საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


„საერთაშორისო საზოგადოების“ ე.წ. სიმართლე

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ ა.წ. 27 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული წერილის სათაურით - „ჩადენილ ბოროტებას ბოდიშით ვერ გამოისყიდით, ბატონო აგრამუნტ“, კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა. სათაური მაქვს მხედველობაში და არა სტატიის შინაარსი (ავტორი ლელა კუნჭულია), რომელიც, დღევანდელი საქართველოს მენტალური მოუმწიფებლობიდან გამომდინარე, გვიყვება ევროსაბჭოში დატრიალებულ „საშინელებას“.
აი, რას ვკითხულობთ სტატიაში: „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა რუს დეპუტატებთან ერთად სირიაში ჩასვლის გამო. თუმცა დეპუტატების უმრავლესობა ბოდიშს არასაკმარისად მიიჩნევს. ისინი პედრო აგრამუნტს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ... სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოავლინა პუტინის რუსეთის ძლიერი პოლიტიკური ზეგავლენა საერთაშორისო სტრუქტურებში, რაც აფერხებს პროცესების სამართლიან განვითარებას, მათ შორის საქართველოს ინტერესების თვალსაზრისით“.
კითხულობ ამ „შედევრს“ და უმალ გიჩნდება უნდობლობა არა მარტო ჟურნალისტის, არამედ გაზეთის მიმართ, რომელიც უდავოდ დაუფიქრებლად, ხელისუფლების, განსაკუთრებით „ნაცური“ პროპაგანდისტული საგარეო პოლიტიკის იარაღად არის ქცეული.
პატარა სტატია, ანტირუსული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი, ისე, როგორც ანტიასადური. მაგრამ ასადი, სირიის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ხალხის მიერ არჩეული (რაც ახლო აღმოსავლეთში უნიკალური მოვლენაა), გაეროს წევრი ქვეყნის მეთაური, მხოლოდ საბაბია, რუსეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის კრიტიკაზე გასაყვანად, რასაც „შესანიშნავად“ იყენებს ექსპერტი ლაგაზიძე შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ვნახეთ ახლა, რამდენად ღრმად ყოფილა ფესვგამდგარი პუტინის გავლენები ისეთ უმაღლეს სტრუქტურებში, რომლებსაც ამ შემთხვევაში აგრამუნტი ხელმძღვანელობს. ამაში ყველა ხერხია ჩართული - არ გამორიცხოთ კომპრომატები, აქ შეიძლება არ იყოს საუბარი მარტო მოსყიდვაზე“.
ამ სიტყვების ავტორის ფანტაზიას თუ მივყვებით - „აქ ყველა ხერხია ჩართული - არ გამორიცხოთ კომპრომატები“ - ისეთ მოსყიდვაზეა საუბარი, რომელიც არა მარტო ფულს, არამედ სქესობრივ კავშირსაც გულისხმობს, ქალთან ან კაცთან - გააჩნია, რა უფრო მოსწონს აგრამუნტს. რა გამოდის - რუსეთის ხელისუფლება, პირადად პრეზიდენტი პუტინი დღენიადაგ იმაზე ფიქრობს, როგორ მოისყიდოს ესა თუ ის უცხოელი პოლიტიკოსი ფულით, სექსით, რათა მას საშინელება ჩაადენინოს - აი, ისეთი, რაც აგრამუნტის სირიაში ჩაყვანას და ბაშარ ასადთან შეხვედრას გულისხმობს.
მაინც რა ძლიერი, გაიძვერა, ეშმაკი ყოფილა პრეზიდენტი პუტინი! - ხუმრობა საქმე ხომ არ არის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზული ზეგავლენის მოწყობა და პრეზიდენტად დონალდ ტრამპის გაყვანა? ან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი ზეწოლის განხორციელება? დიდი ბრიტანეთის შარშანდელ რეფერენდუმზე რუსეთის სასარგებლო შედეგის დადება? ან გერმანიის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აქტიური ძირგამომთხრელი მუშაობის წარმართვა? აღარაფერს ვამბობ სირიის ომში მონაწილეობაზე, უკრაინის დონბასში რუსეთის რეგულარული არმიის გაგზავნაზე, მანამდე მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან „ჩაძმაკაცებაზე“, ბათუმში მომხდარი ბობოქარი „ინციდენტის“ ორგანიზებაზე და ა.შ.
მაინც როგორ ახერხებს ეს პიროვნება - ამდენს ერთად? დღის განმავლობაში ხან ვის ხვდება და ხან ვის - რომელი ქვეყნის მეთაურს. რა თათბირებს არ ატარებს - უკიდეგანო რუსეთის ამა თუ იმ ქალაქსა და საწარმოში.
ჩემთვის, სახელმწიფო აპარატის მუშაობაში გამოცდილი მოხელისთვის, უდავოდ გასაოცარია პრეზიდენტ პუტინის გამძლეობა, თვითმფრინავით მუდმივი მოგზაურობებიდან გამომდინარე, რუსი თუ უცხოელი ჟურნალისტების თანდასწრებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადებით დამთავრებული, მუდამ რომ პოლიტიკურ-ჟურნალისტური მსჯელობის საგნადაა ქცეული, რაც თავისთავად აიძულებს რუსეთის პრეზიდენტს ყოველთვის იყოს ორგანიზებული.
ორგანიზებულობას კი შეხვედრებისთვის მომზადება სჭირდება, რამეთუ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი თითო სიტყვა უმნიშვნელოვანესია მსოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისით. და ასეთ დროს ფიქრი აგრამუნტის მოქრთამვასთან დაკავშირებით (ლაგაზიძის ნათქვამი), რომ დაუფიქრებელი, ქარაფშუტული და რაც მთავარია ეჭვის აღმძვრელია - მტკიცება არ სჭირდება.
ლაგაზიძის ნათქვამი დაინტერესების საგნად შეიძლება ქცეულიყო იმ ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, რომელსაც აგრამუნტი ხელმძღვანელობს - ცილისწამების გამო. თუ ევროსაბჭოს წარმომადგენლობა ლაგაზიძის ცილისწამებას არაფრად ჩააგდებს, უბრალოდ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ის, ადგილსამყოფელ ქვეყანას პოლიტიკურად მოუმწიფებულად თვლის.
რას ედავებიან აგრამუნტს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს?
გაზეთის მიხედვით: „სირიაში ვიზიტი აღიქმება პრეზიდენტ ალ ასადის, რუსეთის მიერ წახალისებული რეჟიმის მხარდაჭერად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა მშვიდობიანი სირიელების დახოცვაში ადანაშაულებს“.
„საერთაშორისო თანამეგობრობა“ - ისეთი მცნებაა, ყველას და ყველაფერს რომ მოიცავს - განსაკუთრებით „ცივილიზებულ“ მსოფლიოს - აშშ-ნ დაწყებული, ევროკავშირის წევრი ქვეყნებით დამთავრებული. ამ „თანამეგობრობაში“ ჩვენც შევდივართ, „გაევროპელებული“ საქართველო, მაგრამ არ შედის მზაკვარი რუსეთი და „მშვიდობიანი სირიელების მხოცავი“ ბაშარ ასადი - პერსონალურად.
რა ჩაიდინა ასადმა?
ასადმა ჩაიდინა „საერთაშორისო თანამეგობრობის“ წინაშე უდიდესი „დანაშაული“. ექვსი წლის განმავლობაში ეომება მსოფლიოს 80 ქვეყნიდან სირიაზე მისეულ ტერორისტებს, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“, „ჯებხატ ან-ნუსრას“, სხვებს.
ვინ შექმნა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციები?
აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადა აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა - დაადანაშაულა რა ობამას ადმინისტრაცია ამ „კეთილშობილური“ საქმისთვის.
რომ არ ყოფილიყო ბაშარ ასადი, რა იქნებოდა? - იქნებოდა დაყოფილი სირია, სადაც ძალაუფლება, ქვეყნის ერთ ნაწილზე, „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იქნებოდა. ეს იდეა დღესაც ტრიალებს აშშ-ს პოლიტიკოსების თავებში.
რას მოუტანდა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბატონობა მსოფლიოს? - მუდმივ შიშს, „ისლამური სახელმწიფოს“ საზღვრების გაფართოებას, ჯერ ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ მსოფლიოში. ამ „მსოფლიოში“ საქართველოც შედის - ყოველ შემთხვევაში ასე იყო მოხსენებული „ისლამური სახელმწიფოს“ პროგრამაში. იმ პროგრამაში „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების არეალი უმთავრესად ყოფილ საბჭოთა სივრცეზე გადის, უპირველესად რუსეთზე - „ისლამურ სახელმწიფოში“ მებრძოლი ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების, მათ შორის გატერორისტებული რუსების, ჩეჩნების, აზერბაიჯანელების, ტაჯიკების, ყირგიზების, ქართველების და სხვათა მეშვეობით. და რომ ამას ადგილი არ ჰქონოდა, რუსეთმა გადადგა კარდინალური ნაბიჯი სირიაში ანტიტერორისტული ომისკენ, რისთვისაც ის უდავოდ იმსახურებს მადლობას ე.წ. „საერთაშორისო საზოგადოების“ მხრიდან, მაგრამ ნაცვლად ამისა, საყვედურებს იღებს.
მაინც რაშია საქმე, რატომ არის უკმაყოფილო „საერთაშორისო საზოგადოება“?
უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ ის ანუ „საერთაშორისო საზოგადოება“ და მისი აქტიური ნაწილი - აშშ-ი, ევროკავშირი და მათთან დაახლოებული არაბული სამეფოები, სირიაში ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში პოზიციებს დაკარგავენ. სირიის სათავეში უდავოდ დარჩება პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, ხოლო რუსეთის გავლენა ახლო აღმოსავლეთში გაიზრდება, ისე, როგორც ირანის. აწყობს ვითარების ამგვარი განვითარება აშშ-ს, ევროკავშირს, არაბულ სამეფოებს? არა! და რახან არ აწყობთ, მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით იბრძვიან თავიანთი პოლიტიკის გასატანად. ამ ბრძოლაში გარდა თანამედროვე შეიარაღებისა, რომელიც ფარულად მიეწოდებათ სირიაში მეომარ ტერორისტულ დაჯგუფებებს, გამოიყენება პროპაგანდაც, ცილისწამებაც, ფალსიფიკაციაც და ა.შ. სწორედ ამას ჰქონდა ადგილი ამასწინათ სირიის სამთავრობო ავიაციის მიერ ერთ-ერთი პატარა ქალაქის დაბომბვის დროს. მთელ მსოფლიოს მოედო ვიდეოკადრები - დაბომბვის შედეგების ამსახველი, თითქოს ბომბები ქიმიური იარაღისა იყო.
„საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადებით, სირიის არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რამაც გამოიწვია 75 სირიელის სიკვდილი, მათ შორის ბავშვების. აშშ-ა და მისივე დავალებით ევროკავშირის ქვეყნებმა, დაბომბვიდან ერთ საათში, დამნაშავეც გამოაცხადეს - ბასარ ასადის სახით და მისი მხარდამჭერიც ამხილეს - ვლადიმერ პუტინის სახით. და რახან ერთხელ ითქვა ასად-პუტინი დამნაშავეები არიან - „საერთაშორისო საზოგადოების“ მტკიცებით, მართლაც ასეა და ამას წყალი არ გაუვა. არვის მოსვლია თავში აზრად - ნამდვილად გამოიყენა თუ არა სირიის არმიამ ქიმიური იარაღი, რომელიც მან რამდენიმე წლის წინათ, გაეროსა და აშშ-ს კონტროლით გაანადგურა? ან შეემოწმებინათ დაზარალებული ქალაქი - იყო თუ არა ქიმიური იარაღი გამოყენებული? ან თუ იყო გამოყენებული ქიმიური იარაღი - როგორც ამბობენ „ზარინი“, რატომ არვინ დაშავდა იმ ქალაქის მაშველებიდან, რომლებიც სპეცტანსაცმლის გარეშე ეხმარებოდნენ ქიმიური იარაღით დაშავებულებს?
რუსეთმა კატეგორიულად მოითხოვა მიუკერძოებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და დაზარალებული ქალაქის ტერიტორიისა და სირიის იმ აეროდრომის შემოწმება, საიდანაც გაფრინდნენ სირიის ავიაგამანადგურებლები. მოთხოვნა დღესაც ძალაშია, მაგრამ „საერთაშორისო საზოგადოება“ ყურსაც არ იბერტყავს. „რა საჭიროა შემოწმება, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ასადმა დაბომბაო“, - აცხადებს ის.
ლოგიკის მიხედვით, ასადს სულაც არ სჭირდებოდა მომაკვდინებელი რეკლამა. ის, ისედაც იგებს ომს. ცხადია, არც რუსეთს ესაჭიროებოდა ასეთი რამ, მაგრამ ლოგიკა რას მიქვია, თუკი ცილისწამება ნივთმტკიცებად გაქვს გამოყენებული?!
ქიმიური იარაღის „გამოყენებამ“ „საერთაშორისო საზოგადოების“ თვალში რუსეთი კიდევ ერთხელ გააშავა, ხოლო ასადი ისევ საფრთხობელად აქცია - საკუთარი მოსახლეობის მხოცავად.
აი, რას ამბობს აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საპატიო პროფესორი თ.პოსტოლი: „თეთრი სახლი თავის მოხსენებაში სირიის ქიმიური შეტევის შესახებ ისეთ დილეტანტურ შეცდომებს უშვებს, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, არ აქვს მტკიცებულებები, რომ ქიმიური შეტევის უკან დგანან სირიის სამთავრობო ძალები“. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს სხვა ქვეყნების მეცნიერებაც, მაგრამ „საერთაშორისო საზოგადოება“ ყურადღებას არ აქცევს. მან უკვე „დანიშნა“ დამნაშავეც და მისი ხელის შემწყობიც. და აი, ასეთ დროს ბატონ აგრამუნტს რუსი პარლამენტარები სთხოვენ სირიაში ჩასვლას და ასადთან შეხვედრას. რა არის ამაში დასაძრახი?! რუსი პარლამენტარების თხოვნაც რომ არ ყოფილიყო, განა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ორგანიზაცია, რომელშიც ანტიტერორისტულ ამერიკულ კოალიციაში შემავალი ევროპული ქვეყნებიცაა წარმოდგენილი, არ უნდა ჩასულიყო სირიაში, ვითარების საკუთარი თვალით შესაფასებლად?
საქმეც ისაა, რომ აგრამუნტის მსგავსი პოლიტიკოსების დეფიციტია. ნაცვლად, ზედაპირულობა და მიკერძოებაა - ამასთანავე ვაშინგტონის ნათქვამის თუთიყუშივით გამეორება. იტყვის ვაშინგტონი თეთრზე შავია და ყველა ერთად - „საერთაშორისო საზოგადოება“ აყაყანდება - შავია და მერე, როგორი - უშავესიაო. აი, ეს „სიმართლეა“ დღევანდელ მსოფლიოში მთავარი მამოძრავებელი ძალა და არა სინამდვილე, ჭეშმარიტება. და რა დასანანია, რომ „გაევროპელებული“ ქართველებიც ამ „სიმართლით“ ვცხოვრობთ.
„ხათუნა ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ პუტინის ზეგავლენა ძლიერ ბარიერებს ქმნის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ჭრილში - იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თუ ევროპული, ევროატლანტიკური მისწრაფებები“, - წერს კუნჭულია.
საქართველო თვით უქმნის საკუთარ თავს ბარიერებს ე.წ. ცრუ „საერთაშორისო საზოგადოებასთან“ დგომით, ვაშინგტონის ნათქვამის ზედმიწევნით, ზუსტი გამეორებით, თუთიყუშის როლის უბადლო შესრულებით, სხვა უსახური ქცევით, რამაც არა მარტო ტერიტორიები დაგვაკარგვინა, არამედ თავიც, ჭკუა-გონებაც და ამიერკავკასიის უსუსურ, არშემდგარ ქვეყნად გადაგვაქცია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
29/04/2017

სტატიების არქივი