, რომ მეზობელი საქართველოსთვის ომი გაეჩაღებინა?!
21-ე საუკუნის პირველ დეკადაში, შედარებით მშვიდში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რამ აიძულა რუსეთი გადაედგა ისეთი სამხედრო ნაბიჯი, რომელიც მთელი დასავლეთის გულისწყრომას და პროტესტს გამოიწვევდა? პროტესტს, რომელიც დღემდე გრძელდება. ნუთუ რუსეთის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერადავერ გათვალა, რა მოჰყვებოდა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრას? არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი მედვედევი და მისი გუნდი იმდენად უმეცარი იყო, რომ მოსალოდნელი დასავლური ქარიშხალი ვერ გაეთვალა?!
აქ, საქმე სხვაშია და უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ დასავლეთმა, საქართველოს, მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის ხელით უბიძგა საომარი მოქმედების დაწყებას. დასავლეთს, კეძოდ აშშ-ს მაშინდელ ადმინისტრაციას სურდა რუსეთის გამოწვევა, უფრო სწორად გაგება იმისა, რას მოიმოქმედებდა რუსეთი, საქართველოს მიერ ცხინვალზე შეტევის შემთხვევაში.
გარდა ამისა იყო სხვა ხიბლიც, განსაკუთრებით პრეზიდენტობისთვის მებრძოლი რესპუბლიკელი მაკკეინისთვის სასურველი ნიადაგის შექმნა, რუსული აგრესიის დასაგმობად და საარჩევნო კამპანიაში რუსეთის აგრესიულობის ფაქტორის წინა პლანზე გამოტანა.
ცხინვალის ომმა გარკვეული დახმარება გაუწია მაკკეინს, ობამასთან ბრძოლაში, მაგრამ ცოტა ხნით და არა საარჩევნო ბატალიების ბოლომდე. მაკკეინმა აგინა და აგინა აგრესორი რუსეთი, პატარა საქართველოში შემოჭრისთვის და ამერიკელ ამომრჩევლებს მოუწოდა იმ კანდიდატის მხარდასაჭერად, ანუ მაკკეინის, რომელიც ობამასთან შედარებით აგრესორსაც ამხელს და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთს მოარჯულებს.
არ გაუმართლა. ამერიკელმა ამომრჩეველმა, რომელმაც ვერაფრით გაიგო რომელი „ჯორჯიის“ დაცვაზე იყო ლაპარაკი, იარაღი შეისხა აშშ-ს შტატ ჯორჯიის დასაცავად. ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციას სხვა კურდღლის დაჭერაც უნდოდა - მეტოქე რუსეთისთვის სამხრეთში მუდმივი დაძაბულობის კერის შექმნა, რაც რუსეთის უდიდეს ყურადღებას და ენერგიას წაიღებდა. 2008 წელს მას ეს ილითი არ გამოუვიდა, მაგრამ მოგვიანებით შეძლო, უკრაინის სახით.
2008 წლის ომში მთელი რიგი საერთაშორისო სახის საკითხები იყო თავმოყრილი - მზაკვრული და ავანტიურისტული. ეს არ იყო ისეთი პრიმიტიული, როგორსაც მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და დღევანდელი პოლიტიკა აცხადებს - რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა და ითქვა, როგორც შინ, ისე გარეთ - ზოგი მართალი, ბევრიც ტყუილი, ვინაიდან შინაურ-გარეული მედიაც იმ ჰანგებზე იყო და არის აწყობილი - რუსეთის აგრესია რომ ჰქვია. არადა, მაშინაც და დღესაც, იქაც და აქაც პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და მედიამ კარგად იციან ომის გამჩაღებლის ვინაობა, მაგრამ უსირცხვილოდ სხვას ანუ რუსეთს ადანაშაულებენ.
ცნობისთვის - მკითხველს შევახსენებ, რომ ცხინვალის ომთან დაკავშირებით ისრაელელმა მწერალმა და მკვლევარმა ლევ გუნინმა წიგნიც დაწერა ომისწინა პერიოდისა და ომის დროინდელი ვითარების წუთობრივ-საათობრივი აღწერით.
გამოქვეყნდა საერთაშორისო კომისიის (ტალიავინის) დასკვნაც, სადაც პირდაპირაა ჩაწერილი, რომ ომი სააკაშვილმა გააჩაღა. მაშ, რა გვსჯის, რა გვალაპარაკებს საწინააღმდეგოს?! რატომ იბრიყვებს თავს ხელისუფლებაც და ქართული პოლიტიკაც ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში? აი, რას ამბობს პრეზიდენტი მარგველაშვილი: „რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი, მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს“. როდესაც საერთაშორისო მანდატის ქვეშ მყოფ ყოფილ ავტონომიას ცენტრი „გრადებს“ დასცხებს და უცხო ქვეყნის (რუსეთის) მშვიდობისმყოფელებს სიცოცხლეს გამოასალმებს, ბირთვული სახელმწიფოს მხრიდან თავზე ხელის გადასმას არ უნდა ელოდე. რანაირად შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრებ საკუთარ მოსახლეობას ცეცხლითა და მახვილით შეუტიო?
დიახ! ოფიციალურმა თბილისმა, კერძოდ სააკაშვილმა, ამერიკელთა წაქეზებით, შეუტია მძინარე ცხინვალს, რასაც მოჰყვა რუსეთის ჯარის კონტრშეტევა და ის, რაც მოხდა. არ დასცხებდა სააკაშვილი ცხინვალს „გრადებს“ და ტანკებით არ შევარდებოდა იქ და არ იქნებოდა რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევა ანუ „აგრესია“.
თვალი გადავავლოთ 2008 წლის აგვისტომდე არსებულ ვითარებას ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ხაზგასმით განვაცხადოთ - რიგით მერამდენე აგრესიას ჰქონდა ადგილი რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში? არც ერთს! მაშ, რაღა საქართველო ამოირჩია ამ „მზაკვარმა“ რუსეთმა?! ამოირჩია იმიტომ, რომ სააკაშვილმა ამოირჩია (ამოარჩევინეს) რუსეთი.
წარმოვიდგინოთ, რა მოჰყვებოდა კარიბის ზღვის რომელიმე ქვეყანას რომ მსგავსი გაებედა აშშ-თვის?! არც არაფერი - სულ მტლაშა-მტლუშსა და ხვევნა-კოცნას შეაგებებდა ამერიკა აგრესორს?! დედაბუდიანად მოთხრიდა და მიწასთან გაასწორებდა. მაგალითად იაპონიაც კმარა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ - დაცემულ და უკვე ომწაგებულ იაპონიას ბირთვული ბომბები დააყარა და ისე დაწვა, შემწვარ ადამიანთა ხორცის სუნი დღესაც ცუდ განწყობაზე აყენებს კაცს.
„არ არის გაცემული პასუხი იმ უბედურებაზე, რაც მოხდა. საერთაშორისო საზოგადოება არ არის მზად მომხდარს ადეკვატური პასუხი გასცეს ... ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს სამხედრო ძალების და ნატოს მეშვეობით ვერ და არ დავიბრუნებთ“ - პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი.
ბატონო, დავით! საერთაშორისო საზოგადოებამ, ტალიავინის კომისიის დასკვნით რახანია შეაფასა მაშინდელი ვითარება და რომ არა ძლიერთა ამა ქვეყნისათა ზეწოლა უფრო მეტ გასაშავებელს დაწერდა დასკვნაში. რაც შეეხება ნატოს დახმარებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, გულწრფელად გეთანხმებით, რომ ასეა. არც ერთ მაღალჩინოსანს ჯერ-ჯერობით არაფერი უთქვამს ისეთი, რაც თქვენ თქვით, რისთვისაც მადლობას გიხდით.
„2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით, რუსეთმა მეზობელი ქვეყნების მოსადრეკად თამაში წამოიწყო. 8 წლის წინ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კრიზისი წარმოიშვა. გავაკეთეთ ის, რომ აგრესორი თბილისში ვერ შევიდა და მარიონეტი მთავრობა ვერ დასვა“ - ზალმაი ხალილზადე, აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელი გაეროში.
რა შესაშური ცილისწამება და სიბრიყვეა ელჩის გამომზეურებულ განცხადებაში - „თამაშის წამოწყება და მარიონეტი ხელისუფლების არ დასმა“ მაქვს მხედველობაში. ყოფილი ელჩის განცხადებით - რახან რუსეთმა „თამაში წამოიწყო“, დიდხანს გეგმავდა ამას და რახან დიდხანს გეგმავდა თბილისის აღებაც ჰქონდა მხედველობაში და მარიონეტი ხელისუფლების დასმაც, ისე რა აზრი ჰქონდა აგრესიას?
და მართლაც - რამ და ვინ შეაჩერა რუსეთის თბილისში შემოსვლა? ელჩი იჩემებს - ჩვენო! რაც ისეთივე სიმართლეა, როგორც აგვისტოში თოვლი. რუსეთისთვის, სააკაშვილის ცხინვალზე შეტევა მოულოდნელი იყო, რის შესახებაც არაერთხელ ბრძანა მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა. სწორედ ამით იყო გამოწვეული გაურკვეველი რუსული პაუზა და ცხინვალში რუსის ჯარის შესვლის დაგვიანება. შემდეგ იყო საქართველოს „არმიის“ განდევნა ცხინვალიდან და ლამის თბილისამდე მოსვლა. რუსეთს ვერაფერი შეაჩერებდა თბილისის აღებაში, მას რომ ასეთი გეგმა ჰქონოდა.
რუსეთი „არ“ და არა „ვერ“ შემოვიდა თბილისში და ამაში ამერიკელთა განცხადება „ჩვენ“ შევაჩერეთო, ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ აშშ-ს გარკვეული წრეები სააკაშვილს აფრთხილებდნენ - ომი არ წამოეწყოო. გამოდის, რომ ყველა საკითხში ამერიკის პირში შემყურე სააკაშვილი, ურჩი გამოდგა სამხედრო აგრესიის წამოწყებაში, რაც სრული აბსურდია.
სააკაშვილმა შეასრულა ვაშინგტონის დავალება, მაგრამ არა ბოლომდე, ვინაიდან 5 დღეში კაპიტულაცია გამოაცხადა. ოკეანეგადაღმელი დამრიგებლები კი ომის პერმანენტულ გაგრძელებას ვარაუდობდნენ და საქართველოს მოსახლეობის პარტიზანულ ომს - ჩანგლებით, დანებით (ბაქრაძე) და ა.შ. აშშ-ს საელჩომ, რომელსაც მაშინაც და დღესაც დიდი გავლენა ჰქონდა და აქვს საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებაზე, არაფერი იღონა აგრესიის შესაჩერებლად. არ გამოვიდა საავტომობილო ტრასაზე და წინ არ აღუდგა ცხინვალისკენ მიმავალ მძიმე სამხედრო ტექნიკას.
საქართველოს მოსახლეობისთვის ცხინვალის ომის დაწყება მოულოდნელი იყო. ის ფაქტის წინაშე დააყენეს ბედოვლათმა პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ. რა მოიმოქმედა მან?
სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რაც უნდა გაეკეთებინა - მხარში ამოუდგა ქვეყნის დამაქცევარს და მასთან ერთად პარლამენტის შენობის წინ აგებულ სცენაზე ცეკვა-თამაში გამართა ხელისუფალთა მხარდასაჭერად. არადა გონებაგახსნილი საზოგადოება უნდა გამოსულიყო ქუჩაში და კატეგორიულად მოეთხოვა სააკაშვილისა და მისი ხროვის გადადგომა. ამით დიდი მამულიშვილური საქმე გაკეთდებოდა და რაც მთავარია არ მიეცემოდა სააკაშვილს შესაძლებლობა მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან ამოეღო უმნიშვნელოვანესი პუნქტი - ავტონომიებთან მოლაპარაკების დაწყება.
ნაცვლად ამისა, სარკოზის შუამავლობით ზურგგამაგრებულმა სააკაშვილმა მუქარას მიჰყო ხელი - ძალით დავიბრუნებთ დაკარგულსო, რამაც კრემლს აფიქრებინა, რომ სააკაშვილი, მოკავშირე ამერიკის დახმარებით, მართლაც შეასრულებდა მუქარას. სწორედ ამან უბიძგა მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.
საქართველოს მოსახლეობამ დაინდო სააკაშვილი და მისი ბანდა, მაგრამ დანდობილმა რომ არ დაინდო საქართველო? ომიდან თითქმის 4 წლის განმავლობაში ისე აწამა ხალხი, უარესს რომ ვერვინ იფიქრებდა. კულმინაცია ხელისუფალთა აღვირახსნილობისა ცოცხებით გაუპატიურება იყო. ზემომოყვანილ საბედისწერო ისტორიას ადგილი არ ექნებოდა, ქართული პოლიტიკა და ხალხი სათანადო დონეზე რომ მდგარიყო. სააკაშვილის ტელევიზიების PR-ს აყოლილი ქართული საზოგადოება მაშინაც და დღესაც ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს, რაც ბევრ შემთხვევაში უადგილოა. როდესაც დღევანდელი „ინტელექტუალი“ საჯაროდ იტყვის, რომ საქართველო უბედურია რუსეთის მეზობლად ყოფნის გამო - ზეცაში აყვანილი დემაგოგია და კაცთმოძულეობაა.
მშოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც მეზობლები გულზე ეხატება, მაგრამ მეტნაკლებად, უფრო მეტად ახერხებს მათთან ნორმალური ურთიერთობების ქონას. არაერთხელ მომიყვანია ფინეთის მაგალითი და ახლაც გავიმეორებ - საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფინეთმა ტერიტორიებიც დაკარგა, მაგრამ რუსეთის სიძულვილი ზენიტში არ აუყვანია. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე შეუდგა ის საბჭოეთთან ნორმალური კავშირების ჩამოყალიბებას, რამაც ეს პატარა ქვეყანა ეკონომიკურ-სოციალური კუთხით მსოფლიო ლიდერად აქცია. რუსეთის უკიდეგანო ბაზარი იქცა ფინური ბიზნესის სავანედ, ისე, როგორც რუსეთის რესურსები.
სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება, მაგრამ შორს წავალთ.
2008 წლის 8 აგვისტო შავი ასოებით არის ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში. ჯერაც პასუხი არ უგიათ ომის გამჩაღებელ სააკაშვილსა და მის გუნდს, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა არგენტინაში იმ სამხედრო ხელისუფალთა მიმართ, რომლებმაც ფოლკლენდის ომი წამოიწყეს. ყველა მათგანს ხანგრძლივი ვადით თავი უკრეს ციხეში. ჩვენ კი თავზე ხელი გადავუსვით, რაზეც ცოცხის ტარებით გვიპასუხა. დღესაც, არვინ იცის, რას მოიმოქმედებს სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოსა წინააღმდეგ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
11/08/2016

სტატიების არქივი