საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


300 ლარად მოჭრილი საკუთარი თავი და ქვეყანა

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

20 იანვარს აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მსოფლიო დიდის ინტერესით ელოდება ამ დღეს, ვინაიდან ახალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო განცხადებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, უდავოდ დიდ გარდაქმნებს ექნება ადგილი.
პირველ ქვეყნად წოდებულის როლი აღარ იქნება ისეთი, რასაც დღემდე აქვს ადგილი. შეიცვლება ამ ქვეყნის დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის იმათთან, ვისაც დღემდე პარტნიორებად მოიხსენიებდნენ. შეიცვლება ევროკავშირთან, ნატოსთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამოკიდებულებაც, რაც პოლიტიკოსთა შორის დიდ თავსატკივარს იწვევს.
შეცვლა, უბრალო ნამდვილად არ იქნება. შეცვლა, უდავოდ რევოლუციური იქნება, ამიტომაც მსოფლიო პოლიტიკის ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიპყრობილი. ისე, როგორც სხვები, ჩვენც იქითკენ ვიყურებით ჩვენთვის სასარგებლოს მოლოდინში და წამითაც არ ვფიქრობთ იმ მოსალოდნელზე, რაზეც არჩეულმა პრეზიდენტმა არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა - რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, პოსტსაბჭოთა სივრცისადმი (სადაც ჩვენც შევდივართ) ზედაპირული დამოკიდებულება. არჩეული პრეზიდენტის დაჟინებული განცხადებები, რუსეთთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით მაფიქრებინებს, რომ საქართველო, ისე, როგორც სხვა მსგავსი ქვეყანა, ახალი პრეზიდენტის პოლიტიკურ არეალში ისე ვეღარ იქნება, როგორც დღემდე. ჩანს ახალი პოლიტიკური ვექტორის გამოძერწვა მოგვიწევს და ეს ვექტორი რუსეთსა და მეზობლებს უნდა დაუკავშირდეს.
როდესაც სხვა გზა არ გაქვს, ის უნდა აირჩიო, რაც შენმა წინაპარმა და რამაც თავის დროზე საქართველო ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩინა. ეს არც ლიტონი სიტყვებია და მითუმეტეს არც ცრუ ისტორია. თუ აშშ-ი აღარ იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი ხომ იქნებაო - იტყვის მავანი. აშშ-ი შექმნილი ახალი ვითარებიდან და ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებიდან გამომდინარე, თვით ევროკავშირს აქვს უდიდესი პრობლემები, რაც არათუ ასოცირებულ წევრს, საქართველოს სახით, თვით ევროკავშირის წევრებსაც კი კარგს არაფერს უქადის. ანალოგიური ვითარებაა ნატოსთან დაკავშირებითაც. პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს ამ ორგანიზაციებთან დონორულ ურთიერთობას და ყოველივე იმას, რასაც აშშ-ი აკეთებდა მათთან მიმართებაში.
ევროკავშირთან ასოცირება შეაფასა მოლდოვას ახალმა პრეზიდენტმა დოდონმა და ჩათვალა, რომ თითქმის ორწლიანმა „თანამშრომლობამ“ ნეგატიურის მეტი არაფერი მოუტანა ამ ქვეყანას. დოდონის ინტერვიუს გაცნობა სასარგებლო იქნებოდა იმათთვის, ვინც ბრმად უჭერს მხარს ევროკავშირთან ურთიერთობას, თვლის რა განსაკუთრებულ სარგებელს ჩვენი ქვეყნისთვის.
არა აშშ-ი, არა ევროკავშირი, მაშ რა? - ისმის კითხვა - პასუხი მარტივია - მეზობლები და უპირველესად რუსეთი, დსთ, ევრაზიული სივრცე, შოსი, რომელიც ესოდენ მომხიბლავად გამოიყურება ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორებიცაა თურქეთი, ისრაელი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი და ა.შ.
კეთილი, დავუშვათ ქვეყანამ სრულიად საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, რამდენად იქნება შესაძლებელი მისი განხორციელება? კითხვა ლოგიკურია, ვინაიდან პრეზიდენტ გამსახურდიადან დაწყებული, ისეთი ანტირუსული ლანძღვა-გინებაა ატეხილი ქვეყანაში, უარესს რომ ვერ ინატრებდა აშკარად ანტირუსი ამერიკელი სენატორი მაკკეინიც კი.
აშშ-ს ჰეგემონისტური პოლიტიკიდან გამომდინარე 25-წლიანმა ანტირუსულმა ისტერიამ, რასაც ჩვენში აქვს ადგილი, გადააგვარა ხალხის აზროვნება, დაავიწყა მას ყველა სიკეთე, რასაც უდავოდ ჰქონდა ადგილი 2 ქვეყნის საუკუნოვან ისტორიაში. შეგნებულად წინ წამოსწია მეორეხარისხოვანი საკითხები, ხშირ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი და ერთ დროს მფარველი, მართლმადიდებელი ქვეყანა და ხალხი დაუძინებელ მტრად გადააქცია.
ის, რაც საქართველოს ე.წ. დასავლეთმა დამართა, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან გაცილებით მეტი, ერთ სისხლსა და ხორცს უკრაინას და უკრაინელს არგუნა, გადაჰკიდა რა რუსეთს, როგორც მოსისხლე მტერი.
უკრაინელთა ტრანსფორმაცია ძვირი დაუჯდა აშშ-ს, მათივე განცხადებით 5 მილიარდი დოლარი. არანაკლები მილიარდები დაიხარჯა სხვა არამდგრადი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას გადასაგვარებლად. მაგრამ ეს უკანასკნელი, როგორც იქნა გამოფხიზლდა. ახალმა პრეზიდენტმა, პრეზიდენტობის პირველსავე დღეს ევროკავშირის დროშა ჩამოახსნევინა პრეზიდენტის სასახლიდან. გამოფხიზლებული მოლდოვა რუსეთთან დამოკიდებულების კარდინალური შეცვლის მომხრეა, ცხადია უკეთესობისკენ, ვინაიდან მისი და მოლდოველთა აზრით (67%) მხოლოდ რუსეთს, დსთ-ს, ევრაზიულ კავშირს ძალუძს იხსნას მოლდოვა სიღატაკისგან. არადა მოლდოვას ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა საქართველოსთვის დასაწუნი არ არის. მოლდოვა რახანია სარგებლობს ვიზალიბერალიზაციით, თუმცა დიდი ვერაფერი შესძინა ამ საქმემ მას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას დახმარებას ევროკავშირის წევრი და სისხლით ნათესავი რუმინეთი უწევს. საქართველოს ვინ ჰყავს, ვინ გაუწევს დახმარებას, ვინ ამოუდგება გვერდში განსაცდელის ჟამს?
არც შორეული და არც ახლო მეზობელი, მონათესავე ერი ქვეყანას არ ჰყავს. პირიქით, მეზობლებს უპირველესად ჩვენი მიწისკენ უჭირავთ თვალი. ისე, როგორც დიდი ერეკლეს დროს, ისევ მართლმადიდებელი, თანაც მძლავრი რუსეთი თუ ჩაითვლება ასეთად, რაც არაერთხელ დამტკიცდა 200-წლიანი ურთიერთობის დროს.
ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო კარგიც და ცუდიც, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ იშვიათად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც საოჯახო პრობლემები, დაძაბულობა არ ჰქონდეს. სახელმწიფო კი ათასობით ოჯახისგან შედგება. მიუხედავად ამისა სიმართლის სასწორზე შემოდებული 2 ქვეყნის ურთიერთობის ისტორია დადებითისკენ გადაიხრება. უფრო მეტიც, რომც არ იხრებოდეს ქართველმა, თავისი გონიერებით, დიპლომატიური ალღოთი და ქმედებით უნდა გადახაროს, ისე, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ფინელმა ხალხმა. ჩვენ რას ვაკეთებთ?
ნაცვლად გონივრული ქცევისა, გონგამოცლილი, ქარაფშუტა ადამიანივით ვიქცევით. ვითომდა პატრიოტული გულანთებულობით შეპყრობილნი ვლანძღავთ და ვაგინებთ ერს, რაც ნებისმიერ საზოგადოებაში დაუშვებელია; ვაღვივებთ ერთაშორის სიძულვილს, რაც ასევე დაუშვებელია და კანონით ისჯება - აბუჩად ვიგდებთ ჩვენსავე კონსტიტუციას, სადაც (პრეამბულა) გარკვევით წერია: „განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა“. ამ „სხვა ხალხებში“ რუსი არ შედის? ან რას გვაძლევს ამ ქვეყნის ხალხის და ხელისუფლების ლანძღვა-გინება და საკუთარი ხალხის რუსეთის წინააღმდეგ მიქსევა?
მსგავსი ექსპერიმენტი ცუდათ გვაქვს დაცდილი, მაგრამ ვის ანაღვლებს ეს? იმას ნამდვილად არა, ვინც ღვარძლით აღსავსე სტატიას აქვეყნებს 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. მისი სახელი და გვარი უცნობია პოლიტოლოგიისთვის - არაფრის მთქმელი (ირაკლი ბოკუჩავა). სტატიას ასეთი სათაური აქვს - „არა განაძღო!“.
ჩემის მხრიდან აღნიშნულ „ნაშრომზე“ გამოხმაურება უდავოდ რეკლამაა მისთვის, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გზააბნეული კაცისთვის შემეხსენებინა, რომ ქუჩურ ჭორებზე დაყრდნობით შეთხზული და 300 ლარად გაზეთში დაბეჭდილი სტატია, ნამდვილად ხელს უშლის ქვეყნის აწმყოს და მომავალს.
ისე ნუ გამიგებს პატივცემული ავტორი, თითქოს მისი სტატია არის ერის სანთელ-საკმეველი - არამცდაარამც, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ წაიკითხოს, ისე, როგორც მე და ცრუ ფაქტები ნამდვილად ჩათვალოს?
მკითხველი იკითხავს - მაინც რას წერს ეს ავტორი ასეთსო?
მოგახსენებთ. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა და პარტნიორებმა არ იციან და არც ადრე იცოდნენ, ვისთან გვაქვს საქმე რუსის სახით.“ - ავტორის ეს მოსაზრება ძირშივე თხრის აშშ-ს მთელ რიგ საიდუმლო თუ არასაიდუმლო სამსახურებსა და კვლევით ცენტრებს, რომლებიც სწავლობდნენ და სწავლობენ მეფის რუსეთს, საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ ქვეყანას. ამ თემაზე ათასობით სტატია, ბროშურა, თხელ თუ სქელტანიანი წიგნებია გამოცემული, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ის, რაზეც წერილის ავტორი წერს. ასე, რომ დარდი ნუ აქვს ავტორს დასავლეთმა მასზე უკეთესად იცის, რა არის რუსეთი.
„დადგა დრო, რომ ამიერკავკასიაში ქართველების შემოთესლილი ჭირი ქართველებმავე გავაძევოთ და ამისთვის ვიხდით კიდევაც საფასურს“. მთლად დაწყობილი წინადადება არ არის, მაგრამ აზრი გამოკვეთილია ანუ მოწოდება - „ამიერკავკასიაში ქართველების შემოთესლილი ჭირი ქართველებმავე გავაძევოთო.“
კეთილი, გავაძევოთ, მაგრამ რა ძალა გვაქვს ისეთი, გასაძევებლად? რის გამაძევებლები ვართ - ჩვენივე მიწიდან გაძევებულებს? ეკონომიკურმა „კეთილდღეობამ“ გაგვაძევა ჩვენ საკუთარი ქვეყნიდან და ბინა სხვა ქვეყნებში დაგვიდო, მათ შორის რუსეთში, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობს. თავის დროზე ქართველებმა შესაძლოა ხელი შევუწყვეთ ამიერკავკასიაში რუსეთის შემოსვლას, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, რუსეთი მაინც შემოვიდოდა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, შევარდნაძეს რომ თავი მოაბეზრეს - საქართველოში ჩამოგიყვანეთო და მანაც გაბრაზებულმა თქვა - არვის ჩამოუყვანივარ, მე თვითონ ჩამოვედიო. „ოსმალო-სპარსეთისგან დანაწევრებული საქართველოს ერთი ნაწილის, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დებენ ტრაქტატს, რომლის თანახმად საქართველო და რუსეთი ატარებენ ერთიან საგარეო პოლიტიკას, ხოლო საქართველო ინარჩუნებს თავის შიდა მოწყობას - სამეფოს, სასამართლოს და ა.შ“, - წერს ავტორი.
ვნახოთ რას ამბობს ტრაქტატი: „არა აქვნდეს მიწერ-მოწერაი გარემოთა მფლობელთა მიმართ. ხოლო ოდეს-იგი მოვალნ მათ მიერ დესპანნი ანუ წერილნი, ჰყოფს განზრახვასა უპირველესისა მიმართ მესაზღვრისა მთავრისა და მინისტრისა მისისა იმპერატორების დიდებულებისასა უკუნ ქცევისათვის დესპანთასა და შესაფერისათვის სიტყვის-გებისა მფლობელთა მათ მიერ.
... обещает его светлость без предварительного соглашения с главным пограничным начальником и министром е.и.в. (ее императорское величество), при нем аккредитуемым, не иметь сношения с окрестными владетелями. А когда от них приедут посланцы или присланы будут письма, оные принимая, советовать с главным пограничным начальником и с министром е.и.в., о возвращении таковых посланцев и о надлежащей их владетелям отповеди“.
ტრაქტატის მეოთხე არტიკულის მიხედვით, საქართველოს არ აქვს უფლება აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო ურთიერთკავშირები იმპერატორის წარმომადგენლებთან შეუთანხმებლად. რუსეთის იმპერიის პრეროგატივაა საგარეო პოლიტიკა და არა ქართლ-კახეთის ხელმწიფის. ტრაქტატის მიხედვით, რუსეთს არავითარი საგარეო ფუნქციები არ ჩამოურთმევია. საქართველოსთვის ის ტრაქტატითვე იყო განსაზღვრული.
ავტორი გვახსენებს რუსეთის მიერ, ტრაქტატის საწინააღმდეგოდ, საქართველოს კუთხეების მიერთებას - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, აფხაზეთის, აჭარის. დიახ! ამას ჰქონდა ადგილი და რუსეთის ქმედებას უდავოდ პოზიტიურად ვერ განიხილავთ, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა საქართველო, რუსეთის იმპერიის ადგილზე? ცალ-ცალკე დაუწყებდა თავზე ხელის გადასმას, მეფობას მოწყურებულ ქართველობას? რამდენი მეფე ან მთავარი უნდა ყოფილიყო ერთიციცქნა საქართველოში? რამდენ მათგანთან უნდა დაედო რუსეთის იმპერიას ტრაქტატი?
რუსეთმა აირჩია ის გზა, რასაც გაცილებით მასზე დემოკრატიული ევროპის ქვეყნები ადგნენ. რუსეთის შემოსვლამ ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში, საერთო ჯამში, უდავოდ პოზიტიურად იმოქმედა საქართველოზე. სამხრეთელი მუსლიმანური ქვეყნებისგან და ჩრდილო კავკასიის ხალხების თავდასხმებისგან შეწუხებულმა ქვეყანამ ამოისუნთქა, გამრავლდა, წელში გაიმართა ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად.
არც ერთ იმჟამინდელ იმპერიას არ მოუტანია მიერთებული ქვეყნებისა და ხალხებისთვის იმდენი პოზიტიური, რამდენიც რუსეთის იმპერიამ. ეს ტენდენცია საბჭოთა წყობილების დროსაც გაგრძელდა. საქართველო გახდა საბჭოთა კავშირის სანიმუშო რესპუბლიკა.
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ადგილი არ ჰქონია ისეთ ყოველმხრივ განვითარებას, როგორსაც საბჭოთა პერიოდში. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. მარტო ქვეყნის მოსახლეობის ზრდა რად ღირს. 1977 წელს 5 მილიონი მოსახლე დაფიქსირდა საქართველოში, მაშინ როდესაც 80 წლით ადრე სულ მილიონნახევარი იყო. ცუდი ცხოვრება არ იძლევა დემოგრაფიულ ზრდას.
საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ქვეყნის მოსახლეობა 5,5 მილიონს შეადგენდა. რა მდგომარეობაა დღეს ე.წ. დამოუკიდებლად არსებობის ჟამს ყველამ კარგად ვიცით და ყურადღებას არ გავამახვილებ.
„დაუძლურებულმა დემოტრატმა“ იმპერატორმა ელცინმა ტახტი უცნობ, უპატრონოთა თავშესაფარში გაზრდილ სუკის პოლკოვნიკ ვლადიმერ პუტინს გადასცა. ამ დროისთვის რუსეთში თითქმის ანარქია სუფევდა, დემოკრატიულობაზე ეს ხალხი ვერა და ვერ აიცრა. როგორია „დემოკრატი“ იმპერატორი და დემოკრატიის მოძულე ხალხი“, - წერს ავტორი და თავისი „შედევრით“ შხამს ანთხევს როგორც რუს ხალხზე, ისე მის პრეზიდენტზე.
პუტინის უპატრონოთა თავშესაფარში აღზრდა უდავოდ ჰგავს პუტინის დედის კასპელობას, ერთ დროს რომ ჭორიკანა პირები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ. პუტინის შესახებ არაერთი წიგნია გამოცემული, როგორც რუსი, ისე უცხოელი ავტორების მიერ, სადაც მსგავსი „თავშესაფარი“ არსად წერია. რა ჰქვია ამას, თუ არა ბოროტი ტყუილი? „ივანე მრისხანედან მოყოლებული ... არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ომი და დაპყრობაა მათი დამოკიდებულების ამოსავალი წერტილი მეზობლებთან ურთიერთობაში.“ - წერს ავტორი და არაფრად აგდებს რეალობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს არც ერთი, უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის) ტერიტორია არ დაუპყრია, თუ არ ჩავთვლით საქართველოს, რომელსაც თავისი ახსნა აქვს და ეს ახსნა მარტივია, თანაც ევროკავშირის სპეცკომისიის მიერ დამტკიცებული. მას საქართველოს აგრესია ჰქვია - საკუთარ ხალხზე, რუს მშვიდობისმყოფელთა მუხანათური ლიკვიდაცია ქართველი კოლეგების მიერ, ომამდე არაერთი პროვოკაციული აქტის მოწყობა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთის გასაშავებლად და ასე შემდეგ.
სადამდე უნდა დამალოს თავი ქვიშაში ზოგიერთმა ავტორის მსგავსმა „პატრიოტმა“ და სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული რუსეთს გადააბრალოს? ამ კატეგორიის ხალხთან ფაქტებითაც ჭირს ლაპარაკი, რამეთუ მათთვის აპრიორი რუსეთი აგრესორი და დამნაშავეა. არ იქნებოდა სააკაშვილის მიერ მძინარე ცხინვალზე გახსნილი ცეცხლი და არ იქნებოდა რუსეთის მიერ ომში ჩართვა. არ იქნებოდა სააკაშვილის მიერ მედვედევ-სარკოზის შემუშავებული ხელშეკრულებიდან უაღრესად მნიშვნელოვანი პუნქტის ამოღება (მოლაპარაკების დაწყება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსასაზღვრავად) და არ იქნებოდა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად მათი აღიარება.
ომის შემდეგ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა ისტერიულმა და აგრესიულმა განცხადებებმა - განდგომილი ყოფილი ავტონომიების ძალით დაბრუნებასთან დაკავშირებით, გამოიწვია რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარება. სააკაშვილმა დააგვირგვინა საქართველოს დანაწევრების პროცესი, რომელიც შევარდნაძემ 1992 წელს, თბილის-სოხუმის რკინიგზის მაგისტრალის დაცვის საბაბით, საბრძოლო მოქმედებათა თეატრად აქცია.
ქვეყნებს ახასიათებთ საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. ხშირ შემთხვევაში მსგავსი ქმედება მხოლოდ საშინაო მოხმარებისთვის თუ გამოდგება და არა საერთაშორისო სარბიელისთვის. საერთაშორისო პოლიტიკურმა არენამ რახანია საქართველო ომისდამწყებად ცნო. ეუთოს ეგიდით მყოფი რუს მშვიდობისმყოფელთა მხოცველად, რითაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება.
ავტორს ვურჩევ ისრაელელი პუბლიცისტის ლევ გუნინის ნაშრომის წაკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც უდიდესი სიზუსტით არის გადმოცემული ომამდელი, ომის დროინდელი და შემდგომი ვითარება. და კიდევ ერთი რამ. წამით წარმოვიდგინოთ, რას მოიმოქმედებდა „დემოკრატი“ აშშ-ი, მექსიკას რომ გაებედა მისთვის ის, რაც საქართველომ გაუბედა რუსეთს?!
ავტორს ჩეჩნეთის ისტორიაც მოჰყავს: „გახსოვთ ალბათ მეორე ჩეჩნური ომის წინ (მოსკოვმა) საცხოვრებელი სახლები ააფეთქა მოსკოვსა და რიაზანში. ასობით უდანაშაულო რუსი დაიღუპა. ეს ჩეჩნებს დააბრალა და დაიწყო ომი.“
შენ დაუკარ. „ვეთაყვანებოდი“ ავტორის კონსპიროლოგიურ მოსაზრებას, სრული აბსურდი და გადაქანებული აზროვნება რომ არ იყოს. კიროვის ბაღის ჭორიკნობის დონეზე პოლიტიკური მოვლენების „გაანალიზება“ - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
მოსკოვის „ბოროტი ქმედების“ ავტორისეული შეფასება უდავოდ ჰგავს აშშ-ში ცნობილი ტერაქტების ბუშზე გადაბრალებას, თითქოს მან მოაწყო ტერაქტები ერაყზე და ავღანეთზე იერიშის მისატანად.
„რუსეთი ვერასდროს ეგუებოდა და ვერც ახლა ეგუება ერთხელ დაპყრობილი მიწის დაკარგვას“, - წერს ავტორი და ავიწყდება, რომ რუსეთმა საკუთარი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი, დიდი ქალაქის ხარკოვის ჩათვლით, უკრაინას გადასცა. ამ აქტს ლენინის დროს ჰქონდა ადგილი. რუსეთის იმპერიის ნაწილს ფინეთს კი დამოუკიდებლობა არგუნა. უფრო მეტიც, ხრუშჩოვის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებით იმავე უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული „უფეშქაშა“. და რომ არა დღევანდელი ფაშისტური უკრაინის მხრიდან, საკუთარი მოსახლეობის ანტირუსული შევიწროება, ყირიმში არავითარ რეფერენდუმს ადგილი არ ექნებოდა. არც ყირიმელები მოითხოვდნენ დედა სამშობლოში დაბრუნებას.
რომ არა რუსეთი და მისი პოლიტიკური ელიტა, ვინ დაშლიდა საბჭოთა კავშირს?! საბჭოთა კავშირი სწორედ ცენტრიდან დაიშალა, რითაც რუსეთს უდიდესი ზარალი მიადგა. მანამდე კი რუსეთმა სოციალისტური ბანაკი დაშალა და თვალი დახუჭა აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე. ვინც პოლიტიკაშია ჩახედული და არ არის აყოლილი დასავლურ ანტირუსულ პროპაგანდას, მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი დაკარგულს არ მისტირის. ერთადერთს, რასაც ითხოვს - ამ ქვეყნების ტერიტორიები არ გადაიქცეს ნატოს ჯარების პლაცდარმად, რაც უდავოდ დაარღვევს მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსს. ძალთა ბალანსის დარღვევა კი ომს ნიშნავს.
ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს შორდება ავტორის მოსაზრება რუსეთის ინტელიგენციასთან დაკავშირებით. აი, რას წერს ის: „ხარობს მთელი რუსეთი თავის „ინელიგენციანად“, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე დაეთრეოდა საქართველოში, გულუბრყვილო მასპინძლების ხარჯზე ძღებოდა და თვრებოდა, მერე ზოგი გვაგინებდა, ზოგიც მომავალში კიდევ გაძღომის იმედით გვაქებდა“.
ეს მოსაზრება ვგონებ კომენტარსაც არ საჭიროებს, იმდენად ზუსტად გადმოსცემს ავტორის შეზღუდულ გონებას, სიხარბეს, ანჩხლი დედაკაცის წამოყვედრებას, რასაც თბილისის ძველ ეზოებშიც აღარ აქვს ადგილი. უფრთხილდით ბატონებო მას. არ ესტუმროთ სახლში, თორემ თქვენც ისე გამოგთათხავთ, როგორც რუს „ინტელიგენტს“. ვაი, ჩვენს თავს! ვერ ვიფიქრებდი, რომ სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ საქართველოში ავტორის მსგავსი ადამიანიც იქნებოდა, რომელიც თავშეუკავებლად, გაზეთის ფურცლებზე საკუთარი ქვეყნის სახელგანთქმულ მასპინძლობას მიაყენებდა შეურაცხყოფას და სტუმარს ლუკმა-პურს დაამადლიდა. მაინც, რამდენად შეიძლება გადაგვარდეს ადამიანი?!
ავტორის „შემოქმედებაში“ უამრავი უმადურობის, ფალსიფიკაციის, დაყვედრების მომენტია, ორღობის ჭორიკნობის შესაფერისი. ირაკლი, ვაშა თქვენს მარჯვენას. ამ „ნაშრომით“ გამოგვაფხიზლეთ. 300 ლარად (ამდენი გადაუხადა მან გაზეთს) მოჭრილი საკუთარი თავი ჰქვია ამ „შემოქმედებას“, რომელიც არამარტო ავტორს ჭრის თავს, ქვეყანასაც, რაც შემაშფოთებელია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
14/01/2017

სტატიების არქივი