საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ისევ რუსული პროპაგანდა?

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

„საზიზღარო, ბოროტო, აგრესორო, ქიმიური იარაღით ჩვილი ბავშვებისა და ქალების მხოცველო (სირიაში), პატარა ერების მჩაგვრელო, ქართველი ხალხისთვის გენოციდის მომწყობო, ქართული ტერიტორიების მიმტაცებელო, გახრწნილო, ლოთო და ბოზო ერო, მთელი მსოფლიოსთვის საფრთხობელად ქცეულო, ...“.
აი, ასე უნდა მიმართოს ყველა ქართველმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსმა ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე რუსეთის წარმომადგენლებს. ამ სიტყვებით უნდა ამხილოს საქართველომ რუსული მზაკვრული პოლიტიკა. მხოლოდ ტერმინოლოგიის სიმკაცრით - თანაც დიპლომატიაში მიუღებელი ლექსიკით, გახდება შესაძლებელი მსოფლიოს საზოგადოების საქართველოს პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობა, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უეჭველი საწინდარი გახდება.
ზემომოყვანილი სიტყვების წამკითხველი ნებისმიერი ადამიანი უმალ მოიკითხავს სტატიის ავტორს და დარწმუნებული ვარ გაიფიქრებს - ჭიპაშვილი გადაქანდაო. ისე, კაცმა რომ თქვას, როგორც მე, ისე სხვებს, მხედველობაში საღად მოაზროვნენი მყვანან, უმცირესობაში რომ არიან მოქცეულნი, გადაქანების სიმპტომები რომ გვქონდეს, რა გასაკვირია. დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ყოფა ხომ „გადაქანების“ სტიმულატორია?!
„გადაქანებას“ არა მარტო ჩამოთვლილი სამი კომპონენტი იწვევს, არამედ ბრიყვული სტატიები, სატელევიზიო განცხადებები, ვითომ პატრიოტული მოწოდებები და საკუთარი დანაშაულებისთვის ხელის დაფარების მცდელობა, სინამდვილის დამახინჯება, სიცრუის სიმართლედ წარმოჩინება, სიმართლის - სიცრუედ.
სწორედ ამგვარი სიცრუის მორევში ცხოვრობს საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, ზოგიერთთა გამოკლებით, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება შეიცვალოს. თითქოს რაღაც „უხილავმა“ ძალამ შეკრა ხელისუფლება, ოპოზიცია, ექსპერტობა, საზოგადოების ელიტა ერთ მუშტად, მტერთან ვითომ საბრძოლველად.
მტერიც ნაპოვნია - რუსეთის სახით. „უხილავი“ ძალაც ცნობილია - აშშ-ს სახით და ბრძოლის დეტალებიც ჩამოყალიბებული. „უხილავი“ ძალის ქვეყანაში, ისიც ცნობილია, თუ ვინ უნდა აიღოს ხელში ნამდვილი იარაღი მტერთან საბრძოლველად - ისე, როგორც ამას 2008 წელს ჰქონდა ადგილი. მაგრამ ვიდრე იარაღს დაგვაჭერინებენ ხელში, ნიადაგის შემზადებაა საჭირო - რუსეთის სალანძღავი სტატიებითა და ანტირუსული პროპაგანდის გაშლით. შემდეგ იმის თქმა, რომ ანტირუსული პროპაგანდა, რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო რამ არის, რომელმაც არა მარტო აშშ-ს, ევროპის ქვეყნების, სხვების „უმანკო და პატიოსნებით აღსავსე“ ტვინებზე იქონიეს გავლენა, არამედ ქართულ ტვინებზეც. და რომ ამგვარ პროპაგანდას წერტილი დაესვას, საჭიროა კანონის მიღება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, პრორუსული პროპაგანდის ასაკრძალად. ვიდრე პარლამენტი მას განიხილავს და მიიღებს, უმჯობესია ახლა ვთქვათ სათქმელი, თორემ მერე საციხოდ გაგვიხდება საქმე. ვინ იცის, რას ჩათვლის ხელისუფლება პრორუსულ პროპაგანდად?
დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას - რუსეთისთვის მკაცრი პასუხის გაცემას, დაახლოებით ისეთის, როგორიც დასაწყისში მოვიყვანე. ალბათ ასეთ პასუხს მოითხოვს ხელისუფლებისგან ოპოზიცია, ე.წ. ექსპერტობა. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს. ცისკარიშვილს, რომელიც სოხუმში, რუსეთის საელჩოს გახსნას ეხება და ამ ცერემონიალზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ლავროვის გამოსვლას.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს უკმარისობის გრძნობა გამოიწვია ოპოზიციასა და ცისკარიშვილში. აი, რას აცხადებს ის: „ეს ფაქტი შეიძლებოდა ყოფილიყო გაჟღერებული უფრო მკაფიოდ, კატეგორიული გამოთქმებითა და ორგანიზებული პროტესტიტაც. საკმარისი არაა რამდენიმე წინადადებიანი მიუღებლობის წარმოჩენა არცთუ ინფორმაციული განცხადებებით“.
„ექსპერტის“ აზრით, დაახლოებით ისეთი ლექსიკა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, როგორც თავში წარმოგიდგინეთ. ცისკარიშვილი რუსეთის გამოხდომის მიზეზსაც აღნიშნავს: „კრემლს, მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც ბატონმა ტრამპმა მიიღო და ესაუბრა საქართველოს ელჩს. რუსეთის ელჩს ასეთი პრივილეგია დღესაც არ აქვს“.
ხედავთ, როგორ გაგვისწრია რუსეთისთვის? მის ელჩს არ იღებენ, ჩვენსას კი წითელ ფიანდაზს უგებენ.
როგორც ჩანს, ცისკარიშვილისთვის დიდ გამოცანად რჩება ან უფრო სწორად საამაყო საქმედ ტრამპის მიერ საქართველოს ელჩის მიღება, რუსეთის კი - არა. ბარემ ძალიან უნდა ტრამპს რუსეთის ელჩის მიღებაც და პუტინთან შეხვედრაც, მაგრამ ამერიკული პოლიტელიტა, რომელიც ტრამპს რუსეთის აგენტად და პუტინის „კაცად“ მიიჩნევს, ტრამპს ვერ აბედვინებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ასი დღე ჯერაც არ დალეულა და ლამის მას იმპიჩმენტი მოუწყონ, რუსეთთან ფარული კავშირების ქონისთვის და ასეთ დროს რუსეთის ელჩის მიღება?!
ცისკარიშვილმა უნდა იცოდეს ყოველივე ეს. ალბათ იცის კიდევაც, მაგრამ ხალხს ატყუებს - „მაგარი ქართველობით“. სამწუხაროა, როდესაც ექსპერტს წამიერი „ანტირუსული გამონათება“ ამოძრავებს, თუმცა მისგან, საზოგადოება სწორედ ასეთი „ფოლიანტებით“ იკვებება, რაც მხოლოდ ერის დეგრადაციას უწყობს ხელს და სიცრუის ტირაჟირებას.
დიახ! რუსეთმა ახალი საელჩოს შენობა გახსნა სოხუმში. ამ ღონისძიებას ლავროვი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაზე, რასაც მართლაც აქვს ადგილი. სულაც არ არის გასაკვირი, რომ აფხაზეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ისე, როგორც საქართველოს აშშ-თან. ყველა თავშესაფარ ქოლგას ეძებს. აფხაზებმა ასეთად რუსეთი ჩათვალეს, ქართველებმა - აშშ-ი. აფხაზებს დიდი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირებიათ „სამშვიდობო ქოლგის“ ძიებაში, არც ათასობით კილომეტრის დაფარვა, ისე, როგორც ჩვენ. დარწმუნებული ვარ დროთა ვითარებაში ის საერთო ენას გამონახავს აშშ-ნ, ევროკავშირთან. ჩვენ? თუ ცისკარიშვილების გზას დავადგებით, რუსეთთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და კისერსაც მოვიტეხთ - მეორედ. ცისკარიშვილის მცდარი მოსაზრებით, საქართველოს მჭახე განცხადება ვერ შეცვლის ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთში ჩამოყალიბებულ შეხედულებას, განსაკუთრებით 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ვინაიდან მან (დასავლეთმა) უკვე შეიქმნა ნეგატიური განწყობა - ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნით.
ომი საქართველომ დაიწყო! ამ ომში საქართველო დამარცხდა! გამარჯვებულმა მხარემ, შემდგომში მსგავსი ავანტიურის თავიდან აცილების მიზნით, დაიპყრო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. იქ სამხედრო ბაზებიც გახსნა და საელჩოებიც, თუმცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დიპლომატიურად ცნობამდე ოფიციალურ თბილისს, რუსეთის მხრიდან, მიეცა შანსი სოხუმ-ცხინვალთან ურთიერთობების დასალაგებლად, რაც თბილისმა არ მიიღო.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკოსთა ვიწრო აზროვნებას არაფერი ეშველა. ისინი დღესაც იმას მოითხოვენ, რასაც გუშინ. ისინი არც რუსეთთან, არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დაწყებას არ აპირებენ და უწინდებურად განაგრძობენ რუსეთის ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში, კონფერენციაზე რუსეთის ლანძღვას, აფხაზებისა და ოსების სეპარატისტებად, დამნაშავეებად მოხსენიებას.
რადიო „მაესტროს“ ეთერში გამოსვლის დროს „ექსპერტმა“ კასრელიშვლიმა რუსეთ-საქართველოს გაუსაძლისი ურთიერთობა რუსეთს მიაწერა და ისიც თქვა, რომ რუსეთს არასდროს შემოუთავაზებია საქართველოსთვის შერიგებისთვის საჭირო რაიმე სახის წინადადება; რუსეთის ხელისუფლებას სურვილიც არ გამოუთქვამს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების თაობაზე.
„ექსპერტის“ განცხადებები სწორედ ისაა, რაც გზააცდენილ საზოგადოებას უბსკრულისკენ მიაქანებს. როგორც ჩანს, კასრელიშვილი არაფრად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების თაობაზე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო. სწორედ ასეთი დიალოგის დროს არის შესაძლებელი იმ შემოთავაზებებზე ლაპარაკი რასაც კასრელიშვილი გულისხმობს და არა წინასწარ, დიალოგის დაწყებამდე.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ერთხელაც საერთაშორისო საზოგადოება „დასჯის“ რუსეთს და დაუბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. სწორედ ამ ფუტურისტული მოსაზრებიდან გამომდინარე ცისკარიშვილ-კასრელიშვილის შემხვედვარე საქართველო „შტამპავს და შტამპავს“ ანტირუსულ განცხადებებს, რითაც საკუთარ თავსა და ხალხს ატყუებს. საქმის გამკეთებელი ხელისუფლება, ბუტიაობის ნაცვლად, კრემლის კარს აატალახებდა, ნაცვლად ამისა ის შიდა მოხმარების „მკაცრი“ განცხადებებით იიმედებს თავს.
რუსეთს, რომ ისეთი წარმოდგენა შეექმნას - თითქოს საქართველოს მასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, გასაკვირი არ იქნება. 2008 წლის სექტემბრიდან დაწყებული, დღემდე მას არვინ დალაპარაკებია. არც პრეზიდენტ პუტინის წინადადებას შეხმიანებია. ასეთ დროს ხომ შეიძლება კრემლმა იფიქროს, რომ საქართველოს, რუსეთთან გასარკვევი არაფერი აქვს?!
ნაცვლად გონივრული პოლიტიკისა საქართველოს ხელისუფლება ისე, როგორც არასდროს, ევროატლანტიკურ კურსს ებღაუჭება, თან დაბეჯითებით უმტკიცებს ევროპა-ამერიკას რუსული აგრესიის თაობაზე, რუსული პროპაგანდის მსხვერპლობაზე. დასავლეთის კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, აბსურდამდე მისული ქმედებით, ცდილობს საქართველო რუსეთისგან დისტანცირებას და დასავლეთთან სამარადისო ჩახუტებას. კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ჩაწერა სხვა არაფერია, თუ არა თავის გასაპნვა დასავლურ უკანალში შესაძრომად. ამ ქმედებით შეძლებს ქართული პოლიტიკა დაკარგულის დაბრუნებას?
საქართველო უკრაინასთან, აშშ-თან ერთად გაეროს იმ ქვეყნების (სულ ოთხი) რიგში აღმოჩნდა, ვინც მხარი არ დაუჭირა რუსულ პროექტს - კოსმოსში იარაღის არგანლაგებასთან დაკავშირებით. არც ერთ საერთაშორისო ფორუმს საქართველო რუსეთის კრიტიკის გარეშე არ ტოვებს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება რუსეთში. არადა, საქართველოს, მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეუძლია დღეს არსებული პრობლემების დაძლევა. სრული შესაძლებელია რუსეთთან მტრობამ დღევანდელს, ახალი პრობლემებიც დაუმატოს და ისე დაამძიმოს ქვეყნის ყოფა, რომ გამოსავალიც ვერ მოინახოს. არის ე.წ. ევროატლანტიკური სივრცე ქართველთა უთაობით შექმნილი პრობლემების მომგვარებელი? და თუ არის, ამდენხანს რას ელოდება?
ეს კითხვა არაერთხელ უნდა იქნას გაჟღერებული თვით ხელისუფალთა მხრიდან ქვეყანაში მომრავლებული „ურწმუნო თომების“ დასარწმუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთობ სავალალო დღეში აღმოვჩნდებით, ისეთში, რეანიმაციაც რომ ვერ გადაგვარჩენს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
22/04/2017

სტატიების არქივი