ახლო აღმოსავლეთი და „ისლამის სახალიფოს“ პოლიტიკა

hamlet chipashvili-politologi

სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე შექმნილი „ისლამის სახალიფო“, დღითი-დღე აფართოებს საკუთარ „პოპულარობას“ და გავლენას არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოში. ამ „სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე გადასახლების სურვილი ბევრმა გამოთქვა, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობამ, გარდა ამისა ევროპაში მცხოვრებმა მუსლიმანებმა.
ხალიფმა იბრაჰიმ აბუ ბაკრ ალ-ბაღდადიმ თავის პირველ გამოსვლაში მოუწოდა მსოფლიო მუსლიმანებს გადასახლდნენ სახალიფოში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოწოდებას დადებით პასუხს შეაგებებენ იმ ქვეყნების მოსახლეობაც, სადაც იგრძნობა მიწის ნაკლებობა, მაგალითად პაკისტანი. სახალიფოში უკვე გადასახლდნენ მაროკოელები, ჩინელები, არავიელები, ევროპელები. როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებენ - ათეულ-ათასობით ოჯახი.
„მუსლიმური სახალიფო“, ერთობ სწრაფი ტემპით შექმნილი, სერიოზულ საფიქრალს უჩენს აშშ-ს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ვინაიდან „სახალიფოს“ ტერორისტულ ძალებში მეომარი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათი მოქალაქეებია. ტერორისტების „სამშობლოში“ დაბრუნება უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. ამიტომაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კემერონმა, ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლის დროს, განაცხადა, რომ ტერორისტების დაბრუნების შემთხვევაში, მათ საზღვარზევე ჩამოართმევენ პასპორტებს.
გერმანიის კანცლერმა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანია იარაღს მიაწვდის ერაყის ქურთების ავტონომიის სამხედრო ძალებს „პეშ მერგას“, რათა გაუადვილოს ბრძოლა „ისლამურ სახალიფოს“ ტერორისტებთან.
მსგავსი განცხადება პირველია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანიას ამ ხნის განმავლობაში ომში ჩართული მხარისთვის საბრძოლო იარაღი არასოდეს მიუწოდებია. გერმანიის ხელისუფლებასაც თავისი აწუხებს - „სახალიფოს“ სამხედრო ძალებში ასეულობით გერმანიის მოქალაქეა.
სულ ახლახანს, საუდის არაბეთის მონარქმა აბდალამ დაბეჯითებით განაცხადა - თუ ამერიკა-ევროპა დროულ პასუხს არ გასცემს „სახალიფოს“ ექსპანსიონისტურ გეგმებს, ტერორიზმი ევროპა-ამერიკაში გავრცელდება.
მაინც, რა ღონისძიებას უნდა მიმართოს დასავლეთმა, მათ შორის აშშ-ა, „ისლამური სახალიფოს“ შესაჩერებლად?
უპირველეს ყოვლისა სამხედრო ძალის გამოყენებასო, - იტყვიან „მცოდნე სპეციალისტები“.
„ისლამური სახალიფო“ - უფაქიზესი თემაა და მისი იარაღით მოთვინიერება გაჭირდება. აკი ბრძანა ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ „სახალიფოსთან“ ბრძოლა ხანგრძლივი და რთული იქნება.
წინა წერილში აღვნიშნე, რომ „ისლამური სახალიფოს“ შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვნის აშშ-ს. სწორედ, ეს ქვეყანა აწვდიდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის „ალ-ქაიდას“ ფილიალს „ან-ნუსრას“ იარაღს, ფულს, სამხედრო სახის ინფორმაციას. სწორედ აშშ-ს სამხედრო სპეციალისტები უტარებდნენ ტერორისტებს წვრთნებს, ისე, როგორც თავის დროზე „თალიბანსა“ და „ალ-ქაიდას“.
„ისლამური სახალიფო“ - აშშ-ს მიერ გაწვრთნილი და დაპურებული, არა მარტო სირიის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, არამედ აშშ-ს, ევროპის სახელმწიფოებს, ყველას, ვინც არ იზიარებს „სახალიფოს“ პროექტს - „დიდ სახალიფოს“ - ჩინეთიდან ესპანეთამდე.
კარგად ორგანიზებულმა სამხედრო-ტერორისტულმა ძალამ ელვის სისწრაფით გაავრცელა საკუთარი გავლენა სირია-ერაყის ტერიტორიებზე და უდიდესი საფრთხე შეუქმნა იქ მცხოვრებ ქრისტიანებს, ეზიდებს, შიიტებს, ალავიტებს. ბევრი მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა.
ერთადერთი, რაც ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ მოიფიქრეს მძიმე ვითარებაში, არის ქურთების საჯარისო ფორმირება „პეშ-მერგას“ იარაღით დახმარება და „სახალიფოს“ ტერიტორიის დაბომბვა. რახანია დაბომბვები მიმდინარეობს. ამ საქმეში ვაშინგტონმა უკვე ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა, მაგრამ თვალსაჩინო წარმატება არ ჩანს.
მართალია, ქურთულმა „პეშ-მერგამ“, შეუპოვარი ბრძოლებით, „სახალიფოს“ ხელიდან გამოგლიჯა დაპყრობილი ქურთული ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ეს წარმატება ზღვაში წვეთია იმ უსერიოზულეს თავსატეხთან, „მუსლიმური სახალიფო“ რომ იწვევს.
და მაინც რასთან გვაქვს საქმე, რას წარმოადგენს „ისლამური სახალიფო“ და რამდენად საშიშია ცივილიზებული სამყაროსთვის მისი არსებობა?
ისლამსა და ქრისტიანობას შორის სისტემური ურთიერთდაპირისპირება საერო სახელმწიფოში, ისეთში, როგორიც ერაყი იყო აშშ-ს შეჭრამდე, ასე თუ ისე რეგულირდებოდა. ყველა თავისუფალი იყო აღმსარებლობაში. აშშ-ს აგრესიამ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა არა მარტო სუნიტებისა და შიიტების მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების ახალი ძალით აფეთქებას, არამედ ისლამისა და სხვა რელიგიების ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ.
სირია-ერაყის ტერიტორიაზე შექმნილ „ისლამურ სახალიფოში“ ქრისტიანებს შემდეგ არჩევანს სთავაზობენ - ან მიიღონ ისლამი, ან გადაიხადონ ხარკი „ჯიზა“ - სპეციალური გადასახადი, „სახალიფოს“ მხრიდან დაცვისთვის. თუ მათ არც ისლამის მიღება სურთ და არც „ჯიზას“ გადახდა - დატოვონ ტერიტორია, სადაც ისინი ცხოვრობენ, რომ არ იყვნენ მოკლულნი.
„სახალიფოს“ დედაქალაქ რაკში (სირია) გამოიცა დეკრეტი, შემდეგი სათაურით: „ქრისტიანთა უსაფრთხოების დაცვის შეთანხმება“, რომელსაც ძალა აქვს „სახალიფოს“ მთელს ტერიტორიაზე. დეკრეტში ხაზგასმულია გადასახადის თაობაზე - შეძლებული ქრისტიანი-მამაკაცისთვის 17 გრამი ოქრო, საშუალო შემოსავლის მქონეთათვის - 17 გრამის ნახევარი, ხოლო მეოთხედი - ღარიბებისთვის.
„სახალიფოს“ ტერორისტთა მიერ ქ.მოსულის აღების შემდეგ, ქრისტიანებმა ერთჯერადად გადაიხადეს 2 მილიონი დოლარი. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები მაინც იდევნებიან საცხოვრებელი ადგილებიდან, როგორც სირიაში, ისე ერაყში. მათი საკუთრება, მათ შორის საქონელი, გადადის „სახალიფოს“ კუთვნილებაში. „სახალიფოს“ ვილიაეთებში გახსნილია ქონების აღმნუსხველი სახლები, ჩამორთმეული ქონების აღსარიცხად.
ახლო აღმოსავლეთში არის რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ისეთი „პრივილეგიებით“ ვერ სარგებლობენ, როგორც ქრისტიანები. მათზე არ ვრცელდება ხარკი. ესენია - ეზიდები, ალავიტები, დრუზები. მათ უყენებენ უფრო მკაცრ მოთხოვნებს - უარი თქვან თავიანთ აღმსარებლობაზე, მიიღონ ისლამი ან სიკვდილი. ამ ჯგუფებს არ აწყობთ ულტიმატუმის მსგავსი გადაწყვეტილება, ამიტომაც ან გარბიან თავიანთი სახლებიდან, ან იარაღით იბრძვიან ექსტრემისტული ისლამის წინააღმდეგ.
არაბული ცნობების მიხედვით, მათ მიერ მიტოვებულმა სახლებმა და ბინებმა 50000 გადააჭარბა. გარდა ამისა, მათ დატოვეს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონელი, მაღაზიები, სახელოსნოები. მიტოვებულ სახლებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას „ისლამური სახალიფო“ არიგებს იქ ჩასული 80 ქვეყნის ჯიჰადისტთა და მათი ოჯახის წევრთა შორის - ოთხი მეხუთედი ჯიჰადისტებს, ერთი მეხუთედი - „სახალიფოს“. ცოტა რამ ადგილობრივ მოსახლეობასაც ხვდება, ცხადია სუნიტებს, რომლებმაც ერთგულება შეჰფიცეს „სახალიფოს“.
„სახალიფოს“ ტერიტორიაზე სირიისა და ერაყის გადასახადები გაუქმებულია, მათ ნაცვლად შემოღებულია „ზაკიატი“, ყველა მუსლიმანის გადასახადი ღარიბთათვის. თანხა გაცილებით ნაკლებია, ადრე არსებულ გადასახადებზე.
„სახალიფო“ ღარიბებს უფასოდ ურიგებს კვების პროდუქტებს, თხევად გაზს (ბალონებში). ამ კამპანიას პროპაგანდისტული დატვირთვაც აქვს, როგორც ინტერნეტით, ისე ტელევიზიით. „სახალიფო“ სისტემატურად ახორციელებს პირველი მოთხოვნილების საგნებზე ფასების დაკლებას, გარდა ამისა პურზე, ფუნთუშეულზე, ფქვილზე. „სახალიფო“ არემონტებს სახლებს, ელექტროგადამცემ ხაზებს და სხვა.
„სახალიფო“ აწარმოებს სირია-ერაყის ენერგეტიკული და წიაღისეული სიმდიდრეების საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევას. უპირველესყოვლისა - ნავთობის, რომელსაც, მსოფლიო ფასებზე, ათჯერ იაფად ყიდის თურქეთში და იორდანიაში. ეს უკანასკნელი ყოველდღიურად ყიდულობს 20000 ბარელ ნავთობს.
„სახალიფო“ აკონტროლებს ნავთობით მდიდარ სირიის დეირ ეზორს. სირიის მთავრობა იძულებულია იყიდოს „სახალიფოსგან“ საკუთარი ნავთობი.
„სახალიფომ“ დაიკავა ერაყის ქურთული ავტონომიის ის რაიონები, რომლებიც მდიდარია ნავთობით. „სახალიფო“ მთლიანად აკონტროლებს სირია-ერაყის წყლის რესურსებს და წყლის რეზერვუარებს ტიგროსისა და ევფრატის მდინარეებზე. გარდა ამისა, „სახალიფოს“ ხელშია სირიის ელექტროსადგურები, რომლებიც აშენებულია საბჭოთა კავშირის მიერ. „სახალიფოს“ ხელში აღმოჩნდა ხორბლის დიდი მარაგი და მოსულის ბანკში არსებული 500 მილიონი დოლარი.
ეკონომიკური თვალსაზრისით, „სახალიფო“ კარგად გრძნობს თავს. რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკას, „სახალიფოს“ ნდობა გამოუცხადეს ისეთმა ექსტრემისტულმა ისლამურმა დაჯგუფებებმა, როგორებიცაა „ანსარ აშ-შარია“ ლიბიაში, „ალ-ქაიდა“ ისლამურ მაღრიბში და იემენში, „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში. ყველა მათგანი „სახალიფოს“ ურიცხავს საკუთარი შემოსავლის მეხუთედს.
საინტერესოა ირანულ გაზეთ „თეჰრან თაიმს“-ში გამოქვეყნებული სტატია შემდეგი სათაურით: „ისლამური სახალიფო - დამოუკიდებელი რეგიონული მოთამაშე თუ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაელის სპეცსამსახურის „მოსადის“ პირმშო?“
„თუ აშშ-ს ჰგონია, რომ დაბომბვებით შეძლებს ვითარების გამოსწორებას, ცდება“ , - წერს გაზეთში თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მეჰმედ ალი შაჰინი.
„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ (შემდგომში „ისლამური სახალიფო“) ჩამოყალიბება მოხდა 2003 წელს, აშშ-ს ერაყში შეჭრის შემდეგ. დაჯგუფებას მაშინ სათავეში ჩაუდგა არქიტერორისტი აბუ მუსაბა ალ-ზარკავი, რომელიც სიყვარულს ეფიცებოდა „ალ-ქაიდას“. 2006 წელს ეს ტერორისტი მოკლეს ამერიკის მასირებული დაბომბვით.
ზარკავის სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციის აქტიურობა შემცირდა, მაგრამ 2011 წელს, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ წამოწყებულმა აგრესიამ, ეს ორგანიზაცია გაააქტიურა. ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი, რომელმაც ახალი სახელი მისცა ორგანიზაციას - „ერაყის ისლამური სახელმწიფო“. ამ „სახელმწიფოსთან“ მჭიდრო კავშირები დაამყარა აშშ-ა და ყატარმა.
ცხადია, მათი მიზანი იყო სირიის მთავრობაზე „სახელმწიფოს“ ტერორისტების მისევა. მკითხველს ემახსოვრება სირიის მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები. ისიც ემახსოვრება, თუ რა მრავალფეროვანი იყო ოპოზიცია და ისიც ემახსოვრება, რას ამბობდა კრემლი - ოპოზიციის მხარეს აშკარა ექსტრემისტი ისლამისტებია, რომლებთან მოლაპარაკება არაფერს მოიტანსო.
ამერიკელთა პასუხი იყო ასეთი: „გამარჯვების შემდეგ (იგულისხმება ასადის დამხობა) ჯიჰადისტები ტრანსფორმირდებიან პოლიტიკურ მოთამაშეებად და თავიანთ წვლილს შეიტანენ დემოკრატიულ პროცესებში“.
ყატარის ყოფილი ამირა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირაში“ გამოსვლის დროს (2011 წლის 7 სექტემბერი) აცხადებდა: „თქვენ დაინახავთ ექსტრმიზმი, როგორ გადაიქცევა სამოქალაქო ცხოვრების შემადგენელ ნაწილად“.
ასე, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, აშშ-ს, ყატარის, საუდის არაბეთის, თურქეთის და ევროპის ქვეყნების ძალისხმევით შეიქმნა 50000-იანი მონსტრი, ტერიტორიაზე, რომელიც ბელგიისას უტოლდება. სირიის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია, რეაქციული სალაფიტების მეთაურობით, გარდაიქმნა სისხლიან მოძრაობად.
გაზეთი წერს, რომ „ისლამური სახალიფო“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის სირიას, ერაყს, ლიბიას, თურქეთს და საუდის არაბეთს. ამ უკანასკნელისთვის უმჯობესი იქნებოდა ირანთან საერთო ენის გამონახვა, რასაც ის არ აკეთებს. გაზეთი გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ისლამური სახალოფო“ შეიძლება მართლაც იყოს აშშ-ს ცსს-სა და მოსადის პირმშო.
არსებობს ამერიკელი სენატორის მაკკეინისა და „სახალიფოს“ ხალიფას აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ერთად გადაღებული ფოტოსურათიც. ირანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ალ-ბაღდადი სინამდვილეში საიმონ ელიოტია, მოსადის ებრაელი აგენტი.
მიზანი პროექტისა იყო შეჭრა იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ემუქრებიან ისრაელს და ბიბლიური „დიდი ისრაელის“ შექმნა. თურქეთის პარტია „სამართლიანობისა და განვითარების“ თავმჯდომარის მოადგილის მეჰმედ ალი შაჰინის განცხადებით - „სახალიფოს“ დაბომბვევი ვერ შეაჩერებს აშშ-სა და მისი გზააბნეული ევროპელი მოკავშირეების მიერ შექმნილ ქაოსს. ამერიკას ერთი გზა აქვს - შეამციროს ისრაელის სიონისტური რეჟიმის დახმარება, უარი თქვას სირიის რეჟიმის შეცვლაზე და თანაბარ პირობებში გამართოს მოლაპარაკება ირანთან - ახლო აღმოსავლეთის საკითხების ერთადერთ ძალასთან, რომელსაც შეუძლია რეალური დახმარების გაწევა.
ზემოთმოყვანილი ცნობები იმსახურებს ყურადღებას, მითუმეტეს სიფხიზლეს, რამეთუ „სახალიფომ“ მუქარა არა მარტო ობამასა და ევროპას შეუთვალა, არამედ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც - სირიის ხელისუფლების დახმარებისთვის. ისლამისტები იმუქრებიან რუსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებით ჩეჩნეთში და კავკასიაში, რაც ერთობ შემაშფოთებელი უნდა იყოს ჩვენთვისაც - კავკასიაში აშშ-ი სტრატეგიული პარტნიორისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
04/09/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.