9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

hamlet chipashvili-politologi

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღინიშნება, როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში, მაგრამ განსაკუთრებით რუსეთში, რომელმაც მილიონობით ადამიანი შესწირა ფაშიზმის დამარცხებას, საბჭოთა კავშირისა და ევროპის სახელმწიფოთა ყავისფერი ჭირისგან განთავისუფლებას.
1945 წლის 9 მაისს ძნელი წარმოსადგენი იყო ფაშისტური სვასტიკებით „დამშვენებული“ ახალგაზრდების მარში - ერთობ გამომწვევი და თვითდაჯერებული, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ქალაქში. მითუმეტეს გაჭირდებოდა, თავში კოშმარული სიზმრის გაელვება - ფაშიზმი უკრაინაში, მისთვის ჩვეული სადიზმით გაჯერებული.
ცხოვრება იცვლება, თანაც სწრაფად, ხშირად სრულიად საწინააღმდეგოდ გუშინდელი ცხოვრებისგან და რა გასაკვირია, რომ 69 წლის წინანდელი მოვლენა დღეს სხვაგვარად იქნას აღქმული. მაგრამ არის ფუნდამენტური თემები, რომლებიც გადახედვას არ საჭიროებენ. მათ შორისაა ფაშიზმი, მეორე მსოფლიო ომი. ომში ჩადენილი ენითაუწერელი სისასტიკე - გამოვლენილი ფაშისტების მხრიდან.
ომსაც თავისი წესები, ჩარჩოები აქვს, მისი დარღვევა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ასე იყო და იქნება, უფრო სწორად, უნდა ვიმედოვნოთ, რომ იქნება, თუ გაერო და მასში შემავალი თითქმის 200 სახელმწიფო განუხრელად დაიცავს ომის წარმოების პრინციპებს. ეს სურვილია, სამწუხაროდ მხოლოდ სურვილი და მეტი არაფერი.
69 წლის განმავლობაში მრავალ ლოკალურ ომს ჰქონდა ადგილი, რომელშიც არაერთხელ დაფიქსირდა ომის გამჩაღებლის მიერ, ომის წარმოების ჩარჩოების, წესების დარღვევა. ასე იყო კორეაში, ვიეტნამში, სადაც აშშ-ა 8 მილიონი ტონა ბომბი დააყარეს ვიეტნამს, სადაც მომწამვლელი ქიმიური იარაღი დღესაც გამოუსადეგარს ხდის ამ ქვეყნის ნიადაგს. ასე იყო ერაყში, ასეა ავღანეთში, სირიაში და ა.შ. და ამ პროცესებში თავფეხიანად იყო და არის ჩართული იალტის კონფერენციის მონაწილე ქვეყანა - აშშ-ი.
1944 წლის დეკემბერს ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ იალტის კონფერენციის მონაწილე 3 ქვეყნიდან ორი სრულიად განსხვავებულ გზას აირჩევდა, თანაც ფაშიზმზე გამარჯვების პირველივე დღეებიდან. შორსმჭვრეტელობამ, ერთობ დამახასიათებელმა, საბჭოთა კავშირის ლიდერისთვის ათქმევინა მას შემდეგი: „ყველა ჩვენგანს სურს მსოფლიო მშვიდობა, თუნდაც მომავალი 50 წლის განმავლობაში. უდიდესი საფრთხე იქნება - კონფლიქტი ჩვენს შორის, ვინაიდან თუ ჩვენ ერთიანი ვიქნებით, გერმანიის საფრთხე არ იქნება სერიოზული. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი სამომავლო ერთობა, რა გარანტიები ავამოქმედოთ, რომ სამმა უდიდესმა ქვეყანამ, შესაძლოა საფრანგეთმა და ჩინეთმა, შეინარჩუნონ საერთო ფრონტი. რაღაც სისტემა უნდა შევიმუშავოთ, რომელიც არ დაუშვებს კონფლიქტს დიდ სახელმწიფოთა შორის!“
იალტაში, სტალინის მიერ გაჟღერებული სურვილი მშვიდობიანი მსოფლიოსა, ნაწილობრივ შესრულდა და თანაც არა მარტო 50 წლის განმავლობაში. მეორე მსოფლიო ომის შედეგად აღმოცენებული სუპერსახელმწიფოები აშშ-ი და საბჭოთა კავშირი, ამჯერად რუსეთი, იშვიათად იდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ რაკეტაღმართული. საერთაშორისო პასუხისმგებლობა, სამხედრო თანაფარდობა არ აძლევდა მათ ერთმანეთზე თავდასხმის შესაძლებლობას.
პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება 1949 წლის საბჭოთა ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ აილაგმა, მაგრამ არაპირდაპირი, ირიბი, იატაკქვეშური, დღესაც მძვინვარებს, თუნდაც უკრაინის სახით. ნობელის პრემიის ლაურეატმა, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ლიბიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში უშუალო მონაწილეობაზე, მაგრამ იატაკქვეშეთიდან წარმართა ნატოელთა თავდასხმა მასზე.
ანალოგიური ვითარებაა სირიაში. აშშ-ი არ მონაწილეობს ამ ომში, მაგრამ იარაღით, ფულით, ინსტრუქციით აომებს სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებულ ათასი ჯურის ტერორისტულ ორგანიზაციას.
იატაკქვეშეთიდან ომი მიმდინარეობს უკრაინაში. გარეგნულად აშშ-ი არ არის ჩართული მასში. ის, ვითომდა არბიტრია უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებისა. არბიტრი, რომელიც ცალსახად მხოლოდ ერთი მხრისკენ, უკრაინისკენ არის გადახრილი.
კონფლიქტი, უკრაინის გავლით რუსეთზე, არახალია. მას 69-წლიანი ისტორია აქვს. ომის დამთავრებისთანავე ამერიკელებმა თავშესაფარი მისცეს უკრაინელ ფაშისტ ბანდერელებს. 69 წლის განმავლობაში ომის მონაწილე დამნაშავე უკრაინელებს, თავზე ხელი უსვეს, აჭამეს, ასვეს და რევანშის გზაზე დააყენეს. დღეს, მათი შვილიშვილები აგრძელებენ ფაშისტი ბაბუების გზას.
აშშ-ა არც ეს იკმარა და ბოლო 23 წლის განმავლობაში წვრთნა და უჩიჩინა უკრაინელ ახალგაზრდებს, უკრაინელთა პრიორიტეტულობაზე რუსთა მიმართ. დამოუკიდებლობის 23 წელიწადი სერიოზული გადაგვარების წლებად შეიძლება აღვიქვათ, რომელმაც უკრაინას მოძმე რუსიც შეაძულა და საკუთარი უკრაინელიც - სხვაგვარად მოაზროვნე-მოფიქრალი.
აშშ-ს მეცადინეობით აღორძინებული უკრაინული ფაშიზმი, ომახიანად დააბიჯებს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. და თუ მას წინ არავინ აღუდგა - წარმატებით ინავარდებს ევროპაშიც.
ეს ყველაფერი აშშ-ს ძალისხმევით, ამ ქვეყნის ნობელიანტი პრეზიდენტის მეთაურობით ხდება. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში სისტემატურად გვეუბნებოდნენ აშშ-ს, დასავლეთის მზაკვრობის შესახებ. ჩვენ არ გვჯეროდა, გამოგონილი პროპაგანდა გვეგონა და რახან დასავლეთის შესახებ ცოტა რამ ვიცოდით, ამერიკა-ევროპას თავანკარა წყაროდ ვთვლიდით, რომლის შესმა სიცოცხლისთვის უპირველეს ელექსირად მიგვაჩნდა.
დამოუკიდებლობის წლებმა ნათლად დაგვანახა შხამი, რომელიც „თავანკარა“ წყაროს ახლავს. ვინც დალია, სამუდამოდ მოიწამლა. საწამლავი ძლიერმოქმედია თითისტოლა ახალგაზრდებზე და ადრეულ ასაკშივე ახერხებს მათი ტვინების გადაგვარებას.
გადაგვარებულები კი იოლი სამართავია. სწორედ ამერიკული რეცეპტით გადაგვარებულმა თინეიჯერებმა მოახერხეს ოდესის პროფკავშირის სასახლეში უიარაღო ოდესელების შეყრა, შენობისთვის ცეცხლის წაკიდება და როგორც ამბობენ 116 კაცის (ოფიციალური კიევის მონაცემებით 46 კაცის) ცოცხლად დაწვა. შენობის ფანჯრებიდან გადმომხტარ ხალხს ფაშისტი „ბავშვები“ ხის ჯოხებით უსწორდებოდნენ.
დასავლეთმა, ამჯერად თვალი ვეღარ დახუჭა და არაერთხელ გადასცა საზარელი ვიდეოკადრები, საერთო სიტყვებით - ეს არ უნდა გამეორდეს. არც ერთი სიტყვა - ვინ ჩაიდინა ბარბაროსული აქტი. არც ერთი აუგი სიტყვა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მისამართით. პირიქით, აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ქვეყანაში წესრიგის აღდგენის უფლება, რომ სეპარატისტებთან ბრძოლა იქნება დაუნდობელი. აშშ-ს სენატორების წინაშე გამოსვლისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ნულანდმა ოდესის ამბავი ფედერაციის მომხრეებს გადააბრალა.
ვაშინგტონის განცხადება, რომ მხოლოდ მის მიერ „გამოჩეკილ“ დროებით მთავრობას უწყობს ხელს, ფაქტია. ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი დაბეჯითებით მოუწოდებდნენ უკრაინის წინა პრეზიდენტს იანუკოვიჩს ძალა არ გამოეყენებინა მომიტინგეთა წინააღმდეგ. დღეს, ყველანი ერთად მოუწოდებენ გუშინდელ მომიტინგეებს, დღევანდელ მთავრობას - ბრძოლას „სეპარატიზმის“ წინააღმდეგ.
და ისიც იბრძვის საკუთარი ხალხის დასახოცად რეგულარული არმიით, ფაშისტური ძალებით, ქვემეხებით, ტანკებით, თვითმფრინავებით, ომის დაუშვებელი წესებით. და დასავლეთი სამხედრო დანაშაულს დაბინდული სათვალეებიდან უმზერს, თავის გასამართლებლად რუსეთს ადანაშაულებს - ის ამხედრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას, მთავრობის წინააღმდეგო.
ამაზრზენია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა შეფის ქეთრინ ეშტონის ერთობლივი განცხადება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, ვითომდა რუსეთის წაქეზებით მოქმედი სეპარატისტული გეგმების თაობაზე. ამაზრზენია მუქარაც, წამოსული მათი მხრიდან - ხელი შეეშლება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს და რუსეთი დაისჯება ახალი სანქციებითო.
როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში არც ერთი რუსი სამხედრო არ იმყოფება, როდესაც რუსეთი ამბოხებულ მოსახლეობას იარაღით არ ამარაგებს, როდესაც რუსეთი შორიდან უმზერს უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე პროცესებს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად მან რუსი უნდა დაიცვას, როგორც შინ, ისე გარეთ, აშშ-სა და დასავლეთს დამნაშავედ მაინც რუსეთი გამოჰყავთ.
რუსეთმა, რომ სულ ხელის გულზე ატაროს უკრაინელი დამნაშავეები ტურჩინოვი, იაცენიუკი, ავაკოვი, ტიმოშენკო, იაროში, პოროშენკო, სხვები, ის მაინც დამნაშავე იქნება, ვინაიდან ასე სურს ვაშინგტონს, გეოპოლიტიკური წარმატების მოპოვებისთვის. ამ გზაზე მას ნაკლებად ადარდებს ოდესის ტერორისტული აქტი, სლავიანსკის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება. ნაკლებად ადარდებს ფაშიზმის აღორძინება. რას ნიშნავს მისთვის უკრაინაში აღორძინებული ფაშიზმი, როდესაც რუსეთი ჰყავს მოსათოკი?
ახალგაზრდა უკრაინელებზე, და არა მარტო მათზე, 23-წლიანმა „ტრენაჟმა“ ნაყოფი გამოიღო. დღევანდელი უკრაინელი ხელისუფალნი, ისევე, როგორც მათი მხარდამჭერნი, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის რუს მოსახლეობას თეთრ ზანდებად მიიჩნევენ. ოფიციალური კიევისთვის არც მათი ენაა მისაღები და არც მათი მოთხოვნა ფედერაციული სახელმწიფო სისტემის შემოღების თაობაზე. კიევის დღევანდელ, თვითმარქვია ხელისუფლებას, ისე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოსულ მომავალ ხელისუფლებას არ აწყობს (მოაწყობს) აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნების შესრულება.
კიევს, არ აწყობს, არათუ მოთხოვნების გაზიარება, არამედ რუსი მოსახლეობის არსებობა. ანალოგიური მოსაზრებისა არიან ისინი, ვინც ამერიკის პოლიტიკას სჭედს. ჰგავს თუ არა ეს პოლიტიკა სააკაშვილის სამხედრო ოპერაციას, სახელწოდებით - „ჩისტოე პოლე“?
მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული მოსახლეობა არ ჩასახლებულა. ის, მუდამ იქ იყო, იქ ცხოვრობდა, ანუ საკუთარ მიწაზე, რომელსაც რუსეთი ერქვა. ბოლშევიკების „გულუხვობამ“ გადააქცია დასავლეთ რუსეთი, აღმოსავლეთ უკრაინად. ბოლშევიკებმა უსახსოვრეს მაშინ, მართლაც მოძმე უკრაინას, უზარმაზარი ტერიტორიები, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ყველაზე ნაყოფიერი.
ვერ გამოდგნენ „გულუხვი“ ბოლშევიკები შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები. და რომ ვერ გამოდგნენ, დღეს იმკიან მათი შთამომავლები გენოციდს და საშინელებას დასაჩუქრებული უკრაინის შთამომავალთაგან. ნაყოფიერი აღმოსავლეთი უხალხოდ - ასეთია თანამედროვე ბანდერული ხელისუფლების მიზნები, ამიტომაც არ არის გასაკვირი უკრაინის არმიის მიერ ამბოხებული ქალაქების საცხოვრებელი სახლების ცეცხლის ალში გახვევა, უდანაშაულო ქალების, ბავშვების, მოხუცების ‘შემთხვევითი“ ხოცვა. და ეს ყველაფერი კიევის ხელისუფალთა მიმართ დასავლელთა მხარდაჭერით.
უკრაინის უნიტარიზმი შენარჩუნებული უნდა იქნას. არავითარი ფედერალიზმიო, აცხადებენ ისინი. გუშინ, სხვას ამბობდნენ იუგოსლავიასთან მიმართებაში. ერთიანი, ძლიერი იუგოსლავია ვაშინგტონისთვის მიუღებელი იყო. მისთვის კოსოვოს სეპარატიზმი, დაშლილ-დაქუცმაცებული იუგოსლავია, სწორედ ის იყო, რაც მალამოსავით ედებოდა იმჟამინდელ ამერიკულ პოლიტიკას. ერთიანი იუგოსლავია, თავისი მილოშევიჩით ვერ ჩაჯდა ამერიკულ გეოპოლიტიკურ გეგმებში.
ერთიანი უკრაინა, ჯერ-ჯერობით სწორედ ისაა, რაც სურს ვაშინგტონს. რა იქნება ხვალ, არავინ იცის. არადა უკრაინელებს ეს საკითხი გაცილებით მეტად უნდა აინტერესებდეთ, ვინაიდან ქვეყანა მათია. მაგრამ არის უკრაინა, უკრაინელების?
დღევანდელი უკრაინა იმათია, ვინც ხელისუფლებაშია, რიგით უკრაინელებს არავინ ეკითხება. მათ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნების დღეს გაიხსენებენ - ხმის მიცემისთვის. მაგრამ არის თუ არა უკრაინა იმათი, ვინც ხელისუფლებაშია? როდესაც სტუმრად ჩასული აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მაგიდის თავში შემოჯდება, ხოლო მასპინძელი ხელისუფლება მაგიდის ირგვლივ, უკრაინაში აშშ-ს ელჩის პროტოკოლით განლაგდება, ნათელია - ვისია უკრაინა!
რუსეთის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ უკრაინა მისთვის დაკარგულია და არა მარტო დროებით. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთმა ბევრი დაკარგა „ცივი ომის“ დამთავრებიდან დღემდე. და დაკარგა სწორედაც იმიტომ, რომ მიენდო დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს, დაუყვავა, კოჭი უგორა, სუსტი გეოპოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა. მართალია, რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა ბევრი იღონა ამერიკული გეოპოლიტიკური გეგმის შესაჩერებლად, მაგრამ წინა ხელისუფალთა მიერ მიშვებული პროცესის შეჩერება ვერ შეძლო.
რუსეთს ერთი რამ რჩება - საკუთარ საზღვრებში გამაგრება და უკომპრომისო ბრძოლის წარმოება; საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლება და პატრიოტიზმის ფართოდ გავრცელება. რამდენად შეძლებს ყოველივე აღნიშნულს მტრული ძალებით შემორკალური რუსეთი, მომავალი გვიჩვენებს, თანაც არცთუ შორეული.
ამერიკელი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების მსოფმხედველობა კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული ამერიკელ მწერალ ჯეკ ლონდონს, რომელმაც თავის გმირ მარტინ იდენს ათქმევინა შემდეგი:
„ადგნენ ეს ახალი ბატონები და კვლავ დაგამონეს, მაგრამ არა აშკარად და ვაჟკაცურად, როგორც საკუთარ მკლავს მინდობილ ჭეშმარიტ კეთილშობილს შეეფერება, არამედ ფარულად, ათასნაირი ხრიკებით, ლაქუცით და გაიძვერობით.
თქვენი მონური სულის მოსამართლეები მოისყიდეს, კანონები გაგითახსირეს. თქვენს შვილებს ჩვეულებრივი მონობის ტანჯვა არ აკმარეს. . .“.
რუსეთის ხელისუფლება რთული გამოწვევის წინაშეა. მისი ყველა ნაბიჯი გამადიდებელი შუშით მოწმდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა აღმოსავლეთ უკრაინის ამბოხებულ მოსახლეობას 11 მაისის საყოველთაო რეფერენდუმის გადავადების შესახებ. იმ აღმოსავლეთში კი მოსახლეობამ მთლად დადებითად არ შეაფასა პუტინის მოწოდება - გამოდის რომ ამდენი სისხლი ტყუილად ვღვარეთო? - აცხადებენ ისინი.
რას მოიტანს გადადება, მითუმეტეს კიევის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვა მაშინ, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებამ არაფერი მოიტანა? ძნელია დასკვნების გაკეთება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც უცნობია ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისურვებს ოფიციალური ვაშინგტონი მის მიერ აგორებული ტალღის შეჩერებას?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
08/05/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.