ობამას თამაში - მსოფლიოს კარგს არაფერს უქადის

hamlet chipashvili-politologi

გასული თვის ბოლოს აშშ-ს თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ერთობ სენსაციური და მკაცრი განცხადება გააკეთა მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით: „ჩვენ ვიცით, რომ მალაიზიის თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინის იმ ტერიტორიიდან, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. იმ რაიონში უკრაინის არმიას არ აქვს ამ სახის იარაღი - ამიტომ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსები დამნაშავენი არიან“.
მკითხველი იკითხავს - რა არის ამ განცხადებაში სენსაციური, ამას ხომ პრეზიდენტი ობამაც აცხადებდა თვითმფრინავის კატასტროფიდან რამდენიმე საათის შემდეგ?
დიახ, აკეთებდა, თანაც თავდაჯერებულად, ყოველგვარი დაფიქრების და რაც მთავარია გამოძიების გარეშე. განცხადების სენსაციურობა სწორედ იმაშია, ვიღაცას დააბრალო დანაშაული, ანუ გადაწყვიტო, რომ ის უნდა იყოს დამნაშავე - ამ შემთხვევაში „ვლადიმერ პუტინი და რუსები“. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პუტინმა დააჭირა რაკეტის გაშვების ღილაკს თითი ფორტალეზას (ბრაზილია) „ბრიკს“-ის სამიტის დროს.
მაინც, რას უნდა ნიშნავდეს თავდაჯერებული განცხადება „ჩვენ ვიცით, რომ ...“ რა იცის აშშ-ა?
იქნებ ამერიკულმა თანამგზავრმა, რომლის ფრენის ტრაექტორია საეჭვოდ დაემთხვა მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფას, მართლაც დააფიქსირა რაკეტის გასროლის და თვითმფრინავის ჩამოგდების მომენტი? მაგრამ თუ ასეა, რატომ არ აქვეყნებს კატასტროფის დამადასტურებელ ფაქტებს?
რუსული მხარე რახანია დაბეჯითებით ითხოვს თანამგზავრის მიერ დაფიქსირებული ფაქტის გამომზეურებას.
ის, რომ თანამგზავრი საზარელი შემთხვევის მოწმეა - ცხადია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა იმჟამად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზეცაში გამოკიდებული. თანამგზავრმა იცის და სწორედ ამიტომაც არ სურს აშშ-ს ფაქტების გამომზეურება, ვინაიდან ისეთი რამ შეიძლება გამომჟღავნდეს, რაც ყველამ კარგად იცის, მაგრამ აშშ-ს შიშით თქმას ვერ ბედავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალური სურათი წარმოადგინა უკრაინის საჰაერო სივრცეში იმჟამინდელი ვითარების თაობაზე, თან ისიც თხოვა ამერიკელებს - დაეძალებინათ ოფიციალური უკრაინისთვის უკრაინელი დისპეტჩერებისა და თვითმფრინავის პილოტებს შორის გამართული ლაპარაკის გამოქვეყნება. სამწუხაროდ, არც ერთი ჩანს და არც მეორე. რაც ჩანს, არის სოციალურ ბადეში გავრცელებული უკრაინული მასალები, რომლებიც, ექსპერტთა აზრით, ფაბრიკაციაა. უბრალოდ ღიმილს იწვევს ოფიციალური ვაშინგტონის ქმედება, როდესაც საბუთად სწორედ ეს მასალები მოჰყავთ და არა საკუთარი თანამგზავრის.
ლოგიკის და ფაქტების მიხედვით, სეპარატისტებს, მითუმეტეს პუტინს სულაც არ აწყობდათ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. გარდა ამისა სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ამ სახის იარაღი არ ფიქსირდება და რომც ყოფილიყო, მის გაშვებას ესაჭიროებოდა სროლის მცოდნე სამხედრო სპეციალისტები, მინიმუმ წელიწადნახევრიანი სტაჟით.
ამერიკულ-უკრაინული მტკიცებით, რუსეთიდან, სეპარატისტების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ სამხედრო სპეციალისტები, გაისროლეს და ისევ რუსეთში დაბრუნდნენ.
სამხედრო სპეციალისტებს, მათ შორის უცხოელებს, სასაცილოდ არ ჰყოფნით ერთობ პრიმიტიული ნალაყბი, ვინაიდან თვით ამ სახის რაკეტა სამი, საკმაოდ დიდი ზომის მოძრავი დანადგარისგან შედგება და მათი საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლა უკვალოდ წარმოუდგენელია.
მაშ რასთან გვაქვს საქმე? იმასთან ხომ არა, რომ ყოველივე აღნიშნული წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო ან საბედისწერო შემთხვევა უკრაინის იმ ტერიტორიიდან, რომელსაც კიევის ხელისუფლება აკონტროლებს? იქნებ ამიტომაც არ ხერხდება ამერიკული თანამგზავრის მიერ გადაღებული ვიდეო-მასალის გამოქვეყნება?
მავანი იტყვის - ცოტა ხანი დავიცადოთ და გამოძიება სიმართლეს დაადგენსო. კეთილი, მაგრამ როდესაც პირველმა ქვეყანამ და მისმა პრეზიდენტმა „დამნაშავე“ უკვე დაადგინა და ჩამოგდების პირველივე წუთებიდან გაიძახის - პუტინია დამნაშავეო, რას იტყვის გამოძიება? ნუთუ ისეთი მტკიცე და შეუვალი გამოდგება, შეეწინააღმდეგოს კოლექტიურ დასავლეთს?
მსოფლიომ კარგად იცოდა, რომ სადამ ჰუსეინს ბირთვულ-ქიმიური იარაღი არ ჰქონდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივან პაუელსაც „დაუჯერა“, რომ პატარა სინჯარში ქიმიური იარაღის ფხვნილი იყო. როდესაც პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს აჩვენა - ნახეთ სადამს რა იარაღი აქვსო? მაგრამ მერე რა?
პაუელმა რამდენიმე წლის შემდეგ აღიარა სიცრუე, თუმცა ისიც დაამატა - აშშ-ს უსაფრთხოება და ინტერესები მოითხოვდა ამასო.
ამერიკულ ტყუილს ერაყში შეჭრა მოჰყვა - ხანგრძლივი ომით, მსხვერპლით, ნგრევით, მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისით და ა.შ. ერაყში დღესაც ომია - გააფთრებული, სასტიკი, სუნიტებსა და შიიტებს შორის. ამ ომში ლამის მთელი ახლო აღმოსავლეთია ჩართული, ზოგი პირდაპირ, ზოგიც ირიბად.
ვეჭვობ, რომ გამოძიებამ თქვას ის, რაც უნდა თქვას, თანაც დროულად, გაჭიანურების გარეშე.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ისიც აღნიშნა, რომ „აშშ-ა დაიწყო მუშაობა ევროკავშირთან და „შვიდეულთან“ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების შემოღებისთვისო“. იქნებ ამ განცხადებაში სწორედ ეს არის მთავარი - „სანქციების შემოღება“ და ამისთვისაა შეთხზული ამერიკულ-უკრაინული „სინამდვილე“ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით?
საეჭვოდ ემთხვევა ფორტალეზას „ბრიკს“-ის სამიტი და თვითმფრინავის ჩამოგდების ვაშინგტონური „სიმართლე“. ბრაზილიური სამიტი უპირველესად იმით იყო აღსანიშნავი, რომ მოურიდებლად განაცხადა ამერიკული საფინანსო სისტემის - სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საპირისპირო მოქმედების დაწყება.
„ბრიკს“-ის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი პუტინია, რომელიც უკვე რახანია დაუფარავად იღვწის მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შესაქმნელად, ამერიკული ჰეგემონიზმის საწინააღმდეგოდ. ცხადია, ასეთ მეტოქეს პრობლემები შეექმნება, რაც არაერთხელ გამოვლინდა ბოლო წლების განმავლობაში.
აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს თავიანთი მოსაზრება პუტინთან მიმართებაში საიდუმლოდ არ გაუხდიათ. პირიქით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მოსკოვში სპეცვიზიტად მყოფმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ, საჯაროდ განუცხადა მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს პუტინის კვლავ გაპრეზიდენტებას.
მაგრამ პუტინი გაპრეზიდენტდა და გაცხოველებული ენერგიით ჩაერთო საერთაშორისო პოლიტიკაში. სწორედ მისმა აქტიურობამ აიძულა პრეზიდენტი ობამა ხელი აეღო სირიის წინააღმდეგ ომზე. გაიხსენეთ გასული წლის შემოდგომის სანკტ-პეტერბურგის სამიტი და პუტინ-ობამას განმარტოება, რასაც მოჰყვა სირიის და საერთოდ ახლო აღმოსავლეთის ფართომასშტაბიანი ომის შეჩერება.
არადა სირიის წინააღმდეგ ომს აღარაფერი აკლდა. საერთაშორისო საზოგადოებაც, დასავლური PR-ის წყალობით, შემზადებული იყო. გახსოვთ ალბათ, ამერიკელთა მტკიცება ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. მთელი მსოფლიოს ტელეეკრანები შემოირბინა ამ საშინელმა ვიდეო-კადრებმა.
სამი თვის შემდეგ, გაეროს სპეცკომისიამ გამოძიებით დაადგინა, რომ ბაშარ ასადი არაფერ შუაშია და რომ ქიმიური იარაღი მის წინააღმდეგ მებრძოლმა ექსტრემისტებმა გამოიყენეს.
სირიის ეპიზოდი მძიმე მარცხი იყო ამერიკისა და მისი პრეზიდენტისთვის. იმ დღიდან მოყოლებული, ვაშინგტონმა გააათკეცა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ ფარული თუ ღია აგრესია. ვაშინგტონმა ფრონტის ხაზი ახლო აღმოსავლეთიდან რუსეთის საზღვრებამდე გადასწია.
ომი უკრაინაში გრძელდება და ამ ომში ჩართულია, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, აშშ-ი, ევროკავშირი. ამერიკის ადმინისტრაციის მეცადინეობით დასმული უკრაინული ხელისუფლება უყოყმანოდ ასრულებს ვაშინგტონის დირექტივებს და სისტემატურად აბარებს ანგარიშს აშშ-ს.
იმ დღეს, როდესაც თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ბრიფინგი გამართა, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს. საუბარი შეეხო ბრიფინგს. გარდა ამისა, პოროშენკომ უთხრა ბაიდენს, თუ როგორ აიარაღებს რუსეთი სეპარატისტებს მძიმე იარაღით და როგორ ბომბავს რუსეთი უკრაინის არმიას. ბაიდენი დაპირდა პოროშენკოს, რომ ევროკავშირთან ერთად რუსეთს სანქციებით სულს ამოხდის.
რა შეიძლება ვუწოდოთ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურს, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ინფორმაციას აგროვებდეს, უკრაინულ ფალსიფიკაციას იყენებს? არადა სადაზვერვო სამსახური წლიურად 68 მილიარდ დოლარს იღებს ქვეყნის ბიუჯეტიდან. ნუთუ ასე ძნელია იმის დადგენა, აწვდის თუ არა რუსეთი მძიმე ტექნიკას სეპარატისტებს? ტანკი ან რაკეტა ხომ ნემსი არ არის, თანამგზავრს დაემალოს? გარდა ამისა რახანია რუსეთი ითხოვს (როგორც იქნა გადაწყდა) სასაზღვრო პუნქტებში ეუთოს მონიტორინგის დაწესებას.
მაგრამ ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული, ანუ იმაში, რომ რუსეთი დამნაშავეა და დამნაშავეა იმიტომ, რომ ობამას ასე სურს. ობამა პიროვნულადაც ნაწყენი ყოფილა პუტინზე. ერთხელ საჯაროდ განაცხადა - ორმოცი წუთი მაცდევინაო, მეორედ ისიც თქვა - სავარძელში მოშვებულად იჯდაო.
როგორც ჩანს პირველი ქვეყნის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მასთან მჯდარი, აწურული უნდა იყოს, ზომაზე მოკრძალებული და ოდნავ შეშინებულიც - აქაოდა აშშ-ს პრეზიდენტთან ვარო. და ამას ამბობს შავკანიანი პრეზიდენტი, იმ ქვეყნის პირველი პირი, სადაც თუნდაც გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოს შავკანიანები დიდ დისკომფორტში იყვნენ. ყოველივე ამის შესახებ წერს თავის წიგნში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, შავკანიანი კოლინ პაუელი.
ჩემი სუბიექტური აზრით, ფერადკანიან პრეზიდენტს სხვაგვარი მოსაზრება უნდა ჰქონდეს მოვლენებზე და რომ ეს ასეა, იმიტომაც მისცეს მას, წინასწარ, ავანსად, მე ვიტყოდი დაუმსახურებლად, ნობელის პრემია. მართალია ობამამ პირდაპირი მონაწილეობა არ მიიღო ლიბიის განადგურებაში, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნატოელ მოკავშირეებსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანას წამოეწყოთ აგრესია.
ლიბია დღესაც ომის ცეცხლშია გახვეული, დაქსაქსული, სხვადასხვა ტომების ერთმანეთთან ომის არენად ქცეული. ობამამ სერიოზული დახმარება გაუწია და უწევს ანტიასადურ ძალებს, მათ შორის „ალ-ქაიდას“ სირიულ ფილიალს „ან-ნუსრას“. და რომ არა პუტინის ძალისხმევა, ნობელის ლაურეატი ობამა, ექვსთვიანი საჰაერო დარტყმების განხორციელებას აპირებდა სირიაში.
მართალია, ობამამ ჯარი გამოიყვანა ერაყიდან, მაგრამ მისი წინამორბედის მიერ აზელილი ერაყი დღესაც ტერორისტული აქტებისა და საბრძოლო მოქმედებების არენაა. ქვეყანა დაშლის წინაშეა. მის ტერიტორიაზე შექმნილი ისლამური სახალიფო, მძლავრ ძალად ყალიბდება ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სახიფათოდ.
ობამას მიკერძოებამ ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტში და ხმამაღალმა განცხადებამ, რომ ისრაელის სახელმწიფოს უფლება აქვს დაიცვას თავი, ისრაელის არმია „ცაჰალ“-ს სტიმული მისცა პალესტინის ღაზის სექტორის ტანკებით, თვითმფრინავებით, რაკეტებით გაუთოებაში. ომი, რომელიც დღესაც გრძელდება, ანგრევს პალესტინელთა საცხოვრებელ სახლებს, ინფრასტრუქტურას და რაც მთავარია, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას.
დაახლოებით იგივე ლოზუნგით - „ხელისუფლებას უფლება აქვს აღადგინოს წესრიგი და ქვეყნის ერთიანობა“, - გამოდის ვაშინგტონი თავის მიერ დასმული უკრაინელი მმართველების დანაშაულებრივი საქმიანობის დასაცავად. ოფიციალურ ვაშინგტონს ჯერაც არ უღიარებია, რომ დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინის არმია „გრადებსა“ და რაკეტებს უშენს მშვიდობიან მოსახლეობას.
როდესაც ამერიკული ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლით დანაშაულია - თეთრი სახლი დუმს, რატომღაც მას ინფორმაცია არ აქვს, მაშინ, როდესაც მოკავშირე ნატო ადასტურებს ამ ფაქტს.
ობამამ, პუტინზე განაწყენებულმა, წამოიწყო ისეთი მძიმე თამაში, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკოსები და ექსპერტები უკვე მეორე “ცივ ომად“ მოიხსენიებენ. ისინი არც იმის თქმას ერიდებიან, რომ მეორე „ცივი ომი“, მესამე მსოფლიო ომში შეიძლება გადაიზარდოს.
ობამა და მისი ადმინისტრაცია ახალ-ახალ ანტირუსულ სანქციებს აწესებენ, რითაც სურთ რუსეთის ეკონომიკური დაცემა გამოიწვიონ. ისინი არაფრად აგდებენ, რომ თვით შეიძლება აღმოჩნდნენ ეკონომიკურ კოლაფსში. სულ ახლახანს შემოღებული სანქციებით რუსეთი ას მილიარდ დოლარს დაკარგავს, მაგრამ ევროკავშირიც იმდენივეს.
ამ ბრძოლაში გამარჯვებული არავინაა, დამარცხებული კი სამივე - აშშ-ი, ევროკავშირი, რუსეთი. და მათთნ ერთად მსოფლიოს ეკონომიკა, რასაც უდავოდ მოჰყვება არა მარტო რუსი და ევროპელი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუარესება, არამედ მთელი მსოფლიოს.
პრეზიდენტ ობამას საქციელი, მიმართული პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ, მთელი მსოფლიოს სოციალური პირობების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია. ხოლო, რაც შეეხება სენატორ კორკერის ინიციატივას - კონფრონტაციის მაუწყებელი.
რესპუბლიკელი სენატორი ბობ კორკერი გამოდის ინიციატივით, რუსეთის საზღვრებთან ახალი სამოკავშირო-სამხედრო სარტყელის შესაქმნელად. მისი მიზანია, რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს წინააღმდეგ. ახალ კავშირში პოლონეთი და ლიტვაც მოიაზრებიან.
სენატორი რეკომენდაციას აძლევს კონგრესს, გააძლიეროს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური დახმარება ზემოთჩამოთვლილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შეეძლებათ მიიღონ ფინანსური, ტექნიკური, საორგანიზაციო სახის დახმარება, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის.
დოკუმენტი ამჯერად სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტშია განსახილველად, რის შემდეგაც გადაეცემა წარმომადგენელთა პალატას. შემდეგ უნდა გაიმართოს ორი კენჭისყრა სენატსა და პალატაში, რის შემდეგ, შესაბამისი პროცედურები განხორციელდება და დოკუმენტი წარედგინება პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
სამივე ქვეყანაში აღნიშნული პროექტი დიდის სიხარულით იქნა შეფასებული და ისიც ითქვა, რომ, დოკუმენტის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ი დაიცავს მათ რუსეთის აგრესიისგან. მოკლედ, რაღა ნატოს დოკუმენტის მე-5-ე პუნქტი და რაღა სენატორის პროექტი.
ობამამ შეიძლება ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლება რუსეთ-აშშ-ს შორის ისეთი დაპირისპირების გამოწვევა, რასაც ადგილი ჰქონდა კუბის კრიზისისას.
აშშ-ს პრეზიდენტმა შეძლო ევროპელი და იაპონელი მოკავშირეების დაყოლიება სანქციებთან დაკავშირებით, რაც აიძულებს რუსეთს ქამრების შემოჭერას. ობამას მიხედვით, სანქციები გააუარესებს რიგითი რუსის სოციალურ ყოფას და აიძულებს მას ქუჩაში გამოსვლას, რუსეთის ხელისუფლების დასამხობად.
მაგრამ ასე იოლად დაჰყვება რუსეთის ხელისუფლება ობამასეული პროექტის განხორციელებას? რუსეთის ხელისუფლება იბრძოლებს შეუპოვრად, ბოლომდე საკუთარი თავისა და ქვეყნის გადასარჩენად. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში კი შესაძლოა ისეთი სავალალო შეცდომის დაშვება, რაც დააზიანებს მსოფლიო მშვიდობას.
ნობელის პრემიის ლაურეატი, პრეზიდენტი ობამა სახიფათო თამაშშია ჩართული, რამაც უკვე გამოიწვია ნეგატიური შედეგები. მომავალში უფრო უარესია მოსალოდნელი, რამეთუ არავინ უწყისს, ჩიხში მომწყვდეული რუსი, რა ღონეს მიმართავს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
03/08/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.