ომში, ყველას თავისი სიმართლე აქვს

hamlet chipashvili-politologi

ომისა და მშვიდობის საკითხი სისტემატური ყურადღების საგანია. მარტო ის რად ღირს, როდესაც მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის ორგანოები თავიანთ ახალ ამბებში პირველ საკითხად ომს იხილავენ.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ კარგა ხანია მსოფლიოს ერთი დღეც არ გათენებია საომარი მოქმედებების გარეშე. ხან ავღანეთის პერმანენტული ომი იქცევს ჩვენს ყურადღებას, ხან ახლო აღმოსავლეთის განუწყვეტილი სისხლიანი დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელ არაბებში, ხან ერაყის, ლიბიის, სირიის, ახლა კი უკრაინის ომები, რომლებშიც ათასობით მეომარი იღებს მონაწილეობას.
ომი იოლად იწყება და ძნელად ქრება, ვინაიდან, როგორც ამბობენ, ერთობ მიმზიდველია. ზოგიერთებში ომი მწვავე შეგრძნებას იწვევს, მე ვიტყვოდი, უაღრესად მწვავეს ისეთს, როდესაც უფსკრულის პირას ხარ, სიცოცხლისა და სიკვდილის ძგიდესთან, როდესაც რისკავ საკუთარ თავს. მწვავე განცდების მსურველთა რიცხვს რა დალევს. გამოცდილი მეომრები ამბობენ - ომში არა მარტო ფულისთვის, არამედ ადრენალინისთვისაც მიდიან.
ომი ხიბლავს იმათ, ვინც ვერ შეძლო საკუთარი გააფთრების, სიბრაზის ჩვეულებრივ ცხოვრებაში განეიტრალება. ძნელია, წარუმატებლობისა და აუწყობელი ყოფის შედეგად ყელში მომდგარი ბოღმა დაიოკო, არასასიამოვნო განცდები ჩააცხრო. დიდია შურისძიების შეგრძნება, ისევე, როგორც სიძულვილის, სიბრაზის. სად შეიძლება ადამიანმა გადმოაფრქვიოს მის გულსა და გონებაში დაგროვილი უდიდესი უკმაყოფილება ირგვლივ არსებული სამყაროს მიმართ, თუ არა ომში?
ომი იწვევს კოლექტიურობის შეგრძნებას, გარდა ამისა შეგრძნებას სამართლიანობისთვის ბრძოლისა. ხშირად ის ავსებს მეომარს ნაციონალური სიამაყის გრძნობით, რაც თავისთავად წინა პლანზე აყენებს გმირობას.
ომი ისაა, რაც იძლევა შანსს დაამტკიცო, რომ შენ ხარ რაღაც ღირებული. დაამტკიცო შენი „მე“ ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის, ხალხის წინაშე. ამ გაგებით, ომი ერთობ ადამიანური რამ არის, ვინაიდან ის ეხმარება ადამიანს იგრძნოს თავი ადამიანად, რამეთუ ადამიანის თვისებაა საკუთარი თავის დაძლევა, იმაზე მეტის შეფასება, ვიდრე თვით არის. საკუთარ თავზე ამაღლება.
ომი იძლევა მსგავსი შეგრძნების გაღვივების შანსს. ომი სხვა შანსაც იძლევა, მაგალითად, გადაუჭრელი პრობლემების მივიწყების, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისთვის და იქ მოკალათებული არამზადებისთვის.
ომს უდიდესი მოგება მოაქვს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ომზე მუშაობენ. როგორც ამბობენ, უკრაინელმა კალამოისკიმ უკრაინის ომით საკუთარ მილიარდებს, ქვეყნის მილიარდებიც მიუმატა.
ომი ეხმარება პოლიტიკოსებს რეიტინგების ზრდაში. ყველა მათგანს ომთან დაკავშირებით საკუთარი სიმართლე გააჩნია. 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტ სააკაშვილს საკუთარი ხედვა ჰქონდათ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. უმთავრესად ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შემოერთებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება.
არის თუ არა პატრიოტული მსგავსი სულისკვეთება? უდავოდ არის, მაგრამ სხვაც არის ისეთი, რაც ანეიტრალებს ესოდენ პატრიოტულობას და ნაცვლად ხანჯლისკენ გახედვისა, გონების მოხმობას ითხოვს ნებისმიერი პოლიტიკოსისგან.
სააკაშვილმა დაიწყო ომი, რაც მას, ზოგიერთ ქართველში, პატრიოტად წარმოაჩენს. დაიწყო და დამარცხდა. მერე რა, ვის არ მოსვლია ასეთი რამ?! მსოფლიო ისტორიაში არაერთ მხედარმთავარს წამოუწყია ომი, დამარცხებულა. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ნაპოლეონი ან ჰიტლერი რად ღირან?
სააკაშვილის ნაცები და გულშემატკივრები რომ მარტო ამ ვერსიას აწვებოდნენ - „დაიწყო და დამარცხდა“, საზოგადოებაში უფრო მეტ სიმპატიას მოიპოვებდნენ - საქართველოსთვის იბრძოლაო, იტყოდნენ.
მაგრამ, როდესაც მართლაც სააკაშვილმა დაიწყო ომი, დამარცხდა და შემდეგ სხვას დაუწყო დადანაშაულება, ხალხმა ის პატრიოტად არ მიიჩნია.
თავის მართლებამ ვითარება ძირფესვიანად შეცვალა. სააკაშვილმა დაკარგა პატრიოტის სახელი, რომელიც ცდილობდა ომით, ქვეყნის მთლიანობის აღდგენას. პატრიოტის სახელის დაკარგვისთანავე მან შეიქმნა მატყუარას, ცილისმწამებლის, მშიშარა მთავარსარდლის სახელი (მარტო ჰალსტუხის ღეჭვა და გორთან მიწაზე ხოხიალი რად ღირს).
ნაცვლად იმისა, რომ დამარცხებულ მთავარსარდალს, დამარცხება ეღიარებინა და უარი ეთქვა პრეზიდენტობაზე, მან, ცრუ პროპაგანდით, ხალხი გამოიყვანა ქუჩაში, პარლამენტის შენობის წინ და საკუთარი თავის გადასარჩენი შოუ მოაწყო. შემდეგ ამ ღონისძიებას „ცოცხალი ჯაჭვიც“ მიუმატა.
პროპაგანდისტულმა მანქანამ ცხინვალის ომში დამარცხება გამარჯვებად მონათლა. მსოფლიოს ისტორიაში დამარცხებული ქვეყნის მიერ წაგებული ომის, მოგებულად გამოცხადება, პირველად მოხდა. პირველად მოხდა ისიც - ომის დაწყება, რომ სხვას დაბრალდა, ამ შემთხვევაში რუსეთს.
ექვსი წელიწადია, ცხოვრობს საქართველო ტყუილში, რომელსაც - ომი მე კი არა, იმან დაიწყო ჰქვია. აღარ არიან ნაცები ხელისუფლებაში, მაგრამ დაბეჯითებული ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო აგრესიის მსხვერპლია, კვლავ ძალაშია. თბილისში გამართულ ამბასადორიალზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ზალკალიანმა, ნაცური შემართებით, განაცხადა 2008 წლის რუსულ აგრესიაზე. არადა საზოგადოება „ოცნების“ ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრების გაჟღერებას ელოდა, ისეთის, რომელიც სინამდვილეს შეესაბამება და შორს არის „ნაცური“ სიყალბისაგან.
რამდენი სატელევიზიო ფილმი მიეძღვნა ამ თემას, ვინ იცის. ერთ-ერთი ჩაგელიშვილისეული ახლახანს ვიხილეთ. რამდენი სტატია, ბროშურა მიეძღვნა ომის დაწყებას. ყველა მათგანის მიზანი ისაა, დაარწმუნოს საზოგადოება, შინაური და გარეული, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია; რომ, თუ საქართველომ სასხლეტს თითი გამოჰკრა, იძულებული იყო, ვინაიდან ვეღარ აიტანა იქითა მხრიდან გამუდმებული პროვოკაციები, დაბომბვები, თავდასხმები.
არადა კონფლიქტის ზონაში მყოფი ეუთოს დამკვირვებლები დაბეჯითებით ამტიკებდნენ, რომ 7 აგვისტომდე იქითა მხრიდან არავითარ პროვოკაციას არ ჰქონია ადგილი. დამკვირვებლები სააკაშვილის და ზოგიერთი ამერიკული პოლიტიკური ჯგუფის მიერ დამნაშავეებად იქნენ შერაცხულნი და დათხოვნილი სამუშაოდან.
„მაშ რა უნდა ექნა სააკაშვილს? - იძულებული იყო ასე მოქცეულიყო“, - ამბობს საზოგადოება. და იმასაც ამატებს - „ჩვენ, ჩვენს საზღვრებში გავეცით პასუხი ოსებს და არა რუსეთის საზღვრებშიო“.
2008 წლის ომი შეისწავლა და შეაფასა საერთაშორისო კომისიამ. მისი მიხედვით, დამნაშავე სააკაშვილია, ცხადია სხვა ნაცებთან ერთად. არის თუ არა საჭირო სხვა გამოძიება? ალბათ არა! ვინაიდან დამნაშავე ცნობილია - მას სააკაშვილი ჰქვია. და რახან დამნაშავე ცნობილია, საჭიროა მისი დასჯა.
ექვსი წელიწადი გავიდა იმ აგვისტოდან ამ აგვისტომდე, დასჯილი არავინაა - რომ იტყვიან „კრება დარჩა მხიარული“. დამნაშავე სააკაშვილისთვის სხვა დანაშაულებს შორის, აგვისტოს ომის გაჩაღება მთავარი დანაშაულია, ისეთი, რომლის გამოსწორება შეუძლებელია, ამდენად, დამნაშავე სამუდამო პატიმრობას იმსახურებს.
მეოცე საუკუნის ისტორიაშიც, წინა საუკუნეებზე რომ არაფერი ვთქვათ, სააკაშვილის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულისთვის, სხვადასხვა ქვეყნის მმართველებმა პასუხი აგეს (არგენტინის პრეზიდენტი, საბერძნეთის სამხედრო ხუნტა და სხვა). ჩვენ კი რას ვჩადით - გამამართლებელ ფილმებსაც ვიღებთ, სტატიებსაც ვაქვეყნებთ, წიგნებსაც ვწერთ, რითაც საჯაროდ ვამტკიცებთ ჩვენს „სიწმინდეს“. არადა თუ რა „წმინდანებიც“ ვართ - უკვე ცნობილია.
ჩაგელიშვილის ფილმში უხვადაა სააკაშვილ-ვაშაძის ყალბი მოგონებები მოსკოვში მაღალ დონეზე გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. თუ სააკაშვილის არაფერი გვჯერა, რატომ ვიჯერებთ პუტინთან მოლაპარაკების ნალაყბებს?!
იქნებ ჩვენი ბრალიც არ არის, რომ სხვას ვადანაშაულებთ? იქნებ ვიღაც გვკარნახობს, რომ ასე მოვიქცეთ? ესოდენ თავდაჯერებული ტყუილი არა მარტო ჩვენ გვარწმუნებს, რომ მართლები ვართ, სხვასაც ხელს კრავს - იფიქროს ასე. მაგალითად, უკრაინის მოვლენების მოყვანა ღირს. უკრაინამ ბევრი რამ გამოამზეურა და ანალიზის უნარის მქონე ადამიანს აფიქრებინა, რა უბედურებას გადაურჩა საქართველო.
2008 წლის ომი მართალია სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ არა მარტო მან, უფრო სწორად, სხვამ და აქ რუსეთი არაფერ შუაშია, ისე, როგორც საქართველო. ის, მესამე, შორსაა, ოკეანის იქით და დღესაც გაიძახის იმჟამინდელი პოლიტიკოსების პირით - გამუდმებით ვაფრთხილებდით სააკაშვილს, ომი არ დაეწყოო.
თუ აფრთხილებდი და მან ომი დაიწყო - საქართველო ყოფილა სუპერ სახელმწიფო და არა აშშ-ი. ვინ-ვინ და აშშ-ა კარგად იცის, როგორ მოექცეს უცხო ქვეყნის ჯიუტ ლიდერს, თანაც ამერიკის ძუძუს მწოვარს. მეხსიერებას არ შემორჩა აშშ-ს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან სახელმწიფო მდივნის მკაცრი საჯარო გაფრთხილება - ომი არ დაიწყოო. არც ის მინახავს, რომ ამერიკის ელჩს, გორის გზაზე ავტომანქანა გაეხიდოს ქართული სამხედრო კოლონის და მძიმე ტექნიკის შესაჩერებლად.
მავანი მეტყვის - ეს საშინაო საქმეში ჩარევა იქნებოდაო. კეთილი, მაგრამ როდესაც აშშ-ი იმაში მერევა, ფხალს ბროწეული მოვაყარო თუ არა, ქვეყნის ყოფნა-არყოფნაში ჩარევა იქნებოდა უცხო?
და კიდევ ერთი რამ, როდესაც ქვეყანას თავს ესხმიან, ისიც შესაბამისად რეაგირებს - პრეზიდენტის საჯარო გამოსვლით, უცხოელ კორესპონდენტებთან ბრიფინგის გამართვით, საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებით. ასეთი საერთაშორისო ტრიბუნა გაეროს უშიშროების საბჭოა.
მეხსიერებას არ შემორჩა, გაეროში საქართველოს წარმომადგენლის ალასანიას მიერ დაჟინებული მოთხოვნით გამართული უშიშროების საბჭოს სხდომა. რას დავაბრალოთ ეს - უცოდინარობას, თუ გამიზნულ თვალის დახუჭვას?
პირიქით, მახსოვს რუსეთის წარმომადგენლის ჩურკინის მოთხოვნით გამართული სხდომა, რომელზეც მან დაგმო აგრესია და მოითხოვა საომარი მოქმედების შეწყვეტა. ჩურკინი მარტო აღმოჩნდა, მისი მოწოდება არავინ გაიზიარა, მათ შორის არც საქართველოს წარმომადგენელმა ალასანიამ.
რით იყო გამოწვეული ესოდენ დიდი ერთსულოვნება? იმით ხომ არა, რომ ომის დასაწყისში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და შეტევის შეჩერების შემთხვევაში წერტილი დაესმებოდა ამერიკულ გეგმას?
უკრაინის მაგალითი. რახანია რუსეთი მოუწოდებს აშშ-ს და დასავლეთს, შეაწყვეტინონ ომი კიევს, აღმოსავლეთ უკრაინაში. რახანია ჩურკინი მოითხოვს თუნდაც ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას დონეცკისა და ლუგანსკისთვის, მაგრამ უშედეგოდ.
დასავლეთს თვალი დაებინდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სადამსჯელო ომის მიმართ. მას სურს დონეცკისა და ლუგანსკის მოგუდვა, პრორუსი მოსახლეობისგან განთავისუფლება, მათი ლტოლვილებად ან ცხედრებად ქცევა. საკმარისი იქნება მეამბოხეთა მხრიდან შეტევაზე გადასვლა, უკრაინის ჯარის უკან დახევა, რომ ამერიკელებმა სასწრაფოდ მოაწვევინონ უშიშროების საბჭოს სხდომა, ერთი მოთხოვნით - შეწყდეს ომი!
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ჩაისვარა, მეხსიერებას შემორჩა გაეროში ალასანიას „პატრიოტული“ გამოსვლები. „პატრიოტი“ ალასანია ლამის კბილებით იცავდა სააკაშვილსა და ნაცებს. დღეს, საქართველოს „იცავს“ „პატრიოტული“ განცხადებებით. სულ ახლახანს, მან თქვა, რომ რუსეთის საფრთხიდან გამომდინარე, მიესალმება ნატოს „სწრაფი რეაგირების ძალების“ შექმნას და ისიც დაამატა, რომ საქართველო უკვე ჩართულია ამ სისტემაში და მზად არის მონაწილეობა მიიღოს ყველგან, სადაც ნატო მიუთითებს. მას რუსეთი ჰყავდა მხედველობაში.
მსგავსი განცხადება, თანაც თავდაცვის მინისტრის, რომ ვიღაცის ყურს ხვდება, ამ შემთხვევაში რუსეთის, გასაკვირი არ არის. არც ის არის გასაკვირი, რომ რუსეთმა შეგვიჩეროს თავისუფალი ვაჭრობა.
ალასანიას, ამ თემასთან მიმართებაშიც, აქვს პასუხი - არაუშავს, პრობლემები იქნება, მაგრამ დავძლევთო.
მინისტრი, რომელიც ლამის 85 000 ლარს იღებს პრემიის სახით, გაუძლებს პრობლემებს. რომ იტყვიან - „მაძღარს, ყველა მაძღარი ჰგონიაო“.
რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამოცოცხლებამ წარმატება მოუტანა ქართულ მხარეს. ქართული ღვინის იმპორტში რუსეთი ლიდერობს - 65%-ით. შვიდი თვის განმავლობაში იქ თითქმის 21 მილიონი ბოთლი ღვინო შევიდა. ასოცირების შემდეგ საეჭვოა, რომ არსებული სავაჭრო კავშირები შენარჩუნდეს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართული ღვინო შედის, რატომღაც არ ჩანს „ძველი“ ევროპის ქვეყნები, რაც ჩანს - პოლონეთი და ბალტიისპირა ქვეყნებია.
ევროკავშირის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, თანაც ალკოჰოლური სასმელით, ურთულესი საქმეა. ასე, რომ ალასანიას და სხვა მის კოლეგათა შეძახილი საქმეს ვერ უშველის.
ომში ყველას თავისი სიმართლე აქვს. ქართულ მხარეს ჰქონდა ასეთი 2008 წლის 7-8 აგვისტოს. ის იბრძოდა ქვეყნის გამთლიანებისთვის. ანალოგიური ვითარებაა უკრაინაშიც, სადაც ამბოხებულები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი ტერიტორიის დამოუკიდებლად მართვისთვის, საკუთარი ეროვნული სიამაყისთვის და კიევის იმპერიული ზრახვების საწინააღმდეგოდ.
უკრაინელი ჯარისკაცი დარწმუნებულია, რომ იბრძვის ქვეყნის მთლიანობისთვის, ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რუსეთის იმპერიული წნეხის საწინააღმდეგოდ.
ომი ხსნის პასუხისმგებლობას. კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარე არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება.
ომს, თავისი ხიბლი აქვს, ამიტომაცაა, რომ ხალხი ომობს. სხვაგვარად რომ იყოს, გაადვილდებოდა ომის შეჩერება.
და მიუხედავად თავისებური ხიბლისა, ომი საშინელებაა, მსხვერპლით, ნგრევით, დამახინჯებული ფსიქიკით. რაც უფრო ღრმად ტოპავს ადამიანი ომში, მით უფრო ჭირს ომის უბედურებების დავიწყება. ა.წ. 7 აგვისტოს ცხინვალელები იხსენებდნენ რა ომს, ამბობდნენ: „ამას ვერასდროს დავივიწყებთო“.
რა შეიძლება ჩაითვალოს გამომაფხიზლებელ ფაქტორად.ალბათ ის, ომის სიმწარე, რომ გადააჭარბებს ომით მოპოვებულ ტკბობას; როდესაც მწუხრი, გადაწონის შურისძიებას.; როდესაც საზოგადოება აღარ ისურვებს ომის შედეგად მიღებულ გმირობას; როდესაც ომის მიერ მოტანილ მაცდუნებელ ხიბლს, ადამიანი ილუზიად ჩათვლის; როდესაც ომით მოპოვებულ ტკივილს, ახალი ტკივილის მომასწავლებლად მიიჩნევს.
პლატონმა თქვა: „ომი მაშინ დამთავრდება, როდესაც ბოლო ჯარისკაცი დაიკრძალება“. მაგრამ მოხდება კი ეს ოდესმე?
ომი არასდროს დამთავრდება. ის შეიძლება შეწყვეტილ იქნას, ისე, როგორც ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის.
უკრაინის კრიზისმა ნათელჰყო ზრახვები, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების და შეიარაღების გაზრდა ჰქვია. რამხელა მოგებაა ჩადებული ამ უბრალო ფრაზაში. მოგება, რომელიც ავანსად თვალს უბრმავებს სამხედრო ბიზნესს. და როდესაც მოგებასთან გვაქვს საქმე, დაივიწყებს ვინმე ომს?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
08/08/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.